ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 აპრილი, 2026


,,ვეფხისტყაოსნის შესახებ“

ვეფხისტყაოსანზე უკეთესი არაფერი შეუქმნია კაცობრიობას...

11 ნოემბერს, - დედაჩემის დაბადების დღეს, კიდევ ერთხელ წავიკითხე რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“. ერთი დიდი სიამოვნებაა, ერთი ამოსუნთქვით იკითხება მაღალ და დაბალ შაირში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით დაწერილი პოემა.

რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს ბიბლიაა, მეგობრობისა და სიყვარულის საგალობელია. შოთას წიგნის მიხედვით ლექსების მთელი ციკლი მაქვს შექმნილი. „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარულმა დამაწერინა ეს ლექსი:

ქარში ფრიალებს მანდილი,
ვუმღერ სიყვარულს დალოცვილს,
ვარ იდეებზე აღზრდილი
რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“.

დედამ მირწია აკვანი,
ძუძუ მაწოვა ქართული,
არ ამრევია გზა-კვალი,
დავდივარ წელგამართული.

მხიბლავს ლამაზის დალალი,
მსურს ღვთისმშობელი მწყალობდეს,
გული-სუფთა და ალალი
სიყვარულისთვის გალობდეს.

ქარში ფრიალებს მანდილი,
ვუმღერ სიყვარულს დალოცვილს,
ვარ იდეებზე აღზრდილი
რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“.

ჰოდა, სანამდე ვარსებობ,
სანამ მწვავს მზე, ათინათი,
მიყვარხართ ლამაზმანებო:
ნესტან-დარეჯან, თინათინ.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა: ,,ვეფხისტყაოსანი ბურჯია, ციხესიმაგრეა ჩვენი ეროვნული თავმოწონებისა და მას თვალისჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ“.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია თავის წიგნებში შესანიშნავად საუბრობს რუსთაველზე, თამარ მეფეზე, ქრისტიანობაზე.

პოეტ ნოდარ ჯალაღონიას ერთ ლექსში ასეთი სტრიქონები აქვს:

ამაო არის ყოველი: ოქრო, ვერცხლი და ქონება,
თუ ჩვენში ,,ვეფხისტყაოსანს“ მკითხველი არ ეყოლება.

აკადემიკოსმა შალვა ნუცუბიძემ თავის დროზე ასეთი სიტყვები თქვა: არ ჩაუწეროთ ქართველს პასპორტში ეროვნება „ქართველი“. ჩაუწერეთ მას რომ ის არის „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყნიდან.

გთავაზობთ ჩემს კიდევ ერთ ლექსს:

დიდება მესხეთს! - საქართველოს დიდება! - ამინ!
დიდება რუსთველს! - გაუმარჯოს ,,ვეფხისტყაოსანს“...
აქ ყველაფერი ქართულია, ვამაყობ ამით,
თუმც არ ეღირსა მის მიწაში დამარხვა მგოსანს.

სხვის მიწაში წევს... არც თამარის საფლავი ვიცით,
რომ მივიდე და მოვიდრიკო ორივე მუხლი...
,,ვეფხისტყაოსნის“ ქვეყნიდან ვარ, კიდეც განვიცდი
სიამაყეს და უფალს ჩემსას მადლობას ვუხდი.

დაბოლოს, ისევ ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ხარ საქართველო... მადლით განგების,
რაც გაქვს, - მარტოდენ შენი განძია...
შენს სიყვარულში დავიდაგები
და მეყოლება მოწმედ ვარძია.

ხარ საქართველო... დედა რუსთველის,
მეფე თამარიც შენი შვილია,
ამქვეყნად ყველა შინმოუსვლელი
შენს სიყვარულში დაფერფლილია.

მინდა მნათობმა გზა გამინათოს,
აქ სულ პატარა ცრემლიც ჩემია,
მეძვირფასები, როგორც იყალთო,
როგორც გელათის აკადემია.

შენ რომ არ იყო, დედამიწაზე
არ ექნებოდა სიცოცხლეს ფასი...
და რა დღიდანაც გულით გიწამე,
ჩემთვის იმ დღიდან გახდი ძვირფასი.

რუსთაველიდან მოყოლებული
კვლავ იწოდები მგოსანთ საუფლოდ,
,,ვეფხისტყაოსნის“ წიგნით ქებული
შოთაის ენით ღმერთთან საუბრობ.

მე ვინ ვარ, მაგრამ მსურს ჩემიც გწამდეს,
მინდა კოცნებით კალთა აგივსო,
ჩემს პოეზიას, - ვითარცა ანდერძს,
შენვე გიტოვებ სამარადისოდ.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები