ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2026


უადამიანობა

გარეთ წვიმს, სოფლად ფეჩი ათბობს იმერულ ოდას...
ხომ გეგონება სიცოცხლე დუღს იმ სახლში ახლა?
არადა,  მიღმა მარტოობა მდუმარედ ოხრავს
კარს მიღმა ისე, როგორც მდგმური, თრთის ძველი ლამპა.
ერთი კაკალა მოხუცი ჩანს ფარდების იქით,
ფარდა თხელია, ქალს ნაოჭსაც დაუთვლი გინდა,
ნაცისფერალი თვალებიდან დაღვრილი ნისლი
ანაბეჭდივით დატყობია მის ნაქსოვ წინდას.
ქსოვდა და ქსოვდა, გვერდით ედგა გროვა წინდების-
ეს უფროს შვილის, შუათანას, ესეც უმცროსის,
შვილიშვილების, შვილთაშვილნის- გოგოს, ბიჭების,
ნათესავების, მეზობლების, ნაცნობ-უცნობის.
ქსოვდა და ქსოვდა ქალი ას წელს მიტანებული,
მაგრამ წამღები, მომკითხავი არ ჩანდა არსად,
თითქოს სოფელი ამ ქალს ჰქონდა მიბარებული,
თითქოს მიწიდან იმის გარდა სუყველა გაქრა.
სიცარიელე იღვიძებდა სხვა სახლებიდან,
ღამითაც მხოლოდ მარტოხელა სახლები თვლემდნენ,
ოდესღაც ვრცელი და მჩქეფარე დასახლებიდან
ახლა ხმას წვრილი ჩიტები და მოხუცი სცემდნენ...
იქ, ყველგან სევდა სეირნობდა, სევდა დაღლილი,
ლოდინი ერტყა იქ ეზოებს მოშლილ გალავნად,
აქედან იქით უკვალავი იწვა მანძილი,
მაგრამ იმედი მაინც ძგერდა აშლილ ქარავნად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები