 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 25 აპრილი, 2026 |
ნიდერზაქსენო ნიდერზაქსენო, რატომღაც გინდა რომ არ მახსენო, როგორც პოეტი. მე ხომ სასარგებლო მკვლელობებში ვიღებ მონაწილეობას? მერე რა თუ კი ქართულად ვამბობ ახლა ყველაფერს, განა პოეზიასთან ნაკლები კავშირი აქვს საქმიანობას რომელსაც მოვერგე? ფერმებს დაუფჩენიათ ქათმებით ამოვსებული ხახა, მე კი ვცდილობ გავუთავისუფლო საყლაპავი, რომ არ გადასცდეთ. სასაკლაომდე გავამწესო თითოეული და გემრიელი საკვების პროდუქტად ვაქციო. ისეთი განწმენდილი, სასარგებლო და გამორჩეული მგონია საკუთარი თავი, მეშინია ვინმეს არ შერცხვეს. ვინმე არ შეცბეს. მე თქვენზე ვზრუნავ ლიტერატურულ კაფეებში დინჯად მოკალათებულო გერმანელო მწერლებო, ჰოლანდიელო მწერლებოც და არა მწერლებოც, თქვენი შიმშილის სადარაჯოზე გაცისკროვნებას არაფერი ჯობს. ნახეთ როგორი ბედნიერი ვარ? სკინტლის სუნი უდის ჩემს თითოეულ სტრიქონს, ქათმის ბუნდღაში აბურდული სენტიმენტები რა საჭიროა. ისეთი მხნე და მომზადებული გამოვდექი, თვითონაც მიკვირს. ტექსტების კედელთან არასოდეს ავიტუზები დამშვენებული. ყველა ფესტივალს თავისი ხიბლი აქვს, განსაკუთრებით მეფრიველეთა იერის მქონე ჩემნაირისთვის. ქათმის თვალსა და ფეხს გეფიცებით, დანარჩენებო მოგიწვევდით სიამოვნებით, თუ ჩვენი საერთო სამშობლო გამოგიშვებდათ სახეტიალოდ. ნიდერზაქსენო, ნიდერზაქსენო, იქნებ გინდა რომ მაინც მახსენო, როგორც ენერგიული პოეტი, რომელიც იშვა სხვა გარემოში და გარდასახვა გამოუვიდა. იქნებ შენ ენაზეც დაგელაპარაკო როდისმე, მოგიყვე როგორ დამივიწყეს, როგორ გამამხნევეს, როგორ დამკარგეს და მე კი მაინც გამოვდექი.
22 აპრილი 2026 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|