ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაშო29
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2026


ცოდვა, რომელიც სიყვარულს მოერია (თავი მეათე და მეთერთმეტე)

თავი მეათე

პერნამენტული სიკვდილი

თომამ გაახილა თვალები,  ჯერ კიდევ გრძნობდა ნიას ნაზ თითებს ხელში...
რეალობამ ძლივს დააბრუნა თავის ოთახში და ილუზიებისგან გამოაფხიზლა. ახლა, უკვე მარტო იყო და წამოდგომა სცადა. ცოტა დასუსტებულმა ვერანდისკენ გაიხედა, სამყაროს დროის შესაცნობად, ღრმად ჩაისუნთქა ტკივილისგან დამძიმებული ჰაერი და შევიდა აბაზანაში, ცივი წყალი შეისხა და ხელებში ძალა შეიგრძნო, სიცოცხლესაც უკვე საღად უყურებდა, დაიბანა, გამოიცვალა, ჩვეულებისამებრ, დახეული ტანსაცმელი, მობილურზე ნიას და ლუკას გამოტოვებული არაერთი ზარი თუ შეტყობინება დახვდა, ბოლომდე აღარ წაიკითხა  და ქვემოთ სწრაფად გაეშურა.

გრიგოლმა გაიგო რა თომას ოთახის კარის ხმა, სასწრაფოდ გამოვიდა და თომას შეეგება.
- არ მინდა შენი დანახვა და არც შენთან ლაპარაკი! - მყისვე დაახვედრა პასუხი თომამ.
- თომა...
სიტყვა არ დაესრულებინა გრიგოლს, თომამ უკვე ქვედა სართულის შემოსასვლელი კარი მიიხურა.
გრიგოლი შებრუნდა სევდიანი სხეულით ოთახში, თომაზე კვლავ ჩაფიქრებული ირეალურად აღიქვამდა სიტუაციას და გამოსავალის ძებნაში დაკარგულს ელდა ეცა და შეძრწოლებული გაშეშდა საკუთარ საწოლთან. კვლავ წერილი ლოგინზე...
„ ორი წუთის წინ ეს აქ არ იყო!“ - მტკიცედ გაიფიქრა ზარდაცემულმა. აპრილის სხივების სიყვითლე ეპარებოდა უცნობის გზავნილს, ჰაერში ღრმა ნაღველი და შიში გულს უჩქარებდა სნობ მამაკაცს.
დედამიწამ თითქოს ბრუნვა შეწყვიტაო და წამები გაჩერდა...
ნახევარი წუთი უსასრულობამ დაიპყრო და გრიგოლმა ძლივს დაიჭირა ხელში წერილი.
ოთახის კარი დახურა.
სამად დაკეცილი ფურცელი გაშალა...
კვლავ გულის ძგერა და ერთმანეთში დაკარგული სიტყვები „რბილი საათებივით“ დამდნარიყო თითქოს ჯოჯოხეთის ცეცხლზე, როგორც სიურრეალისტი სალვადორის შემოქმედებაშია.
სამჯერ მაგრად დახუჭა , გაახილა თვალები გრიგოლმა და ბოლო,  ქართული ასოებით დაწერილი წინადადებები თითქოს სწორად განლაგდა თაბახის ფურცელზე.

„ თქვენობითაც ვეღარ მოგმართავ!
ზღვა ჯოჯოხეთი შეჰმქენი შენს სამყაროში და...
უკან ვეღარ მიიხედები ხომ იცი, იქ წარუშლელი ქმედებანი დაგხვდება.
შენი შვილიც დაკარგე...
კიდევ ერთი...
გაუსწორე თვალი რეალობას!
ყველას უთხარი სიმართლე და წადი ნემოს წერტილში, სადაც ხმელეთს ვეღარ მიუახლოვდები და სადაც, შენი უკვდავების ადგილია, ჯოჯოხეთს ხომ აჯობებს არა?
მეც გამისწორე თვალი კაცურად!
შენ ხომ იცი, ვინც ვარ!“

შავბნელი სიჩუმე ჩამოწვა ოთახში...

განკითხვის დღე მობრძანდა, თითქოს, თავისი დიდებულებით...

როგორი ნაცნობი იყო ეს ხელწერა და როგორი ზიზღით სავსე...

ამის შემხედვარე, მუნკის „კივილიც“ კი სულიერი რღვევისგან, უფრო მეტად შეშფოთებული, იყურებოდა კედლიდან, მისი ეგზისტენციალური უბედურება რეალურ განზომილებას მარტოობით შერწყმოდა და ნახატი, წერილის ავტორთან ერთად, უფრო და უფრო ნაკლებად აბსტრაქტული ხდებოდა.

გრიგოლი მალევე დაუბრუნდა რეალობას და ცოტათი შვებით სუნთქვა იგრძნო ფილტვებში, როგორც კი გაახსენდა, ოთახში დამონტაჟებული ფარული კამერები, რომელიც ყველა მოძრაობას აფიქსირებდა. სასწრაფოდ გაეშურა თავისი ოფისისკენ, ხელში პატარა ფარული სათვალთვალო კამერა ეჭირა და ისე გავიდა სახლიდან, არავის მისალმებია.

აპრილის მიწურულს ლაჟვარდისფერი ცა ზაფხულის მოახლოებას ახარებდა თბილისის მაცხოვრებლებს.
ზაფხულის ბედნიერება სულ უფრო ახლოვდებოდა და, თითქოს, წუთი წუთზე უნდა დამდგარიყო.
ჰაერში ქაოსის და სიმშვიდის კორიანტელი იდგა.
გრიგოლი მთელი გზა აჩქარებდა ზაზას, როგორც კი მივიდნენ დანიშნულების ადგილას, მანქანა ჯერ არ გაჩერებულიყო ბოლომდე, გრიგოლი უკვე გადმოსული, სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა შუშებიან შენობასთან.
აქაც არავისთვის შეუხედავს ან მისალმებია, ვულკანი თითქოს მისი სხეულის შიგნიდან ამოფრქვევას ლამობდა და არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია, მისი გაწამებული სული.
გააღო კაბინეტის ოთახის კარი...
გასაღები გადაწია...
ხმაური კარის იქით დარჩა და ავის მომასწავებელი სიჩუმე აჩრდილივით  შემობრძანდა ოთახში.
გრიგოლი ბოლომდე ვერ იაზრებდა რეალობას, სამუშაო მაგიდასთან დაჯდა, ღრმად ჩაისუნთქა და მექანიკურად ამოიღო კამერა, დაუკავშირა კაბელით პერსონალურ ლეპტოპს, თვალები დახუჭა, თითქოს რაღაცისთვის მოემზადა, რაღაც შემზარავი რეალობისთვის, ორჯერ დააწკაპუნა და ჩაირთო უხმო გამოსახულება ეკრანზე.
გრიგოლის თვალები მეტი გაურკვევლობით ივსებოდა...
მზის სხივების განლაგება ოთახში სწორხაზნოვად ეცემოდა საგნებს.
ეკრანზე წარსულში არსებულმა განზომილებამ აწმყო დრო გააქვავა. თითქოს დრო გაიყინაო. გრიგოლი ხედავდა შეპყრობილი ადამიანის ანარეკლს, რომელიც გამწარებით წერდა ფურცელზე წერილს, გრძელი, თითქოს ურჩხულის თითები ეხებოდა თოვლისფერ ფურცელს, მაღალი, უკვე ასაკოვანი, მაგრამ მხრებში გამართული აღნაგობით, ნაცნობი და ამასთანავე, ძალიან უცხო ადამიანი შემოტრიალდა და მისი მკვდრისფერი თვალები მონიტორზე ეშმაკურად აციმციმდა.
ეს ადამიანი არ იყო...
ეს იყო შეშლილი სახე, რომელიც გრიგოლს აქამდე არ ენახა და ამავე დროს, ყოველ დღე უყურებდა...
ამ სულისგან დაცარიელებულმა სხეულმა და ფიზიონომიამ, რომელიც გიჟის ღიმილით უმზერდა კამერას და თავს ატრიალებდა, თავზარი დასცა, ელდანაკრავს თვალები ცრემლებით აევსო და იგრძნო, როგორ აუკანკალდა სხეულის ყველა ნაწილი, შემდრკალი შესცქეროდა ამ უსულო კაცს და მზისგან გამთბარი წვეთები უსველებდა დანაოჭებულ სახეს.
კამერამ მოძრაობაზე მიაახლოვა ნაცნობის სახე.
გრიგოლმა როგორ დააჭირა თითი ღილაკს და კადრი გააჩერა, თვითონაც ვერ აღიქვა...
პორტატული, პერსონალური კომპიუტერის მონიტორზე შეშლილი სალოსის და საღ აზრს მოკლებული მამაკაცის გამომეტყველება პირდაპირ თვალებში უცქერდა...
წარმოსახვა რეალობად იქცა...
ამდენი ხნის ამოუცნობი დამნაშავე, უცბად, ასე ნაცნობი აღმოჩნდა.
წერილების ავტორი თავად გრიგოლი იყო...


...

ლუკა კარზე შემზარავმა ბრახუნმა გამოაღვიძა. მესამე საუკუნის ელინისტური ხანის, ბრინჯაოს მომცრო ძეგლის ანალოგი - ბიჭი, რომელიც გამარჯვების შემდეგ ხიჭვს იღებს ფეხიდან, თაროდან გადმოვარდა და ლუკამ კარი გააღო. გაფითრებული თომას იისფერმა ტუჩებმა და შუშისფერმა თვალებმა მეგობარი ძალიან შეაშინა, ხმამაღლა შესძახა - რა მოხდა, თომა?
- უნდა დამეხმარო, ლუკა, აქედან მე და ნია უნდა გავიქცეთ, ეს შეუჩერებელი დრო კი სამ კვირაზე ნაკლები მაქვს, მამაჩემმა გადაწყვიტა ერთადერთი ბედნიერების სხივი წამართვას და ესპანეთში უშვებს ნიას თავისი ოჯახით.
- კი, მაგრამ რატომ? - გაკვირვებულმა ჰკითხა ერთგულმა მეგობარმა.
- არ ვიცი, ლუკა, აღარ მაინტერებს მიზეზი, ბოროტებამ დაისადგურა მამის სულის ყველა კუთხეში. ჩემთვის მთავარია, არ დავკარგო ჩემი იმედი, რომელმაც გამაცოცხლა. ამაში კი შენი დახმარება დამჭირდება.
თომა და ლუკა მთელი დღე განიხილავდნენ გაქცევის გეგმას და შეიმუშავეს კიდევაც. მზე თითქოს ჰორიზონტს უკვე უახლოვდებოდა დასაძინებლად, მეგობრებმა ძლიერი დაღლილობა და შიმშილი იგრძვნეს. საჭმელი შეუკვეთეს და მანამდე ნალექიან ყავას მიირთმევდნენ. თომას იმდენი სიგარეტი მოეწია უკვე, ყელში ტკივილს გრძნობდა, ის ის იყო, რომ კიდევ ერთი ნატანჯი ღერი ამოიღო კოლოფიდან, კარზე კაკუნი გაისმა, - საჭმელიც მოვიდა, - ბედნიერად წამოიყვირა ლუკამ, კარი გააღო თუ არა, კურიერის მაგივრად, გრიგოლი დახვდა.
- სად არის ის? - ცივი ხმა გაისმა შემოსასვლელიდან. გრიგოლი პასუხს არ დალოდებია, ისე შეიჭრა მიუპატიჟებლად სახლში და თოვლისფერი თომა დაინახა. მაგიდაზე რაღაც ფურცლები იყო მიმოყრილი, გრიგოლი მიხვდა ბიჭები რასაც აპირებდნენ, - თომა, მომისმინე...
- არ მაინტერესებს, გრიშა, გითხარი, შენი დანახვაც არ მინდა! - ფანჯრისკენ გაიხედა გამწარებულმა შვილმა.
- რას აპირებ? - მშვიდი ხმით ჰკითხა მამამ, - რა გინდა, გაქცევა თუ ცოლად უნდა მოიყვანო? - უკვე შეშინებული დაცინვა იგრძნობოდა გრიგოლის აუღელვებელ ხმაში.
- ეგ შენი საქმე არ არის. ნუ გეშინია, შენგან არაფერი მინდა, არც ფული, არც სახლი, დღეიდან მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს. - აჩქარებული გულით უპასუხა თომამ.
- და როგორ აპირებ მიხედო შენს თავს? მუშაობას დაიწყებ? - ისევ დამცინავი ხმა გაისმა, - თუ დედიკოს დატოვებული ქონებით აპირებ მთელი ცხოვრება უაზროდ იცხოვრო?
- არ არისთქო ეგ შენი საქმე - მკაცრად და აღელვებულად მიუგო შვილმა.
- თომა, გამორიცხულია ეგ მოხდეს! ნია და შენ ვერასოდეს იქნებით ერთად!
- და რატომ? - გაისმა ლუკას ხმა, - ბატონო გრიგოლ, ბოდიში რომ ვერევი, მაგრამ რატომ ხართ ესეთი წინააღმდეგი ამ ურთიერთობის? თქვენს შვილს ჰგონია, რომ უბრალოდ მისი ბედნიერება არ გინდათ, არ მგონია, ეგ იყოს მიზეზი.
პასუხად დუმილი და გრიგოლის ცოდვებით სავსე თვალები ქვემოთ ერთ წერტილს მიაშტერდა. ოთახში გაურკვეველმა სიჩუმემ დაიწყო ყვირილი და ყველა დაადუმა. მზემ ფერი იცვალა და მთვარეს დაუთმო ნანატრი სამეფო ადგილი, ცა ჯერ კიდევ სხივებისგან დარჩენილი სილუეტით ვარდისფრად ანათებდა ქალაქს , ღრუბლებიც სადღაც მიიჩქაროდა და მაისი უკვე უახლოვდებოდა მოსალოდნელ უბედურებას.
- დაიმახსოვრე! შენ და ნია არასოდეს იქნებით ერთად და გთხოვ, შენთვისვე ვამბობ ამას, არასოდეს შეეხო ფიზიკურად ნიას! შუბლზეც კი არ აკოცო! არასოდეს მიუახლოვდე, თორემ ეს ცხოვრება ხომ აქამდე ჯოჯოხეთი გეგონა, მერე ნამდვილად ცეცხლის ალში აღმოჩნდები და მე ვერ შევძლებ შენს ამოყვანას, ვეღარ გადაგარჩენ შვილო. -  ამ გაუგებარ სიტყვებში ვედრება და ბრძანება ერთდროულად  ისმოდა. გაკვირვებული თომა და ლუკა ამოუხსნელი წინანადედების კორიანტელს აზრს ვერ უდებდნენ. საღამო უფრო ბნელი და ულმობელი ხდებოდა და გრიგოლმაც კარი სანამ ხმამაღლა დახურა,  ბოლოჯერ, უკან მოიხედა და მშვიდად აღმოხდა პირიდან უკანასკნელი სიტყვები:
- თუ გინდა, შენ წადი ჩემგან შვილო, აღარ იცხოვრო ჩემთან, მაგას ვერ დაგიშლი, მეც ვეღარ ვიტან ჩემს თავთან ყოფნას, -  ხმის ტემბრი აღარ ემორჩილებოდა, გრძნობდა და სინანულის უჩინარი ცრემლები გაიფანტა ირგვლივ.
- ყველაზე საშინელება იცი რა არის ლუკა, აღარ მეშინია იმედგაცრუების.- თომას შეშინებული ხმა აღმოხდა, თითქოს, სულიდან .
ოთახში დარჩნენ თომა, ლუკა და დაუპატიჟებლად მოსული და  დასადგურებული სიცარიელე, რომელიც უფრო მეტ კითხვას ტოვებდა, ვიდრე პასუხს.

...

გრიგოლი ჩაჯდა მანქანაში, ზაზას სთხოვა გადასულიყო ცოტა ხნით.

უცბად დაღამდა ... შავბნელმა აჩრდილებმა მოაკითხა მის არეულ გონებას, ღრმად ჩაისუნთქა...
მოემზადა...
ვეღარ ამოისუნთქა, ტირილი უნდოდა.
გრძელი თითები აიფარა სახეზე და გაზაფხულის  საღამოს სიმშვიდეში მისი ღრიალი შორიდან გაისმა...
ყველაფერი თითქოს დადუმდა ირგვლივ, აჩქარებული დროც კი წამის მეასედში გაჩერდა გაკვირვებული...
ეს კაცის ტირილს არ ჰგავდა, ეს ჯოჯოხეთში უსიყვარულობისგან მიტოვებული სულის და დაჭრილი სხეულის ყვირილი იყო, ყვირილი სინანულის, ყვირილი დაუდევრობის, ყვირილი დაზაფრულობის, ყვირილი დამარცხების...
სასჯელად ცრემლებიც კი ვერ მოსდიოდა დანაოჭებულ სახეზე, თითქოს შიგნიდან უნდა დატანჯულიყო და ამ სამყაროს ვერანაირი შვება ეგრძნო თავის სიცოცხლეში.
ზოგი ვერ კვდება, ზოგი ვერ ბერდება, გრიგოლი კი ვერ ტიროდა, ესეც კი არ შეეძლო... აბა სხვას რას გააკეთებდა სულის გასათავისუფლებლად და ეს იყო მისი ჯოჯოხეთი და ეს იყო მისი უსასრულო სიცოცხლე, რომელსაც წამიერი სიკვდილი ჯობია...
მოულოდნელად, თავისი შეშლილი თავი შორიდან დაინახა ძალიან კარგად, ეს დაბერებული, უძლური, ოჯახს, სიყვარულს, ფასეულობებს მოკლებული ადამიანის სხეულის პროვოკაცია, აუხსნელი ფენომენი, რომელიც ათი წელი იყო უკვე, რაც აღარ ცხოვრობდა, არსებობდა და რისთვის? ან ვისთვის?
კვლავ უპასუხო კითხვები...
თვალებიდან ხელები გაათავისუფლა და ნათლად გაიაზრა ყველაფერი...
ის მკვდარი იყო... სხეული ვითომ ცოცხალი, რომელიც უაზროდ კვდებოდა და ვითომ ცოცხლდებოდა და ამ სიკვდილის უწყვეტ ციკლს გადიოდა პერნამენტულად, ყოველ დღე.
სული კი ვერც კი გარდაიცვალა, მოკვდა სიმწრისგან, ტკივილისგან, რომელიც მისმა ხელებმა დაამახინჯა, დააკუწმაწა და ტანჯვისგან გაანადგურა.
ბნელი სიჩუმე...
უცბად, გაახსენდა...
სახლში  მისი მეორე „მე“ წერილებით ხელში ელოდებოდა... „ცოდოა მარტო“- გაიფიქრა და ზაზას დაურეკა მისულიყო მანქანასთან.
უაზრო ღიმილი გამოესახა ცარიელ სახეზე, წავიდა უსულო, მდიდრულ და ცარიელ სახლში, სადაც მკვდარ ცოლს უფრო მეტი სათქმელი ჰქონდა, ვიდრე თავად „ცოცხალ“ მას.


თავი მეთერთმეტე

მთავარ კითხვაზე პასუხი

მაისის დილა თენდებოდა. ცრემლებისგან დაღლილი ნიას სხეული იწვა ლოგინზე მარტო, თვალდახუჭული რეალობას სადღაც გაქცეოდა და სიზმრად ბედნიერებას არ უშვებდა ხელს. მზემ შემოიხედა მის ოთახში, ნიას ოქროსფერ თმას გაეთამაშა და ცოცხალი ხმაურიც თითქოს უფრო ახლოდან ისმოდა. ნიას არ უნდოდა გაღვიძება, მაგრამ დღემ არ აცადა ძილი. ტელეფონი თავთან ედო და რამდენიმე გამოტოვებული ზარი ციმციმებდა. ძალაგამოცლილი ძლივს წამოდგა, პეპლის შავი წამწამები დაახამხამა და ღრმად ამოისუნთქა უძლურებისგან. მწარე რეალობა გაახსენდა და კვლავ ცრემლები მოადგა. დახედა ტელეფონს და ნანატრი ნომერი დაინახა. გავიდა პატარა ვერანდაზე, დაჯდა თავის მოჩუქურთმებულ, პატარა ზღვისფერ სკამზე და იგრძნო, როგორ უცემდა გული. თომას ხმა გაისმა ტელეფონში, - ნია, ცოტა ხანში დაგირეკავ, რაღაცას ვაგვარებ, - ისე გათიშა ტელეფონი თომამ, ნიას პასუხსაც არ დალოდებია. ნია კვლავ გაურკვევლობის მორევში გადაეშვა, დაიწყო ფიქრი,  კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა და თავის ოთახში დააბრუნა, გრეტა შემოვიდა.
- ნიაკო, გაიღვიძე ?
- კი, დედა. - ნაწყენი ხმით უპასუხა ნიამ.
- როგორ გრძნობ თავს?
კვლავ ნაწყენი სიჩუმე...
- ნიაკო, დღეს მივდივარ მაღაზიაში, მინდა ვიყიდო ყველაფერი, რაც დაგვჭირდება, არ გინდა წამომყვე? ავარჩიოთ შენთვის ახალი ტანსაცმელები, საჭირო ნივთები.
- არ მინდა, დედა, დასვენება მჭირდება და მერე ნინასთან შეიძლება გავიდე.
- ნიაკო...
- არათქო, დედა, გთხოვ, ცოტა ხანი მაცადეთ, რომ შევეგუო იმ რეალობას, რასაც არ იღებს ჩემი გონება და ვისწავლო ცხოვრება მიუღებელ მომავალთან. მინდა დარჩენილი დრო ჩემს მეგობრებთან გავატარო. იმედია გამიგებთ.
- კარგი ნიაკო, როგორც იტყვი. რამეს ხომ არ დამავალებ?
- არა, მადლობა დედა.
ქუჩის ბოლოდან Wendy Rene-ს ცნობილი სიმღერა “After Laughter (Come Tears) გაისმა. თითქოს ექოსავით შემოიჭრა ნიას გულში და ხალხის ხმაურიანმა სიცოცხლემ იმედი ჩაუსახა იოტისოდენა გულში. მოულოდნელი აღმაფრენა და სიხარული იგრძნო, ის ხომ ასეთი ახალგაზრდა იყო, მაისის თვე მოსულიყო, ატმის ყვავილებიც უკვე გამწვანებულიყო და ბედნიერებას მოასწავებდა ამოუცნობი მომავალი.
ნიას ღიმილმა გადაჰკრა თეთრ სახეზე , შეიძლება ეს თომას ხმის ბრალი იყო, რომელიც დიდი მონატრების გრძნობას უღვივებდა პატარა გულში. მზეც უფრო და უფრო ეხუტებოდა ქალაქს და სითბონარევი ჰაერი ეფერებოდა ყველას ნაზად სახეზე.
თომას ნიასთან ერთად გაქცევა უნდოდა, ერთადერთი ადამიანი იყო, ვის გვერდითაც მისი სიცოცხლის სამყარო მზიანი ხდებოდა.
ნია არ დათანხმდა... ვერ დატოვა ოჯახი, არ იყო ძლიერ, მაგრამ იყო სულიერად სუფთა...
და ესეც საკმარისი იყო, იმისთვის, რომ იმედის ნაპერწკალი ჯოჯოხეთის ჭაობში ჩაძირულიყო.
 
ქალაქი იძინებდა.
ფანჯრებიდან ნელ-ნელა ქრებოდა შუქი, და მხოლოდ შორიდან ისმოდა ძაღლის ყეფა,  ისეთი მარტოსული, თითქოს მთელ სამყაროს სთხოვდა ყურადღებას.
თომას ვერ ეძინა. ეზოდან ამოსული ღამის ჰაერი უცნაურად ეცემოდა სახეზე, თითქოს სუნთქავდა ვიღაც სხვა მის გულში.
გრიგოლი ამ დროს შინ იჯდა — ერთსა და იმავე სკამზე, სადაც უკვე წლებია არავის ელოდებოდა.
კედელზე ჩამოკიდებულ ფოტოს უყურებდა — ქალის თვალებს, რომლშიც თითქოს ისევ ეძებდა პასუხს.

თვალებში დაღლილობა ჰქონდა, მაგრამ შინაგანად თითქოს რაღაც იღვიძებდა.
სიჩუმე ხმაურობდა.
და ამ ხმაურში პირველად გაიფიქრა — რომ ადამიანი არასოდეს ტოვებს იმ ცოდვას, რომელსაც ერთხელ ხელით შეეხო და რომელმაც

ჰაერში რაღაც ახალი იყო — ისეთი, რასაც მხოლოდ მორწმუნე გული ამჩნევს:
სულ მცირე მოძრაობა, თითქოს ღმერთი ჩუმად ჩაუვლიდა ქუჩას და ელოდებოდა, ვინ აიღებდა მის შუქს ხელში.


დილამ სევდით გაიღვიძა.
თომა ვერ სუნთქავდა, თითქოს ყველა ჩასუნთქვა მძიმე იყო და გულში ჩადენილი ცოდვისავით აწვებოდა.
გუშინდელი ღამე არ ემახსოვრებოდა ბოლომდე — მხოლოდ ნიას სახე, მისი მზისფერი თმა და ის უცნაური სითბო, რომელიც სისხლში დარჩა, როგორც ტკივილი.
სიჩუმე ფარდებივით ჩამოეკიდა დიდ სახლს. მსახურებიც ჩუმად დადიოდნენ, თითქოს რაღაც იცოდნენ. გრიგოლი დილის სიგარეტს ეწეოდა ვერანდაზე. თვალები სავსე ჰქონდა წლების დანაშაულით.
თომა მიუახლოვდა…
„გრიშა… რაღაც უნდა გკითხო.“
გრიგოლს არც გაუხედავს. მხოლოდ კვამლი ამოუშვა და მღელვარე ტონით წარმოთქვა:
„შენი თვალები… ზუსტად ისეთი გაქვს, როგორც მას ჰქონდა.“

„ვისი?“ — მკვეთრად იკითხა თომამ, გულმა კი უკვე რაღაც იფიქრა, რაც ჯერ ვერ გაიაზრა.
გრიგოლი დუმდა. ცა ნაცრისფერი იყო. თითქოს თვითონაც წლები ელოდა ამ დიალოგს.
„არის რაღაც, რაც უნდა იცოდე. სანამ სხვისგან გაიგებ, მე გეტყვი.“
თომა გაშეშდა. თითქოს დრო გაჩერდა. მხოლოდ ქარის ხმა და სანთლის ნარჩენი კვამლი შერჩა სივრცეს.
გრიგოლმა ფრთხილად გააგრძელა...
„ნიას ნამდვილი მამა… მე ვარ.“

თომა წამოდგა, თითქოს მიწა დაეძრა ფეხქვეშ.
„რას ამბობ…“ — ხმა თითქმის არ ამოსდიოდა, — „შენ… რა თქვი?“
შენი დაა, თომა. ნია შენი ნახევარდა. სხვა ქალი იყო ჩემს ცხოვრებაში, უაზრო ურთიერთობის და ცარიელი ვნების სასჯელი. დედაშენმა გაიგო ეს ამბავი,  ბავშვის და ღალატის შესახებ და იმიტომაც ჩაიდინა ის შემზარავი საქციელი და ყველა დაგვსაჯა, ჩემი დანაშაულის გამო. ნიაზე ყოველთვის ვზრუნავდი მატერიალურად, კარგ ოჯახს ჩავაბარე, თან ისე, რომ მხედველობიდან არ გამომპარვოდა მისი ცხოვრება. თუმცა, შვილად ვერ მივიღე, ჩემს ცოდვას ვერ მოვერიე და ამიტომ ვისჯები, ეს სინანული კი მკლავს როგორც ხორციელად, ისე შინაგანად.


სიჩუმე. ისეთი სიჩუმე, რომელსაც ღმერთიც კი ვერ არღვევს.
თომა უყურებდა, ვერაფერს გრძნობდა. თითქოს სული დაეწვა, მაგრამ ტკივილი აღარ ჰქონდა. მხოლოდ სიცივე და სიცარიელე დარჩა, როგორც ზღვის სარკეში ჩაძირული მზის სხივი.

„რატომ ახლა, გრიშა? რატომ ახლა?!“ — ყვირილი აღმოხდა, მაგრამ ხმა შიგნით დარჩა.
„რადგან გვიან არასოდესაა სინანულისთვის…“ — თქვა გრიგოლმა, და თვალებიდან ცრემლი ჩამოუვიდა, პირველად სიცოცხლეში.

თომა ადგა, ნელი ნაბიჯებით მივიდა კედელთან, სადაც დედის ფოტო ეკიდა —
„დედა… შენ ხომ იცოდი, არა?“
უსულო კედლიდან თითქოს თანხმობა იგრძნო გაციებულმა გულმა და თომა, კიდევ ერთხელ ცოცხალი, დედასთან ერთად მოკვდა.

სწორედ, ამ წამს, დაიღუპა მის გულში სიყვარული და დაიბადა ცოდვა. სიყვარული, რომელსაც აღარ შეეძლო არსებობა, მაგრამ ვერც გაქრობა.
თომამ კედელზე ჩამოკიდებულ დედის ფოტოს, კიდევ ერთხელ, შეხედა.
თვალები, რომლებიც მუდამ ამშვიდებდა, ახლა, თითქოს, ადანაშაულებდა.
ყველაფერი ერთ წამში დაინგრა.

სიტყვები აღარ ჰყოფნიდა — არც ყვირილს ჰქონდა აზრი, არც დუმილს.
ის, რასაც გრძნობდა, სიტყვების მიღმა არსებობდა — რაღაც დაუნდობელი, ცივი, როგორც ცოდვის სიმძიმე, რომელიც სუფთა სიყვარულს შეერია.

თომამ ხელი მოუჭირა მაგიდას, რომ არ წაქცეულიყო.
მთელი ბავშვობა, ყველა ტკივილი, დედის სიკვდილი, გრიშას სიბერე — ყველაფერი ერთდროულად დაენგრა თავში.
მხოლოდ ნიას თვალები ედგა წინ — კეთილი, უმანკო და ისეთი ნათელი, რომ ტკივილად იქცა.

„შენი დაა, თომა…“
ეს სიტყვები აღარ ამოდიოდა თავიდან.
გონებაში ათასჯერ გაიმეორა და მაინც ვერ გაიგო —
როგორ შეიძლებოდა ღმერთს ეს დაეშვა.

გრიშა ჩუმად იჯდა. ცრემლი უკვე შეიშრო, მაგრამ სინანული კი არა, შიში უჩანდა სახეზე.
შიში იმისა, რომ მისი დანაშაული ახლა შვილის სულს შთანთქავდა.

თომამ უემოციოდ წამოიკიდა მხარზე ჩანთა, მაგიდაზე დადებული სიგარეტის კოლოფი აიღო და კარში ნელა გავიდა.
„სად მიდიხარ?“ — მხოლოდ ეს თქვა გრიშამ, ჩუმად.
თომამ უკნიდან უპასუხა:
„იქ, სადაც ღმერთს აღარ ეშინია სიმართლის.“
კარი გაიღო და ქარმა ფარდები ააფრიალა, თითქოს სახლიდან სინათლე გაიქცა.
გარეთ წვიმდა — არა ხმაურით, არამედ მშვიდად, ისე, როგორც ცა ტირის მაშინ, როცა ადამიანებს აღარ შეუძლიათ ტირილი.
თომამ თვალები დახუჭა. ჰაერში ისევ ნიას სურნელი იგრძნო.
თითქოს ღმერთს უნდოდა, რომ იმ სიყვარულს ფერი არ დაეკარგა, თუნდაც ცოდვად ქცეულიყო.

„სიყვარული ხომ ბოროტება არ არის,“ — ჩაიჩურჩულა.

გადაიარა ქუჩა, ქარის ნიავმა თმა აუწეწა და გზის სავალ ნაწილზე გაჩერდა.
ფეხის ქვეშ წვიმის წვეთები ეცემოდა, ცა კი ისევ ჩუმად ტიროდა მის თავზე.

გულში ნია ცხოვრობდა, ღმერთთან კი დუმილი —
და სწორედ იქ, ამ ორ უკიდურესობას შორის, იბადებოდა თომას ბედი.
ღამე აღარ მთავრდებოდა.
თომა მიაბიჯებდა ქალაქის მყუდრო ქუჩებში, სადაც ქუჩის ნათურები ისე ბრწყინავდა, თითქოს, თითოეულს თავისი დანაშაული ჰქონდა დასამალი.
წვიმა ჩამოწვა და ქუჩების სუნიც სხვანაირი გახდა — იმ ქალაქის, სადაც ყველა ცოდვა იბადება სიყვარულის სახელით.

თომა ფიქრობდა ღმერთზე, რომელიც ზოგჯერ ყველაფერს ხედავს და მაინც დუმს.
ალბათ იმიტომ, რომ ზოგი ტკივილი წმინდაა და ვერ იტანს ხმას.
დაბრუნდა სახლში შუაღამით. გრიგოლის ოთახი ცარიელი სევდით მარტო იყო.
ლოგინზე უკანასკნელი ფურცელი დადო...
მხოლოდ მაგდამ გააღო კარი — უხმოდ, თვალებში შიში და თანაგრძნობა ეტყობოდა.
თომამ არაფერი უთხრა. მხოლოდ დედის ოთახისკენ წავიდა და სანთელი აანთო.

„დედა,“ — ჩუმად თქვა,
„მე ვიცავ მის სიწმინდეს, თუნდაც ჩემი სულის ფასად.
თუ ეს ცოდვაა, მაშინ დაე, მე ვზიდო მისი სიმძიმე.
ნია დარჩეს წმინდა, როგორც მაშინ როცა პირველად ვნახე — სინათლეში.“

სანთელს აენთო ცრემლის წვეთი და წვეთებად გადმოიღვარა ცვილი, თითქოს თვითონ ცა ტიროდა დედამიწაზე.

გარედან, თითქოს, ნიას კისკისი ისმოდა — ბავშვური, გულწრფელი სიცილი, რომელიც ბედნიერი იყო სამყაროს არსებობით.
მან არაფერი იცოდა.
და არც უნდა სცოდნოდა.
სწორედ ამ სიცილში დამალა ღმერთმა სინანულისგან დაღლილი ადამიანის იმედი.
თომამ ფანჯარაში გაიხედა და ჩუმად ჩაიღიმა.
ირეალური ღიმილი, რომელიც შველის ცოდვას.
და სიყვარული, რომელიც აღარ ითხოვს პასუხს — მხოლოდ იცავს.
თომამ იპოვა გზა სინამდვილესთან შეგუების და გამოსავალი, რომელიც ჯოჯოხეთის კარს აღებს, მაგრამ სამყაროსთან უძლურია.
- თომა, სად მიდიხარ? -  მაგდას შეშინებულმა ხმამ დაურღვია თომას მოჩვენებითი სიმშვიდე.
- უნდა წავიდე მაგდა,- პაუზა, -  მიყვარხარ და მომენატრები ყოველთვის... თუ ამის საშუალება მექნება!
მაგდას გაურკვევლობისგან თვალები დაუწვრილდა და თითქოს, ბოლო ფრაზის გაშიფვრას ცდილობდა, როდესაც  თომამ უკანასკნელად შეხედა სევდიანად
და წერილი გაუწოდა,  - ეს ნიასია, გთხოვ, გადაეცი.
ჩანთა გადაიკიდა და უკან არც მოუხედავს, ისე დატოვა მდუმარე სახლი, რომელშიც ტკივილის და მწუხარების გარდა, ვერაფერი ეპოვა, მთელი თავისი ფუტურისტული ცხოვრება.
ეს იყო მშვიდი განშორება წარსულის ადგილთან, რომელთანაც არავის უნდა ჰქონდეს რაიმე საერთო, რომელიც გრეის პორტრეტივით გარედან უკიდეგანოდ ლამაზია, შინაგანად კი ბოროტი და ცარიელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები