ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2026


სხვა პროფილი

იქნება სცადო, რომ გაექცე აზრებს დავარცხნილს,
მერე რა მოხდა, ზეაღსვლისას თუკი დამარცხდი...
ყველა ვარდნა ხომ ვარჯიშია ზურგგასამაგრი.
შენს შეცდომებსაც
დაუფასე ზოგჯერ ,,ამაგი"...
საკუთარ თავში იბოგინე პირველყოფილად,
მერე შენს გვერდზე დაიყენე სულ სხვა პროფილი...
ყველა კანონი დაარღვიე შენსავ მიკროში,
არ შეუშინდე გასაწყვეტად შექმნილ მიკრობებს!
ეცადე არსით ამოავსო ტირე თარიღთა,
იცხოვრე ისე, არ ჩაგთვალოს ძუკნამ არიფად!
თუმცა ხომ იცი, არ გაცლიან ყოფნას შენადვე,
ქაღალდის ნავსაც კი სჭირდება ზოგჯერ მენავე...
ნუ გამოაკრავ შენს თვალებზე დარდის აფიშას,
თავს უმეორე, რომ კარგად ხარ და არა გიშავს!
ვინ რას გიშველის, დგას სამყარო სულ თავდაყირა,
აზრი შიშველი მატარებლებს გადააყვირე!
უსმინე შენს თავს, რამეს გეტყვის  ინტუიცია,
მასზე მეტი ხომ "მრჩეველებმა" არც რა იციან...
ერთხელ გახედე შენს ცხოვრებას სადმე ბოლოდან,
ყოფნა - დუეტი, ალბათ არა. უფრო სოლოა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები