ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2026


სონეტები - ეგვიპტური დღიურებიდან


#ლექსები
ნინო დარბაისელი

მუზეუმის სონეტი

ჰაერი - ყვითელი  სილა და მტვერია.
აქ თუ არ გაწვიმდა. ვიხრჩობით ყველანი.
მზე - დღემდე ღმერთია,  მზის მძრახი  - მტერია!
ვჩანვართ გიგანტებთან - ჩიტებისხელანი.

ნეტავი გაწვიმდეს, ძირს ჩამოიტანოს,
ვუვლით პირამიდებს პირმოკუმულები.
ყველა ჩრდილს დავეძებთ მცირეს, სანეტაროს.
წვანან - აქლემები, ულევი, ულევი!

რომ ჩასწვდე ეგვიპტეს,  ხარ  აქ ნაცხოვრები?!
შენს წარმოსახვასთან გეყოფა რა ომი!
დაგვდევს თან გუნდები მძარცველ - მათხოვრების
და ყველგან მუმია გველის  ფარაონის.

გრილში მე ამდენი არ მიზეიმია.
გჩხრეკენ და გიშვებენ, ეს - მუზეუმია!


სონეტი შინყოფნის მონატრებისა

მაშინებენ იზიდა, კიდევ  ოზირისი და 
რამზეს -  ტუტენხამონი.
ალბათ წყალი მიშველის  სივას ოაზისიდან -
წვეთნი  უნაგრამონი.

ეგ ვინღაა, ამონი?! ამონი თუ ამონ-რა,
-კითხულობენ  ლანდები.
დაიღალონ დევნაში, ვეღარა აწამონ,  რა,
და გაჰქრნენ  ნაბანდები!

ვეღარ გამოვეხსენი მზეპირდაპირ ამინდებს,
ყოფას, ოქროდ ნამითებს,
სფინქსებსა  და ხეოფსის მდუმარე პირამიდებს,
დარდებს რა ამარიდებს.

რას და როგორ აწონი, ბევრია  მოსაწონი.
მომენატრა საწოლი!



შენგან ნასწავლები ბოლო გაკვეთილი
(შექსპირულ სონეტად)

ვიდრე მიხვიდოდე, ისწავლე წამოსვლა.
წასვლის ხელოვნებას - უნდა დაუფლება,
თორემ მახინჯდება არცოდნის გამო სვლა,
რაც იყო ლამაზი, ისიც დაიფლება.

დატოვე იათა ფერი და სურნელი,
სარკმელი, ჰაერმა რომ ისევ იაროს.
სჯობია, ვიღაცას ეგონო სულელი,
შენ თავად ნაბიჯი ბრძნული გგონია როს.

არ იყო წასვლისას ვინმე, მოუქნელი,
რომ რბილად დასძლიო შენ გადასალახი,
წყალს არ გაატანო მთლად ნაქმნარ- უქმნელი,
დამრჩომს რომ ხსოვნაში არ დარჩეს ტალახი.

კიდეც რომ მოგდევდეს ცრემლი და ხავილი,
როდესაც მიდიხარ, დატოვე ყვავილი.


ეს ფორმა სონეტისა - ჩემი შექმნილია. დრო მქონდა გასაყვანი და მომკლა. არ შეიძლება. ასეთი სულელური ამოცანა დაისახო! მეტს აღარ ვიზამ.

ნინო დარბაისელი

ეგვიპტური დღიურიდან - მეფეთა ველი

შემოვიარე მეფეთა ველი, სიცხეა მწველი,
გზები - არ-ძველი.
ვერ გამიგია, აქ რაღას ველი,
ასე ტანსველი

საკუთარივე ოფლით. ამ სოფლით,
წამის სამყოფრით!
აქ სარკოფაგებს ოქრო არ ჰყოფნით,
გადანაფოფრი.

მომწყინდა მკვდრები, სიკვდილადრები
და უკადრები,
საფლავთა ცქერით - ყელვიღადრები,
(შენ - იბადრები?!)

ბევრი ვიარო, ცოტა ვიარო,
როგორ ვიპოვო სამშობიარო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები