ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
30 ივნისი, 2026


ჰომოგანვითარებულები

    კოსმიური საოშიანტის შობიდან და უკვდავებიდან სამი ათასწლეულის თავზე, ჰომოგანვითარებულებმა მასშტაბურად დაიწყეს გასართობი ექსკურსიები პლანეტა დედამიწაზე, რომ ენახათ, თუ როგორ ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, ჰომოსაპიენსები, სანამ ეკოსისტემის ჩამოშლის შემდეგ ისინი არ გადასახლდნენ სხვა პლანეტაზე, სადღაც პერსზევსის მკლავის რეგიონში, და ერთ-ერთ ჯგუფს, ბედად ერგოთ ექსკურსიაზე ჩამოსულიყვნენ ზუსტად აქ, ნახალოვკაში, გიდმა კი რატომღაც ჯგუფის წევრები პირდაპირ ჩემს სახლში შემოიპატიჟა.
    ერთმა არც ისეთმა ჭკვიანმა ბიჭმა, აღშფოთებით შესძახა:
- იესო ქრისტე! ვიცი, ვინც იყო! - და ჯიმ მორისონის დაფლეთილი სურათისკენ გაიშვირა ხელი - აქ მცხოვრები ადამიანი, კერპთაყვანისმცემელი იყო, ხომ?! - თავდაჯერებულად, რიტორიკულად იკითხა ჰომოგანვითარებულმა ბიჭუნამ.
- დიახ, ჩვენი წინაპარი ჰომოსაპიენსები ათასწლეულების განმავლობაში კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. - გიდმა სწრაფადვე მიუგო ბავშვს და თავზე ხელი გადაუსვა.
    ამ ახლად აღდგენილ სურათზე ჯიმ მორისონი თავმომწონედ შესქეროდა ექსკურსიანტებს. ეს ის მომენტი იყო, როდესაც ფოტოგრაფი ჯეფრი უილსონი ჯიმს ეუბნებოდა: „დორსი ყველას კიდია, ჯიმ, მთავარი შენ ხარ, არასდროს დაგივიწყებენ!“
    ჩემი დამტვერილი ძვლები კედლებს ეკვროდა. ექსკურსიანტები ძლიერად სუნთქავდნენ და გაოცებას იყვნენ, საერთოდ როგორ შეეძლოთ ჰომოსაპიენსებს ასეთ ოთახებში ცხოვრება?!
- შეიძლება, ეს საცხოვრებელი სახლი არც იყო... - ყბა მოისრისა გიდმა - შეიძლება, ეს ბუნკერი იყო... და აქ მცხოვრები ადამიანი აქაურობით თავს იცავდა მესამე მსოფლიო ომისგან... შეიძლება ასეც იყო, ვერ გავიგებთ...
    შემდეგ, ერთ-ერთმა ჰომოგანვითარებულმა თაროდან ჩემი მოტოციკლის კარდანი ჩამოიღო და გაკვირვებულმა იკითხა:
- ეს რაღაა?!
- ეტყობა, რაღაც მექანიკური ტრანსპორტის ნაწილი უნდა იყოს... ერთი წუთით... - თქვა და ჯადოსნური პულტი ამოიღო, მასზე რაღაცას დააჭირა და იქიდან ინფორმაცია ჰოლოგრამულ ვარიანტში ამოტივტივდა, რაღაც გაუგებარ ენაზე:
- დიახ, ეს ნამდვილად უძველესი გადაადგილების საშუალების ნაწილია. ორ ბორბლიანი ტრანსპორტის...
- მოიცა, ეს იდიოტები ორ ბორბალზე დადიოდნენ?! როგორც ჰომოზიტები?! -  (ჰომოგანვითარებულების პლანეტაზე არსებული სახეობა, რომელიც ძალიან გვანან მაიმუნებს)
- დიახ, დიახ, სწორედაც რომ!
- კი მაგრამ, როგორ? ან რატომ?  - იკითხა თინეიჯერმა ბიჭუნამ... თუ საერთოდ ჰომოგანვითარებულებში კვლავ არსებობს ასეთი შესატყვისი, როგორიც არის „ბიჭუნა“.
- როგორ გითხრა, ჩვენ ჯერ ბოლომდე გამოკვლეული არ გვაქვს ჰომოსაპიენსთა ცხოვრება. - მიუგო გიდმა და კვლავ მოიმარჯვა ჯადოსნური პულტი, რომელიც პირდაპირ ნესტისგან ჩამომდნარ ეკრანს მიუშვირა.
- მოდი, ახლა ვნახოთ, თუ რას აკეთებდნენ ჰომოსაპიენსები ინტერნეტში...
- ინტერნეტი რა არის?
- რაღაც მიცელიუმის მსგავსია, რასაც ჰომოსაპიენსები კომუნიკაციისთვის იყენებდნენ.
      და ეკრანზე, პირველი, რაც გაჩნდა, ეს ლიკა ფანასკერტელის ფოტო იყო სპორტდარბაზიდან, და გაისმა ჩემ გაუბედურებულ სახლში დიდი ხარხარი:
- ჰაჰაჰაჰაჰა! - და კიდევ და კიდევ - ჰაჰაჰაჰა - და ერთ-ერთმა ექსკურსიანტმა ძლივს ამოისუნთქა და იკითხა - ამას რატომ აკეთებდნენ?!
გაღიმებულმა გიდმა უმალ წამოიწყო ამაზე საუბრი:
- როგორ გითხრათ... ჰომოსაპიენსების მხრიდან ეს ერთგვარი ყურადღების მიქცევის მცდელობაა, რომ გამრავლდნენ.... როგორც მაგალითად იქცევიან ჰომოზიტები.
- მოიცა, მოიცა, ჰომოსაპიენსები ერთმანეთის ყურადღების მიქცევას უკანალებით ცდილობდნენ, როგორც, მაგალითად ჰომოზიტები?!
- ერთის მხრივ კი, თუმცა მხოლოდ დედალი ჰომოსაპიენსები, მამლებს უფრო სხვა ხერხები ქონდათ, მაგალითად, ისინი, ღრიალებდნენ, როგორც კვლავ და კვლავ ჰომოზიტები იქცევიან. ზოგჯერ ეს ღრიალი ომებსაც კი აწარმოებდა... დიახ, თუ მამრ ჰომოსაპიენსს გამრავლების პროცესი დაუგვიანდებოდა, ის შექმნიდა რაღაც კონკრეტულ იდოლოგიას და ამ იდეოლოგიის სახელით დაიწყებდა ომების წარმოებას. თუმცა, ცხადია, როგორც ჰომოზიტები, ისე ჰომოსაპიენსები ვერ ხვდებოდნენ, რას და რატომ აკეთებდნენ....
- რატომ არ ქონდათ გაცნობიერების საშუალება, ისინი ხომ საკუთარ თავებს მოაზროვნეებად თვლიდნენ? - წამოიყვირა ექსკურსიანტებიდან ერთმა ქალბატონმა.
- ეს კარგი კითხვაა. არქეოლოგიური კვლევებისას, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მათ თავში პარაზიტული სოკო, „ამბრელა“ ყავდათ ჩასახლებული, ამ სოკოს მთავარი მიზანი კი იყო ბოტულოტოქსინი მიეღო, ამიტომაც კოლექტიურმა სოკოებმა ჰომოსაპიენსებში, მთელი ბიზნეს ინდუსტრიები ააწყეს იმისთვის, რომ ყველაფერში, საკვებში თუ აირებში, ზემოთხსენებული ბოტულოტოქსინი მიეღოთ და მიეღოთ იქამდე, სადამდეც შეძლებდნენ, ამიტომაც, სოკოთა კოლექტივს დიდ ხანს და ბედნიერად რომ ეარსებათ, ჰომოსაპიენსთა მთავარი მისია იყო გამრავლება. ვინც ამ სწორხაზოვნებას გვერდს აუვლიდა, ანუ ვისშიც პარაზიტული სოკო, „ამბრელა“ არ იყო, მას სხვა ჰომოსაპიენსები, ანუ სოკოები მათ თავში, მწარედ აგებინებდნენ პასუხს. ზოგჯერ ეს იყო სიკვდილით დასჯა, მათი გადაშენების ბოლო პერიოდში კი პატიმრობა, ანდაც სოციალური განდევდა.
    ოდნავ მოწყენილმა ექსკურსიანტებმა, მეზობლის სახლს შეხედეს, ტრისტან ვარანდიანისას და ერთ-ერთმა წამოიყვირა:
- მგონი, იქ უფრო საინტერესო იქნება...
      სახლიდან გასვლისას, ბიჭუნამ კვლავ შეხედა ჯიმ მორისონის სურათს და ჩაიბურტყუნა, „შეიძლება იესო ქრისტე მართლაც დიდებული იყო“!
      ეს იყო უკანასკნელი სტუმრები ნახალოვკაში. როგორც იქნა, ნახალოვკამ სიმშვიდე ნახა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები