ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
5 ივლისი, 2026


ძველთაძველი ზღაპარი თავი მეორე

თავი მეორე


        ამ საუბრის შემდეგ სანოვაგე  შუქიას სამეფოში უფლისწულს დაჰქონდა და რაც დრო გადიოდა რატომღაც, სულ უფრო ხალისით ასრულებდა ამ მოვალეობას.
    მარგიასაგან განსხვავებით, მეფე ხარბია ძალიან ბოროტი და ხარბი ადამიანი იყო. ოქრო-ვერცხლი უყვარდა. ყველაფერს ყიდდა, რაც კი ეყიდებოდა. მხოლოდ ოქროს ფულს იღებდა. წესიერ საჭმელს არ ჭამდა და ლამაზ ნივთებს არ იძენდა. ოქროს აგროვებდა. ცალკე ოთახი ჰქონდა. ჩაიკეტებოდა ხოლმე ოქროს ოთახში და საათობით ათვალიერებდა თითოეულ ოქროს ფულს, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
    ხარბიასთანაც მოვიდნენ გლეხები. “მიწა მოგვყიდეო”. “ მოგყიდით ათას ოქროს თუ მომცემთო”. “ათასი ოქრო სადა გვაქვსო”. ივაჭრეს, ივაჭრეს და ბოლოს ას-ას ოქროზე შეთანხმდნენ. თვითონ მეფემ მოუზომა გლეხებს პატარ-პატარა ნაკვეთი და კმაყოფილი დაბრუნდა სასახლეში. ფული ოქროს ოთახში დააბინავა, შემდეგ სასახლიდან გადაიხედა და ნახა, ერთი გოჯი მიწაც აღარ შერჩენოდა, დედოფლის ბაღის გარდა, სადაც მხოლოდ ეკალ-ბარდებიღა ხარობდა. “ არა უშავს, ოქრო ხომ მაქვს. რასაც მინდა იმას ვიყიდი”.-ფიქრობდა მეფე ხარბია, მაგრამ არაფერს არ ყიდულობდა, ოქრო ერჩია ყველაფერს. ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც მთელი დღე დადიოდა და “მშია, მშიას” გაჰყვიროდა. ალბათ მართლაც შიოდა, რადგან სახლში ერთი ნაჭერი პურიც კი არ მოიპოვებოდა. დედოფალი გამხდარი, უფერული ქალი იყო და შიმშილისაგან თვალები ხარბიას ოქროსავით უპრიალებდა.
    - წადი კაცო, რამე საჭმელი იშოვნე, თორემ საცაა დავიხოცებით. ხომ ხედავ, მარგიასა და შუქიას სამეფოდან სულ შემწვარ-მოხრაკულების სუნი გვიღიტინებს ცხვირში.
    - სად გინახავს დედაკაცო, მეფე საჭმლის საშოვნელად დადიოდეს? - გაბრაზდა ხარბია.
    - მაშინ შენი უსაქმური შვილი გაგზავნე. მარგიას ბიჭი თუ დადის ყოველ დღე შუქიას სამეფოში, ვითომ ჩვენსას არ ეკადრება?
    - მარგიას შვილი? რად დადის შუქიას სამეფოში, რა უნდა?
    - სანოვაგე დააქვს იქაურებისათვის. მოხუცები არიანო და ეცოდებათ.
    - აჰ, ეცოდებათ არა? ისინი ეცოდებათ და ჩვენ არ ვეცოდებით? შიმშილით სული გვძვრება. - სულ გაწიწმატდა ხარბია. - მე თქვენ გიჩვენებთ სეირს. - ჩაილაპარაკა ბოლოს და თვალები ბოროტად მოწკურა.
    მეორე დღესვე დაუდარაჯდა ხარბია უფლისწულს. დიდი ხნის ლოდინი არ დასჭირვებია. მარგიას შვილი სასახლეს მიუახლოვდა, ორივე ხელში დიდი კალათა ეჭირა. კალათები ძირს დააწყო, კარზე სამჯერ დააკაკუნა და თვალები დახუჭა. კარი გაიღო. უეცრად შენობიდან ისეთმა შუქმა გამოანათა, რომ იქვე მდგარ ადამიანს ალბათ დააბრმავებდა. უყურებდა პირღია მეფე, რაც მის თვალწინ ხდებოდა და თვალებს არ უჯერებდა.
    - თვალი არ გაახილო ჩემო სიყვარულო, ჩვენი დრო უკვე ახლოვდება, მალე სულ ერთად ვიქნებით. - მიმართა ბიჭს სინათლის სხივმა უნაზესი ხმით, სახეზე მოეფერა, კალათები აიღო და სასახლეში, კარს მიღმა მიიმალა. უფლისწული ცოტა ხანს იდგა, იღიმოდა, შემდეგ შემობრუნდა და ღიღინ-ღიღინით გაუდგა უკანა გზას.
    ხარბიამ იფიქრა, ასე სასწაულად მხოლოდ ოქრო თუ გაანათებსო და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, სასახლეში შეეღწია და ძვირფასეულობა ხელში ჩაეგდო.
მეორე დღეს  მეფე ხარბია, თავისნაირ ხარბ და წუწკ შვილთან ერთად, მარგიას ვაჟს ჩაუსაფრდა.
    მალე უფლისწულიც გამოჩნდა, როგორც წინა დღეს, ორივე ხელში კალათა ეჭირა. მან ღიღინით ჩაუარა მეფეს და სასახლისაკენ გაემართა. ხარბიას ბიჭი წამოხტა. ხელჯოხი, რომელიც წინდაწინ ჰქონდა მომზადებული, მთელი ძალით ჩასცხო თავში მოღიღინე ვაჟს და ისევ დაიმალა. უფლისწულმა გონება დაკარგა და მოცელილივით დაეცა. ხარბია და მისი შვილი კალათებს დაეძგერნენ, ჩქარ-ჩქარა ყლაპავდნენ საჭმელს და თან გულიანად იცინოდნენ. მათ ხომ გემრიელი საჭმელი, წლების მანძილზე არც კი გაესინჯათ. კარგად რომ დანაყრდნენ, ცარიელი კალათები აიღეს და სასახლისაკენ გასწიეს. კარზე სამჯერ დააკაკუნეს. კარი გაიღო, სასახლიდან კი ისეთმა მძლავრმა შუქმა გამოანათა, რომ მამა-შვილს იქვე დააკარგვინა თვალის სინათლე.
    - ვაიმე, ვაიმე, გვიშველეთ - ყვიროდნენ ხარბია და მისი ვაჟი და აქეთ-იქით აწყდებოდნენ. გზას ვერ იკვლევდნენ. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ იმავე წუთს, მოფრინდა უზარმაზარი არწივივით ჩიტი და თავის მძლავრ  ფრთებს, მამა-შვილს აქეთ-იქიდან უტყლაშუნებდა. ამასობაში უფლისწულიც გონს მოვიდა, სასწრაფოდ სასახლისაკენ გამოეშურა, კიბეზე აირბინა და სასახლის კარი თვითონ გააღო.
    - თვალები დახუჭე, თვალები. - გაისმა ნაზი ხმა.
    - არა ძვირფასო, აქამდე სულ სიზმრებში გხედავდი, ცხადში, მხოლოდ შენს ხმაში ვიყავი შეყვარებული. ახლა მირჩევნია, ერთხელ დაგინახო და მერე თუნდაც სამუდამოდ ფერფლად გადავიქცე. - სასახლიდან თვალისმომჭრელმა სხივმა გამოანათა, რომელიც თანდათან ძალას კარგავდა და საბოლოოდ უფლისწულის თვალწინ, საოცარი სილამაზის ქალიშვილი გამოიკვეთა. გოგონამ უფლისწულთან მიირბინა და გულში ჩაეკრო.
   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები