ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 ივლისი, 2026


სფინქსი და ლურჯი? (ისევ პაოლო იაშვილის “დარიანული”ლექსის - ,, პირამიდებში” გამო)

#დილაუზმოს_ფიქრებიდან
#ოპუსები

ნინო დარბაისელი

სფინქსი და ლურჯი?
( ისევ პაოლო იაშვილის “დარიანული”ლექსის - ,, პირამიდებში” გამო)

პაოლო იაშვილის “დარიანულ დღიურებში”  არის ლექსი ,,პირამიდებში”.
  მაგ ლექსზე ბევრი მიფიქრია, მიწერია, გვიკამათია,  თანამოაზრეებთანაც კი.
  რა ძნელია, ლუვრი რომ არ გინახავს (მალე ვნახავ!), არც ეგვიპტეში ხარ ნამყოფი, ხედვა პრობლემისა - ლიტერატურული გაქვს და ლაბირინთებში ძირითადად  ინტუიციას მიჰყვები. კულტურულ კონტექსტს კი არ იცნობ, რეალიებზე - ხელი არ მიგიწვდება,  ვერც ავტორის თეზაურუსში გარკვეულხარ საფუძვლიანად.
    ამ ზაფხულს, ეგვიპტეში მოგზაურობისას ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. ალბათ, როცა მოვიცლი, ამ ლექსზე გამოკვლევასაც დავწერ,  ჯერ კი წინასწარი შენიშვნების სახით ეს იყოს…
თუმცა  უპირველესად, მეხსიერება გავინედლოთ და ჟურნალ “ცისფერ ყანწებში” გამოქვეყნებული ეს ლექსი გავიხსენოთ:

პაოლო იაშვილი

პირამიდებში

იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

ამ ლექსის სხვადასხვა ასპექტები
სხვადასხვა დროს განხილული მაქვს-მეთქი,
ზემოთ ვთქვი. ახლა ვარაუდები  კი ასეთი მაქვს:
  ეგვიპტეში, იქ, სადაც დუმან პირამიდები -  ანუ უდაბნოში, მზის ქორწილის დროს მზისფერ სილაზე წარმოუდგენლად ცხელა.  ასე, ორმოცდაათ გრადუსზე მეტია სიცხე, ვერაფრით ვერ დაწვები. რა სინაზე და ამბები!
თანაც ლექსში სამგზისაა ხაზგასმული მზისეულობა:
1. “მზის ქორწილი” - ეს არის მზე  - ზენიტში - ანუ ზაფხულის ყველაზე მცხუნვარე დღე.
  2. “მზისფერი სილა” შეიძლებოდა ოქროსფერ სილადაც მიგვეჩნია,  ასეთია იმ უდაბნოს ქვიშის ფერი, მაგრამ მზის ქორწილთან ერთ ფრაზეოლოგიურ კონტექსტში - მზისფერი სილა მხურვალებას გადაიდებს.
მზე მესამედაც გვაქვს ამ პატარა ლექსში -
3. მზიურებს მაშინ ვერაფერი მოგვაგონდება”
  ,,ცხელ სილაზე ჩვენი თამაში” - (თამაში -  ევროპულ ენებში  სლენგია  და ნიშნავს სექსს)
    გარედან ამგვარი, მეტისმეტად  მხურვალე  და მოჩახჩახე გარემო,  სწორედაც რომ,  არ არის შესაფერისი წყვილის ეროტიკული ურთიერთობისათვის. მას ხომ სწორედ ამისი საპირისპირო -  რაიმე, ნახევრადბნელი განათება  შეჰფერის.
    და მაინც, რა შემთხვევაში შეიძლება ეს  ყოველივე იყოს დამაჯერებელი თვალმახვილი მკითხველისათვის,
რომელსაც  ტექსტთან შეყოვნება სჩვევია?
ჩემი პასუხი აქ ასეთია: იმ ერთადერთ შემთხვევაში, თუ საქმე არა “რეალურ”  ყოფით ეგვიპტურ,  არამედ  კულტურულ - თეატრალურ, ილუმინატორულ- პროჟექტორულ განათებასთან გვაქვს საქმე.
    ეს მაფიქრებინებს, რომ  რაკი პოეტის ბიოგრაფიიდან ვიცით, რომ იგი ნამყოფი არ იყო ეგვიპტეში და ეგვიპტურ ხელოვნებას პარიზული სათვალმჩენოდან იცნობდა, უნდა გავითვალისწინოთ  გასული საუკუნის დასაწყისის, კერძოდ, ათიანი წლების პარიზული ხედვა ეგვიპტისა.
  მაქვს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ  პარიზში პაოლო აუცილებლად დაესწრებოდა ოპერა  “,აიდას” . მისი იქ ყოფნისას  პრემიერაც კი იყო სხვაგან, მაგრამ ოპერა -  ძვირი ხელოვნებაა,  პრემიერაზე ბილეთების შეძენა - ჩასული სტუდენტისთვის კი არა, შეძლებული მსმენელისთვისაც დიდი ფუფუნებაა, თუმცა  მაშინდელი პარიზის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოში თეატრ    “პალას გარნიერში”    მის მუდმივ რეპერტუარში, თვით ჯუზეპე ვერდის დირიჟორობის მერე,  ეს ოპერა მუდმივ  რეპერტუარში იყო დამკვიდრებული და ჩასულთათვისაც შესაბამისად, ხელმისაწვდომი იყო. 
    როგორც დღეს ეიფელის კოშკია მთავარი სიმბოლო, მის ხედზე უნდა გადაიღო სურათი,  ასეთი  ადრე ,,პალას გარნიერი”  იყო!
    რატმო მაინცა და მაინც აიდა?
  ჯუზეპე ვერდის ,,აიდა”, სწორედ ეგვიპტის თემაზეა,    სუეცის არხის გახსნისთვის დაიწერა, კაიროსთვის  შეიქმნა და  ეთიოპიელი ტყვე ქალის -  მეფის ასულ აიდასა და ეგვიპტელი მხედართმთავრის, ფარაონის ასულის  გულისრჩეულის - რადამესის ტრაგიკული სიყვარულისა და აღსასრულის  ამბავს გადმოგვცემს.
  პაოლო იაშვილის კულტურულ გამოცდილებაშია  საგულვებელი ეს წარმოდგენა, რომლის
ხელოვნური განათებაც ლექსში  - მზედ ტრანსფორმირდა. 
    ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ  ნაპოლეონის  ლაშქრობის მერე ეგვიპტური ეგზოტიკის თემა და მოტივები  ძალზე პოპულარულია  ევროპულ, იქიდან რუსულ  ლიტერატურაშიც, ემატება რა  ავტორთა მოგზაურობის პირადი გამოცდილებაც,
  და  ეს პოპულარობა პიკს სწორედ იმდროინდელ პოეზიასა და ზოგადად ხელოვნებაში აღწევს.
      ლექსში სამჯერ (!) ნახსენები  “ცხენი არაბულის”  პატრონი,    რაშიანი კაცი რომ  ვეფხისტყაოსნის ავთანდილია, ეს  უკვე აღნიშნულია ქართულ ლიტმცოდნეობაში  და დავჯერდეთ ამ აზრს, რაკი  - ფაქტობრივად მისი,  ამავე დროს, რადამესობის  დასაბუთება შეუძლებელია. შეუძლებელია გამოკვეთილად თქმა,  რომ იგი თავისებურად, შერწყმული  სახეა. ავთანდილი - სპასპეტია ,, ძე ამირ სპასალარისა, რადამესი ასევე მხედართმთავარია და ფარაონის ასულის რჩეული, ორივე მამაცი და შეუპოვარია, ორივე ძნელი დავალების შესასრულებლად მიდის, იმარჯვებს  და ასე შემდეგ.
ვფიქრობ, თუ ეს მსჯელობა, რომელიც ლოგიკასა და ინტუიციას მიჰყვება და ეყრდნობა,  შესაძლებელია,  სიმართლესთან ახლოს იყოს, ახსნადი გახდება ქალის სიტყვები:

  და შენ დამკოცნი, ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს

1. აიდა  ეთიოპიის მეფის  მხოლოდშობილი ასულია.
2.  ოპერაში - იგი  უკვე ფარაონის ტყვეა, მონაა (!)
3. ცოლს რაც შეეხება, ფარაონის ასული კი ცდილობს, იქმროს რადამესი, მაგრამ მას აიდა უყვარს და გზებსაც  ეძებს მის შესართავად.
ეს  ოპერის ერთ-ერთი მთავარი კონფლიქტია, ჩაწნული პატრიოტიზმთან.
  მინდა აქ გამოკვეთით ვთქვა, რომ მე იმას კი არ ვცდილობ, ლექსის ლირიკული პერსონაჟების აიდა-რადამესობა ვამტკიცო, არამედ ვთვლი, რომ  ავტორის  ყოფით- კულტურულ გამოცდილებაში ასეთი რამ არაა გამორიცხული,  რომ ლექსის  სახეთა წინარე ინგრედიენტები ამ გამოცდილებას უთუოდ შეიცავს.

  რაც შეეხება სფინქსს,    ლურჯი სფინქსი - ასეთი ორიგინალი ეგვიპტურ კულტურაში არ არსებობს,  თუმცა ერთ ადგილას, გზის გაყოლებაზე, ორივე მხრიდან სამოცდაათზე მეტი სფინქსიც კია.  ნამდვილად არ აკლია სფინქსები ეგვიპტეს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაშიც ბევრი გაიზიდა.
    არსებობს  ეგვიპტური ლურჯისგან დამზადებული მოდელები მთავარი,  დიდი სფინქსისა, ასევე,  ლურჯად შეღებილი  მისი მოდელები.  ყოველ ნაბიჯზე სუვენირად რომ იყიდება.  მოგზაურთათვის მისაყიდი სფინქსები  სხვადასხვა, ათასნაირი  ზომისა,    ქრომატულები - ძირითადად  ლურჯი ფერისა ადამიანზე დიდიც კი, იყიდი და გამოგიგზავნიან, თავად მთავარი სფინქსი კი    ეგვიპტის  ერთ ერთი მთავარი სიმბოლო - მოყვითალო -ქვიშაქვისფერია. აქ ერთი მომენტი შეიძლება გამოდგეს:
    წელიწადში რამდენჯერმე სპეციფიკურ დღეებში,  მაგ. ფესტივალებზე,  დღესასწაულებზე იმ უზარმაზარ სფინქსს  ირგვლივ დადგმული პროჟექტორებით ლურჯი შუქით ანათებენ და ღამე მართლაც  საოცარი სანახავია მისი სილურჯე.
    ტურისტულ რეკლამებში,  სამუზეუმო- საგამოფენო აფიშებში და აშ,  დღესაც მეტწილად, ამგვარად აფერადებულს  გამოსახავენ.
    ანუ სფინქსის სილურჯე - (რაში- ლურჯ სფინქსთან მივა”) ამ ლექსში პოეტის წარმოსახვის ნაყოფია, რომელსაც  ყოფითი რეალიის სახით,  შეიძლება საფუძვლად ედოს ან სფინქსის ასლის ნახვა  სადმე, (ლუვრში?) ან პარიზშივე, სადმე  აფიშაზე გამოსახული,  ლურჯად განათებული სფინქსის სურათისა.
ერთიც:
“ალური ვნება” - სლენგია,  ფრანგული. (ინგ.  “ფლეი”, “დრაივი”(?)  რუს,- “სექსოპილნოსტ”) იგი პირდაპირი გაგებით, ცხენის ჯირითულ სვლას ნიშნავს, გადატანით -  გასაგებია, რომ სექსუალურ აქტივობას.
პაოლოს შემოტანილი ეს სიტყვა,  ვნების მნიშვნელობით შემდგომ არაერთმა  ქართველმა პოეტმა გამოიყენა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები