( ნიჟარები)
ყველაზე ძნელი და არა მარტო ჩემთვის ეს თემაა ალბათ, ყოველთვის გავურბივარ ხოლმე, მაგრამ რაც უფრო დაშორდები- უფრო აუტანლად მოგენატრება და იგრძნობ უმისობას, ამიტომაც ჯობია მიუახლოვდე, შეეხო, გაუჩინარდე მასში და იქნებ მონატრების ბოღმამ თუ აუტანლობამ მაინც არ დაგახრჩოს. შეუძლებელია გვერდი აუაროს პოეტმა ამ თემას და მითუმეტეს სოხუმელმა პოეტმა; რობის ყველა ლექსში ისმის აფხაზეთის მოტივები ან აფხაზეთის სუნთქვა: ხან აფხაზეთის მთებსა და მწვერვალებს გამოიხმობს პოეტი ხანაც ზღვის მოძახილს, უფრო ზღვის მოძახილს ალბათ, ტალღას გაყოლილი კენჭების შხრიალით. და ბეწვის ხიდია ყოველთვის გადასალახი, ორივე მხარეს უფსკრულია, მარჯვნივ სიყალბე- მარცხნივ უნიჭობა; მარცხნივ პათეთიკურობა- მარჯვნივ მიამიტობა. მე არ შემხვედრია რობის ლექსში ყალბად გამოხმობილი აფხაზეთი; არც ამორძალის მოჭრილ მკერდზე შეუდარებია ... საქართველო და არც ცას მომწყდარი ვარსკვლავისთვის. ყოველთვის სულის საკრავებს ჩამოკრავენ ხოლმე მისი მეტაფორები. გულის კარდიოგრამა საქართველოსი და ამოვარდნა მყინვარწვერი როკი და საკენი- ნაიმფარქტალი საქართველო:
"კავკასიონის მწვერვალებს მიუყვება ჩემი გულის კარდიოგრამა. რამდენიმე ამოვარდნა მაქვს - უშბა, თეთნულდი, მყინვარწვერი; იშემიის ნიშნები - როკი და საკენი, წლების წინ ნაინფარქტალი - იალბუზი. მინდვრის ზამბახი ვარ; მეც მიყვარხარ, მაგრამ შენი ფეხის ხმა მიხშირებს მაჯისცემას. ნუ მომწყვეტ, ხომ ხედავ, შენს ლარნაკს ნაფოტად არ ვეყოფი..."
საინტერსოა დედისადმი მიძღვნილი ლექსი; ძნელია გაავლო ზღვარი, ცოცხალსა და მკვდარს შორის, მზეგანხდილთა და სამზეოს ქვეშე დარჩენილთ შორის, ეს ყოველივე ხომ წარმოსახვაა, უსაზღვრო კოსმოსში დედამიწასთან ერთად მორონინე, ფარვანას წარმოდგენილი ან სულაც ფარვანას დაზმანებული. რომელია უფრო მკვდარი,- მარადისობას შერთული თუ მარადისობის მოდარაჯე- ალუბლის შრიალის ხმაზე მოცახცახე?. არცერთ ლექსში არ მიგვრძნია ასე უახლოესი ადამიანის მონატრება, მონატრების სევდით დახატული სახეები. და მაინც, ჩემთვის ლამისაა დასაფლავებული საქართველოს კვნესა ისმის, ამ ლექსში, უფრო განზოგადებული; იქნება ჩვენ გარდავიცვალეთ და საქართველო ცოცხალია, და ვერ ვხვდებით უკვე გარდაცვლილები?
" ალუბალი დედას რომ ვერ მოვდივარ?.. მკვდრები ცოცხლებთან როდი მიდიან... ახლა მითხარი, რომელია ჩვენ შორის მკვდარი - შენ, ვინც წლებია გამჭვირვალე ზეცას იხუტებ, თუ მე, რომელიც იმ ალუბლის ხმაზეც ვცახცახებ, თავთით რომ გიდგას..."
ამ ლექსში, განსხეულებული აფხაზეთია ჩემთვის დედა, სამწუხაროდ მხოლოდ წარმოდგენებში რომ ვიხუტებთ როგორც გამჭვირვალე ზეცას. ხო, ნიჟარებია აფხაზეთი ჩვენთვის, დაკარგული და მკვდარი თითქოს, მაგრამ საკმარისია ყური მიადო და აგიჩურჩულდება, მითოსური ხმები წამოვა, ნიმფათა ჩურჩული იყოს რეცა, თითქოს აბრსკილე დასჭიდებოდეს თავის ნათლიას, ნათლია გაბრაზებულიყოს და მიეკრას სატანჯველად ჩრდილოელი მეზობლის ზურგზე, ისიც დაეღუპის და თავიც. ჩურჩულებენ ნიჟარები, ხმაურობენ, მაგრამ ჩვენ ხომ დავკარგეთ ნიჭი მიყურადების, უსულოდ ყრია ნიარები, არავინაა მათი ყურის დამგდები.
"მკვდარი ზღვის წყალივით გავჯერდი, ვერ ითევზავებ, ვერც ჩაყვინთავ, და თუ მაინც, თვალებს აიწვავ, გულს დაიშაშხავ, ფილტვებსაც, და მერე ვიჩხუბებთ, როცა შემთხვევით დავიბნევით სუფრის მარილად, იქ, სადაც წყალი არ იქნება, ზღვა - მითუმეტეს..."
თითქოს მთელი პოლიტიკური სურათია დახატული; ბოღმითა და სიძულვილით გაჯერებული კაცობრიობა, რომელშიც სიცოცხლე (თევზი) არ ფუთფუთებს, და წყალი არ არის, როცა მარილი, ნიშანი უთანხმოებისა უკვე დაპნეულია, წყალი კი არ არის და არც უსაზღვრო სივრცე ( ფართო აზროვნება, იგივე სიყვარული), ზღვა- მითუმეტეს. ნუ დამაბრალებთ ხელოვნური სიმბოლიზმების მოხმობას, მე ასე ვკითხულობ ამ ლექსებს და არც მაინტერესებს პოეტმა რა ჩაიფიქრა ან საერთოდ როგორ ეწვია მუზები.
"ცალკე ზღვაური, ცალკე ღამე... სუფთა მორფინი - წვიმა - ეყრება დედამიწას ჟღალი ჭორფლივით. არ ჩანს ნაპირი... შენზე ფიქრი ტალღებს მოება, ცივა სანგარში მიტოვებულ სამრეკლოებად... ვთრთი - ოცნებებში გარიყული თეთრი ფრეგატი."
საოცრად განცდილი აფხაზეთი და ყველაზე, ყველაზე მწარე შეგრძნება იმისა რომ ვერ ვუპატრონეთ, ყვირილი, ამოჭრილი ყელიდან, როცა გსურს მთელი ხმით იბღავლო, პოეტი კი რა სათუთად და მოსხლეტით ამბობს:
"რატომ მეგონა, ერთ ზარს მაინც ჩამოვრეკავდი, თუნდაც განგაშის..."
და კიდევ ერთხელ, რამდენიმე სტრიქონში აღწერილი, გენერალთა მემუარების გადამწონი, ომი, შეგრძნებული ომი, უფრო საკუთარ თავთან გადატანილი:
"ომში ხეებიც ჯარისკაცებივით იხოცებიან, ცეცხლის ენებით... არ ენდობიან მატყუარა სინოპტიკოსებს, გრძნობენ ხეები, - ამ თვის ბოლომდე მიწას მხოლოდ სისხლი დაალბობს, - შვლების, არჩვების, დაბნეული ხოხბების სისხლი... ინაცრებიან ცადაწვდილი ასეულები, ცოცხლად დარჩენილ ჭირისუფლებს - ფესვებს - დარდობენ."
ომამდე კი გრძნეულივით შეცნობილი მომავალი, წინასწარჭვრეტა თითქოს:
"სდექ! რადგან ყველა საზღვარი პირობითია და ჩვენი ჩრდილებიც გადახრილი ანტენების ჩრდილებივით პირობითად კვეთენ ერთმანეთს უკანასკნელ ომში, სადაც აუღებელი ციხესიმაგრეები, ფესვგადგმული ლოდსატყორცნები და მოსიარულე გვამები ირწევიან"
თითქოს მაზოხისტური განწყობა გაპიროვნებული ქვეყნის: იძრობს ნაწილ-ნაწილ საკუთარ სხეულს, ქვეყანა რომელსაც უკვე საკუთარი ჩრდილისაც ეშინია, საკუთარი დახუნძლური ისტორიული წარსული ამძიმებს და ვეღარ ზიდულობს:
"წარამარა რომ თავს ისახიჩრებ, რისი ბრალია? ნუთუ ასე გაფრთხობენ მტრები? სწორედ იმგვარად, შენ რომ წარსულ დღეებს იშორებ, შეშინებული ხვლიკი იძრობს კუდს და გაურბის სიცხეს, მდევარს და საკუთარი ჩრდილის ნახევარს"
ჩრდილისას რომელიც სულისაგან დაცლილია, ხოლო სული- გადავიწყებული:
"მიტოვებული სულების სეზონი ჩვენთან წვიმების სეზონია, ჩამორეცხილი სასაფლაოების, მიტოვებული სულების სეზონი. იერუსალიმიდან რომ ცეცხლს წამოიღებენ, საბავშვო ოთახში რომ ფეხაკრეფით შევლენ, მთვრალ პეპლებს რომ მიეპარებიან, ისე გინახავ... გულიდან თვალებზე გიბნევ და დავდივარ."
რა არის ეს მიტოვებული სულები, ჩამორეცხილი და დაკარგული სასაფლაოები თუ არა ის დაკარგული ძვალთშესანახები რომელთა მისამართიც იცი, მდებარეობაც, გრძივიც და განედიც და მაინც ვერ მისულხარ?
"ხანდახან ხდება, - სულის ნაწიბურებს ვისწორებ, ტყვიის კვამლს ვისრუტავ და ვხრჩოლავ. ვხედავ: ჩემს ქალაქში მოკლულთა აჩრდილები დადიან, ერთმანეთს ეჩურჩულებიან და აყვავებულ მიმოზებს აფრთხობენ... ოქროსფერ მტვერს აცემინებენ მშიშარა მიმოზები, მდუმარე ზვირთსაქცევებს შესცქერიან და უკვირთ, ქუჩები რომ ცარიელია, ყავის სუნი რომ არ დგას, ზღვამ რომ თავისთავში დაიხია... მოკლულთა აჩრდილებს ვერ ხედავენ მიმოზები, ჩემსავით არიან, - უკვირთ..." დადიხარ და აგროვებ სულის ნაწიბურებს, ცარიელი ქუჩების ცარიელი ქალაქის, უსულო ქალაქის, აჩრდილები რომ დამკვიდრებულან, აჩრდილები რომელსაც ვერც მიმოზები ( არადა ბუნებასთან კავშირი არ გაუწყვეტიათ მცენარეებს, მიღმიურთან, უნდა ამჩნევდნენ) და ვერც ადამიანები ვეღარ ამჩნევენ.
"წვიმის ფარდების გადაწევის მეშინია (ძველი სახეა, პოეტური...) რაღაც “ფობია” მჭირს: ზღვაზე ვერ ვბანაობ, აკვარიუმთან ვერ მივდივარ, შადრევნებს ვუფრთხი... ეგ არაფერი, - სველ თვალებში ვეღარ გიცქერი, - მგონი გავცოფდი..."
ასეთი ხელშესახები განცდა აფხაზეთის ტკივილისა არსად შემიგვრძნია, როცა ზღვისპირელს და ზღვაგამოცლილს წყლის ფობია დაეწყება, რადგან ყოველი შეხება წყალან პონტოს ნაპირებთან აბრუნებს ფიქრით, იქ კი ფიქრებში დაქრიან მოჩვენებები ძველი დიდების, დიოსკურებიდან, გატაცებული საწმისიდან მოყოლებული ნელნელა რომ ქრებოდა, ქრებოდა და ენგურთან შეწყდა, ალბათ დროებით. ძველი შუმერი გაგახსენდება, ქადდინგირ- ღვთის ჭიშკარი, რაღაც ზღაპრულისა და მითიურის ჭიშკრად ქცეულა ხომ დღეს ჩვენთვის “ინგირი”, ენგურზე გადებული ყველა ხიდი კი მოუსავლეთში გადასასვლელად, თითქოს სტიქსადქცეულა ჩვენთვის ენგური. თითქოს “სტალაქტიტებით” ზღვის ქვიშაზე დაწერილიყოს წარსული, ტალღა ან მიქცევისას ან მოქცევისას რომ წაშლის. წაშლის, მაგრამ მაინც რომ წამოატივტივებენ ცნობიერისა თუ ქვეცნობიერის ფარული ტალღები;
"ადესის მზეჩაწნულ მტევნებს ვიგონებ, მუხის კასრზე შემოდგმულ საჭყლეტს, საწყალ ბიძაჩემს, მტკივანი ფეხით და სევდიანი თვალებით... (ახლა იმ სახლში, მარცხენა კედელი რომ რუსულმა „გრადმა” მოუნგრია, სხვები ცხოვრობენ...) მახსოვს, სამფეხა სკამზე ვდგებოდი, „ჯადოსნურ” კასრში რომ ცალი თვალით ჩამეხედა. ნელ-ნელა დუღდებოდა კასრის შიგთავსი - ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, ბევრი დღე... მე კი ერთი სული მქონდა, როდის ააცლიდნენ ბრტყელფერდიან ქვებს (მათ ყოველთვის ქოშინით მივათრევდი), მერე ხის თავსახურს, რათა ჩემი სამფეხა სკამი ხელახლა მიმეჩოჩებინა კასრთან, საიდანაც ორმაგი ცელოიდის აძრობისთანავე ჯინივით ამოვარდებოდა ხოლმე ქაფმოდებული ჭაჭის სპირტნარევი სუნი და ნესტოებს მიგანიერებდა. ჩემს ხასიათს ასდის ახლა ასეთი სუნი..."
და უცებ ერთიანად მოსკდება მოგონებები უძირო ჭიდან:
"სევდა მოიკიდებს ქაფს, ძაღლი უცნაურად ყეფს, ვტოვებ ბიჭვინთას და ფშაფს, ვტოვებ ბედიას და რეფს... სახლი ნახატივით ჩანს, ქარი უბერავს და წვიმს, - ფოთლით გაივსება ჭა, სარქველს ნუ გადახდით გვიმს..."
ძნელია უცებ გაიხსენო რა იყო ომი, როგორი იყო ომი და გრძნობ მოსაყოლი არაფერია, რადგან იმდენია, და გაფანტული შუადღის სიზმარივით:
რ"ა მახსოვს? - ჭურვები... ჭრილობა... ჭორომი... დარდს - ცრემლი, ცრემლს - დარდი, ომს - ჭორი, ჭორს - ომი მოჰყვება უცილოდ...."
თითქმის ყველა ლექსშია საიდანღაც შემოჭრილი “ზღვაური” როგორც ფონი უცილობელი, და განწყობის მთავარი ატრიბუტი. და შემდეგ ისევ ამოხეთქილი, ვერდატეული ვერსად კივილი, ყვირილი და მოთქმა:
"აქ თოლიების გუნდი წვებოდა ცისკრის ქიმთან, (შენ გეხსომება, ზღვაო, შენც, ნატყვიარო რტოვ და...) წვიმდა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე წვიმდა, თოვდა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე თოვდა. ტკბილი “ვარადაც”, “ჩელაც” ყველა საჯიხვეს მოვდე, ჩამოვიტოვე ცხუმი, ბზიფი, ფსოუ და მზიმთა... თოვდა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე თოვდა, წვიმდა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე წვიმდა."
არადა ახლოს იყო გამარჯვება, თეზევსმა დაამარცხა მინოტავრი, არიადნეც გადაარჩინა, ლაბირინთსაც გამოაღწია, უბრალოდ აფრის გამოცვლაღა დაავიწყდა, კვლავ შავი იალქანით მოადგა ეგეოსს და დაღუპა მშობელი (სამშობლო), პატარა უგულობა თუ გულმავიწყობა!
"დაგაქვს სხეული - დამსხვრეული ნავი მეთევზის, აღარც საჭეა, აღარც აფრები... წყევლის მინდორზე თეზევსივით დაიზაფრები. ვინ იცის, იქნებ შენი შვება სწორედ ეგ არი, დაგაქვს სურვილი - ზღვის ქაფივით დაუდეგარი"
არადა რა ახლოს იყო გამარჯვება, ურჩხული დამარცხებული იყო უკვე, აფრების გამოცვლაღა იყო საჭირო... ბევრი რამ მინდოდა მეთქვა, ვიცი რომ ვერაფერიც ვერ ვთქვი, მაგრამ ვინმე თუ ერთხელაც მივაბრუნე რობის ლექსებთან, რობის ლექსებში ჩაყურსულ აფხაზეთთან, მაინც ჰქონდა ალბათ აზრი მაშინ ამ საუბარს, ჩვენ ხომ მდუმარებას ვესაუბრებით, დასავლეთში გაუჩინარებულს, საკუთარი სამშვინველის ლაბირინთებში ჩანთქმულ დასავლეთს, სადაც ასე ხშირად გადავყავართ რობის ლექსებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ბევრი რამ მინდოდა მეთქვა, ვიცი რომ ვერაფერიც ვერ ვთქვი...
პირიქით. ისე კარგად და ლამაზად დავინახე რობის პოეზია, რომელიც ძალიან მიყვარს....
სიამოვნებით წავიკითხავდი ასევე თქვენს მიერ თქვენი თვალით დანახულ პოეტებს...რამოდენიმეს განსაკუთრებით, თუმცა აქ მათ სახელებს არ ვწერ.... ბევრი რამ მინდოდა მეთქვა, ვიცი რომ ვერაფერიც ვერ ვთქვი...
პირიქით. ისე კარგად და ლამაზად დავინახე რობის პოეზია, რომელიც ძალიან მიყვარს....
სიამოვნებით წავიკითხავდი ასევე თქვენს მიერ თქვენი თვალით დანახულ პოეტებს...რამოდენიმეს განსაკუთრებით, თუმცა აქ მათ სახელებს არ ვწერ....
12. ,,...ერთი მეორედი მე ერთი მეორედი შენ, ერთი მეორედი ის... (ნახევარი კაციო, რომ იტყვიან!..."
... ჰოდააა, ნუ დავანებეთ ,,მილეთის მზარეულებს" ამ კაცის სამყაროს...
ერთი მეორედი მე ერთი მეორედი შენ, ერთი მეორედი ის და კაციც გამთელდება... ,,...ერთი მეორედი მე ერთი მეორედი შენ, ერთი მეორედი ის... (ნახევარი კაციო, რომ იტყვიან!..."
... ჰოდააა, ნუ დავანებეთ ,,მილეთის მზარეულებს" ამ კაცის სამყაროს...
ერთი მეორედი მე ერთი მეორედი შენ, ერთი მეორედი ის და კაციც გამთელდება...
10. გაიხარეთ. ვულოცავ რობის, კიდევ ერთხელ, ახალ წიგნს. გაიხარეთ. ვულოცავ რობის, კიდევ ერთხელ, ახალ წიგნს.
9. მე რომ 2 დაგიწერო, ხომ არ გეწყინება? მეტი არ მაქვს... :) მე რომ 2 დაგიწერო, ხომ არ გეწყინება? მეტი არ მაქვს... :)
8. ქარდა, რა იმედები ჩამიშალე შენი გაცნობის?! მეგონა, პრეზენტაციას მაინც არ დააკლდება-თქო... ეეეჰ! :( :))
არაჩვეულებრივი ექსკურსია რობის "ნიჟარებში"... და მათგან რა კარგად ამოკრიფე მარგალიტებიც! გაიხარე! 5 ქარდა, რა იმედები ჩამიშალე შენი გაცნობის?! მეგონა, პრეზენტაციას მაინც არ დააკლდება-თქო... ეეეჰ! :( :))
არაჩვეულებრივი ექსკურსია რობის "ნიჟარებში"... და მათგან რა კარგად ამოკრიფე მარგალიტებიც! გაიხარე! 5
7. მართლაც კარგი პოეტია... ფაქიზი სულით და ტკივილით... ქარდას 55555555-ები მართლაც კარგი პოეტია... ფაქიზი სულით და ტკივილით... ქარდას 55555555-ები
4. მე-სამე ანუ პატარა ბარტყი მართალია. მე-სამე ანუ პატარა ბარტყი მართალია.
3. ორი საყვარელი ადამიანი ორი უნიჭიერესი... ორი საყვარელი ადამიანი ორი უნიჭიერესი...
2. რაღა ვერ თქვი.. კაცო.. ვწუხვარ.. ვერ ვიყავი გუშინ.. რობისთან.. "ნიჟარები" კი მაქვს სახლში და ვკითხულობ.. რა უნდა გამოყო.. რა უნდა გამოარჩიო.. მხოლოდ გავიმეორებ ამას:
მე არ შემხვედრია რობის ლექსში ყალბად გამოხმობილი აფხაზეთი; არც ამორძალის მოჭრილ მკერდზე შეუდარებია.. და არც ცას მომწყდარი ვარსკვლავისთვის.. ყოველთვის სულის საკრავებს ჩამოკრავენ ხოლმე მისი მეტაფორები.
გაიხარე.. რაღა ვერ თქვი.. კაცო.. ვწუხვარ.. ვერ ვიყავი გუშინ.. რობისთან.. "ნიჟარები" კი მაქვს სახლში და ვკითხულობ.. რა უნდა გამოყო.. რა უნდა გამოარჩიო.. მხოლოდ გავიმეორებ ამას:
მე არ შემხვედრია რობის ლექსში ყალბად გამოხმობილი აფხაზეთი; არც ამორძალის მოჭრილ მკერდზე შეუდარებია.. და არც ცას მომწყდარი ვარსკვლავისთვის.. ყოველთვის სულის საკრავებს ჩამოკრავენ ხოლმე მისი მეტაფორები.
გაიხარე..
1. გაიხარე, ქარდა! რობი გამორჩეული პოეტია და გუშინ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ამაში.
წვიმის ფარდების გადაწევის მეშინია (ძველი სახეა, პოეტური...) რაღაც “ფობია” მჭირს: ზღვაზე ვერ ვბანაობ, აკვარიუმთან ვერ მივდივარ, შადრევნებს ვუფრთხი... ეგ არაფერი, - სველ თვალებში ვეღარ გიცქერი, - მგონი გავცოფდი..."
რა კარგად ამოიღე სათქმელი, რომელიც ქვედა შრეში იდო ამ ლექსში. სრულიად განსხვავებული ყველასაგან, რაც აფხაზეთის თემაზე წამიკითხავს.
რობის ლექსები, ყველაზე მეტად მიხარია-ამ გაუსაძლის ჟამს, გუშინაც ხარება იყო...გილოცავთ.
გაიხარე, ქარდა! რობი გამორჩეული პოეტია და გუშინ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ამაში.
წვიმის ფარდების გადაწევის მეშინია (ძველი სახეა, პოეტური...) რაღაც “ფობია” მჭირს: ზღვაზე ვერ ვბანაობ, აკვარიუმთან ვერ მივდივარ, შადრევნებს ვუფრთხი... ეგ არაფერი, - სველ თვალებში ვეღარ გიცქერი, - მგონი გავცოფდი..."
რა კარგად ამოიღე სათქმელი, რომელიც ქვედა შრეში იდო ამ ლექსში. სრულიად განსხვავებული ყველასაგან, რაც აფხაზეთის თემაზე წამიკითხავს.
რობის ლექსები, ყველაზე მეტად მიხარია-ამ გაუსაძლის ჟამს, გუშინაც ხარება იყო...გილოცავთ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|