ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
10 მაისი, 2008


რატომ აქვს კენგურუს ჩანთა


    ძველად, დიდი ხნის წინათ , კენგურუს წინ ჩანთა არ ჰქონდა. დედა კენგურუ ხის ფუღუროში ჩააფენდა ფოთლებს, ბალახებს, ნაპოვნ ბუმბულებს და ახალდაბადებულ კენგურუს შიგ ჩასვამდა. პაწაწუნა იმდენად უმწეო იყო...თვალაუხელელი, უბეწვო, უყურო(რადგან კენგურუს ზრდის პროცესში უყალიბდება ყურები), რომ ძალზე ადვილად იღუპებოდა. ცოტაოდენი სიცივე და...ვეღარ უძლებდა, ხან ვირთხა ჭამდა, ხან გველი, ხან ბზიკის ნაკბენისაგან კვდებოდა. თან პატარას ხშირ-ხშირად უნდოდა ჭამა, ამიტომ დედა კენგურუ სულ ახლოს უნდა ყოფილიყო, თან დიდი ყურადღებით ,რომ შვილის მიკნავლებული ხმა გაეგონა.
    ერთმა ჭკვიანმა დედიკო კენგურუმ იცით რა მოიფიქრა? ნორჩი ლიანებისგან დაწნა ჩანთა, ჩააფინა შიგ რბილი ხავსი,ბალახი და წელზე შეიბა. მართალია, ახლა შვილი თავისთან ყავდა, მტრებისგანაც იცავდა მას, მაგრამ ხტომისას ჩანთა ხან მარჯვნივ გადაქანდებოდა, ხან მარცხნივ და კენგურუნა ხშირად მიწაზე ენარცხებოდა. თუ ქვაზე ,ან მიწის გოროხზე დაეცემოდა, ხშირად კვდებოდა კიდეც.
    იფიქრა, იფიქრა იმ კენგურუმ და გადაწყვიტა, ჩანთა მიეკერებინა. მივიდა ფეიქარ ჩიტებთან და თხოვა:
    -თქვენს გახარებას, იქნებ ეს ჩანთა მიმიკეროთ, თორემ ხტომისას იქით-აქეთ მეხეთქება, მეც მაწუხებს, პაწაწუნაც ხშირად ამომივარდა და დამეღუპა.
    -აბა, ამაზე როგორ დაგზარდებით, მაგრამ ძალიან რომ გეტკინება?-უპასუხეს ჩიტუნებმა.
    -არა უშავს, სამაგიეროდ ჩემი შვილიკო უსაფრთხოდ მეყოლება-მიუგო კენგურუმ-დრო გაივლის და ჭრილობებიც შემიხორცდება.
    -როგორი მზრუნველი დედილოა!!-ახმაურდნენ ჩიტები.
    ან დროს ხეზე კეთილი ფერია ჩამომჯდარა დასასვენებლად. მან გაიგონა კენგურუსა და ჩიტების საუბარი. მოეწონა დედის თავდადება, აიქნია თავისი ჯადოსნური ჯოხი და...
    -ვაი, ჩანთა უკვე მიმეკრო- წამოიძახა კენგურუმ.
    -ეს ჩემი საჩუქარია, კარგ დედიკოს გეკუთვნის–ჩამოსძახა ფერიამ.
    კენგურუმ და ჩიტებმა აიხედეს. კენწეროზე ლამაზი, ცისფერი ფერია იჯდა.
    -შენს შვილიკოს ფაფუკი, მოხერხებული და საიმედო ჩანთა ექნება ბინად-გაუღიმა ფერიამ და ისევ აიქნია თვალის მომჭრელად მბრწყინავი ჯოხი.
    მართლაც ჩანთა ფაფუკი ბეწვით დაიფარა და კენგურუს სხეულის ნაწილად იქცა ისე, რომ ძუძუს თავები შიგნით მოექცა.
    ახლა პატარას შეეძლო ყოველგვარი წვალების გარეშე მოეწოვა რძე როცა უნდოდა და რამდენიც უნდოდა. იყო თბილად და დაცულად.
    იმის შემდეგ ყველა დედა კენგურუს თავისი შვილიკო ასეთ ჩანთაში უზის და ისინი თბილი, მოხერხებული ჩანთიდან ამოსვლას მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ იწყებენ ცოტა ხნით,რათა მწვანე ფოთლები მიირთვან დედიკოსთან ერთად. საბოლოოდ კი, მხოლოდ ერთი წლის შესრულების შემდეგ ტოვებენ მას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები