ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
15 აპრილი, 2009


წარმოდგენა იწყება II ნაწილი

II ნაწილი

ვაი, მეეე!.. რამ მათქმევინა?!
მე ხო ენას ვერ ვაჩერებ...
რა ვიცოდი, ამდენს თუ იწიოკებდა...
არადა, მინდოდა ვინმესთვის მეთქვა... დამიგუბდა, დამიგუბდა  სათქმელი  და ამოხეთქა. ჰოდა,  რომ ამოხეთქა, პირველი დედა შემრჩა ხელში...
იმას ხო არ ვიტყოდი, მეფე ტროიანს თხის ყურები აბია-მეთქი...
ზღაპარია ერთი. რომ არ მეძინებოდა, ბავშვობაში, ათასნაირ ზღაპრებს მიკითხავდა დედა. ჰოდა, ერთ-ერთში იყო ეს ამბავი.  დალაქი (ახლანდელი სტილისტი) ბიჭი სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა მეფემ, არადა მეფეს თხის ყურები აქვს... და ამ ბიჭმა იცის...
მეფეს კიდე, არ უნდა ხალხს გააგებინოს, რომ თხის ყურები აქვს...……
როგორია თხის ყურება მეფე?..
მაშინ კიდე არ იყო ეს პლასტიკური ოპერაციები, არც წოპე არ იყო, თორემ მეფეს გაუჭირდებოდა ერთი, არა, - ორი,  კარგი ადამიანური ყური?..
დაჯექი მერე და უყურე...
ჰოდა, მეფემ, - თუ ვინმეს ეტყვი, სიკვდილით დაგსჯიო...
რა ქნას ამ სტილისტმაც?.. ვერავის ეუბნება…საიდუმლოს, არადა აწუხებს, ძილი გაუკრთა, საჭმელს ვერ ჭამს, გახმა, ჩამოდნა...
ბოლოს მოიფიქრებს და ტყეში მიდის, იქ ერთ ორმოს ამოთხრის, კარგად მიიხედ-მოიხედავს, ხო არავინ არისო და ორმოს ჩასძახებს „მეფე ტროიანს თხის ყურები აბიაო!”...
მოისვენა ამის მერე...
თუმცა, იმ ორმოდან ხე ამოვიდა, იმ ხის ღეროდან მწყემსმა სალამური გამოთალა, და ახლა სალამური მღერის:  „მეფე ტროიანს თხის ყურები აბიაო...”
მაინც გაიგო მთელმა ქვეყანამ თხის ყურებიანი მეფის საიდუმლო...
ჰოდა, მთელ ქვეყანას ხომ არ დასჯიდა მეფე?..
სადღაც კალენდარში, Lლეონარდო და ვინჩის გამოცანას წავაწყდი „...და ის ყოველი რომელსაც ზამთარში თოვლი ადევს და მალავს, გაზაფხულზე, როცა თოვლი დადნება, გამოჩნდება...”
რამდენიმე გვერდის შემდეგ პასუხიც იყო: ტყუილი.
ან  სიმართლე... რადგან, სიმართლე იმიტომ არის სიმართლე, რომ ტყუილია მის გვერდით, სადღაც...
ჰოდა, მეც ვერ დავმალე: - ახალი სტუდენტი გვყავს, ბარამ ბარამიძე, ერთი თვის წინ გამოსულა ციხიდან და ჩვენთან ჩაირიცხა-მეთქი...  - დედას ვუთხარი...
დედამაც დაიწყო: - ინსტიტუტია თუ შრომა-გასწორების კოლონია? მოვიდე ერთი, თქვენ რექტორთანო...
ამას კიდე სკოლის მოსწავლე ვგონივარ... 
რა მალაპარაკებდა... დაჯექი რა... ან დაწექი, დაიძინე...
კიდევ კარგი, ის არ მითქვამს, რომ მგონი, ძალიან მომწონს...
არც ის მითქვამს, რომ უცნაური თვალები აქვს... თითქოს, რო გიყურებს, შიგნიდან გიყურებს, სულში დაფათურობს და ნააზრევს კითხულობს...
მართლა ასეთი თვალები აქვს...
ვაი, მე... მგონი კი არა და, ძაან მომწონს...
ისეთ პონტში ვარ რა, „სიზმარაში” რომ არის მეფის ასული, - ეს ბიჭი თუ არ ჩამეხუტებაო... - ერთ ამბავში რომ არის...
რაებს ვფიქრობ? თან არც ვიცი, ვინ არის...  თექვსმეტისა დაუჭერიათ, ერთი თვის წინ გამოსულა, ნეტა, რატო დაიჭირეს?.. 
არ გავს დამნაშავეს. მითუმეტეს თეატრალურ ჯგუფში არ ჩაეწერებოდა...
ეტყობა, ხელოვნება უყვარს.
მეც ძაან მიყვარს თეატრი და კინო, მსახიობობაც მინდოდა...
ბავშვობაში სულ სიზმრებს ვხედავდი, - თითქოს, ფილმს ვიღებ და რეჟისორიც მე ვარ, მსახიობიც, და ოპერატორიც...
ჩაპლინი ვარ, რა...
ერთხელ “ოსკარიც” კი გადმომცეს (სიზმარში)... ის აღარ მახსოვს, რომელ ნომინაციაში...
აბა, დედას და მამას ჰკითხე...
- რა მსახიობი, რის მსახიობი... რეჟისორის მონა უნდა იყო?..
შემაშინეს.
- აი საბანკო საქმე, ბანკში დაჯდები. გულს არავინ გაგიხეთქავს და მშვიდადაც იქნებიო...
ასე მოვხვდი ეკონომიკურზე...
არ ვიცი, ის რა განგებით მოხვდა აქ? 
მე რო ავწიე ხელი, გავხედე და მანაც აწია... გამეხარდა... ვაი, მე! რა მიხარია, იქნება, მანიაკია? იქნება, ნარკომანია?.. არ ჰგავს არც ერთს. თუმცა, მე რა ვიცი?..
ბაცომ უთხრა, - ალ პაჩინოს გამოხედვა გაქვსო... მერე მესიჯს წერდა ვიღაცას...
მესიჯი ხომ არ მივწერო?!
ბაცომ ყველას მობილურის ნომრები ჩაიწერა...
არ ვიცი, რატო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ყველა თორმეტივე მსახიობმა გავიგეთ ერთმანეთის ტელეფონები...
მე მისი ნომერი დავიმახსოვრე.
ნეტა, მან თუ იცის ჩემი?..
მე რომ ბაცოს ხმამაღლა ვუთხარი ნომერი, ცოტა ხმის შემდეგ რაღაც ჩაიწერა ტელეფონში...
ალბათ ჩემი ნომერი-მეთქი, გავიფიქრე...
იქნებ, სულაც არა...
მე კი მართლა ჩავიწერე მისი...
ნეტა ახლა რას აკეთებს?
მე რას ვაკეთებ? ვაი, მე...
დედაჩემი გამიგიჟდება. ორჯერ შემომისწრო უკვე. ჩემს ოთახში წამოწოლილი, ჭერს ვუყურებ. ჭერზე კი მისი სურათია – წარმოდგენით...
დედაჩემმა, - რა გჭირსო?
არაფერი, რა უნდა მჭირდეს-მეთქი...
რავი, ჭერს უყურებდი და იცინოდიო... რაღაც, ეს ორი დღე ვერ გცნობო...
უი, გავმდიდრდები-მეთქი...
არა, შენ რაღაცა სხვა გჭირსო...
არაფერია-მეთქი...
ვითომო?
შევშინდი, არ გააგრძელოს გამოკითხვა!
მე კიდე ხო, ტყუილის თქმა არ შემიძლია...
კიდე კარგი, ტელეფონმა დარეკა...
დაქალუშკები ურეკავდნენ დედაჩემს...
ან კი ვიცი,  რა მჭირს? არაფერიც არ ვიცი. ვიცი, რომ მიხარია ხვალ რომ ვნახავ...
თუმცა, ასე ძალიან ბევრი ვინმეს ნახვა მიხარია...
არა, ვიტყუები... მისი ნახვა სხვანაირად მიხარია...
დედაჩემს არ ვეტყვი.
არც ჯგუფელებს. არც დაქალებს. არავის ვეტყვი. ორმოსაც არ ამოვთხრი, რომ ჩავძახო...
რა იცი, რა ხდება? ორმოსაც ყურები აქვს...
თუმცა, ზამთარი რომ გაივლის და თოვლი გადნება, ყოველივე გამოჩნდება...
მაინც გამოჩნდება...
...დღეს მეორედ  გამოველაპარაკე. პირველი რომ მოვიდა, იმ დღეს, მკითხა, - დეკანატი სად არისო? ისე მკითხა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით...
მე რო დავინახე, ეგრევე შემომეინტერესა...
დეიკოს (ჩემი დაქალია) უყვარს ასე თქმა, ვინმე რომ მოეწონება... 
ნეტა, თუ ახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა?
არა მგონია...
- წამო, გასწავლი–მეთქი, - მეც ვუთხარი...
რო შემომეინტერესა, ამას ხო არ ვეტყოდი?
ნეტა, ვინ არის-მეთქი, კი ვიფიქრე და გამოვხედე კიდეც...
მიყურებდა ინტერესით, მგონი, სულ არ აინტერესებდა დეკანატი...
თვალი რომ მოვაცილე, მაშინაც  ვგრძნობდი რომ მიყურებდა...
და... ვაი, მე! მიზიდავდა...
ხო არის ადამიანი, შეხედავ, უსიამოვნო განწყობა გეუფლება, გინდა, მალე გაეცალო, გამძიმებს თითქოს, ძალას გაცლის, სიცივით გთრგუნავს..
ეს კი, პირიქით...
მათბობდა და მავსებდა... და რო დავცილდი, გული დამწყდა...
…მერე, კარი რომ გაიღო, ფაკულტეტის მდივანთან ერთად  შემოვიდა. თვალს არ ვუჯერებდი...
თურმე, ჩვენს ჯგუფში იქნება. გამეხარდა და რატომ, არ ვიცი, ჯგუფელის ზურგს ამოვეფარე...
ლექტორს ეუბნება, - ციხეში ვიყავიო...  და იმიტომ დამაგვიანდაო...
ეტყობოდა, არ ტყუოდა...
... და გამოვხედე.
დამინახა... …წამით მზერა გააჩერა...
შევკრთი...  რა მაგარი იყო...
ვაი, მე...  გულმა ისე ატეხა ბრაგანი, მეგონა ყველას ესმოდა და მე მიყურებდა...
ჯგუფს გავხედე, არავის არ ვაინტერესებდი. დავწყნარდი ცოტა...
ვაი, მე... როგორ დავცინოდი დეიკოს... ერთხელ მეუბნება, - ამერიკის საელჩოსთან (ადრე, კოლმეურნეობის მოედანზე სანამ იყვნენ) რომ ჩავივლი, გული  მიჩქარდება და თრთოლვა მეწყებაო...
ამერიკაზე კი არ გიჟდება...… არც ამერიკული ცხოვრების წესი თუ დემოკრატია ეხატება გულზე...
მისი ყოფილი შეყვარებული მუშაობდა იქ, დაცვაში...
დავცინოდი...
სიყვარული არა, ტორტი-მეთქი...
ჰოდა, რამდენჯერაც ავუვლიდით თუ ჩავუვლიდით ამერიკის საელჩოს, იმდენჯერ ვაბრაზებდი, - ჰა, როგორ გაქვს გული, ისევ ძველებურად გითრთის-მეთქი?..
საკვირველი იყო, რომ საერთოდ არ ბრაზდებოდა, პირიქით, გამიღიმებდა და მეტყოდა: „ხო, აბა, რა?..”
- ნახე სატრფო? ახლა გული არ წაგივიდეს... - ვეტყოდი მე და ვიცინოდით...

დღეს რეპეტიციაზე ბაცოს მოგონილ  კონკურსში მოვუგე. პირველად, ორჯერ მან მოიგო.
თავიდან, ბაცომ რო თქვა, - ტაში რიტმში უნდა დაუკრათ, ისე, რომ არ დაარღვიოთო. ეს რა თამაშია? ამას პატარა ბავშვიც კი გააკეთებს-მეთქი, გავიფიქრე... 
იფ, არც ისე იოლი ყოფილა...
პირველ ჯერზე, მგონი, მესამე გამოვვარდი (სულ თორმეტნი ვართ). ის იდგა, თითქოს არაფერი, და ბაცოს ტაშის ხმას რიტმულად ჰყვებოდა. ზედიზედ ორჯერ მოიგო. მესამე ჯერზე მე და ის შევრჩით ერთმანეთს. ბაცომ შეხედა და უცებ შემოკრა ტაში... წამიერად დაყოვნდა (მე მიყურებდა) და წააგო.  გამეხარდა, რომ მოვუგე და  მეც ტაში შემოვკარი. იმანაც ტაში დაუკრა.  - შენ რა გიხარია-მეთქი? - სიხარულში გეხმარებიო, - და გამიცინა. ვერაფერი ვუთხარი...
სიხარულში მიხმარება მომეწონა...
ნეტა, ახლა რას აკეთებს?
ხო შეიძლება, ახლა ისიც ზუსტად ჩემზე ფიქრობდეს?..
აბა, რატო მიყურებს უცნაურად?
აი, ერთ ფილმშია, კაფეში სხვადასხვა მაგიდასთან ზიან და თვალებით ლაპარაკობენ ცოლი და ქმარი, იმიტომ, რომ არ შეიძლება, სხვამ იცოდეს, რომ ესენი ცოლი  და ქმარი არიან...
გესტაპოს აგენტებით არის სავსე კაფე...
საერთოდ, ალბათ, ადამიანს ენა რომ არ ჰქონოდა, თვალებით ისაუბრებდა...
რო შემხედავს, ასე მგონია რაღაცას მეუბნება...
და ყოველ ნათქვამს აყოლებს: „მომწონხარ”...
იქნება, მეჩვენება...
იქნებ, უბრალოდ მინდა, რომ ასე იყოს...
მაშინ,  რა არის, ერთხელაც არ დაურეკავს და არც მესიჯი არ მოუწერია...
არადა, ნომერი იცის. დარწმუნებული ვარ, იცის...
უი, მესიჯი...
გავშტერდი. ის არის...
„ბარამ”. ვხსნი მესიჯს...
„რას აკეთებ?”
უი, მე... პირდაპირ რომ ვუპასუხო, მიხვდება, რომ  მისი ნომერი მეც ჩაწერილი მაქვს...
მიხვდეს რა! მასაც ხო ჩაწერილი აქვს...
მოიცა, იქნებ და  სხვა არის? მაინც ვკითხავ...
„რომელი ხარ?!”
ერთი, ორი, სამი...
თხუთმეტი წამი გავიდა...
სად არის, ვინც არის?
რატო არ მპასუხობს, ამდენი ხანი?  უკვე ოცი წამი გავიდა. უჰ, ამოვისუნთქე. მოვიდა  მესიჯი... ის არის.
„ეჰ”
ეს „ეჰ” რა იყო? ეწყინა. ეწყინა, რომ ვერ ვიცანი. არადა, ვიცანი და ვკეკლუცობ. ვაი, რა მეკეკლუცება? ახლავე ვეტყვი რომ...
„ბარამ, შენ ხარ?”
„ხო”.


II ნაწილის დასასრული
გაგრძელება იქნება


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები