ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
11 მაისი, 2008


რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი და ლაქები

    ოდესღაც, დედამიწის ზედაპირზე  ყველაზე მაღალი ცხოველი, ჟირაფი, ჩვეულებრივი ცხენის სიმაღლე იყო და არც ლამაზი , ყავისფერი ლაქები ჰქონდა.კანი  მთლიანად მოყვითალო ფერის იყო.
    ერთხელ ჟირაფების ოჯახში საოცარი სილამაზის ,განსხვავებულად გრძელკისერა გოგო-ჟირაფი დაიბადა. პატარამ, როგორც ყველა მისმა მოძმემ, რამოდენიმე წუთში აიდგა ფეხი, ტანი შეიფერთხა, გაიზმორა. კისერი წაიგრძელა და კეკლუცად მიიხედ-მოიხედა.
    დაყვებოდა ეს კოპწია ჟირაფიკო დედას,თან ეკეკლუცებოდა მის მოძმეთ, შემხვედრ ცხოველებს, ფრინველებს, ხეებს, ბალახებს. ძალიან უყვარდა თავზე ყვავილების დამაგრება. პატარა ბეწვებს იქით-აქეთ კიკინებივით გაიკეთებდა და ყვავილს შიგ ჩაიმაგრებდა ხოლმე.
    ერთ დღეს მეჩხერ ტყეში სეირნობისას ძალიან,ძალიან მაღალ, ლამაზ ხეს მოჰკრა თვალი, რომელსაც ქვედა ტოტზე ულამაზესი, ყავისფერი ყვავილი ესხა.
    ჟირაფიკომ ხესთან მიირბინა:
    -რა ლამაზი ხარ!-მიესიყვარულა ის .
    -შენც ლამაზი ხარ-გაუღიმა ხემ.
    -უფრო მინდა გავლამაზდე. მაჩუქე შენი ყვავილი-თხოვა ჟირაფმა.
    ხეს კი დაენანა ყვავილი მოსაწყვეტად, მაგრამ ლამაზ ჟირაფს უარი ვერ უთხრა.
    -კარგი, მოწყვიტე-დაეთანხმა ის.
    ჟირაფმა ყვავილი მოწყვიტა, თავზე დაიბნია , ხეს მადლობა გადაუხადა და გახარებული დედისკენ გაიქცა.(სირბილი კი, იცოცხლე, შეუძლიათ. თუ საჭირო გახდა,საათში 50 კილომეტრს გაირბენენ.)
    ორიოდე დღეში ყვავილი დაჭკნა. ჟირაფიკოს მისი გადაგდებ დაენანა და ტანზე  მიიწება. შემდეგ ისევ იმ ხეს ესტუმრა. ხეს ისევ მოესხა კიდევ უფრო ლამაზი ყვავილი, ოღონდ ზედა ტოტზე.
    ჟირაფიკომ ისევ თხოვა ყვავილი. ხემ ისევ ვერ უთხრა უარი. ყვავილს რომ მიწვდომოდა, კისერი წაიგრძელა ჟირაფმა.
    მალე ეს ყვავილიც დაჭკნა. ესეც ტანზე დაიმაგრა და ისევ ეწვია ხეს. მესამე ყვავილი კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა, ოღონდ უფრო მაღალ ტოტზე . მის მოსაწყვეტად კიდევ უფრო წაიგრძელა კისერი ჟირაფმა და ისევ დაიმაგრა თავზე საკოპწიაოდ.
    ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. ყოველი ახალი ყვავილი უფრო ზედა ტოტზე  ყვაოდა. უფრო და უფრო იგრძელებდა კისერს ჟირაფიკო. დამჭკნარ ყვავილებს კი ტანზე, სხვადასხვა ადგილზე იწებებდა.
    და აი, ბოლო ყვავილი კენწეროზე გამოისხა ხემ. კიდევ ერთხელ დაჭიმა კისერი ჟირაფმა, მოწყვიტა ის ყვავილიც. ხეს ისევ მადლიერად გაუღიმა და თავმომწონედ, ამაყად, ყელმოღერებულად გასწია თავისიანებთან.
    ის კიკინებად შეკრული  თმა, რომელთა შორისაც თავზე ყვავილს იმაგრებდა, ორ პაწაწინა , ბეწვით დაფარულ რქად იქცა. კისერი ეგრევე წაგრძელებული დარჩა, (რის გამოც მისი სიმაღლე ექვს მეტრამდეა.) ტანზე ის ულამაზესი ყვავილები ლაქებად შემორჩა. დღესაც ყელმოღერებული დადის და იწონებს თავს. თვალებში ისევ კეთილი ღიმილი უდგას. ამიტომაა, რომ ყველას მოსწონს და უყვარს ეს უწყინარი ცხოველი, რომელსაც მტერი ნაკლებად ყავს თავისი სიმაღლისა და ძლიერი ფეხების გამო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები