ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მამლუქი
ჟანრი: პროზა
18 აპრილი, 2009


აღდგომა ...(ჭიაკოკონობა)

ჩამოხვედი,  შენ შემოგევლოს შენი ბაბო? რა კარგ დროს ჩამოხვედი? იცი , წუხელ ჩვენმა ქოჩორა კრუხმა წიწილები გამოჩეკა, მააშ! ეტყობა იცოდა გიორგი ჩამოვა - წიწილებს დავახვედრებო! წამოდი პაპა გავახაროთ.  იცი რო  დღეს ჭიაკოკონობაა?...
          პაპა, აბა ნახე ვინ მოგიყვანე? რას უდგეხარ ბიჭო, გაიქეცი ქაა! რას იმორცხვებ? ეგრე რაღა...
        -ნატაშამ  ჩამოიყვანა, კარგი ქალია - გაიხაროს, დამპირდა  და მართლა ჩამოიყვანა.
გადავაკვდი შემოდით, გათბით, ჭამეთ და მერე წადით მეთქი. 
          -გვეჩქარება, მანქანა უკან უნდა დაბრუნდესო, მარტო არ იყო, რუსეთიდან და ჩამოსვლია, ბუდიონოვკაში  წავიდნენ, ორშაბათს საფლავზე გავალთ, მერე აქ ჩამოვალთ  - თქვენთან ერთი დღე დავრჩებით, ბიჭს ვერ დაგიტოვებ, წავიყვანო.... - გაუჩერებლად ლაპარაკობს გახარებული ბაბო.
          -გზაში შეგცივდა? უი , მომიკვდეს თავი, ფეხები როგორ გაგყინვია?  მოდი ფეჩტანა!
          პაპამ სათვალე მოიხსნა, მუსტა, რომლითაც ტყავის ნაჭერს აბრტყელებდა, გვერძე გადადო, დაბალი სკამიდან წამოდგა, წინსაფრიდან ტყავის ნაკუწები და ძაფის ნაგლეჯები, იქვე მდგარ ყუთში ჩამოიბერტყა, წინსაფარი მოიხსნა და სკამზე დადო.
          ამ სკამზე პაპას პატარა ხავერდის ბალიში ედო , ბალიშის ქვეშ  - შეკერილი ჩუსტების საფასურში აღებულ ფულს ინახავდა. "ბარაქას ვაზივარ!" -  ხუმრობდა პაპა. ამ "ყულაბიდან" სამმანეთიანებს მაძლევდა ხოლმე.
          -აღდგომას თუმანი უნდა მოგცე, წითელი თუმნიანი უნდა ვაჩუქო ჩემ ბიჭსა! - პაპა არ მომატყუებს, ვიცი!
          -გიორგი, მოდი ჩვენი საქმეს მივხედოთ. - კარებთან მიმაყენა, ჯიბიდან "ქიმიური" ფანქარი ამოიღო, ნერწყვით დაასველა და კარის კუთხეზე, ჩემს თავს ზევით, ნიშნული გააკეთა.
          -რა ყოჩაღი ბიჭი ხარ, როგორ გაზრდილხარ,  უყურე! სონა, ამ მაგარ კაცებსა აღარ უნდა გვაჭამო? კუჭი გაგვიხმა!
          - რას ინაზები, გოგოსავითა, კაცურად  ჭამე! მერე  წიწილებს ვაჭამოთ  ერთად,  შენ სახელზე დავსვი ეგ კრუხი. ყველა წიწილა გამოჩეკა, ერთი შავია - ნაბოლარა.
        ბაბომ მაგრად მოხარშული კვერცხი დაკეპა, ყვითელი ბურღული და ჭინჭარი  გადაურია, ჯამი აიღო და შუშაბანდში გავედით. იქ დიდ, ჩალაჩაფენილ კალათაში,  კრუხ-წიწილი ეჯდა. ზედ საცერი ჰქონდათ გადაფარებული. ბაბომ საბუდრიდან, კრუხი გადმოიყვანა, ის ძალიან  გაგვიბრაზდა, გაფხორილი დაიარებოდა და მწარედ ქოთქოთებდა. წიწილები ბაბომ საცერში გადასხა, ერთი წიწილა ხელში დამაჭერინა:" არ გაჭყლიტო, ხელი მაგრად არ მოუჭიროვო!" - წიწილას ლოყაზე ვიხუტებდი და გაავებულ კრუხს შიშით შევყურებდი .
          წიწილები დავაპურეთ.
        -ბაღში უნდა აგიყვანოს პაპამა, კაჭაჭები ჩამოიტანეთ.
        -იმოტელა ჭიაკოკონა უნდა დაგინთო, მთელ სოფელში არავის ქონდეს. ამ კაჭაჭსა არავის ვაძლევდი, არშაკასაც კი არ მივეცი, თავის "რიჟიკასთვის" მთხოვა. მაააშ!
        -სადღაცა რეზინის ბოტები უნდა მქონდეს, მაიცა ვნახო. - თქვა ბაბომ და რკინის მაღალი საწოლის ქვეშიდან უზარმაზარი ხის ჩემოდანი  გამოათრია.
          ვააა...  რა აღარა ჰქონდა აქ შენახული, განძი იყო რა! ბოტები მართლაც იპოვა, იქვე მატყლის ჭრელი წინდებიც ჰქონდა გადანახული.
        პირქუში, ცივი დღე იყო. ცის კიდეზე ზერელედ მიმაგრებული ბურუსის დიდი ნაფლეთები არჩევანის წინაშე იდგნენ: ისევ ცას შეერთებოდნენ თუ რახან მოწყდნენ,  მიწაზე თოვლად ან წვიმად დაშვებულიყვნენ...
        -ფუი! ეს ვერანა, რა მურტალი ამინდია, ამის ჯური არ იყოს! წამო შვილო,  ფიჩხი ჩამოვიტანოთ!
        ქონივით მსუყე ტალახი უმალ ამეკრო ბაბოს ნაპოვნ, მწვანე ბოტებზე, ფეხები ისე დამიმძიმდა თითქმის ვერ ვინძრეოდი. პაპას ეცინება: ვერ მოდიხარ შე ქვეშაფსია, მიდი კომშის ძირას,  ფეხები  თოვლზე  გაუსვი... გოგიას ვეტყვი, კაჭაჭებს ის ჩამოზიდავს, მოდი აქა  - "აჩი კუუდაა, თაფლის გუდააა!"
          დაბნელდა, ჩვენს ეზოში უბნის  ბიჭებმა მოიყარეს თავი. თან ფიჩხი, შეშა და მუყაოს ყუთები მოზიდეს - ვალიკო ძიამ მოგვცა, ესეც დაწვითოო...
          პაპამ და გოგიამ კაჭაჭებისა და ფიჩხის მაღალი კოშკი ააგეს, ქვემოდან,  შეშის  სქელი ნაპობები ამოუდეს.
          პაპამ ჯერ ბიჭები  გააფრთხილა, ჭკვიანად იყავით, სანამ ალი არ განელდება, ცეცხლს არ გადაახტეთო. მერე ნავთი მოასხა და... კოცონი აგუზგუზდა. ალი ცამდე ადიოდა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ალოკვას ცდილობდა...მხიარული ნაპერწკლებით აივსო ეზო.
        ეზოში ნელ-ნელა შალმოსხმული ქალებიც შეგროვდნენ, კიბეებზე ჩამოსხდნენ, ცეცხლს უყურებდნენ და თავისას ფიქრობდნენ.
        ბიჭები ვეღარ ითმენდნენ, ცმუკავდნენ, ცეცხლზე გადახტომას ლამობდნენ, მაგრამ პაპაჩემის ეშინოდათ და ვერ ბედავდნენ. ალმა იკლო ...
        აბა, მიდით! - დაიძახა  პაპამ - ოღონდაცა,  ერთმანეთს დააცადეთ, რამე მარცხი არ მოგივიდეეთ!...
        ატყდა ჟრიამული. სახეალეწილი, გაოფლიანებული  ბიჭები ცეცხლს ახტებოდნენ. აზარტულად, რაღაცა  გაუგებარს ყვიროდნენ:"არული კუდიანებსა!"...
        - ეხლა გიორგა გაატარეთ, გიორგი ბიჭი უნდა გადახტეს - შიში დავძლიე, გავექანე და გადავხტი... თითქმის  კოცონში  ჩავხტი, ნაპერწკლებისა და ნაცრის კორიანტელი დავაყენე. ხალხი  სიცილით დავხოცე.
        -კიდე გადახტი, სამჯერ უნდ გადახტე, ქაჯები და კუდიანები  გაყარე, გარეკე! მაგათი კუდიანი დედა კი ვატირე მე! - მაქეზებდა პაპა.
          გაბედულმა ქალებმაც, ქვედა ბოლო აწეულებმა, მორცხვად, ფეხი სამჯერ გადაატარეს , თითქმის ჩაფერფლილ  კოცონს...
        -ესეც ჭიაკოკონობა! ხვალე დიდი ხუთშაბათია, ყველამ უნდა ვიბანაოთ - ცოდვები ჩამოვირეცხოთ. მე და  პაპა აბანოში წავალთ. შენა,  სახლში დაგბან - გამხმარი ყვავილები და ბალახები  უნდა ჩაგიყარო, ჯანიანი რომ გაეზარდო ბაბოსა. საღამოსა კიდე, მე და  შენ კვერცხები გადავარჩიოთ - ზოგი შესაღებადა, ზოგიც კრუხისათვის. ის შავი დედალი აკრუხდა, ფეხი რომ  აქვს მოტეხილი. ზეგა, წითელი პარასკევია - კვერცხი უნდა შევღებოთ, ენდრო დავნაყოთ, ხახვის ფოჩი დავალბოთ. იცი, როგორი წითელი კვერცხები უნდა შეგიღებოს ბაბომა? მერე პასკა უნდა გამოვაცხოთ, ხომ მომეხმარები? ეხლა დაიძინე, რას დაგიჭყეტია ეგ სამურაბე თვალები, ხომ ვთქვი, ხვალ ბევრი საქმე გვავქვს -მეთქი?!...
          ბაბომ მღვრიე წყალში მაბანავა, წყალს ყვავილებისა და  პიტნის სუნი ჰქონდა!
        - უძრახად ავიღე წყალი – ხმა არავის  უნდა გასცე,  წყალს რომ ავსებ, მაშინ აქვს ძალა ამ წყალში ბანაობასა.
          საღამოს ბაბომ დიდი ტაშტით კვერცხები შემოიტანა, ლამპა აანთო  და  კვერცხების გადარჩევა დავიწყეთ. ოთახში შუქი ჩააქრო. კვერცხს ლამპასთან მიიტანდა, ხელით მოუჩრდილავდა: "ამასა არაფერი ეტყობა, აჰა გიორგი, კალათაში ჩადე, ეგ შესაღებია, აი ესა - "დაპეპლილია", ქათამი მამალმა რომ დაპეპლა, აქედან წიწილა იმოტომ  გამოიჩეკება - მიხსნიდა ბაბო.
          ენდრო  დავალბეთ, კვერცხიც მოვამზადეთ.
          -დილითა კვერცხი შევღებოთ,- თქვა ბაბომ, წითელი პარასკევია, ხმიადი უნდა გამოვაცხო, წითელი ლობიოც უნდა შემოვდგა - თუ წესია, წესი იყოს. შაბათს, პასკაზე უნდა ვიზრუნოთ.
          ბაბოს შეღებილ კვერცხს, ყველგან გამოარჩევდი, შვინდისფერ-აგურისფერი, ზეთით გაპრიალებული, თეთრ ტილოჩაფენილ, დაბალ კალათაში... არასდროს, არასდროს დამავიწყდება!
          დილით პაპამ მითხრა - "ბიჭო გიორგი, დღეს ის ბარკალები  უნდა ჩამოვიტანოთ სხვენიდან, გახსოვს, ზამთარში რომ დავამარილეთ. ჰოდა, შენ აქ  რო არ იყავი, შესაბოლად  შევკიდე - უკვე მზად არის! იცი რა სუნი აქვს? ეს ერთი თვე, მარტო რცხილას ვუკეთებდი ფეჩსა. დამიჭერ კიბესა? ერთი ბარკალი შენ უნდა გაგატანო ქალაქში, ბაბო, პასკას გაგატანს.
          ამ ქუჩაზე, ფურნე მარტო ჩვენ გვაქვს. ძალიან დიდი ხნის წინათ, პაპაჩემს რუსი ჯარისკაცებისთვის გაუკეთებინებია - "ნამდვილი რუსული ფეჩი" - უზარმაზარი, თაღიანი ღუმელით!
          სააღდგომოდ, უბნის ქალები, პასკის გამოსაცხობად რიგს იჭერენ . ჩემ ბაბოს  პასკის გამოსხობაში,  ბადალი არ ჰყავს, ამ საქმის  "მხედართმთავარია" - ყველა, ყველაფერს მას ეკითხება და ამიტომ ბაბოს ამ დროს არც დღე სძინავს და არც ღამე.
          ყველას თავის შეშა მოაქვს .  ეზოში ეს შეშა პატარა გროვებად აწყვია. ბაბოს პასკის ფორმები კი ხელიდან  ხელში გადადის. გაწკრიალებულებს აბრუნენენ... მხოლოდ რამდენიმე წუთით, იმიტომ,  რომ მერე ისევ რიგში მდგომს მიაქვთ... არის  ერთი  ალიაქოთი - ემოციები, გადაძახილი:
          -სონა, მოდი ნახე - დროა? ფორმები უკვე შევყაროთ? - ბაბო მუჭით იღებს ფქვილს, ყრის გავარვარებულ ღუმელში. - "ჯერ არა, ფქვილი აილანძა, სველი სახვეტელა გამოუსვი, კარგად დაასველე, მაყვალ! აი, ეგრე - ეხლა დადე ნიჩაბზე, ჯერ დიდები შეაწყეთ, მიდი, საჩხრეკით  მისწი-მოსწიე, პატარა ფორმები შუაში ჩადგით - ნაკლები მხურვალება სჭირდება... ჩქარა, მიუხურე კარი! გამოგიცივდა ფურნე, ქაა! მიაყარე ნაკვერჩხლები, ეგრე...
ამოვიდა?.. არ ამოვიდა!... არ "ჩაითანთქლოს"!.. "უი, ჩავარდა, ქაა! მომიკვდეს თავი!... შენ მაგას უყურე, თავები არ დაეწვას! სველი ქაღალდი დააფინე. დანამე, კარგად დანამე - ისმოდა ჩემი ბაბოს ხმა...
          -გამატარე, მე მიმიშვი, ეს არის ჩავარდნილი, ქაა? მშვენიერია! არა, ჩემსას რო ადარებ - ჩემი ხნისამ უნდა მოიყარო, ჩემნაირი პასკა რომ გამოგივიდეს! - ნახევრად ხუმრობით ამბობს ბაბო.
          დღეს ჩვენი რიგია! ბაბო დილიდან ფუსფუსებს, ნერვიულობს.
          -რა  ვიცი,  ორმოც წელზე მეტია პასკას ვაცხობ, მარა მაინც ვდარდობ, რომ არ გამომივიდეს?!
          -მაგის ოხერი დედაცა! რას უშველი წინასწარ  თუ ინერვიულებ? არ გამოვა - ქათმებს ვაჭმევთ! - ამშვიდებს პაპა.
          -ამოტელა "პრიპასები" გავაფუჭო? რო აღარც იშოვება?! ლიმონის ზეთი აიღე, ნახე რა ღირდა? გაკეთდა მაგ ზეთით ასტყიკა, იცი რამდენი გაყიდა?
        პაპამ რამდენიმე შეკვრა შეშა შემოიტანა და ფეჩის ქვეშ შეაწყო. ფეჩი მთელი ღამე უნდა ენთოს, რომ მოზელილი ცომი კარგად გაფუვდეს. მერე დიდი ხის ვარცლიც  მოიტანა, თავის ასტამითა - ასტამით  ვარცლის კიდეები უნდა ჩაფხიკო, ცომი რომ არ მიეკროს!
        მოლოდინში ვარ, თვალს ვერ ვაშორებ: პაპამ ვარცლი ორ სკამზე დადგა, ფეჩთან ახლოს.
ვარცლში ფქვილი ჩაყარეს, ცხელი რძე და ამოსული საფუარი, ფქვილში გაკეთებულ ღრმულში ჩაასხეს. ბაბომ ხელები დაიკაპიწა, ხილაბანდი  წაიკრა, პირჯვარი გადაიწერა და ცომის  მოზელვა დაიწყო.
        -შენ გახარებას, ნინა ბაბოს დაუძახე, მოხმარება მჭირდება! - ნინა ბაბოც ეგრევე ჩაერთო საქმეში. ხან გოგლი-მოგლს უსხავდა ვარცლში, ხან ზეთს ავლებდა ხელებზე.       
        -ქიშმიში მომაშველე, გიორგი, მოაყარე ნელ-ნელა, კარგად შევაზილოთ.
        ბაბო დაიღალა. შუბლზე ოფლის წვეთები გაუჩნდა. 
        -მოდი, სანდრო  მომეხმარე! - ახლა პაპა შეუდგა ცომის ზელვას. ზელს და ზელს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები