ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2009


რომ მოძმის სისხლით არ დასველდეს ჩემი თითებიც

კი, მეც აქ ვდგავარ, მეც გავყურებ ამ შეშლილ გამზირს,
ჯერაც ატყვიათ ჭადრებს ტყვიის ძველი იარა...
და ღმერთი, უტყვი წამკითხველი დღეს ჩემი აზრის,
მაშველებს ლოცვას, როგორც ცრემლის შემშრობ იარაღს.

მაგრამ ცრემლები ვერ შრებიან მაინც თვალებზე,
ვუყურებ როცა ამ ამღვრეულს ზავთით სახეებს,
რატომ მიმირბის ფიქრი თეთრი ცხენის ნალებეზე,
რომელიც მარად მწუხარებით მომასახრევებს?!.

საით მიდიხართ, ბობოქარი ვნების ზვირთებო,
სად ეძებთ სალბუნს, დაოკებას თქვენი მიზნების?..
ვერ გამოგყვებით, ისევ გაცლა უნდა ვითავო,
თქვენს ცეცხლის ალებს, არა, მე ვერ შევეხიზნები!..

დედაქალაქო, მე სულ მახსოვს ძველი კადრები:
ეგ დაგლეჯილი მკერდიც... გულიც... კვამლიც... სიცივეც...
რუსთაველიდან სისხლი მტკვრისკენ ჩამონადენი...
უიმედობის, შიშის ქროლვა და სიციმციმეც...

რა ვქნა, სამშობლოვ, ტკივილამდე ძვლებში დამხვრელო,
ამ ბობოქარის ვერ ვირწმუნე ზნენი ზვირთების...
გავდივარ განზე, ასე ჩუმად და უსახელოდ,
რომ მოძმის სისხლით არ დასველდეს ჩემი თითებიც...

და შეჩვენების ქვაც პირველი მესროლოს იმან,
ვისაც სწამს სიბრძნე და სიმართლე მოყვასთან ომის...
ჩემს დაღლილ მზერას მიაცილებს აპრილის წვიმა
და სინანულის მეფურცლება ათასი ტომი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები