ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
12 მაისი, 2008


რატომ დააქვს ლოკოკინას სახლი-ნიჟარა ზურგით


      ძველად, დიდი ხნის წინათ ლოკოკინას სახლი-ნიჟარა უბრალოდ  ბუჩქის ძირას იყო მოთავსებული. თვით ლოკოკინა კი ტოტებზე, ბალახებზე დასეირნობდა და დასაძინებლადღა მიდიოდა თავის  სახლში, მაგრამ  ნიჟარა ხშირად ადგილზე არ ხვდებოდა. რატომ? ეს ლამაზი სახლი-ნიჟარა ძალიან მოსწონდათ კაჭკაჭს, ყვავს, ჩხიკვს და თქვენ წარმოიდგინეთ, ვირთხებსაც კი.
    ჩიტები დაავლებდნენ ნისკარტს და ბუდეში მიჰქონდათ ხოლმე. თუ ნიჟარა მჭიდროდ იყო მიკრული ბუჩქის ძირზე, მაშინ იმტვრეოდა და ბინად აღარ ვარგოდა.
    ვირთხაც ასე იქცეოდა, სოროში მიათრევდა. თუ ნიჟარა კენჭს მოხვდებოდა, იმსხვრეოდა, თუ არა და თავის პატარებს მიუგორებდა და ისინიც ხან ფეხბურთს თამაშობდნენ, ხან ფრემბურთს, სანამ არ დაამტვრევდნენ.
    ეს კიდევ არაფერი,თვით ლოკოკინასაც ბევრი მტერი ყავდა. ჩიტები, თაგვები, ხვლიკები, გომბეშოები, ბაყავები. ყველას მოსწონდა ლოკოკინათი პირის ჩატკბარუნება.
    ზაფხულის ერთ, თბილ საღამოს ლოკოკინა თავისი სახლისკენ მიცოცავდა. გარემოს ყურადღებით ზვერავდა. საკმაოდ შორს ხედავდა ყველაფერს, მას ხომ თვალები  ზემოთ აცქვეტილ ულვაშებზე აქვს განლაგებული. ეშინოდა, რომელიმე მტერს არ დაენახა იგი, თან იმაზეც ფიქრობდა, სახლი უვნებელი დახვდებოდა თუ არა.
    ნელ-ნელა მიცოცავდა, ბალახებს, კენჭებს ეფარებოდა. ამასობაში დაბინდდა. როგორც იქნა მიაღწია იმ ბუჩქამდე, სადაც ნიჟარა ჰქონდა და შვებით ამოისუნთქა. იგი უვნებლად დახვდა. შეძვრა თავის სახლში , თავი გამოყო და ვარსკვლავებიან ცას დაუწყო თვალიერება.
    საოცრად ლამაზი იყო იმ ღამით ცა, ვარსკვლავებით მოჭიქული. ციმციმებდნენ, ბრჭყვიალებდნენ ისინი. თითქოს ერთმანეთს უცინოდნენ,ეჩურჩულებოდნენ. ირმის ნახტომი ცის თაღზე ერთი ბოლოდან მეორემდე გადაჭიმულიყო.
    „რა ბედნიერები არიან...არც სახლის დაკარგვის შიში აქვთ და არც შეჭმის...ღმერთო, ნეტავ მეც მქონდეს ასეთი უსაფრთხო ბინა“-გაიფიქრა ლოკოკინამ და ამ დროს ვარსკვლავი მოწყდა.
    ხომ გაგიგიათ, სანამ ვარსკვლავი გაიელვებს ვარდნისას, თუ ნატვრას მოასწრებ , აუცილებლად აგიხდებაო და....ლოკოკინასაც აუხდა ნატვრა. როგორ?
    დილით, როცა ლოკოკინა საჭმლის მოსაძებნად დაიძრა, აი, საოცრებავ! ნიჟარა ზურგზე მიკვროდა და თან გაიყოლა.
    დანაღვლიანდა ლოკოკინა:“ამ ნიჟარიანად როგორ ვიმოძრაო, ისედაც ძლივს მივცოცავდი“, გაიფიქრა, მაგრამ მისდა გასაოცრად შენიშნა, რომ პაწაწინა ნასვრეტებიდან ბლანტმა სითხემ იწყო გამოყოფა და ლოკოკინა გასრიალდა მიწაზე. ცოტა ხნის შემდეგ უკან მოიხედა. მის მიერ გავლილი გზა ვერცხლისფრად ბრწყინავდა. მოეწონა. კიდევ გაცოც-გასრიალდა. უკან ისევ ბზინავი კვალი დარჩა.
    ზემოდან ჩრდილი დაეცა. მიხვდა, მტერი უახლოვდებოდა და უცებვე ნიჟარაში შეიმალა. გაწბილებული ფრინველი ახლოს დაეშვა. ნისკარტის შეყოფა სცადა, ვერ შეძლო, წაღება სცადა, ნიჟარა ლოკოკინითურთ მძიმე გამოდგა. უკმაყოფილოდ შეიბერტყა ფრთები და გაფრინდა.
    ლოკოკინამ ფრთხილად გამოყო თავი, მიიხედ-მოიხედა, მთლიანად გამოძვრა და თავის ნიჟარიანად არხეინად განაგრძო გზა.
    მის მერე ყველა ლოკოკინას  თავისი ლამაზი სახლი-ნიჟარა ზურგზე მოკიდებული დააქვს. გაზაფხული-ზაფხული, გვიან შემოდგომამდე შედარებით უსაფრთხოდ დასრიალებს და ლამაზ ,ბზინვარე კვალს ტოვებს უკან. აცივდება თუ არა, შემოდგომის მიწურულს იპოვის უსაფრთხო ორმოს და გაზაფხულამდე ტკბილად ძინავს თავის სახლში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები