ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
25 მაისი, 2009


თავი 27. ბანკეტი ("გაცვლა")

დადგა 27 ივნისიც...
დღეს ჯაბას ჯგუფს ბანკეტი აქვს.

წინა საღამოს მაყვალამ ჯაბას ისევ ჩამოუგდო სიტყვა თეონაზე...
- როდის ეტყვი, ჯაბა?
- მალე, დედა, მალე...
- აღარ მოვიდა ეს “მალე”?!
- დე, არაფერი მითხრა: ხვალ, ბანკეტზე ვეტყვი ყველაფერს.
- რას ელოდები ამ ბანკეტს, ვერ გამიგია...
- არ ვიცი... თავადაც არ ვიცი! დე, მე გიჟი ვარ?
- რატო ხარ გიჟი? ან ვინ გითხრა ეს?
- აბა, მშიშარა ვარ?
- რა სისულელეა? ბავშვობიდან არაფრის გეშინოდა და... გახსოვს, ლენტეხში რომ დამეკარგე? 5 თუ 6 წლის იყავი, პატარა ლეკვი იპოვე და... ლამის შუაღამემდე დადიოდი კარდაკარ, ვიდრე იმ ლეკვს პატრონი არ უშოვე... მე კი მთელი სანათესავო დავაყენე ფეხზე.
- ეს უშიშრობაა? – გაეცინა ჯაბას.
- აბა რა არის?... ისე, რატო მეკითხები, ვერ ვხვდები!
- რატომ მეშინია თეონას სიყვარულის?! გაცნობის დღიდან ვეკითხები ჩემს თავს და – ვერ მიპოვია პასუხი...
- ჯაბა, ვერ გავიგე, დედა, თეონასი გეშინია?
- თეონასი კი არ მეშინია? მხოლოდ მისი სიყვარული მაშინებს! და ნუ მკითხავ, - რატომო... არ ვი-ციიი!
- ბანკეტის დღეც მოვიდა... რას აპირებ?
- რას და... იქ, მთელი ჯგუფის თვალწინ ვთხოვ ხელს და ბეჭედს წამოვაცმევ თითზე...
- ჯაბა, მართლა, დედა? – მაყვალას ცრემლებით აევსო თვალები, შემდეგ კი - 300 მანეთი გამოუტანა ჯაბას, - აჰა... გინდა რგოლი უყიდე და გინდა თვლიანი ბეჭედი...

ჯაბა დედას გადაეხვია და ფული ჯიბეში ჩაიდო....
ღმერთოოოო, რა ბედნიერი იყო მაყვალა, რომ მისმა ერთადერთმა ვაჟმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, თეონასთვის ხელი ეთხოვა.

დილიდანვე გავიდა ჯაბა სახლიდან.
საიუველირო მაღაზიას მიაკითხა, თეონასთვის ძალიან ლამაზი ბეჭედი იყიდა და, ხავერდის პაწაწინა ტომსიკით, გულის ჯიბეში სათუთად ჩაიდო.

მაღაზიიდან პირდაპირ სახლში წავიდა, მაყვალასთვის ბეჭედი რომ ეჩვენებინა, - ოქროს რგოლი 5 პატარა ბრილიანტით...
სახლში მისულს - ზეიკო და მეგიც იქ დახვდნენ.
თეონას სახელზე ნაყიდი ბეჭედი – ხელიდან ხელში გადადიოდა. ყველამ მოუწონა არჩევანი.
- ბიჭო, პატარა ხომ არ ექნება ეს ბეჭედი? – ეჭვი გაუჩნდა ზეიკოს, - ასე წვრილი ძვლები აქვს?
- ძვლები მე რა ვიცი? არ გამიშუქებია და... თითები – უწვრილესი აქვს!

- უუუფ, რა გაათენებს ამ ღამეს და რა გაიყვანს ხვალინდელ დღეს? – ჩაილაპარაკა მეგიმ და ბეჭედი ჯაბას დაუბრუნა.


* * *

საღამოს 6 საათისთვის ჯაბას ჯგუფელებმა თეონასა და დედამისს მანქანით მიაკითხეს და წაიყვანეს. ლაპარაკ-ლაპარაკში ისე მივიდნენ დანიშნულების ადგილას, რომ გზისთვის არ მიუქცევია ყურადღება თეონას. ან რა საჭირო იყო? იცოდა, სახლამდეც მიაცილებდა ჯაბა, ასე რომ, სრულიად დანდობილად იჯდა მანქანაში. ფაკულტეტის სხვა წარმომადგენლები – სხვა მანქანებით მოიყვანეს.

არაჩვეულებრივი დრო გაატარეს.
ღამის 11 საათზე პედაგოგები წამოიშალნენ.
- თეონა, წავედით, - უთხრა დედამ, მაგრამ მთელი ჯგუფი ერთად ახმაურდა:
- არა, რაააა, ქალბატონო თინა!...
- დაგვიტოვეთ, რაა, თეონა?!...
- ისე სულ ჩვენთან ერთად იყო და ბანკეტიდან მიგყავთ?...

- ასე არაფერი გამოვა, ქალბატონო თინა... მე ხომ მენდობით, არა? ჰოდა, ჩემთან დატოვეთ თეონა, მთელსა და უვნებელს ჩაგაბარებთ, - უთხრა გიგამ, ჯგუფში ყველაზე უფროსმა, რომელიც თეონას, პირველად, ლექტორი ეგონა.
- რა ვიცი, გიგა... თქვენი ბანკეტია და... თეონა უცხოა მაინც.
- ვინაა უცხო?! ყველა დაბადების დღეზე,  ქორწილსა თუ დასაფლავებაზე – ჩვენს გვერდითაა და ბანკეტზე გახდა “უცხო”? ხომ მენდობი, არა? ხოდა, მე ვარ ატვეჩაი.
- ნუ, თუ შენ იღებ პასუხისმგებლობას თეონაზე... მაშინ დავტოვებ, - თქვა თინამ და ჯაბას გადახედა, რომელიც თეონას გვერდით იდგა და გაფართოებული თვალებით შესცქეროდა თინას და გიგას.

სულო ცოდვილო, თინას გაცილებით ერჩია, ჯაბა მისულიყო მასთან და თეონას დატოვება ეთხოვა.
თინას ვერაფრით აეხსნა ჯაბას ეს სიჩუმე. მათ სახლში – ჯაბა მიღებული სტუმარი იყო, მათი ზედმეტად კარგი ურთიერთობის შესახებაც ყველაფერი იცოდნენ.
“ჯაბამ თავად ვერ გამიბედა თხოვნა და გიგა მომიგზავნა... ხო, ალბათ უნდა დავტოვო თეონა! ხომ ვიცი, რომ უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემს?!”

- ჯაბა!...
- გისმენთ, ქალბატონო თინა!
- შენ და გიგას გაბარებთ თეონას, აბა თქვენ იცით...
- აგერ ვარ მე, ქალბატონო თინა! ხომ გითხარი, ატვეჩაი ვარ თეონაზე...- ჩაერია საუბარში გიგა.
- ხოდა, ძალიან კარგი, - თქვა თინამ და სხვა ლექტორებთან ერთად წავიდა.


სტუდენტები შინაგანად გათავისუფლდნენ, მეტი სითამამე მიეცათ. თუ მანამდე თავს იკავებდნენ, ახლა მუსიკა ხმამაღლა ჩართეს და ცეკვა დაიწყეს.
ძნელი მისია ეკისრათ გოგონებს: თეონას ჩათვლით სულ ხუთნი იყვნენ და ოც ბიჭთან უწევდათ ცეკვა.

თეონამ რამდენიმე ბიჭთან იცეკვა. პირველი ცეკვა – ჯაბას ეკუთვნოდა. მერე კი – ხან ვინ იწვევდა საცეკვაოდ და ხან – ვინ.
ამ დროს ჯაბა მაგიდასთან იჯდა და გიგას ელაპარაკებოდა.
- ჰა, რას შვები? გადაწყვიტე რამე?
- კი... სუფრასთან რომ დაბრუნდებიან... მაშინ ვეტყვი და არა მხოლოდ...
- აბა, რა გაქვს გეგმაში კიდევ?
- ბეჭედი მაქვს მისთვის წამოღებული...
- დაგლიჯე! ასე, რააა! დავიტანჯეთ, ტოოო, გემრიელი ქეიფი მოგვენატრა!
- რა მოგენატრა, არ ქეიფობ? – ჯაბამ თავით ანიშნა გაშლილ სუფრაზე და გაეცინა.
- ბიჭო, ბანკეტი – ბანკეტია და ქორწილი – ქორწილი!
- ხო, კაი... სუუულ ცოტა მოითმინე კიდევ!

თეონა მაგიდასთან დაბრუნდა და, ჯაბას გვერდით, თავისი ადგილი დაიკავა. მაშინვე მიუახლოვდა ჯაბას ერთ-ერთი ჯგუფელი, ვაჟა, რომელიც კურსზე დატოვეს და მომავალი წლიდან თეონას კურსზე უნდა დამჯდარიყო.
- თეონა, მეც მეცეკვე...
- დავიღალე, ვაჟა, ცოტას დავისვენებ...
- ოოოფ, შენ რომ დაიღალე, მე სულ არ მიცეკვია და... მეც მინდა ცეკვა.

თეონა უხმოდ წამოდგა და ვაჟას საცეკვაოდ გაჰყვა.
არ მოეწონა ვაჟასთან ცეკვა, - ზედმეტად ახლოს მიდიოდა თეონასთან.
მხოლოდ ერთხელ იცეკვა და ისევ სუფრასთან დაბრუნდა.
ვაჟა – კუდში მიჰყვა:
- წამო, რაა, მეცეკვე...
- ხომ გეცეკვე?! დავიღალე, ადამიანი არა ხარ?
- აბა ჯაბა ყოფილიყო, თუ ეტყოდი უარს?
- იცი რა? მე ვის ვეცეკვები და ვის – არა, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, - ხმა გაუმკაცრდა თეონას, - დამანებე თავი!
- აი, თავს დაგანებებ თუ არა, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია! ადექი-მეთქი...
- ჯაბა, მომაცილე ეს ადამიანი....
- ვაჟა, დაანებე თავი... ხომ გითხრა, “დავიღალეო”? – ჩაერია საუბარში ჯაბა...
- ძმაო, იცი რას გეტყვი? რა უფლებაც შენ გაქვს თეონაზე, ის უფლება მაქვს მეც.
- მაი შავ მეთმი  (ეს რა ჭირი მჭირს)?! – ამოიკვნეს-ამოიგმინა ჯაბამ და ვაჟას კი არა, თეონას გახედა, - თეონა, რისი უფლება აქვს ვაჟას?!
- გაგიჟდით ორივე? ვაჟა, რამ გადაგრია?!
- იქნებ გადამრია კიდეც?! აი, წავა უნივერსიტეტიდან ეს შენი ჯაბა და... მერე სადღა გამექცევი? მაინც ვერსად წამიხვალ!...

თეონა ფეხზე წამოხტა და... ისეთი სილა გააწნა, ვაჟას ყბა მოეღრიცა.
- უხ, ვაჟა, შენი დედა... – ფეხზე წამოხტა ჯაბაც, მაგრამ ერთი წამით დააგვიანდა: ვაჟა საყელოთი ეჭირა ჯაბას მეორე ძმაკაცს, ზურას, იატაკიდან 40-50 სმ-ით მაღლა.
- რა ვქნა ახლა? ფანჯარა გამოვაღო და ამ მერვე სართულიდან გადაგაგდო თუ სადარბაზოს კიბეზე დაგაგორო?! კაცს მაინც გავდე, შე უდღეურო!
- ჩამომსვი, ზურა! ჩემს საქმეში ნუ ერევი! – ფეხებს უმწეოდ აფართხალებდა იატაკსმოწყვეტილი ვაჟა.
- ნაჭამი არ ვიყო, კბილში გამეჩხირებოდი... ამ შუაღამეს – ძაღლების დასაჭმელად უნდა გაგაგდოს ადამიანმა, მაგრამ... მერე შენს სიკვდილს – ჩვენ დაგვაბრალებენ და შენს გამო არ ღირს ციხის ნარების ხეხვა!
- ჩამომსვი-მეთქი... ვიცი, რასაც ვამბობ! ამ გოგომ მთელ ფაკულტეტს თავბრუ დახვია და თავის ღირსად კი არავინ მიაჩნია! მაგის ზუბი მაქვს... ჩემმა ძმაკაცმა ვენები გადაიჭრა მაგის გამო, კინაღამ მოკვდა!... ამას შევარჩენ?
- ზურა, დასვი ვაჟა... – ჩაილაპარაკა მიტკალივით გაფითრებულმა ჯაბამ.
- ჯაბა!... – დააპირა რაღაცის თქმა თეონამ, მაგრამ ჯაბამ თავი გაიქნია, “არაფერი თქვაო”...

“ჯაბა...  ჯაბა...”
თეონამ ჯერ ამოიჩურჩულა ეს სახელი, შემდეგ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით-ღა თქვა და... ცრემლებმა საგუბარი გამოარღვიეს.
უხმოდ, უსიტყვოდ იდგა და ტიროდა. არც კი ამოუსლუკუნია. იგრძნო, როგორ წამოვიდა სიცივე ფეხებიდან, გულამდე ამოვიდა... მერე გულს შემოეჭდო ყინულის სქელ ფენად... თვალები დახუჭა და... ჩაიკეცა.
- თეონა ცუდად არის, - იყვირა ვიღაცამ.
- ჯაბა, თეონას მოხედე! – გაისმა გიგას ხმაც...

ამ ხმამ ჯაბა მდგომარეობიდან გამოიყვანა. თეონასთან მიიჭრა, ხელი დაავლო და ასე, ხელებზე გადაწვენილი გაიყვანა გვერდით ოთახში. ფრთხილად დააწვინა საწოლზე. ჯაბას ფეხდაფეხ შემოჰყვნენ გოგონები: ერთი ნიშადურს აყნოსებდა თეონას, მეორე – მარაოთი აგრილებდა, მესამე - სველი ხელით უზელდა ყურებს, სახეს, ყელს.....

თეონა გონზე მოიყვანეს.
- ჯაბა... – ამოიჩურჩულა თეონამ, - არ დამტოვო...
- აქ ვარ... – ჩაილაპარაკა ჯაბამ.
- მე არ ვარ დამნაშავე... არაფერში...
- ჩუუუუ, გაჩუმდი, - შემდეგ გოგონებს მიუბრუნდა, - გოგოებო, თეონას მე მივხედავ... დაგვტოვეთ, რა?

ჯაბა საწოლზე ჩამოუჯდა თეონას, მისი ხელი მუჭში მოიმწყვდია... თეონა თანდათან დაწყნარდა, დამშვიდდა, ფერი დაუბრუნდა.
- გამაგებინე, რა ხდება? რას გეუბნებოდა ვაჟა?! – ფრთხილად, გაღიზიანების გარეშე ჰკითხა ჯაბამ.
- არ ვიცი, ჯაბა... ბევრს რატომ უყვარხარო...
- და რატომ უყვარხარ ბევრს?
- მე ვარ მაგაში დამნაშავე?
- არა, არ ვიცი... ალბათ, არა!
- მიბრაზდები?
- არა... საკუთარ თავზე ვბრაზდები... ვაჟამ თქვა ის, რასაც საკუთარ თავსაც ვერ ვეუბნებოდი.
- რას, ჯაბა? – თვალები გაუფართოვდა თეონას.
- არაფერია... გადამივლის.  მე გავალ, უხერხულია!...

10-15 წუთის შემდეგ ოთახიდან თეონაც გამოვიდა.
წავიდა და თავის ადგილას დაჯდა, ჯაბას გვერდზე.

ხმა არ გაუღია ჯაბას. ბიჭებმა სთხოვეს, “იმღერე რამეო”... – უარი თქვა.
გოგონებმა საცეკვაოდ გაიწვიეს, - არ გაყვა...

გიგამ ზურას თვალით ანიშნა, - “თეონა გაიყვანეო”... ზურამ ძალით ააყენა თეონა და საცეკვაოდ გაიყვანა.
არ ეცეკვებოდა თეონას, მაგრამ მიხვდა, რომ ახლა ასე სჯობდა მისთვის.

გიგა გვერდით მიუჯდა ჯაბას, ღვინით შეუვსო ჭიქა და თავისთვისაც დაისხა.
ჯაბამ ხელი დაავლო სასმისს და სულმოუთქმელად გადაჰკრა.
- თქვი მაინც რამე... თათარი ხომ არა ხარ?
- რა გინდა რომ ვთქვა?
- სადღეგრძელოზე გეუბნები...
- შენ თქვი და მე უკვე დალეული მექნება.
- შენ და თეონას გაგიმარჯოთ!... – გიგამაც დაცალა სასმისი და ხელმეორედ შეავსო ორივე ჭიქას., - როდის ეტყვი თეონას?
- მაცადე, გიგა! ვაჟას ნათქვამი უნდა გადავხარშო ჩემში!
- შენ ალაოდ ხომ არ ხარ?! რა თქვა ვაჟამ ასეთი?
- სიმართლე!....
- ჯაბა, ნუ გადამრიე! უნაკლო გოგოა!
- კი, მართალია, ძალიან კარგი გოგოა თეონა, მაგრამ... რაღაც სხვა ძალა აქვს... სხვა მუხტი, სხვა ანდამატი...
- მერე?
- რა, მერე? ბუზებივით ეხვევიან თაყვანისმცემლები... ვინც არა მგონია, სიყვარულს ეფიცება, ზოგი აშკარად, ზოგი შეფარვით!
- თეონა რა შუაშია?
- აბა მე ვარ შუაში? შენთან რა დავმალო და... სიგიჟემდე მიყვარს... და ყველაზე ვეჭვიანობ! დავიღალე ამაზე ფიქრით. ნანასთან – სხვანაირად იყო... იქ არავიზე ვეჭვიანობდი. წყნარად და მშვიდად ვცხოვრობდი... 
- ნანას მისტირი?
- “მივტირი” რა შუაშია?
- ე, ბიჭო, ამოთქვი, რა გაქვს გულში... მოგეშვება!

ჯაბამ ჭიქა აიღო ხელში, ესეც სულმოუთქმელად დაცალა და მთელი ძალით მოუჭირა ხელი, თითქოს მისი დამსხვრევა უნდაო...
- გახსოვს, თეონა გერმანიაში რომ იყო? ზეიკოსთვის ახლახანს მოუყოლია თეონას ჯგუფის ხელმძღვანელს, “მატარებლის ბაქანიდან მიჰყვებოდაო ვიღაც ფრანგს”...  კიდევ კარგი, იმ ემზარმა არ გაუშვა!... აგერ, ვაჟამ, “ვენები გადაიჭრა ჩემმა ძმაკაცმაო”... სულ რაღაც ერთი თვის წინ – ის სვანი მოტაცებით ემუქრებოდა... ჩემი ყურით მაინც არ გამეგო, როგორ ეუბნებოდა ერთი მისი თანაკურსელი მეორეს, როცა თეონამ ჩაიარა: “ისეთი გოგოა, რომ გათხოვდეს კიდეც, მის ქმარს გვერდიდან ავართმევ და მაინც ჩემი ცოლი გახდებაო...” ძლივს შევიკავე მაშინ თავი!
- ეეე, შენ სულ გაუბერე, აი! მაინც არ მესმის...
- რა არ გესმის, გიგა? მე სამსახურში საქმეზე ვიფიქრო, თუ იმაზე, ჩემი ცოლი გატაცებული არ დამხვდეს-მეთქი? კარგი, გვეყოფა... თეონა მოდის.

თეონა უხმოდ დაჯდა მაგიდასთან.
ზურაც იქვე ჩამოჯდა. გიგა ჯაბას მიუბრუნდა:
- ცეკვა არ გინდა?
- არა...
- მაშინ მე წავიცეკვებ ცოტას. შენ ზურა გაართე.... – და თეონასთან ერთად საცეკვაოდ გავიდა.
- მე რა გართობა მინდა?!... ჯაბააა, ცოდოა თეონა. მას ნურაფერში დაადანაშაულებ...
- არც ვადანაშაულებ... ეს ჩემი პრობლემაა და არა მისი.
- ფანტასტიური გოგოა. ამიტომაც უყვარს ყველას.
- შენ რატომ არ შეგიყვარდა?
- მე ცოლი მყავს, შე ჩემა! და თანაც, ვიცოდი, რომ შენ გიყვარდა და პერეხვატი არ გაგიკეთე, - გადაიროხროხა ზურამ და ჯაბას მხარზე დაჰკრა ტორივით ხელი.
- მეტკინა, ეეე... დათვი ხარ ნამდვილი! – გაეცინა ჯაბასაც.
- ხოდა, დათვთან ხუმრობას მოეშვი... არაა თეონა დასაკარგი გოგო.
- ეს მაგიჟებს მეც.... – ჯაბა წამოდგა, გიგას და თეონას მიუახლოვდა და თეონა “ჩამოართვა”.
- უუუფ, გაიხარე... აბა რა მოცეკვავე მე ვიყავი?! არა და, შუა ცეკვაში ხომ ვერ მივატოვებდი ამ გოგოს?!

ჯაბამ ხელები შემოხვია თეონას, მან კი თავი დაღუნა და ჯაბას თვალი აარიდა. ცალი ხელით თავი ააწევინა ჯაბამ და თეონას ზღვისფერ თვალებში დაგუბებულ ცრემლებს წააწყდა.
- რა გატირებს?
- შენი უნდობლობა...
- მერე და ვინ გითხრა, რომ შენ არ გენდობი? – ჯაბამ უფრო მიიხუტა თეონა.
- ვის უნდა ეთქვა? ჩემით მივხვდი.... – თეონაც მიეხუტა ჯაბას და მისი გულის ფეთქვას მიაყურადა.

“დუგ-დუგ... დუგ-დუგ...  დუგ-დუგ... ”
“ღმერთოოოო, მზად ვარ, მთელი სიცოცხლე ვუსმინო ამ გულისფეთქვას... რა ვქნა, ჯაბა, მე გითხრა პირველმა, რომ მიყვარხარ? ჰოდა გეტყვი!”

- ჯაბააა...
- რაო, თეეე...
- აუუუ, იცი, როგორ მიყვარს, “თეეეს” რომ მეძახი?
- მხოლოდ ეეეს?
- არა, საერთოდ მიყვარხარ... ძალიან... – თეონას ცრემლები გადმოსცვივდა და სახე ჯაბას მკერდში ჩამალა.
- გიყვარვარ და თანაც ძალიან? – ჩაეცინა ჯაბას, - თეეე, ჟერარ დ’იუბუა ვინ არის? არ მითხრა, “არ ვიციო”... აი ის, გერმანიიდან რომ მიჰყვებოდი საფრანგეთში.
- შენ... შენ რა იცი ჟერარი? – ცრემლიანი გაოცებული თვალები შეანათა თეონამ.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ვიცი...
- ჟერარს სულ ნახევარი საათი ვიცნობდი. საოცარი რაღაც მითხრა: 7 წლის წინ დაუხატავს სურათი, რომელზეც, თურმე, მე ვარ გამოსახული.
- რაო? როგორ?...
- არ ვიცი... პიგმალიონივით, ჯაბა... დახატა ქალის სურათი და ის სურათზე გამოსახული ქალი შეუყვარდა... და 7 წლის შემდეგ ის ქალი ამოიცნო ჩემში....
- და შენც ამიტომ მიჰყვებოდი საფრანგეთში?
- მე არ მივყვებოდი... მაშინვე ვუთხარი, რომ სხვა მიყვარდა... მე შენ მიყვარდი, ჯაბა და ვერანაირად ჟერარს ვერ გავყვებოდი...
- აბა ემზარს რატომ ეკითხებოდი-ხოლმე ჟერარის წერილების შესახებ? ნუ მატყუებ, თეეე...
- არ გატყუებ, ჯაბა!... მაგრამ შენ ეს ვერსია გაწყობს და ამიტომ მეუბნები ასე.... – თეონას ცივმა ოფლმა დაასხა, - შენ მიზეზს ეძებ, რომ მე დამშორდე... თუმცა, რა დაშორებაზეა საუბარი? სად ვართ ერთად?! მაპატიე!
- რა გაპატიო? კიდევ მოხდა რამე?...
- არა... მაპატიე, რომ სიყვარულში გამოგიტყდი... ეს აღარ განმეორდება.

თეონამ ჯაბას ხელი გააშვებინა, სწრაფად გავიდა გვერდით ოთახში და ქვითინით ჩაემხო ბალიშებზე.

ჯაბას გულზე გავარვარებული რკალივით შემოეჭდო ტკივილი. ხელი მიიტანა გულთან და მიიჭირა. 
უცებ რაღაც მოედო ხელზე. ჯიბიდან ხავერდის პაწაწინა ტომსიკა ამოიღო და ხელისგულზე დაიდო.
გული და ხელი ერთად დაუმძიმა მისმა შიგთავსმა, - ტომსიკაში თეონასთვის განკუთვნილი ბეჭედი იდო.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს