ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2008


მოტაცებული პატარძალი

დღეს ქორწილია, გრძელი სეფა გადაუჭიმავთ,
მოტაცებული ანგელოზი შემოყავთ სახლში,
მოწყენილია პატარძალი, დაღონებული
ვიღაცის პოვნას თვალით ლამობს მილეთის ხალხში.

შემოეგება დედამთილი ნუგბარით ხელში,
ზღურბლზე დაუდეს გასატეხად თეფში ახალი,
სიძის სახესაც თითქოს დაჰკრავს ჭმუნვის იერი,
სულით და გულით მხიარულობს მხოლოდ მაყარი.

შემოსასვლელთან, მაღალ ხესთან ერთი ვაჟი დგას,
საოცარ ნაღველს აფრქვევს ირგვლივ თვალები მისი,
პატარძალს უმზერს, სურს, სახეზე ამოიკითხოს
გაატეხინეს, თუ გატეხა მან ვისი ფიცი.

ჰა, მისალოცად ისწრაფვიან ტოლ-მეგობრები,
პატარძალს აქებს განურჩევლად ყველა სტუმარი:
"თითქოს ფრესკიდან გადმოსულა, რა ლამაზია,
მაგრამ რატომღაც შესამჩნევად არის მჭმუნვარი."

გული არ უშვებს, მაგრამ მაინც ის ვაჟიც მიდის,
რომ მოღალატეს მიულოცოს ბედნიერება,
უკანასკნელად რომ შეავლოს თვალი სასურველს,
რომ კიდევ ერთხელ დაინახოს მშვენიერება.

გაჩირაღდნებულ ოთახში რომ შედგა მან ფეხი,
ნაძალადევი ღიმილიც კი იფინა ნიღბად,
პატარძალს ფერი დაეკარგა, ააკანკალა...
უეცრად შუქი გამოირთო, თითქოს მათ იღბლად.

და როცა ისევ გაანათეს ირგვლივ ყოველი
და პატარძალმა როცა კრძალვით თავი ასწია,
ის ვაჟი უკვე გამქრალიყო, ვით მოჩვენება,
მძაფრი ტკივილით შეიკუმშა გული პაწია.

მოვალეობამ, აღზრდამ, კდემამ იმ გულს აჯობა
და გაიღიმა, თუმც ნაღველი იდგა თვალებში,
იცოდა, მორჩა, ის გრძნობები წარსულს ჩაბარდა,
დიდი ტკივილი დარჩა ჩუმად, გულის არეში.

ხარობს ოჯახი, ყველა ლხინის ჟინს შეუპყრია,
ბახუსი დაჰქრის ყანწით ხელში აღმა და დაღმა,
თვით პატარძალსაც გადუყრია სევდა და ჭმუნვა,
მხოლოდ გულს დარჩა სამუდამოდ ტკივილის დამღა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები