ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
19 მაისი, 2008


სადაც არის ბედი შენი...

    ჩვეულებრივ რვაზე გაეღვიძა. თავისუფლად ასწრებდა თავის მოწესრიგებასაც, სამსახურში დროზე მისვლასაც, მაგრამ დაეზარა.
    „დღეს არ წავალო“-გაიფიქრა, გვერდი იცვალა და თვლემა განაგრძო. შეუმცნევლად ჩაეძინა.
    ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. თვალგაუხელლად მისწვდა ყურმილს.
    -გისმენთ!
    -მარი, არ მოდიხარ? რედაქტორმა ორჯერ გიკითხა უკვე.
    -თეა, შენა ხარ? რაო,რა მინდაო?
    -არ ვიცი. როგორც კი მოვა, შემოვიდესო.
    -ჰოო? კარგი, მალე მოვალ.
    ყურმილი დადო და წამოხტა. ხელ-პირი დაიბანა, ყავა მოადუღა, შოკოლადთან ერთად მიირთვა. თვალების შეღებვა დაეზარა, მხოლოდ პომადა წაისვა, სპორტული ტიპის კაბა ჩაიცვა, თმები გადაივარცხნა, კარი დაკეტა და კიბის საფეხურებს სირბილით ჩაუყვა.
    „ნეტავ, რისთვის დავჭირდი რედაქტორს? თუმცა მივლინებიდან ჩამოსულს არც მინახავს, ორი დღეა სამსახურში არ წავსულვარ და კიდევ მიკვირს?“-გაუწყრა საკუთარ თავს. იცოდა, გიორგი ტყუილუბრალოდ არ მოიკითხავდა. იგი მამის მეგობარი იყო და მას ძალზე ანებივრებდა, ამიტომ შეეძლო დილით დაეგვიანა, შესვენება სურვილისამებრ გაეზარდა, ადრე წამოსულიყო ან სულაც არ მისულიყო სამსახურში. ამის გამო საყვედურს არავინ ეტყოდა, მაგრამ თვითონ ერიდებოდა საოცრად და გამონაკლისის გარდა  არ სარგებლობდა ამ პრივილეგიებით. „ალბათ რამე უნდა დამავალოს“-დაასკვნა და იქვე შეჩერებულ სამარშუტო ტაქსსი ჩაჯდა.
    სამსახურში მისვლისთანავე პირდაპირ რედაქტორის კარი შეაღო.
    -შეიძლება, ბატონო გიორგი?
    -ოო,მარეხ! მობრძანდი,მობრძანდი. ძაან კი დაგვიძვირე შენი ნახვა. სად დამეკარგე?-ღიმილით შეეგება გიორგი და ხელი მოხვია. მარეხი თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა ფრთხილად. ბავშვობიდანვე უყვარდა მისი სურვილების შემსრულებელი ძია გიორგი. მამის სიკვდილის შემდეგ ეს სიყვარული კიდევ უფრო გაიზარდა.
    -შენი ჩამოტანილი მასალები ძალიან მომეწონა. შეუსწორებლად , შეუმცირებლად გავა უახლოეს ნომრებში. ნიჭიერი, ალღოიანი ჟურნალისტი ხარ ჩემო მარეხ, ამიტომ ერთი საინტერესო დავალებაც უნდა მოქცე. მართალია, ისევ მივლინებაში მოგიწევს წასვლა, მაგრამ ეს შენთვის ჯობს კიდეც. გულს გადააყოლებ, ქვეყანას ნახავ. იქნებ, გულის ტოლიც იპოვო სადმე- გაუცინა გიორგიმ.
  -ვნახოთ…იქნებ, გზაში შევეჯახო-ჩაიცინა მარეხმა- ახლა საით?
    -სამეგრელოში. შენ კარგად იცი, რა ამბებიც მოხდა იქით. როგორი გათიშულობა და დაძაბულობაა ჯერ კიდევ. როგორ ჭირს ხალხის გაყვანა სამუშაოდ და ამ დროს, ერთ-ერთ მეურნეობაში სრულიად ახალგაზრდა ხელმძღვანელმა შეძლო ყველა სიძნელის გადალახვა. არა თუ მის რაიონში, დასავლეთის რეგიონშიც ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს და წარმოიდგინე, ხალხს მადლობის წერილები მოაქვს რედაქციაში. აი, ნახე.
    -საოცარია. ეტყობა, ჭკვიანია, თანაც ხალხს სჯერა მისი.
    -ასეა, მარეხ.წაიღე ეს წერილები. მივლინება გამოწერილია, რაიონსაც გაეცანი. იქაური გაზეთის რედაქტორი ჩემი მეგობარია. აი,ეს წერილი გადაეცი. საინტერესო მასალების მოპოვებაში დაგეხმარება და შენი ნიჭის ამბავი რომ ვიცი, არ გაგიჭირდება იმ რაიონზე ერთი გვერდის გაკეთება 
    -კარგით, ძია გიორგი, ხვალვე წავალ.
    -შეგიძლია ახლავე წახვიდე, სამგზავროდ გაემზადე. მე ხუთ დღეს გაძლევ, თუ დაგჭირდეს , გადაიმატე.
      -კარგით, ნახვამდის ბატონო გიორგი.
      -ნახვამდის, ჩემო გოგონა. ჭკუით.
      გახარებული გამოვიდა კაბინეტიდან. თავის ოთახში შეიარა.
      -იყავი?
      -ვიყავი თეა. ისევ მივლინებაში მივდივარ.
      -რა ბედნიერი ხარ, მარი. თავისუფალი ხარ და საითაც გინდა იქით გაუტევ.
      -სამაგიეროდ , შენ რამხელა შვილები გყავს, მე კი...ახლა მართლაც ძალიან მიხარია. იმ რაიონში ჩემი თანაკურსელია გათხოვილი. ქორწილის მერე არ მინახავს. ნახვა კი არა, წერილებსაც ვეღარ ვღებულობ, თითქოს სამეგრელო მოწყდა ქვეყანას. თანაც , ხომ იცი, იმ ამბის მერე სახლში ყოფნა არ მიყვარს...ვერ იქნა და ვერ შევეგუე.
      -იარე, ჩემო მარეხ, იარე სანამ ოჯახის უღელში არ შებმულხარ, მერე კი...
      -ეჰ, ეგ როდის იქნება თეა? მსიამოვნებს ვაჟების ყურადღება, ვუსმენ ქათინაურებს, მაგრამ  შეყვარებით ვერავინ შევიყვარე.
      - მოვა მაგის დროც მარეხ. ჯერ არ მოუკაკუნებია შენს ბედს გულის კარებზე, თორემ...ჰო, მართლა, ის სიმპატიური ვაჟი სად გაქრა ორჯერ რომ მოგაკითხა შარშან?
      -თავის რაიონშია, მაგრამ რას საქმიანობს არ ვიცი.
      -ისე, ეტყობოდა, ძალიან უყვარდი მარი, შენ კი ახლოსაც არ გაიკარე.
      -ალბათ ,არ იყო ჩემი ბედი...კარგი, წავედი თეკუნა. ნამცხვარი მაინც უნდა გამოვიცხო გზისთვის, თორემ იქ ჩასვლამდე შიმშილით ამომხდება სული–აკოცა თეას და გაიჩქარა კარისაკენ. არავის ოთახში არ შეუხედავს პირდაპირ სახლში დაბრუნდა. წაიხემსა ,რა კი წყალი არ მოდიოდა, ჭურჭელიც არ აულაგებია. წამოწვა. უხაროდა, რომ ნანოს ნახავდა. ძალიან ენატრებოდა იგი. მასთან „ჭორაობა“, როგორც ეძახდნენ საათობით გადაბმულ საუბარს გოგონები. შარშან მიიღო ბოლო წერილი, ისიც ვიღაცისთვის გამოეტანებინა ნანოს, მაგრამ ერჩივნა არ მიეღო, ისე დაწყვიტა გული მისმა წაკითხვამ.
      სიყვარულით გათხოვდა ნანო. რაჭველი გოგო იყო, მაგრამ ისეთი მხიარული, სწრაფი და ფიცხი, -გურული ხარო-აბრაზებდნენ კურსელები. მეგრელ ბიჭს გაჰყვა. ისე უყვარდათ ერთმანეთი, მთელ კურსს ეგონა, ნანო უბედნიერესი ქალი იქნებოდა. გონებაში აღიდგინა წერილის შინაარსი.
      „მენატრები, ყველანი მენატრებით. აქ სული მეხუთება თითქოს. გურამი ისე შეიცვალა, ყველაფერი მომბეზრდა ამ ქვეყნად. ბავშვები რომ არა, რაიმე სისულელეს ჩავიდენდი ალბათ. მშობლები მე არ მყავს და და-ძმა, ნათესავებს კი თავისი გასჭირვებიათ. ცხოვრება როგორ ჩაკვდა...განსაკუთრებით ჩვენთან. ისეთი გარემოცვაა, ნუ იტყვი. შენს აზრს ხმამაღლა ვერ გამოთქვამ, ვიღაც ასე გაიგებს, ვიღაც ისე. თითქოს სწორად აზროვნების უნარიც დაკარგა ხალხმა. რამეს იტყვი და ან ზვიადისტად მოგნათლავენ, ან ოპოზიციონერად. ყველაფერი მოიშალა. გაზეთი ხან და ხან კი გამოდის, მაგრამ ვაი ასეთ გამოსვლას. ხელფასები ოთხი-ხუთი თვით გვიანდება.
    გურამის საწარმოც თითქმის დაიხურა. სულ სახლშია, ისეთი ჯუჯღუნა და ეჭვიანი გახდა, ვერ წარმოიდგენ. სულ ცოტა რაღაცაზე შეიძლება ისეთი აყალმაყალი ატეხოს, თავბედი გაწყევლინოს. ბავშვებიც ისე ჰყავს დაცოფილი, თუ სახლშია, ხმას არ იღებენ.
      მიკვირს, სად გაქრა ის სიყვარული, ის სითბო, რომელმაც მე მომხიბლა. ვატყობ, გული მეც მიცივდება. მიჭირს ძალიან. უმეგობროდაც დავრჩი, რატომ ?ვერ ვხვდები. ყველა ჩაიკეტა თავის თავში. თუმც მეუღლის თანადგომას, მის სითბოს ვინ შეცვლის?“
      შემდეგ რედაქციის ამბებს წერდა და სხვათაშორის კოჩიაზეც იწერებოდა. მშვენივრად ააწყო ცხოვრება, სოფელში მუშაობს, მაგრამ ცოლი არ მოჰყავს, ეტყობა , ვერ გივიწყებსო.
      გაეღიმა ამის გახსენებაზე.
      ჩასძინებოდა. როცა გაეღვიძა, ძმასთან დარეკა. რძალი გააფრთხილა, -მივლინებაში მივდივარ, ერთი კვირა არ ვიქნებიო-,ოთახები დაალაგა,ჭურჭელი დარეცხა და ხვალისათვის საგზლის მზადებას შეუდგა.
      საღამოს ტელევიზორიც არ ჩაურთავს, მაღვიძარა მომართა და ადრე დაწვა.
      რვაზე უკვე დასავლეთისკენ მიმავალ ავტობუსში იჯდა. საკმაოდ გრილოდა. მობუზული, ჟაკეტში ცხვირჩამალული იჯდა და ახმაურებულ მოედანს გაჰყურებდა.
      მგზავრები ნელ-ნელა გროვდებოდნენ. მის გვერდით ხანში შესული ქალი მოთავსდა. ჩანთები ხვნეშით მიმოალაგა და მარეხს გადახედა. მან უცებ თავი მიაბრუნა. არ იყო მასლაათის ხასიათზე. ფიქრებში ჩაიძირა.
      როგორც იქნა მოგროვდნენ მგზავრები. იმატა მეგრულად საუბარმა. როგორც კი თბილისს გასცილდნენ, ჩანთიდან თბილისიდან ამოღებული წერილები ამოიღო და კითხვა დაიწყო.
      „ბაქარ ქარაია? ნეტავ კოჩიას ნათესავი ხომ არაა?“
      მეხსიერების ლენტი ვიდეოფირივით უკან დატრიალდა და 1989 წლის, გაზაფხულის ასეთივე ნათელი დილა წარმოუდგა თვალწინ. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო. მარეხი და ნანო ძელსკამზე იჯდნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.
      მარეხმა გაჩერებისკენ გაიხედა. იქიდან მათი თანაჯგუფელი ლია მოდიოდა ორ ჭაბუკთან ერთად. მანაც დაინახა გოგონები, ბიჭებს გადაულაპარაკა და მათკენ წამოვიდნენ.
      -გაიცანით, ჩემი თანარაიონელები არიან: გურამ გოროზია და კოჩია ქარაია.
      ვაჟებმა თავი დაუკრეს. მარეხმა ორივე შეათვალიერა. გურამი სასიამოვნო გარეგნობის, საშუალო სიმაღლის, ქერა, ცისფერთვალება, ოდნავ კეხიანი ცხვირის მქონე ბიჭი იყო. კოჩია კი მაღალი, მხრებში ლაღად გაშლილი, საკმაოდ შავგვრემანი, შავი, ტალღოვანი თმებისა და საოცრად ლურჯი თვალების (რაც მის სახეს განსაკუთრებულ ხიბლს აძლევდა) მქონე ახალგაზრდა იყო .
      -კოჩია? ჰა, ჰა ჰა -გადაიკისკისა მან-ასეთ ლამაზ ბიჭს სახელი ვერ მოგიძებნეს?
      ჭაბუკი საოცრად გაწითლდა. ეს დარცხვენა შავგრემნობამაც ვერ დაფარა. გოგონებს დაემშვიდობა, გურამს ხელი გამოსდო და გაიყოლა.
      -რა მოურიდებელი ხარ, მარი- უსაყვედურა ლიამ
    - ეს ძველებური, მეგრული სახელია, მას კი ბაბუას საპატივცემულოდ ჰქვია. წელს მოეწყო ბიოლოგიურზე, საოცრად ჭკვიანი, განათლებული ვაჟია. დედა ავადმყოფი ყავს, მამა ადრე გარდაცვლილა. თვითონ მეცხრე კლასიდან საღამოზე გადავიდა, თან სწავლობდა, თან მუშაობდა. უმცროს დებს მამობა გაუწია. ახლა სურვილიც შეისრულა და სტუდენტი გახდა. გურამიც კარგი ბიჭია, შეძლებული ოჯახის შვილი. ის საინჟინრო-ეკონომიურზე სწავლობს. ბიჭები თანაკლასელები არიან.
    -თავი ვერ შევიკავე. ასეთი კარგი ბიჭი და ასეთი სახელი?- ისევ გაეცინა მარეხს- თუ ეწყინა, ბოდიშს მოვუხდი.
                                ...........................................................................................................................
      მერე რამოდენიმეჯერ შემთხვევით შეხვდა კოჩიას. მის დანახვაზე ყოველთვის ეშმაკურად ჩაიცინებდა, ვაჟი კი წითლდებოდა და უხერხულ სალამს აძლევდა მხოლოდ.
      ლიამ რამოდენიმეჯერ უთხრა:
      -კოჩიას ძალიან მოსწონხარ და შენთან შეხვედრა უნდაო- მაგრამ ყოველთვის ხუმრობაში გაუტარა ნათქვამი.
    ორჯერ, საახალწლოდ და სარვამარტოდ ყვავილები და შოკოლადების ძვირფასი ნაკრები მოუტანა ლიამ, -კოჩიამ გამოგიგზავნაო–თვითონ ვაჟს არანაირი ნაბიჯი არ გადმოუდგამს დასაახლოებლად. შეხვედრისას ისევ უხერხულად აიწურებოდა, მიესალმებოდა და ეგრევე წითლდებოდა.
      ნანოსა და გურამის გაცნობა კი იღბლიანი გამოდგა. ხშირად ხვდებოდნენ,სეირნობდნენ და ეტყობოდათ, ეს ურთიერთობა ცოლ-ქმრობით დაგვირგვინდებოდა უცილობლად.
      მარეხის ცხოვრების დღეები საოცრად უზრუნველად და ლაღად მიდიოდნენ. დედ-მამას მასზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე. ჩიტის რძეს არ აკლებდნენ ქალიშვილს. ძმა ცალკე ცხოვრობდა ცოლ-შვილით. თუ მარეხი სახლში იყო ,ბინიდან დილიდან საღამომდე სიცილის, სიმღერისა და მუსიკის ხმა ისმოდა. მუსიკა ძალიან უყვარდა, ან თვითონ უკრავდა, ან ჩანაწერებს უსმენდა. სტუმრებიც გამოულევლად ჰყავდა. თაყვანისმცემლებიც არ აკლდა. ლამაზი გოგო იყო, მისი მხიარული, უშუალო ხასიათი და მშობლების მდგომარეობა იზიდავდა ბიჭებს. თვითონ ყველასთან ერთნაირად ეჭირა თავი. რატომღაც ვერავინ შეარხია მისი გულის მგრძნობიარე სიმები. ისე, კოჩიას ნახვა გამორჩევით სიამოვნებდა რატომღაც. მოსწონდა ვაჟის გარეგნობა და მოკრძალება. იცოდა, გამორჩეული სტუდენტი იყო ,რომ კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ ვაჟი ძალზე გაუბედავი იყო. მის გარშემო ტრიალს და თავის გამოჩენას კი არა, მისალმებისას თვალებსი შეხედვას ვერ ბედავდა ხოლმე. ნანო ხშირად ეუბნებოდა:“კოჩია შენზე გიჟდება, ასეთი სიყვარული არ მინახავსო“, მაგრამ მარეხი პასუხად მხოლოდ იღიმებოდა.
      მეხუთე კურსზე იყო, როცა ზვავივით დაატყდა უბედურება. მანქანის წართმევის მცდელობისას დედ-მამა მოუკლეს ყაჩაღებმა. ვერაფრით აღიქვა ეს საშინელება. ამ ამბვის გაგებისთანავე დაკარგა გრძნობა, მოასულიერეს, მაგრამ სამყაროდან გაითიშა თითქოს. უაზროდ იყურებოდა, ჩუმად იკვნეტდა ტუჩებს, ცრემლგამშრალი, მოშვებული იწვა და სულით-ხოცამდე შეძრწუნებული უსმენდა საზარელ ხმას:
    მოჰკლეს!!! მოჰკლეს!!! მოჰკლეს!!!
      იმ დღეების თითქმის არაფერი ახსოვს. უაზროდ, სრულიად გამოფიტული იჯდა მშობლების ცხედრებთან . მხოლოდ მაშინ იყვირა პირველად, როცა კუბოთა ფიცრებზე გოროხები აბრაგუნდნენ. ვერაფრით დააწყნარეს. იმ დღეების მოგონება ახლაც არ შეეძლო. მერეც დიდხანს იყო ასე. იწვა ამ ქვეყნიდან გათიშული. ძმა და რძალი მასთან გადმოვიდნენ. არაფერი დაუკლიათ: არც მოფერება, არც გაწყრომა, არცმკურნალობა და როგორც იქნა ორი თვის შემდეგ დაუბრუნდა ყოველდღიურობას, მაგრამ საოცრად მოშვებული და ყველაფერზე ხელჩაქნეული.
      მხარში ამოუდგნენ მეგობრები, თანაკურსელები, ლექტორები. ყველა განიცდიდა საუკეთესო სტუდენტის ასეთ სახეცვლილებას. თითქოს სხვა დადიოდა მის მაგივრად ლექციებზე, სხვა ლაპარაკობდა მის მაგივრად იმ თითო-ოროლა სიტყვასაც კი, რასაც ამბობდა ხოლმე. თითქმის ვერავის ამჩნევდა გარშემო.
      უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრებაში ადრე მოპოვებულმა ავტორიტეტმა უშველა. შემდეგ იყო გიორგი ძია რომ გამოუჩნდა მხსნელად. მამის მეგობარში თითქოს მამის მაგიერი იპოვა და მამასავით მიენდო.
      სამუშაოს დაწყებამ  ნელ-ნელა გამოიყვანა მდგომარეობიდან. მაშინ მოუყვნენ ნანო და ლია, თუ როგორ განიცადა კოჩიამ მისი უბედურება. „საერთოდ არ მოშორებია შენს ძმას. შენი ამბის გასაგებად ყოველ დღე მოდიოდა, დიდხანს იდგა შენი ოთახის კართან, შიგ კი ერთხელაც არ შემოსულა. შენი მშობლების საფლავზეც  ხშირად ადიოდა თეთრი ვარდების თაიგულით, შენთან კი წითელი ვარდები მოჰქონდა, ამიტომაც იყო ყოველთვის ახალ-ახალი თაიგულები ლარნაკში“.
      უსმენდა და უკვირდა, რადგან მას არაფერი ახსოვდა.
(გაგრძელება იქნება)
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები