ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2009


ლოცვა-ლოცვით (მაჭახელა)

                მაჭახლის ხეობის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული შავშეთ-კლარჯეთის და მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიასთან.სწორედ ამ რეგიონში დაირწა ფეოდალური საქართველოს კულტურის აკვანი.მაჭახლის ხეობა ამ კულტურის აქტიური შემოქმედი იყო.ამიტომაც, დღემდე ამაყად ჟღერს სიტყვები:,,ეს პატარა ჩვენი მაჭახელი არის ცოცხალი ისტორია საქართველოსი."ეს სიტყვები ეკუთვნის აკაკი წერეთლის უფროს ძმას,სამხედრო პირს,დავით წერეთელს.
                ქართულ საიტორიო წყაროებში მაჭახლის ხეობა კარგად არის ცნობილი.იგი იწყება სოფელ მაჭახლისპირიდან,საიდანაც მდინარე მაჭახელა მდინარე ჭოროხს ერთვის,როგორც მისი მარჯვენა შენაკადი და აღწევს კარჩხლის მთის კალთებამდე.საგულისხმოა,რომ ამ გზის სტრატეგიულობა შორეულ წარსულშიც იყო ცნობილი.სწორედ მასზე გადიოდა უმოკლესი სახმელეთო გზა,რომელიც შავშეთს ქვის თაღოვანი ხიდების გავლით ზღვისპირეთთან აკავშირებდა....
                ხეობის მდიდარ ისტორიულ წარსულზე ნათლად მეტყველებენ მატერიალური კულტურის ძეგლები,კერძოდ,ციხეები,ქვის თაღიანი ხიდები,ეკლესია-მონასტერთა ნაშთები.გადმოცემებით,ხეობის ყველა სოფელში არსებულა ეკლესიები.შემორჩენილია ხალხური ხალხური გადმოცემები ეფრატისა და ხერთვისის ეკლესიებზე.ზაქარია ჭიჭინაძისთვის ეფრატელ მოხუცებს უამბნიათ,რომ აქაურები ამ ეკლესიას ,,მაჭახლის დედა ეკლესიას" ეძახდნენ.მისი ნაშთები მეცხრამმეტე საუკუნის ბოლომდე ყოფილა შემორჩენილი.დღესასწაულების დროს სათანადო რიტუალებსაც ასრულებდნენ.ეფრატის ეკლესიას ხალხი იმიტომაც ანიჭებდა უპირატესობას,რომ თამარ მეფეს აქ ყოფნის დროს იგი ძვირფასი განძეულობით შეუმკია და სასულიერო წოდებისათვის პარაკლისიც გადაუხდევინებია.გადმოცემა იმასაც გვაუწყებს,რომ თამარ მეფეს ძალიან ყვარებია კარჩხლის მთაზე სტუმრობა.მას ორი რეზიდენცია ჰქონია.ერთი კარჩხალზე,საიდანაც ხშირად ეწვეოდა თურმე ხეობის სოფლებს,მეორე სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში,სადაც საყდარი იდგა...
              დღეს აჭარაში და კერძოდ მაჭახლის ხეობაში ,,მაჭახლობის" სახალხო დღესასწაულია...

*********************************************************
ციკლიდან ,,მაჭახელა"

*********************************************************

,,მაჭახელავ",მუჭისხელა მიწა ძლივსღა გრგებია,
თუმც კი მასზე ბუმბერაზი,ვრცელი ,,კარჩხლის"მთებია,

,,კარჩხლის"მთებში გაბნეული თამარ მეფის ძვლებია,
ის გლოცავდა,როცა გულში ჯავრი ცეცხლად გნთებია.

,,მაჭახელავ",მთების იქით და მთებს აქით გაშლილო,
ანგრეულო ტაძრებო და საცხოვრისო აშლილო,

ხიდო,ზოგან ხელუხლებო,ზოგან კიდევ ჩაშლილო
და ფრესკებო მტარვალთ ხელით უსულგულოდ წაშლილო.

სად გეძიოთ სალოცავნო ,,ხერთვისის" და ,,ეფრატის"?
ღმერთმა უწყის,წაგვიშალეს არა ერთი ეტრატი

,,მაჭახელას" სიძველეზე,სიდიდეზე მოუბნე,
მაშ ვინ ვპოვო,ჩემს მიწას რომ თვალ-მარგალიტს მოუბნევს?

მაჭახელავ,ვინ გამოწრთობს ,,თოფხანას" და ,,ნალფარას"?
,,ქვაბისთავში"ვინ უმწყემსებს გზა არეულ ცხვრის ფარას?

ვინ აღადგენს ,,გვარისა" და ,,ჩხუტუნეთის" ციხეებს?
დაგვიბრუნებს თამარ მეფის კოშკის მეციხოვნეებს?

,,მაჭახელავ",საწნახელში,მარანსა თუ ჭურებში,
წისქვილებში,საძიძგველში,რკინის საწრთობ ქურებში

ისმის ,,მრავალჟამიერი" გულ-ღვიძლს ამოხეთქილი
და გრიალით იმ ხმათაგან ჭიუხთ ჩამოხეთქილი.

,,მაჭახელავ",მუჭისხელა ხევებს შორის გაჭრილო,
მესმის შენი მაჯისცემა ფენა-ფენა აჭრილო,

ნუღარ კვნესი სასიკვდილოდ გულში ლახვარ ცემულო,
ჩემო მიწავ,ოდითგანვე უსულგულოდ გვემულო.

,,მაჭახელავ",მინდა ვპოვო ,,კლარჯული" და ,,შავშური"
რომ დაგირგა და მტრის გული აგიშალო შავ შურით,

შემდეგ,ფერხით დაგივარდე,ჯამი ხელში ავწიო
და საზღვარი ,,კარჩხალს" იქით ლოცვა-ლოცვით გავწიო.

17.10.2007 წ.


(,,კლარჯული" და ,,შავშური"უძველესი ქართული ვაზის ჯიშებია,რომლითაც განთქმული ყოფილა ჩემი ხეობა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები