ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2008


სადაც არის ბედი შენი...

      მუშაობის დაწყების შემდეგაც რამდენჯერმე შეახსენა თავი კოჩიამ. ხან ღია ბარათი გამოუგზავნა, ხან მოკითხვა შემოუთვალა. ორჯერ კი მივლინებიდან დაბრუნებულს შავი ვარდების ისეთი თაიგული დაახვედრეს თანამშრომლებმა, რომ გაოცებისაგან ხმა ვერ ამოიღო. „კოჩია ქარაიამ მოგართვა და ძალზე შეწუხდა, რომ  ვერ გნახაო“.
      რაც არეულობა დაიწყო, მისგან არაფერი სმენია. „ალბათ მობეზრდა უპასუხო სიყვარული, ნახა სხვა, რომელმაც გულის კარი გაუღო. ალბათ შექმნა ოჯახი და იქნებ შვილიც ჰყავს“- ამის გაფიქრებაზე რაღაცამ გულში მწარედ უჩხვლიტა. დაფიქრდა. მისდა გასაოცრად აღმოაჩინა, რომ კოჩია სხვისთვის აღარ ემეტებოდა.
      „მერე? შენ რა, სოფელში გათხოვდები? მიატოვებ თბილისს? ჩაეფლობი ოჯახურ იდილიაში? გაეთიშები საზოგადოებას?“-ჩასძახა რაღაც ხმამ.
      „თუ საჭირო იქნა, ვიცხოვრებ. რაა, სოფელში განა განათლებული ხალხი არ ცხოვრობს? რატომ უნდა ჩავიკეტო? სამოქმედო ასპარეზს ყველგან ვიპოვი. მთავარია, გული გულობდეს.“
      „თავს ნუ იტყუებ, შენ თბილისს ვერ მოშორდები. სოფელში სული შეგეხუთება, ოჯახს გულს ვერ დაუდებ და...სიყვარულიც გაცივდება!!!“-არ უთმობდა ის ხმა.
      „არა, მე თავს არ ვიტყუებ. ნამდვილი სიყვარული ყველაფერში გამიგებს. ნუთუ ისეთი ქარაფშუტა ვარ, ოჯახს ვერ ავიტან, ან სულიერ საზრდოს სხვაგან ვერ ვიშოვი?“
      „მეეჭვება“-არ ეშვებოდა ის ხმა-„თუმც, კოჩია მაინც დაკარგულია შენთვის“.
      თავი გადააქნია, თითქოს იმ აბეზარი ხმის მოშორებას ცდილობდა.
      ისევ დაუბრუნდა მოგონებებს. თვალწინ კოჩიას სახე დაუდგა. მისი ვაჟკაცური იერი, ლურჯი თვალების საოცარი გამოხედვა. გაახსენდა, მიუხედავად შავგვრემნობისა, მორცხვობის სიწითლე უცებ რომ იჩენდა თავს მარეხთან შეხვედრისას.
      გაუღიმა თვალწინ მდგომ მოლანდებას და მტკიცედ გადაწყვიტა, აუცილებლად მოეძებნა კოჩია ნანოს დახმარებით.
      „ან იქნებ იმ ბაქარმა იცის რამე კოჩიაზე? მოგვარეები არიან, იქნებ მოკეთეებიც? დასავლეთში ყველა მოგვარე ნათესავებად ითვლება და...არა, სირცხვილია, უცხოს როგორ ვკითხო...ისევ ნანო. ნანო, ჩემო ნანო, რომ იცოდე, რა სიურპრიზს გიმზადებ...რა ხანია არ გვიჭორავია გულდაგულ. ეჰ, ვინ იფიქრებდა, ასე დავშორდებოდით. უჰ, რას მიზოზინობს ეს ავტობუსი? როდის ჩავაღწევთ?“
      ავტობუსი კი საკმაოდ სწრაფად კეცავდა გზას. ფიქრებში გართულ მარეხს ბაქარის სახელი ჩაესმა. მიაყურადა. მისი მეზობელი მანდილოსანი მეზობელ სავარძელში მჯდომს ელაპარაკებოდა:
      -ხედავ? რაიონსაც დაატყო ხელი. გვიანამდე მუშაობს. ყველა მომჩივანს უსმენს, შეძლებისდაგვარად ეხმარება. მეურნეობა ისეთი აწყობილი დატოვა, ახალმა თავმჯდომარემ არაფერიც რომ არ გააკეთოს, კარგა ხანს გაჭირვებას არ იგრძნობენ. კარგი იყო არ გადაეყვანათ, ან პირდაპირ უფროსად გაეშვათ.
      -ბოდიში, ქალბატონო. თქვენ ბაქარ ქარაიაზე საუბრობთ?
      -ჰო, შვილო, ჰო.
      -მაპატიეთ ცნობისმოყვარეობა, სად გადაიყავანეს?
      -სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილეა.
      -არ ვიცოდი...
      -თუ ძალიან ახლობელი არ ხართ, ვერ გაიგებდით, ერთი თვეც არაა რაც გადაიყვანეს.
      -ჰოო...გმადლობთ.
      -არაფრის,გენაცვალე. თქვენ ბაქარის ახლობელი ხართ?
      -არა, ნაცნობი-გაუღიმა და შებრუნდა ფანჯრისკენ.
      ისევ ფიქრებში გაერთო. უკვე აღარც თანამგზავრთა საუბარი ესმოდა. ჩათვლიმა.
      ბურანიდან მძღოლის ხმამ გამოარკვია.
    -მოვედით, ძვირფასებო, მოვედით. მთელი და უვნებელი-ომახიანად გასძახოდა ის სალონში მოფუსფუსე ხალხს.
    „უჰ, უკვე ექვსი ხდება. სად წავიდე ახლა? ამ დროს სამსახურში თბილისში ვერ იპოვი ვერავის, თორემ აქ...დავიჯერო, მართლა ასეთი ანგელოზია ის ბაქარი? მაინც გავივლი , თუ ვნახე, ვნახე, თუ არა, გავუტევ ნანოსთან. აი, ტაქსიც.“
      -სოფლის მეურნეობის სამმართველოში-ბოდიშის მოხდასავით უთხრა მძღოლს-იქ ავირბენ. თუ მოადგილე ვნახე ისაა, თუ არა და, წმინდა ნინოს ქუჩაზე წამიყვანეთ.
      -კი, ბატონო. მზად ვარ გემსახუროთ. რომელი მოადგილე გნებავთ?
      -პირველი. ბაქარ ქარაია.
      - ოო, შესანიშნავი ადამიანის სტუმარი ბრძანებულხართ. ბაქარი გვიანამდე რჩება სამსახურში. აი, მოვედიც კიდეც. მისი მანქანაც აგერ დგას. დაგელოდოთ?
      -თუ ასეა, მაშინ არა.  ინებეთ.
      -არაა საჭირო. ამ ორ ნაბიჯზე რა გამოგართვათ? თანაც ბაქარის სტუმარს? ჩაბრძანდით-გაუღიმა მძღოლმა.
      -ეს, როგორ?-შეცბუნდა მარეხი.
      -ჩვეულებრივ. თქვენ სამეგრელოში ხართ-ისევ გაუღიმა მძღოლმა, ხელი დაუქნია და მანქანა დასძრა.
      „ესეც, ასე! თბილისელო ქალბატონო, ხომ მიიღე პირველი დარტყმა? გესმის? სამეგრელოში ხარ!“
      ჩანთა მხარზე გადაიკიდა. ყოფილი მაღაზიის ვიტრინაში სასწაულებრივად შემორჩენილ მინაში თავისი გამოსახულება შეათვალიერა, თმა შეისწორა და შენობაში შევიდა.
      პირველ სართულზე ჩამიჩუმი არ ისმოდა.
      „ჰმ, როდის იყო ხელმძღვანელები ქვედა სართულზე ჩერდებოდნენ? პირველი მოადგილის კაბინეტი ალბათ მეორე სართულზეა, უფროსის-მესამეზე.“
      მართლაც, მეორე სართულზე, ერთ-ერთი ოთახის კარი ღია იყო და იქიდან საბეჭდი მანქანის კაკუნის ხმა ისმოდა.
      -შეიძლება? 
      -მობრძანდით-ლურჯი თვალები შეანათა გოგონამ.
      -მე ბატონი ბაქარი მინდოდა.“ჰმ, ბატონი! იქნებ ჩემზე უმცროსიცაა“.ახალგაზრდული გაზეთის კორესპოდენტი გახლავართ.
      -ახლავე მოვახსენებ. დაბრძანდით-გოგონამ ერთ-ერთ ღილაკს თითი დააჭირა- ბაქარ! ახალგაზრდული გაზეთის კორესპოდენტი გელოდება     
      -ათ წუთში თავისუფალი ვიქნები. ახლა კი, ბოდიში მოუხადე- გაისმა დიქტაფონში სასიამოვნო ხმა.
      -დაბრძანდით, დაელოდეთ.
      -გმადლობთ.
      გოგონამ ბოდიში მოუხადა, სასწრაფო საქმე მაქვსო და ბეჭდვა განაგრძო.
      მარეხმა რბილ დივანზე მოიკალათა და ისევ ფიქრებს მისცა თავი.
      „ისე, ეტყობა, მართლაც კარგი, მონდომებული მუშაკია. დარწმუნებული ვარ, უკვე არავინაა სამსახურში. თვითონ კარგი, მაგრამ მდივანი? იქნებ ნათესავია? ან მეზობელი? ჰო, ალბათ ასეა. თანაც , რა შინაურულად მიმართა. ალბათ , თვითონვე დაჰყავს მანქანით. ისე, რა ლამაზი გოგოა. ასეთ მდივანს ვინ დაიწუნებს? თან რა ლურჯი თვალები აქვს, (მაინც მეგრელთა უმრავლესობას ასეთი თვალები აქვს!) როგორი თბილი ღიმილი, კოჩიასავით...ისიც, რომ გაგიღიმებდა, გეგონებოდა, თბილ სხივებში გაგახვიაო. ვკითხო კოჩიაზე? არა, არა. მოვითმენ ნანოს ნახვამდე.“
      ფიქრი კარის გაღების ხმამ შეაწყვეტინა. კაბინეტიდან შაოსანი ქალი გამოვიდა.
      -თამუ, თხოვე კორესპოდენტს მობრძანდეს-გაისმა სასიამოვნო ბარიტონი.
      -მიბრძანდით-კვლავ გაუღიმა გოგონამ.
      -გმადლობთ-კარი შეაღო-შეიძლება?
      -მობრძანდით-ვაჟი ფეხზე წამოდგა და...გაშეშდა.
      -მარეხ?
      -კოჩია?!
      ისე დაიბნა, ვერაფერი მოახერხა. ყველაფერს იფიქრებდა  და კოჩიას თუ აქ ნახავდა, ვერა.
      -მარეხ!-უკვე სიხარულით, სინაზითა და სითბოთი გაიმეორა ვაჟმა და კარისაკენ დაიძრა.
      მარეხს თითქოს მოძრაობის კი არა, ფიქრის უნარიც დაეკარგა. ვაჟი სულ ახლოს მივიდა, მარეხს უკვე მისი გულის ძგერის ხმაც ესმოდა.
    -მარეხ!-უკვე ჩურჩულით გაიმეორა მან და ხელები გაუბედავად გაშალა.
      მარეხმა ერთი კი ახედა და მისი თვალებიდან გადმოღვრილმა სითბომ თითქოს არა თუ გაათბო, არამედ დასწვა, ამიტომ ვაჟის მკერდს მოწყვეტით მიენდო.
      -მარეხ! ჩემო მარეხ!-ჟრუანტელად დაუარა მთელ ტანში საოცარი ინტონაციით ნათქვამმა სიტყვებმა. გრძნობდა, ვაჟის გული ამოვარდნას ლამობდა, ხელები კი ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ იკრავდნენ გულში.
      "კოჩია? ბაქარი?!"-აეკვიატა ფიქრი.
      -მარეხ!-ჩურჩული და ცხელი ტუჩები ერთად იგრძნო ყვრიმალზე...
      მაგიდაზე კი სულმოუთქმელად წკრიალებდა ტელეფონი...
                                                                                1994

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები