ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
11 ივლისი, 2009


თავი 34. სადაც არის ბედი შენი... ("გაცვლა")

გავიდა კიდევ 2 დღე.
ტელეფონზე დარეკეს.
თეონამ ყურმილი აიღო და...
- გამარჯობა, თეონა... დათო ვარ! ბოდიში მინდა მოგიხადო! არ ვიცი, იმ დღეს რამ დამარტყა თავში... არ ვარ მე ცუდი ბიჭი და არ მინდა ასე ფიქრობდე.
- გამარჯობა, დათო... – ამოთქვა თეონამ მცირე პაუზის შემდეგ.
- თეონა, სურათები მაქვს შენი. შეგხვდები სადმე და გადმოგცემ. თან სადმე დავსხდეთ, შერიგების აღსანიშნავად.
- მაპატიე, დათო... ვერ გამოვალ. მთელი კვირაა ვწევარ, ავად ვიყავი და... მოდი, ისევ ჯაბას მიუტანე ეს სურათები... ის კი – მე გადმომცემს, კარგი?
- ხო, მაგრამ... მე ვიფიქრე  შევრიგდებით-მეთქი...
- ჩათვალე, რომ შევრიგდით!
- ვერც 2-3 დღის შემდეგ?...
- ვერა!... (პაუზა...) ხო, მართლა, ჩემი ტელეფონი ვინ მოგცა, ჯაბამ?
- არა... მანჩომ... ჯაბას მაგიდაზე უნახავს.
- გასაგებია!
- მოხვალ?
- არა!... მე ჯაბას ვეტყვი ამას!

2 დღის შემდეგ ჯაბამ სურათები მოუტანა თეონას, - “დათომ ბოდიში მომიხადა და ეს სურათები გამომატანაო”...

გაჩუმდა თეონა, ჯაბას აღარაფერი უთხრა დათოს ზარის შესახებ.... მის გაბრაზებას მოერიდა.


* * *

იანვრის შუა რიცხვებში თეონას მშობლები და თეონა დაბადების დღეზე დაპატიჟეს.

დილიდან თოვდა...
ფანტელები ისე ჩუმად მოფრინავდნენ, თითქოს ეშინოდათ, ვინმეს სიმშვიდე არ დავუფრთხოთო...

სტუმრად საღამოს 7 საათისთვის მივიდნენ.
მასპინძელს ბევრი ხალხი ჰყავდა  მოწვეული, - ანზორი, იუბილარი 50 წლის გახდა!
სტუმრებს შორის თეონამ დათო დალანდა, - ვიღაც გოგონას ელაპარაკებოდა.
არ ესიამოვნა მისი დანახვა.
“დათოს შიშით ხომ არ გავიქცევი აქედან? მამაჩემი და დედაჩემიც აქ არიან!... ჯანდაბა... რატომ მიგრძნობს გული ცუდს?... თავი ხელში აიყვანე, თეონა!”- შეუძახა საკუთარ თავს და სტუმრებს შეერია.

დათო, თითქოს ვერ ხედავდა თეონას, - ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. შემინულ ორანჟერეაში დასეირნობდა იმ გოგონასთან ერთად.
დიდი, ორსართულიანი, საკუთარი სახლი იყო და საკმაოდ დიდი ფართობი ჰქონდა საიმისოდ, რომ სტუმრები ცხვირით არ დატაკებოდნენ ერთმანეთს.
თეონა სრულიად დამშვიდდა, როცა დარწმუნდა, რომ დათო და თვითონ – შემთხვევით აღმოჩნდნენ ერთსა და იმავე დაბადების დღეზე.

თეონა ფანჯარასთან მივიდა და იქიდან ადევნებდა თვალს ულამაზეს ბაღს, რომელიც თვალდათვალ იფარებოდა თოვლის ფენით.
მალე სტუმრები მაგიდასთან მიიწვიეს.
დათომ ის გოგონა ხელკავით შემოიყვანა ოთახში და უცებ...
- ვაა, ამას ვის ვხედავ?! გამარჯობა! – დათომ უცერემონიოდ გადაკოცნა თეონა, თითქოს დიდი ხნის და, თანაც, გულითადი ნაცნობი ყოფილიყოს, - გაიცანით: თეონა,  მარიკა...
- სასიამოვნოა... – თითქმის ერთდროულად თქვეს გოგონებმა.
- ვისთან ერთად ხარ, თეონა?
- მშობლებთან...
- მოდი, ჩვენთან დაჯექი... რა გინდა უფროსებთან?
- კარგი, ვეტყვი მხოლოდ...

თეონა იქვე მდგარ მამასთან მივიდა და ჩუმად უთხრა:
- მამა, იმ დღეს ჩემი მოტაცება რომ დააპირა, ეს ის ბიჭია! გთხოვ, ჩემთან ახლოს დასხედით, რა?
- კი, მამიკო... შენ ნუ გეშინია! მაგას კიდე, ყბას მოვუნგრევ! გაბედოს და ხმა გაგცეს...
- არა, პირიქით... მის გვერდით მიწევს დაჯდომა და...
- შენს წინ დავჯდები... – ამოიოხრა გიზომ და მიმავალ თეონას გააყოლა თვალი.

საკმაოდ გრძელი სუფრა იყო გაშლილი.
სუფრას ერთი მხრიდან თეონა, დათო და მარიკა შემოუსხდნენ.
ზუსტად თეონას პირდაპირ დაჯდა გიზო და თინაც გვერდით მოისვა.
დათო თანაბარ ყურადღებას აქცევდა ორივე გოგონას და გიზოც დამშვიდდა.

გვიანობამდე ქეიფობდნენ.
2 საათი ხდებოდა, რომ აიშალნენ.
ცენტრალურ ქუჩამდე – ფეხით გამოვიდნენ და იქიდან კი – მანქანების გაჩერება დაიწყეს.
თეონა, დათო და მარიკა 4-5 ნაბიჯით წინ მიდიოდნენ, გიზოსა და თინასთან შედარებით და თან გულიანად იცინოდნენ. სადაც დაღმართი იყო, დათოს ხელკავით მიჰყავდა ორივე.

- გიზი, რა კარგი ბიჭია, არა?
- ვინ?
- აი, თეონას რომ მიჰყვება... დათო!...  ძალიან სიმპატიური ბიჭია! სიმპატიურიც კი არა, ლამის – ლამაზი!
- არ ვიცი... მე არ მომწონს ასეთი ტიპები!
- არ ხარ მართალი!... ნამდვილად არაფერი სჭირს დასაწუნი! ნეტა თეონა მოეწონებოდეს...
- გაჩუმდი, სირცხვილია, - კბილებს შორის გამოსცრა გიზომ.
- რა არის სირცხვილი, სასიძოდ რომ ადამიანი მომეწონოს?
- თეონას არაფერს ეკითხები?... აღარაფერი მითხრა... გაჩუმდი!



* * *

2-3 დღის შემდეგ დათომ დაურეკა, - “შენი რამდენიმე სურათი მაქვს კიდევ და დღეს უნივერსიტეტთან მოგიტანო”. ამაზე – ვეღარაფერი უთხრა თეონამ, დათანხმდა.

“დღეს კომიტეტის სხდომა გვაქვს და საღამოს 6 საათამდე კორპუსიდან ვერ გამოვალო”, - უთხრა.

18.30-მდე გაგრძელდა კომიტეტის სხდომა.
კორპუსიდან რომ გამოვიდა, უკვე საკმაოდ ბნელოდა. შემდეგ - ქარიც ამოვარდა და მიწაზე დაფენილი თოვლის გაყინული კრისტალები წვრილი ნემსებივით დაატრიალა ჰაერში. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა.

კიბესთან – მანქანა იდგა და ფარებს უნთებდა. მერე ძლივს გააღეს კარი და დათო გადმოვიდა მანქანიდან.
- წამო, დაჯექი, ჩაგიყვან...
- არ მინდა, დათო...
- ნუ სულელობ, სახლში წაგიყვან პირდაპირ...  ფუჰ, შენი, რა ამინდია... ძაღლს არ გააგდებენ გარეთ! წამო, წამო... – დათომ ხელით დაიჭირა თეონა, რომ “ქარს არ წაეღო”, წაიყვანა და წინა კარი გაუღო.
- უკან მაინც დავჯდები... – ძლივს ამოთქვა ქარით გაბერილმა თეონამ.
- უკან – ჩემი მეგობრები სხედან... არ დაგაბამ ღვედით, - გაეცინა დათოს, - დაჯე, დაჯე, ნუ გეშინია!

დასხდნენ თუ არა, დათომ “ბარდაჩოკიდან” გამოიღო თეონას 10-მდე სურათი და გადასცა.
- დაათვალიერე, აბა? მოგწონს?
- უი, მართლა კარგი სურათებია.
- გინდა, დანარჩენიც დაათვალიერო?
- მომე, აბა? – ესიამოვნა თეონას მანქანაში დატრიალებული სითბო. მყუდროდ მოეწყო.
- აჰა, გაერთე... – დათომ ერთი დიდი შეკვრა სურათები დაუწყო თეონას წინ და თავად – მანქანა დაქოქა.

მართლაც გაერთო სურათების თვალიერებით. თავი რომ ასწია, - კარგა შორს ჰქონდა მოტოვებული სახლიც და თავისი ქუჩაც.
- სად მივდივართ, დათო? – შეშფოთებით იკითხა თეონამ.
- სახლში.... ჩემს სახლში!...
- ეს რა მიქენი, დათო? ახლავე დამაბრუნე უკან! – ანერვიულდა თეონა... – სულელი ვარ... როგორ გენდე?!
- რატომ ხარ სულელი? ისე, შენ რა გეგონა, როგორ მოხვდი იმ დაბადების დღეზე?
- შენ.... შენი მეშვეობით? – ხმა გაუწყდა თეონას.
- ანზორი – ბიძაჩემია! და სპეციალურად იყავი დაპატიჟებული!... ჩემებსაც ხომ უნდა ენახე, არა?
- გავგიჟდები!... – ისტერიული ხმით იყვირა თეონამ.
- მე უკვე გავგიჟდი!... ჯერ არავისთვის მითქვამს – “გამომყევი-მეთქი”... შენ – ჩემი ხარ, თეონა!  და 10 ჯაბა ერთად ვერ დაგიხსნის ჩემგან!
- არ მინდა არაფრის გაგონება! გააჩერე მანქანა! ჩემით წავალ!... – ცრემლები მოადგა თვალზე.

დათომ მანქანა გააჩერა. თეონამ კარი გამოაღო, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ქარი არ აძლევდა გადასვლის საშუალებას!
- ვერ გადავდივარ... – თეონას ცრემლები გადმოსცვივდა.
- ვახო... –დათომ თავის მეგობარს რაღაც ანიშნა თვალით.

ვახომ ღრმად ამოისუნთქა და...
მანქანაში გაისმა საოცრად რბილი, ხავერდოვანი, მონოტონური ხმა:
- თეონა, შენ გინდა აქ დარჩენა... შენ თვითონ ჩაჯექი მანქანაში... შენ დათოს სახლში მიყვები... შენ დათოს ცოლი გინდა რომ გახდე... შენ გიყვარს დათო...
- არა... – თქვა თეონამ და მიხვდა, რომ სადღაც, უფსკრულში ჩავარდა... შემდეგ ღონე მოიკრიბა და... ამოფრინდა იმ უფსკრულიდან, მაგრამ საკუთარ სხეულს ვეღარ აგნებდა...
- შენ გინდა აქ დარჩენა... შენ თვითონ ჩაჯექი მანქანაში... შენ დათოს სახლში მიყვები... შენ დათოს ცოლი გინდა რომ გახდე... შენ გიყვარს დათო... შენ გინდა აქ დარჩენა... შენ თვითონ ჩაჯექი მანქანაში... შენ დათოს სახლში მიყვები... შენ დათოს ცოლი გინდა რომ გახდე... შენ გიყვარს დათო...  – იმეორებდა მონოტონური ხმა, - მე ახლა ხუთიდან ერთამდე დავითვლი. შენ თვალებს გაახელ და დათოს გაყვები... ხუთი...

თეონა აწრიალდა, რამდენჯერმე შემოუფრინა საკუთარ სხეულს...
- ოთხი...
ყიფლიბანდს დაუწყო ძებნა...
- სამი...
ყიფლიბანდი იპოვა და შესვლა დაიწყო....
- ორი...
სრულად შევიდა სხეულში...
- ერთი...
თეონამ თვალი გაახილა და უცნაურად მიმოიხედა..

- დათო, წამიყვანე სახლში! – საბრალო თვალებით შეხედა თეონამ და ისევ ცრემლები წამოუვიდა!

და უცებ თეონამ სადღაც, ჰაერიდან გაიგო ხმა: “ნუ გეშინია, მე შენთან ვარ”.
ვერ გეტყოდათ თეონა, ვისი იყო, მაგრამ ძალიან ნაცნობი და ტკივილამდე ახლობელი იყო ეს ხმა!
- შენ დათოსთან წახვალ სახლში! – კიდევ ერთხელ თქვა ვახომ და... თეონა სასიამოვნო ბურუსში ჩაიძირა.
- წავედით, დათო... ეს კარგა ხანს ვერ მოვა გონზე....
- ბიჭო, ჭკუაზე ხომ არ გადაცდება?
- არა, ნუ გეშინია!... ხვალ დილამდე იქნება ასეთ ნახევრადმთვლემარე მდგომარეობაში.

დათომ ხელებზე გადაწვენილი შეიყვანა სახლში თეონა და საძინებლის საწოლზე დააწვინა. ნახევრადმთვლემარე მდგომარეობა – ღრმა ძილში გადაეზარდა თეონას.

სახლში – მარტონი იყვნენ.
ხელის შემშლელი – არავინ ჰყავდა დათოს. სრული თავისუფლება შეეძლო მიეცა თავისთვის, მაგრამ... ნურას უკაცრავად, - მისი მამაკაცური საწყისი აშკარად თეონას მხარეს იყო!

“რა ჯანდაბა დამემართა? რა მჭირს?... თავი ვერაფრით ვაიძულე, თეონას ხელი დავაკარო!.. ვააახ, რა დღეში ვარ, ეეე?! ამ ჩემისას მაინც რა ჯანდაბა დაემართა?” – დათო გაოგნებული დაჰყურებდა თავის მშვიდად მძინარ სიამაყეს!

დაღამდა.
თეონას ისევ მშვიდად ეძინა.
დათომ ტანთ გაიხადა და გვერდით მიუწვა თეონას. ალბათ იფიქრა, საოცნებო ქალის სიახლოვეს სასწაული მოხდებაო, მაგრამ... ვერა!

დილას უთენია გაეღვიძა თეონას.
ვიღაცის ხელს საწოლზე მიეჯაჭვა თეონა. დახედა და... შიშით კინაღამ გული წაუვიდა, - მის გვერდით დათო იწვა!

თავის გამოთავისუფლება სცადა.
დათომ თვალი გაახილა და რაღაც უმწეოდ გაუღიმა.
- ეს რა მიქენი, დათო? რატომ დამღუპე?! – ამოიჩურჩულა თეონამ და გულამოსკვნით ატირდა.
- თეონა, არ იტირო, რა, გემუდარები, არ იტირო!  რა ჩემი ბრალია, დანახვისთანავე სიგიჟემდე შემიყვარდი! არ გაგიშვებ! ჩემთან უნდა დარჩე!... ჩემი ხარ! – და დათოსაც ცრემლები გადმოსცვივდა.

დათოს ცრემლებს არ ელოდა თეონა. გაცილებით ადვილი იქნებოდა მისთვის, დათოს ეჩხუბა, ან თუნდაც ოდნავ ხმამაღლა ეთქვა რამე, - მაშინ არ გაუჭირდებოდა დაუფიქრებლად და დაუყოვნებლივ წასლა მისგან, მაგრამ ამ თვალცრემლიანი და ტუჩებაკანკალებული ბიჭის დანახვაზე სიბრალულის გრძნობამ იჩინა თავი.
- რა გატირებს? შენ რაღა გატირებს?.... სახლში დამაბრუნე! გთხოვ!...
- ვერა, თეონა! ვერ დაგაბრუნებ! ხვალამდე მაინც... და მერე ერთად მივალთ თქვენებთან და ერთადვე დავბრუნდებით ჩვენს სახლში! მე შენ მიყვარხარ! – დათოს იმედი ჰქონდა, რომ დღევანდელ დღეს ან ღამეს მაინც მოხდებოდა მოსახდენი... თეონას ხომ მაინც სჯეროდა, რომ დათო უკვე ქმარი იყო მისი?!
- მე არ მიყვარხარ, დათო... მე ჯაბა მიყვარს! შენ ეს იცოდი!  ხომ ვერ მეტყვი, “არაფერი ვიცოდიო”, არა?
- კი, ვიცოდი!... მაგრამ ჯაბას თუ უყვარდი, თეონა? ორი წელია იცნობ და... ვერ გხედავს, რა გოგო ხარ? არ დაფიქრებულა, რომ სხვას შეეძლო შენი წართმევა?
- არა... ჩემი იმედი ჰქონდა!
- შენი იმედი, შეიძლება, ჰქონდა კიდეც... მაგრამ სხვასაც აუხვევდა თვალებს? იმ სხვებს აუკრძალავდა შენს სიყვარულს? ვერც ამიკრძალავდა და ვერც წინ გადამეღობება! შენ ჩემი ხარ!
- შენ... და ჯაბა...  მე აღარაფერს მეკითხები? მინდა თუ არა შენთან დარჩენა, არ მეკითხები?
- არა... არ გეკითხები... – დათომ ხელი ასწია და ფრთხილად დაადო შიშველ მხარზე.

თეონამ საბანი მჭიდროდ შემოიკრა, დათოსკენ ზურგით შებრუნდა და ისე დაჯდა.
ბედს შეეგუა?
არა... მაგრამ... რომ ვერც გამოსავალს პოულობდა? თვალები დახუჭა და ზღვისფერ თვალებში ჩაგუბებული ცრემლები გამოწურა.
- რა ლამაზი ხარ, თეონა! – დათომ მის ზურგს ჩააყოლა ხელი.

ვერხვის ფოთოლივით ათრთოლდა თეონა.
არ ჩერდებოდა დათოს ხელები, - ფრთხილად ეხებოდნენ თეონას ზურგის აბრეშუმივით სრიალა კანს.

თეონამ მხრის მოძრაობით მოიცილა დათოს ხელები და საწოლის საზურგეს მიეყრდნო.
დათომ ახლა ყელზე შემოაჭდო ცალი ხელი, მეორეთი კი ფრთხილად გამოანთავისუფლა საბანი თეონას ტყვეობიდან. საბანი დაბლა ჩაცურდა და წელსზევით შიშველი თეონა მთელი მისი სიმშვენიერით წარსდგა დათოს წინაშე.
- მმმმმმ, - ამოიგმინა დათომ და თეონას ცალი ძუძუ მუჭში მოიმწყვდია.
- მმმმმმ, - ამოიკვნესა თეონამ... და ტუჩები მოიკვნიტა.

დათომ ყელიდან სახისკენ აასარიალა ხელი, თეონას თმაში შეუცურა, სახე მისკენ მოატრიალა და ბაგეზე დაეკონა.

თუ 1978 წლის 14 აპრილს კაკო ლეჟავას კოცნას არ ჩავთლით, ეს იყო თეონას პირველი სერიოზული კოცნა.
თეონამ თვალები გაახილა და... ძალიან ახლოს დაინახა დათოს ცისფერი თვალები.
შეშინებულმა ჰკრა ხელი და დათო თავიდან მოიშორა.
- რა მოხდა, თეონა? – დაიბნა დათო, რადგან ეგონა, ესაა და თეონა ჩემს ნებას დაჰყვაო...
- შენ... შენ ცისფერი თვალები გაქვს!...
- ხო, რა მოხდა მერე? სულ ასე მაქვს, დაბადებიდან...
- მე მუქი ყავისფერი მახსოვდა!... – აშკარად დაბნეული ხმით თქვა თეონამ.
- ეს ცვლის რამეს?
- არა, არაფერს... და თმაც... შავი არ გაქვს... მუქი წაბლისფერია...
- თეონა, ისე მიყურებ, თითქოს პირველად მხედავ!
- იქნებ გხედავ კიდეც პირველად? აქამდე – არ მაინტერესებდი...
- ახლა? ახლა გაინტერესებ? მითხარი, ცოტათი მაინც გაინტერესებ?
- დათო... ის მაინც ხომ უნდა ვიცოდე, რა ფერის თმა და თვალი აქვს ბიჭს, რომლის ლოგინშიც აღმოვჩნდი ბედის თუ უბედობის გამო? ისე, გვარიც რომ ვიცოდე შენი, არ იქნება ურიგო!
- დიდია ვარ... 27 წლის. ინჟინერი... მყავს დედა და 3 და... მამა გარდამეცვალა...
- დათო, ტანსაცმელი მომეცი, გთხოვ...
- არა, ჯერ ვერა! ჯერ... – დათომ ისევ თეონას ტუჩებისკენ გაიწია და საბანი ბოლომდე გადახადა.
- არა... არა-მეთქი!... – თეონამ მთელი ძალით ჰკრა ხელი დათოს და საბანი წაიფარა ისევ.

დათოს თვალები აემღვრა. მისი გონება ახლა აღარაფერზე ფიქრობდა, თუ არა თეონას დაუფლებაზე... და უცებ...
- აააააააა! – დაჭრილი მხეცივით იღრიალა დათომ, - ისევ უმტყუნა მისმა “ღირსებამ”.
- ტანსაცმელი მომეცი... – ვერცხლის ზანზალაკების წკრიალი გაისმა თეონას ხმაში.
- თეონაააა! – ღრიალებდა დათო და მუშტებს ურტყამდა საბანს!

თეონამ საბანი შემოიხვია, საწოლიდან გადავიდა და დათოს მოხედა.
- სადაა ჩემი ტანსაცმელი?
- არ წახვიდე, თეონაააა! შენ... შენ ჩემი ხარ! მიყვარხარ, თეეეეე!... – დათომ თავი ასწია და თეონას ჩამუქებულ თვალებში რაღაც ისეთი დაინახა, რომ ტანში გააცია! გეკითხათ, რა ნახე ამისთანაო? – ვერაფერს გეტყოდათ, მაგრამ... ძალიან კი შეშინდა!

თეონამ მეორე ოთახში ნახა სკამზე მიფენილი მისი ტანსაცმელი. სწრაფად ჩაიცვა და ისევ ოთახში დაბრუნდა.

- ადექი, ჩაიცვი და გამომყევი... მე მარტო ვერ დავბრუნდები სახლში!
- თეონა... 2 წუთი მინდა მხოლოდ!... - თვალები გაუბრწყინდა დათოს, ფეხზე წამოხტა და შარვლის ამოცმა დაიწყო.

თეონამ მხოლოდ ახლა შეხედა დათოს “მუშტრის თვალით”...
საკმაოდ სიმპათიური, მაღალი ბიჭი მუქი წაბლისფერი მოგრძო თმითა და დიდი ცისფერი თვალებით მუდარით შეჰყურებდა თეონას და ხმის ამოღებას ვეღარ ბედავდა.

თეონამ სახლის კარი გამოაღო და კიბეზე დაეშვა.
დათო უკან მიჰყვა.

- თეონა, რა უნდა უთხრა თქვენებს? – შიშჩამდგარი თვალებით იკითხა დათომ, როცა თეონას სახლს მიუახლოვდნენ.
- ჯერ არ ვიცი... ვნახოთ...

კიბეზე ასვლის დროს თეონა რამდენჯერმე გაჩერდა. დათოს მოხედავდა-ხოლმე და რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდა.

კარი მამამ გაუღო.
- თეეე, სად იყავი, თეეეე! – ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა გიზომ, როცა მისი ქალიშვილის უკან დათოს მოჰკრა თვალი.
- მამა, მე გავთხოვდი... ეს ჩემი ქმარია!... – თქვა თეონამ და... მხოლოდ მამამ დაინახა მისი თვალის უპეებში მიმალული ცრემლები.
- ეს რა მიქენი, თეონა!... ეს რა მიქენი... - და ახლა თეონამ დალანდა ცრემლები მამის თვალებში.
- გამარჯობათ... მე დათო მქვია... ბატონო გიზო, ქალბატონო თინა, არ ვარ მე ცუდი ბიჭი... მე დაგიმტკიცებთ ამას... მთავარია, თქვენ ნუ მკრავთ ხელს...
- ხელი რატომ უნდა გკრა, შვილო? კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში... – თინამ დათოსკენ გაიწია, გადაკოცნა და ხელკავით შეიყვანა ოთახში.



(გაგრძელება ისევ იქნება)




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები