ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2009


თავი 35. ქორწილი ("გაცვლა")

თეონას გადაწყვეტილება ურყევი იყო: ხვალ ისინი შეიტანდნენ განცხადებას და ქორწილამდე – თეონა საკუთარ სახლში დარჩებოდა და დათო – თავის სახლში დაბრუნდებოდა!

- რატომ, თეე? ხომ თქვი ჩემზე, “ჩემი ქმარიაო”? – სულ ამაოდ ცდილობდა დათო თეონას დაყოლებას.
- ასეა საჭირო, დათო!
- მერე რომ აღარ გამომყვე? – ძლივს გადაყლაპა ნერწყვი... კინაღამ დაიხრჩო.
- ნუ, მაშინ გამოვა, რომ აღარ მოგყვები, მაგრამ... შენ მე ყველა გზა მომიჭერი, დათო! ახლა აღარაფერს აქვს აზრი, აღარც უარს, აღარც წინააღმდეგობის გაწევას... მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ... ახლა გვიანია ამაზე ფიქრი... წადი, გთხოვ... ძალიან დავიღალე!

ნაცემი ძაღლივით წამოვიდა დათო თეონასგან.
სახლში წასვლა არ უნდოდა.
“თუ გაიგო თეონამ, რომ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, ნაღდად აღარ გამომყვება! არა და, როდემდე დავმალავ? როცა იქნება, არ მეტყვის, “ეს როგორ დამიმალე და რატომ მომატყუეო”... ისე, რა ჯანდაბა დამემართა, აა? ნონასთან რომ არაფერი მჭირს? პირიქით, მეხვეწება-ხოლმე, “დავიღალე, თავი დამანებეო”... მაშინდელი და მანქანის გათიშვისა არ იყოს, რაღაც ძალა აქვს ამ გოგოს და ვერ ვხვდები!... ქსანში მანქანის ხელოსანი გაგიჟდა, “ამ მანქანას არაფერი სჭირს, საათივით მუშაობსო”... ვააახ... რა დღეში ვარ.... აი, ხე რომ გაიდგამს ფესვებს, ისე გაიდგა თეონას სიყვარულმა ჩემს გულში ფესვები! ერთი დანახვით გამაგიჟა, გადამრია... ყველა და ყველაფერი დამავიწყა!”.....

ზარი დარეკა კარებზე....
და უცებ შეკრთა: აქ რამ მოიყვანა? რა უნდოდა ნონასთან?

კარი გაიღო.
- ვაა, ამას ვის ვხედავ?! დიდი ხანია აღარ გამოჩენილხარ! მეგონა სულ დამივიწყე... – ნონა კისერზე ჩამოეკიდა დათოს და მონატრებულმა აკოცა.
- მაცადე, ნონა... აქ არ მოვდიოდი... ფეხებმა თავად მომიყვანეს...
- რას იზამ, ჩემო დათო, თუ ფეხები უფრო ჭკვიანი გაქვს, ვიდრე თავი?!
- კარგი, ხოოო, ნუ დამახრჩვე!

ნონასთან თავისუფლად გრძნობდა თავს. ყავა მოახარშინა. კონიაკიც მოითხოვა და 2-3 ჭიქა დალია.
ნონა – გვერდით მიუცუცქდა, მის კალთაში ჩადო თავი. თან ფეხზე ეფერებოდა....
მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა... ყოველგვარი ძალდატანებისა და დაბრკოლებათა გადალახვის გარეშე.

დათოს საკუთარ თავში რწმენა გაუძლიერდა... გადაწყვიტა, რომ მისი წუხანდელი სისუსტე რაღაც უაზრობის ბრალი იყო... რომ თეონასთანაც ყველაფერი კარგად იქნებოდა...

- დათოოოო, გახსოვს რას მპირდებოდი? ცოლად რომ მოგიყვან, არავის ეცოდინება, ჩვენს შორის რაღაც რომ უკვე მოხდა და თეთრი კაბით დაგსვამ საქორწილო სუფრასთან, მხოლოდ მანამდე ბავშვს ნუ აიყოლებოოო?
- რამ გაგახსენა ახლა ეს?
- და როდის დამავიწყდა, როო? სულ ველოდები შენგან ამის გაგონებას და... შენ არაფერს ამბობ... აგერ უკვე მთელი წელია!
- ნონა, გეყოფა ზეცაში ფრენა!
- მე დავფრინავ?... (პაუზა...) ხო, რა ვიცი, იქნებ დავფრინავ კიდეც?
- ხოდა, დაბლა დაეშვი!
- რატომ? – ცუდად ენიშნა ეს სიტყვები. წამოჯდა და თვალებში ჩახედა.
- იმიტომ, რომ ცოლი მომყავს!
- მატყუებ... – ნონას ხმა გაუწყდა და ცრემლით აევსო თვალები.
- არ გატყუებ... ქორწილი ერთ თვეში მექნება! - დათომ თვალი აარიდა ნონას ცრემლიან თვალებს.
- არ მჯერა, დათო!... შენ... შენ ვერ მომექცევი ასე! – ცრემლებმა საგუბარი გამოარღვიეს და წვრილ ნაკადულებად დაეშვნენ ლოყებზე.
- მე? ვითომ რატომ? არ მინდა ქვეყნის ნათრევი ქალი! – და უცებ რაღაც ძალიან მწარედ აეწვა ლოყა, - ნონას ხუთივე თითი სახეზე დაემჩნა დათოს!.,
- მე შენს მეტი არავინ მყოლია! არასოდეს!... მაგრამ მეტის ღირსი ვარ, შენნაირ უვარგისს რომ ჩავუწექი ლოგინში! წადი აქედან, დათო! წადი და ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს აქ მოსული!
- კარგი, ხო...
- კარგიო?... წადი, მომცილდი!... – ნონა საწოლიდან წამოხტა და დათოს მისი ტანსაცმელი მიაყარა ცხვირ-პირში.

დათომ შეხედა და...
დედიშობილა სრულქმნილი სილამაზე იდგა მის წინაშე.
ნონას წელამდე სცემდა ყორნისფერი ტალღოვანი თმა. შუბლზე ჩამოყრილი “ჩოლკის” ქვემოდან დიდი ლურჯი თვალები იყურებოდნენ. ხელოვანის საჭრეთელს თითქოს თეთრი მარმარილოსაგან გამოეკვეთა უზადო სხეულის ყოველი მოხაზულობა...
და მიუხედავად იმისა, რომ ნონა ხელით ანიშნებდა კარისკენ, დათომ ინტუიციით იგრძნო, რომ ნონას სხეულის ყოველი უჯრედი საალერსოდ იწვევდა მას.
ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა და ვნებამორეული ქალი ლოგინისკენ წაიყვანა ატატებული.

ცეცხლი შემოენთო ნონას. გიჟივით კოცნიდა და ეხვეოდა საყვარელ მამაკაცს... და როცა ორი სხეული გაერთსხეულდა ცეცხლოვან ცეკვაში, ნონამ ისეთი ძალით შემოუჭირა ფეხები დათოს, რომ მან მისდაუნებურად იყვირა:
- ნონა, მეტკინა, შე გიჟო!
- მე შენს თავს არავის დავუთმობ, დათო! შენ – ჩემი ხარ! მხოლოდ მე მეკუთვნი!...

“ოოხ, ნონააა, შენ რომ იცოდე, რა მართალს ამბობ ახლა!... და თეონა? ოოხ, თეონა, თეონა!... მე კაცი არ ვყოფილვარ, შენ თუ ჩემი მეუღლე არ გაგხადე!...”



* * *

მეორე დღეს დათომ თეონას გაუარა და ქორწინების სახლში დაუპირა წაყვანა.
თეონა მაღალი სიცხით დახვდა.
- რა დაემართა? – იკითხა შეწუხებულმა დათომ.
- არ ვიცი, დათო... წუხელვე მისცა სიცხე. 40-ზე მეტი ჰქონდა... მოიცა, ახლაც გავუზომავ! – თეონას თერმომეტრი ჩაუდო დედამისმა და იქვე გაჩერდა, - ძალიან ცუდად იყო წუხელ... ლამის გონს კარგავდა და კრთებოდა... ეს ნერვიული სინდრომია... ინერვიულა რამეზე?
- კი, მშობლები ინერვიულებენო... – თვალიც არ დაუხამხამებია, ისე იცრუა დათომ.
- რა ძალა ედგა? რა სჭირდა გასაპარავი? ან რა “გაპარვა” ჰქვია ამას? მეორე დილასვე სახლში იყო!
- თქვა რამე?
- არა, შენი წასვლის შემდეგ სხვა არაფერი უთქვამს... აი, 40,2 აქვს... ყველაფერში ასეთი იყო, უნორმო!...

თინა და დათო ოთახიდან გამოვიდნენ და დივანზე ჩამოსხდნენ.
- ჩემი წასვლის შემდეგ რა მოხდა? – ვითომ სხვათაშორის იკითხა დათომ.
- არაფერი, მეგობარს ელაპარაკა და... მერე მალევე მისცა სიცხე!
- ვინ მეგობარს? ჯაბას? – დათოს ისე გაუჭირდა ამ სახელის წარმოთქმა, თითქოს ახრჩობდა ვინმე ყელზე ხელის მოჭერით.
- იცნობ ჯაბას? ჰო, ჯაბას ელაპარაკა...
- და რაო, ჯაბამ? -
- არ ვიცი, შვილო... არ დამიგდია ყური!

ნინუცა გვერდითა ოთახიდან იყურებოდა და თვალს ადევნებდა დათოსა და დედამისს...
ძალიან უყვარდა ჯაბა... მისი გულშემატკივარი იყო და საოცრად არ მოსწონდა დათო. ამდენად ვერ აიტანა დათოს მიერ ჯაბას თუნდაც ხსენებაც კი და სასიძოს მიუბრუნდა:
- მე ვიცი, რაც უთხრეს ერთმანეთს ჯაბამ და თეონამ...
- რაო, ნინუცა, რა უთხრეს?
- რაო და...

ამ დროს თეონას ოთახიდან რაღაც ჩურჩულისმაგვარი ხმები მოისმა.
მაღალი სიცხის გამო თეონა ძილბურანში იყო და ეტყობა სიზმარში ელაპარაკებოდა ვიღაცას. ყური რომ დაუგდეს, სიტყვებიც გაარჩიეს:
“ჯაბა... ჯაბა... ნუ მკრავ ხელს! მე შენ მიყვარხარ... გესმის ჯაბა? მხოლოდ შენ მიყვარხარ... ძალით წამიყვანა დათომ... არ მიყვარს დათო... არა... არა... არ მინდა!... არ მინდაააააააააააააა!” – ბოლო წინადადება იყვირა თეონამ და საწოლში წამოჯდა.

ვერ გაარკვია, სად იყო... ან დათოს რა უნდოდა აქ, როცა, ამ წუთას, ჯაბას ელაპარაკებოდა!
თინას თვალები გაუფართოვდა მოულოდნელობისგან. მან ხომ ისე იცოდა, რომ თეონა თავად გაყვა დათოს? ეს რომ გიზომ გაიგოს, მოკლავს ამ უბედურს!

- დათო, გამარკვიე, რა ხდება! – მკაცრი ხმით თქვა თინამ და დათო თავის საძინებელში გაიყვანა, - მოიტაცე?
- ქალბატონო თინა, ამხელა სიცხისგან თეონა ბოდავდა ახლა! გუშინ თავად არ თქვა, “გავთხოვდი და ეს ჩემი ქმარიაო?” რა ეტყობოდა მონატაცების?
- ხო, მაგრამ... შენ არ იცნობ თეონას, დათო!...
- მაგრამ, ხომ არც მე მიცნობთ? არ ვარ მე ცუდი ბიჭი!... დედა, დამეხმარე! – ისეთი თვალებით შეხედა თინას, რომ მას გული მოეწურა.
- მე ვერაფერს დაგპირდები, დათო! თუ თეონამ უარი თქვა შენზე, მე ვერ ვაიძულებ მას!
- კარგით!...  მაგრამ თუ უარი არ თქვა? ხელს ხომ არ შემიშლით ამ ნაბოდვარის გამო?
- არა, არ შეგიშლი... გპირდები! მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თეონამ არ თქვა უარი....

დათო წავიდა.
ნინუცა თეონას ოთახში შევიდა და მოსასმენად მოემზადა, - ეგონა, თეონა სუუულ ყველაფერს იტყოდა იმ გუშინდელი დღის შესახებ!.
ნურას უკაცრავად...
თეონა გონს მოეგო და გაჩუმდა.

- თეე, დათოს შენით გაყევი? – ფრთხილად შეაპარა ნინუცამ.
- რატომ მეკითხები?
- ისე, მაინტერესებს...
- არა, ჩემით ნებით არ გავყოლილვარ...
- მოგიტაცა? – ნინუცას თვალები გაუფართოვდა.
- ხო, მომიტაცა...
- მერე?
- რა, “მერე”? ის ახლა ჩემი ქმარია და... რა მნიშვნელობა აქვს, ნებით წავყევი თუ ძალით წამიყვანა?
- ჯაბას რა პასუხს აძლევ?
- ნინ, რატომ იმას არ მეკითხები, ჯაბამ რა პასუხი გამცა?
- რა პასუხი გაგცა ჯაბამ?
- მე ვუთხარი, ძალით წამიყვანა-მეთქი და ასე მიპასუხა: “დათო მოტაცებას ერთხელ უკვე გიპირებდა და თუ არ გინდოდა, მეორედ რაღატომ ჩაუჯექიო? აქედან დასკვნა, - შენ თავად გინდოდა დათოს გაყოლოდი და მე რა შუაში ვარ აქო?”
- არ გეტყოდა მასე... – ნინუცას, თითქოს, ენა შეეზარდა სასაზე, ხმა ვეღარ ამოიღო...
- მასე მითხრა, ნინუცა, მასე... – თეონა ჩაემხო ბალიშში და მწარედ ატირდა.
- გინდა მე დავრეკო?
- და რას ეტყვი? არ მოუტაცებიათოოო? თუ ლოგინში არ ჩაუწვენიათოოოო?... რითი ვიმართლო თავიიიიი!.... – მოთქმით ტიროდა თეონა და ბალიშს ურტყამდა მუჭებს.
- კარგი, ხო... დამშვიდდი... მაგიტომ კი არ მითქვამს, თავი მოიკალი-მეთქი? არ უნდა ჯაბას და იყოს!... მშვენიერი ბიჭია დათოც...
- ააარ მიიიი-ყვააარს!....
- არაფერია, შეგიყვარდება! აბა რას უჯდებოდი მანქანაში?! ამაზე ადრე უნდა გეფიქრა!... თუ მიყვები დათოს, მამას არაფერი აგრძნობინო... თუ არა და... მოკლავს მაგ უბედურს!...


* * *

როგორც კი ფეხზე დადგა თეონა, მეორე დღესვე წავიდნენ ქორწინების სასახლეში განცხადების შესატანად.
ქორწილი – თებერვლის ბოლოს დანიშნეს.
ნინუცას თითქმის ყოველ ღამე ესმოდა თეონას ჩუმი ქვითინი, - სველ ბალიშზე იძინებდა სველი თვალებით...

ცრემლების მიზეზს ეკითხებოდნენ ოჯახში, - თეონა ხან რას იმიზეზებდა და ხან რას... და ყველა პასუხი – ერთმანეთზე უფრო სულელური იყო.

მოვიდა ქორწილის დღეც.
მანამდე თუ მთელი კვირა გადაუღებლად თოვდა, დილიდან თაკარა მზემ გამოაჭყიტა თოვლის ღრუბლებიდან! თოვლი თვალდათვალ დნებოდა.

შავი “ჩაიკით” მოაკითხა დათომ. ეს ყველაზე პრესტიჟული მანქანა იყო მაშინ.
თეთრ კაბაში გამოწყობილ თეონას დათო რომ ამოუდგა გვერდით, ყველას გაეღიმა: ძალიან ლამაზი წყვილი იყო, ვერაფერს იტყოდით!

ქორწინების სასახლეში 6-მდე წყვილი ირეოდა.
- სილამაზის კონკურსი რომ იმართებოდეს, ეს წყვილი აიღებდა I ადგილს, - ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა იქაურმა თანამშრომელმა, ხომ მართლა ლამაზია?
- ესენი – განსაკუთერებულები არიან... – დაემოწმა მეორე.

ხელის მოწერის შემდეგ – ქალაქში გასეირნება გადაწყვიტეს.
თეონას სურვილი – “მცხეთაში წავიდეთ და ჯვარსა და სვეტიცხოველს ვესტუმროთო”,  - უპასუხოდ დატოვეს.
- წამო, თელეთში ავიდეთ... – თქვა დათომ და მძღოლმაც თელეთისკენ აიღო გეზი.
- იქ რა გავაკეთოთ? – პროტესტი გამოთქვა თეონამ.
- რასაც ჯვარზე გააკეთებდი... დაათვალიერე.
- ჯვარზე – დასათვალიერებლად მიდიოდი? – თეონა სკამის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.

რაღაც უცნაური სუნი იგრძნო... დამწვარი რეზინის... თუ ზეთის...
მანქანა ჩაქრა, სალონში კი – ძრავიდან თეთრმა კვამლმა შემოაღწია.
კარის გაღება გადაწყვიტეს, - არცერთი კარი არ გაიღო.
თეონა ფანჯარას ეცა, - ვერც ფანჯარა ჩაწია.
ისტერიული ხველა აუტყდა თეონას. არც სხვები იყვნენ უკეთეს დღეში...

15 მანქანა გამწკრივდა მათ უკან და ელოდებოდნენ მათ ადგილიდან დაძვრას.
“ჩაიკის” დაბურულ ფანჯრებში არაფერი ჩანდა და ვერავინ მიხვდა, რატომ გაჩერდა მანქანა.
ნეფე-პატარძლის მანქანიდან კვამლმა გარეთ გამოაღწია. მათ უკან მდგარ მანქანაში მსხდომებმა მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, რაც ხდება იქ და მანქანას მიცვივდნენ.
ბედად – ერთი კარი გარედან გაიღო და ნეფე-პატარძალი და მათი მეჯვარეები ნახევრად გაგუდულები გადმოიყვანეს მანქანიდან.
ნეფე-პატარძალს – სხვა მანქანა გაუთავისუფლეს: თეთრ გაზ-31-ში ჩასვეს და ისე განაგრძეს სვლა.
- თავბრუ მეხვევა... დავბრუნდეთ, - რამდენჯერმე თქვა პატარძალმა, მაგრამ – უშედეგოდ.

თელეთში – ბორის ძნელაძის ძეგლი მოინახულეს.
ძეგლამდე – კიბეები უნდა აეარათ.
მომლხვალი თოვლი უხვად იდო გარეშემო.

ბორის ძნელაძის ძეგლთან ყვავილები დააწყვეს, მობრუნდნენ და ის იყო, ჩამოსასვლელად, კიბეზე დაადგეს ფეხი, რომ...
თეონას ფეხი აუსრიალდა, ბეჭებზე მოხურული დუბლიონკიდან გამოძვრა და კიბეზე დაგორდა.
კი არ დასრიალდა? – დაგორდა! ძლივს ააყენეს ფეხზე!
სულ რაღაც ერთ წუთში თეონას თოვლივით თეთრი კაბა ტალახში ამოიგანგლა.
- ხელი არ ახლოთ, ტალახს მშრალად ამოვფშვნითო, - დაიძახა ვიღაცამ სტუმრებიდან.
- მღვდელი ჭილობში იცნობაო... – არ ცხრებოდა ვიღაც მეორე...

ასეთი ტალახიანი კაბით დაჯდა თეონა საქორწილო სუფრასთან!
იმ ღამეს მატარებლით მიდიოდნენ დათოს მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში.
ერთი ვაგონი – სრულად ამათი იყო...

მაყრიონი ვაგონში იყო უკვე ასული. თეონა ფანჯარასთან იდგა და თბილისში დამრჩენებს ელაპარაკებოდა.
ერთ-ერთმა ბიძაშვილმა შამპანურის ბოთლს მოხადა თავი და... ბოთლს თავი მოწყდა.  გაზით გასროლილი ბოთლის თავი ჯერ მატარებლის კედელს მოხვდა და შემდეგ, რიკოშეტით,  თეონას მოხვდა ხელზე... სისხლმა იფეთქა თეონას ხელიდან.
ზუსტად იმ წამს მატარებლის ვაგონიდან ბაქანზე მდგომი პიროვნებისკენ გაექცა თვალი თეონას და შეჰკივლა, - ბაქანზე, სინათლის ბოძის გვერდით ჯაბა იდგა და მუშტებს ურტყამდა ამ ბოძს.

- რა მოხდა, თეონა? – მაშინვე მიიჭრა მასთან დათო. სისხლიანი ხელის დანახვაზე – ახლა მან იყვირა და თავისი ცხვირსახოცით შეუკრა ხელი.

დილის 8 საათზე უნდა ჩასულიყვნენ ზუგდიდში.
დღის 12 საათზე ჯერ ისევ მატარებელში ისხდნენ, - იმ ღამეს ლიანდაგი აეყარა ვიღაც დივერსანტს და მატარებელი წინ ვეღარ მიდიოდა.

დათოს სიძე – ფეხით გავიდა ტრასაზე და დაქირავებული ავტობუსი მოუყვანა მექორწილეთ.

მეგრული წესის მიხედვით ნეფე-პატარძალს საკუთარ ოჯახში მისვლის უფლება არა აქვს, ვიდრე ქორწილი არ დაიწყება. ამიტომ – თეონა დათოს დის სახლში მიიყვანეს.
კაბა – სხვა ეცვა თეონას და სტუმრების მოსვლამდე – იმ თეთრი საქორწილო კაბის გასუფთავება ითავეს.
გარეცხეს, გააშრეს, დააუთოვეს და...
თეონამ რომ ჩაიცვა, გრძელი კოჭებამდე კაბა ისე იყო დამოკლებული, ჰა და ჰა უფარავდა მუხლებს.

- კიდევ კარგი, სულ არ გაქრა ეს კაბა რეცხვაში!
- ამდენზე რატომ უნდა დამოკლებულიყო?
- რა ვიცი, აბა?...
- არაფერია, ლამაზი ფეხები აქვს თეონას და... გამოუჩნდეს ფეხები, რა მოხდა მერე?!...

ამასობაში საღამოს 7 საათიც მოვიდა და მაყრიონი დათოს სახლისკენ გაემგზავრა.
დედამთილი კიბეზე დახვდა ნეფე-პატარძალს და თეფში დაუდო.
დათომ და თეონამ ერთად დაჰკრეს ფეხი თეფშს. თეფშის ერთი ნატეხი ახტა და თეონას ფეხზე დაესო, თუმცა – არაღრმად.
დაიხარა თეონა, ნამსხვრევი ამოიძრო ფეხიდან... და სწორედ ამ დროს იქუხა თოფმა!
მეზობელს უნდოდა, მისი დათოს ქორწილი მთელ ქალაქს გაეგო და ამიტომ თოფის სროლა გადაწყვიტა.
ტყვიამ ზუსტად იქ გაიარა, სად წამის წინ თეონა იდგა, შემდეგ კიბის გვერდით მდგარ მსხლის ხეს მოხვდა და თეონას იმ ხის ხმელი ფოთლები გადმოაყარა თავზე.
- რა დავაშავე ასეთი?! რისთვის მსჯი, ღმერთო?! – ამოიკვნესა თეონამ და გული წაუვიდა.
- მიშველეთ, თეონა ცუდად გახდა, - იყვირა დათომ, თეონა ხელში აიტაცა და კიბეზე აარბენინა.

თეონას ნათესავებს შორის 3 იყო ექიმი, ამიტომ სასწრაფო დახმარება აღარ გამოიძახეს და საკუთარი ძალებით გამოიყვანეს თეონა მდგომარეობიდან.
- ხალხნო, ხომ ხედავთ, რომ არ უნდა ღმერთს ჩემი გათხოვება?! წამიყვანეთ სახლში!... – ცრემლებს შორის ამოიჩურჩულა თეონამ და უმწეოდ აქვითინდა.


(გაგრძელება, რა თქმა უნდა, იქნება!)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს