ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
17 ივლისი, 2009


უსიტყვო ტკივილი

          ჩვენი სკოლის წინ ერთი კაცი იჯდა ხოლმე.  იქნებოდა, დაახლოებით 60-65 წლის.  იჯდა და ჩაფიქრებული  ერთ წერტილს მიჩერებოდა.  საიდან მოვიდა და რატომ გაიხადა ეს ადგილი თავშესაფრად. ან ღამეს სად ათენებდა  არავინ იცოდა, დღისით  კი სულ სკოლის შესასვლელთან იჯდა.
          ყველა ერიდებოდა, არც არავინ გამოლაპარაკებია არასდროს. არც დახმარებიან (თუმცა მათხოვარი არ ყოფილა).  სულ მაინტერესებდა მისი წარმომავლობა, ვფიქრობდი, რომ ამ ნაღვლიანი თვალების იქით დიდი სევდა და საიდუმლო იმალებოდა,
        ერთხელ  ბავშვებს ცნობისმოყვარეობამ გვძლია და გადავწყვიტეთ მოხუცის შესახებ ყველაფერი გაგვეგო. 
        სამნი მივედით.
        - ბაბუა, თქვენ აქ ახლოს ცხოვრობთ?
      თავი ნელ-ნელა შემოაბრუნა, თვალი გამისწორა, მერე დაკვირვებით დაგვათვალიერა და მცირე პაუზის შემდეგ ერთი სიტყვა გვესროლა
        - დიახ.
        - თითქმის ყოველდღე აქ გხედავთ ხოლმე, იმიტომ ვიკითხე,  რომ მაინტერესებს,  ოჯახი არ გყავთ?
      ჩემმა ცნობისმოყვარეობამ გააღიმა და თავი გააქნია.
      - არა, არ მყავს.  ვატყობ, აქ ჩემი ამბის გასაგებად მოხვედით. უბრალოდ მიკვირს, რატომ დაინტერესდით?
      - უბრალოდ, ძალიან მაგონებთ ჩემს ბაბუას, ის ათი წლის წინ გარდაიცვალა, ამიტომ დამაინტერესა თქვენმა ისტორიამ, იქნებ მოგვითხოთ - მიუგო ჩემმა მეგობარმა
   
      კაცმა გვერდით დადებული მოსაცმელი მხრებზე მოიხურა, ხელებით მუხლებს დაეყრდნო და თხრობა დაიწყო:
      "ცხრა წლის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა, მამა მყავდა მხოლოდ, ის მზრდიდა. სკოლა რომ დავამთავრე, მერე უმაღლესში ჩავაბარე, კარგად ვსწავლობდი. სამსახურიც მალევე ვიშოვე, მოკლედ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მერე თამაში დავიწყე. კარტს ვთამაშობდი ხოლმე გვიანობამდე. ამაზე მამა სულ მსაყვედურობდა, მაგრამ არ ვუსმენდი.   
      ერთხელ შინ გვიან ღამით დავბრუნდი. მამამ მთხოვა მასთან ერთად  ერთი ჭიქა  დამელია, თანაც, რაღაც უნდა გითხრაო... გამიკვირდა, ღამის 2-3 საათზე სმის სურვილი რამ გაუჩინა-თქო. კარგი მსმელი ვიყავი, მაგრამ თამაშში არ გამიმართლა და ნერვები მქონდა მოშლილი,  თანაც ღამის გათენების ენერგია არ მქონდა. უარი ვუთხარი და დასაძინებლად წავედი.
      მეორე დღეს, წასვლამდე მის ოთახში შევიხედე. ეძინა.  კარები ფრთხილად გამოვიხურე და სამსახურში წავედი.

      საღამოს დამირეკეს და შემატყობინეს, რომ მამაჩემი გარდაიცვალა.
      მას შემდეგ ჩემი ცხოვრება სულ უკან-უკან წავიდა.  თამაშს კიდევ უფრო დავეჩვიე და ბოლოს ყველაფერი წავაგე.
      დავრჩი ასე უსახლკაროდ. ახლა არც საქმე მაქვს, არც - თავშესაფარი, ხოდა ვზივარ მთელი დღეები და ვფიქრობ,  ჩემი ისტორია დიდ საიდუმლოს იტევს, საიდუმლოს, რომელიც წლებია, თავადაც ვერ ამოვხსენი.
      ჩემთვის ცხოვრება დამთავრდა.  მამის სიკვდილი, ცხადია დიდი ტრაგედიაა,  მაგრამ ეს კიდევ არ არის ერთადერთი მიზეზი ჩემი ტკივილის...
      სიკვდილის წინ რაღაცის თქმას აპირებდა, მე  კი არ მოვუსმინე. სინდისის ქენჯნა არ მასვენებს მას შემდეგ. მოსვენება მაქვს დაკარგული, სულ იმას ვფიქრობ, იქნება რის თქმას აპირებდა ჩემთვის.  თანაც სულ იმას განვიცდი, რომ ჩემზე ნერვიულობამ მოკლა, იმან, რომ არ ვუჯერებდი და ვთამაშობდი.
    ყოველდღე მესიზმრება, ისევ ისე, როგორც იმ ღამით... ნაღვლიანი თვალებით მეუბნება ხოლმე: " წამოდი შვილო, რაღაც უნდა გითხრაო..."
 
    ცრემლიანი თვალები მოიწმინდა და თავი დახარა.
    ყველანი თვალცრემლიანი ვუყურებდით.

    მართლაც და, იქნებ  რისი თქმა უნდოდა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები