ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
24 აგვისტო, 2009


სისხლის ყივილი (მეორე ნაწილი)

              თითქოს მთვარემაც შეაბრუნა სირცხილით პირი, გასრიალდა და გაერია  ღრუბლის მორევში.
              მაშინ, როს ბოშა უსირცხვილოდ შეერწყა ქალწულს, თავადის გულში აიშალა შიშის ქარები. ვეღარ დაუდო გულისყური წმინდა სალოცავს და კარიბჭისკენ გაემართა სწრაფი ნაბიჯით. ეზოში გასულს შეეჩეხა მოყმე მალხაზი.
              -სასახლეს წასვლა ხომ არ გნებავთ ბატონო ჩემო? - მორიდებით და კრძალვით ჰკითხა მოყმემ დიდთავადს.
              -დიახ, თამარი წავიდა და ურვა შემიჩნდა, წინათგრძნობა მაქვს, ცუდი რამ ხომ არ ელის ასულს.
              -ნება თქვენია, გამოგყვებით, არ დაგზარდებით, -უთხრა მოყმემ და რახსი ცხენი უბოძა თავადს; თვითონ ძუძუმტეს ჰუნე ახსნა ჭიისკრის ბოძს და სასახლისაკენ გააქანეს ცხენები უმალ.
            -მოკლეთი ავყვეთ !- უთხრა მოყმეს თავადმა რადგან, იცოდა ქალი წავიდოდა რცხილების გავლით.
            როდესაც ბოშას დაეწმინდა თვალები მღვრიე და უწმინდური განერიდა მის სულს და სხეულს, მოულბა გული და ალერსით დახედა ასულს -დაჭრილ გედივით იწვა იგი ჟიჟოს საწოლზე. დიაცს კი, როცა დაუბრუნდა გულწასულს აზრი, მაშინღა მიხვდა თუ ვითარი ეწია ბედი. ატირდა ქალი და ალმურმა აულეწა თეთრი  ლოყები, მხოლოდ ახლაღა შეამჩნია თვისი სიშიშვლე და მამაკაცი, რომლის მკლავებშიც გატრუნული იწვა მდუმარედ. ადუღდა გული, სინანულმა დაახრჩო ლამის - ,,ვაი,სირცხვილო, ვაი მამავ!“ - წამოიკივლა. - ,,წამოვდგებიო“, - გაიფიქრა, წამოიწია, მაგრამ ვერაფრით აიზიდა ცოდვის სხეული... ახედა ბოშას, პირმშვენიერს, ვნება დანთხეულს, უჯილაგოს და უალაგოს, მოხეტიალეს:
            -წყეულიმც იყოს შენი მოდგმა შენი მოდგმა ჩემი ვნებისთვის, წადი მტარვალო, წადი მალე, ჩამომეცალე!
            უცნობი იყო ბოშისათვის სიტყვა ქართული, მაგრამ ყოველი გაიგონა, მიხვდა დაღონდა. წამოიწია, წარიტაცა ხელი გულმკერდზე და გრძნეულების თილისმანი ყელზე შეიხსნა. თავი მოდრიკა პიწახდილი ქალის წინაშე და სანთელივით მიუტანა სათუთ ხელებთან. - ,,რაი არს ესე?“-მოიკითხა ქალმა თვალებით და უნებლიედ თილისმანი ხელში მომუჭა.
            გამოჩნდა მთვარე, აიშალა ღამის ბინდები, რაშთა ფლოქვებმა გააყრუეს არე მძინარე...უხმოდ გაუყვნენ ორნი ხიმეს მთვარიან ღამით და რცხილნარებში შეუხვიეს მოკლე ბილიკით.
            ძველ ნამეხართან იდგა რაში თავჩაქინდრული...
            -ვისი არს ნეტა? - მოიკითხა მოყმემ ანაზდად, - ვინ გაიმეტა სამგლედ ცხენი ესევითარი?
            ასცდნენ ბილიკებს და ცხენის კვალს დაადგნენ უმალ. იარეს ცოტა და მეხივით გასკდნენ თვალები - ცვრიან ჟიჟოზე გათანგული იწვა თამარი... თითქოსდა ბინდი გადაეკრა თავადს თვალებზე, რისხვით აივსო, როს იხილა შვილი შიშველი. გადაეფარა წინ ერთგული მოყმე მალხაზი, თვალდახუჭული დადგა ცოდვის ლულის წინაშე. შემოიცალა ტანზე მყისვე თვისი ნაბადი და შიშველ თამარს დააფარა ბროლის სხეულზე.
            წამოდგა ბოშა, აიშალა თითქოს ყოველი და ურცხვი თვალი შეაგება მამას დამეხილს. მერე დახედა გახევებულ, გაშოტილ გოგოს და წასასვლელად მოემზადა, იხმო ულაყი. განრისხდა მოყმე და წამომდგარ ლირფს პირ-სახეში მისცა ლიწინი, ხუთი თითი თეთრად შემორჩა. იშიშვლა მამამ სატევარი პირალესილი და შიგ, შიგ გულში გაუყარა უწმინდურ კანჯარს. წაქცეულ ბოშას მოარიდა მზერა თამარმა და გვერდით გადგა, შემოიკრა ტანზე ნაბადი. სიკვდილს ნატრობდა, ცის ჩამოსვლას ან მიწის რყევას, რომ ჩაეტანა ხორცი მისი ნაცოდვილარი.
            მიხვდა მალხაზი, თუ რა ჭირში იდგა თავადი და მორიდებით, მოკრძალებით შეჰკადრა ბატონს:
          -არ შეიძლება ეს სირცხვილი გაიგოს ხალხმა, მომეცი ქალი, გამატანეთ შორს, სხვა მხარეში. ნუ ეტყვით ნუვის, საიდუმლო დავმარხოთ აქვე, წავიყვან თამარს, თქვენ კი იტყვით: -,,მომტაცეს ქალი“- ოღონდ მდევარი შეაჩერეთ, შეგვინდეთ ვითომ...
           
        ***
          ერთ  მიტოვებულ საყდრის ახლოს, ძირძველ ფიცრულში დასახლდნენ მყუდროდ, ცოლქმარივით ქალი და ვაჟი. არავინ იყო სულიერი ტყიურთა გარდა. დადუმდა ქალი, სიტყვაძუნწი გახდა თამარი. აღარაფერი აშუქებდა სევდიან თვალებს. ალიონიდან დაბინდებამდე მუხლჩაუხრელი ტრიალებდა საყდრის ეზოში. ისე სათუთად ეპყრობოდა ხავსიან კედლებს, თითქოსდა ახლად აპირებდა საყდრის მოხატვას.მოყმე ტყე-ღრეში დადიოდა პატარა ცულით, ახალ ფიცრულზე ოცნებობდა ვაჟი რატომღაც - ,,სიმკოდოვისთვის ცოდოაო თავადის ქალი“-ასე ფიქრობდა.
              მოსიარულე ცხედარს ჰგავდა დიდი თავადი; პირგამეხილი დადიოდა, არას უბნობდა... რა ქარბორბალა ტრიალებდა მხრცოვანის გულში, ქალ-ვაჟის გარდა ქვეყანაზე არვინ იცოდა.
                ერთხელ, კვირაძალს, წასასვლელად უწია გულმა სევდიან მოხუცს. ძნელად აზიდა დარდისაგან გულმძიმე ტანი და კაწანი განვლო ხელჯოხით. ძუძუმტესაკენ  მავალ ბილიკს დაადგა ობლად და როგორც ჩრდილი, წარიტანა თვისი ნაღველი.
                მოხუცი თედო თავის ვენახს დაჰფუსფუსებდა. დამჭკნარ ხელებით ვაზის რტოებს ეფერებოდა და როცა თვალი ჰკიდა მისკენ მიმავალ თავადს, ვით გლეხს შეშვენის, მოუხარა თავი ანაზდად. გლეხის ეზოში მალი ბიჯი შედგა თავადმა, მუხის ჩეროში დადგმულ ჯირკზე ჩამოისვენა, კანკალნარევი ჩამოართვა თანშეზრდილს ხელი და ცრემლნარევი შეაგება ამაყი მზერა. ცოტა ხანს დუმდნენ, არ უბნობდნენსიტყვას ნანატრსა. -,,ხომ არაფერი გაგიგია მალხაზისაგან?“- იკითხა გვიან თავადმა და გაღმა გახედა. თითქოს არ სურდა მიმხვდარიყო მისი ზუძუმტე, თუ კი რაოდენ მოენატრა შვილი მამასა...
              -იმიერს იქით წასულანო. - შეჰკადრა თედომ, -მარტო ცხოვრობენ, სადღაც მთაში, საყდართან ახლოს. სხვა არაფერი გამიგია, მეც ვნაღვლობ ძალზედ, რომ აგრერიგად მიმატოვა მარტოკა ძემან.
              ამოიოხრა თავადმა და აუთამაშდა მარცხენა წარბი. ვეღარა შეძლო ჯავრის დამალვა...
              გაქვავდა გლეხი, გაუგონარს ისმენდა ყური, სიმწრის ცრემლებით ჩინახდილი ტიროდა კაცი. დააპირქვავეს, მაშინ ასე ეგონა მოხუცს, ქართველთა გენის საამაყო ნამუსის თასი...

          ***

              დღეები რბოდნენ, ვით საათის წიწკი ისრები,დრო გადიოდა, ზაფხულიც კი იკვეთდა კალთებს. აღარაფერი იცვლებოდა უკვე სოფელში, მხოლოდ მოხუცნი თუ უღებდნენ ერთმანეთს კარებს...
            გამოხდა ხანი.
            თავადის სიძე და ასული ეწვია სოფელს. მოხუცმა თედომ სიხარულით მიიღო შვილი, დაუყვავა და მოეფერა ლამაზ პატარძალს, შემდეგ მსტოვარი გააგზავნა თავადის სახლში და ნაბოლარა ქალიშვილის მოსვლა ახარა.
            სიხარულისგან ლამის იყო გახევდა კაცი, არა იუბნა, მიიბრუნა პირი კედლისკენ. ,, -წადი!“- უბრძანა პირუკუღმა კარგის მოამბეს და თვის ოთახში ჩაიკეტა დადუმებულმა. მამის ბრძანებას მოელოდნენ გულადი ძმები, ის გადაწვეტდა ბრძოლის ან კი ქორწილის ამბავს. ელოდნენ დიდხანს, ბოლოს ჰკადრეს კაკუნი კარზე. - ,,შემობრძანდითო!“ - გამოსძახა შინიდან მამამ.
            მალი ხნის შემდეგ თავადებმა გასცეს ბრძანება და საქორწილო სამზადისი დაიწყო უმალ.
            ხადილის შემდეგ იხმო თვისთან თავადმა სიძე, რადგანაც მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა მართალი. უამბო ვაჟმა, რაც გაანდო თამარმა ერთხელ... მხრცოვანს დაეწყო შფოთნარევი ხელის კანკალი.
            -მაშ, შემირყუნა ბოშა-ლირფმა ასული ჩემი? მაშ,ძალადობამ იზვარაკა და არა ვნებამ?
              -ვითარ იფიქრეთ შვილის სიძვა ბატონო ჩემო, თვით აიხდიდა განა ლეჩაქს გაზრდილი თქვენი?
              -გავიგე მძიმედ ყოფილაო ასული ჩემი, -დაუმატა და განარიდა მზერა თავადმა - იმისღა სასო შემრჩენია შვილო კეთილო, რომ შენს სისხლს და ხორცს დაატარებს თამარი მუცლად.
              წამოდგა ვაჟი, ლიბრისფერი გადეკრა სახეს, მიდგა ლინგთან და ბრაზნარევმა იუბნა რიდით:
              -მე თამარისთვის ურცხვი ხელი არ კი მიხლია... განაღა ფიქრობთ, ერთხელ ნამუს ახდილი ქალი, რომ სხვათა მიერ ასახდელად საკადრისია?
              -ვაჰ,მე! - აღმოხდა თავადსა და ცრემლი ობოლი ჩამოუგორდა ბებერ ღაწვზე თეთრწვერა მოხუცს. - მაშ, ბოშის შვილი მუცლად იღო ასულმა ჩემმა, მაშ,წარიწყმიდა კიდევ უფრო ცოდვილი სული?
             
              (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები