ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
26 აგვისტო, 2009


სისხლის ყივილი (მესამე ნაწილი)

              დადუმდნენ. ოდას შეეჩვია  მდორე სიჩუმე. უხმოდ უმზერდა სიძედ თქმული დაღდასმულ მოხუცს, ვეღარა შეძლო ეთქვა მისთვის სიტყვა სალბუნი. დუმილს ტოილი თვით აჰყარა მოხუცმა ბოლოს და ჰკითხა მოყმეს: -,,სად ინებებთო საცხოვრისს ახლა?“
            -მოხუცს ვეღარა მივატოვებ, ცუდი სენი სჭირს, ამბობენ დიდხანს ვერ გასტანსო მშობელი ჩემი. მე მამისეულ კარ-მიდამოს ვერ მოვშორდები. თამარს არ ვიცი რა წადილი ექნება თვისი.
            -მაშ,უცხონი ხართ? - სხვაზე ბაასს მოჰყვა თავადი - არ კი გქონიათ სარეცელი თანაზიარი? მაშ, როგორ უნდა გაიაროთ წუთისოფელი, განა სიცრუე აგრერიგად დაიმალება?
              -ღვთის ნება იყო, რაც კი მოხდა, რას შევცვლით ახლა? ვიქნები ქმარი უბიწოი, მამა- მართალი.
        ვეღარაფერი მოიფიქრა მოხუცმა მაშინ, დანებდა ვაჟის მტკიცედ თქმულს და გახედა შორეთს...
         
          მაშინ, როს  შვილის ყოლის ჟამი დაუდგა თამარს, მოყმის ფიცრულთან შეიყარა მავანთ-მავანი. პატარა ეზო მხიარულმა ხმებმა აავსო. მოახლე გოგომ ჩაირბინა ეზოში სწაფად და პირმწუხარე ვაჟკაცისკენ აიღო გეზი, - ,,თვისთან საუბნოდ გიხმობთ ჩემი ქალბატონიო"- აუწყა მალხაზსს და იბრუნა ოდისკენ პირი.
            თეთრი კანდელი მოჰფენოდა სახეზე თამარს, თვალებში შუქი ჩასდგომოდა იმედიანი. - ,,რას მიბრაძანებო?"-ჰკითხა ვაჟმა მოკრძალებით და ცვრიან ნიკაპზე სიყვარულით გაუსვა თითი. მცირედ შეყოვნდა თამარ ქალი, დახუჭა თვალი, ცრემლი ობოლი დაუგორდა ფერმკრთალ ღაწვებზე. -,,ამისრულეო!“- შეევედრა ჭაბუკს და თვისი ნდომა გაანდო სასომიხდილმა. შეცბა ჭაბუკი და უარის თქმა დააპირა, თუმც მისი ნების წინააღმდეგ ვერ კი წავიდა.
            სოფლის მოძღვართან მიავლინეს ფეხმარდი ვაჟი...
            როცა თამარის სამყოფელი დატოვა მღვდელმა, ლოხი ნაბიჯით გაიარა გრძელი თალარი; თითქოს ათასჯერ მასზე მძიმე აკიდეს ტვირთი, ისე წავიდა, წარიტანა დიდი ვარამი...
            საღამოს ბინდი შეერია თალარის ჩეროს, თუმც მახარობლის ხმა ჯერ კიდევ დუმდა კარს იქით. მაშინ როს ცაზე გულზვიადი აგორდა მთვარე და პირმცინარე ვარსვლავები გაიხსნენ ტანში, ფიცრულის კარებს სიხარულით გამოსცდა ქალი: -,,დაიბადაო!“-დაიძახა, ახარა ხალხი.
            -დიდება შენდა, გამჩენოო! -აღმოხდა თავადს.
            -დღეგრძელი ჰქმენი!-დაიმუხლა ლოცვისთვის თედო...
            პირმშვენიერი შეეძინა ასული თამარს. ხელის კანკალით მიიხუტა პირმშო გულ-მკერდზე და ლაციც უყო ლოფლოფ ლოყებს ხელისკანკალით. ღონემიხდილმა გადასწია თეთრი ბალიში და ახალშობილს ჩაუმალა უბეში რაღაც. თამარის ოთახს შფოთიანი მიადგა მოყმე, სურდა ეხილა მშვენიერი ასული მისი. გააღო კარი და მღიმარმა შეხედა თამარს, მიუახლოვდა და მიაპყრო პატარას თვალი; -,,ასული ჩემი!“- აღმოხდა და ასწია ხელში, ფრთხილი ამბორით მიხუტა ახალშობილი. თვალცრემლიანი შეჰყურებდა თამარი მალხაზს, მის სულგრძელობას ადიდებდა მხურვალედ გულში.
            ორიოდ დღეში მიიცვალა თავადის ქალი...


                                * * *
              გამოხდა ხანი....
              მოგონებები დაიფარა თალხი ფოშფოშით. წავიდნენ ძველნი, ახალნი კი წამოიზარდნენ. ალხი დღეები ბევრჯელ ბედალს შეუნაცვლია და ქუმერაჯიც გაცვეთილა ვერაუთვლელი. ხუთმეტი წელი გასულიყო იმ ბნელი დღიდან, რაც თამარ ქალის მზე  დაბნელდა წუთისოფელში. ორი წლის შემდგომ შვილის კვალზე უვლია მამას და მამამთილიც მიჰყოლია გულურვეული. დარჩა მალხაზი პირმცინარე პირმშოსთან ერთად. იტვირთა ტვირთი ვერ საზიდი მავანთ-მავანთა; თავისი სიყრმე უზვარაკა შეურყვნელ ტრფობას და სხვისი შვილის მამობისთვის გადადო თავი.
              თამარის ქალი-პირითმთვარე, კენარი, უსო, მეხოტბეთ მუზა, ვერსაკადრი აუგი ენის, წამოიზარდა და მშობელი დედის მშვენება ათასჯერ უფრო განავრცო და განიზიარა. მაკინეს თვალებს ბევრი მოყმე უტყვევებია და მრავალ ნინველს გაუსვია ყინწებზე ხელი; მაგრამ ვერც ერთი ღირსებია მის ხელზე ცაცუნს ან კიდევ ფადილს, რადგან კლდესავით მიუვალად ეჭირა თავი; თუმცა ვაჟების გახელება სიამეს გვრიდა. უყვარდა ცეცხლთან თამაში და ჯირითი ცხენზე - ჭიაკოკონას ქურციკივით ზე ევლებოდა და ქარს ატანდა ყმაწვილქალურ, უდარდელ სიცილს.
              ბავშვის სიყრმითვე საურველი ჯანღავდა მალხაზსს, სურდა ბელზებელს ასცდენოდა ასული მისი. ტაძარში ზრდიდა, ღვთის მოსავთა რიგებში წვრთნიდა, რათა გენების გადამიჯვნას არ ექნა შფოთი. თავადთა კარზე ღებულობდა საერო ცოდნას, მრავალი მხრიდან მოწვეულნი  ძერწავდნენ უსოს, რათა მისებრი ვერ ეპოვათ გლეხ ქალთა შორის და არც თავადთა უმცირესი ქმილიყო რამით. თვით ბუნებამაც არ დააკლო მაკინეს რამე, მისებრ უზადო, მშვენიერი ვერვის ეხილა, მრავალ მგოსნისთვის ღამე დღისებრ უთენებია და მეჩანგეთა ჩანგიც მხოლოდ კვნესოდა მისთვის. მის გაშლილ თმებში, ვითარც მრუმე ღამეებს შორის, ძრწოდა ნიავი და თმის სურნელს ჰპარავდა მორცხვად, შემდეგ წყალობად არიგებდა ხევსა თუ მთებში და მის სურნელით კეკლუცობდნენ ყვავილნი ველად.
              პატარა ქალი ფრინველთა და პირუტყვთა ტკივილს უცნობი ძალის მეშვეობით უცდომლად ცნობდა.
              სახელგანთქმული ბეითალიც ყოფილა თურმე: ახსოვდა მავანს დილა როცა როცა მაკინე ტყეში პირისპირ დადგა ზეწამომდგარ გულყვითელ გველთან... ძიძის კივილმა წამით შესძრა მაშინ სოფელი... უცქერდა ყველა ბავშვის ქცევას ყოვლად უცნაურს: ის იდგა მშვიდად და თვალებში  ჯიქურ უმზერდა გველს და წუთითაც არ უგვრძნია შიში საზარი...  და უცებ მოხდა საკვირველი რამ სანახავი- მოცელილივით ქვედავარდა გველი ანაზდად და გაუნძრევლად განუტევა სული ღადარი.
                ამის შემდეგ კი ბავშვს უცქერდნენ, ვითარცა შამანს და ურწმუნონი გაურბოდნენ შეხვედრას მასთან.
                მალი ხნის შემდეგ ბავშვი ტყეში გაიბნა თურმე, დაღამებამდე ფეხზე იდგა მთელი სოფელი. დაღამდა, თუმცა ვერ იპოვეს პატარა ვერსად და მთელი ღამე ჩირაღდნებით იარეს ხელში. ეძებდნენ ყველგან, მღვიმეები ფეხდაფეხ მოვლეს, მიუვალ კლდეებს ქურციკივით უვლიდნენ ირგვლივ. ეძებდა ყველა, თუმც, ღვთის მადლი ვერვინ მიიღო, ვერვინ იპოვა გაბნეული პატარა ველად.
                მეორე დილით ცქრიალ-ცქრიალ გამოჩნდა ბავშვი, ხელში ველური ყვავილების კონა ეჭირა. გულმხიარულმა, პირმღიმარემ შეხედა მამას: - ,,ჩამეძინაო ტყეში მარტოს,“ - შემოუცინა. დრო და დრო ბავშვი იხსენებდა იმ ღამის ამბავს, ტყუილს  თუ მართალს, ვერ გაიგო მავანთ-მავანმა. ამბობდა, თითქოს ტყეში დიდი კოცონი ენთო და მის გარშემო ტრიალებდნენ ტყის ბინადარნი, რომლებიც თურმე მისებრ მცირე იყვნენ ტანითა.               
              პატარა ქალი ყველა ჯიშის ბალახებს სცნობდა, კრეფდა ტყე-ღრეში მათ და სახლში ეზიდებოდა. ათასგვარ სალბუნს ამზადებდა და უშურველად აძლევდა ვისაც სატკივარი რამ აურვებდა. მრავალი ჰყავდა მადლიერი და დამლოცავი... და მამაც, შვილის ღვთის საქმეზე მაყურებელი, დღეში მრავალჯერ დიდ მადლობას სწირავდა უფალს.


              დღესასწაულად თვლიდნენ იმ დღეს თავადის კარზე,როცა მაკინე ინებებდა მათთან სტუმრობას. შლიდნენ ხადილებს და მასავით მცირეწლოვანნი, იწყებდნენ როკვას, თარის დაკვრას, შამანით თრობას. მრავალ ქალწულის საზრახისი ქმნილიყო ხშირად, რადგან ჭაბუკნი პირმშვენიერ ასულის გვერდით კარგავდნენ გონს და ივიწყებდნენ თვის  გულისწორებს. მაკინე სულაც არ ჰგვანობდა თავის ტოლ დიაცთ,  რომელთაც შიშის საუფლოში ძრწოლა ერჩივნათ. კაკაჩი ღამით ქურან ცხენზე ამხედრებული ხშირად ვიდოდა აქეთ-იქით ტყეების ახლო. უბეში ედო ძველისძველი პატარა ღინწი - უფალმა უწყის, სად დაეგო ბელზებელს მახე.
                  ერთხელ, როდესაც, მარულობის ყიჟინა დასცეს და მთელი ქვეყნის მზეჭაბუკთა იქმნა სიმრავლე, შფოთიან  სოფელს განერიდა პირნაზი ქალი და კლდეთა შიგან ჩანჩქერების ინება ხილვა. იხმო ქურანი, ზემოევლო, ტყისკენ გაქუსლა, დატოვა უკან ლიბრისფერი მტვერი ფოლორცის. წავიდა ტყისკენ, კლდეებს შიდა სავალზე დაგდა და ფეხით განვლო ბილიკები საფრენი ჯიხვის.
                მივიდა კლდესთან, წყლის ხმაური საამოდ ესმა, შემოიძარცვა საფარველი უზადო ტანზე და ცივ ჩქერალებს მიაბარა ნორჩი სხეული. აღტაცებული გასცქეროდა პირტიტველ კლდეებს, რომელთაც დილა მზის სსხივების მძივად ეკიდათ. თვალდახუჭულმა გულისძგერას  მიაპყრო ყური, ისურვა, ასე აღედგინა ამ მთების ხიბლი... და ასე დიდხანს, ვით ძილთაშინ ხედავდა ხევებს და ქროდა მთებში, ნიავივით მიუსაფარი.
                ...ო, ღმერთმა უწყის, ვით ენება ამ კენარ უსოს, ამ ტყე-ღრეების დედოფლობა ხელშეუხები...
              ნეტარ ოცნებით გათანგული იწვა წყალზე და შიშველ სხეულზე მზე ოქროსფერ სირმად ეფინა. თვალდახუჭული ნებივრობდა მწვანე წალკოტში და  ივიწყებდა ბაცი ფერის  ყოფას ამიერს... და მაშინ, როცა, მთათაშიგან მობერილ ნიავს შეატყო ქალმა უჩვეულო გულის ფრიალი, განაღო თვალნი და წყლის პირას იხილა ვაჟი მოურიდებლად, უდიერად მისკენ მზირალი. ეკვეთა მუხლი, უჩვეულო  იწყო კანკალი, ვერ მოისაზრა რა ეღონა გათანგულს ელდით, ინება სწრაფად დაეფარა სიშიშვლე თვისი, თუმც ნორჩ მტევნებში ვერ დამალა სიმწიფე მკერდის...
                     
                      (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები