ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
28 აგვისტო, 2009


სისხლის ყივილი (მეოთხე ნაწილი)

          ...ასე ეგონა, რომ სიამის კვანძი გაუხსნეს, დედიშობილა როს იხილა ვაჟმა მაკინე... უცქერდა ჩუმად, ნეტარებით აღტყინებული - ვერ აცილებდა თვალებს წყალში ნაპოვნ საუნჯეს.
          გახელდა ქალი, მოისაზრა უცებ ვერარა, ჩაყვინთა წყალში, ჩაიმალა სირინოზივით. დანებებოდა ახლა სიკვდილს, ერჩივნა უფრო, ვიდრე ამ ვაჟის ურცხვი მზერა ეხილა კვლავაც... შეშფოთდა მოყმე, თვისი ქცევის რა მიხვდა აუგს, სინდისის ქენჯნით მოაცილა მზერა ქურდული. მაგრამ უეცრად გაახსენდა უფსკრულის პირას გახელებული ჩქერალების ბროლებად მსხვრევა... მობრუნდა უკან და იხილა ლული საზარი - გონწასულ ასულს იტაცებდა დინება ქვევით. გადახტა წყალში და უფსკრულის პირთან მიცურა, სწრაფად მოხვია წვრილ სიბაზე ხელი ასულს და  ჩქერალის შიშით გულზე მჭიდროდ მიისაკუთრა.
            თითქოს ის იყო, გამოსტაცა ქალწული ავსულს....
            ღელვით გუემულ ქალთან ერთად დაბრუნდა  უკან და დიდ ჭოროხზე დააწვინა, სული მოითქვა. აიღო იქვე დაფენილი ქალის სამოსი და ზეწარივით დააფინა შიშველ სხეულზე. ლიბრისფერ ლოყას შფოთნარევი  ლაციცი უყო, შიშით შესძახა - ექო უკუ შემოუბრუნდა. ორივე მხარზე ხელი ჰკიდა გონწასულ ასულს და მთელი ძალით შეარხია, გამოაფხიზლა. მძიმედ განაღო თვალ-წამწამნი ქალმა და როცა, კვლავაც იხილა მოყმე მასთან უხმოდ დახრილი, შეიფრთხიალა როგორც მუჭში ტყვედ ქმნილმა ჩიტმა და უმწეომან დაიცრემლა სამარაგდენი.
                მოსცილდა ვაჟი და უსიტყვოდ გავიდა გვერდით. წამოდგა ქალი - შეიმოსა ტანი კენარი. 
                ვერ გაუსწორა უცნობ ჭაბუკს ქალწულმა თვალი, გახედა განზე და მოძებნა თვისი ულაყი. წამ უყო წამსვე თავის ერგულ, თვინიერ ულაყს, და ურვეულმა უხმოდ განვლო ვიწრო ბილიკი. უკან ჩრდილივით დაედევნა უცხო  ჭაბუკი, მიჰყვა ფეხდაფეხ ქურციკების გადასაფრენზე და როცა უკვე სამშვიდობოს გავიდნენ ველზე, სახელი ჰკითხა, თუმცა ქალი დუმდა ისევე.
              მაკინემ ყურში ჩასჩურჩულა ქურანს რაღაცა და ზედ მოევლო, გაუვალი ტყისკენ გაქუსლა, - , ,საით მიილტვი? დამელოდე, მეც გამოგყვები!“- შესძახა ვაჟმა და ულაყი იხმო ანაზდად. ქალმა კი ცხენი კიდევ ერთხელ დაამათრახა, თუმც ღმერთმა უწყის, ეშინოდა უღრანის ვითარ... გაქუსლა ცხენმა, მოიტოვა ძველი წანწალა და ტყის სიბნელეს შეერია ავი სულივით. არ შეაჩერა ცხენი მანამ, სანამ ფშის გაღმა, არ დაინახა ძველის-ძველი მრუმე ჩიკუნა. შეშფოთდა ცხენი, ჩოდოლს ახლო არ წადდა გავლა, იწყო ჭიხვინი, გააყრუა არე მდუმარე. უეცრად ცხენი ყალყზე შედგა და ქორფა ქალი წამის უსწრაფეს ჩამოვარდა თავქვე  მიწაზე.
              ცხენის ჭიხვინზე გაიკვალა სავალი მოყმემ და როს იხილა, ქალი პირქვე მიწად შთენილი, ჩამოხტა მყისვე, აიტაცა ქალწული ხელში, შემოსვა ულაყს და წაღმართით დაეშვა ქვევით. გავიდა გზაზე, სოფლის ფოლორცს დაადგა უმალ და პირველ შემხვედრს შემოსძახა, საშველად უხმო.           
              დაჭრილ გედივით მიუყვანა მამას ასული უცხო ვაჟმა და დაუსვენა ფართო კუბოზე. მარჯვენა წარბთან ნაჭრილობევს სდიოდა სისხლი, მძიმედ სუნთქავდა, თუმც ჯერ გონზე ვერ მოსულიყო. აუხსნა ქალის მშობელს წულმა ვითარი ბედი ეწია ასულს ტყის ფერდობზე, თუმც წყლის ამბავი შემოინახა საუკუნოდ დასამარებლად. შესძრა ნათქვამმა მამის გული, წამსვე წარსული ამოტივტივდა მის ხსოვნაში მრავალნაძრახი....
             
      (გაგრძელება იქნება)

           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები