ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2009


მონატრებული ქალაქის ფურცლები (გაგრძელება)

  ჩემს ბავშვობაში, უბანში, მხოლოდ 2-3 სართულიანი სახლები იდგა და  ერთადერთი, 5სართულიანი კორპუსი.
  შემდეგ მას მეექვსეც დაუმატეს. იმ სახლში დავიბადე და გავიზარდე.
  წინ პატარა სტადიონი გვქონდა. მიდიოდა დღედაღამ ფეხბურთ-კალათბურთ-ჰოკეის, ორდროშობანას თუ  ,,კაზაკი ი რაზბოინიკის,,-ს თამაში. გვერდით აბანო გვქონდა. სტადიონი-აბანო, რა გინდე ამაზე კარგი სინთეზი? ამიტომაც ატარებდა ჩვენი ეზო, უბნის ,,ცენტრავოი,, ბირჟის სახელს.
  მე, პირველ სართულზე ვცხოვრობდი.
  უბნელების არა, მაგრამ ჩემი კლასელების ნიფხავ-პერანგები, კედები და რეიტუზები, სულ ჩემთან ინახებოდა. ამიტომაც, თამაშის შემდეგ, ჩემს ბინაში, ისე მძაფრად ისადგურებდა გასახდელის სუნი, რომ საცოდავი დედაჩემი იძულებული ხდებოდა სასწრაფოდ გაერეცხა მთელი კლასის სპორტული ეკიპირება (ვიცი წაიკითხავს და ამიტომაც, ერთი ჩვენი საიტელი მეგობრის გასაბრაზებლად ვიტყვი: ყველაზე მეტი დრო, მისი სპორტული ფორმის წესრიგში მოყვანას სჭირდებოდა. ყველაზე ამოგანგლული ის იყო ხოლმე, ყოველთვის. როგორ ახერხებდა, დღემდე გამოცანად რჩება).
  ლამის მთელმა ვერა-ვაკემ იცოდა, სახლში თუ არ ვიყავით გასაღები ფანჯრის რაფაზე იდო. ბინაში იმდენი კედი ეყარა, რომელიმე მაინც მოგერგებოდა. გააღებდნენ კარს (ზოგს არც კი ვიცნობდი), მოიზომებდნენ სპორტულ ფეხსაცმელს, ითამაშებდნენ და შემოყრიდნენ შემდეგ ფანჯრიდან.
  ღმერთი, რჯული, ბინაში შაურიანიც არასდროს დაკარგულა. ნუ ახლა, მაცივრის გამოთავისუფლება კი იყო ტრადიციის  რანგში აყვანილი, მერე რა? სამაგიეროდ - ოჯახის წევრებს სადილ-ვახშამზე რამდენიც გვეყოფოდა, იმდენს ყოველთვის გვიტოვებდნენ.
  მესამე-მეოთხე კლასში,  ეზოში, ფეხბურთის შემდეგ ყველაზე პოპულარულ და ზე-ექსტრიმ თამაშად ,,მეკობრეობანა,, ითვლებოდა. კორპუსში მცხოვრები ბავშვები, მეკობრეები ვიყავით. მოპირდაპირე ეზოელები ( დიდი იტალიური ტიპის ეზო იყო. ბავშვები ქურთების ეზოს ვეძახდით, რადგან  სხვადასხვა ეთნოსის ხალხთან ერთად, მრავლად ცხოვრობდნენ იეზიდები) ინგლისელ და ესპანელ არისტოკრატიას წარმოადგენდნენ.
  სამხატვრო ტექნიკუმის (მათთან საერთო ეზო გვაკავშირებდა) სტუდენტებს მოვახატინეთ დროშები,  კალისგან ჩამოვასხით მონეტები, რომელიც განძს და ბრძოლების საბაბს წარმოადგენდა, შევიარაღდით, განძს მიწაში მივუჩინეთ ადგილი და დავიწყეთ ლამის ორწლიანი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.
  მეკობრეთა დამრტყმელ ძალას: გიგა, ბიძინა, რატი, დათო, ალიკო და თქვენი მონა-მორჩილი წარმოვადგენდით.  ინგლისელ-ესპანელი არისტოკრატიის ღირსებას - ჩიტა, პუტო, ქემალა, ისკო, ლოვიკა, ზადინა და ფოსოლა იცავდნენ. მათ რიგებში გიორგიც ერია, შემდგომში ქურთების ჰოკეის გუნდის კაპიტანი და მეკარე.
  ჩემ მეზობლად, ორი, ხანშესული და ცხოვრობდა. ღმერთმა აცხონოთ და საკმაოდ მძიმე ხასიათის, შინაბერები. უფროსებ- თან ხომ გაუთავებელი კონფლიქტები ჰქონდათ,  ბავშვებსაც  გამუდმებით გვეჩხუბებოდნენ. ისე, რაღა დაგიმალოთ და ჩვენც კარგად ვიყავით მათი ნერვების მოშლაზე გამეცადინებულნი.
  ჩიტა, დების მოურჩენელი კბილის ტკივილი გახლდათ.
  ზემოთ გამომრჩა და ერთი ზნე სჭირდა ჩემს ძმაკაცს. ბლუ იყო. მაგრამ, ბლუც არის და ბლუც... ჩიტა, ნამეტანი იყო, რა! კიდევ კარგი ვხვდებოდით რისი თქმა უნდოდა და ვაწყვეტინებდით თორემ, ბავშვობაში დაწყებული ,, გამარჯობა,, ახლაც არ ექნებოდა დამთავრებული.
  ენას ხომ უკიდებდა და რა თანხმოვნებსაც ამბობდა, თითქმის ყველას თავისებურად უბერავდა.
  რ, რომ ლ იქნებოდა ეს ბუნებრივია. შ - ს. კ-ს რატომღაც ტ-ს ჟღედარობა ჰქონდა მიცემული, გ - დ  იყო. მის მიერ გამოთქმული  ,,კარგი,, ,,ტალდად,, ჟღერდა. ქ-ს ორი ბგერა შეესაბამებოდა: ფ და თ.  ექვსი - ეფსი იყო, ქათამი კი - თათამი და ასე შემდეგ.
  მაგრამ, საქმე გინებამდე თუ მივიდოდა, მოგეცათ ლხენა, ისე სხაპა-სხუპით ჩამოარაკრაკებდა 9სართულიანებს, გურული ლოგოპედიც  ვერ ჩაურთავდა სიტყვას.
  შინაბერა დების სარეცხი თოკის ერთი ბოლო ფანჯრის ანჯამაზე, მეორე კი ხეზე იყო გამობმული.
ზედ სარეცხია გაფენილი. ეზოში, მეკობრეების და ინგლისელთა ფიცხელი ბრძოლა მიმდინარეობს. ჯერ ერთი ზეწარი შეეწირა ბატალიებს და მიწაზე აღმოჩდა, შემდეგ მეორე.
  ტატუ, ერთ-ერთი და, ჩუმად გამოენთო სახლიდან და პირველი, ვინც შერჩა ხელში, მისკენ ზურგით მდგარი ჩიტა აღმოჩდა. წამიც და ,, ინგლისელი მეზღვაურის,, ყურმა, თვალნათლივ იწყო ზრდა.
  - მე თქვენ გაჩვენებთ ,,მეკობრეობანას!,, ითამაშე, ახლა რატომ არ თამაშობ?! რას ერჩოდით ამ ,,პრასტინებს?,, ილქანი იყო, თუ?!!
  ასე, ყურში ხელწავლებულს აახეკინეს მიწაზე დაყრილი სარეცხი ჩიტას, შეათრიეს სახლში, თავის ხელით გაარეცხინეს და თოკზეც გააკიდინეს.
  ჩვენს სიცილს და ძმაკაცის მასხრად აგდებას, საზღვარი არ ჰქონდა.
  როგორც იქნა მიწყნარდა ეზოში ხორხოცი.
  ნახევარი საათიც არ იყო გასული და რამდენჯერმე ბრრრრრრ! გაისმა ეზოში. რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩიტა ჩამოქაჩავდა სარეცხის თუკს, შემდეგ  ხელს გაუშვებდა და ბრრრრრ! - გაუდიოდა მოყანყალე ანჯამებს.
გამეხებული ტატუ ფანჯარას მიაწყდა: - მოგირჩა არა ყური! მე შენ გაჩვენებ სეირს!
  - თთთალბატონო, მმმმოდით მმმმეტობლეობანა ვვვითამასოთ, გაიღრიჭა ჩიტა და ზურგსუკან გადამალული, ჯოხზე წამოცმული, ტატუს ცისფერი, დაბამბული, ფოხანი გამოაჩინა, შავი გუაშით დახატული თავის ქალა და გადაჯვარედინებული ორი ძვალი რომ ამშვენებდა.
  ეზოში ამბავი ატყდა... ახლაც ვიცინი, რომ მახსენდება.
  გამოვარდა ტატუ.
  აასწრო ჩიტამ ხეზე.
  - ჩამოეთრიე დაბლა!
  - ალ ცამოვალ, თთთუ სათმე დათს, სენ თითონ ამოდი! - იკრიჭება ზემოდან.
  - ჩამოეთრიე დაბლა, შე ქურთო კინტო, შენა!!!
  - თულთი ალა ვალ, ინდლისელი ვალ, ინდისელი! ტურისტ, ბუბლიდუმ!!! - გაჰკივის და კმაყოფილი აქნევს ნიფხავს.
  - მომეცი ჩემი ნიფხავი, შე სატანა!
  - ლას ამბობ? ლა ნიფხავი? დლოსაა, დლოსა! ველ ხედავ?!!
  მოკლედ, კარგა ხანი გაგრძელდა ეს ჩამოდი-შენ ამოდი, მომეცი - არ მოგცემ.
  ბოლოს აძვრა ჩიტა კენწეროზე, ქანთარიასავით გამჰოკიდა ნიფხავ-დროშა, გადაძვრა მეორე, შემდეგ მესამე-მეოთხე ხეზე, ჩამოხტა და - ტალდი იყო? ესეც შენას! - ძახილით ეზოდან აითესა.
  ტატუც ვეღარ იკავებდა სიცილს.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს