ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
25 სექტემბერი, 2009


სისხლის ყივილი (მეცამმეტე თავი)

            დემნამ მაკინეს შეშფოთება სხვაგვარად ახსნა.იფიქრა ასულს უჟმურები აჰყვნენო ხევში და ახლა ჭინკებს გაურბისო სულით ძლიერი.უხმო შიმუნვარს და კოცონის დანთება სთხოვა.დაანთო ქალმა.ირგვლივ შეშა იყო ულევი და მცირეოდენ გამონათდა კიდეც ქვაბული.დემნა გავიდა აბანოდან და თვის ურემში შებმულ ნიშა ხარს ფეხის კოჭზე ააჭრა ბეწვი,შემდეგ მოუხმო თავის ქოფაკს,მივიდა ისიც და ძაღლის ბეწვიც დაამატა  ვაჟმა ხარისას.დაბრუნდა უკან.ცეცხლი ლამის უკვე ქრებოდა და ბნელ ქვაბულში გროვდებოდა ბოლი მხუთავი.მივიდა ცეცხლთან ასტამით და ფრთხილად აიღო ცეცხლის ნარჩენი.მხუთავი ახლოს მიუტანა ყმაწვილმა ასულს,ზედ დააყარა ხარისა და ქოფაკის ბეწვი... შემდეგ შიმუნვარს სხთოვა ყინწით მოეჭრა მცირედ და მუგუზალზე დაეყარა ქალის ზილფებიც.
            იცოდა უსომ,ეს რა რიგად შველოდა სნეულს,თუ კი მართლაცდა უჟმურებით იყო პყრობილი.მაგრამ მას სულ სხვა სიმძიმილი გვემავდა ახლა...
            თუმც ბოშის ვნება მაინც შეძლო ვაჟის ნაძრახმა. უცქერდა ქალი ბოლის მიერ შებოჭილ ბოშას,რომლის თვალთაგან შურისგების კვესა მოჩანდა.
ცუდად ენიშნა ასულს ბოშის მზაკვარი მზერა... და მაშინ როცა,საბოლოოდ მინავლდა ცეცხლი და მუგუზალიც დაინაცრა ბოშის ჯინაზე,მხუთავთან ერთად გაიცრიცა ბოშაც ჰაერში...
            მოეშვა ქალი.ცოტაც კიდევ დაჰყო ჯინჯიხში და მერე ფრთხილად ამოვიდა ქვაბულის წყლიდან.შიშველ სხეულზე მოაფარა უსოს ზეზია და სასთუმლიან ქვაბულისკენ გაუძღვა ქალი.ოდისმაგვარში სასთუმლებლად იდო ლოდები.ენთო კოცონი და კედელზე კრთებოდა ჭრაქი. დემნას ლოდებზე დაეფინა ხმელი ბულული და მოახლე ქალს ზედ დაეგო სარაფარდაგნი.ერთერთ მათგანზე პირით ჩაღმა დაწვა მაკინე.დემნამ შიმუნვარს მიაწოდა სავარდისწყლე და სთხოვა ქალისთვის დაეზილა სრულად სხეული.თვითონ კი გარეთ გავიდა და ძირძველ ფარეხში მგლებს მოაფარა სასიმამროს ნიშა პირუტყვი.
            მეორე დილით სხვებზე ადრე ადგა მაკინე.გავიდა გარეთ და ტყისპირი მიმოვლო სწრაფად,მოკრიფა ის,რაც მის სიმძიმილს შველოდა ახლა და ყვავილებით ამოავსო ლოდის აბანო.შემოიძარცვა საფარველი და ჯინჯიხ წყალში ფრთხილად ჩააწყო ფეხები და ჩაწვა ყელამდე.სულ სხვა სურნელით გაიჟღენთა ცხელი ქვაბული,ძილის სანაცვლოდ ძლიერება შეიგრძნო ქალმა და ცისიერი მნათობებით აევსო თვალი.უკვალოდ გაქრა უპეებზე კესანას ფერი და ლოფლოფ ლოყებს დაუბრუნდა ჩვეული ხიბლი...
            სულ სხვა ასულად დაუბრუნდა მაკინე სოფელს.
            მის მკერდში ახლა სულ სხვაგვარად ფეთქავდა გული.თუმც უკურნელი სიმძიმილი აშთობდა მაინც,მამის სიშორე აშინებდა რატომღაც ასულს.
-,,სადა ხარ მამა,მიმატოვე დიდი ხნით რისთვის?ვაი თუ სანამ მოხვიდოდე სულ მთლად დავეცე და მტლედ დავედო ბოშათ მიერ დაგებულ მახეს". -ფიქრობდა ქალი და გულიდან უხმობდა მალხაზს...
            იცოდა ქალმა,გაიგებდა მამა უთუოდ...
            მართლაც,მუხნარში შეეყარა მალხაზი მთიდან მისი სოფლისკენ გეზაღებულ მოხუც მეცხვარეს.
            -რისთვის აჰყარე იალაღებს ცხვარი შავლეგო,ჯერ კიდევ ბევრნი დარჩენილან მთაში ჩვენთაგან.- უთხრა მალხაზიმ.
            -ვიცი თედოს ძევ,მაგრამ გუშინ ჩვენი სოფლიდან მოსულმა გზირმა სამწუხარო გვამცნო ამბავი.ექვსიოდ დღეა,რაც სოფელში ბოშები დგანან და უგვანობით წაულეკავთ ჩვენი ჭერეხი.
          მეცხვარის თქმული ქუხილივით ჩაესმა მალხაზს.შეზარა ფიქრმა იმისა თუ რა ელის უსოს,როცა მის ახლოს იბოგინებს მოძმეთა სისხლი... -,,ვაი თუ,წყალში ჩაგვეყაროს ჩვენი ნაღვაწი,ვაი თუ,ძარღვში გაუწყალდეს თამარის სისხლი"...-ფიქრობდა კაცი და მჯიღებით იწმენდდა ცრემლებს.
          მალხაზის შფოთი შორიდანვე შენიშნეს სხვებმა.უხმო მოძღვარმა და ვარამის ჰკითხა მიზეზი...
          თავზარი დასცა სოფლის კაცებს მალხაზის თქმულმა...
          ვადაზე ადრე გამობრუნდნენ კაცები უკან.მიაჭენებდნენ გაშმაგებით სოფლისკენ ცხენებს და არ უფრთხოდნენ ჯიხვთა მიერ საფრთხილო კლდეებს.მაშინ,როდესაც გადალახეს ჯიხვის საფრენი და ზედ მოექცნენ სოფლის მარცხნივ მდებარე გორას,ხიდის ქვეშ გაშლილ ფარდაგებზე შემორჩათ თვალი - თითქოსდა ვინმეს სახოხბეთი მოეშთოდ ერთად და ჭერეხებზე გაეფინათ დახოცილები.-,,ვაიმე, შვილო!"-დაიქუხა მალხაზმა გულში და დაღმართისგან გააქანა თვისი ულაყი. -,,ისმინა მამამ"- გაიაზრა  ასულმა წამსვე და ბედნიერმა გაირბინა ხიმე მტვრიანი.თაღოვან ხიდთან შეეგება ასული მამას. მაკინეს ხილვამ სიხარულით აავსო კაცი და ისე მჭიდროთ მიიხუტა ასული გულზე, თითქოსდა ეშმა უპირებსო წართმევას შვილის...
          კაკლის ჩეროში მოიყარეს კაცებმა თავი.
          დაიწყეს ბჭობა.
          მოძღვარი მალე გამოეყო მათ და თავისთან იხმო მაკინე.მოვიდა ქალი,უამბორა მოძღვარს კალთაზე და მის წინაშე დადგა ცოდვით დამძიმებული.
          -რა გაგვა შვილო?-სასოებით ჰკითხა მამაომ და რუდუნებით გადაუსვა ხელი მაკინეს.-ბოშათ შემოსვლამ ხომ არ გიყო ზიანი რამე,ან იქნებ ძილში აგირია ისევ ზრახვები.-თითქოს ასულის გულში იჯდა, ისე უბნობდა ღვთისმსახური მამა დავითი.
          დუმდა მაკინე.
          უცქეროდა მღვდელი და გრძნობდა,ასულის სულში ბოგინობდა უკვე ეშმაკი...
          ისევ მოძღვარმა დაარღვია ბოლოს დუმილი და მდინარისკენ წავიდეთო, უთხრა მაკინეს. გაჰყვა ასული. ნელი ნაბიჯით გაიარეს ხიმე და ხიდზე შეჩერდნენ ორნი საცქერელად ჭრელი ჭერეხის.
          უხმოდ უცქერდნენ ბოშა ქალის მსგავსად შეფერილ რიყეს ხიდიდან. შიგაშიგ მღვდელი აპარებდა მზერას უსოსკენ და ცდიდა მისი ხასიათის მანკიერ მხარეს.ასულს ვაჟკაცის შემართებით ეჭირა თავი.ცდილობდა შფოთი შეენიღბა მშვიდი ღიმილით...
          -მოგწონს ბოშები?- სხვათაშორის ჰკითხა მამაომ.ქალმა კვლავ ძალად გაიღიმა და ვერ იუბნა,რატომღაც პასუხს მოუყარა თავი ვერაფრით.ეთქვა არაო,იცრუებდა,რადგანაც ბოშათ ბანაკისკენ მაინც ქურდულად გაურბოდა თვალი შიგაშიგ.
          -შვილო,ბოშანი უცნაურნი არიან ფრიად.არავინ უწყის სამკვიდრო და საჯიშო მათი.ჩვეულებანი საკვირველი ჰქონდათ ყოველჟამს: ჯადობაზობდნენ, მკითხაობდნენ, კრულავდნენ გველებს,ყველაზე უკეთ წვრთნიდნენ  ცხენებს და აჭენებდნენ,ცნობდნენ ცხოველთა და ფრინველთა ენას საოცარს და მცენარეებს აგროვებდნენ სხვათა სალბუნად.არ მუშაკობდნენ,გლეხის ჯაფა უკვირდათ დია,დოვლათს მჩხიბავის უნარით და ვაჭრობით ქმნიდნენ...მცირედ შეყოვნდა მამაო თუმც მაინც განაგრძო: - იცი,რომ ბოშებს ტაძარშიაც უშვებენ ზოგჯერ,ოღონდ არა ჩვენ,დაგვიფაროს მაღალმა ღმერთმა.თურმე ისინი ისწრაფვიან ბავშვის მონათვლას და რაც ყველაზე საკვირველ არს,არაერთჯერად.სხვადასხვა ტაძარს აკითხავდნენ ნათლობის თხოვნით და მოსანათლ ბალღს ჯიბეებში უყრიდნენ ხოლმე ღილებს,ძვირფას ქვებს ანაც კიდევ ოქროს მონეტებს. იმათი აზრით არაერთხელ მირონცხებული ნივთები ვითომ გრძნეულების  იძენდნენ ძალას... ურწმუნოთ სჯერათ,რომ ბოშების ქირომანტია, ყველაზე უკეთ გამოსახავს კაცის მომავალს.გახსოვს, სიყრმეში ყველას თხოვდი მოეცათ ხელი და მის მომავალს კითხულობდი თითქოს თვალნათლივ... აი,ეს არის ბოშა ქალთა საქმე მთავარი... ამის კეთება ცოდვა არის, შენც იცი დიდი და ამიტომაც გიკრძალავდით უკეთურ თამაშს... ბოშის სიყვარულს გაურბოდა ოდითგან ყველა,რადგან თუ ვინმე გაბედავდა ეთქვა უარი, მაშინვე ეშმაკს აკითხავდნენ სატრფოს საგვემად...
            მოძღვრის ნაამბობს ყურადღებით ისმენდა ქალი და წამითაც არ აშორებდა მზერას ფარდაგებს.გრძნობდა,რომ განგებ მოუთხრობდა მოძღვარი ყოველს,ამით ცდილობდა მისი სულის სიმტკიცე ეცნო.ბევრი საერთო დაინახა უსომ ბოშებთან და უნებურად მოტრფიალე შეიქმნა მათი.მაგრამ მაშინვე გაახსენდა დემნას სიტყვები:-,,ბუნებით ტრალი ყოფილაო ბოშათა მოდგმა და თვით ტრიობა უქცევიათ ძირითად წესად.იქ,გინა კაცი,გინა ქალი ყველა მრუშია და რადი ქცევა ეწიფებად სიყრმითგან ყველას."... მაკინემ წამსვე გადიწერა სამჯერ პირჯვარი და გულში ცოდვის შეწყალება სთხოვა მამა ღმერთს.მოძღვარს ეამა სანაქებო ქცევა ქალისა და მიხვდა,შველა მისი სულის არ იყო გვიან...
          დაბრუნდნენ უკან...
         
         

                          (გაგრძელება იქნება)

           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები