ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jiqi
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2009


გენეტიკური კოდი

მე ჩემი თავი კლდეკარზე ვიპოვე,
თავიდან ვაკეთებ ბრინჯაოს ყალიბებს,
ჩემი ხმლის ფოლადის უძველეს ფორმულას
დავეკითხები მესხებს და ხალიბებს,
გაჭედილს გავაწრთობ ანკარა წყაროში,
შხეფებს თან მოყვება ქვესკნელის ძახილი,
სვასტიკის დამღებით დავფარავ მის ვადას,
მზის სხივებს გაკვეთავ ზღაპრული მახვილით,
ნიავი მოვა და იდუმალ ჩურჩულით
უძველეს მითების შინაარსს გამანდობს
და გაოგნებულს კლდეკარზე დამტოვებს,
ჯავახის ზეგანზე რომ გაინავარდოს,
მარტო დარჩენილს, მე, ციხის ქონგურზე,
თავზე დამტრიალებს არწივი ეული,
გველეშაპივით მიწიდან ამოდის
გენეტიკური კოდების ხვეული,
ცხადში ვუყურებ წარსულის სურათებს-
მეფეებს, მეომრებს, მდიდრებს თუ ღარიბებს,
გონებას ვკარგავ და სხეულის გარეშე
კოსმოსის სიღრმეში მივყვები ყარიბებს....
... თუ ვინმე ოდესმე კლდეკარზე ამოვა
და ვერსად ვერ ნახოს იქ ჩემი სხეული,
ნიავის მოტანილ მითებში იპოვოს
გენეტიკური კოდების ხვეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები