ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2009


თავი 8. ცოცხალი სამყარო ("შორია დედამიწამდე...")

დათრგუნული იყო თეო გეადან დაბრუნების შემდეგ.
იქით გახედვაც აღარ უნდოდა, არათუ უკან დაბრუნება. აღარც არავინ ეუბნებოდა გეაზე წასვლაზე რამეს. თითქოს პირი შეიკრესო, გეას ხსენებაც კი აღარ ხდებოდა თეოს ახლო-მახლო.

და აი, ერთ დღეს თავის ირემზე ამხედრებულმა და ტყის პირას მოსეირნე თეომ ლოდთან გიორგი დაინახა.
ირემს ფეხი ააჩქარებინა და ლოდთან არმისული ჩამოქვეითდა. სირბილით წავიდა გიორგისკენ.

- რაო, თეო, ხომ არ მოიწყინე?
- ძალიან, მაგრამ...
- მაგრამ?
- აღარ მინდა გეაზე...
- მიზეზი?

თეომ ჯერ გიორგის შეხედა და მერე გვერდზე გაიხედა ცრემლიანი თვალებით.
- თეო, მიზეზი-მეთქი...
- გადავეჩვიე, გიორგი... ასე მგონია, ვეღარასოდეს შევძლებ საკუთარ სხეულში მოთავსებას.
- გეთანხმები, ძალიან გაგიჭირდება, მაგრამ... აუცილებელია!
- უკვე მოვიდა დაბრუნების დრო?
- არა, ჯერ ძალიან ადრეა. მოდი დაჯექი და მისმინე: ახლა გაიგებ იმას, რაც სიზმარშიც არ გაგიგია და არ გინახავს!
- ძმა შემეძინა? – თვალები აუკიაფდა თეოს.
- არა, პატარა... ცოცხალ პლანეტებზე უნდა მოგიყვე.
- ეს რომ მე მეთქვა, ნინუცა ფანტაზიორობას დამაბრალებდა... – გაეცინა თეოს.
- ეს არ არის ფანტაზია! ეს რეალობაა, რომელიც ვიცით აქაც, დარზეც, თაიაზეც, ვარფიმსა და ტორზეც, მაგრამ,  რატომღაც, არ იციან გეაზე, ლოტსა და საროზე!
- დაუჯერებელია, გიორგი.
- თუ არ გსურს დაჯერება, - ეს შენი ნებაა, მაგრამ, გჯერა, რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს?! ჯორდანო ბრუნო ამის გამო ცეცხლზე დაწვეს.
- საოცარია... მაგრამ გისმენ.
- მაშინ დავიწყოთ! მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ, “7” - ღმერთის რიცხვია: მამა-ღმერთის ტახტამდე – 7 საფეხურია, მუსიკაში - 7 ნოტია, სპექტრში - 7 ფერი... სამყაროში  შვიდი ცოცხალი პლანეტაა და ყოველ მათგანს თავისი ქალღმერთი ჰყავს, თავისი ფერი აქვს და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ცხოვრებით ცხოვრობს.
- და ყველა დედამიწისნაირია?
- არა, თეო... პლანეტები ერთმანეთისაგან განვითარების დონეებით განსხვავდებიან: ზოგი - ტექნიკური განვითარების თვალსაზრისით არის სრულყოფილი, ზოგი - სულიერების განვითარებით აღწევს უმაღლეს საფეხურს, ზოგი კი - თავისი განუვითარებლობით გაოცებს.
- დედამიწა როგორია, გიორგი?
- პლანეტა გეა, ანუ დედამიწა, სამივე ასპექტში,  მესამე  “საპატიო” ადგილზეა! იგი ამ სამი მიმართულების “ცენტრშია” მოქცეული და, როგორც გზაჯვარედინს შეეფერება,  სამივე მიმართულება თანაბრად არის წარმოდგენილი: სულიერებაც, ტექნიკაც და ცხოველური ინსტინქტებიც.
- და ფერებიც რომ ახსენე? “ყოველ მათგანს თავისი თავისი ფერი აქვსო”, რომ მითხარი?
- გიმეორებ, სამყაროში 7 ცოცხალი პლანეტაა:
1. ვარფიმი - წითელი პლანეტაა;
2. ტორი    - ნარინჯისფერი;
3. თაია    - ყვითელი;
4. დარი    - მწვანე;
5. გეა      - ცისფერი;
6. ლოტი  - ლურჯი;
7. სარო    - იისფერი პლანეტა.
ეს პლანეტები არ არიან დასახლებულნი ადამიანებით.  (იხ. ილუსტრაცია - თ.ბ.)

- სხვა პლანეტელები არ არიან ადამიანები? აბა ვინ არიან? – გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა თეო გიორგის და ყოველ სიტყვას ყლაპავდა.
- არა, არ არიან... ამ პლანეტათა წარმომადგენლები “ადამიანები” არ არიან იმ ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ “ადამიანი” - “ადამის შთამომავალს” ჰქვია, ბიბლიური ადამი კი სულაც არ იყო მათი წინაპარი, გარდა ერთი პლანეტისა, რომელსაც, თქვენებურად, “დედამიწა” ანუ კოსმიური სახელი “გეა” ჰქვია.
- აბა, რა ქვიათ?...
- ამის შემდეგ თითოეული პლანეტის წარმომადგენელს ამ პლანეტათა შესაბამისად მოვიხსენიებ-ხოლმე, მაგალითად, “ვარფიმელი”, “თაიელი”, “ლოტელი” და ა.შ. ვეცდები, თითოეული პლანეტა დაგიხასიათო და “გაგაცნო”, თუმცა, სულის დონეზე (ანუ ქვეცნობიერად) შენ ყოველ მათგანს იცნობ, რამეთუ ყოველ მათგანზე ხარ ნამყოფი!!!
- ვაი, დედა... არ მჯერა, გიორგი, და რა ჩემი ბრალია? – გაეცინა თეოს, თუმცა მისი სიცილი არ იყო ძველებურად ლაღი და თავისუფალი. ნაძალადევად იცინოდა..
- ანუ, ეს ნიშნავს, რომ ისევ უნდა გადავდოთ შენი გამგზავრება?
- სად? სად მაგზავნიდით?
- ერთ-ერთ ცოცხალ პლანეტაზე.
- რომელზე? – თვალებში შიში ჩაუდგა თეოს.
- მე ვფიქრობ, ყველაზე განუვითარებელი პლანეტიდან დავიწყოთ, საროდან...
- რატომ?
- თუნდაც იმიტომ, რომ თაიასა და დარზე ყოფნის შემდეგ შენ აღარსად მოგინდება წასვლა.
- საროდან დავიწყებ, კი ბატონო... მაგრამ იქ როგორ გამაგზავნი?
- საინტერესო მოგზაურობას გთავაზობ, - უთხრა გიორგიმ და თეოს ხელი გადახვია, - გეაზე შენს სხეულში ხომ თაიაა ჩაბუდებული?
- კი, მერე?
- მერე შენ რომელიმე საროელად დაიბადები. ნაცრისფერობა გირჩევნია თუ მწვანეობა?
- კარგი, რააა, გიორგი, დამცინი? რა მწვანე? რა ნაცრისფერი? შეიძლება მწვანე კანი ჰქონდეს საროელ ადამიანს?
- თეო, იქ არ არიან-მეთქი ადამიანები.... და მათი მწვანეობა და ნაცრისფერობა რატომ გაგიკვირდა? დაფიქრდი, თქვენს გვერდით, გეაზე არსებობენ ადამიანები თეთრი, შავი, წითელი და ყვითელი კანით და მათი ნაირფერობა არ გიკვირთ...
- უი, მართალი ხარ... არ დავფიქრებულვარ ამაზე!
- ჰო, დაფიქრება და სიტყვებში ჩაღრმავება უნდა ისწავლო.
- ჰო, ალბათ... გიორგი, იქ წასვლამდე მომიყევი, რა საროს შესახებ? ცოტა ხომ მაინც უნდა ვიცოდე იმ პლანეტის შესახებ, რომელზეც მიშვებ?
- კარგი. მე მხოლოდ ძალიან ზოგად ინფორმაციას მოგაწვდი... შენ თხემით ტერფამდე საროელი უნდა გახდე!
- სხვა რა გზაა?!
- არც არანაირი!... მისმინე:

სარო – ი ი ს ფ ე რ ი  პლანეტაა. იგი ყველაზე პატარა პლანეტაა ზომით. დასახლებულია ჯუჯა არსებებით, რომლებიც “ჭიანჭველების სახელმწიფოსებრი” ცხოვრების წესით ცხოვრობენ.  საროზე მიწა მუქი იისფერია, ბალახეული საფარი - მომწვანო-მოიისფრო. ყველა ყვავილი - მხოლოდ თეთრია! სხვა ფერის ყვავილი იქ არ არსებობს. ყველაზე უცნაური აქ ჰაერია: მას საოცარი, იასამნის მძაფრი სურნელი აქვს, რომელიც ოდნავ აბრუებს კიდეც. და ამ სურნელს შეიგრძნობს ყველა, რამეთუ მასთან ადაპტაცია შეუძლებელია. ჰაერს აქ ფერიც აქვს, - გეგონება, ყველაფერი იასამნისფერ ნისლში გახვეულაო!.. და ამ ფერსაც კარგად ხედავს ნებისმიერი საროელი. 

პლანეტაზე ორი რასაა: ნაცრისფერები და მწვანეები.

ნაცრისფერები - ცოცხალმშობიარენი არიან, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე - 75-80 სმ-ია. მათ თითო კიდურზე სამ-სამი თითი აქვთ. მათთვის დამახასიათებელია გრძელი, “კიტრანა” თავი, დაფარული ხშირი ბალნით, რომელსაც “თმას” მე ვერ ვარქმევ. ცხვირის ნაცვლად ერთი სამკუთხა ხვრელი აქვთ; პირი - სწორი ჭრილით, თხელტუჩებიანი;  უწამწამო დიდი შავი თვალები; უცნაური ფორმის, წვეტიანი ყურები; აბსოლუტურად უბალნო ტანი.

მწვანეები - კვერცხისმდებლები  არიან და უფრო დაბალგანვითარებულ ფორმას მიეკუთვნებიან. მათი სიმაღლე - 30-35 სმ-ია. მათ პატარა, კუდის მაგვარი წანაზარდი აქვთ, - გრძელი და განიერი, საკმაოდ მოქნილი კუდუსუნის ძვალი ამ კუდის “მდებარეობა” განსაზღვრავს საროელის მოქმედებას: თუ კუდი აწეულია, - საროელი გაქცევას აპირებს;  დაბლა დაშვებული და ფეხებისკენ შეკეცილი კუდი, - საროელი ბრძოლისათვის ემზადება; უბრალოდ დაბლა დაშვებული კუდი,-  საროელი მშვიდად არის, რადგან საფრთხე არსაიდან ელის.

ნაცრისფერები ჩვეულებრივი, “ტრადიციული” მეთოდით მრავლდებიან. “მაკეობა” დაახლოებით, 3 თვეს გრძელდება, უფრო ზუსტად კი - 100 დღე-ღამე. ჩვილი 10-15 სმ-იანი იბადება. დედა 100 დღე-ღამე აწოვებს ძუძუს თავის პირმშოს. 100-120 დღის ჩვილი სიარულს იწყებს.

მწვანეები, როგორც აღვნიშნე, კვერცხისმდებლები არიან. მდედრი დებს 2-4 კვერცხს. კვერცხებს თბილად ინახავენ, მაგრამ გამოსაჩეკად არ ასხდებიან. “ჩეკავენ” ყველას, მაგრამ გასაზრდელად ირჩევენ 1-2-ს. დანარჩენებს უპატრონოდ ტოვებენ და ისინიც თავად იხოცებიან.

ოჯახი მათთან არ არსებობს. ბავშვმა იცის მხოლოდ დედა! 5 წლის ნაცრისფერი და 2-3 წლის მწვანე საროელი დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას და დედაც “ახალ ბავშვზე“ იწყებს ზრუნვას.

მწვანე საროელები არიან მებრძოლები და მშენებლები. მებრძოლთ შვილები - მებრძოლები გამოდიან და  მშენებლების შვილები - მშენებლები. მათ პროფესიას გენეტიკურად განსაზღვრავს კუდისა და ხელების სიგრძე. მებრძოლებს კუდიც გრძელი აქვთ და ხელებიც,  მშენებლებს - მოკლე კუდი და გრძელი ხელები აქვთ, მდედრებისთვის კი - პატარა მკერდი,  მოკლე კუდი და მოკლე ხელებია დამახასიათებელი.
მწვანე საროელები ვეგეტარიანელები არიან.  მოსავალი მოჰყავთ ქალებს.

ნაცრისფერი საროელები  მისდევენ მიწათმოქმედებას, მეცხოველეობას, არიან მებრძოლები, მშენებლები, მონადირეები, მკურნალები.
ნაცრისფერები არ არიან ვეგეტარიანელები. ისინი ამრავლებენ საროზე გავრცელებული ცხოველების გარკვეულ სახეობას, რომელსაც, შემდგომ, საკვებად იყენებენ. სხვათა შორის, ნაცრისფერი საროელები არც მწვანეებზე ამბობენ უარს და მათაც მიირთმევენ. ნაცრისფერებს განსაკუთრებით უყვართ მცირეასაკოვან მწვანეთა “შეხრამუნება”.

ტანსაცმელს საროელები არ ატარებენ, - მათ არც იციან, რა არის  ტანსაცმელი.

საროელები ქვაში ნაკვეთ ქალაქებში ცხოვრობენ (ისეთებში, როგორიც არის ჩვენი ვარძია თუ უფლისციხე, მაგრამ - მცირე ზომისა!).

ტრანსპორტის  ერთადერთი სახეობა - საკუთარი ფეხებია.

იარაღი აქვთ შუბის, მშვილდ-ისრისა და ბუმერანგის მაგვარი. მათ იყენებენ როგორც სანადიროდ, ისე ბრძოლის დროს.

დრო. იქ ითვლიან მხოლოდ “გაზაფხულის წყალდიდობებს” და  დღე-ღამეს, - რამდენჯერ გათენდება და დაღამდება!

ნაცრისფერი საროელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 “გაზაფხულის წყალდიდობაა”,  მწვანე საროელებისთვის კი - 20.
სიკვდილი იქ ჩვეულებრივი მოვლენაა და არავინ იკლავს გლოვით თავს. მიცვალებულს  მიწაში მარხავენ იმავე ან მომდევნო დღეს.

მეტყველებენ როგორც ნაცრისფერი, ისე მწვანე საროელები, თუმცა - სხვადასხვა ენაზე. ერთმანეთის ენა არ ესმით. ნაცრისფერი საროელების მეტყველება აქაური ინდიელების ლაპარაკს ჩამოჰგავს, მწვანეები კი - უფრო დანაწევრებულად ლაპარაკობენ.


თეო, მეტს არაფერს გეტყვი. შენ მალე გაემგზავრები მათთან და ერთ-ერთ საროელში ჩაიბუდებ ისევე, როგორც შენს სხეულშია ჩაბუდებული თაია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები