ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: orange
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2009


ტაი სან..

ნუ ღელავ ტაი სან..
ოდესმე ისევ მოფრინდებიან ბეღურები,
თავს შენ თბილ ხელებს დაადებენ და გაირინდებიან,
ოდესმე ისევ აყვავდება მოტეხილი ნუშის ტოტი
გუშინ რომ იპოვე და სათუთად შეინახე,
ოდესმე ისევ მოგესმება შორეული მგზავრის მონატრებული ხმა.
ნუ ფიქრობ ტაი სან..
თავს ნუ იტანჯავ შენი უთქმელობით,
ხანდახან მაინც ისაუბრე ხმამაღლა,
გამვლელებს, მერე რა თუ გიჟი ეგონები,
სამაგიეროდ ცოტა დამშვიდდები,
სულის სიმშვიდეს მოიპოვებ.
ნუ ტირი ტაი სან..
შეიმშრალე ეგ თვალები და პატარა ბავშვს ნუ დამგვანებიხარ,
ცრემლებით ნუ გაწუწე ახალგაზრდობისდროინდელი კაბა,
ნუ ზლუქუნებ და თავი საცოდავად ნუ მოგაქვს,
ხომ იცი მაინც არავის შეეცოდები შენი მარტოობის ჩათვლით.
ნუ დარდობ ტაი სან..
მერე რა თუ მეზობლის ბავშვებმა ისევ ჩაამტვრიეს მინა,
მერე რა თუ დღეს მამისეული ლარნაკი გაგიტყდა
და ღვინოც დააქციე ძვირფას ხალიჩაზე,
მერე რა თუ შენი ერთადერთი ქოლგა მოხუც მათხოვარს ათხოვე და აღარ დაგიბრუნა.
ნუ ფურცლავ ტაი სან მაგ დღიურს..
თავი დაანებე მოგონებებში ქექვას
უკვე მტვრად ქცეულა შენი ნაწერები,
მე შენს ადგილას ცეცხლში გადავყრიდი და ამოვისუნთქავდი.
ჭრელ თავსაფარში გაახვიე წარსული და აღარ გაიხსენო.
რა გაფორიაქებს ტაი სან..?
ასე რატომ გიკრთის ცრემლის გუბეები ნაოჭიან, მზიან თვალებში?
რაღას ელოდები ტაი სან..?
ანდა რაღას უნდა დელოდო, რაღა დაგრჩენია..
ხიდზე ნუ მიდიხარ ტაი სან..
და მოაჯირზე ნუ დგები აკანკალებული,
ცივია წყალი, ტაი სან, ძალიან ცივი,
მიწაც ცივია, შენ კი არავინ დაგმარხავს ისე როგორც დაწოლისას თბები,
ბავშვობა გაიხსენე ტაი სან,
არსებობის წუთები გაიხანგრძლივე,
და ბოლოს და ბოლოს ნუ დგები ამ დამპალ მოაჯირზე აკანკალებული..!
........................................................
მე ხვალ შენს საფლავზე მოვალ ტაი სან..
ყვითელგულა გვირილებს და აყვავებული ნუშის ტოტებს მოგიტან,
შენგან კი იმ ტკივილს და სევდას წავიღებ, რომელიც ჩემს მარტოობასაც გამახსენებს,
და რომელმაც ხვალ შეიძლება მე დამაყენოს ხიდის მოაჯირზე..
შემინდე ტაი სან..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები