ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სუფლიორი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2009


@@@@@@@@@@@@@@@@@

(ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა)

ქარის სუნთქვა შემოასკდა საფეთქელზე ხვეულ
შავი ფერის თმებით ყურთან დასმულ კითხვის ნიშანს,
სტრიქონ-სტრიქონ ვიხსენებდი მარტში გასულ წლეულს,
როგორ გწვავდა მკერდზე ჩემი კოცნის მცირე გლოსა.
დღეს მეზობლის ბოსტანიდან ჩემს ეზოში რხეულ
ყვავილივით ჩუმად გკრეფ და ნება-ნება გყნოსავ.

სოფლის ზუნზლში ავტობუსით შემოვედი ყვითელ-
ყვითელ ფოთლის ხრაშახრუში იუცხოვა ძეწნამ,
მოვდივარ და თვალწინ მიდგას ღამეს როგორ გითევ.
ზვინის ორთქლში როგორ წვება ღამის კოპიტები,
დღეს ტყე ველებს მოღრუბლება დაუხურავთ რიდედ,
ვიცი ერთხელ თუ შეგხედე ასჯერ მომინდები.

მოდის სოფლის ავტობუსი ბურან-ბურან-ბურან
და ბავშვები ფეხშიშველა გამოსული ღელედ,
აყოლებენ საწყალ თვალებს ბებრები კი ყურანს
კითხულობენ უკუღმა და ჭადის სუნი ჰფანტავს
მათ ზერელე თადარიგს და ვერ ხვდებიან თუ რა
უთქვამს წარსულს,  ჯვრის ფორმა კი მიუღია პანტას.

რახა-რუხით მოდის სოფლის ავტობუსი, სევდად
მოაქვს ჩემი ბავშვობა და მოჰყავს სიპოეტე,
თან მარწმუნებს რომ ჭაღარა დაიბადა დედა,
დედის ბევრი სტრიქონი და სიყვარული მმართებს,
მოვდივარ და ჩემს განვლილ წლებს სულ სხვა კუთხით ვხედავ
წლები ჰგვანან მამაჩემის წვივთან მთვლემარ  კატებს.

ხალისს მმატებს ავტობუსის ულვაშება მძღოლი,
გზა მცირდება შუკა-შუკა, ბილიკ-ბილიკ-ბილიკ,
ჩავდივარ და მილოცავენ - შეგირთავსო ცოლი,
უკვე დიდი კაცი ხარო  - რაც ბავშვურად მნაღმავს,
ბუხრიდან კი ბოლავს თეთრად დაბინდული ბოლი -
ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს