ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2009


მეტი არაფერი

დღეს ვარ ხასიათზე უფრო ალერგიულ,
თურმე კომაა და თქვეს, რომ აბსანსია.
აქეთ - თითო ჭიქა, იქით - ბარბეკიუ,
მთელი ეს ცხოვრება ერთი ნაფაზია
მხოლოდ, როგორც უნდათ, ისე დაითვალონ.
ცაზე ღრუბელია სუსტი, ბარეჟივით.
უკვე ვეღარ შველის ტკივილს ბარბიტალი,
ისე მაგრადაა სული დაჟეჟილი.
თითქოს უსაზღვროა, თითქოს დიდი არის,
მაგრამ დედამიწა მაინც ბარაკია.
კარგი, თუ ძმები ხართ, რაის იდეალი,
ზოგჯერ მგონია, რომ ტბორის ბაყაყი ვარ.
წუხელ მეათასედ ღამე გადავტეხე,
ჩანდა მინებიდან მთვარე - კაბოშონი.
ღმერთო, ჩამომხედე სულში კიდევ ერთხელ,
ან ამ დღეებიდან სისხლად გამოჟონე,
თორემ ავაშენე ისევ ბაბილონი,
ცენტრში გოდოლია, ირგვლივ - ბალაგანი...
და თუ ახლა რამე სუნთქვას აიოლებს,
და თუ ახლა სადმე დარჩა გასაქანი,
მეტი მე არ ვიცი, მეტი მე არ მინდა,
მხოლოდ შენ ერთი ხარ, ღმერთო, გამამთელე
ორად გახლეჩილი, ისევ მიამიტად
მინდა უმნიშვნელო ვიყო, ბაგატელი,
მეტი არაფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები