ამას წინათ სიყრმის მეგობარი შემომხვდა -ნოშრევან გორგიშელი. მრავალი წლების განმავლობაში მის შესახებ არაფერი ვიცოდით. ამბობდნენ, სადღაც იმიერპოლარეთში -პატიმრობაში გარდაიცვალაო. არავინ იფიქრებდა, რომ მას ოდესმე ეს ბედი ეწეოდა. უწყინარი ბიჭი იყო, მორიდებული, თავმდაბალი. ადრიანი ბავშვობიდანვე ლამაზ ლექსებსაც წერდა. ერთი ჩვენი თანაკლასელი, ცისფერთვალება, ოქროსთმიანი გოგონა თავდავიწყებით უყვარდა და აი, მრავალი წლის შემდეგ ბავშვობისა და სიყრმის დროის მეგობარს შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ საზარელი წამება გამოევლო, ყოჩაღად გამოიყურებოდა და არც ლათინური ენა დავიწყებოდა. (ეს მისი ჰობი იყო) ფაცილის დესცენსუს ავერნი* -Facilis descensus Averni. ეს ფრაზა მან პათეტიკურად წარმოთქვა და დასძინა: -საქართველოში წინათაც, ახლაც და შესაძლოა მომავალშიც -სულ მუდამ ადვილი იყოს უდანაშაულო ადამიანის უფსკრულში შთანთქმა! -ტყუილად გაგტეხია გული, მეგობარო -ვუთხარი და ჩემთან მოვიპატიჟე. სულ მალე მინახულა. მოგიზგიზე ბუხართან ვისხედით, გულითადად ვბაასობდით და თან რიგ-რიგობით სადღეგრძელოებს ვამბობდით. როდესაც ჩემი საქმიანობის შესახებ შეიტყო შემომთავაზა: -კარგ, მდიდარ მასალას მოგცემ, აღწერე ჩემი თავგადასავალი, ეგებ ვინმეს ცხოვრებაში გაკვეთილად გამოადგეს, თუნდაც მხოლოდ გაერთოს მისი წაკითხვით, თქვა ეს და პორტფელიდან პატარა ლამაზად მოჩუქურთმებული სკივრი ამოიღო. (ასეთ ლამაზ ყუთებს მხოლოდ საპატიმროებში ამზადებენ). სკივრი რომ გახსნა ცისფერი ბაფთით შეკრული წერილების დასტები აღმოჩნდა. ვხსნი ცისფერ ბაფთებს და თანმიმდევრობით მინდა გაგაცნოთ ამ წერილების შინაარსი, მე არაფერი შემიცვლია, ყველაფერს ხელუხლებლად ვტოვებ. ზოგან გვარი და სახელია წაშლილი, ზოგან - თარიღები, შესაძლოა ცრემლებით ან ჟამთაცვლით! 194... მირკანი (რიცხვი წაშლილია) ქ. თბილისი. ძვირფასო ნელი, ჩემგან დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ მიიღებ წერილს, ვიცი შეწუხდებოდი... რუსთავში უკანასკნელად რომ მინახულე, გაზაფხულის პირველი იები და მთაწმინდის წმინდა მიწაც რომ მომიტანე შენს მიერ მოქარგული ქისით ძალიან გამამხნევე. გაიოცებდი ალბათ, მალაელებივით გაყვითლებული როცა გვიხილე ყველა, ლანდებივით ძლივს მოლასლასენი, მაშინ არაფერი გითხარი, მღელვარებამ მეტყველების უნარიც წამართვა და გონიც, ახლა კი დამშვიდებული, ნათელი გონებით ვწერ ჩემს მიერ რუსთავში გატარებული დღეების შესახებ. შეძრწუნებული ვიყავი ყოველივეთი, რაც მე რუსთავში ვნახე, ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ იმ საზარელ ქაოსს, ჭაობს და წუმპეს რუსთაველის სახელი ერქვა, ეკლიანი მავთულით შემოვლებულ, დიდ უდაბურ მინდორში საქონელივით შეგვრეკეს, რამდენიმე ასეული პატიმარი იქ უკვე სახლობდა -გაყვითლებული, გაძვალტყავებული, ზოგ მათგანს ჩვრით ჰქონდა შეხვეული სახე ან ხელ-ფეხი, სიდამწვრის გამო იქ უკვე მოქმედებდა ფოლადის სადნობი ბრძმედი, მაგრამ უსაფრთხოების წესს ვინ დაგიდევდათ, შენიშნავდით რამდენიმე კარავს და ფარდულსაც... უმეტესნი კი პირდაპირ მინდორში ვეყარენით - მიწაზე. ძალიან ცოტას ჰქონდა ქვეშაგები და ისიც ზედმეტი ზრუნვის და წვალების საგანი იყო, რადგანაც კაცს თვალი რომ მოეხუჭა, „ტურები” (ასე დამწყებ, პატარა ქურდბაცაცებს ეძახდნენ) მაშინვე იტაცებდნენ, რაც კი ხელთ მოხვდებოდათ, ელვისებურად გარბოდნენ ხშირად „კანონიერ”'ქურდებსაც კი ჰპარავდნენ, ისინი ხომ არავითარ ქურდულ წესებს არ იცავდნენ, სრული „თავისუფლება”' ჰქონდათ მინიჭებული, ხელკეტებით, მეფური იერით დაბრძანდებოდნენ („გაფუჭებული ქურდებიც”) და ვაი იმას, ვისაც მათი ხელკეტი მოხვდებოდა, სიკვდილს მოანატრებდა, კოღოები, კოღოები! თითქოს საგულდაგულოდ ახლებს უფრო კბენდნენ, ასნებოვანებდნენ. ტროპიკული მალარია მძვინვარებდა. ყველას ჯანმრთელს და ავადმყოფს აკრიხინინს ასმევდნენ, იმიტომ ვიყავით ყველანი გაყვითლებულები, მეც ავად გავხდი და დავრწმუნდი იმ ანდაზის სისწორეში, რომ „ზოგი ჭირიც მარგებელია”. თავი ერთ-ერთ ფარდულში ამოვყავი და ძლიერ გავოცდი, ჩემი თანაკურსელი (მედიკი) გოგი გობრონიძე, რომ დამიხვდა, ქურდობის გამო იხდიდა სასჯელს და იქ ფერშლად მუშაობდა. ალბათ იცი, რომ ახლა ქურდობა ძალიან მოდაშია. მრავალი სახელოვანი მამულიშვილის და ფუნქციონერის შვილიც ამ ტიტულს დაეძებს, ქურდობა კარგ ტონად ითვლება, ეტყობა მთავრობაც მიმტევებლურად და ერთგვარი მოწონებითაც კი ეკიდება ამას, იციან, თუ რა უსაზღვროდ სძულთ სისხლის სამართლის დამნაშავეებს პოლიტპატიმრები, ფაშისტებსაც კი გვეძახიან, ქურდები სანდო ხალხია, ისინი კიდევ გამოდგებიან „ნათელი მომავლის” დამკვიდრების საქმეში. გივი კეთილი ბიჭია, ობლობით გაზრდილია, ეტყობა მოშივდა და იქურდა! მახსოვს სტუდენტთა სასადილოში, როგორ ვეძებდით მაკარონს, კომბოსტოს ფთილებს... აქ ის „დიდი კაცი” გახლდათ, ფერშალ გოგის წიგნები და ჟურნალები მოჰქონდა ჩემთვის, ბიგუმალიც კი მიშოვა -„პრესტიჟული პატიმრებისათვის” განკუთვნილი წამალი. ღია საბარგო მანქანაში ჭიჭყინებივით ჩაგვაწყეს, თავზე ბარგი დაგვაყარეს და ასე სულის ხუთვით გადაგვიყვანეს საპატიმროში, „ავჩარკა” ძაღლების და არანაკლები ძაღლი ზედამხედველების თანხლებით. ერთმა ძაღლმა პატიმარს ყური მოაჭამა, ზედამხედეველები იცინოდნენ -მაინც კარგს ვერაფერს გაიგონებ და ყური რად გინდაო. ჭეშმარიტებაა! გზაში კი მაინც ხანდახან ვახერხებდი ახლად აყვავებული ხეხილისათვის თვალი შემევლო და გზად ფეხით მიმავალი „თავისუფალი” ადამიანების ხმაც გამეგონა. პატიმრები მოქალაქეებზე ხშირად ასე ხუმრობდნენ: ჩვენ რა გვიჭირს, უკვე მოგვესაჯა, ეგენი კი ჯერ ისევ ძიებაში არიან, საცოდავები! როგორც იქნა მივედით საპატიმროში. გავოცდი: როდესაც ფარშევანგის ხმა გავიგონე (ხოლო მეორე დღეს ეზოში მობაჯბაჯე, უზარმაზარი რუხი დათვიც შევნიშნე), თავი სიზმარში მეგონა, ალბათ ვინმე პატიმრის ჭირისუფალმა ციხის უფროსს ქრთამად მიართვა. მალე გონგის ხმაც გავიგონე. ზარები! საზარელი საპყრობილის ზარები. ყველას გვაუწყებენ, დაიძინეთო! ალბათ ჯალათებს ის უფრო ხელს მოუმართავს, თუ ჩვენ მშფოთვარე სულსაც დააძინებენ და წაბილწავენ... და თუ მიაძინებენ ჩვენს სინდისს, ჩვენს გონებას, მრავალივით უტყვ მონებად გვაქცევენ. ჰოი, საზარელი საპყრობილის ზარები, მგონია თითქოს მხოლოდ ჩვენ ტყვედქმნილთ კი არა, ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოსაც კი მკვდრული ძილისკენ მოუხმობს. „ო, ღმერთო, ღმერთო, სულ ძილი, ძილი როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება”. ამ წერილის გამოგზავნა ჯერ-ჯერობით ვერ შევძელი და მინდა კიდევ სხვა გულისტკივილიც გაგიმჟღავნო: უკანასკნელად რომ მესტუმრე, შენიშნე მაღალი ელექტრო ძაბვის მავთულზე ჩამოკიდებული ურიკა?! არა?! იცი რა საშინელება მოხდა?! ერთმა პატიმარმა ფიცრებისაგან მავთულებით პატარა ყუთი შეაკოწიწა და ღამით ამ „ხომალდით” ცაში გაცურდა. ბნელი ღამე იყო, გვიანი ღამე, ყველას ეძინა, თვლემდა „თუთიყუშიც”, ასე ეძახიან სათვალთვალე კოშკზე რომ ზის იმ გუშაგს. უცებ იქუხა, ელვამ გაკვესა და გუშაგმა შემთხვევით შენიშნა თითქმის სამშვიდობოს გასული პატიმარი და ავტომატის ჯერით დაცხრილა. კარგა ხანს ეკიდა ცაში ის უცნაური პატარა „კუბო” და მოკრუნჩხული, ჩაშავებული ახალგაზრდა კაცის გვამი. ღმერთმა გაანათლოს იმისი სული, რა დიადი თავისუფლების მოყვარე სული უნდა ჰქონოდა იმ ჭაბუკს, რომელმაც ეს მოიმოქმედა. ყველას სძინავს, მე კი არ მეძინება გული საშინელი კაეშნით მევსება. როდემდე?! შენი ნოშრევანი. ჩემო ნელი! არ ვიცით რას გვიპირებენ, ვაი თუ შენი დანახვის საშუალებაც კი მომესპოს, ამბობენ „შორეულში” გაგზავნას გვიპირებენო. გუშინ ჩემს სანახავად დედ-მამა მოვიდა, ნახვის ნება არ დართეს, ფანჯარაზე ავხოხდი და ასე მივესალმე ჩემს მშობლებს. გუშაგმა-თუთიყუშმა კოშკიდან ჰაერში გამაფრთხილებლად ისროლა, ნეტავი მოვეკალი. მომბეზრდა თქვენი სიშორე, ამდენი ჭუჭყის და უმეცრების ხილვა, ამდენი მოლოდინი, რომ რაღაც საზარელი უნდა მოგვიზღონ. დილიდან მერცხლები ისე ევლებოდნენ ციხის ქონგურებს და სარკმელებს, რომ ვგრძნობდი ან შენ მოხვიდოდი, ან ჩემი მშობლები ჩემს სანახავად. „მწამს არს რამ ენა უასაკოთ და უსულოთ შორის!”. -ტყუილად კი არ უთქვამს დიდებულ ტატოს! ჰო! კიდევ აი რა მინდა მოგწერო, ჭკვიანი გოგო ხარ და იქნებ ამიხსნა რა არის ეს. უკვე მერამდენეჯერ ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება, შუაღამე რომ გადავა. ვითომ თბილისში ჩემს სახლში ვარ, ჩემი ბავშვობის საძინებელ ოთახში, სასთუმალზე ვწევარ, ფანჯარას ვიღაც შავებში ჩაცმული ქალი მოადგება, დედაჩემი არ არის, მაგრამ მისი ხმით კი მოთქვამს: -იტირე შვილო, იტირე, დედა გენაცვალოს, მამაშენი აღარ გყავს, შენი საყვარელი მამა! ვქვითინებ, ვქვითინებ, გულს მოვიკვეთავ ტირილით, სახეს ვიხოკავ და ოფლით გახვითქული, განაწამები ვიღვიძებ. მანუგეშებენ, სიზმრად ახლობელი ვინმე თუ გიკვდება, დღეგრძელების საწინდარიაო. ასეა?! მართლა ასეა?! მეტი რა მოგწერო. გკოცნი უთვალავჯერ. შენი ნოშრევანი. 194... მირკანი. თბილისი (ქალაქის ციხე). ნელიკო! „კარგი რამ გჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია”! ციხეში კარგი სიზმარი აცოცხლებს კაცს, ცუდი სიზმარი კი ჩვენ დამაწყევარს! აი, ამ დილის სისხამზე შავი სიზმარი ვნახე, თითქოს ფეხის ქუსლში უზარმაზარმა უხსენებელმა მიკბინა, დავიგესლე და უმალვე ამიცხადდა: -გორგიშელი ბარგით! -გაჰკიოდა ზედამხედველი. სიით იძახებდა ეტაპში გასაგზავნ პატიმრებს. არავინ იცის, საით გვიკრავენ თავს. იმ რუსთაველი ოფიცრის სურვილი და წინასწარმეტყველება ახდება ალბათ. შენი ნოშრევანი მირკანი. თბილისი (ქალაქის ციხე)! ნელიკო! ისევ ღია მანქანებში ჩაგვყარეს, თავზე ჩვენივე ბარგი-ბარხანა დაგვაყარეს და სუნთქვა შეკრულები რკინიგზის სადგურისაკენ გაგვაქანეს. ორი პატიმარი დაგვეხრჩო სულის ხუთვით. წყელვა და კრულვა ჯალათებს. იმისიც კი არ ეშინიათ, რომ დღისით-მზისით ამ საზარელი ბალდახინებით ჩვენი სამშობლოს ცენტრალურ გამზირზე, რომელიც უდიადესი შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, ახალი გოლგოთისაკენ მიგვაქანებენ. არც ვისიმე ეშინიათ, არც ვისიმე ერიდებათ. მათ ხომ ყველა მოქალაქე ცხვრად, მორჩილ და გამოჩერჩეტებულ მონად აქციეს. გული ტკივილით შემეკუმშა, როდესაც ჩვენი სკოლისკენ ჩაგვატარეს, როდესაც ოპერის თეატრთან მდგარ აკაკის ძეგლს ჩავუარეთ, ლადო ასათიანის ერთი ლექსის სტრიქონი გამახსენდა: „აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი”, მალე ალბათ იმ ვარდსაც ძირიანად მოთხრიან, რის რომანტიკა რა რომანტიკა, აი ახლაა სწორედ მართებული აკაკის გულისწყრომით ნათქვამი: „ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ”! სადგურზე დედ-მამა და მთელი ნათესაობა დამიხვდა. ყველას ნაღვლიანი და განაწამები სახე ჰქონდა. შენც შეგნიშნე, მოშორებით მდგარი მალულად ცრემლს იწმენდდი. გული ჩამიკვდა, ძალად გავიღიმე, მუშტი შევმართე და გამოგძახე: -მე დავბრუნდები, უსათუოდ დავბრუნდები, ნახვამდის! მატარებელი დაიძრა, სტოლიპინის რონოდაში ნაცნობი ბიჭები ვისხედით, თითქოს აინუნშიც არ ვაგდებდით ამ დიდ განსაცდელს, მაგრამ ვაი, რომ სულში ჯოჯოხეთის ცეცხლი გიზგიზებდა. ვინ იცის, სად ამოგვაყოფინებდნენ თავს, ჩვენს ჭირისუფლებს კი ასე ანუგეშებდნენ, მოსკოვის ახლოს მიგვყავს, Gჯნვფ-ში, ახალი ძალიან კარგი ტიპის ბანაკებიაო. მივიღე მშობლების მიერ გამოგზავნილი ფულიც და ბარათიც. მათ თუ ვერ მიიღეს ჩემი ბარათი, მიდი, გაეცანი და ეს ჩემი წერილი წააკითხე. ამ ღვთისნიერი ჯარისკაცის ხელით გიგზავნი ამ ლექსსაც: - „მშვიდობით ვტოვებ მშობლიურ ქალაქს, სადაც მაწამეს და ჯვარზე მაცვეს, სადაც ყოველდღე ვხვდებოდი ჯალათს, სადაც ყოველდღე ვხვდებოდი გამცემს. რა მახსოვს ან რას ვნატრობდი ნეტავ, ან სიყმაწვილის წლები სად არი? მამულის ყველა საპატიმროთა გამხადეს მკვიდრი მე ბინადარი. ოცდაათ ვერცხლად გაყიდეს ქრისტე, ყველამ გამყიდეთ მე ჩალის ფასად და მაინც გლოცავთ მოყვასნო ისევ, კრულვით აროდეს გიხსენებთ არსად”. ვაი თუ ეს ბარათი სადაც ჯერ არს, იქ მიიტანოს ამ „ღვთისნიერმა” ადამიანმა, რა ცემა-ტყეპით ჩამომაგდებდნენ მატარებლიდან და რუსთაველის გამზირზე ერთ მიყუჩებულ საკანში ამომაყოფინებდნენ თავს და ალბათ სულ მალე შუბლში ტყვიასაც მომახლიდნენ. ნახვამდის, გკოცნი შენი ნოშრევანი. მირკანი, თბილისი (რკინიგზის სადგური, სტოლიპინის რონოდადან) ჩემო დაუვიწყარო და სათაყვანო მეგობარო, ნელი! ეტაპით ბაქოში ჩაგვიყვანეს, ძლიერ მენატრებოდა ზღვის ნახვა, თან მწარედ ვფიქრობდი ეს ტყვედქმნილი კაცი, ზღვას რომ ვიხილავ, რა საზარელი განცდა იქნება -მეთქი. რა ბედნიერი ვიქნებოდი ზღვის ღელვა მაინც მენახა, ქარიშხალი, მე ხომ ქარიშხალი უსაზღვროდ მიყვარდა. აქ პატიმართა შორის ერთი ახალგაზრდა მღვდელიც არის. გაგონილა უანაფორო, უწვერული მღვდელი, მე კი აი, ვნახე და ჩემს გვერდითა ზის. ფანატიკოსი არის, ამბობს ბედნიერი ვარ, ღმერთისთვის ვეწამებიო. უშვილძიროა, რუსულად ლოცულობს. ქართული ლოცვები მოგვესმინა, უფრო გვეამებოდა. ვის არ ესიამოვნება მშობლიურ ენაზე ღვთიური სიტყვების მოსმენა. თურმე სულმნათ აკაკის ყველაზე მეტად ბიბლიის კითხვა უყვარდა და ახალგაზრდა მწერლებსაც ურჩევდა: -თუ გსურთ ქართული კარგად იცოდეთ, ბიბლია ხშირად იკითხეთო. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ბიბლიას ან რომელიმე საღვთო წიგნს, რა სიწმინდეა, რა სინარნარე ენისა! აი, მისმინე: „ ...გან თუ ვიპყრე ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო დასასრულსა ზღვისასა შენ მუნ ხარ, ავთუხუცად შენ მუნცს შთათუხდე ჯოჯოხეთს მუნცა შენი ხელი მეუფებს და მარჯვენამან შენმა შემიწყნაროს მე...” ჰო! კიდევ იცი რა გამახსენდა აი, იქ, ქაშვეთის ეზოში ერთი ქანდაკება იდგა ანგელოზისა, პატარა ანგელოზს ფრთები დაეკეცა, პატარა ხელები კი ცისკენ აღეპყრო და მხურვალედ ლოცულობდა, ჩუმად შეიპარე იქ და სანთელი დაანთე, მაგრამ ვაითუ გევნოს რამე, ინსტიტუტიდან არ გაგრიცხონ. სანთლის დანთება არ გინდა, თუნდაც ისე მიიპარე და ჩემს მაგივრად ფრთებზე ხელი გადაუსვი, მოეფერე მას. ამ თვეში ატამი იფურჩქნებოდა ხოლმე და როცა ქარი დაჰქროლებდა, თითქოს იგი თვალთაგან სისხლის ცრემლებს აფრქვევდა, გახსოვს, სკოლიდან ვიპარებოდი და დიდხანს გაოგნებული შევყურებდი იმ ანგელოზს. მე მგონი მაპატიებ, რომ ისე უსაზღვროდ მიყვარდა მე იგი. ის ხომ რაღაც და-ძმური გრძნობა უფრო იყო... თუმცა იმასაც გაგიმჟღავნებ, ხშირად მიფიქრია - ალბათ ბედმა იმისათვის დამსაჯა, რომ მე მის სიყვარულს ვუღალატე. სისულელეა არა?! რატომ უნდა გეწყინოს, მე შენც ისეთივე სიწმინდით მიყვარხარ, ნელი, უფრო მეტადაც კი. ისიც ცხადია, საოცრად ტყუპისცალივით ჰგავხართ ერთმანეთს, ოღონდ სხვაობა ისაა, მას ქვის უგრძნობელი გული აქვს, შენ კი -უსათუთესი, მას ბრმობილი უსინათლო თვალები აქვს, შენ კი ცისფერი, სხივმოსილი! ოცნებიდან რომელიღაც პატიმრის სიმღერა მაფხიზლებს: ეთიმ-გურჯის ლექსის ტექსტზეა შექმნილი „ცრემლის ზღვაზე სევდის ხიდი!..” ძალაუნებურად უნდა დაგემშვიდობო, ახლა ზედამხედველმა გამოხსნა სარკმელი და შემოგვძახა -დალაქთან ვისა გსურთ წასვლა. საპყრობილე კი არა, პირდაპირ „მაღალი ტიპის სასტუმროა” თითქოს, ისეთი ზრდილობით და პატივისცემით გვექცევიან აქაურები ქართველებს. ამ რამდენიმე დღის წინათაც პირის გასაპარსად გავედით ქართველი ბიჭები, დალაქი ისე არ გვჭირდებოდა, როგორც ამ საკნის აშმორებული ატმოსფეროდან თავის დაღწევა. დალაქმა როდესაც გამპარსა, სარკის წინ მაგიდაზე სამთუმნიანი დავუგდე, მან მეგობრულად გამიღიმა და მითხრა: ჯერ ერთი მეც შენსავით პატიმარი ვარ, მეორე ჩვენ გურჯები ძმებივით გვიყვარან, მესამეც აი, ამ შენმა ძმაკაცმა მითხრა (მიმითითა რეზიკოზე, ჩემს მეგობარზე მეტსახელად „ცუცოიას” რომ ეძახიან), თურმე პოეტი ხარ, მეც ვწერ ლექსებს, სწორედ აქ იმიტომ შემომაგდეს, რას იზამ ახლა, კარგი ჩიტი მუდამ გალიაშია, ყვავ-ყორნები კი გალაღებული დანავარდობენ. მეტი რა მოგწერო, ნახვამდის. შენი ნოშრევან გორგიშელი. P.S. ხედავ, მე მჯერა, რომ გნახავ, იმიტომ სიტყვას '„მშვიდობით” არ გეუბნები. როგორ შეიძლება ღმერთმა მე და შენ არ შეგვახვედროს, ასეთ უღმერთობას ღმერთი ვერ შეიძლებს, მე მჯერა ღმერთის. მან ხომ ჩვენ ერთმანეთისთვის დაგვბადა, მაგრამ ვაითუ მიწყინოს ღმერთმა, რომ ასე უღმერთოდ, უსაზღვროდ თითქმის მასზე ძალიანაც კი მიყვარხარ! მაშინ ვაი და ვაგლახ ჩემს თავს. მეც ბევრი ვიცინე, გოგონებისთვის რომ გიჩვენებია ჩემი წერილები, ეგ ბიჭი მაგრად დარტყმულია და ჭკუა ნაღრძობიაო -ასეთი დიაგნოზი რომ დაუსვიათ ჩემთვის, ვინ იცის, ეგებ მართლაც ასე იყოს... 194... იგრიკა. ქალაქი ბაქო (განმანაწილებელი ციხე). ჩემო ნელიკო! ჩემო სიცოცხლევ! როსტოვისაკენ ეტაპით მოვდიოდით, გზად მშვენიერი მთები და დიდებული იმამის ციხე-კოშკთა ნანგრევები გვხვდებოდა. რატომღაც მრცხვენოდა, რომ იმ თავისუფლებისმოყვარე არწივს ჩვენი „ხახვის ფრანტები” ებრძოდნენ, გააფთრებულები, რათა მონის ხუნდები უფრო დაეკანონებინათ თავიანთთვისაც და ჩვენთვისაც, მომავალი თაობებისათვის! და აი, შორეული შედეგიც სახეზეა, რაღაც „სალდათური მიზეზით” ზედამხედველმა ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს, აკაკი კორინთელს ჯერ შეაგინა და მერე კი ამერიკული ხელბორკილი დაადო. ეს ბორკილები ჯალათებისათვის ძალიან საიმედო და სიამის მომნიჭებელიც არის, რაც უფრო მეტს ეცდება პატიმარი ბორკილისაგან თავი გაინთავისუფლოს და რაც უფრო მეტად მოძრაობს, მით უფრო პირბასრი კბილანები ღრმად იჭრება ქსოვილებში, წარმოიდგინე, ბორკილდადებული ახალგაზრდა ქართველი კაცი და თავისუფლებისმოყვარე იმამივით დიდებული არწივი, კამარას რომ არტყავს ცაში ჩვენი შერისხულების, მატარებლის ზემოთ. მეგობარი კი გოდებს ტკივილებისაგან მწარედ კვნესის, ვიყვიროთ, ვიწივლოთ? თავში ვიცეთ მუშტები? სიმწრით ქვას დავკვნეტდით, მაგრამ ვაი რომ ქვაც არ არის ჩვენს ხელში. სამაგიეროდ როსტოვში დონის ნახვამ დამიამა მტკივანი გული. თუმცა წამიერად დავლანდე ცისფერი დონი. მშვენიერი ჭრელსარაფანიანი პატიმარი ქალნი, ყვავილებივით მოსდებოდნენ მდინარის ნაპირს და სარეცხს რეცხავდნენ, ყველა მათგანი საოცრად ჯიშიანი და ლამაზი იყო. მეგონა პირდაპირ „კარნავალზე” მოვხვდი, მაგრამ გული საგულეში გქონდეს, შენ მაინც ვერც ერთი გჯობდა. აი, ღმერთმა მიწყინა ეს წამიერი ცდუნებაც და იმავე ღამით გამაცია, დიდი სიცხე მომცა (40-41º გრადუსი). ისევ კარანტინში ვართ, პატრონი ვინაა! რამდენიმე დღეა, თითქმის რაც პირთან საჭმელი არ მიმიტანია, მარტო წყალს ვეძალები. ჩემი ქართველი ამხანაგები შეშინდნენ, ზემოთ ნარებზე გადაინაცვლეს, იქ მიირთმევენ საჭმელს, რამე გადამდები არა ჰქონდესო, ეჭვობენ, მხოლოდ გიორგი ხიზაბავრელიღა დარჩა ჩემს სიახლოვეს -ჩემი მეგობარი. არ გამიცვნია ის შენთვის, ერთი მაღალი, ახმახი ქერა კაცია, ყოფილი პედაგოგი, დიდი პატრიოტი, ტყვედნამყოფი. მძიმედ დაჭრილი ჩავარდნილა ტყვედ, ხშირად ოხუნჯობს: ვიდრე უცხოეთში ვიყავი, ვმღეროდი: -Я тоскую по подинююю ახლა კი, დაბრუნების შემდეგ ვმღერივარ -Меня тоскают по родину! იმას გულისხმობს, რომ მრავალი ციხე და ბანაკი მოატარეს. მანვე გამოუძახა ფერშალს, როცა დაატყო, საამქვეყნო პირი თითქმის აღარ მიჩანდა. არ იტირო -„ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო”, - მითხრა. ფერშალი რუსი კაცია, ჯმუხი და მელოტი, ჭორფლიანი, სათვალეებიანი, ტურასავით წითელი თმები აქვს. სიმულიანტობ? - მკითხავს მრავალმნიშვნელოვნად. ორივე იღლიის ქვეშ თერმომეტრი ჩამიდო, ორივემ ორმოცდაერთი გრადუსი აჩვენა, ახლა კი ირწმუნა, რომ ავად ვარ. ლაზარეთში წამიყვანს! „სანიტარული დამუშავებიდან” (აბანო, პარიკმახერი), თავი ისევ ყოვლისშემძლე სამთუმნიანით ვიხსენი, აქ უფრო ანათებს ქრთამი ჯოჯოხეთს. ლაზარეთში დამაწვინეს, ფანჯრიდან ერთხელ კიდევ მოვკარი თვალი ცისფერ დონსა და სარაფანიან პატიმარ ქალებს. მერე კი ძილბურანში წავედი. მესიზმრა რაღაც გაურკვეველი. სიზმრები არ დამხსომებია. დამავიწყდა მეთქვა, ძილის წინ მხურვალედ ვილოცე, გავსწორდი, თვალები ჩემივე ხელით დავიხუჭე, გულ-ხელი დავიკრიფე „მურდლად არ მოვკვდე -მეთქი”. არ მოვკვდი, მაგრამ სიკვდილზე უფრო უარესი რამ შემემთხვა: დილით, როცა გამეღვიძა, წელზე ხელი შემოვივლე, ხილაბანდში გამოკრული ფული მქონდა სარტყელივით შემორტყმული -ვიღაცას შემოეხსნა. უმწეოდ მიმოვიხედე გარშემო და დავუკვირდი იქ მყოფთა სახეებს, ყველაზე საეჭვოდ ჩემს გვერდზე მწოლიარე „ტურა” მეჩვენა, რომელიც საწოლზე არხეიდან გაწოლილიყო და თამბაქოს პირიდან რგოლებად უშვებდა. სიხარულით სახეგაბრწყინებული გახლდათ. ინტუიციით მივხვდი, ეს იყო ჩემი „გამაბედნიერებელი” უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და კედელზე ვახლევინე თავი, ვუბრძანე: ფული დამიბრუნე! არა და შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა-მეთქი. შეშინდა, გადაფითრდა, ლუღლუღით თავს იმართლებდა: „უგონოდ იყავი და შეგინახე, არავინ მოგპაროს მეთქი” უფიქრია, კვდება და ფული საიქიოში რაღაში დაჭირდებაო! ერთი სამთუმნიანი ჩემი „ბანკიდან” გამოვაცოცე და ტურას ფეშქაშად მივართვი, ნიშნად იმისა, რომ „პატივი დამდო და ყურადღების ღირსი გამხადა”. შემდეგ შევიტყვე უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში ყოფილა თურმე გაზრდილი. შემეცოდა. ძალიან სახელგანთქმულია თავისი მაფიოზული ტრადიციებით. „ალკაპონებიც” კი ჰყავთ თურმე. გასვლამდე სულ რაღაც ნახევარი საათიღა რჩებოდა. საეტაპონი საჩქაროდ შეგვკრიბეს და სირბილით გზას გაგვიყენეს, რათა მატარებლისათვის მიგვესწრო. სულ ცემა-ტყეპით მიგვაცილებდნენ გამყოლები. ჩამორჩენილებს და დაცემულებს კი უფრო მეტად ხვდებოდათ თოფის კონდახები და ჩექმიანი წიხლები. მართალია სიცხე მქონდა, მაგრამ ღვთის წყალობით მაინც გავრბოდი და ჩემს ბარგსაც მივათრევდი. უცებ ტყვედნამყოფი ექიმი მიშა უგრეხელიძის მოთქმა გავიგონე: მიშველეთ, ძმებო, ვიღუპები, ამ ტომარაში სამედიცინო წიგნები მილაგია (შემდეგ შევიტყვეთ, წიგნები კი არა თურმე ძეხვეული, ლორი კარაქი და ორცხობილები ჰქონდა მომარაგებული). ქალივით ტიროდა შემებრალა, მე სულელმა ჩემი ბარგი გადავყარე, მისი ბარგი ვათრიე, ძლივსღა მივლასლასებდი, ერთი ორჯერ ლაზათიანად ზურგში კონდახიც კი დამაზილეს, გზაში ცნობისმოყვარე ხალხი მოგროვილიყო და ნაღვლიანი ღიმილით გვაცილებდა. მივლასლასებდით, ასე პანღურით და თოფის კონდახების ცემით. უშვერი გინების, ცერბერთა და ავჩარკების თანხლებით: -რა ესენი საბჭოთა ადამიანები არ არიან, ასე რად ექცევით თქვე უღმერთოებო? შებედა ერთმა ჭაღარა მოხუცმა ქალმა. გამყოლმა მასაც ავტომატის კონდახი ჩააზილა მკერდში, ქალი რუსი იყო. განა ენა არ უნდა მოაჭრა, ვინც იტყვის რომ რუსი ადამიანი ბოროტიაო! აქსიომაა: ყველა ერშია ბოროტიც და კეთილიც. ისევ მალარიის შეტევები დამეწყო. სტოლიპინის რონოდით მივდივართ, ვწევარ ზემო ნარზე. „მინვოდებში” ვართ, რომელიღაც კურორტზე, სიცხით ვიწვები, ნამძინარევს და უგონო მდგომარეობიდან გამოსულს ამხანაგმა ჭიქით წყალი მომაწოდა, ზედამხედველებს ახალი წყალი ამოეტანათ, ცხენებს რომ ალევინებენ, ისეთი სათლებით, ისევ გონს ვკარგავდი და ჰოი, საკვირველებავ, უცებ შოპენის ჰანგები გაისმა და ვერ აგიწერ როგორ გამომაცოცხლა იმ გულში ჩამწვდომმა ჰანგებმა, სასწაული მოხდა, დილით სიცხე გამომნელებოდა და თავს კარგად ვგრძნობდი. წერილი დაწერილია სტოლიპინის რონოდაში. უთვალავჯერ გკოცნი, შენი ნოშრევანი. P.S. სასწაულებრივად გავმხნევდი... იმ წუთებში სამარადჟამისოდ ვირწმუნე მუსიკა, რომ მართლაც სიყვარულის და ღმერთების ენაა, მუსიკა ყოველივე იმისი მწვერვალია, რაც კი ბრწყინვალე და დიადი, წმინდა და ამაღლებული შეუძენია კაცობრიობას, მუსიკაა უკვდავებაც, ბედნიერებაც, მარადიული გაზაფხულიც, მუსიკა ხარ შენც, ჩემო ცისფერ თვალება იდუმალებავ. ახალბედა ექიმო! თურმე მუსიკით სასიკვდილოდ განწირული ადამიანის მკურნალობაც კი შეიძლება ზოგჯერ! სათაყვანო და დაუვიწყარო ნელი! ჯერ კიდევ ადრიანი გაზაფხულია. მალე ხეში წყალი ჩადგება ალბათ. მატარებლიდან რომ ჩამოგვიყვანეს, ისევ მანქანებში ჩაგვყარეს და ციხისაკენ გაგვიყენეს გზას. თვალი გადავავლეთ ვოლოგდის ზოგიერთ ქუჩებს. უმეტესად ერთსართულიანი, ლურჯადშეღებილი ხის სახლებია, ლამაზად ნაჩუქურთმალი, ხეხილიც არის, საპატიმროც. კარგი არქიტექტურული გაფორმებისაა და შესანიშნავია იმითაც რომ ამ ციხეში ოდესღაც იოსებ სტალინიც მჯდარა, ჯერ კიდევ მატარებელშივე ოხუნჯობდნენ პატიმრები: ‘’ Вологодский конвой щутить не любит‘’ ! ჩვენ ვიცინოდით, მაგრამ მთლად სასაცილო არ იყო ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამი გაფრთხილება მიყვანისთანავე ერთ ვიწრო ბნელ დერეფანში გაგვაჩერეს, ტანსაცმლის გახდა გვიბრძანეს და გულდასმით დაგვიწყეს ჩხრეკა, თან გვამცნეს, რომ აქ კარანტინში ვიქნებით კარგა ხანს. ჩხრეკვის დროს ფონედოსკოპი მიპოვეს. ზედამხედველმა შორს მოისრიალა იგი და ბრაზიანად ამოღერღა: -ეს რაშიღა გჭირდება, უბედურო, მუდმივ ყინულეთში მიგაბრძანებენ. შემდეგ კი გულზე ქისა რომ მქონდა ჩამოკიდებული, შენგან ნაჩუქარი ქისა, ის ჩამომწყვიტა. ეს რაღა თილისმააო, გაიკვირვა და როდესაც მახორკის ნაცვლად მიწა და ლამაზი კენჭები აღმოჩნდა, ჩექმიანი წიხლით გათელა. მახსოვს რუსთავში რა სიყვარულით მომიტანე იები, ეს ერთი მუჭა მთაწმინდის მიწა და პატარა ფერადი კენჭები, ვაჟას საფლავთან აკრეფილი კენჭები, ეს ცრემლით ნაბანი ერთი მუჭა მიწაც კი წამართვეს, ჩემი ერთადერთი ნუგეში. იმედი მქონდა, თუ აქ, უცხო მხარეში მოვკვდებოდი, ქართველი ვინმე ამ მიწას გულზე გადამაყრიდა. რა გულუბრყვილო ვარ, ერთი მუჭა მიწა კი არა, მთელი სამშობლო წაგვართვეს, დაგვიპყრეს, დაგვიმონეს და გოდების უფლებაც კი წაგვართვეს. თანაც გვარწმუნებენ, რომ გაგვანთავისუფლეს, გაგვანათლეს და აგვაყვავეს. სარდაფში შეგვყარეს. ნესტიან კედლებს ხავსი მოჰკიდებოდა, მწვანე კედლებიდან წყალი მოჟონავდა, ალბათ ოდესღაც ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილმაც იწვნია ამ ვოლოგდელი კანვოების სუსხი და ამიტომ იყო ყველაზე გულამღვრეული? ისიც ხომ ოდესღაც წრფელი გულით უმღეროდა მრავალტანჯულ მამულს ყრობაში: „აყვავდი ივერთ მხარეო”! არა, მე რა თქმა უნდა აბდაუბდას მივედ-მოვედები, შურიანობა და ბოღმიანობა რა შუაშია, ან შურისგება... რწმენის კაცი იმას აკეთებს, რაც სწამს, მე მას პატივს ვცემ როგორც რევოლუციონერს და ყველას ვისაც კი ჭეშმარიტად რწმენა გააჩნია. აი, რა ლექსი დავწერე: „მოსისხლე მტერიც რომ იყოს შენი და ჩატეხილი გთიშავდეთ ხიდი თუ დაიღუპა გმირულად, რწმენით ვარდით შეუმკე საფლავი მიდი! მიდი, იგლოვე, გლოვის ღირსია გულზე აფრქვიე ცრემლები წრფელი... თქვი: მირჩევნია ჩემს უღირს მოყვასს ეს ღირსეული მოსისხლე მტერი!” არა, მას კი არ ეძღვნება ეს ლექსი, მე ამ ლექსში ის აზრი გამოვთქვი, რომ მიუხედავად რწმენის სხვადასხვაობისა, ერთმანეთს პატივს უნდა სცემდნენ ადამიანები, ერთმანეთის რწმენას ფურთხში და ტალახში არ უნდა სვრიდნენ. აი, თუნდაც რა მინდა მე აქ? ავტომატი არა მჭერია ხელში და ბებუთი, სტუდენტი ვიყავი, მეოცნებე და უწყინარი ბიჭი, ჭიანჭველას არ დავადგავდი ფეხს, ლექსებს ვწერდი, და მქონდა რწმენა, რომ ჩემი სამშობლო თავისუფალი უნდა ყოფილიყო, მომიჩინეს ნიჭიერი პროვოკატორი და ჩემი პირადი თავისუფლებაც კი დამაკარგინეს. რისთვის, რას მერჩოდნენ? ჰოი, ბავშვურო გულუბრყვილობავ! ალბათ ძალიან მოსაწყენია ჩემი წერილი. საოცარია, რომ პატიმრობის ვადას არ მიმატებენ, ალბათ ხელში არ ჩავარდნიათ ჩემი არც ერთი წერილი, თორემ ჯოჯოხეთის მოციქულები „კარგ დღეს” დამაყრიდნენ. ხშირად მომწერე ხოლმე, ხომ იცი შენი წერილები ჩემთვის ერთადერთი იმედი და სიხარულია. შესანიშნავ „აპარტამენტში” ყოფნამ ისევ გამიუარესა მდგომარეობა, საშინლად გამაცია... ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს. იქ ერთი წვერმოშვებული ქართველი დამხვდა, საგიჟეთიდან გადმოეყვანათ, არავის ელაპარაკება, მუტიზმი აქვს, ალბათ შიზოფრენია აქვს, საწყალი! შესაძლოა აგრავაციას ჰქონდეს ადგილი, ამას ის მაფიქრებინებს, საოცრად გონიერი თვალები აქვს და გარემოში ძლიერ კარგად ერკვევა, მივესალმე, ძმურად მოვეფერე, თუთუნიც მოვაწევინე, საჭმელიც ვუწილადე, ვინ იცის იქნებ სწორე ჭკვაზე არც იყოს... ან კი ამ ჯალათებში ამ წამებაში რა სწორე ჭკვა უნდა შერჩეს კაცს. როცა გამწერეს საავადმყოფოდან, წასვლის წინ წვეროსანს გულთბილად დავემშვიდობე, თვალები ცრემლით აევსო. მან ამით უფრო ბევრი მითხრა, ალბათ სიტყვებით ვერ შეძლებდა ამდენის თქმას! ვინ იცის რა ტანჯული კაცია, მამულისათვის როგორაა ჯვარცმული. მშვიდობით ძმაო, მშვიდობით. ღმერთმა დაგაბრუნოს შენს სათაყვანო, ლამაზ მამულში. აქ გაზაფხული ახლა იწყება. კვირტები ხეებს ახლად ენასკვება. თბილისში კი უკვე გაზაფხული იყო, გაზაფხული -მთელი თავისი მშვენებით გაფურჩქნული და წაგვართვეს ჩვენი ლამაზი გაზაფხული! ნახვამდის. გკოცნი. შენი ნოშრევანი. ჩემო ნელიკო! ახლა უკვე ცხადია შორეული ჩრდილოეთისაკენ, ყინულოვანი ოკეანის ნაპირას ვორკუტაში გვიპირებენ გახიზვნას, ვინ იცის იქნებ ახალ მიწაზეც, „მაგრამ ღმერთი არ გაწირავს...” ჩრდილოეთისაკენ მიქრის ჩვენი მატარებელი, საბარგო ვაგონში ვართ. იატაკს ემჩნევა ჩვენამდე საქონელი გადაუყვანიათ სადღაც და აღარ დაუსუფთავებიათ, ჩვენში ხომ ადამიანი პირუტყვის თანაბარია. გაციმბირებული ხევსურის თქმისა არ იყოს: „პატარაი გრილამს”. სარკმლიდან კი ტყეები მოჩანს, ჯერ შერეული ტყეები, შემდეგ ფიჭვნარი და ნაძვნარი. ფოთლოვანი ტყეები გაშიშვლებულნი ჩანდნენ და ხშირად უზარმაზარ ბუდეებსაც შენიშნავდა კაცის თვალი. ეს ალბათ ჭილყვავების ან ყორნების სამოსახლოა. გამართო დათოვლილი ტყეების ხილვამ. ზოგგან თოვს ხვავრიელად... ზოგან კი მზეა ჯანღით შესუდრული. უწყალოდ გვწყუროდა... გულმოწყალენი აღმოჩნდნენ გამყოლები, რომელიღაც სადგურზე ჩავიდნენ და სათლების წყალი ამოგვიტანეს. ჭაობის წყალი იყო. კაკლის მურაბის ფერი გადაჰკრავდა და მოტკბო, მომწარო გემო ჰქონდა წყალს. არ გაიცინო, ბავშვობა გამახსენდა, კაკლის მურაბა რომ მიყვარდა ძლიერ... ამ უბრალო შემთხვევამ მთელი ბავშვობის მოგონებები თვალწინ აღმიდგინა. შთაბეჭდილებებით მოღლილს ჩამეძინა, კარგა ხანს მეძინა ნარზე. ერთი ახმახი რუსი ნარზე ამოხოხდა, მუჯლუგუნი გამკრა და მითხრა: „ძმობილო, ახლა ჩვენ დავიძინებთ. ხომ ხედავ, რა ხანია გათენდა, ღვთის გულისათვის!” თვალები მოვიფშვნიტე და ქვევითა ნარზე ჩამოვცურდი, სადაც მასავით უადგილონი ისხდნენ და რიგს ელოდნენ... ერთმა პატიმარმა გულიანად გაიცინა: რაო, მოგატყუა? გათენდაო, კი არ გათენდა იმიერპოლარეთის ზონაში შევედით, აქ უკვე თეთრი ღამეები იწყება, დაემშვიდობეთ სამხრეთის ვარსკვლავიან ღამეებს, თქვენს თბილ ღამეებს, არც მარტმა დამაყარა ხეირი და არც აპრილმაო. ახლა ქართველმა კაცმა გამიკეთა კარგი ოინი. ცოტა, რომ გამოიძინა, ჩემი კეთილმოსურნე რუსი ნარიდან ძირს „ნარნარად ჩამოვსვი” და ისევ ჩემს ადგილზე მოვიკალათე და ჩავითბუნე. ჩაცმული ვიწექი, მაგრამ ზედ ბუშლატიც გადავიფარე, ისე ვიყავი, როგორც ბატონი სამარეში! ჰო და ძილში ვგრძნობ, ზურგი მიცივდება, ხელ-ფეხი მეყინება. ვიღვიძებ და რას ვხედავ, ჩემს მეზობელს, ქართველს, ბუშლატი გადაუცურებია და თვითონ ჩაფუთნულა ჩემი ბუშლატით. გამეღვიძა, მაგრამ ქიმუნჯი არ მითავაზებია, ვიფიქრე, ჩემს ბედში მყოფია ქართველი, რა ქნას შეცივდა, გაუჭირდა მეთქი და ჩემსკენ გადავაცურე ისევ ბუშლატი, როგორც იქნა ისევ ჩავითბუნე. ისევ ვიგრძენი ძილ-ბურანში, როგორ ვიყინებოდი, კბილს კბილზე ვაკაკუნებდი, სიცივემ გამომაფხიზლა, ძალიან გავბრაზდი, როდესაც დავინახე, ის ჩემი ბუშლატი ისევ გადაუცურებია ამ „კეთილისმყოფელს” და მეფურად ჩაფუთნულა. ავიღე და ერთი ლაზათიანად ვთხლიშე, ხმა არ ამოუღია. მე კი კარგა ხანს აღარ დამეძინა, სინდისი მქეჯნიდა, რატომ გავარტყი, თუმცა რას იზამ, ბრძოლაა არსებობისათვის! რისი ღირსიც იყო, მიიღო. ერთ სადგურზე შემხვედრი მატარებელი გაჩერდა, ჩვენს საპირისპიროდ. ჩვენი ვაგონების მსგავსი ვაგონებით წვევამდელები მიჰყავდათ, თავგადახოტრილი ბიჭუნები, ერთ-ერთმა მათგანმა ეშმაკუნა ბიჭუნამ სარკმლიდან თავი გადმოყო და ომახიანად გადმოგვძახა: -ნუ გეშინიათ, უსათუოდ დაგიხსნით! ვინ იყო ნეტავ ეს გამბედავი ყმაწვილი, რა ეროვნების, ვისი შვილი ან რა ბედი ეწვია, ნეტავ ხომ არავინ დააბეზღებდა მას, „სადაც ჯერ არს”?! მადლობა ღმერთს! დიოგენო, აღსდექი მკვდრეთით, დაამსხვრიე შენი ლამპარი აი, ადამიანი და ისიც მთლად ბავშვი! მან ხომ ეს საქციელი შუასაუკუნეობრივ შავ ბნელ წყვდიადში მოიმოქმედა, ხმა აღიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ, განწირულები გაგვამხნევა და გვანუგეშა. მადლი მის გამზრდელს. ასე ვფიქრობდი და ღამეულ სარკესავით ამაზრზენ ცივ და იდუმალ მდინარეს პეჩორას ვიგონებდი, რომელსაც ცოტა ხნის წინათ გვერდით გამოვუარეთ. ყინულის ცისფერ, უზარმაზარ ლოდებს რომ მოაცურებდა და თან ორთქლი ასდიოდა. მე ვიხილე სტიქსი, ნამდვილი სტიქსი, უკვე ჯოჯოხეთში შევდივარ. ქარონი, შავი იალქნებით მიგვაქანებს შავეთისაკენ, მოუსავლეთში. გამახსენდა ბიოკლინის ნახატი „მკვდრების კუნძული” -როცა ამ სურათს ვნახულობდი, მუდამ რაღაც მძიმე და გამოუცნობი წინათგრძნობა მეუფლებოდა. ნახვამდის. შენი ნოშრევანი. კომის ასსრ (ვორკუტისაკენ მიმავალ გზაში 194... იგრიკას თვეში) ჩემო ნელიკო! მადლობა ღმერთს ვორკუტაში მოვედით. ალბათ უკანასკნელი ციხეა. ისევ კარანტინში ვიქნებით, ათასნაირი ჯურის ბოროტმოქმედნი და უდანაშაულონიც შეყრილან, საპყრობილე ისეა გადატვირთული, ნემსის ყუნწი არ ჩავარდება. პატარა ტურიკოები წრიპინა ხმით გაჰყმუიან: „ვორკუტა, ვორკუტა, პრეკრასნაია პლანეტა”! აქ თურმე მუდმივი ყინულეთია. ტუნდრა. თურმე „სისხლისმსმელ” მეფე ნიკოლოზს კარისკაცებმა მოახსენეს ვორკუტის არსებობის შესახებ და უთხრეს კარგი იქნება თუ იმ ნახშირით და სხვა წიაღისეულით მდიდარ მიწას თქვენ სამფლობელოს მიუმატებთ. ხელმწიფემ იკითხა: „ხარობენ თუ არა ხენი იქ, იმ მხარეში ბუდობენ თუ არა ფრინველები? -არა, დიდებულო ხელმწიფევ”, -უპასუხეს კარის კაცებმა. -„მე სასიკვდილოდ გასამეტებელი ქვეშევრდომები არა მყავს”! - უპასუხა სასტიკმა' თვითმპყრობელმა. თურმე საფლავს ერთი მეტრის სიღრმეზე როცა თხრიან, ყინულის ლოდები ამოცვივდება ხოლმე მიწის ნაცვლად. ვორკუტაში მრავალი ქართველი პატიმარი ვიყავით, აგრეთვე ბევრი უკრაინელი, ბალტიისპირელი, რუსი, აქ შეხვდებოდით იტალიელს, ფრანგს, იაპონელს და რა თქმა უნდა გერმანელ პატიმრებსაც. მეფის რუსეთი ხომ იყო ხალხთა საპატიმრო, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, ამ მსოფლიო ხალხთა საპატიმროსთან შედარებით ალბათ სალხინებელი იყო და არა ჯოჯოხეთი! შევავლეთ თვალი ქართველმა ბიჭებმა, ბალტიისპირელ ლამაზ გოგონას, დაახლოებით თხუთმეტი-თექვსმეტი წლისას, რომელიც დაჩოქილიყო, ცისაკენ აღეპყრო თვალებიც და პატარა სპეტაკი ხელებიც და მხურვალედ ლოცულობდა. ქაშუეთის ეზოში რომ ანგელოზია, იმას ვამსგავსებდი, ფრთებიც რომ ჰქონოდა. ან კი, როგორ უნდა ჰქონოდა ფრთები, მას ხომ ჯერ კიდევ ბავშვს დაულეწეს იგი ჯალათებმა და ლაჟვარდებში ფრენა არ დააცადეს. წერილის წერას მაწყვეტინებენ, ისევ გვჩხრეკავენ. ნახვამდის. შენი ნოშრევანი. ვორკუტის ციხე. 30 ვარდობის თვე. ჩემო ნელი! რამდენიმე დღეა მკაცრ სარეჟიმო ბანაკში გადაგვიყვანეს, მეექვსე მაღაროში, უზარმაზარი ტერიტორიაა შემოფარგლული, ჩიტები რომ იყვნენ ამ მხარეში, ჩიტიც ვერ გადმოფრინდებოდა, ბანაკს გარშემოვლებული აქვს ფართო თხრილი, ეკლიანი მავთული, რომელშიც მაღალი ძაბვის დენია გაყვანილი. მრავალი სათვალთვალო კოშკურაა, რომელზეც მაღლა „თუთიყუშები” სხედან, უამრავი ძაღლები ჰყავთ -ავჩარკები. აქ მძლავრი ქარბუქებია, ასეთი თოვლის საზარელ ქარბუქებს პურგას ეძახიან, წარმოიდგინე, ასი ათასი მგელი ერთად რომ ყმუოდეს. მრავალი ათასი უხსენებელი ერთად სისინებდეს და შხამს ანთხევდეს. საზარლად ყინავს. აქ ვარდის თვეშიც საზარლად ყინავს. ერთი ფიქრი ამეკვიატა და არ მაძლევს მოსვენებას: -ნეტავი ვინ იყო პირველი ქართველი, რომელიც ამ საზარ მხარეში მოვიდა? აქაური ძველი მოსახლენი „გვამშვიდებენ”: -ეს ყინვა არაფერია, უკვე გაზაფხულდა. ზამთარში ნახავთ, ისეთი თოვლის ზვინებია, ბარაკიდან ბარაკში ვერ გახვალთ. ან თოვლის ქვეშ გვირაბი უნდა გათხაროთ, ან ჯამბაზივით თოკი გააბათ. ასე თუ შეიძლებთ გასვლას. ნეტავ თუ იცოდნენ ჩვენმა კეთილმა და გულუბრყვილო წინაპრებმა, „მეგობრობის” ტრაქტატს რომ აწერდნენ ხელს, რას უმზადებდნენ შთამომავლებს... წინათ თუ სამხრეთისაკენ ერეკებოდნენ ჩვენს ჭაბუკებს, ახლა ჩრდილოეთისაკენ გვერეკებიან. ვარდობის თვეა და არსად ყვავილი, არსად მერცხალი, არსად სიცოცხლის ნატამალი, ყველაფერი ჩამკვდარა და მეჩვენება, რომ ჩვენც ადამიანები ცოცხალი მიცვალებულები ვართ. მეჩვენება, რომ ყველაზე სასოწარკვეთილები აქ მაინც ქართველები ვართ. ჰოი, სიჭაბუკის ოცნებების ბროლის მაღალო კოშკებო, რა მანძილია თქვენიდან იმ წყვდიადით მოსილ ქვესკნელში მყოფ შავ მაღარომდე, რომელშიც დღეს თუ ხვალ მეც უნდა ჩამაგდონ. ისევ მალარიის შეტევები დამეწყო. სტაციონარში ვწევარ, ვწერ ამ წერილს და ვინახავ, რომ როგორმე ჩემს მისამართთან ერთად ამ დღეებში გამოგიგზავნო. შენი ნოშრევანი. ვორკუტა (მკაცრი რეჟიმის ბანაკი) ფ/ყ 210 ჩემო ნელიკო! როგორც გატყობინებდი, სტაციონარში მომათავსეს, რატომღაც ტუბერკულიოზის სტაციონარში შემაგდეს, მაგრამ რა უშავს... აქ ყველა ავადმყოფს ერთად და ერთნაირად მკურნალობენ. ასკორბინის მჟავას ან ქლორკალციუმის ხსნარს ასხურებენ ვენაში. პოპულარული წამლებია აგრეთვე კატაბალახას ნაყენი ან ნახარში, ქაფურის ინექციები, ნახშირი, იოდი, და სხვა. აქ ერთი სამხედრო ფერშალია, გვარად მოსკალენკო. ის ასე ამბობს: -რა საჭიროა, ამდენ წამლებს რომ აძლევთ ავადმყოფებს, როდესაც სულ რამოდენიმე სარწმუნო წამალია: იოდი, ნახშირი, პიტნის წვეთები, ოყნა და მდოგვის საფენები. დანარჩენი წამლები ჭკუანაღრძობი პროფესორების ფანტაზიის ნაყოფია! არის ერთი ყოფილი დოცენტიც, გვარად ნასედკინი. ის უფრო „ფართო დიაპაზონისაა”, საკუთარი ტრაქტატიც კი აქვს; რომელიც რამდენიმე მუხლისაგან შედგება. 1) კითხვა: რა ხელი აქვს ექიმს ავადმყოფთან? თვითონვე პასუხობს: ავადმყოფს მხოლოდ ფერშალი უნდა მკურნალობდეს. 2) როდის უნდა ნახოს ექიმმა ავადმყოფი? პასუხი: როდესაც ავადმყოფი უმძიმესია, მხოლოდ სიკვდილის წინ! ასეთ ვითარებაში პალატაში საზეიმოდ გამოწყობილი ფერშალი შედის, უსათოოდ თავზე გახამებული მაღალი კალპაკი უნდა ეხუროს და ტანზე სუფთა გახამებული ხალათი ეცვას. საჩვენებელი თითი მაღლა უნდა ასწიოს და იდუმალად ღაღადყოს: -ავადმყოფო, მავანო და მავანო -ძაღლო მამაძაღლოვიჩო, მე თქვენ დღეს თვითონ ექიმს გაგასინჯებთ და ეს სიტყვები ისე უნდა ჟღერდეს, როგორც სასიკვდილო განაჩენი. 3) ისმება თუ არა სწორი დიაგნოზი საერთოდ? დიახ, მაგრამ იშვიათად. უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფს საცდელად ქირურგი გაკვეთავს. მაგალითად კუჭის წყლულის დიაგნოზის დასადგენად. 4) როდის ისმება უფრო შედარებით უტყუარი დიაგნოზი? პასუხი: სექციაზე, როდესაც ავადმყოფი კვდება, ხოლო გვამს კარგი პათოლოგ-ანატომი გაკვეთავს და ისეც ყოველთვის არა. და აი, ამ ესკულაპებს კიდევ რა უჭირთ, კიდევ არიან ისეთნიც, რომლებიც ექიმობას ან ფერშლობას ყალბი საბუთების ან ქრთამის შემწეობით ეზიარნენ. მათი თავხედობა იქამდეც კი აღწევდა, რომ ეგრეთ წოდებულ ხანმოკლე ვადიან საფერშლო კურსებს აყალიბებდნენ და „შესანიშნავ სამედიცინო კადრებს” ამზადებდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ნამდვილად შესანიშნავი ექიმებიც არიან: დავით თურმანიძე, არჩილ ჩაჩუა, პოლონელი რაუბე, გერმანელი (ტყვე ექიმი) ქირურგი -პროფესორი ბიშოვი, უკრაინელი კედა. რუმინელი მიხეილიანუ და სხვანი. სტაციონარიდან ალბათ მალე გამომწერენ და მაღაროში მიკრავენ თავს. თოვლის ქარბუქები ჩაცხრა, მაგრამ მაინც სასტიკი ყინვებია. ჩვენთან რომ ყველაზე სასტიკ ზამთრად მივიჩნევთ ხოლმე, იმაზე მეტად ჰყინავს. ჩემი ექიმი ნასედკინი თვალის ექიმ ტალიზინთან მეგობრობს. ერთად ოცნებობენ, ნეტავი ტუჩით დასაკრავი გარმონი გვქონდესო. ნასედკინი ახოვანი, წარმოსადეგი კაცია, შავთვალწარბა პირველად როცა ვნახე, ქართველი მეგონა. მათთან ძმაკაცობს ყოფილი დოცენტი-თერაპევტი, მოხუცი კაზლოვსკი. გერმანელთა ოკუპაციის წლებში, ლაზარეთში უმუშავია და ამისთვის კატორღა მიუსჯიათ. სულ მეხვეწება, შენ ჩემზე პატარა პატიმრობის ვადა გაქვს, საქართველოში თუ ჩააღწიო გოგრა გამომიგზავნე, ო, გოგრა! მე ძალიან მიყვარს, ძალიან! მემუდარება და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდის, ბავშვივით ტირის. ყველაზე ახლოს კი ჩვენ, ქართველები ვართ ერთმანეთთან. იმ ქართველი ექიმების გარდა, რომლებიც გაგაცანით, აქ არიან სხვა ქართველებიც. რეზო ცისკარაძე, ზედმეტ სახელად „ცუცუია”'ყველაზე ახალგაზრდაა პატიმართა შორის. ჭკვიანი და ძლიერ ცქვიტი ბიჭი ყოფილი სტუდენტი, კარგი ოჯახის შვილი, აქ უკვე ფერშლად მუშაობს, თუმცა მედიკი არაა. ჩემი ტოლია, ვმეგობრობთ დიდი ხანია. ხომ გახსოვს, წინა წერილებშიც გწერდი მის შესახებ. ლექსებს ვუკითხავ ხშირად. მან მე ასეთი ლექსი მიძღვნა: „ვისმენ შენს ლექსებს ჩურჩულით ნათქვამს”! მეტი აღარ მახსენდება. შემდეგ მოგწერ. ყველაზე ახლოს ჩემთან გოგი ხიზაბავრელია. მე მგონი ისიც უკვე წინათ გაგაცანი! წეღან რომ ვახსენე დავით თურმანიძე, წინათ ბავშვთა ექიმი ყოფილა. ოქროს გული აქვს, შვილივით მექცევა. ჩემი ბიჭუნა პატარაა, მაგრამ მუსიკას და ლექსს რაღაც ღვთაებრივად თრთოლვით აღიქვამს. ძალიან მედარდება, შორს რომ ვართ მისგანო. არჩილ ჩაჩუაც შესანიშნავი ექიმი და ადამიანია. გულთბილი და თავაზიანი. ცდილობს ექიმად ან ფერშლად მომაწყოს აქ, ბანაკის რომელიმე სტაციონარში; ჰო, მართლა მთლად დამავიწყდა, აქ სხვა ექიმიცაა -მიხეილ უგრეხელიძე, ის კაცი, ეტაპში რომ ბარგის ზიდვაში შევეშველე, რატომღაც არ მესიმპატიურება. ვითომ გულითადი და ზრდილობიანი ადამიანია, თავკერძა კია და მგონი ბოროტიც; ჩვენთან არის აკაკო კილაძე, ყოფილი ფეხბურთელი, შესანიშნავი ახალგაზრდა. გახსოვს, ეტაპით რომ მოვდიოდით და ამერიკული ბორკილი დაადეს. მგონი მოგწერე მის შესახებ. აქ კიდევ ერთი ძალიან საყვარელი და გულუბრყვილო კაცია -აჭარელი სულეიმან სულამანიძე. რუსული ინჩი ბინჩი არ იცის და არც უნდა, რომ ისწავლოს. სალმიანი კაცია, უყვარს, ზრდილობიანად რომ მივესალმებით და მოვიკითხავთ ხოლმე, - როგორ ხარ სულეიმან? -რა მიშავს, მაგრამ არა მინდა-რა, აგენს დამაღწია და ჩვენებური ცის ბუხუნ-ბუხუნი გამაგონა, შხაპუნა წვიმისათვის შემაშვერინა თავ-ყურმანი. „იგენში” რუსებს გულისხმობდა -ეჰ! რა ცოტა რამე გნდომებია სულეიმან, - ვეტყოდით ხოლმე ოხვრით. აქ, ჩვენს ზონაში ერთი თბილისელი სომეხი ბიჭი შემოდის ხოლმე. პატიმრობის შემდეგ ვორკუტაში დარჩენილა, მომმარაგებელია, ირმის რძე და ირმის ხორცი და სხვა პროდუქტებიც შემოაქვს. დავძმაკაცდით. იმის მხრივ დიდი გამბედაობაა, მაგრამ მე წერილებს იმას გამოვაგზავნინებ. ჩვენ აქედან წერილის გაგზავნის უფლება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ გვაქვს. ფულიც ჩამოგვართვეს, რაღაც ანგარიშზე ჩარიცხეს, ტალონებს გვაძლევენ და ეგრეთ წოდებულ მაღაზიაში უფლება გვეძლევა, ზოგჯერ შევიძინოთ კამფეტი, შაქრის ფხვნილი, თამბაქო, სხვა კი არაფერი არა აქვთ. კიდევ უფრო ვრცლად მოგწერდი, მაგრამ ვშიშობ, თავი არ მოგაბეზრო. აქ ჩვენთან ერთად მრავალი კატორღელიც არის. ქუდზე და ზურგზეც ნომერი აწერიათ გვარით და სახელით უკვე აღარ იხსენიებენ, ზოგი ძალიან დიდი ხანია რაც აქ იმყოფება. რაღა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის? ერთად ვართ, ერთსა და იმავე პირობებში. ბევრსა აქვს ფეხები დაწყლულებული, სურავანდის გამო, კბილები და თმები ნაადრევად ჩამოცვენილი, ბევრნი დახოცილან ... თურმე როდესაც კატორღელი კვდება, საფლავზე მხოლოდ ნომერსღა აწერენ. ჩვენ კი ჯერჯერობით, ცოცხალიც და მკვდარიც საკუთარი გვარით და სახელით ვიხსენიებით. ბედნიერება არ არის განა, რომ ეს ასეა? ადამიანი ყველაზე ოპტიმისტი ცხოველია, პატიმრები ბევრს ოხუნჯობენ, აი ახლაც ექიმი ნასედკინი მეუბნება: -სამყაროს სხვა მოკვდავთ იდარდონ, თორემ ჩვენ რა გვაქვს აქ სადარდებული. უკვე კომუნიზმში ვართ, უკლასო საზოგადოებაში, ყველამ დავივიწყეთ, რა არის ფული, რა არის პატივმოყვარეობა, თანაბარნი ვართ დ უკვდავნიც, როცა დაგვმარხავენ აქ, მუდმივ ყინულეთში, ეჭვი არ მეპარება, გავა ორიოდე საუკუნე და მეცნიერები ჩვენს გაყინულ გვამებს გააცოცხლებენ და ბიშოვს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა. ვიდრე ბიშოვი რამეს იტყოდა, ექიმმა რაუბემ თქვა: -რასაც ბატონი ნასედკინი ამბობს, ჭკუასთან ახლოა. მართლაც და ტუნდრაში ჩაყინული გვამის გაცოცხლება შესაძლებელი გახდება, მედიცინა ისეთ დონეს მიაღწევს. ასე არ არის, ბატონო პროფესორო? დიახ, მეც ასე ვფიქრობ, -თქვა ბიშოვმა და დასძინა: - სამწუხაროა, მაგრამ ამას მხოლოდ მე როდი ვამტკიცებ, ჩვენი ცივილიზაცია სხვა არაფერია, თუ არა ყინულოვან პერიოდთა შორის არსებული პერიოდის დროს კვლავ აღმოცენებული (შესაძლოა მკვდრეთით აღმდგარიც) და განვითარებული ცოცხალი არსებების გრადაცია - დაანებეთ წყლის ნაყვას თავი, ჯერ იმაზე ვიზრუნოთ, ამ ჯოჯოხეთში ყველამ სიცოცხლე როგორ შევინარჩუნოთ და სხვებსაც შევუნარჩუნოთ სიცოცხლე -გავა ხანი და იტყვით, იქ „თავისუფლები” როცა იქნებით, თურმე რა ბედნიერნი ყოფილხართ აქ. ღირს კი გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს? აი, მოდი აქ, პეტროვ! თქვენს წინაშე დგას კაცი, რომელმაც პატიოსანი შრომით გამოისყიდა დანაშაული „დიადი სამშობლოს” წინაშე, მან უკვე მოიხადა სასჯელი, სახლში უშვებენ და აღარ მიდის, რითი ავხსნათ მისი ამგვარი მოქმედება? იმით, რომ აქ ძალიან კარგია, იმდენად კარგი, რომ სიკვდილის შემდეგაც შეიძლება უკვდავებას ეზიაროს? ამ დროს გულსაკლავი ქვითინი მოგვესმა. გერმანელი ახალგაზრდა ტყვე კაცი ტიროდა გულსაკლავად, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული ჰქონდა, ასე მოთქვამდა: -ჰიტა, ჰიტა! წყეულიმც იყავ, წყეულიმც იყავ! რატომ დამარცხდი, რატომ ჩაგვყარე ასეთ დღეში, შენი თანამემამულენი? ბიშოფმა მწარედ გაიღიმა და თქვა: -ეშმაკმა უწყის, ვინ არის მართალი. მეჩვენება, სამყარო ისევ ისეთ ქაოსშია, როგორც შექმნის პირველ დღეს, ღმერთო, უშველე ადამიანებს, რომ გონიერებას მოუხმონ, მთლად იავარ არ ქმნან ერთადერთი ბუნაგი - დედამიწა. უკანასკნელი კია ხიროსიმა და ნაგასაკი? ნუთუ მარტო ჩვენ, გერმანელები, ვტყუივართ კაცობრიობის წინაშე და სხვა ყველანი მამა აბრამის კრავები არიან? ადამიანებს, ღრმად მწამს, მხოლოდ და მხოლოდ გონიერება იხსნით. სისულელეა ეს საპყრობილეები. ჩვენს გარშემო უკიდეგანო, დაუსაბამო კოსმოსია, კოსმოსის ციხე მარადი და უდიადესი საპყრობილეა. ადამიანებო, ნუთუ კიდევ საპყრობილეებში უნდა ვხდიდეთ სულებს ერთმანეთს. მეც მძულს ჰიტლერი, მან ჩემს ხალხს უფრო მეტი მწუხარება და ტანჯვა მოუტანაო! აი, ასეთი ხალხია ჩემს გარშემო. გკოცნი, შენი ნოშრევანი.. ვორკუტა. ფ/ყ 210 19... თიბათვის 20 სალამი მარადჟამს ჩემო დაუვიწყარო მეგობარო, ნოშრევან! შენი წერილები რომ მივიღე, თითქოს ჩემთვის გაზაფხული ახლა დადგა, თითქოს მერცხლებიც ახლა მოფრინდნენ, მეც გწერდი წერილებს, მაგრამ შენამდე რას მოაღწევდნენ, როცა არ ვიცოდი, რომელ ციხეში ხარ, რომელ ბანაკში, სად გამომეგზავნა ისინი, რა ხმა მომეწვდინა შენთვის, ახლა კი შენი რამოდენიმე წერილი მივიღე ერთად. ჩემი შენდამი მოწერილი წერილები კი დავხიე, რადგანაც მომეჩვენა, რომ ვერ გამოხატავდა ჩემს სულიერ მღელვარებას და განცდებს. თუნდაც მისამართი მცოდნოდა, ალბათ მაინც არ გამოვაგზავნიდი მათ. ხშირად ვარ სტუმრად დედათქვენთან. ამას წინათაც ძალიან დაღონებული დამიხვდა, ნამტირალევი, გულში ჩამიკრა და შემომტირა: -რა ვქნა რა მეშველება, ნოშრევანი ისევ ავად მყოლია, სტაციონარში დაუწვენიათ, რეზიკოს მოუწერია თავისი დედისთვის. მე და ჩემი მეუღლე წასვლას ვაპირებთ, მაგრამ არ ვიცით ნახვის ნებას მოგვცემენ თუ არა. გვინდა ჩვენი თვალით ვნახოთ რა უჭირს, რა ულხინს. შევეხვეწე მეც წამიყვანეთ მეთქი, ერთი წუთით მაინც შემეძლოს გნახო და გულში ჩაგიკრა და მერე თუნდაც მოვკვდე, ჩემო სიყვარულო! რას ბავშვობო, შეიძლება სამუდამოდ ჩვენც იქ დაგვტოვონ, არავინ იცის რა მოგველის, ვემუდარე, მაგრამ ამაოდ. ვანუგეშებდი რომ შეიძლება სტაციონარში განგებ მოთავსდი, რომ მაღაროში არ ჩაგიშვან. ახლა ამაზე იდარდებს, ვაი თუ მაღაროში ამუშავონო. იცის რა უბედურებაა მიწის ქვეშ მუშაობა. ნოშრევან! ჩემი გადაწყვეტილება ურყევია! თუ რა თქმა უნდა შენ წინააღმდეგი არა ხარ, მივატოვებ ინსტიტუტს და შენთან ჩამოვალ, უშენოდ სიცოცხლე აღარ შემიძლია, ყველაფერმა აზრი დაკარგა. აღარც სიცოცხლის სიხარულია და აღარც ხალისი, თუ სხვანი აგვარებენ თავის ცხოვრებას, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ ეს... მომისმინე ერთ ამბავს გიამბობ: -ოთარ ბეთანელს ხომ იცნობდი, ისიც სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო, ოღონდ ფარმაკოლოგიური ფაკულტეტის. მე რომ სამკურნალო ფაკულტეტის პირველ კურსზე ჩავირიცხე, ის დამამთავრებელ კურსზე იყო. თავის თანაკურსელ -ძალიან ლამაზ, დედისერთა, განებივრებულ და სწავლაშიც ზარმაც ქალიშვილთან დალი დევიძესთან. ოთარი ახოვანი, ჭკვიანი და საოცრად ზრდილი, ნიჭიერი ბიჭი იყო, წარჩინებით სწავლობდა. ყველა დალის შენატროდა, ასეთ კარგ ბიჭს უზომოდ რომ უყვარდა. უნივერსიტეტის სტუდენტები რომ დააპატიმრეს, ოთარიც იმათთან ერთად აიყვანეს. დედამისი ისე განიცდიდა შვილის ამბავს, რომ კინაღამ შეიშალა, იმის გარდა არავინ ებადა. ყოველ დღე ციხის კართან იდგა, სულ მალე გულის სნეულებით გარდაიცვალა. მთლად მარტო დარჩა საწყალი ბიჭი, ყველამ ზურგი შეაქცია, დალიმაც კი, მისმა სათაყვანო დალიმ. საპატიმროში ოთარი ძალიან ავად გამხდარა, შენსავით დიდი სიცხეები ჰქონია, მაგრამ რამდენადაც იმ ხანად ტროპიკული მალარიის შემთხვევები ხშირი იყო, ყველა ავადმყოფის სტაციონარში მოთავსება ეტყობა უჭირდათ. საკანში უყურადღებოდ დარჩენილა, ერთ დღეს გონება მთლად დაუკარგია, ღამით კი, გვიან ღამით გონს მოგებულა და წყალი მოუთხოვია. გაოცებულა, რომ თავისი ხმა ვეღარ გაუგონია. უყვირია და ვერც თავისი განწირული ყვირილი გაუგონია. აშკარა იყო, რომ ორივე ყურით დაყრუვდა, შემდეგ დაუდგენიათ, რომ მენინგიტი გადაუტანია. გიკვირს საიდან ვიცი მისი ამბავი? ჩემი დეიდაშვილისგან ქეთინოსაგან, რომელსაც დალისავით კი არა, ნამდვილი სიყვარულით უყვარდა ოთარი. ქეთიმ საპატიმროშიც შეუგზავნა ოთარს ამანათი და რუსთავის ბანაკშიც მოინახულა იმისი კურსის ამხანაგებთან ერთად. შემდეგ კი მარტო მიდიოდა მის სანახავად. ქეთინო -ჩემი დეიდაშვილი ხომ გახსოვს, როგორი მტკიცე ნებისყოფის და გულჩათხრობილი გოგონა იყო. გეხსომება, ჩემთან ერთად სწავლობდა, განუყრელად ჩემთან ერთად დადიოდა. პირველ ხანებში ოთარი უბრაზდებოდა, ნურაფერი მოგაქვსო, თუთუნს და წიგნებსაც კი არ ღებულობდა მისგან, მაგრამ ქეთინომ ისე გულწრფელად და ალერსიანად უთხრა: -ეს ყველაფერი ყოველთვის უანგაროდ დასავით მომაქვს. შენ ეხლა არავინ გყავს გულშემატკივარი და მინდა შენს გვერდით ვიყო. იმ დღიდან ქეთინო სულ აჩრდილივით თან სდევდა მას. ხედავ რა მუხთალია ბედისწერა. ოთარს ვინც უყვარდა, მან უბედურებაში შეიძულა, ხოლო ვისაც თურმე მალულად უსასოოდ უყვარდა იგი გოლგოთაზე ისურვა მასთან ასვლა და აი, რამდენიმე წელი ავდარში, წვიმასა და ქარში თუ თოვაში ან დარში, ყოველ შაბათ-კვირას, ხან კვირაში ორჯერაც კი ბანაკის კარს მიადგებოდა ქეთი, ლამაზი და კეთილშობილი ქალიშვილი, რომ ყველასაგან მიტოვებული ხეიბარი ჭაბუკისათვის ნუგეში ეცა. მისი საქციელით თავზარდაცემული მშობლები სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ მშობლებიც კი მიატოვა შორეულ ჩრდილოეთში, ინტაშიც კი თან წაჰყვა ოთარს და იქ მის სიახლოვეს დასახლდა. იმდენად სათნო და დიდსულოვანი გოგოა, გულქვა ზედამხედველების გულიც კი მოინადირა და თუმცა პატიმართა ნახვა სასტიკად აკრძალულია, მალულად ახვედრებენ ოთარს და ქეთინოს. ნუ იფიქრებ, რომ მე თუთიყუში ვარ, სხვისი მიმბაძველი ან სულელი მაიმუნი, რასაც სხვა გააკეთებს, იმასვე რომ გაიმეორებს, ვიდრე ქეთინო მაგ ნაბიჯს გადადგამდა, მე უფრო ადრე ვაპირებდი შენთან ჩამოსვლას, შენ რომ არ მიკრძალავდე, ხვალვე გადმოვფრინდებოდი შენთან. გკოცნი უთვალავჯერ. სიკვდილამდე შენი, ნელი მირნელი. (ქ. თბილისი მკათათვის 20.) ნოშრევან, ჩემო სიცოცხლე! ყოველი შენი წერილი სიცოცხლეს მმატებს და გულს უსაზღვრო სიხარულით მივსებს. სულ შენი სახე მიდგას თვალწინ. ამას წინათ ჩვენი კურსელი გოგონები ვკამათობდით (თბილისში ვიმყოფებით, რადგანაც საწარმოო პრაქტიკები გვაქვს), რუსთაველის გამზირზე მივსეირნობდით, მშვენიერი ლამაზი საღამო იყო, შენთვის სათაყვანო აკაკის ძეგლსაც გვერდით ჩავუარეთ და მის სიახლოვეს მერხებზე ჩამოვჯექით. დაახლოებით ასეთი საუბარი გვქონდა: -ნინო ჩადუნელმა მთვარეს შეხედა და თქვა: -ვინ იცის რამდენს გაუმჟღავნებია ამ მთვარისათვის მოკრძალებით პირველი სიყვარულის საიდუმლო -დაიწყო თავისებურად სისულელეების ჩმახვა... ნეტავ ჩემსავით იცოდეთ, ყველა მამაკაცი საძაგელია, მოღალატე. აკვანში რომ ვიწექი, მე და დედაჩემი მამამ მაშინ მიგვატოვა, არ არსებობს სიყვარული, არა! -თქვა მარინე მდივანმა. -აბა რა იყო, ჩვენი ქეთინო რომ სიყვარულისთვის ყინულეთში გადაიკარგა? -შეეკამათა ნინო. -ცის კამარაზე მზე არ სუფევს უსიყვარულოდ! და დასძინა - „არ შეუყვარდი, არაფერია, არაფერია შეუყვარდები!” -იგალობეთ ჩიტუნებო, იგალობეთ, სიყვარული ადრე თუ გვიან მოგნახავთ, ის ნამდვილად არსებობს. აი, მე მიყვარდა და ბედნიერიც ვარ. იცით რა ბედნიერებაა საყვარელი ადამიანის ჭერქვეშ ცხოვრება და დედობა?! -თქვა ლელა თოდაძემ -მალე ეგ სიყვარული პატივისცემით შეიცვლება. სიყვარული არ არსებობს, არა -სევდიანად შეეპასუხა მარინე. მე რაღა ვუთხარი -ის რომ ჩვენ სიყვარულისათვის ვიბადებით და უიმისოდ არარანი ვართ. მე მათ ვუამბე შენი ყრმობის დობილის, მერი ჯაბადარის უსასოო სიყვარულის ამბავი, უღირსო სატრფოსაგან მიტოვებულმა თავი რომ მოიწამლა და საზარელი წამებით დალია სული. ჩვენ ხომ ყველანი ვიყავით დაკრძალვაზე: ნინოც, ქეთინოც, მარინაც, ლელაც და სხვა გოგოებიც. ბევრი ვიქვითინეთ. დაკრძალვაზე დიდძალი ხალხი მოვიდა. ერთმა ცნობილმა პოეტმა ქალმა მერი ნაადრევად გაფურჩქნულ ყვავილს შეადარა, რომელიც სუსხმა დააზრო და მე მათ, ჩემს მეგობარ გოგონებს, მერის გულსაკლავი, ლამაზი ლექსები წავუკითხე. ის ლექსები სულ სიყვარულზე იყო დაწერილი. ბულბულმა ხომ მხოლოდ ერთადერთი სიმღერა იცის -„სიყვარულის სიმღერა”. -მგონი ესენინის სიტყვებია არა?! გკოცნი სიკვდილამდე შენი, ნელი მირნელი. ჩემო ნელიკო! მაღაროში, მე-9 ჰორიზონტზე ლავაში ჩამაგდეს სამუშაოდ მე-9 ჰორიზონტზე, ლავაში, ორი კვირაა ამ საძაგელ სამუშაოს ვასრულებ. ერთი კვირის წინათ ერთი მშვენიერი ბალტიისპირელი ჭაბუკი მოეტანა ჩამონგრეული ქვანახშირის ლოდებქვეშ, გაიგუდა, ძლივს გამოვათრიეთ, ასეთი შემთხვევები ხშირია. მეც თავი მქონდა გატეხილი, მსუბუქი ტვინის შერყევის დიაგნოზი დამიდგინეს. სტაციონარში დაწოლაზე უარი ვთქვი. არჩილ ჩაჩუამ ბანაკის მთავარ ექიმთან წარმადგინა, ყოფილი „მედიკია”, სტუდენტი, კარგი ოჯახის შვილი, მაგრამ ჯიუტი, სტაციონარში არ წვება, თავის ტვინის კონტუზია და კომოციო მიიღო მაღაროში. -რად ჯიუტობ, ბიჭო? -მთავარმა ექიმმა დამტვრეული ქართულით მითხრა. თურმე ტომით გერმანელია, გვარად ფეტერი, ოდესღაც საქართველოში უცხოვრია, ომის დროს აქ გადმოუსახლებიათ. იშვიათად მინახავს, რომ კაცის აღნაგობა და მისი გვარი ასე ემთხვეოდეს ერთმანეთს. ფეტერი გერმანულად „მსუქანს” ნიშნავს! და ის მართლაც საკმაოდ ჩასუქებული მწითური, ღაჟღაჟა, ახოვანი და ღიპიანი, კეთილად მომღიმარი კაცი აღმოჩნდა. -როგორ მოვიქცეთ, ბატონო? -ჰკითხა არჩილმა, -მაღაროდან ამოვიყვანოთ და მაღაროს ზემო სამედიცინო პუნქტში დავნიშნოთ. ახლა იქ სწორედ აღარა მყავს ფერშალი, ექიმად ვფიქრობ ჯერ ვერ შეძლებს მუშაობს. ქვემოთ -მაღაროშიც არის მედპუნქტი. იქ ერთი პოლონელი ებრაელი, ჭკვიანი და განათლებული ბიჭი ნეიმანი მუშაობდა. ჩემსავით ნასტუდენტარი. ტრავმა რომ მივიღე, თავი მან შემიხვია, იქიდან ვიცნობ. წერილის წერას მაწყვეტინებენ, როგორც კი შევძლებ, წერას განვაგრძობ. P.S. ისევ გამაცია. სიცხეები დამეწყო, სტაციონარში მაინც მომიხდა დაწოლა, გუშინ კი უკვე მედპუნქტი ჩავიბარე და აი, ახლა ახალ შთაბეჭდილებებს გწერ. აქ უკვე თეთრი ღამეებია დაწყებული. მზე ცის თაღს უვლის გარშემო, როცა გვიანი ღამეა თითქოს უამრავი მკვდრის მზეა ერთად ცაზე აკრული. დღისით კი შედარებით ცა გაფერმკრთალებულია. საიდანღაც ფრინველები მოფრინდნენ, ბუნება გამოცოცხლდა, ნაირფერი ყვავილებით შეიმოსა ტუნდრა, ბალახი ზღაპრული სისწრაფით იზრდება, საოცრად ლამაზები და იდუმალები არიან ტუნდრის ყვავილები. ისწრაფვიან, მალე გაიფურჩქნონ. ალბათ იმიტომ, რომ აქ უღვთოდ ხანმოკლეა ზაფხული, ყველა და ყველაფერი სიცოცხლეს ეშურება, მზის ნათელს ეგებება, უცნაური დღიანი ღამეებია. რატომღაც ძალიან ხშირად გრანელის სტრიქონები მაგონდება: „წითელი მზე აელვარდა მინებთან, მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე, უიმედო გულის ძგერა მინელდა შენ წმინდაო მაცხოვარო, ამინ! ჩაესვენა სურვილების გროვა, როგორც შორი მირაჟების სერია, ეხლა უფრო დაფიქრების დროა, ჩადენილი შეცდომები ბევრია.” ძმაკაცები დამცინიან, ტრავმა რომ მივიღე, აწი უფრო აზრზე მოხვალ და უკეთეს ლექსებს დაწერო. ამას წინათ კურიოზი შემემთხვა. ღამით ჩემთან მედ. პუნქტში ვიღაც პოლონელი კაცი მოვიდა, რევერანსი გამიკეთა და გამეცნო: -პან მაკოვსკი. -დიდად სასიამოვნოა. -ვუთხარი და სკამი შევთავაზე. -ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მაგრამ დიდადაც ვწუხვარ, რომ მტრის ენაზე გვიხდება საუბარი. -მე სრულიადაც არ ვთვლი რუსულს მტრის ენად, ის ხომ პუშკინის, ბელინსკის, დოსტოევსკის და ტოლსტოის ენაა. -ვუპასუხე და დაბეჟილი ხელი შევუხვიე. -წინკუემ ბარძა (მადლობაო) -წარმოთქვა და დამცინავი ღიმილით დასძინა: -გემოვნების საქმეა! თუმცა გასაგებიცაა, სტალინი ხომ თქვენი თანამემამულეა. მაოცებს თავისიანებს როგორღა გიმეტებთ. -ხელი კიდევ გაწუხებთ? -სიტყვა ბანზე ავუგდე. -ეს არაფერია! გული კი ნამდვილად მატკინეთ! უვიცი ყოფილხართ. გამეცინა, მგლის დაწეროს იგავი მომაგონდა. უცებ სახე საშინლად დაეღრიჯა და კვნესა დაიწყო -ვაიმე, ვაიმე. -რა დაგემართათ? ნუთუ ხელი ასე საზარლად გაწუხებთ? -არა, ახლა „ხანჯლისებური ტკივილები” მაქვს ნაღვლის ბუშტის არეში, მომეცით რამე ტკივილდამაყუჩებელი, მე აღარ მაცალა, თვითონ მიიჭრა წამლების კარადასთან, იპოვა ომნოპონის ამპულები. ორი ამპულა სასწრაფოდ ამოწურა შპრიცით, სახელო არც აუწევია, ისე იტაკა ვენაში ნემსი. გახევებული ვიდექი, პირველად შევხვდი პირისპირ ნარკომანს. - წინკუემ ბარძა -შესძახა კმაყოფილმა და კუთხეში მდგარ ტახტზე უცერემონიოდ გაიშოტა. მე რომ მართლაც უვიცი ვიყო, ალბათ ვიფიქრებდი, რომ ყველა პოლონელი ასეთი ღვარძლიანი და უტიფარია, მაგრამ როგორ შეიძლება პატივს არ სცემდე იმ ქვეყანას და იმ ხალხს, რომელმაც შობა შოპენი, მიცკევიჩი, სენკევიჩი და სხვანი. სინანულით დავყურებდი ძილ-ბურანში წასულ პან მაკოვსკის, როგორც ჩანს ჩემზე არანაკლები ტანჯვა-წამება გამოუვლია, მაგრამ პიროვნების სრული დეპერსონალიზაციაც განუცდია. ზონის იქიდან ელმავლის კივილი მოისმა, ფანჯარაში გავიხედე, საბარგო მატარებელი ჩამოდგა. პატიმარმა ქალებმა დაიწყეს მისი ნახშირით დატვირთვა, იყო ერთი ხორხოცი, სიცილ-ხარხარი, ზოგი მღეროდა, ზოგი კი ისე უშვერად იგინებოდა, რეციდივისტი მამაკაცებისაგანაც არ გამიგონია ასეთი სიბილწე. ისე ურცხვად იქცეოდნენ ქალები, შემზარა. თავისკენ უხმობდნენ გამვლელ მამაკაცებს, იშიშვლებდნენ მკერდს, ბარძაყებს და სასირცხვო ასოებსაც კი. შარდვის და დეფიკაციის აქტსაც კი ყოველგვარი მორიდების გარეშე ფეხზე მდგომარენი ასრულებდნენ. ჰოი, ღმერთო ნუთუ ესენი მართლა ქალებია არიან, ნუთუ ესენი ოდესმე ადამიანობას დაუბრუნდებიან? წრფელად შეიყვარებენ, დედობის ღვთაებრივ გრძნობას ეზიარებიან, თუ სამარადჟამოდ ადამიანთა მოძულენი შეიქმნებიან. არა, მამაკაცი პატიმრები შედარებით წესიერები გამოიყურებიან -რაო ზვერიკო (კავკასიური წარმოშობის კაცებს ჩრდილოეთში ასე გვეძახიან, ჩვენი შურისმაძიებელი ხასიათის გამო), მომმართა პანმა, რომელიც ხმაურმა ძილ-ბურანიდან გამოაფხიზლა. -შეგაშფოთა მაგ ძუკნების ხილვამ? ამ დიდებული ორკესტრის დირიჟორები უპირველესად შენი თანამემამულენი არიან, შეგიძლია იამაყო. ჩვენი პრეზიდენტი პილსუცკი თქვენს მამასთან და მასწავლებელთან შედარებით მამა აბრამის ბატკანი იყო! ნუ გეშინია ყველასი და ყველაფრის ვალი გადახდილი გვაქვს, შენც, მეც და ყველა აქ მყოფსაც. ნახვამდის გკოცნი, შენი ნოშრევანი (ვორკუტა, მარიამობის თვის 5) ჩემო ნელიკო! ის საცოდავი პანი წასვლის წინ გულთბილად გამომემშვიდობა და უხეშობისათვის ბოდიშიც მოიხადა. თანაც ასე დამმოძღვრა: -ჩემსავით კარგა ხანს დარჩი აქ და შენც თუთიყუშის და მელიის თვისებებს შეიძენ. გახდები ბრიყვი და ცბიერი, ურწმუნო, ან აქ ჩაკვდები, ენას რომ ამოგგლეჯენ, იმის მერე! შენ გგონია ვინმე ცოცხალი გავა აქედან? ზონის მოშორებით გაიყვანენ თუ არა პატიმარს, მაშინვე კეფაში ტყვიას ახლიან, გაქცევა სურდაო, ასე იტყვიან. ბანაკში რომ ახვალ, კარგად დაუკვირდი -კარებთან ქათქათა თოვლზე ორი შავი უზარმაზარი ყინულის ლოდი აგდია, ის ორი კატორღელის გვამია -ნაწამები, ძაღლებისაგან დაფლეთილი, ჯერ კიდევ ცოცხალ-მკვდარი დაყარეს იქ და იცი რაზე არგუნეს მათ წამებით სიკვდილი? ეგ ორი კატორღელი ამას წინათ ბანაკიდან გაიქცა, თან ერთი გულუბრყვილო პატიმარიც გაიყოლეს. რისთვის? როდესაც გზაში დაიმშეოდნენ, ის ყეყეჩი უნდა შეეჭამათ, მსხვერპლად მიჰყავდათ, მას კი ისინი მეგობრები ეგონა... ან სად უნდა გაიქცეს ადამიანი, როგორ? ყოველ სოფელში დიდსაც და პატარასაც ტყვია-წამალს და საფანტს ურიგებენ, რომ გაქცეულებზე ინადირონ... თუნდაც იმათ არ გადაეყარონ, შიმშილი აიძულებთ ან რომელიმე საპატიმრო ბანაკში გამოცხადდნენ მონანიებით. აკი ასეც მოიქცა ის ცხონებული ორი კაციჭამიაც! და როგორც შეიწყნარეს შენი თვალით იხილავ. რისთვის დაყარეს იქ მათი გვამები? ეს ჩვენი სასტიკი გაფრთხილებაა და მაინც ადრე თუ გვიან მეც გავიქცევი, თუმცა ამაოდ, მაგარამ ვაი, რომ ჩემს სამშობლოში ვერასოდეს დავიმარხები. ამაოდ ვიტყვი დიდებული შოპენის სიტყვებს: „ჩემი მთრთოლვარე და სისხლიანი გული ჩემს მშობლიურ ქვეყანაში დამარხეთ”. ტყუილად მეგონა ეს კაცი პროვოკატორი. ცრემლი მომერია, რუსთაველის სტრიქონები გამახსენდა: „ვაჰ სოფელო რაშიგან ხარ”! გკოცნი უთვალავჯერ. სიკვდილამდე შენი, ნოშრევანი. (ვოტკუტა. მკათათვის 30) . ნოშრევან, ჩემო სიცოცხლე! მომბეზრდა, სულ საეკლესიო ტონით რომ გწერ ყველა ბარათს, სულ ტრაგიკული ნოტები გაისმის ჩვენს წერილებში. ხომ ხდება უამრავი კურიოზებიც, მინდა მათ შესახებაც გიამბო, დარდი გაგიქარვო. ალბათ არ იცი, სასამართლო რომ ჰქონდათ შენი კუთვნილი ქონების კონფისკაციის გამო. დედაშენი ამტკიცებდა, რომ თქვენი დიდი შავი როიალი, რბილი ავეჯი, ზინგერის საკერავი მანქანა, ძველებური შირმები, უცხოური პატეფონი და სხვა ბევრი რამ ვითომ მას მზითვად მოჰყვა. - ქალბატონო, ეს ახალი მოდის პატეფონი გრამაფონი როდია, როგორ მოგყვებოდათ მზითვად? ბატონო მოსამართლევ, ბიჭი სტუდენტი იყო, არსად არასოდეს არ უმუშავია რის კონფისკაციას ახდენდით, თუნდაც პატეფონს რით შეიძენდა? - წესია, რადგან სამნი ხართ ოჯახში, ბიჭის წილად მესამედია კონფისკაცია ქმნილი. -არავისა აქვს უფლება, მე მზითვში მოყოლილი ნივთები წამართვას. -ნუ ცრუობთ, ქალბატონო, როიალი მაინც თქვენი მზითვისა არ არის, არც მოდური საწოლები და შირმები. ზინგერის მანქანა კი შესაძლოა მართლაც თქვენი მზითვისაა. -მისი მზითვისაა ყველაფერი, მისი მზითვისა! -ერთხმად იკივლეს დედაშენის დაქალებმა. -მადლობა ღმერთს, ბატონო მოსამართლევ, იმას მაინც მიხვდით, რომ ჩემი შვილი პარტნიხა არ გახლავთ. ახლა ეგ არ შესწამოთ. -ქალბატონო, თქვენ ირწმუნებით როიალი ჩემი ქალიშვილობისააო, ვთქვათ გვერდით ოთახში პიანინო დგას, შეძლებდით მის დაკვრას? -დავუკრავდი კიდევაც და თუ ვისურვებდი, კარგადაც გაცეკვებდით. - საჩვენებელი თითი დაუქნია დედათქვენმა მოსამართლეს. -ღვთისნიერი კაცი ჩანს მის მეუღლეს ვკითხოთ, ის მაინც გვეტყვის სიმართლეს. მამათქვენი, ყველასთვის ცნობილია, სიცრუეს ვერ იტყვის, თუნდაც მოკლან, ვერ იტყვის სიცრუეს. გაფითრდა, თავი ცუდად იგრძნო, ორწყალშუა იყო მამათქვენი. ვერც ტყუილს იტყოდა და ვერც სიმართლეს. უხერხული მდგომარეობიდან ისევ დედამ გამოიყვანა: -ავადმყოფი კაცია, თქვენ მას აიძულებთ, როგორც თქვენ გსურთ, მაინც და მაინც ისე ილაპარაკოს. ისევ საჩვენებელი თითის ქნევით უთხრა დედაშენმა მოსამართლეს. მოსამართლე კეთილშობილი კაცი აღმოჩნდა, გაიცინა და ასე თქვა: -მგონი ეს ქალი მართალია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არ დაუკრას და როგორც სურს ისე არ გვაცეკვოს. მეორე კურიოზიც მინდა გიამბო: -მე და ჩვენი გოგონები შენს საყვარელ გამზირზე მივდიოდით, ამხანაგის დიდედის დაკრძალვას უნდა დავსწრებოდით, ჯერ კი ყვავილების მაღაზიაში უნდა შეგვევლო, ვარდების მშვენიერი თაიგული ვიყიდეთ და რადგან დაკრძალვამდე ადრე იყო, კაფეში შევედით, გოგოებმა მერე ყავაზე მკითხაობა გააჩაღეს, ისე გავერთეთ, განსვენებული მთლად გადაგვავიწყდა, დავაგვიანეთ... ნინომ თქვა: -მოდი, გოგოებო, კინოში შევიდეთ. „მინიონში” რაღაც უცხოურ ფილმს აჩვენებდნენ. - კარგი, ეს უზარმაზარი თაიგული სადღა წავიღოთ, სუტკნეინებივით გულზე რომ გვაქვს მისვენებული, -თქვა ყველაფერში კვიმატმა მარინემ. ამ სიტყვების თქმა და მიწიდან ამოძვრომა ბატონი ოლიფანტესი, ერთი იყო. ჩვენი მარქსიზმ-ლენინიზმის პროფესორი ოლიფანტე მობრძანდებოდა. უცებ ძალიან კარგმა აზრმა გამიელვა: -გოგონებო, მოდით ბატონ ოლიფანტეს მივართვათ ეს ვარდები. რევერანსი გავუკეთე და ბატონ პროფესორს ასე ვუთხარი: -ბატონო ოლიფანტე სევერიანის ძევ, მეგობარმა გოგონებმა მომანდეს 108 -ე ჯგუფის სახელით მადლობის ნიშნად მოგართვათ ეს თაიგული და მოგახსენოთ, რომ თქვენი ლექციები დაუვიწყარი იქნება ჩვენთვის. თქვენ დიდი გულმოდგინებით გვაზიარეთ ფილოსოფიის საფუძვლებს. ოლიფანტე ჯერ დაიბნა და ეჭვიანად შემოგვხედა, შემდეგ კი სიხარულით გაიფურჩქნა, ინდაურივით გაიფხორა და მადლობა მოგვახსენა. მალე მის საგანში გამოცდა გვქონდა, ყველა სტუდენტს ჩვეული სიმკაცრით სცდიდა, ჩვენი ჯგუფის სტუდენტებს კი ყველას ხუთიანები დაგვიწერა. ყველა გაოცებული იყო მისი საქციელით. ჩვენი გოგონები კი სიცილით იჭაჭებოდნენ. ასე გადიან დღეები, ცხოვრება თავისი გზით მიდის, უცვლელი მხოლოდ ჩემი სასტიკი სიმარტოვეა, შენი სიშორე, როგორც კი თავთან მარტოკა ვრჩები, ჩვენს გაუხარელ სიყვარულს დავტირი, გოგონები რომ ოხუნჯობენ და სიცილ-ხარხარი აქვთ, მე ჩემი თავისთვის სიცილიც კი მშურს, არამც თუ გულიანი ხარხარი, შენზე ვტირივარ, რუსთაველის გამზირზე როცა გავივლი, გამზირზე გამოფენილ ახალგაზრდებს რომ ვხედავ, სევდიანად ვფიქრობ: რაღა ნოშრევანი ამძიმებდა ამ მიწას, რა დააშავა ისეთი, რომ თავის საყვარელ სამშობლოს მოსწყვიტეს და სადღაც მარადიული ყინვის მხარეში გადამიკარგეს? გუშინ თქვენებთან ვიყავი, დედა ჩამოსულა, ძალიან დადარდიანებული დამხვდა. დედათქვენმა ასეთი რამ მიამბო: სოფელში მამაშენთან ვიღაც მოგვარე კაცი მისულა -ძალზე ღვარძლიანი და ჭორიკანა კაცი, ზედმეტ სახელად თურმე „ორგანას” ეძახიან. იმის გამო, რომ გოლიათი უზარმაზარი კაცია, მაგრამ საოცრად წრიპინა ხმა აქვს, მის აღნაგობას, რომ არ შეეფერება ისეთი! ყურები კი სპილოსავით დიდი, ჰოდა შენი მამისთვის მიუსამძიმრებია: -შე საცოდაო, რას უზიხარ აქ, წადი საჩქაროდ, ყური მოვკარი, შენი ბიჭი გამოქცეულა და სადღაც ვერის ბაზართან მოუკლავთ. წადი იქნებ გვამი მაინც დაგანებონო, საწყალ მამაშენს გული შეწუხებია, დედა არ ყოფილა. მამათქვენი უცეცხლო ცეცხლში იწვოდა, დარდს გულში იტრიალებდა, მალავდა თავის უბედურებას. ბოლოს დედაშენს მაინც გაუმჟღავნა, დედას დაუმშვიდებია ჩვენი ბიჭი, ამ სისულელეს არ იზამდაო, მაინც სასწრაფოდ თბილისში ჩამოქანებულა, მეც სწორედ კარგ დროს მივედი თქვენებთან, დედაშენს შენი წერილები წავაკითხე და დავამშვიდე, მამაშენი კი ამანათის და წერილების გამოსაგზავნად წასულიყო, მათაც უფრო ხშირად მოსწერე წერილები, ჩემზე ხშირადაც კი. გკოცნი შენი ნელი მირნელი. ჩემო დაუვიწყარო ნოშრევან! შენი წერილები მაცოცხლებს, კარგია, რომ ხშირად ახერხებ მათ გამოგზავნას, ამ წერილებს სიხარულიც მოაქვთ და სევდაც. დიდებული შექსპირის თქმისა არ იყოს „ცალი თვალი, რომ იცინოდა, ცალი ტიროდაო”! რუსთავში რომ გინახულე, მუდამ ის სურათი მიდგას თვალწინ, რა საზარლად ნაწამები გამოიყურებოდი და რა ნაღვლიანად მითხარი, მე ამ საპყრობილეს ალბათ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევ და ჩემს გამო თავს ნუ გაიუბედურებ, მშვენიერი გოგო ხარ და ღირსეული ბედი მოძებნე, დღემდე ყურში მიწივის ეს სიტყვები და ახლაც გული მტკივა: -რა ცუდად გცნობებივარ ჩემო მეგობარო. უწინამც დღე დამელიოს, ღმერთმა ნუ ქნას, რომ მე და შენ სამუდამოდ დაგვაშოროს ბედმა... მე შენს გარდა არასოდეს არავინ მყვარებია, არც მიყვარს და არც მეყვარება და თუ შენ აღარ მისურვებ, სიმარტოვის გარდა არავინ იქნება ჩემი მეუღლე. მამას შემთხვევით წაუკითხია ჩემი წერილები. საწერ მაგიდაზე დამრჩენია, ნამტირალევს რომ ჩამძინებია ჩემს ოთახში, ფეხაკრეფით მოვიდა მამა ჩემთან და შუბლზე ფრთხილად მეამბორა. თვალი გავახილე, ჩამოჯდა ჩემს გვერდით და მითხრა -შვილო, კმარა ამდენი დარდი, ცოტათი მაინც გაიქარვე ნაღველი. აი, წყნეთში ჩვენს აგარაკზე შენს ბიძაშვილებს და დეიდაშვილებს ისეთი ჩარფუზანა და ტაშ-ფანდური აქვთ გაჩაღებული, მკვდარსაც კი გააღვიძებენ. შენ აქ -თბილისში რას იხრჩობი ამ სიცხე-პაპანებაში და ერთი სასაცილო ამბავი მითხრა: -შვილო, შენი მთხოვნელები კარსა და ბანს არ გვიგდებენ, აირჩიე ვინმე ამ ღირსეულ მამაკაცებში და დაოჯახდი. აი, გუშინაც შენ რომ არ იყავი, ვიღაც პროფესორი მოვიდა უზარმაზარი თაიგულით და ტორტით, ცილინდროსანი დარბაისელი კაცი ჩანდა, შენი ხელი მთხოვაო, და მერე იცი ვინ ყოფილა? ო-ლი-ფან-ტე! ხა-ხა-ხა-ხა -თურმე მალე აკადემიის წევრ-კორესპონდენტად ირჩევენ და უარს ვინ გაუბედავდა -ასე ფიქრობდა ალბათ - მერედა, შენ რა უთხარი მამიკო, -შევეკითხე მამას. -უშენოდ რას ვეტყოდი! -ჰოდა ყველას უთხარი, რომ მე ცოცხალიც ნოშრევანისა ვარ, მკვდარიც... ვოცნებობ, ოდესმე მის გვერდითაც დავიმარხო. მამაჩემი ძალიან გულჩვილი კაცია, ცრემლები მოერია და მეტი აღარაფერი მითხრა. თუ არ განუგეშებენ, გართობენ მაინც ჩემი აბდაუბდა წერილები, ჩემო მარადჟამს სანატრელო ნოშრევან? (ქ. თბილისი თვე და რიცხვი წაშლილია) სალამი ჩემო დაუვიწყარო და საოცნებო ნელიკო! შენსავით მეც ბევრჯერ ვიმეორებ „კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია”! -ძალიან დაღონებული ვარ, ამდენი მწუხარებით ლამის გული გამისკდეს, ჯერ ერთი აქ მასობრივად საჭმლის მოწამვლა იყო, უამრავ ადამიანებს ვურეცხავდით კუჭს, ვუკეთებდით ოყნას, ქაფურის, კოფეინის, კორდიამინის ინექციებს, ხელოვნურ სუნთქვას და სხვა. ჩვენგან ქართველთაგან მარტო ექიმი მიხეილ უგრეხელიძე მოიწამლა. (შაშხი, ორცხობილები და ამანათით მიღებული სხვა პროდუქტებიც „შავი დღისთვის” აქვს შემონახული). უპირატესად ბალანდით იკვებებოდა, ისიც გადავარჩინეთ. ჭორები დაყარეს ეს მოწამვლა გენერალური რეპეტიციააო, მთელი ჩვენი ბანაკის მკვიდრთა მოსპობა უნდათო. ძლიერ დავრდომილთათვის და დისტროფიით დაავადებულთათვის ცალკე ბარაკი იყო გამოყოფილი. იქ ჩემი კოლეგა გეიმანიც მოეთავსებინათ, აი ის პოლონელი ბიჭი მიწისქვეშა მედპუნქტში, რომ მუშაობდა გაქცევის მცდელობის გამო საშინლად უწამებიათ. ისეა ნაცემ-ნაგვემი, რომ სული ძლივს უდგას, ჩხირივით გამხდარა, თავით სასთუმალთან ექიმი რაუბე და პან მაკოვსკი ესხდნენ. რაუბემ შეწუხებული სახით მითხრა: -მეტი მოთმენა გმართებთ. შენზეც ამბობენ, სულ გაქცევაზე ოცნებობსო, სისულელეა, სად გაექცევით ამ ჯალათებს, ალბათ იმიტომ შემოგაგდეს ზონაში, მართლაც და მედ. პუნქტიდან გამომაგდეს და ზონაში ვარ, არ ვიცი რას მიპირებენ. მალე მიზეზიც გაირკვა, თურმე ჩემს სანახავად დედ-მამაა ჩამოსული. ჩემი ნახვის ნებართვა კი ვერ მიუღიათ. მაშინ ჩემს მშობლებს კატეგორიულად მოუთხოვიათ, ამანათის შეგზავნის ნება მაინც მოგვეცითო, გაძეკილი ხურჯინები ზედამხედველებმა ძლივს შემოათრიეს ზონაში. ცერბერები მხიარულად ჩანდნენ, ეტყობა ჭაჭის არაყს უსუნეს და კახურ ღვინოსაც გემო გაუსინჯეს. ქრთამმა აქაც ჯოჯოხეთი გაანათა. მე და ჩემს დედ-მამას შორიდან მაინც ერთმანეთი დაგვანახეს. კოცნა გავუგზავნე, გავიქეც-გამოვიქეცი, მუშტი ცისაკენ შევმართე, ამით ვანიშნე, რომ ყოჩაღად ვარ, არა მიჭირს რა. მთელი ქართველობა, ჩემს გვერდით იდგა და ჩემსავით განიცდიდნენ ჩემს ჯოჯოხეთურ ბოღმას. არის ასეთი ძველი ანდაზა: „რა ციებ-ცხელებასავით გადამეკიდეთ”... და აი ისევ ჩემმა „ძველმა მეგობარმა” -ტროპიკულმა მალარიამ გამიხსენა. ჯერ შემაცივნა, შემდეგ კი დიდი სიცხე მომცა. მძიმე ავადმყოფი შევიქმენი. ჩემი გადარჩენა აღარავის ეგონა. ისევ ტუბერკულოზიანთა სტაციონარში ვიწექი. ახლა კი ისეთ რამეს გიამბობ, თმები ყალყზე დაგიდგება. უგონოდ შევქმნილვარ, ჯერ ფეხები გამციებია, მერე კი მთლად გავყინულვარ. გულიც გამჩერებია და სუნთქვაც შემიწყვეტია. განთიადისას სანიტარ პეტრენკოს ფეხზე ბირკა შეუბია და მორგში გავუთრევივარ (რა თქმა უნდა ფერშალი მოსკალენკოს „ვიზით”), როგორც ჩანს კლინიკური სიკვდილი მქონდა. დამავიწყდა მეთქვა, ყველაზე ხშირად ჩემს სანახავად ქართველთაგან გოგი ხიზაბავრელი და ექიმი -ბატონი დავითი მოდიოდნენ. ამ დილითაც ეტყობა რატომღაც ჩემსკენ გამოუწიათ გულმა. მოვიდნენ და ქვეშაგები რომ აკეცილი დახვდათ, გულს შემოეყარათ. ყველაფერს მიხვდნენ, პეტრენკო მორგში შემოუძღვათ, მდუღარე ცრემლი რომ დამაფრქვიეს, წამომიკვნესია. ბატონ დავითს ვენაცვალე, მაშინვე აბა ხელოვნური სუნთქვა, აბა ვენაში წამლის შესხურება, გულში ადრენალინის გაკეთება, ქაფური, ლობელინი, კოფეინი და რა ვიცი კიდევ რა არ იხმარა. და აი, ხომ ხედავ, ცოცხალი ვარ. ისევ საყვარელ ადამიანს გესაუბრები. ბრძენ ბერძენს უთქვამს, „მე ვაზროვნებ ესე იგი ვარსებობ”, -მე კი ვამბობ მაშინ ვარსებობ, როდესაც შენს წერილს ვღებულობ, ან მე თვითონ გწერ წერილს. ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ! ბიჭები მილოცავენ და თან მაქილიკებენ: -იუზგარ, საიქიოში ნამყოფი კაცი ხარ, აწი მტრის ჯინაზე რაღა მოგკლავსო! გული მხოლოდ ექიმმა მიხეილ დარახველიძემ დამწყვიტა. აი, იმან, როსტოვში მებარგულეთაც კი რომ დავუდექი კოლეგიალობის ხათრით. აქ მე რომ სიცხით ვიწვოდი და ფანჯარაში უსასოოდ ვიყურებოდი, იქნებ ვინმე ჩვენიანმა გაიაროს მეთქი, თვალი მოვკარი მას, ზურგზე ხელებდაწყობილი როგორ მოსეირნობდა და მოღიღინებდა, მისი ხმაც კი გავიგონე, ხმამაღლა უთხრა ვიღაცას -რა კარგი ბოლოკის „ბაღი” გქონიათო. აქ ხომ მხოლოდ ბოლოკი ასწრებს ოდნავ ვარდისფრად შეფერვას, ან ველური ტურნეფსი ოდნავ შემწვანებას, სხვა არაფერი არ ხარობს. იცოდა ბატონმა ექიმმა რა დღეშიც ვიყავი და არც კი შემოიხედა. მგონი შესანიშნავ პროფესორ კასირსკის უნდა ჰქონდეს ნათქვამი, თუ არ ვცდები: „გულითადობის უკმარისობა უარესია, ვიდრე გულის უკმარისობაო” -აი, მე რომ ვკვდებოდი სწორედ გულის უკმარისობით ვკვდებოდი, ალბათ ბატონ მიხეილს კი გადამეტებული „გულითადობა” მოკლავს ოდესმე, ღმერთი ყველაფერს ხედავს, ყველას მიუზღავს, მე კი ყველასთვის ყველაფერი მიპატიებია, ნახვამდის, გკოცნი. შენი ნოშრევანი (ვორკუტა. მარიამობის თვის ...) ჩემო სათაყვანო და სანატრელო ნელი! არ იდარდო, აქ ყველაფერი ძველებურადაა, ოღონდ რეჟიმის აღმნიშვნელი დაგვირიგეს, ყველას - კატორღელსაც და არა კატორღელსაც მრგვალ მაუდის ნაჭერზე ამოტვიფრული ემბლემა უნდა გეკეროს -8-Pმარცხენა წინამხრის არეში, „ბუშლატზე”, მთელი ახალგაზრდობა „საზეიმოდ” ფუსფუსებს ათასნაირი რამით რთავენ და ქარგავენ ამ ემბლემებს, თან ოხუნჯობენ, უმაღლესი ორდენები დაგვირიგესო! უსინდისო ადამიანს ამ ორდენის ტარების უფლება არ უნდა ჰქონდეს, პეტრენკოც კი, რომელსაც პიროვნების სრული დეპერსონალიზაცია აქვს, სევდიანი ღიმილით შეჰხარის ამ ემბლემას. თავის თავს რატომღაც დამსახურებაში უთვლის მორგში რომ გამათრია და ხშირხშირად სიგარეტს ან მახორკას მთხოვს (რასაც შემაგულებს), სამაგიეროდ, ენა ამოიდგა გამიშინაურდა და ათასნაირ თავგადასავალს მიამბობს. აი, ახლაც ჩემს შორიახლო ჩამოჯდა და ასეთ რამეს მიყვება: -წინათ ნამდვილი სამოთხე იყო აქ, ვიდრე სარეჟიმო ბანაკად გადაკეთდებოდა. ჩვენი და ქალთა ბანაკები გვერდი-გვერდ იყო. ქალები ხომ გულმოწყალენი არიან, ვიდრე მამაკაცები და ეშმაკუნები. ყოველთვის ისეთ რამეს შოულობდნენ, რაც ჩვენ არც კი დაგვესიზმრებოდა. თუნდაც არაფერი მოეძღვნათ, განა მათი თბილი გაღიმება და ალერსი ნაკლები საჩუქარია მამაკაცისთვის? წამებას და გაჭირვებასაც უკეთესად ვიტანდით. ალბათ ეს ჯალათებმაც შეიტყვეს და იმიტომ გაგვაშორიშორეს. უსიყვარულოდ, ხომ კაცი არარაა, ეს მეც კი ვიცი, ობროდმა! უმეტეს ქალს ერთი ეგრეთწოდებული ქმარი ჰყავდა. იყვნენ ისეთი ქალებიც, რომელთაც რომელიღაც აფრიკული ტომის ქალებს რომ აქვთ ადათწესად, იმგვარად ათი და უფრო მეტი ქმარიც კი ჰყავდათ! იყვნენ ისეთი ქალებიც, რომ მოგეკლათ, სხვა კაცს არ გაეკარებოდნენ, გარდა თავისი რჩეულისა, ასეთ ქალს „ჟლყჯკ.,”-ს ეძახიან, ასეთი იყო ჩემი დუნიაც, სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა, აი იქ ტუნდრაში ჩემი ხელით მყავს დამარხული, მასთან ერთად თითქოს გულიც იქ დავასამარე. მამაკაცები? მათ შორისაც ათასნაირი ხასიათის ადამიანია, უწესოც, წესიერიც. წრფელი გულით, მთელი არსებით რომ უყვარდა ისეთ ადამიანსაც შეხვდებოდით, ჰომოსექსუალისტებსაც შეხვდებოდით. ჩვენსა და ქალებს შორის ყასიდად გაბმული იყო ეკლიანი მავთულები, მავთულებზე გადავფენავდით ბუშლატს, სასთუმალის მოვალეობას ეს გვიწევდა, ზოგნი ზეწარსაც კი არ იფარებდნენ... ვეალერსებოდით ერთმანეთს, როგორც ძაღლები, ყველა ერთმანეთს ამ დროს თვალს ვარიდებდით, მხოლოდ ნამთვრალევზე ზედამხედველი თუ ჩაგვაზელავდა წიხლს და წესიერებისაკენ მოგვიწოდებდა, შვილებიც იბადებოდნენ? რა თქმა უნდა... ჩემს მეგობარს ვლადიმერ ივანოვს მონიკამ ისეთი ბუთხუზა ბიჭი დაუბადა, სულ ალი-კვალი ვლადიმირი იყო. ოთხ წლამდე აქ იზრდებოდა, ხან დედისკენ მიბაჯბაჯებდა და ხან მამის ბარაკისაკენ, მავთულებში გაძვრომის ოსტატიც იყო და ქურდბაცაცობის ნიჭსაც ვამჩნევდით. ზოგიერთ ქალს უკვე მოსწრებული ბალღიც ჰყავდა, წამოზრდილ ღიპსაც კიდევ „დარბაისლურად” დაატარებდა. ომი იყო, ხალხს ხომ ყველგან გამრავლება ჭირდებოდა, თანაც უპატრონო თავშესაფარში გაზრდილი ბავშვი, ხომ უფრო ერთგულია სახელმწიფოსი. კომუნისტებმა ეს ჩვენზე კარგად იციან, ასეთი საამური ცხოვრება გვქონდა იმჟამად, მერე ცინიკურ ფორმებში მიამბო (ქალთა და კაცთა ბანაკები რომ დააშორეს ერთი მეორეს), ვიღაც რეციდივისტმა ქალებმა როგორ გააუპატიურეს ბალახის სათიბად გაყვანილი პეტრენკო. როგორ გაუბედურებული მოათრიეს ბანაკში ზედამხედველებმა, საძაგლად ხითხითებდა და თან ორად ორ შერჩენილ დაყანყანებულ კბილს აჩენდა. ღმერთო ეს ქვეყანა მაშ არ უნდა დაინგრეს? ეს ამაზრზენი სოდომი და გომორი? ნუთუ ეს იყო იმ ფანატიკოსი რევოლუციონერების ოცნება, რწმენისათვის ცეცხლში, რომ უყოყმანოდ ცვიოდნენ. ადამიანებს ღმერთი წაართვეს და ვერაფერი მისცეს სანაცვლოდ, გაიხრწნენ ადამიანები, პირუტყვზე უარეს ცხოველად იქცნენ, თურმე ცერბერებს უეჭვიანიათ, თითქოს მე გაქცევა მქონდა გადაწყვეტილი. რეჟიმის უფროსს უთქვამს, ქართველებმა მოგვწამლეს, ისეთი არაყით გამოგვათვრეს, ჩვენ დღეში, რომ არ დაგვილევიაო. ალბათ შვილის გაპარება უნდოდათ და იმიტომ გამოგვათვრესო. ვინ იფიქრებდა, რომ ჭაჭის არაყით ასე გასკდებოდნენ, ის უბედურები! და აი სანიტარულ ქალაქში მიპირებენ გადაყვანას. ჩემთან ერთად ახლახან შევიტყვე ჩაჩუა, ხიზაბავრელი და უგრეხელიძეც მოდიან. (ვორკუტა ფ/ყ 210) მარიამობის თვე 194... წ ჩემო ნელიკო! სან. ქალაქიც ისეთივე მკაცრი სარეჟიმო ბანაკია, იგივე კონტინგენტი, კატორღელებიც და არაკატორღელებიც, ყველანი ერთ ტაფაში იწვიან. აქ მრავალი ეროვნების ადამიანი და მრავალნაირი სნეულებით შეპყრობილნი არიან. შევედით თუ არა კართანვე ერთი ახოვანი ქართველი კატორღელი კაცი შემოგვეგება: -თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, ნაღდად ქართველები იქნებით! სათითაოდ გადაგვეხვია. ამ კაცში იყო რაღაც განსაკუთრებული, ვინც ერთხელ ნახავდა, არ შეიძლება იგი დავიწყებოდა. მაღალი შუბლი და უჩვეულოდ დიდრონი უსაზღვრო შავი თვალები, სევდიანი მწარე ღიმილი ჰქონდა. ეს გახლდათ ერთ დროს ცნობილი იურისტი ვალერიან იოსების ძე ინწკირველი. ძლიერ ნაწამები სასამართლოს შემდეგ სასიკვდილო კამერაში კარგა ხანს მჯდარა. შემდეგ კი თხუთმეტი წლის კატორღით შეუცვალეს დახვრეტა და აქეთ გადმოკარგეს. აქაც ტუბერკულიოზიანთა სტაციონარში მომათავსეს, ოღონდ ფერშლადაც დამნიშნეს, ესეც ჩვეულებრივი ბარაკია, სტაციონარი ფორმალურად ჰქვია, აქ ორი ექიმი დამხვდა, ორი ებრაელი ექიმი -სამუელ ლვოვის ძე ფეიგინი და ივან აფანასის-ძე შჩეკა. ორივე შესანიშნავი, განათლებული ახალგაზრდაა, დიდხანს ვისაუბრეთ, რატომღაც ისე მოვეწონე მათ, რომ ქართველი ებრაელი ვეგონე, მე მათ ვუამბე თუ რა სიყვარული გვაქვს ერთმანეთში ჩვენ და ქართველ ებრაელებს. ვუამბე ისიც, ოდესაში ქართველმა სტუდენტმა როგორ გადმოაგდო ცხენიდან ჟანდარმი ებრაელთა პოგრომის დროს, როგორ ულმობლად აჩეხეს ხმლით შავრაზმელებმა ის ქართველი ჭაბუკი. ფეიგინმა ამოიოხრა და თქვა: -რუს შავრაზმელებს რას გაამტყუნებ, როცა ძიების დროს, კომუნისტმა კაცმა, გამომძიებელმა ჟიდი-მასონი მიწოდა და უმოწყალოდ მცემა, თქვენს სინსილას გავაქრობო. ერთი მითხარი კოლეგა, რა სოციალიზმს აშენებენ ეს დებილები. სამუელსაც და ივანესაც -ორივეს ოკუპაციის დროს გერმანელთა ლაზარეთში უმუშავიათ და ამის გამო მათ კატორღა მიუსაჯეს. საუბრის დასასრულს შჩეკამ თქვა: -სწორედ უთქვამს გენიალურ შექსპირს: „ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა, თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს”. გადატვირთული ბარაკიდან გარეთ გამოვედი, სუფთა ჰაერზე გავისეირნე, ეკლიან მავთულზე შემომჯდარი ნაცარა ჩიტი შევნიშნე, გალობდა, მაგრამ თითქოს გაყინული, რაღაც უცნაური ხმა ჰქონდა. რაო ჩიორა! შენც გეშინია ამ უსაზღვრო სივრცის, გეშინია, რომ მკაცრმა ზამთარმა აქ არ მოგისწროს? იჩქარე ჩიორა, იჩქარე! ბარაკს ორმაგი ფანჯრები აქვს, მაგრამ ღამით სიცივე ბარაკშიც აღწევს, ჩვენს სასთუმალებამდეც, განსაკუთრებით დამამახსოვრდა იაპონელი სამურაი ცუდო კოხო, რომელიც ყოველი განთიადისას პირს აღმოსავლეთისაკენ იზამდა და უფალს თავის იმპერატორს ავედრებდა, რომ დღეგრძელი და ბედნიერი ყოფილიყო მისი ხელმწიფე, რომელიც უკვე მკვდარი გახლდათ! ბიჭები ამასხარავებდნენ და თვალები ისეთი ბრაზით აენთებოდა ხოლმე, ეტყობოდა, რომ ოდესღაც კარგი მეომარი იქნებოდა. აქ არის ერთი ნახევრად ქურდი, ნახევრად „პოლიტიკური”, ყოფილი პოლისმენი -კვაშკა, სულ შემნახველ საკანთანაა ატუზული, ვინმე რომ ამანათს მიიღებს ან მათხოვარივით ხელი უნდა გაუწოდოს ანდა გამოსტაცოს რამე. არის კიდევ ერთი სპარსი ვინმე ალიზადე, ბაქოში უცხოვრია, მერე სამხრეთ აზერბაიჯანში გაპარულა. ვაჭრობით გამდიდრებულა, ბევრი დუქანი ჰქონია. არ ვიცი რა მოტივით, „ჩვენებს” ცხენივით ყელზე არკანი მოუდიათ და ასე გადმოუთრევიათ საზღვარზე. ერთ ლამაზ რუსის ბიჭუნას შეტრფის, წითელლოყებას, ვნებიანად ჩიპჩიპებს, ვითომ ხუმრობს ნერწყვსა ყლაპავს და ჩიპჩიპებს: -ოჰ, ოჰ, რა კარგი ბიჩუნაა... მშუენიერია, მშუენიერი. სამარცხვინოა, რომ ალიზადესავით დეგენერატი ქართველიც აღმოჩნდა, ვინმე დიმიტრი უჯმაჯურიძე. საწყალ იმ რუსის ბიჭს ათასნაირი დაპირებით და მუქარით იმდენი სდია ვიდრე არ გახრწნა ახლა კი იმას ეჩხუბება შე ასეთო და ისეთო რატომ დამთანხმდი ასეთ სისაძაგლეზეო. ყველას გვეზიზღება. ტყვედ ყოფილა იტალიაში, გაქცეულა ჩამოსვლისთანავე დაუპატიმრებიათ. ათი წელი აქვს მისჯილი, მაგრამ ყველაზე კოლორიტული ფიგურა მაინც მუსტაფაა! მუსტაფა ანდრეევია გვარად. დედა თათარი ჰყოლია, მამა კი რუსი. ყოფილი პოლისმენია, აქ ქურდბაცაცობს, უდარდელი და უტვინო ვინმეა, „მელომანი”, სავარცხელზე პაპიროსის ქაღალდს გადააკრავს და „კონცერტებს” მართავს ან მუცელს გაიშიშვლებს, ვითომ დოლია, ზედ ხელებს იბარტყუნებს, თან მღერის: „Gჯხნჯ ნს ვტყზ ყტ კ.,ბიმ, გჯხნჯ ზ ნტ,ზ კ.,კ.””! ამბობენ, ჩვენს მოსვლამდე ერთი ასეთი „კონცერტის” გამართვის დროს იმდენი უბარტყუნებია მუცელზე ხელები, მუცელი ძლიერ ატკივდა, აპენდიციტის დიაგნოზით ოპერაციაც კი გაუკეთებიათ. გოგი ხიზაბავრელი სან. ქალაქის მნედ დანიშნეს, ახლა მას აბარია ირმის რძეც, ირმის ხორციც, ბრინჯი, წიწიბურა და სხვა პროდუქტები, მართალია იშვიათად, მაგრამ სახლიდანაც, რომელიმე ჩვენგანი ღებულობს ლობიოს, ლორს, ნიორს, ხახვს, სპირტს კი აქ, როგორღაც ვშოულობთ ხოლმე. გვაქვს უკვდავი შოთას „ვეფხისტყაოსანიც”, სიყვარულით ვკითხულობთ ხოლმე. გოგი ხიზაბავრელმა ამას წინათ სთქვა: -შოთა იმიტომაა უკვდავი, რომ უკვდავ სიყვარულს უმღერა და თავისი ლექსები ღვთის ვედრებით დაიწყოო. სხვა რამეც ვიპოვე აქ სანუგეშოც! ბიბლიოთეკა აღმოჩნდა, გატაცებით შევუდექი კითხვას, ყველაზე მეტად ტურგენევის „იაკობ პასენკოვი” მომეწონა. ციმბირში მეოცე საუკუნის დასაწყისში კონტრაბანდისტებმა ნამდვილი მშვილდისრით სასიკვდილოდ დაჭრეს მეოცნებე, ცისფერთვალება იაკობ პასენკოვი. ბევრი ვიტირე ჩუმად, წარმოვიდგინე, ვითომ მე დამჭრეს გულში სასიკვდილოდ და შენ ვეღარასოდეს გნახავდი. გკოცნი მრავალჯერ შენი ნოშრევანი. (ვორკუტა სან. ქალაქი მარიამობის თვე 30 რიცხვი) ჩემო ნოშრევან! მე მეტის გაძლება აღარ შემიძლია, უნდა ჩამოვიდე შენთან და მეც გადასახლებაში მამყოფონ, შენს ახლოს ხომ მაინც ვიქნები, რატომ მიკრძალავ? როცა გაგანთავისუფლებენ, ერთად ჩამოვალთ საქართველოში, მე მშურს, რომ უშენოდ ამ ცას, ამ მზეს ვუყურებ. შენ კი მანდ, მაგ ყინულეთში ხარ გადაკარგული. ბოლოსდაბოლოს შეიგნე -უერთმანეთოდ არსებობა აბსურდია, ჩვენ ერთმანეთისათვის დავიბადეთ, ესაა ერთადერთი ჭეშმარიტება. დედაშენი ვინახულე, გულში ჩავიკარი და ერთად ვიქვითინეთ. ცოტაოდენი შვება ვიგრძენით კიდევაც. იცი რა მიამბო დედაშენმა? თურმე ბოდბის მონასტერში, სადაც წმინდა ნინოა დამარხული, ოდესღაც ქალთა საოსტატო სემინარია ყოფილა (ალბათ შენც იცი) და დედაშენს იქ უსწავლია. ამიწერა იქაური მშვენიერი ბუნება. დღემდე შემორჩენილია მუხნარი, რცხილების და ცაცხვის ხეთა და კვიპაროსთა კორომები! მთვარიან ღამით, როდესაც სემინარიელი გოგოები სარკმელებთან მტრედებივით ჩამოსხდებოდნენ და თავის მომავალ ბედზე ოცნებობდნენ, უეცრად სალამურის ხმა ანარნარდებოდა, ან შესანიშნავი ხავერდოვანი ხმით ვიღაც უცნობი ჭაბუკი ამღერდებოდა. -ვინ არის ის ბედნიერი, ვისაც ის ახალგაზრდა კაცი უმღერის, რომელი ჩვენგანია მისი რჩეული? შუაღამე გადავიდოდა და თუ იღუმენია სასტიკად არ დაგვტუქსავდა, ფანჯრებს ვეღარ ვცილდებოდით, როგორც უეცრად გამოჩნდებოდა ის გიმნაზიელის ქუდიანი ჭაბუკი, ასევე ანაზდად მოჩვენებასავით გაუჩინარდებოდა. ის ახალგაზრდა კაცი თურმე მამა თქვენი გახლდათ, ხოლო მისი რჩეული დედაშენი. სწორედ იმიტომ არ მიკვირს, რომ შენც ლამაზი და წმინდა სიყვარულის ნიჭით ხარ დაჯილდოებული. დედაშენივით მეოცნებე ხარ და მამაშენივით დიდსულოვანიც! ჩემო დაუვიწყარო და სათაყვანო ნოშრევან. გკოცნი მრავალჯერ. შენი ნელი მირნელი ქ. თბილისი (ენკენის თვის 5) ჩემო ნელიკო! ვერ წარმოიდგენ შენმა წერილმა რა ლამაზი ხსოვნა გამიღვიძა სადაც წმინდა ნინო განისვენებს ის არე-მარე ჩემთვისაც სანუკვარად მოსაგონია, მე ხომ იქ, სამედიცინო ინსტიტუტიდან, ზაფხულში პრაქტიკაზე გამაგზავნეს... ყოფილი სემენარიის შენობაში მაშინ რაიონული საავადმყოფო იყო მოთავსებული, წმინდა ნინოს ტაძრის მახლობლად, სოფლის ბოლოში სასაფლაოსთან ერთი პატარა უბადრუკი, ჩალით დახურული ქოხი ვიქირავე. წინათ მას ჩემი სახლის პატრონები საბძელად ხმარობდნენ, კუთხეში ძველებური სკივრი დამიდგეს, მომცეს კიდევ ორიოდე ძველი ტაბურეტი და ერთი დანჯღრეული რკინის საწოლი. ღამით ღია სარკმელში ღამურები შემოფრინდებოდნენ და საბრალოდ წრიპინებდნენ. ყოველ შაბათ ან კვირა დღეს სოფლიდან „აღალი” ამომდიოდა, ჩვენები ობროდ მეზობლის ქალს თებრიას ჩემთან საჭმელ-სასმელს, ახალ-ახალ წიგნებს ატანდნენ. უსაზღვროდ მიხაროდა როდესაც ბებიაჩემის შავთვალა ვირის „მერცხალას” ხმას გავიგონებდი -ყროყინს, ვიცოდი მას თებრია მოჰყვებოდა. სახლის პატრონები გაოცებულები იყვნენ, ეს რა ახირებული ვინმეა, ჩვენს მშვენიერ, ორსართულიან სახლს საბძელში ყოფნა არჩიაო. სახლის პატრონი -დიასახლისი დედაჩემის ყოფილი სემინარიელი ამხანაგი იყო. სუფთა რუსული აქცენტით მკითხავდა ხოლმე: -ღფრ ვფვჯხრფ გჯ;ბდფტნ? დიასახლისი ხშირად მიამბობდა, რა მკაცრად ეპყრობოდნენ თუ ვისაც ქართული სიტყვა წამოსცდებოდა, დაჩოქილს აყენებდნენ კუთხეში, სახაზავს ურტყავდნენ პატარა ხელებში, კიდებდნენ რაღაც სამარცხვინო წარწერიან დაფას კისერზე თუ ზურგზე. ახლა კი არავინ აიძულებდა და გამწარებული „რუსულობდა”! ნუთუ სნობიზმი ქართული სენია? მას ჩემი ხნის გოგონა და ბიჭიც ჰყავდა, მშვენიერი ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ აოცებდათ ჩემი ახირებული საქციელი, რას ეხეტება ეს ბიჭი სასაფლაოზე, რა სიამოვნებას ანიჭებს ამ ნახევრად ნაცრად ქცეულ სამარის ლოდებზე ეპიტაფიების კითხვა და ამოწერა. ან ყვავილების კრეფა, რა ბიჭის საქმეაო. სიღნაღში „გრანდიოზული საღამოები” იმართებოდა. როცა ვიგონებ, ახლაც კი გული სიყვარულით და სინაზით მევსება. გაძაგრავდნენ მავთულებს და ზედ უამრავ ჭრელ-ჭრელ ქაღალდის ლამპიონებს ჩამოკიდებდნენ, სუროებს, ფერად ქაღალდებს, ყვავილებს. მთვარის შუქში ცეცხლზე გაფიცხებულ დაირას ააჟღარუნებდა ვინმე „სილამაზის დედოფალი” და გაჩაღდებოდა შლეგური როკვა, დაუვიწყარია ის დაირის გუგუნი და ვერხვების იდუმალი შრიალი. ხან კი ჭიდაობა იმართებოდა. გავეშებული ფალავნები ერთმანეთს ერკინებოდნენ ზურნის და დიპლიპიტოს ხმაზე და ონავარი ბიჭუნები ციკნებივით კიკინებდნენ: -„ჭიდაობას რა უნდა, ფეხის წამოკვრა უნდა”! ხან კი დოლ-გარმონი აკივლდებოდა. ერთი სიტყვით ახალგაზრდობა ემურებოდა სიხარულს, სიყვარულს, მე კი განდეგილივით მინდოდა ყოფნა, შენზე ვოცნებობდი. შენს გარდა არავინ და არარა მსურდა. შუაღამისას ქოხში მძინარეს გაველურებული კატა თუ ფოცხვერი დამახტა კისერზე, ნამძინარევმა დავტაცე ორივე ხელი ჩირაღდანივით თვალებანთებულ მხეცს და მიწაზე დავანარცხე. (ქოხს იატაკი არ ჰქონდა) შევშინდი? არა ძილ-ბურანში ვიყავი, მეგონა მესიზმრა. დილით სარკის ნატეხში კი ყელზეც და სახეზეც განაკაწრები მოჩანდა. ტკბილად მოსაგონარია სიღნაღის, იმ პატარა ჩიტის გულივით კოხტა ქალაქის ქუჩაბანდები. რარიგ მიყვარდა იქ ხეტიალი ნისლიან ღამით და შენზე ოცნება ფოთოლცვენაში. იმ პატარა ბულვარის ლამაზი ცაცხვები ახლაც ოქროს ზარებივით რეკავენ ჩემს სულში. იქ მოედანზე, სიცხე-პაპანაქების ჟამს პატარა ბიჭუნები დარბოდნენ და გაჰკიოდნენ ცივი წყალი! თავგატეხილას წყალი! ეჰ! ნეტავი ახლა ერთი ჭიქა თავგატეხილას წყალი დამალევინა და უკვდავების წყაროს წყალად მივიჩნევდი, დამიამებდა ჩემს დაფლეთილ და ჯოჯოხეთური ცეცხლით დაბუგულ სულს, ციხის ნანგრევებზე ერთგან მაღალი როტონდო იყო დაშენებული, საიდანაც საზღაპრო პეიზაჟი ჩანდა, თვალუწვდენელი ზვრები, შესანიშნავი სოფლები, დიდი ალაზნის ველი და ჭალები, შემდეგ კი ბრწყინვალე კავკასიონი, ხედავ მეგობარო, თურმე ჯოჯოხეთშიც შეიძლება კაცმა თავი წამიერად ბედნიერად იგრძნოს, თუ ღვთისგან სიყვარული და ოცნების ნიჭი აქვს მომადლებული. ხშირად ეკლის გვირგვინს უფრო მეტი მომხიბვლელობა აქვს, ვიდრე დაფნისას. შენც ხომ ხშირად გითქვამს ჩემთვის წმინდა ნინოს სიტყვები: „ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდობასა, რამეთუ ვარდი და ნუში ჰყვაოდა მას ჟამსა”. ოცნებიდან ვიღაც პატიმრის სიმღერა მაბრუნებს ცოდვილ მიწაზე. როდემდე უნდა ვუცადოთ გულხელდაკრეფილებმა ბედნიერებას. როდემდე უნდა ვხვდებოდეთ ერთმანეთს მხოლოდ სიზმრად და ისიც წამიერად. იქნებ სატანის მოციქულები რომ ღაღადებენ ღმერთი არ არ ისო, მართალნი არიან?! ო, არა არა. ღმერთი არსებობს თორემ შეუძლებელი იქნებოდა ასე წმინდად და უანგაროდ გვიყვარდეს ერთმანეთი. და ისიც შეუძლებელია, რომ მან თავის მიერ შექმნილ არსებებს გულმოწყალე თვალით არ გადმოგვხედოს. მან რომ ეს ჩვენი დიადი და სპეტაკი სიყვარული დამარხოს, რაღა ღვთაება იქნება, მაშ რაღად გვშობა ერთმანეთისათვის? ხანდახან ვფიქრობ ეს განსაცდელი მან მრავალტანჯული იობივით ჩვენც მოგვივლინა. ჩვენც ვძლევთ სიძულვილს, წყვდიადს და გულქვა ადამიანთა ზღვასაც გადავცურავთ. „დიდება შენდა ღმერთო”! დიდება მამასა და ძესა და სულისა წმინდისათა ამინ! მწამს, მჯერა! გკოცნი უთვალავჯერ. შენი ნოშრევანი... (თარიღის წარწერა წაშლილია) ჩემო, გონებიდან განუშორებელო ნოშრევან! როგორ ხარ, რა ხმა მოგაწვდინო, რა გიჭირს, რა გილხინს. შენ წერ, რომ ფეხზე ბაწარმობმული ჩიტი ხარ, რომელსაც ჯიუტი და შეუბრალებელი ბავშვი თავის ნებაზე დაარბენინებს. ვაი, რომ ასეა, „ჭკვიანებს ხომ მართლაც ვაი ჭკუისაგან სჭირთ”, ეგ ისეთი სენია ახლა, რომ მარტო შენ არ ხარ მაგით შეპყრობილი. ერთი დეკაბრისტი პოეტის თქმისა არ იყოს, „შენც მაგ ბორკილებით უნდა იამაყო.” დიახ იამაყო! და რატომ არ გინდა გვერდითა გყავდე. მეც ვიამაყო მაგ ბორკილებით. რაც უნდა მოხდეს, კიდევ გიმეორებ: „არ ვსდევ ჟამთაცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად”... შენი ბედი ხომ გადაწყვეტილია, როგორც ჩანს, სამუდამოდ მანდ უნდა გამყოფონ და მე აქ რა მინდა უშენოდ, რა მინდა! შენ არც კი იცი, რომ სიმარტოვე სულსა მხდის. დედაც კი შემომწყრა და განზე გამიდგა. ასე დამტუქსა: -უკვე ჭკნობა შეგეპარა, შვილო, დროა მაგ შენს გატაცებას წერტილი დაუსვი, ჩამოდი ციდან, მამაც მებუზღუნა, ბოლოს და ბოლოს გატაცება ვის არ ჰქონია, ცალი ფეხი სამარეში მაქვს ჩადგმული, შემიბრალე, მომასწარ შენს ბედნიერებას, შვილიშვილების ჟღურტულს. რასაც შენ აკეთებ ჭკუათამყოფელი ადამიანი არასოდეს ჩაიდენსო. არ იფიქრო ჩემო ნოშრევან გაყვედრიდე ჩემს სიყვარულს, ჩემს თავს, მხოლოდ სასოწარკვეთილი ვარ შენი საქციელით, შენთან ერთად სიკვდილი მირჩევნია აქ უშენოდ ყოფნას, თუნდაც ფუფუნებით ვცხოვრობდე. ჩემი მეგობარი გოგონები ყველანი დათხოვდნენ, ყველას ბავშვები ჰყავს. და, რომელიმე მათგანის ბავშვს გულზე რომ მივიკრავ, რაღაც უცნაურ გრძნობას განვიცდი: ვაი რარიგ მინდა მყავდეს ბავშვი და შენი თვალები ჰქონდეს, შენი კეთილი გული და შენსავით უსაზღვროდ ვუყვარდე, დამრთე ნება, ჩამოვფრინდე შენთან. ნუთუ მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარული ლეგენდებში და რომანებშია?! აი ახლაც მაგიდაზე მიდევს შენი ნაჩუქარი ელინური მითები და ვკითხულობ -წარღვნის დროს ნაობლარ სერზე მხოლოდ ერთმანეთის უსაზღვროდ მოსიყვარულე ფელემონის და ბავკიდას ქოხი რომ გადარჩა. შენ კი მგონი პოემაც კი დაწერე ოდესღაც, როგორ ჩავიდა ჯოჯოხეთში მგოსანი, უხსენებლისაგან დაგესლილი სატრფო რომ გარდაეცვალა -მის დასახსნელად და დაიხსნა კიდევაც და დაუბრუნდნენ მზისეთს. ნუთუ მხოლოდ პოეტებს ეხელმწიფებათ ეს რაინდული საქციელი და ეს მაღალი სიყვარული! ნუ ვიფიქრებთ ასე, მზად ვარ მთელ სამყაროს დავუმტკიცო, რა უსაზღვროდ მიყვარხარ! მინდა გაგაცინო, ამ დღეებში კიდევ ერთი კარგი წიგნი წავიკითხე - ზოშჩენკოს გორკისადმი მიძღვნილი „ცისფერი წიგნი”. ერთ მოთხრობაში ვიღაც როკაპი დედაკაცი ქმარს სიკვდილს უკრძალავს, მე ვინღა მარჩენს შენ რომ გარდაიცვალოო... არავითარი სიკვდილი! შე ზარმაცო შენა, ადექი და სამუშაოზე წაეთრიე. გაძვალტყავებული კაცი, საპყარი კაცი მთელი დღით მიდიოდა სადღაც, სიცივე-ყიამეთში ვითომ მუშაობდა... თურმე სადღაც, ქალაქის რომელიღაც ქუჩაში ჩაჯდებოდა ქუდს მუხლებზე დაიდებდა და მოწყალებას ითხოვდა. საღამოთი კი შინ ხელხვავიანად ბრუნდებოდა. სუფთა ჰაერმა და ამ „ბიზნესმა” ისე არგო, რომ კაცი გამოჯანსაღდა. დედაკაცმა მერკანტილური ზრახვით და სიძუნწით, სასტიკი მოპყრობით ქმარი გადაარჩინა და მე სიყვარულით ვერ უნდა გადაგარჩინო? დიახ, გიკრძალავ სიკვდილს და სასოწარკვეთილებას. შენ უნდა იცოცხლო, იცოცხლო დიდხანს და ბედნიერად, შენ ამისი ღირსი ხარ! ამას იმიტომ გწერ, რომ ერთ-ერთ შენს წერილში, რომელიც ძალიან სულმდაბლური მეჩვენა, ასეთი სტრიქონებიც იყო, რომელიც გულს მტკენს დღემდე: ვინ შენ და ვინ ასეთი სულმოკლეობა? ნუთუ შენია ეს სტრიქონები?! „ ...მეც დავბრუნდები ჩამოკონკილ მათხოვრის აბგით ნაცნობი ვინმეც ალბათ სიცილს დამაყრის ბასრად მკითხავს როგორ ხარ? ვუპასუხებ: -ძალიან კარგად დიდი ხანია დასაკარგი არა რა მაქვს-ღა”! აი, ამიტომ გიკრძალავ სიკვდილს, სწორედ ამიტომ, რომ სხვათა დასაცინი კი არ გავხდეთ, პირიქით სხვათა სამაგალითონი შევიქმნეთ. ნახვამდის. მარადჟამს შენი, ნელი მირნელი. (... ქ. თბილისი) ჩემო ნოშრევან! შენს მშობლიურ კახეთში ვიყავი, შენს დედულეთში -კარდენახში, ჩემმა დობილმა ნინიკომ წამიყვანა რთველში, ვნახე შენი ბავშვობის სახლიც, ზღაპრული ადგილია, ალბათ კარდენახი იმისთვის ჰქვია სოფელს, რომ ვენახები კარზე აქვთ ხშირად, სახლის მახლობლად. ღამით ვენახში გავედით, პირსავსე მთვარე დაგვნათოდა, გული მტკიოდა, რომ შენ ჩემს გვერდით არ იყავი, ვიფიქრე იქნება ისიც ახლა ამ მთვარეს შეცქერის მეთქი, მაგრამ უეცრად სინამდვილემ დამსუსხა, მანდ ალბათ უკვე პოლარული ღამეა, უღიმღამო ღამე და შავი პურგა დაღმუის. შენი დედ-მამაც მოვინახულე. შემომჩივლა დედაშენმა: -ქმარი სულ გამიველურდა, სანადიროდ დაეხეტება. სულ მარტოობა სწყურია, იცი რა მოიმოქმედა? ამას წინათ სალამურს ენა ამოგლიჯა, თავის საყვარელ გიტარას სიმები ჩამოსწყვიტა, ჩონგურს კი ლარები ააგლიჯა. გული მიგრძნობს, რომ შვილს ვეღარ ვნახავო. მე აღარ ვიქნები ის კი ნამდვილად ჩამოვა, სალამურს ენას ჩაუდგავს, სიმებსაც აუბავს ამ საკრავებსო! ახალი სხვა ჩემს ცხოვრებაში არაფერია, გკოცნი. შენი ნელი მირნელი. ჩემო სათაყვანო ნელი! ახლა მე შენ ისეთ რამეს მოგითხრობ, ვაი თუ შენც ჩემში რწმენა დაკარგო და ზურგი მაქციო. ვინ იცის კაცნი ვართ! კარგა ხანია არც შენგან, აღარც მშობლებისაგან წერილი არ მიმიღია. თავზარდაცემული ვიყავი, რაშია მეთქი საქმე ვნაღვლობდი და ყველაფერი გაირკვა. დღეს ჩვენი სარეჟიმო ბანაკის ოპერრწმუნებულმა გამომიძახა და ჩვენს შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი გაიმართა. შენს შესახებ ყველაფერი კარგად ვიცი. კარგი ბიჭი ჩანხარ-ო, მითხრა და თან წერილების დასტა დამიდო ცხვირწინ, შენი და ჩემი მშობლების ხელი ვიცანი. ხელი გავიწოდე, მაგრამ ბარათების დასტა თავისკენ მიხვეტა კოტიტა თითებით. ამ წერილებს მიიღებ, ოღონდ ერთი პირობით... -რაშია საქმე? ვკითხე შეშფოთებულმა -უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან, მით უმეტეს, რომ პატიმრობის არცთუ ხანგძლივი ვადაღა დაგრჩათ, რამდენადაც ვიცი სუსტი ჯანმრთელობაც გაქვთ, ხომ ხედავთ გავიმარჯვეთ კბილებამდე შეიარაღებულ ურჩხულზეც კი. შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი ხარ, მომავალი წინა გაქვს, რა გინდა ამ ნაძირალების ბანაკში. დიად სამშობლოს კიდევ გამოადგებით გესმით? ჩვენს სასარგებლოდ უნდა იმუშაოთო აშკარაა შანტაჟს მიწყობდა ეს არამზადა. -განა ეს მუშაობა არ არის? ადამიანები პირიდან სისხლს ანთხევენ და მე ლაზარეთში მათ თავზე ვევლები. -არა, უფრო საინტერესო და სერიოზულ საქმეს განდობთ. გვაცნობებ პატიმართა განწყობილებას, ვინ რა გულითაა ჩვენზე, ვინ რას აპირებს. განა ცოტაა თუნდაც ისეთი ავაზაკი, რომელიც გაქცევას ცდილობს, ანდა შესაძლოა აქედანაც ხელმძღვანელობდეს რაიმე ბანდებს? ითანამშრომლებ და ღირსეული კაცი იქნები - არა! მე არ შემიძლია ჩემი ბედნიერება სხვის უბედურებაზე ავაგო. ადრიანი ბავშვობიდანვე დედ-მამა იმას ჩამჩიჩინებდა, თუ ვინმე რაიმეს გაწყენინებს ამბავს ნუ მოგვიტან, თორემ ორივე ყურს აგახევთო. - სისულელეა, ისე ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებ, ვერ გაიხარებ, ვინ უნდა დაინდო, განა შენ კი დაგინდო ვინმემ? და აქ სასიკვდილოდ არ გადმოგკარგეს? წამით გავრინდდი და გამახსენდა ერთი ნამეგობრალის ლექსის სტრიქონები: „მე ვინ დამინდო, რომ დანდობა ესწავლებია”. და კიდევ მისივე: „ჩვენ ძეგლებისთვის გვინდა თქვენი სარკოფაგები”. მერე თვალწინ დამიდგა მშობლების გაწამებული სახე, მათ ათასობით კილომეტრი გამოიარეს, ჩამოვიდნენ ჩემთან, მაგრამ ჯალათებმა ჩემი ნახვის უფლება არ მისცეს. და მე მტკიცედ ვუთხარი ჩემს წინ მჯდომარე ჯალათს -არა! არ შემიძლია, მე ვერ გავყიდი ჩემს ბედში მყოფ ამხანაგებს, ჩემსავით განწირულთ და უღმერთოდ ნაწამებთ. აი წინასწარ გაძლევ ამ წერილებს, მჯერა, რომ მოიფიქრებ და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებ. ნუ დაგავიწყდება პოლარული ზამთარი კარზეა მომდგარი და არც კარცერში ჯდომაა სახარბიელო. აიტან? ზიზღით შევხედე და კარისკენ წავლასლასდი. ბანაკში ერთი ხორხოცი შეიქმნა. ბიჭებმა ჩემს ირგვლივ წრე შეკრეს და მეკითხებოდნენ, რა ამბავი იყო. მე მათ დაუფარავად ვუამბე ყველაფერი. უმეტესმა მათგანმა ირწმუნა ჩემი სიმართლე. ზოგი მათგანი კი მაინც დაეჭვდა ჩემში! დიმიტრი საძაგლიშვილმა -ყველაზე უფრო გახრწნილმა და გარეწარმა პიროვნებამ პირველმა მესროლა ტალახის გუნდა: -ბიჭო რამ წაგახდინა ასე. გვყიდი! ზიზღით შევხედე. გოგი ხიზაბავრელმა კი პირქუშად მიახალა -მიქარვას თავი დაანებე, შენს თავს მიხედე ჩვენ კარგად ვიცით ეს რა ბიჭიცაა. არჩილ ჩაჩუამ კი გაიცინა და უთხრა ალიზადე გეძებდა. დაიმალე რამე არ დაგმართოსო! რა ვიზამთ ყველა თავისი საზომით ზომავს, ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოს ძმაო, მითხრა დავითმა. წყეულიმც იყვნენ ჯალათები, აქაც კი ამ ჯოჯოხეთში არ ასვენებენ კაცს, უნდათ სული მთლად განუძარცვონ ადამიანს, აქ ამ უბედურ პატიმრებშიც კი ცდილობენ შური და უნდობლობა დათესონ. რამდენიმე დღის მერე ისევ გამომიძახა ოპერმა და როდესაც იგივე მტკიცე პასუხი მიიღო ჩემგან, უშვერი სიტყვებით შემაგინა და მითხრა: „უბედურო გგონია სახლში მიგაბრძანებენ? თუ ცოცხალი გადაგვირჩი პატიმრობის ვადას მაინც დაგამატებთ... თუ აქ არ ჩალპი, ისეთ ადგილზე გადაგკარგოთ, ვორკუტაში რომ არის, იმაზე უფრო მსხვილი ქვანახშირის თხრამ მოგიწიოს. ისეთ ადგილზე გადაგკარგავთ დღეც კი ღამესავით შავი შეიქმნეს შენთვის. გაეთრიე აქედან, თვალით აღარ დამენახვო”! ნეტავ თუ ოდესმე აკვნის ნანას დამღერდა დედა ამ გველაძუას, ოდესმე ძუძუს თუ აწოვებდნენ მას. საიდან ასეთი ქვა გული, ასეთი გახრწნა ადამიანისა. ამისთანა ვიგინდარა უნდა განაგებდეს ჩვენ ბედ-იღბალს? აქ მყოფთა შორის ყველაზე უარესი ავაზაკიც კი მასზე უფრო კეთილი და ადამიანურია, ასე მგონია. აქ ზოგჯერ ისეთი დღეებია -აქტირებული დღეები, რომ კაცი გარეთ ცხვირს ვერ გამოჰყოფს სიცოცხლისათვის საშიშია გარეთ გამოსვლა ხარიც კი, რომელსაც (ირმის გარდა) აქ ტრანსპორტად იყენებენ, ოთხ წელს, რომ იმუშავებს, ჩამოსწერენ ხოლმე. ხარიც კი ვერ უძლებს ამ სუსხს. გახსოვს იმ საზარელ სიზმარზე რომ გწერდი ცხადივით რომ ამეკვიატა, მამაჩემის დაღუპვის ამბავს რომ მაუწყებდა, სწორედ ისევე ამეკვიატა ერთი სხვა ჩვენებაც, მაგრამ ეს სიზმარი როდია, აი, იქ ბანაკის კართან ზონის იქით ქათქათა თოვლზე ორი სისხლიანი ჩაშავებული კითხვის ნიშანია გამოსახული, ეს ორი კაციჭამია პატიმრის გვამია მოკრუნჩხული! ო, ეს ულმობელი კითხვის ნიშნები. რატომ? რისთვის? როდემდე უნდა გასტანოს ადამიანებო ასეთმა სისასტიკემ. ნუთუ ჯერ კიდევ ისევ უგნური ცხოველები ვართ და ნამდვილ გაადამიანებამდე ჯერ კიდევ შორს არის... ხშირად ადამიანი რომ იფიქრებს, ისეთ სისასტიკეს ცხოველიც ვერ შეძლებს. ვინ იცის იქნება ვცდები კიდევაც. განა ცხოვრება ეღირებოდა, კეთილშობილი ადამიანებიც რომ არ გვხვდებოდნენ გზაზე. ცხოვრებაც ხომ მეტი არაფერია, გარდა ბოროტების და სიკეთის ჭიდილისა! ღმერთს დავეფარებინეთ, რომ ყველა ოპერრწმუნებული ფილიპოვივით სულით მეძავი იყოს და სულით შანტაჟისტი. ჩემო ღვთაებავ, ცხოვრება მაინც ღირს. დღეს მე და შენ უბედურები ვართ, მაგრამ მაინც შეიძლება ვიამაყოთ მდიდარი სულიერი ცხოვრებით, რომ ვცხოვრობთ. ბალზაკს ტყუილად კი არ უთქვამს: „რომ შეიძლება ყველაზე ძლიერი უბედურთა კავშირი იყოს”! ამ დღეებში კიდევ ერთი ღირშესანიშნავი ამბავი მოხდა: ზონაში უზარმაზარი თეთრი კურდღელი დაიჭირეს (თხრილში, რომ ჩავარდა), კურდღელი ყმაწვილივით ტიროდა, ადამიანები კი იცინოდნენ, ზედამხედველებიც და პატიმარნიც -კურდღელივით ტყვედქმნილნი და დამფრთხალნი. კურდღელი მაინც ჩვენზე უფრო ბედნიერია. მან ის მაინც არ იცის, რომ ტყავი უნდა გააძრონ და თანაც მკვდარს გააძრობენ ტყავს. ჩვენ კი ცოცხლებს გვაძრობენ ტყავს და ისიც ვიცით, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტი განსაცდელი მოგველის, თუ კიდევ სიცოცხლე გვიწერია. ძველი ქართული თქმულებისა არ იყოს თავის ქალას ეწერა „გადამხდა გადასავალი ახლა უარესს მოველი”. რძალ-მულმა იპოვეს იგი, გაიცინეს და ერთმანეთს უთხრეს: ამაზე უარესი რაღა უნდა მოუვიდეს ამ ბედშავსო. აიღეს და გავარვარებულ თონეში გადაისროლეს. მე რაღა მელის არ ვიცი ძვირფასო. ტყუილად გწყინს, რომ აქ ჩამოსვლას გიშლი, არ დაგიმალავ, ბევრ პატიმარს სასჯელის ვადა, რომ უთავდება უმიზეზოდ კვლავ ვადას უმატებენ ან სადმე გადასახლებაში აგზავნიან! მე კერპი როდი ვარ, ცოცხალი ადამიანის, ისიც შენისთანა კეთილშობილი ქალიშვილის მსხვერპლად შეწირვა მოვისურვო. შენ მაინც მინდა იყო ბედნიერი, იქნება ამით მაინც ვიყო ბედნიერი, მწარედ გაგეცინება, ამ დღეებში ერთი ლექსი დავწერე, რომელიც ასე ბოლოვდება: „და მინდა ვიყო ძლიერ უბედური, რადგან ბედნიერი აროდეს ვიქნები”! პატიმრობა პატიმრობაა და ეს ვიღაც უხილავი ბოროტი სული რაღას მაწამებს. იქნებ ეს ყოველივე შორეული გენის ბრალია, ეს ყოველივე წინასწარ განსაზღვრულია იქნებ? დიდედას პირველად ჩემი ლექსები როცა წავუკითხე -ხელები უმწეოდ გაასავსავა: -აჰა ვაგლახ მე! ერთი ბიძაშვილი მყავდა, თითქოს ის განმეორდა შენში ხასიათითაც, სახითაც, სულ იმას ჰგავხარ. ისიც შენსავით ლექსებსა ჩხაპნიდა, ებრძოდა მეფესაც, ღმერთსაც, სულ შფოთში და ვაგლახში იყო, დაადებდნენ ხელ-ფეხზე ბორკილებს და გაუყენებდნენ კატორღისაკენ გზას და როგორც თვალებაბმული კატა მაინც უბრუნდება პატრონის სახლს, ისე ბრუნდებოდა ყოველთვის, ბრუნდებოდა, მაგრამ გაძვალტყავებული, გაყვითლებული, კონკისჟღარუნა... ცოტა მოსულიერდებოდა და ისევ ამბოხს ატეხავდა, შემოიკრეფდა თავისსავით ღარიბ-ღატაკებს და „ცეცხლის მამალს” წამოაფრენდნენ ხოლმე. იყო ასე სულ შფოთში და ომში, დაიწვას იმისი ხოჭიჭი! ასე რომ გიმსგავსა. რა გინდა მოისვენე, იცხოვრე ტკბილად. ერთი ჰყავხარ შენ საცოდავ მშობლებს. მართალი იყო დიდედა? ბოლოსდა ბოლოს ნუთუ ჯალათებმა სულ ასე უნდა იზეიმონ. ყველა ცხვრად იქცეს ყრუთა და მუნჯად? ზოგი იმასაც ამბობს, ამ შფოთსა და ჯანყსაც უფრო უარესი შეიძლება მოჰყვესო! ამაზე უარესიც შეიძლება? მახსენდება ჩემი ყრმობის დობილი ქალის მარის შესანიშნავი ლექსი: „მადლობა გამცემს - უფრო პატარა საპყრობილეს რომ შეგვაფარებს” და მაინც განთავისუფლებას ველი მოუთმენლად, რომ გნახო და გულში ჩაგიკრა, მეღირსება? ხომ განგიცდია ბავშვობისას დედა შორს, სადმე რომ წასულა და თითებზე ითვლიდი დღეებს. დაღამდება გათენდება, დაღამდება გათენდება, დაღამდება გათენდება და ჩამოვა დედიკო. ჩამოვა და ჩამოიტანს ფოჩიან კამფეტებს, ლამაზ სათამაშოებს, აი, ასე მოუთმენლად ვითვლი დღეებს, თითებზე ვითვლი, განვთავისუფლდები? გკოცნი, შენი ნოშრევანი (ვორკუტა, სან. ქალაქი. ღვინობისთვის 10. 194... წ) ჩემო ნელი! დღეს მამაჩემის წერილი მივიღე, ძლივსღა ვიცანი მისი ხელი, სტრიქონები მთრთოლვარე ხელით, ირიბად ჩანდა დაწერილი და ცრემლის კვალიც აჩნდათ ნამდვილად აცახცახებული ხელით იყო დაწერილი, რაღაც საზარელი წინათგრძნობა დამეუფლა, ვერ მომისვენია, ადგილს ვეღარ ვპოულობ, უძილობაც დამჩემდა დაძინებისაც მეშინია, ვაითუ ისევ ის სიზმარი ვნახო. ვიღაც უცნობი ქალი რომ შემომტირის დედაჩემის ხმით შვილო „იტირე შენი საყვარელი მამა აღარა გყავს” ის მწარე მოთქმა ყურებში მიწივის. აქ მალე პოლარული ღამეები იწყება გარეთ პურგა ღმუის, ის დღიანი ღამეებიც, უთენებელი ღამეები და პურგის გულშემზარავი ღმუილიც ალბათ სამუდამოდ ჩამეკირება სულში. თუ სიცოცხლე კიდევ მიწერია. მომწერე რა დაემართა მამაჩემს. კიდევ გიმეორებ, რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს, ვეწამები, დედამ მომწერა ნადირობის დროს გაცივდა, ცოტა შეუძლოდ იყოო. ნუ დარდობ, სხვა რომ არაფერი, ამას შენი ჩამოსვლის მოლოდინი მაინც აცოცხლებსო. მაგრამ ეს წერილი, აი ეს წერილი რაღაც იდუმალებითაა მოსილი, თავზარდამცემია იგი, თითქოს მამაჩემის დაფლეთილი სულის ნაწილია, თითქოს იგი წერილი კი არა, ფრთამოტეხილი განწირული წეროა, ცის სიმაღლიდან ძირს ზღვის უდაბურ ნაპირზე ლოდებს წივილით, რომ უნდა დაენარცხოს. მომწერე, ამ მწუხარებასაც ავიტან ალბათ, როგორმე ავიტან. ვიცი გამიგებ, სიმწრით ხელები დავიკბინე, სახე დავიხოკე, პირველად რომ წავიკითხე ეს ბარათი. ვინ მანუგეშებს? ან რა ბედენაა ნუგეში, როცა ვიცი, რომ ჩემს ოცნებებს და ფუჭ ქიმერებს შევწირე მამაჩემის სიცოცხლე. მას ჩემი დარდი კლავს. ვინ იცის იქნებ ამ ქვეყნად აღარც კი არის. ყველაფერი მომწერე, გემუდარები. ხომ იცი, მოლოდინი მწარე სიცხადისა, უფრო ძნელი ასატანია, ვიდრე უსასტიკესი სინამდვილეც კი. შენი, სიკვდილამდე შენი ნოშრევანი. (ვორკუტა სან. ქალაქი ღვინობის თვის 30.) ძვირფასო ნელი! ამ დღეებში ამანათი მივიღე. ზედ მამაჩემის მიერ იყო წარწერილი ჩემი მისამართი, გვარი და სახელიც. ცოტათი დავმშვიდდი, მამასაც ისეთი წერილი მოვწერე, რომ უსათოოდ გამხნევდება, სულ მალე შენთან ვიქნები მეთქი. დიდი დრო მქონდა მეფიქრა რამ მომიყვანა აქ ამ ჯოჯოხეთში, რამ განაპირობა ჩემში სიძულვილი ყოველი ძალადობისადმი, გულმა მომიყვანა თუ გონებამ აქ, მართალია: ბრძენ კაცს უთქვამს ჯერ კიდევ შუა საუკუნეობრივი წყვდიადის დროს, რომ: „გული, გრძნობა და გონება ერთმანეთს ზედან ჰკიდიან”... მეც მგონი მხოლოდ გულით და გრძნობით ვცხოვრობდი მუდამ ამ ქვეყნად და დიდმა გულისტკივილმა მომიყვანა აქ. ჩემი გზა, ეს ეკლიანი გზა ვფიქრობ ადრიანი სიყრმიდან დაიწყო. გახსოვს? ჩვენი ფიზიკის კაბინეტის ფანჯარა ქუჩას გადაჰყურებდა. ერთხელ ფიზიკის გაკვეთილის დროს ჩვენი საყვარელი პედაგოგი ქალი -ნაზი ჩიხლაძე -საინტერესო გაკვეთილს რომ გვიტარებდა, უცებ გულშემზარავი კივილი შემოგვესმა, ფრინველს რომ აღმოხდება დიდი განსაცდელის ჟამს! ყველანი ფანჯრებს მივცვივდით, მეზობელი შენობის რკინის კარებთან თავდაღმართზე მუხლზე დამხობილი და ხელებდასისხლიანებული ქალი დავინახეთ, რომელსაც პატიმარ შვილთან ამანათი მოეტანა. ადამიანური ნუგეშის ნაცვლად „კგბ”-ს მცველმა უწყალოდ სცემა სასოწარკვეთილი დედა და წიხლიანი ჩექმით გაუთელა საცოდავ შვილთან სათუთად მოტანილი ამანათი... მაშინ რა ვიცოდი, რომ გავიდოდა წლები და მეც იმ საპატიმროს ბინადარი გავხდებოდი, ხოლო დედაჩემიც იმ განწირული ქალის ბედს გაიზიარებდა! ჩემთვისაც გათენდა ერთხელ გულშემზარავი დილა: დედაჩემს ჩემი სისხლიანი, დაფლეთილი ტანსაცმელი გაუტანეს და მე მარტო საკანში გამომწყვდეულს მესმოდა მისი საზარელი თავგანწირული წივილი და აი იმ დღიდან სულ თან მდევდა კითხვები: რატომ? რისთვის? და ეს კითხვები დღესაც არ მასვენებენ. რარიგ გულწრფელად და დიდხანს გვჯეროდა გულუბრყვილო ბავშვებს ჩვენი ნათელი მომავლის, კომუნიზმის მითი! მარტო საკანში მყოფს მრავალჯერ მწარედ მახსენდებოდა ის საზარელი სურათი მუხლმოყრილი, ძაძით მოსილი ქართველი დედის დასისხლიანებული სახე, ძლივძლივობით, რომ წამოიწია სისხლიანი ხელებით, წყევლას და კრულვას უთვლიდა მკვლელებს, არამზადებს და აი, აქაც ამ სარეჟიმო ბანაკშიც, სანიტარულ ქალაქს რომ უწოდებენ და არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი კატორღული ტიპის ბანაკისაგან, რამდენი უბედური ადამიანი უთვლის წყევა-კრულვას მუხთალ და გულქვა ჯალათებს. სისხლს ანთხევენ საპყარნი, სიცოცხლის ორიოდე დღეღა დარჩენიათ და მაინც საპყრობილეში ჰყავთ გამოკეტილნი. რამდენი ჭკუა შეშლილი მივარდნია ეკლიან ბადეს და „თუთიყუშს” ავტომატით დაუცხრილია. სულ სიყალბე, სიცრუე! როგორ შეიძლება უზარმაზარი ქვეყანა მხოლოდ მათზე იყოს დაფუძნებული, მხოლოდ მათზე, როდემდე შეიძლება მილიონობით ადამიანი სიყალბეს უკმევდეს გუნდრუკს. ნუთუ კაცობრიობა იმისთვისაა განწირული, რომ ვერასოდეს ეზიაროს ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტ ნათელს? ვაი, რომ არასოდეს დამავიწყდება, როგორც ის შავბნელი დღე, როდესაც მე ჩემს ეკლიან და ჭეშმარიტების გზას დავადექი და ჭეშმარიტების გზას. ვერ დავივიწყებ ვერც აქ ტუნდრაში ადრიანი ზაფხულის ჟამს, დიდი ყინვების დროს სუსხიან ცაში გათოშილ უამრავ მზეებს, მიცვალებულთა ფრჩხილებივით ამაზრზენს. -უამრავ ცრუ მზეს, ყალბ მზეს... რომელი იყო მათში ნამდვილი, ჭეშმარიტი მზე, ნუთუ არცერთ მოკვდავს არ ძალუძს ამოხსნას ეს იდუმალება, რომ ჭეშმარიტ მზეს ეზიაროს? ადრიან სიყრმეში მე და მამაჩემმა გერმანულიდან შილერის ბალადა ვთარგმნეთ. ჭეშმარიტების დაუდგრომელმა მაძიებელმა თითქოს მიაგნო მას, მაგრამ, როდესაც იდუმალების ფარდამ აიწია, ჭეშმარიტების მაძიებელი უსულოდ დაეცა მის წინაშე. ო, ის მზეები! ყალბი მზეები! ნუთუ ვეროდეს ვეღირსები ჭეშმარიტების მზის ხილვას წამით ერთი წამით, ოდესმე მაინც, თუნდაც სიკვდილის წინ?! წარმოიდგინე ასეთი სურათი -ტუნდრის უსაზღვრო სივრცეებს ცისფერი ციაგით მოსილ ცას ორი ქართველი გასცქერის. რაღაც ენით გამოუთქმელი სილამაზეა -უდიადესი, უბადლო, ღვთაებრივი, ჩრდილოეთის ნათებაა და მათ გულშიც უსაზღვრო და ენით გამოუთქმელი შიში იბუდებს და არა საამო განცდა, რომელსაც ეს შეუდარებელი სიტურფე უნდა იწვევდეს მათში. გაუძლებთ ამ ზამთარს? ჰკითხავენ ერთმანეთს ისინი? ეს მე და გოგი ხიზაბავრელი ვეკითხებოდით ერთმანეთს -შეძრწუნებულები, სასოწარკვეთილები. აქ კაცს მგლის კბილები უნდა ჰქონდეს, რომ გაძლოს აქ უფრო მგლური ბრძოლაა არსებობისთვის. ცდილობენ როგორმე ბანაკური ცხოვრება მოიწყონ, გადარჩნენ ამ ველურ ჭიდილში. ამ დღეებში ოსტიომიელიტიანი ერთი ავადმყოფი გადმოგვიყვანეს სხვა ბანაკიდან. უცნაური გვარი აქვს ამ კაცს -პირველი. საბრალო ისეა დასუსტებული, რომ სული კბილით უჭირავს, თავზე ვევლებით ქართველი ბიჭები - მთელი ჩვენი სათვისტომო, ჩვენი პატარა „მგლების ხროვა” გამომრჩა ვერ გაგაცანი, აქ ერთი ქართველი ბადურ ბედუკაძეცაა, ბედი რომ მისთვის არსაიდან არ ჩანს: -ოცდაჩვიდმეტი წლიდან იხდის დაუმსახურებელ სასჯელს -კატორღელია. ხშირად ცხარე ცრემლებით ტირის ეს მოხუცი უბედური კაცი, მე რომ დედა მყოლოდა, ამ დღეში არ ვიქნებოდი, ხმას როგორმე მომაწვდიდა და სიცოცხლე გამიხანგრძლივდებოდაო. დიდი ხანია სამოცდაათ წელს გადაცდა და მაინც დედის ალერსი და დედის ხმა ენატრება. ნელი, შენც იცნობდი ჩემს დობილს -ლამაზ და სათნობით სავსე ერთ ქალიშვილს ქეთევან ქავთარაძეს. დედა რომ ბერძენი ჰყავდა... თუ არ ვცდები მის დედას პინა ერქვა სახელად. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდით, დედა რომ მოუკვდა და ისე განიცადა, ლამის თან გადაჰყვა. სადაც კი მხვდებოდა სულ იმას შემომტიროდა: -ნოშრევან, დედა აღარ მყავს, ჩემი სათაყვანო დედა! ვიდრე დამაპატიმრებდნენ, წინა დღეებშიც შემხვდა, ისევ გულმხურვალედ შემომტირა. დარწმუნებული ვარ, თუ დაბრუნება მიწერია და შემხვდება, ისევ შემომტირებს ის ელადელი ქალის შვილი! ყველაზე მეტად ასეთი სათნო სულის ადამიანებს უჭირთ ამ ძაღლუმადლო წუთისოფელში. ბოლოს ყველას ყველაფერი დაავიწყდება? დრო ყველაფრის მკურნალია? ალბათ მეც დამავიწყდება ეს წამება, მალე განვთავისუფლდები, მაგრამ შევძლებ შევეგუო მაგ საზოგადოებას. შევძლებ თევზივით წყალი დავიგუბო პირში და აღარა ვთქვა: „ჰაფიზ იცოდე შენ, რომ ამქვეყნად გაგინაპირეს ყველა ისინი ქედს უხრიან დიდყურა ვირებს”. ნელიკო იცი რა მაცოცხლებს? მე დიდი ტაძარი ავაგე, მოგონებებისა და ოცნებებისა და იქ ყველაზე ბრწყინვალე ხატი ჩემი ცრემლებით მოოჭვილი შენი ხატია. გახსოვს, ზღვის პირად რომ დავსეირნობდით გაგრაში და ლექსი მოგიძღვენი. ლექსი ასე ბოლოვდებოდა: „შენ ტაძარი ხარ, შენს სიახლოვეს, ყველა ცოდვისგან განვიწმინდები”. ახლა სხვა მოგონებები გამიცოცხლდა თვალწინ. რუსთაველის გამზირზე, ჩვენი სანუკვარი სკოლის მახლობლად მიდიხარ, თოვაა... შენ წინ მიდიხარ, მე კი ლანდივით უკან მოგყვები მალულად. დათოვლილი გაქვს თმებიც და მხრებიც. გრაციით მომღიმარი თავიდან იცდენ სეტყვასავით წამოსულ გუნდებს. მეც ხელში გუნდა მიჭირავს და ვერ შემომიბედია გესროლო... აჰა, იწკრიალა ზარმაც, გაკვეთილი იწყება, მასწავლებელმა გაგიძახა და ზარივით წკრიალა ხმით ამბობ: „მზე დედაა მთვარე მამაჩემი და წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი”! შენ ვერც შენიშნე ერთხელ, დიდ დასვენებაზე ვიღაც თანაკლასელმა ბიჭმა ნაწნავზე რომ ხელი შეგახო და რაღაც უხამსი გითხრა, სხვა საბაბით როგორ წავეჩხუბე და ცხვირ-პირი ვამტვრიე. არც ის გეხსომება, ჩემი მორიგეობის დროს კლასში რომ შემოვარდი და დაფაზე ბეჭდური ასოებით ლამაზად დაწერე: „ლი-ტე-რა-ტო-რი”! მერე ქოჩორი ამიშალე და სიცილით გავარდი გარეთ. ამოვსულვარ თქვენს ქუჩაზე, ერთი აწ უკვე მივიწყებული მუშა პოეტის სახელს რომ ატარებდა. საათობით ვმდგარვარ შენი ფანჯრის წინ, მის გასწვრივ პურის დუქანი იყო და უბინაო ძაღლებსაც უყვარდათ იქ ხეტიალი და ერთი ძაღლიც კი არ მიღრენდა, იმდენად „შინაურად” მთვლიდნენ, ის გაქუცული, საცოდავი უბინაო ძაღლები. რა შეძრწუნებული ვიყავი, როდესაც ისინი ერთ დღეს ვიღაც კაცებმა წვრილი მავთულით დაწნული ბადით დაიჭირეს და გალიით სადღაც წაიყვანეს, ტყავის გასაძრომად! მახსოვს მათი ნაღვლიანი თვალები! ოდესმე ყველაფერს დავივიწყებთ, რაც კი მოსაგონებლად შემზარავია და ისევ წავალთ გაგრაში, ისევ იქნება „შუაღამე, მღელვარე ზღვა, ქარიშხალი და გემი გაშლილ ზღვაში”, თუ გინდა ისევ რკინიგზის სადგურის ახლოს დავსახლდეთ და განთიადისას კივილით ჩამომდგარი ტურისტების მატარებელი გვაღვიძებდეს ან მეზობლის სასაცილო ხმაჩახლეჩილი, მოწკავწკავე ძაღლი. დედაშენს არ წააკითხო ეს წერილი, თორემ კიდევ გაგიბრაზდება, რა სულელ კაცს გადაეკიდეო, ნიშანს მოგიგებს. გაიხსენებს, ერთხელ შენი დაბადების დღეს შემთვრალმა რომ წამოვროშე: „ვოცნებობ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ნეტავ სადმე უდაბურ კუნძულზე დამასახლა”. დედაშენმა სიცილით შემაწყვეტინა სიტყვა და დაცინვით თქვა ალბათ თქვენი დედ-მამაც აღფრთოვანდებიან ასე თუ მოიქეცით! შემდეგ კი იქ მყოფ გოგონებს მიუბრუნდა და დამოძღვრა ისინი: -შვილებო, ასეთ საქმროს თუ გადაეკიდეთ, ძლიერ სახიფათოა, სიცოცხლეს გაიმწარებთ. გოგონებმა კი ტაში შემოჰკრეს და აჟღურტულდნენ: ვაი რა კარგია მღელვარე ზღვაში, მიკარგულ უდაბურ კუნძულზე მარტოდმარტო სატრფოსთან ყოფნა! სხვა რამეზედაც ვოცნებობ, ნელი, ნეტავი ისეთი ლექსი დამაწერინა, რომ შენი საკადრისი იყოს. მე ვინ ვარ, როცა დიდებული გორკიც კი „ქარიშხალას” ავტორი ამას ნატრობდა: „საწყენია უწყალოდ საწყენი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვოცნებობდი დამეწერა ერთი კარგი ლექსი მაინც”! გემდურები ჩემო ნელი, ძვირფასო, ხშირად მომწერე, ათ წერილს გიგზავნი და საპასუხოდ ერთ წერილს ძლივს მაღირსებ, ნელ-ნელა ხომ არ მაჩვევ უშენობას? იქნება შენი დიდი სიყვარული ჩემდამი სიბრალულმა შეცვალა უკვე? თუ ეს ასეა, შორს ჩემგან სიბრალულო და ასეთო სამადლო „სიყვარულო” ჯერ ისე არ დავცემულვარ, სიბრალული ვარჩიო უსასოო სიყვარულს და სიმარტოვის სუსხს. მშვიდობით შენი ნოშრევანი. ვორკუტა. სან. ქალაქი. გიორგობის თვე... 194... წელს ამ წერილის გამოგზავნაც ვერ შევძელი. გადავმალე და კიდევ ვამატებ ჩემს მიერ განცდილს, ძვირფასო ნელი! მედიკამენტების გამოსატანად ვიყავი და ძალზე გავითოშე. თუმცა აქვე ახლოა ბარაკი ეგრეთ წოდებული აფთიაქისა. მგონი წინათაც გიამბე: გაყინულ ქვად ქცეულ თოვლში გამოჭრილი გვირაბით ან გაბმული თოკებით გავდივართ მეზობელ ბარაკებში, რომ თოვლის ქარბუქმა არ წაგვაქციოს და არ ჩაგვქოლოს. ბარაკში მოსულს მიხეილ ივანის-ძე ლიპიოხინი დამხვდა კარებშივე და ძილის წამალი მომთხოვა. საინტერესო ტიპია, მე ის ჯერ შენთვის არ გამიცვნია? იცნობდე: ნაემიგრანტალი, ნაგენერლარი, რუსი, ენამახვილი, დიდი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, სამყაროშემოვლილი კაცი, ტკბილმოუბარი, ჭაღარა ლამაზ წვერ-ულვაშს და ბაკენბარდებს ატარებს, ჯიუტია (რამდენჯერ გაკრიჭეს, იმდენჯერ კიდევ მოუშვა წვერ-ულვაში და ბაკენბარდები), ერთი უსაშველო ნაკლიც აქვს გამოუსწორებელი -ანტისემიტია. წამალი რომ მიირთვა წვერ-ულვაში ხელით შეიმშრალა და დაცინვით მითხრა: -ასეთი კარგი ბიჭი ხარ და ურიებს მიეყიდე, როგორ მეგობრობ ამ ლვოვ სამუელიჩთან და აფანას ივანიჩთან? (განგებ უკუღმა წარმოთვა მათი სახელი და მამის სახელი) -ბატონო ლიპიოხინ! საქართველოში ებრაელებს ქართველთაგან არ ვანსხვავებთ, ორი ათას წელზე მეტია რაც ძმურად ვცხოვრობთ! -მშვიდობაში მოგახმაროთ! -გადიხარხარა და დასძინა, ჩვენ კი ცხონებული ნიკოლოზის დროს ჯერ კიდევ პოლკოვნიკი რომ გახლდით, ერთი გენერალი გვყავდა ებრაელი გეროლდ ისაევიჩ კაუფმანი, კაცი კაცად ვარგოდა (ჩინოსანიც, წარმოსადეგიც, მამაციც გახლდათ), მაგრამ რად გინდა, მაინც ებრაელი იყო! ჰოდა ის მოვიდა ჩემი პოლკის შესამოწმებლად, ყველა გამოვჭიმე, ვბრწყინავდით, მოვიდა თუ არა, კაპელმეისტერმა სასულე ორკესტრს ებრაელური რომელიღაც მელოდია დააკვრევინა, მგონი საცეკვაო, შეცბუნდა გენერალი, იმ დღის მერე თვალით აღარსად გვინახავს. შემძულდა ეს კაცი ალბათ არც სხვანი, ნაც-მენები ვუზივართ თვალში. რას იზამ თვითონაც კაცი კაცად ვარგა თითქოს (ნაჩინმენდლარიცაა, ლამაზწვერულვაშიანიც, წარმოსადეგიც), მაგრამ რად გინდა, მაინც შავრაზმელი რუსია. ჩვენი სან. ქალაქის სამხრეთით უზარმაზარი ხის საპირფარეშოა მთელი ბანაკის პატიმართათვის განკუთვნილი ამ სახლს ყველა ეროვნების ადამიანი დაცინვით და ზიზღით ასე ეძახის: „Vფკტყმრბქ ცდტნკსქ ლჯვ ყფ .უტ” ზიზღი უსაზღვრო! ჩვენ ქართველებს გულს გვტკენს ჩვენი თანამემამულისადმი და მისი ბავშვობის სახლისადმი ასეთი აუგი გამონათქვამი, მაგრამ რას ვიზამთ, ზოგი გამწარებული ქართველიც კი მათთან ერთად ქილიკობს ასე. აქ ერთი ბერძენი ტყვე კაცია -პროფესორი. ასეთი რამე მიამბო: ოდესღაც მრავალი საუკუნის წინათ ორი ფილოსოფოსი ცხოვრობდა, უანგარო მეგობრობა ჰქონდათ, მაგრამ ღარიბ-ღატაკნი ყოფილან. ერთ-ერთი მათგანი ბედს აუმაღლებია და დიქტატორი გამხდარა, შეცვლილა, მტარვალად ქცეულა, მისულა მასთან ნამეგობრალი და როდესაც იგი გულსაკლავად გამოცვლილი იხილა, ელდა ნაკრავივით ბარბაცით ძლივს ჩამოსულა კიბეებზე ბოლო საფეხურზე ჩამომჯდარა და მწარედ აქვითინებულა, დაუტირებია თავისი სიყმაწვილის „გარდაცვლილი” მეგობარი! ვორკუტა. გიორგობის თვე. ჩემო ნელი! ახლოვდება 7 ნოემბრის დღესასწაული, ჩვენთვის ყველა დღესასწაული აუწერელი წამებაა, ამ დავრდომილ, სასიკვდილოდ განწირულ პატიმრებს, ძლივს რომ დავლასლასებთ, გამოგვამწკრივებენ, გაგვაშიშვლებენ და საგულდაგულოდ გვჩხრეკავენ. საოცრად ნერვიულობენ ქონდაქარნი, მედიცინის მუშაკებს გვართმევენ სკალპელებს, კოხერის პინცეტებს, შპრიცებს, სანარკოზო საშუალებებს და შპრიცის ნემსი რომ ნემსია, იმასაც კი არ გვიტოვებენ, რომ მომაკვდავ ავადმყოფს ინექცია გავუკეთოთ, სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ ანდა წამება შევუმსუბუქოთ. ოპერაციის ჩატარება ხომ ყოვლად შეუძლებელია. დღეს აქ ერთი უკრაინელი ახალგაზრდა ამხანაგი გარდაგვეცვალა -ოლეს სკლიპჩუკი, ჩემს ხელზე დალია სული. უწყინარი და თავმდაბალი, გულკეთილი ბიჭი იყო, სახლში აკვნის ბავშვი და ცოლი დავტოვეო, სიკვდილის წინაც კი ამას შემოგვჩიოდა. ვიდრე კავერნა გაეხსნებოდა და ტუბირკულოზის პროცესი გაუარჯლდებოდა, სულ სევდიანად ღიღინებდა, განსაკუთრებით მისი ერთი გულსაკლავი სიმღერა დამამახსოვრდა: ‘’ Дивлюс я на небе, тай думку гадаю Чому я не сокиль, чому не летаю ‘’ ! ეჰ! ოლეს, ოლეს!.. სათნო და სათუთი გულის ბიჭო! მგზნებარე პატრიოტი თავისი მრავალტანჯული მამულისა... ნათელში გამყოფოს! არ მავიწყდება, ერთხელ ზაფხულში, თუმცა რა ზაფხული იყო, ჩვენში რომ ზამთარი იცის, ისე თოვდა და ისე ზუზუნებდა ქარი- გარეთ გამოვარდა ოლესი, ბარაკს უკან პირქვე დაემხო და გულსაკლავად მოთქვამდა. შემთხვევით შევნიშნეთ, ძლივს დავამშვიდეთ. იმავე ღამეს პირველად დაეწყო სიცხიანობა და სისხლიანი პირღებინება. თავზარდაცემული ვარ... წერას ვწყვეტ ისევ შემაცივნა. ჩვენში, რომ იტყვიან სწორედ ისე „ვერხვის ფოთოლივით”, ვკრთივარ, ამხანაგები ზედ მაყრიან საბნებს, ბუშლატებს, რათა როგორმე გავთბე... არ იდარდო, უარესი დღეებიც მახსოვს. „ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება”, ამ მალარიის შეტევასაც ავიტან როგორმე. ტერენტი გრანელის თქმისა არ იყოს, როცა ეს საძაგელი დაავადება შემომიტევს სულ ამას ვჩურჩულებ: „ძვირფასო იქნებ ამაღამ მოვკვდე და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო”. ილუზიაა, ქიმერაა შენი ნახვის სურვილი? იმისი ნატვრა, რომ შენს სიახლოვეს ვიყო, თუნდაც ცოტა ხნით? ნატვრისთვალი რომ მქონდეს, მხოლოდ ამას ვინატრებდი. რა სულელი ვარ, შეუძლებელს რომ ვნატრობ. ალბათ იმ უგნურ ლეგენდარულ მეფე კანუტზე უგნურიც კი ვარ, ბობოქარ ზღვას რომ მოქცევის დროს უკუქცევა უბრძანა! განა იგივე არაა, პოლარულ ღამეში, ამ საზარელი თოვლიანი გრიგალის ყმუილში შენი ნახვა რომ ვისურვე და ოცნებით თვალწინ მესახებოდნენ „ჩიტები და ყვავილები”! არ დაინაღვლო, ვინ იცის იქნებ ეს წამების წლები აღარც კი გაგვახსენდეს, ისეთი ბედნიერები ვიყოთ ოდესმე. იცოდე მხოლოდ შენი წერილის მოლოდინი მაცოცხლებს. გკოცნი უთვალავჯერ. შენი ნოშრევანი. ვორკუტა. გიორგობის თვის ... ჩემო ნელიკო! კიდევ ერთი კოლორიტული ფიგურა უნდა გაგაცნო. იცნობდეთ -ჰერ ფრიც ფონ ჰოფმანი! ვინ არის? თურმე ტაგანროგის კომენდანტი ყოფილა ომის დროს. ახლა ჩვენს სტაციონარში ჭურჭლის მრეცხავადაა, ამბობენ, გერმანელები გულმოდგინე და ძალიან მშრომელი ხალხიაო და დავრწმუნდი ჭურჭელი, ქვაბები, იატაკი -კედლები ისე აქვს გაკრიალებული, თავი მუზეუმში ეგონება კაცს. ერბო რომ დაიღვაროს, აიკრიფება! გულუბრყვილო კაცია, ვერ მოიშალა კომუნისტების გინება, განსაკუთრებით ვილჰელმ პიკსა და შტოფს აგინებს, სტალინის გინებას კი რატომღაც ვერ ბედავს! ბიჭები ძალიან აწვალებენ. განსაკუთრებით ნაპოლისმენარი ქურდბაცაცები მუსტაფა, კვაშა და სხვანი... საოცარი ცხოველია ადამიანი, ერთი შეხედვით ასეთი წესიერი კაცი, მელომანი და განათლებული, ჯალათის ხელობას როგორ კისრულობდა! ეს საცოდავი ძალიან იღლება, ღამე ნარზე მკვდარივით მიეგდება, მიიძინებს... როცა ხვრინავს, როგორც ღორს ტუხ-ტუხ-ტუხით, იქამდე ჩაძახიან ყურში, ვიდრე ციბრუტივით ბრუნვას არ დაიწყებს. თბილისის ციხეებშიც მინახავს მსგავსი ოინბაზობა -„გორსალას” ფეხის თითებში ქაღალდის ნაგლეჯს ფრთხილად ჩაუდებენ და ცეცხლს მოუკიდებენ. ფეხი რომ აეწვება, „ჰერ ჰოფმანი” გამალებული იწყებს მტკივანი ფეხის ქნევას და ამ ოინბაზობას „ველოსიპედი” ჰქვია. ამ დღეებში აქ ერთი ქართველი მოგვიყვანეს. ხუმარა ბიჭია, ისიც ხშირად აქილიკებს „ბატონ” ფრიცს, საყვარელი სანახავია, როცა თავისი დამტვრეული რუსულით ეუბნება: -ფონ ჰოფმანო, ნუ ამაყობ ცხვირს მაღლა ნუ ეწევი, შენ თუ ერთი ფონი ხარ, მე სამი ფონი გახლავარ, ტრიფონ ლაპარტყავა ვარ და მარცხენა ხელის სამ თითს აჩვენებს (თითები სანახევროდ მოჭრილი აქვს)! აქ ერთი ეზენჰაუერიც ბრძანდება პრეზიდენტი? არა! ესეც გერმანელი ტყვეა, უაღრესად ზრდილობიანი, სათნო კაცი. ფრიცი თუ ღიპიანი და ჩასუქებული კაცია, იგი პირიქით - მაღალი, პირხმელი, ფერმკრთალი, ძალზე მგრძნობიერე და მუდამ ნაღვლიანი გახლავთ. სულ თვალცრემლიანი თავის ერთადერთ ქალიშვილს იგონებს. მე ხშირად ცხვირწინ გამოვეჯგიმები და ვეუბნები: -Ich bin deine Schwiegersohn! (შენი სიძე ვარ მეთქი) ცრემლიანი, კეთილმოსურნე გამიღიმებს, გერმანულადვე მადლობას მომახსენებს: -Danke schön! ჩემმა მეგობრებმა ორიოდე გახვევა მახორკის საფასურად მშვენიერი გერმანული „კიტელი” მიშოვეს, მხედრულად გამომეჭიმნენ და მითხრეს: - ვაიმე! არ დაგამატონ, ნამდვილ გერმანელ ოფიცერს ჰგავხარ, რა დაგღუპეთ კაცი! ყველა თავისებურ რჩევა-დარიგებას მაძლევს, ერთში კი ყველა ერთსულოვანია, აქ შენ ანგარიშზე ფული რომაა ჩარიცხული, ამ ძაღლებს არ შეარჩინო, ახლა მაინც ჩამოდი ციდან, ფული ძალიან დაგჭირდება, ზონას რომ გაცდები, მაშინვე კანვოის ნახევარი ლიტრა არყის საფასური მიაქვავე, იქნება გაქცევის მცდელობა აღარ დაგაბრალოს და კეფაში ტყვია არ გახალოს... აქედან რკინიგზის ბაქნამდე საკმაოდ დიდი მანძილია, უკან თუ ჩამორჩი, შეიძლება წაყვანა დაეზაროს და... ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ვინ იცის იქნებ საქართველოში ამოყო თავი ქვეყნად ხომ შეიძლება სასწაულიც მოხდეს. ნახვამდის? გკოცნი მრავალჯერ, შენი ნოშრევანი. ვორკუტა. სან. ქალაქი მირკანი 24 195... ჩემო ნელიკო! ველოდი და აი, დადგა ნანატრი დღეც. მთელი ჩვენი ქართული სათვისტომო და სხვა მეგობარ-ამხანაგნიც ბანაკის კარისაკენ მიმაცილებენ -ზოგი მოცინარი და ზოგი აცრემლებული. ყველაზე მეტად კი მოხუცი კაზლოვსკის გოდებამ მომიკლა გული, როგორც ყოველთვის ახლაც შემომტირა: ძვირფასო! გოგრა გამომიგზავნე, გოგრა! მე ხომ ის ძალიან მიყვარს. მისი ზედამხედველები მიბღვერდნენ და პირქუშად დამემუქრნენ: -წაეთრიე და გახსოვდეს, თუ აქ მეორედ მოხვალ, თავცოცხალი ვეღარ დაგვეღწევი! კანვოით მაგზავნიან და საით არ ვიცი. გამყოლი ის ნენცი ჭაბუკია (მგონი მოგწერე ერთხელ, ამანათი რომ მივიღე და ვაშლი შევთავაზე) გულუბრყვილო კაცი ჩანს და თითქოს კეთილი, მაგრამ თუ საჭიროა არც ეს დაინდობს კაცს, რკინიგზის ვაგზლამდე შორი გზაა, ფეხით მივდივართ. ბარგი ზურგზე მაქვს აკიდებული, ვცდილობ არ ჩამოვრჩე და არც წინ გავასწრო. ვიცი რას ნიშნავს: -ნაბიჯი წინ ნაბიჯი უკან! გაქცევას უდრის! მივათრევ ბარგს ოფლში გახვითქული და ჩემს თავს დავცინი. ძლივს არ გავითბე ძვლები, რაც ამ დაწყევლილ მხარეში ვარ. ესეც ნანატრი „თავისუფლება”. ვარკუტის ციხეში ამომაყოფინეს თავი, ისევ „სამოთხის ჰავა და ჯოჯოხეთის რჩეული საზოგადოება”. საკანში ვარ და ისეთი დიდი ინტერესით მათვალიერებენ, როგორც მედიკი სტუდენტები ფიზიოლოგიის კათედრაზე გასაკვეთად გამზადებულ ბაყაყს - ბანაბიდიბუნდას! მკითხავენ: -ზვერიოკ რაზე მოგაყუჩეს, რომელი ბანაკიდან და თვითონვე პასუხობენ შეკითხვაზე - ჩვენიანია, ქურდია რა თქმა უნდა! აქ ვიღაც ქართველი ბიჭიცაა, გადამკოცნა და ხმადაბლა მითხრა თუ პატიოსანი ქურდი ხარ არ წამოგცდეს. სულ ერთია მაინც გაგაფუჭებენ. ვარკუტაში პატივაყრილი ქურდებია, პრივილეგირებულ მდგომარეობაში, თავის „რწმენას” რომ უღალატეს. „საჯანდაბე ქისიდან” სამთუმნიანი ამოვაცოცე და ჩემს თანამემამულეს გავუწოდე: -აჰა იქნებ როგორმე ცოტა არაყი იშოვნო ვინც ღირსია პატივი ვცეთ ბიჭებს. მას თავისუფალი სვლის ნებართვა ჰქონია. „ის დღე და მას დღე” იმას მე თვალი ვეღარ მოვკარი, ვერც კარანტინში და ვერც ციხის ეზოში. მალე მოვშინაურდი... ბიჭებმა ბანქოს თამაში შემომთავაზეს. ვიუარე, ახლა ზარის (კამათლების) გაგორება შემომთავაზეს. ვუთხარი მეტი ფული აღარ მაქვს, ისეც წაგებული ვარ. მიამბეს: შენი თანამემამულე ძალიან ცუდად გვექცეოდა, უმოწყალოდ გვცემდა, ღამით კი ვისაც ლეიბები და საბნები გვქონდა, ყველას გვართმევდა, ზედიზედ ალაგებდა და ზედ გველეშაპივით გაწვებოდა. ჩვენ კი სიცივით ვითოშებოდითო! არ ვიცი საით მიპირებენ გადაკარგვას ან ამ კარანტინში რამდენ ხანს ვიქნები. ჩვენებთან ხშირად მიდი და ანუგეშე საბრალონი. მშვიდობით შენი ნოშრევანი. ვორკუტის ციხე. კარანტინი. (იგრიკა 7 195... წელს). ჩემო ნელიკო! რამდენიმე დღეა ქალაქ კიროვის საპყრობილეში ვარ. ჩვეულებრივი ციხეა იმავე „რჩეული საზოგადოებით” და საძაგელი ბალანდებით. დღეები ძალიან ნელა გადის, გაურკვეველია საით გამგზავნიან. ისევ კბილების აუტანელმა ტკივილმა გამაწამა. მგონი ოდესღაც წინათაც გითხარი: რობერტ ბერნსი სამშობლოს მტრებს ყველა კბილის ერთად ატკიებას უსურვებდა! აქ ერთი ახალგაზრდა კაცი შემხვდა, ქართველია, მაგრამ ვინაობა დამიმალა. ეტყობა სხვის გვარს ამოფარებული რეციდივისტია. როცა საკანში შემოიყვანეს გახარებულმა ვკითხე: -ქართველი ხარ, ბიჭო? მან კი ყასიდად გულმოსულმა მომახალა: -ეგღა მაკლია ქართველი ვიყო! ახოვანი კაცი გახლდათ. წვერ-ულვაში შვენოდა. ღამით კბილის ტკივილმა არ დამაძინა. შუაღამისას მესმოდა, როგორ კვნესოდა ჩემი თანამემამულე, ქართველობა რომ უარყო, ვაი დედაო! ვინ იცის რა ესიზმრებოდა საბრალოს, რა ქარმა გადმოკარგა ამ შორეთში. როდემდე ვიძახოთ ბედისაგან დაწყევლილებმა ცხადადაც, სიზმრადაც ვაი დედა. იქნებ სიტყვა თავისუფლებაც, ბედნიერებაც ლიტონი სიტყვაა და სხვა არაფერი და ადამიანი მხოლოდ წამებისთვისაა დაბადებული. უნდა ვისწავლოთ ტკივილების ატანა! მგონი რომელიღაც მწერალიც ამბობს ყველა ადამიანს საწუთროში საკუთარი ჯვარცმა ელისო. როგორც იქნა მაღირსეს სტომატოლოგთან გაყვანა. ექიმი ქალია ახალგაზრდაა და როგორც ჩანს ახალბედა მკურნალია. კინაღამ ჩანა მომაგლიჯა, ორი კბილი ერთად ამომიღო, მესამე კბილის ფუტუროში კი რაღაც წამალი ჩამიდო და გულმოდგინედ „ცემენტით” გადამილესა. თითქოს ყრუ-მუნჯი იყო, სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის. ამაღამ კარგად დამეძინება. აქ კიდევ ერთი ქართველი გავიცანი, ციხის ეზოში სეირნობის დროს. ჩვენს შორიახლოს პატიმარ ქალებსაც ასეირნებდნენ. მაღალი მავთულის ბადე გვყოფდა, ეკლიან მავთულხლართებს იქიდან სანატრელი, ტკბილი ქართული შემომესმა -ქართველი ხარ ბიჭო?.. გენაცვალე ძმაო! -ქართველი ვარ დაო, ქართველი! გავიხარეთ. რამდენიმე დღის შემდეგ სეირნობის დროს კიდევ შევხვდი. მან მე ვარდისფერი ქისა გადმომიგდო (შენ რომ მაჩუქე, სწორედ ისეთი ლამაზი ქისა), შიგ მახორკა ეყარა, ზედ კი სახელი -„ლამარა” იყო ამოტვიფრული. მე კი ქაღალდში გახვეული ცოტაოდენი ფული გადავუგდე, მადლობა ღმერთს ზედამხედველებმა ვერ შენიშნეს. იმ ქაღალდში ორიოდე სიტყვაც ეწერა -ვამხნევებდი, ვუსურვებდი სამშობლოში მალე დაბრუნებას! ნეტა ვინ იყო ის პატარა გოგო, ვინ გაიმეტა ასეთი ბედისათვის? ნუთუ ასეთი ნორჩი და სათნო იერის გოგონა მკვლელია ანდა ქურდბაცაცა. „ო, დროებანი ო, ზნენი”! ახალი სხვა არაფერია. შენი ნოშრევანი. (კიროვის ციხე. იგრიკა 7) ჩემო ნელიკო! ძვირფასო ამ წერილს კი სვერდლოვის ციხიდან გწერ. საოცარია როგორც ადამიანები, ციხეებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თურმე. არ ვიცი რას მიეწერება, მაგრამ აქ პატიმრებს შედარებით ჰუმანურად ექცევიან. საჭმელიც შედარებით უკეთ მზადდება, უფრო „კეთილმოწყობილიცაა”. ეზოდან, სადაც პატიმრებს ასეირნებენ, ლაზარეთი მოჩანს, ხოლო ჩვენი საკნის ფანჯრებიდან სულ ახლოს ვხედავთ ქალაქის სასაფლაოს. სამარის ლოდებს, ქანდაკებებს, ქვის ჯვრებს, ხეებს, ყვავილნარს და შავი ძაძებით მოსილ ჭირისუფლებს. დიდებული ბერძენი ფილოსოფოსის სიტყვები მომაგონდა; მეც „კედლისაკენ პირმიბრუნებული ვწევარ და კედელზე ვხედავ მოცახცახე ლანდებს, რომელნიც ცახცახით მიმოდიან ზოგს ხელში ქანდაკებები უპყრიათ, ხოლო ზოგთ ანთებული ჩირაღდნები”! სიზმარია? ყოველივე მართლა სიზმარია? მერე ასე ხანგრძლივი სიზმარი? მერე შენი სახე? შენი ხმა? შენი თვალთა შუქი! მადლობა ღმერთს, რომ შენ ერთადერთი სიცხადე მაინც არსებობ ჩემთვის. არ დამიღონდე, სასაცილო ამბავსაც მოგითხრობ. საკანში რომ მომიყვანეს, აქაც ერთი ქართველი კაცი დამიხვდა, ვინმე პრაკოფი ნიკურაძე, ძალიან ოხუნჯი კაცია, რაღაც პორნოგრაფიულ სურათებს ხატავს და დიდ პატივში ჰყავთ პატიმრებს. ვერხოიანსკში მივდივარო იძახის, მაინც სულ უდარდელად ღიღინებს, დარდი იქაც მეყოფა თურმე იქ ისეთი ყინვებიაო, რომ ტემპერატურა ცელსიუსით სამოცდაათ გრადუსს აღწევს. იმდენს ლაქლაქებს ყველაფრის მცოდნე გეგონება კაცს. მე მითხრა შუბლზე შეგნიშნე შენ შუა აზიაში წახვალ ეტაპით! შინ ვინ გაგიშვებს ქვეყნის ამომგდები ყოფილხარ 58 მუხლი გქონიაო. თან ხითხითებდა, როცა გაიგო ლექსების გამო ვარ აქ, სიცილით ჩაბჟირდა, დამიძმაკაცდა, პურს ერთად ვჭამთ (რა თქმა უნდა ხარჯი ჩემია), პურის ერთად ჭამა საპატიმროში ხომ სისხლის ნათესაობაზე უფრო მეტად ფასობს! ისევ ვიქტორ გაბესკირიას ლექსის სტრიქონები მაგონდება: „ავ კაცთან მე პური არ გამიტეხია”! ნეტავ პრაკოფი ნიკურაძე რაღა კაცია ავი თუ კეთილი? მხიარული კაცი კი რომ ჩანს უდავოა... ასეთი ამბავიც მომითხრო: -ერთი დამთხვეული ვაჟიშვილი მყავს, უსაქმური და ავარა, სისხლი გამიშრო, ქურდობა მაინც შეეძლოს, სულ არა აქვს ცხოვრების უნარი. საშოფრო კურსები ძლივს დავამთავრებინე, სამჯერ ავარია მოახდინა, გავიყიდე კაცი. ჩვენს გვერდით ერთი საცოდავი ქვრივი ქალი ცხოვრობდა. აივანი გვაქვს საერთო, ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ყველას გარეთ გვეძინა -იმ აივანზე მეც, ჩემი ცოლ-შვილით და იმ ქალს თავისი გოგონათი. ჩემი ბიჭი და ის გოგონა და-ძმასავით იზრდებოდნენ ერთად. მოგეხსენება პატიოსანი კაცი სხვას რას ეტყვის თავის ვაჟიშვილს თუ არა იმას „მეზობელ ქალს ხელს ნუ ახლებ ისიც შინაურია”. მე და ჩემი მეუღლე, ჩემი ბიჭუნაც, ის ქვრივი ქალიც, ყველანი დილით ადრიანად მივდიოდით სამუშაოზე, ის მარწყვივით გოგონა კი სკოლაში შუადღისას მეორე ცვლაში დადიოდა. ერთხელ ბიჭს სამუშაოზე წასვლა დაზარებია და კარგად გამოუძინია, როცა გამოღვიძებია შორიახლოს ლოგინში მწოლიარე ის გოგონა შეუნიშნია, რომელსაც საბანი გადახდოდა და თოვლივით ქათქათა ფეხები გამოჩენოდა... ჩემს ბიჭს ბევრი არ უფიქრია და მისჩოჩებია და ღმერთო ქე მომკალი! ის ნაზუქივით გოგო გაუფუჭებია, იმისმა დედამ ქვრივმა ისეთი ალიაქოთი აგვიტეხა, ლამის სახლიდან გაგვაქცია, ბოლოს მე დავიმარტოხელე და ენა მოვუჩლიქე ისე ვუთხარი! -ქსენია! ქვეყანას ნუ შეყრი ქალო აი, ჩემი ბიჭი და აი, შენი გოგო ორივე დედისერთაა „ლამაზი ბიჭი და ლამაზი გოგო” რა უნდა სიყვარულს მეტი! თუ სიძე არ მოგწონს, მაგ ანგელოზ ქალიშვილს ვინ დაგიწუნებს, უფრო ჭკვიანი კაციც ითხოვს, ითხოვს ვინცხა. თუ ასეთ ჩოჩქოლს არ ასტეხ და თავს არ მოსჭრი ბაღანას. თქვენც სუ და ჩვენც სუ მეთქი! აწი მაინც წესიერად მიხედე მეთქი მაგ გოგოს, მტრის თვალით არ ინახვის ისეთი ლამაზი, რომაა. პაწია შენც ტყუი ჩემო დაო, რაფერ შეიძლება ცეცხლი და ნავთი იყოს ერთად ან თხა და თივა! -ხითხითებს შეჩვენებული პრაკოფი. როცა ეტაპში მაგზავნიდნენ მამაშვილურად დამარიგა: -შვილო, ამდენ ხაბაკს რეიზა ათრევ? მეცოდები იცი სად მიდიხარ? ჩემზე უარეს ადგილას, ოღონდ სიცივე სანატრელი გაგიხდება, კვერცხი რომ დადო ქვიშაზე, უცეცხლოდ შეიწვება, იქინე აბრეშუმის ნიფხავ-პერანგით დაიარება ხალხი. ეს წერაქვის ბუდეა თუ რაცხა, ვალინკები, რა ჯანდაბაში გარგია, ან ეს ბუშლატი მაჩუქეო. ძმურად გადავკოცნეთ ერთმანეთი გზა დამილოცა. დავნაღვლიანდი, ჩემს გვერდით, უკვე ქართველი, რომ არვინ აღარ იყო. სად ვიქნები არ ვიცი. წერილით გაცნობებ. მშიდობით შენი ნოშრევანი (ვარდობის თვის 6 ქ. სვერდლოვსკის ციხე) ჩემო ნელიკო! ისევ სტოლიპინის რონოდა, პუგაჩოვივით გალიაში ვზივარ და სადღაც მიმათრევენ. აჰა, ახალი ნავთსაყუდარი -ახალი საპყრობილე, ქალაქ პეტრეპავლოვსკის საპყრობილეში ვარ, ოღონდ გულს ნუ შემოგეყრება, ყაზახეთში ვარ, სტუმართმოყვარე მხარეში, სადაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ თითო ოროლა ყაზახი შემომხვდა, საპყრობილე ჩვეულებრივი გახლავს ოღონდ საზოგადოება რჩეულთა შორის რჩეულია. უმაღლესი რანგის რეციდივისტებია. ქურდები, ბანდიტები, ჰომოსექსუალისტები, აფერისტები, მეძავენი და სხვა „ამპლუას” მქონენი. ერთი სიტყვით „კაცობრიობის ნაღები”! მათ შორის ერთი ეგრეთწოდებული პოლიტპატიმარიცაა, ვინმე ბორის კუზნეცოვი - ტყვედნამყოფი კაცი, ტყვეობაშიც აგრონომად უმუშავია ომამდეც, წვრილშვილის პატრონი ვარო, ჩივის, მუდამ დაღვრემილი გამოიყურება. ამ ნაძირალებში ისე გამოირჩევა, როგორც ფხიზელი აკიდინე გალეშილ თანამეინახეთა შორის. საპატიმროდან სულ მალე გამოგვიშვეს, რაღა თქმა უნდა გულმოდგინე გაჩხრეკვის შემდეგ. გაუმარჯოს თავისუფლებას! იყვირა იპოლიტ ზოტოვმა -ბებერმა მაწანწალამ და მაშინვე ახლომდებარე მაღაზიას ეცა. სასწაულია, ისე უცებ როგორ გამოტყვრა, როცა დაბრუნდა ფეხზე ძლივს იდგა. სახეზე ენით აუწერელი ნეტარების ღიმილი ეხატა, პალტოს ჯიბეებში ორივე მხარეს „ღვთაებრივი სითხით” სავსე ბოთლები ედგა, ყველას ეპატიჟებოდა. უეცრად საპატიმროს მახლობლად ორი უზარმაზარი რუსული დროგი შემოგრიხინდა. მედროგეები მოგვესალმნენ, „კარეტებში” ჩაბრძანება გვიბრძანეს. როგორც შემდეგ შევიტყვე, ბრიგადირები ყოფილან. დავიძარით „აღთქმული ქვეყნისაკენ”, სიცილ-ხარხარით სიმღერებით. ზოტოვი და კიდევ რამდენიმე კაციც კინაღამ გადმოგვივარდნენ. ჯერ სტეპში მივდიოდით, მოგვიანებით კი ტყე-ტყე გავიარეთ ლამაზი სახელის მქონე ლამაზი სოფელი ბელოცერკოვკა, შემდეგ კი რაიონულ ცენტრ ვოზნესენკაში შევგრიხინდით. ოპერრწმუნებულმა კაპიტანმა ვინმე მალატურენკომ მიგვიღო. კარგად დამახსომდა მარჯვენა ხელზე სამი თითი აკლდა და ენა-ბრგუ იმდენ „რჩეულთა” შორის მაშინვე მე გამომარჩია. ყველაზე უფრო გამოსასწორებელ პიროვნებად მე მიმიჩნია, დასახიჩრებული ხელი დამიქნია და ზიზღით მკითხა -ორმოცდათვრამეტი მუხლი ხომ? -დიახ, -ვუპასუხე მე. -თვალებზე გამჩნევ რა კაცი ხარ! გაქცევა არ გაბედო, თორემ იცოდე, რუსული მიწები ვარკუტის იქითაცაა! ჩანს გულმოდგინედ გაცნობოდა ჩემს პირად საქმეს. რა უნდა მეპასუხა, არყის სუნით ყარდა. ვიმყოფები სოფელ ივანოვკაში, რუსული სოფელია, ჩალით დახურული უბადრუკი ალიზის ქოხებით. შეგვრეკეს სოფლის კლუბში, ისიც სამანით ნაშენი, მაგრამ უზარმაზარი და მაღალჭერიანი ქოხია. იატაკი კი მიწური აქვს. შესავალში კლუბს რა თქმა უნდა გულმოდგინედ დაწერილი ლოზუნგი ამშვენებს: „პატიოსანი შრომით გამოისყიდეთ თქვენი დანაშაული დიადი სამშობლოს წინაშე”. კლუბში ცხვირა და შემთვრალი მეგარმონე წელავს გარმონს და კოლმეურნეობის თავმჯდომარე ზის წითელმაუდგადაფარებულ მაგიდასთან. ორიოდე სიტყვით მოგვესალმა, შემდეგ „ბრძნულად” დაგვმოძღვრა და დაგვტოვა. დაიწყო უჩვეულო „კარნავალი”, მაგრამ ყველანი უნიღბოდ ვიყავით, საკუთარი პერსონით წარმოდგენილი. დამხვდურნი უმეტესად „სალდათკა” ქალები იყვნენ. აქ ასე ეძახიან დედაკაცებს, რომლებსაც ომში დაეღუპათ ქმრები, ან კიდევ მიტოვებულები არიან. იწელება გარმონი და იწყება „საქორწინო ცერემონიალიც”. მოსულ ჭაბუკებს ყველას სათითაოდ საცეკვაოდ იწვევდნენ სოფლელი სეფექალები' და გიჟური ცეკვის შემდეგ ერთმანეთს ყოველგვარი მორიდების გარეშე ურიგდებოდნენ: კაცს უნდა შეესრულებინა ქმრის მოვალეობა, ამავე დროს ყოფილიყო მოჯამაგირეც, ხოლო ქალი შეასრულებდა ცოლის მოვალეობას და ოჯახში ყოველგვარ საქალო საქმეს და თუ სალდათკა და მამაკაცი ყველაფერში შეთანხმდებოდნენ, აღფრთოვანებული კივილი გაისმოდა. გათხოვდა! გათხოვდა! სიტყვა გათხოვება მამაკაცებს ეხებოდა, რადგანაც მას კუნთური ძალის მეტი არაფერი ებადა და ცოლის ყურმოჭრილი მონა უნდა ყოფილიყო. იყო შემთვრალი ადამიანების როკვა გიჟური და „თხოვდებოდნენ” ამბოკარი ბიჭები. მე ყველაზე მეტად „გამიღიმა ბედმა”. ბიჭები შურით შემომცქეროდნენ. კოლექტივის მოანგარიშე ქალმა გამიჩაღა ცეკვა, იქაურ კვალობაზე ლამაზი ქალი გახლდათ და საკმაოდ „მდიდარიც”, თურმე ორი ძროხა ჰყავს, ცხენი, აქვს ეტლი, სეპარატორი (ნაღების მოსახდელი ხელსაწყო) და სხვა. თამამად მომიახლოვდა ცეკვა-ცეკვით და ნიკაპში ხელი ამომკრა. ჯიბეში არყის ბოთლი უქანქარებდა, საკმაოდ გამომტყვრალი იყო, აღგზნებული, ველური კივილით შაირიც კი მომალექსა: „ჩბლბნმ გფჰტყმ ყფ რჰსკმწტ ც დსჰფ;ტყმტვ ყფ კბწტ”” შემდეგ რაღაც უწმაწური... და ბოლოს „გჯლჯიკფ ბ გკ.ყეკფ”... ხარხარი ატყდა! ის კი ასევე ცეკვით გამშორდა, სხვა რაღაც უწმაწური შაირიც მომაძახა, წრე დაარტყა და ისევ მომიახლოვდა. ის იყო, რომ კიდევ დააპირა ნიკაპში ალერსიანად ხელი ამოეკრა, ვეღარ მოვითმინე და ლაზათიანი სილა ვტკიცე... ოხ! ოხ! იხუვლა „საზოგადოებამ” ყველა გაოცებული იყო ვინ არის ეს სულელი, დიდგულა ბიჭი, ასეთი მდიდარი და ლამაზი ქალი რომ უარყოო. - მე მოტია ნუ ვყოფილვარ თუ არ განანოო სლუკუნით წარმოსთქვა ქალმა და სულის მოსათქმელად ერთი ყლუპი არაყი მოსვა. მე თვითონ თავმჯდომარე და ბრიგადირებიც კი ზრდილობითა და ალერსით მომმართავენ. -რა ჰქენი, ბიჭო! - „მისამძიმრებდნენ” „ძმაკაცები”, უხერხული ატმოსფერო მალე იმან განმუხტა, რომ უეცრად ცხენებით სოფლის ბიჭები შემოთქარუნდნენ, ორიოდე უწმაწური შაირი მოგვაძახეს და ცხენოსნებმა ისევ გაქუსლეს. რა განსხვავებაა, იგივე ბანაკია, მეც ისევ პატიმარი ვარ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ცოტა უფრო დიდი ქოჩორი შემიძლია მოვუშვა და ჯიბის პატარა დანა ვატარო. დედ-მამა რომ არ მყავდეს, შენ რომ არ მყავდე, ალბათ აქ შიმშილით უნდა მოვმკვდარიყავი. მეც ხომ ამ ჩემი „ძმაკაცებივით” ჰარიჰარად ვერ „გავთხოვდებოდი”! ნუთუ აქ მომიხდება ახალგაზრდობის წლების გატარება? არავითარ შემთხვევაში არ ჩამოხვიდე, შენ ვერ გაძლებ ამ ხალხში და ვერც აქაურ სუსხიან ქარ-ყინვას გაუძლებ. Yყაზახეთის სოფელი ივანკოვკა. თიბათვე 195... წელს სალამი ჩემო ნელიკო! რამდენიმე დღე ტყის პირად ქვის სამტეხლოში ვმუშაობ, ფოთლოვანი ტყეა. ტყეს რომ გავცქერი ტაიგაში მატარებლით მიმავალმა ლამაზი ტანკენარი ფიჭვი რომ დავინახე და შენ გამსგავსე, ის მაგონდება. შუქით მოსილი ხე. თურმე კაცს შეიძლება დაენაღვლოს ხისაც, ზღვისაც, მთებისაც, კაცს შეუძლია ჯოჯოხეთშიც კი სილამაზე აღმოაჩინოს იქაც კი სულიერი ცხოვრებით იცხოვროს და ჯვარცმულიც კი სილამაზეს ეზიაროს. რაა, განა წამებაც, ჯვარცმაც სილამაზე არ არის? თუ რწმენისათვის, სიყვარულისათვის ეცვა კაცი ჯვარს? არა ასეთი სული არასოდეს არ კვდება სიყვარულის სამსხვერპლოზე მიტანილი სული. მხოლოდ დაკნინებული და წაბილწული სული კვდება. აქ ქვის სამტეხლოში კარგი ბიჭები მუშაობენ, მიუხედავად თავისი კუპრივით შავბნელი წარსულისა კარგი მეგობრობა იციან. ბრიგადირიც, თუმცა ძაღლის მოვალეობას ასრულებს, მაინც კარგი ბიჭია - ტოლია ჩუმაკოვი ცალთვალა ჭაბუკი ამაყობს „შთამომავლობით ციმბირელი ვარო”! ღრმად სწამს, რომ რუსი კაცი მესიანობისთვისა, წინამძღოლობისათვის არის გაჩენილი და კიდევაც ამიტომ ხშირად გვმოძღვრავს და ჭკუაზე გვარიგებს: -ქალი და სატანა ერთია. ჯობია ცხოველი შეიყვარო -კატა, ხარი, თხა. რაც გინდა და ვინც გინდა შეიყვარე, თუ გინდა ქვა, ხე, ქალი კი სიყვარულის ღირსი არ არის. არა და არა! საბუთი გნებავთ? აი, საბუთიც მწარედ იცინის და მარჯვენა თვალზე აფარებულ ტყავის დოლბანდს იხსნის და დასახიჩრებულ თვალს გვიჩვენებს, ჩასისხლიანებულს, დაჩაჩხულს. საკმარისია საბუთად? აი, ეს მე ქალმა დამმართა, რომელიც თავზე მეტად მიყვარდა. ღვთის გულისათვის ცოტა არაყი დამისხით, გული მიწუხს. დავუსხით, გადახუხა და ისევ განაგრძო: -სკოლის მერხიდან გვიყვარდა ერთმანეთი მე და დაშა მალიშევას, ომი რომ დაიწყო, მოხალისედ წავედი, თავგანწირულად ვიბრძოლე, ბერლინამდე ისე ჩავედი, თითიც არ გამკაწვრია და აი, ჩამოვედი ამ დასაწვავ ივანკოვკაში და ჩემი დაშა გათხოვილი დამხვდა და მერე ვისზე? ვიტია კოტოვზე -სოფლის ბოლოზე პალაზოკების ბოსტანში საფრთხობელა რომ ჰკიდია, სწორედ იმისი ასლია! ლოთია, უსაქმური, გარყვნილი. ცოლსა სცემს, გააწამა ქალი, ორი ანგელოზივით ბავშვი ჰყავს. დათვრება და იმათაც უმოწყალოდ ცემს. მუდმივმა ლოთობამ ცვედანად აქცია, ბედნიერი ვიქნებოდი, დაშა მაინც რომ ბედნიერი იყოს. მოხდა ისე, რომ ერთმანეთის სიყვარული ისევ განვაახლეთ. თუმცა სინდისი ქეჯნიდა დაშას -ქმარ-შვილს ვღალატობო. ერთ ღამეს ნასვამი მივედი მასთან და ფანჯარაზე მივუკაკუნე, ქმარი შინ არ მეგონა. ქალი ფანჯარასთან მოვიდა და მითხრა ჩურჩულით: „ის შინ არის! შინ”! მე მაინც გავჯიქდი და ხმამაღლა ვუთხარი: ვიტიას, ხომ გალეშილს, მკვდარივით სძინავს. ერთი წამით მაინც გამოდი! წადი ძვირფასო, წადი -ალერსით გამიმეორა ისევ. ამ დროს ვიტიამ გამოიღვიძა და ჩახლეჩილი ხმით იყვირა! -ჰეი, ვინ არის მანდ! და წამოდგომა დააპირა. უცებ გაანჩხლებულმა ქალმა კუთხეში აყუდებულ ფიწალს წამოავლო ხელი, ფანჯრისაკენ გამოქანდა და განწირული ხმით იკივლა: -გაეთრიე აქედან შე, არამზადა და ფიწალი გამეტებით თვალში მატაკა. სიკვდილს ძლივს გადავურჩი. აი, ასე უბედურად დასრულდა ჩემი სიყვარული. დავმახინჯდი და სოფლის სასაცილოც გავხდი. თქვენ კი ბიჭებო რას იკრიჭებთ და ცხენებივით რას ხვიხვინებთ, დარეკავს ჟამი და თქვენც შეგიყვარდებათ, მაგრამ ის უკვე არავინ იცის, ერთ თვალს გამოგთხრით თქვენი სატრფო თუ ორივე თვალს ერთდროულად. გკოცნი უთვალავჯერ. მტკიცედ მწამს, რომ შენ თვალებს არასოდეს დამთხრი. თუმცა განა ორივე თვალი დათხრილი არა მაქვს, შენ რომ ასე შორს მეგულები, ჩემო ორთავ თვალის სინათლევ? ნოშრევანი. შენი ნოშრევანი. სოფ. ივანკოვკა. თიბათვის 10. 195... წელს ჩემო ნელიკო, სალამი! სალამი! აი, ამ წერილს რომ გწერ მინდორში, ვართ ვთიბავთ და ზვინებად ვდგავთ თივას. შესვენებაა. მატარებლის გაუქმებულ რონოდაში ხის გაჩორკნილ მაგიდასთან ვზივარ და ვწერ. უცებ რამდენიმე სეფექალი დამეცა თავს და აი, ის კეთილშობილი ბანოვანი, ვალენტინა ივანოვნა ვირთაგვასავით წრიპინებს და ახლა ხმას იბოხებს და მეძახის ექიმო მიშველე, მიშველე მომეფერე! შემხედე რა ტურფა ვარ, კაბას მუხლებს ზემოთ ეწევა, ჭუჭყიან ბარძაყებს იჩენს. ჭორფლიან სახეზე რაღაც საღებავი წაუსვია, თვალის ზედა ქუთუთოები გადმოუბრუნებია, ქვედა და ზედა ტუჩებზე კი მზესუმზირას ჩენჩოებს ენის წვერით ოსტატურად იწებებს. საზიზღარი სანახავია. შევცბუნდი. „სეფექალები” კი შეშლილებივით ხარხარებენ. კორეელი ბანდიტი ბიჭი მოვიდა და ყველანი პანღურის კვრით გაყარა. აქ ქვის სამტეხლოსთან შედარებით ადვილი სამუშაოა, თუ გამაჩერეს აქ, კარგი იქნება. შენი ნოშრევანი. თიბათვის 20... P.შ. გული მიგრძნობდა, რომ ისევ ძნელ სამუშაოზე გამაგზავნიდნენ, რამდენიმე დღეა სამანსა ვჭრით, წყალში წელამდე ჯერ-ჯერით ვდგებით და მოზრდილი სათლებით ზემოთ წყალს ვაწვდით ამხანაგებს. ზოგნი კი სამანს ჭრიან განსაკუთრებული ყალიბებით. სამანები რიგრიგად აწყვია და მზეზე შრება. ყველაზე დიდი „პატივია” თუ ხარზე შეჯდომის რიგი მოგიწევს, ხარი ჩალას და ტლაპოს ერთმანეთში ურევს ფეხების ტლაპუნით და ხარზე მჯდომი მხოლოდ დროდადრო გადაუჭერს ხოლმე მათრახს ისე, რომ ფაქტობრივად ისვენებს ამ დროს ადამიანი, მხოლოდ ცოპ-ცოპე უნდა იძახოს და წკეპლა ან მათრახი უნდა გადაკრას ხარს. ხან მეჩვენება ეგვიპტეში გაყიდული ქართველი, მონა ვარ და პირამიდის აგებაზე მამუშავებენ. საძაგლად გვკვებავენ ბალანდით, სასმელი წყალიც ცუდია სოფელში. ჭის მლაშე წყალია, ისიც არ მოაქვთ, აქ მდინარის წყალს ვეწაფებით. გუშინწინ წყალში რომ ვიდექი და სათლით წყალს ვაწოდებდი ზემოთ, სწორედ იმ დროს მოვიდა ვიღაც უცნობი კაცი, ახოვანი, კეთილად მომღიმარი, მოგვიახლოვდა, ჩალის შლაპა მოიხადა და ზრდილობიანად მოგვესალმა. და შეგვეკითხა -ავად, ხომ არავინ ხართ, ვინმე, სიცხიანი? -ავად, რომ ვიყოთ შენ რას გვიშველი? უმჯობესია თუთუნი მოგვაწევინე. გამოსძახა ახმახმა ხახოლმა. -შესაძლოა გიშველოთ კიდევაც! პაპიროსის კოლოფი მოგვაწოდა და იქვე თივაზე ჩამოჯდა. მადლობა მარტო კორეელს წამოსცდა. მიკვირს საიდანა აქვს ამდენი ზრდილობა ამ უპატრონო, საცოდავ ბიჭს. მოსული კაცი ექიმი აღმოჩნდა, ოლქის სანიტარული ეპიდემიური სამსახურის უფროსი. მუცლის ტიფის შესახებ საუბარი ჩაგვიტარა და ბოლოს ასე შეგვეკითხა: - ყველაფერი გასაგებია? იქნებ შეკითხვა გაქვთ რაიმე?! - როგორც ჩანს სადღაც ინფექციის კერაა... ალბათ, მითუმეტეს, რომ სოფელში მლაშე წყალსა ვსვავთ ჭის წყალს. აქ კი წყურვილს მდინარის წყალით ვიკლავთ. -წარმოვთქვი მე. - მერე საიდან იცით თქვენ ეს, მედიკი ხომ არ ხართ? - ოდესღაც სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი და არც თუ ისე ცუდად - და მერე აქ რა გინდა -მკითხა ექიმმა და სევდიანად შეხედა ჩემს რუმბივით შესიებულ ფეხებს. - ბანდიტია, ამაყად უთხრეს როსკიპებმა. - არა ეს საბანდიტო კაცი არ ჩანს, -შეეკამათა ექიმი და ისევ მე მომიბრუნდა. ბიჭუნა იცი, რომ ჩვენი ოლქის მთავარი ექიმი ვასილ მანსვეტაშვილი შესანიშნავი ადამიანი და ის ექიმი ქართველი კაცია? იცნობ, გაგიგონია? - არა, არ ვიცი. რომელი კურსიდან ხარ? -ვუპასუხე... და უბის წიგნაკში რაღაც ჩაიწერა, ბრიგადირს კი უბრძანა: -ეს ბიჭი ავად არის. აბა შეხედე მის გაყვითლებულ სახეს, მის ფეხებს, ერთი კვირით მაინც უნდა შეისვენოს. ვიდრე მისი მანქანა მოვიდოდა, ასეთი რამ გვიამბო: -ამას წინათ ჩემი ცოლიც დააპატიმრეს. რაო, იმანაც იქურდა? -იკითხა ვალენტინამ. -ხმა გაიკმინდე სულელო. შეაწყვეტინეს ბიჭებმა. -ჰო, იმას ვამბობდი დააპატიმრეს, რაზე? გაგეცინებათ! უთხრეს შენ უცხოეთის რომელიღაც სახელმწიფოს ჯაშუში ხარო. სისულელეა! -თქვა კორეელმა, -ცილს დაწამებდნენ. დააპატიმრეს ჩემი ცოლი, გერმანულ ენაზე გადაცემებს აწყობდიო და იცით ვინ დააბეზღა? კარის მეზობელმა ვანია ბანიკოვმა -ლოთმა და გაიძვერამ, იფიქრა ჯილდოს მომცემენო. ოლქის შინაგან საქმეთა უფროსს კარგად ვიცნობდი. ფრონტზე ერთად ვიყავით. ერთ სანგარშიც ვწოლილვართ. მერეც ვმეგობრობდით, მისი ქალიშვილი ჩემი ფერშალია... როცა გამიჭირდა, მაშინ კი ოფიციალურად მიმიღო მთლად უცნობივით: -მოქალაქე კუფერმანო, ცუდადაა თქვენი საქმე, თქვენ სად ხართ პარტიულო ამხანაგო, ცოლი რომ უცხო ქვეყანას რაციით რაღაცას გადასცემს, თანაც ყოველდღიურად. შემოიყვანეს ჩემი ცოლი, საწყალს ისტერიკა დაემართა -ეგ „ფოკუსები” არ გიშველის, დაგაპირისპირებთ კაცს, რომელიც უდანაშაულო ადამიანის ნიღაბს ჩამოგგლეჯავთ - ყველაფერი აშკარაა ან კი დაპირისპირება რაღა საჭიროა. მხარი აუბა თანაშემწემაც. შემოიყვანეს ვანკა ბანიკოვი ნაბახუსევი ჩანდა -აბა პეტროვიჩ ბრძანეთ რა იცით ამ ქალის შესახებ? -ის, რომ ყოველდღე გერმანულად გაჰკივის -ხომ არ გეჩვენება! -სათქმელი გითხარით -რა სიტყვებს ეუბნებით, ახლავე გვითხარით! გესმით გვითხარით ახლავე, თორემ... დაემუქრნენ ჩემ ცოლს. აი, ასე, ასე ვამბობ ხოლმე: Gოტ დანნ! Gოტ დანნ! Fერფლუცჰტ! -აი, ასე ვამბობ ხოლმე წამოისლუკუნა ჩემმა მეუღლემ. ასეა ვანკა? მერედა ვინ არის ადრესატი - შეეკითხნენ ისევ ჩემს ცოლს -კატა, ჩვენი კატა, სიომის ჯიშის კატა გვყავს შეჩვენებული ქურდბაცაცა და იმას ვუჯავრდები ხოლმე - ამ სიტყვებს ეუბნება მუდამ? -დიახ უფროსო -ვანკას უკანალზე პანღური დააზილეს და ყურებდაგლეჯილი გააგდეს გარეთ. ჩვენ კი ოთხივენი გულიანად ვხარხარებდით. არ გიცნობდე მაინც კარგად, წარმოთქვა უფროსმა ასე, რომ ჩემო მეგობრებო, არავინ იცის მათხოვრის ჩანთა და საპატიმრო კაცს როდის ელის! წასვლისას დამპირდა კუფერმანი, შენ რომ სპეციალობით იმუშავო, ეს შესაძლებლად მიმაჩნიაო. ივანკოვკა თიბათვის 30. 195... წელს ჩემო დაუვიწყარო ნოშრევან! მივიღე შენი წერილები, ძალიან ბევრი ვიცინეთ, დედაშენსაც წავაკითხე, არ იფიქრო ცრემლის კვალი აჩნდეს ამ სტრიქონებს, ფოსტის ყუთში ჩასაგდებად რომ მიმქონდა, წერილი ალბათ ცოტათი მაშინ დასველდა! აქ სიცხე-პაპანაქებაა. ხანდახან წყნეთში, ჩვენს აგარაკში ავდივარ, ამას წინათ გალაკტიონის აგარაკთან გავიარეთ მე და ნინომ, თვალი მოვკარით ჩვენს ღვთაებას და გამახსენდა რა დიდი სიყვარულით მიკითხავდი მის ლურჯა ცხენებს, სილაჟვარდეს, ზამთრის ბაღებს და სხვებს. გიგზავნი გალაკტიონის ახლად გამოგზავნილი ლექსების წიგნს, თუ თრობა გინდა ისევ პოეზიის შარბათით იყავი მთვრალი, ნუ მიეჩვევი არაყს, მაგ სატანის ცეცხლს, პუშკინმა მართებულად თქვა: „წიგნები საუკეთესო, უბადლო მეგობრებია ადამიანისათვის”, რამდენი რამაა ქვეყნად მშვენიერი. ახალი სხვა არაფერია თუ არა შენი წერილი, რომელიც ხან მაცინებს და ხან მწუხარებით მავსებს, მომწონს, შენ რომ ბასრი იუმორის ნიჭი გაქვს, მჯერა ეგ გაგაძლებინებს, მაგ ჯოჯოხეთში, ჩემო ტანჯულო ბიჭო. მამაზე ნუღარ დარდობ, გუშინაც ვინახულე, ხომ გწერდი ნადირობის დროს გაციებულა და „ნეკრესის ქარები” აწუხებს. ხელი ჩამობმული აქვს, რადგან გასიებული აქვს თითები, წყალტუბოში უპირებს დედაშენი გაგზავნას, თუმცა უკვე უკეთესობა ემჩნევა. მამაშენი კი ედავება -ბიჭთან რომ აპირებ წასვლას, მეც უნდა წამოვიდეო. ახალი სხვა არაფერია. ჩემთვისაც წიგნებია დიდი ნუგეში. იცი რა აზრი დამებადა -ენა შეისწავლე, მაგრამ რა თქმა უნდა უცხო ენის შესწავლას არც მე გირჩევ. კუფერმანის კატის ამბავი აქ ანეკდოტივით გავრცელდა უკვე. სჯობს ყაზახური ან ინგუშური შეისწავლო. ნუ გგონია ვინც ენებს სწავლობენ შენზე მეტი ნიჭი და ნებისყოფა ჰქონდეთ ალბათ ისიც იცი, რამდენი ენაც გეცოდინება, იმდენი კაცი ხარო, ოდითგან უთქვამთ! დავით კასრაძის „ლიტერატურულ პორტრეტებს” ვკითხულობ, სადაც ცნობილი ბელგიელი მთხრობელისა და ფრანგი მწერლის -პანაიტ ისტრატის შესახებაა მოთხრობილი: პარიზში რომ ჩასულა, ფრანგული ენა სრულიად არ სცოდნია. სადღაც მანსარდში დასახლებულა და გამოკეტილა. თავისი თავისათვის „შინაური პატიმრობა” მიუსჯია, სასაუბროთი და ლექსიკონით ფრანგული შეუსწავლია და როდესაც რამდენიმე თვის შემდეგ თავისი „მწირული საკანიდან” გამოსულა, პირველად ყასაბთან მისულა, ხორცის საყიდლად და მწიგნობრული ენით უთქვამს -ბატონო, უმორჩილესაც გთხოვთ თუ შეიძლება ამიწონეთ ორგირვანქა ნახევარი ხორცი! ყასაბი ოხუნჯი და ანგლი კაცი ყოფილა და იმავე ინტონაციით და სხაპა-სხუპით უთქვამს კლიენტისათვის. -მოწყალეო ხელმწიფეო ახლავე აგიწონით და მოგართმევთ, არტალას, მაგრამ მომიტევეთ, რომ გკითხავთ: ფრანგული ენის სასაუბრო ან ლექსიკონი ხომ არ გადაგიყლაპავთ? ასე გაფრანგებული რას ფრანგობ? სულის უკვდავებისა ხომ გწამს, ჩემო ნოშრევან? ახლა თბილისში მოდაშია სულების გამოძახება, სპირიტული სეანსები, მიცვალებულთა სულებს იძახებენ და ათასნაირ რამეს ეკითხებიან. ამას წინათ მარინესთან ვიყავით სტუმრად, მისმა მამიდამ სპირიტული სეანსი ჩაატარა. რაღაც თეფშს ატრიალებდნენ ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში. მარინემ დიდედის სული გამოიძახა და როდესაც რაღაც შეეკითხა, დიდედამ სასტიკად გამოლანძღა: -აქ მაინც მომასვენეთ თქვე ძაღლთაპირებო, შენ კი გომბიო ის გირჩევნია, ამხელა მუტრუკი რომ ხარ, დროა ქმარ-შვილზე იფიქრო! (მოხუცი თურმე სიცოცხლეშიც ერთი ავყია, როკაპი, პირში მთქმელი ქალი ყოფილა) მენატრები, როგორც გვალვაში მინდორ-ველს წვიმა! გკოცნი შენი ნელი მირნელი. მკათათავის 15 ქ. თბილისი 195... წელს ჩემო დაუვიწყარო ნელიკო! ერთი კვირაა ვისვენებ, გაზაფხულზე მინდორში მუშაობის დროს ტრავმა რომ მივიღე, ის გამიმიზეზდა. წამოწოლილი ვარ ალიზის ქოხში და მოხუცი დიასახლისი, სამოცდაათ წელს მიტანებული კეთილი რუსის ქალი, ქვრივი და უშვილძირო დედობრივად დამფუსფუსებს, ბუროვის ხსნარით გაჟღენთილ საფენებს მაფენს მტკივან წვივზე. ძალიან უყვარს ცხოველები, ღვთის მორწმუნე ქალია, შუა ქოხში ხის დიდი გაჩორკნილი მაგიდა, რამოდენიმე ძველებური სკამი, ძველებური სკივრი გვიდგა. შუა „ხატაში” უზარმაზარი რუსული ღუმელია, კედლებზე -ერთმანეთზე მიჭეჭყილი თვისტომთა პორტრეტები. აქვს მცირეოდენი პენსიაც, ვაი ჩვენს ყოფას, მთელი ცოვრება განვლო და სიმარტოვით გაწამებული სულის მეტი არაფერი გააჩნია, ახლაც კი ამ საპყარ მოხუცს სამუშაოზე ეძახიან, სოციალიზმის აშენებას აძალებენ, როგორც ვხედავ არც აქაური მკვიდრი მოსახლეობაა ჩვენზე - გადმოსახლებულებზე უკეთეს პირობებში. პუშკინის ლექსი „სოფელი” მაგონდება, სადაც ასეთი სტრიქონია: „Gჰბდტნცნდე. ნტ,ზ გეცნსყყსქ ეუჯკჯრ”... ნახვამდის. გკოცნი შენი ნოშრევანი. P.შ. წერილის გამოგზავნა კინაღამ გადავიფიქრე, ჩემმა ავადმყოფობამ არ შეაშფოთოს მეთქი. ყოყმანის მერე ვფიქრობ მაინც გამოგიგზავნი. მით უმეტეს, რომ გაცილებით უკეთ ვარ. მინდორში ვიმყოფები. საწვავი მასალის გუშაგად დამნიშნეს, მექანიზატორებს დარჩათ ბენზინი, მაზუთი და სხვა. ერთი გაუქმებული, ძველი რონოდა მაქვს, ბინად, ლოგინად ჩალა მაქვს დაგებული და ზედ ტყაპუჭი მახურავს. ყველამ დამივიწყა, საჭმელიც კი აღარავის მოაქვს, კიდევ კარგი „კოლხოზის” მზარეულებს საკმაოდ ბლომა კარტოფილი დარჩათ წაუღებელი. ორიოდე კოლოფი ასანთი და პაპიროსიც შემომრჩა და ჯიბის დანაც მაქვს. როცა ძალიან მომშივდება ჩალით და ჩხრიმლებით ცეცხლს ვანთებ და კარტოფილს შიგ ვყრი შესაწვავად. კარტოფილი მსხვილია და მაგონდება ამერიკული ანდაზა: „რაც უფრო ბრიყვია ფერმერი, მით უფრო მსხვილია კარტოფილი”. ბოლოსდაბოლოს რა თავი მებრალება, რობიზონ კრუზოზე უფრო კეთილმოწყობილი მაინცა ვარ და ბედნიერიც. როგორ ვოცნებობდი ჩემი მამულის, მთელი კაცობრიობის უკეთეს ხვედრზეც და აი, მონად გაყიდული გამოუსწორებელი მეოცნებე, არა, უფრო მართებულია, ზღაპრად თქმული ნაცარქექია ვქექავ ნაცარს, რის მაქნისი ვარ, ყველა ასე რომ ირჯებოდეს, სოფელს რა ააშენებდა. გარეთ გამოვედი, სოროდან ზაზუნასაც გარეთ გამოუყვია თავი. პაწაწინა თათებით პირს იბანს და ფხუკუნებს, მგონია მე დამცინის, ესეც კი მქირდავს. ალბათ პატარა მხეცმაც კი იცის, რა არის მუხლი ორმოცდათვრამეტი. -ნუ დამცინი პაწიავ, იქნებ შენც შეგიპყრონ ოდესმე და ეგ ლამაზი ტყავი ჩემსავით გაგძრონ. ღამით კი ცოტა ნუგეში და შვება ვიგრძენი, ცის დასალეარიდან პირსავსე მთვარე რომ ამოცურდა და უსაზღვრო სტეპი გააცისკროვნა. მიყვარს ეს მთვარე, სპეტაკი და იდუმალი შენსავით შორი. მის მზერაში ჩამეძინა და თითქოს ბედი ყოველი განცდილი ლამაზი წამისათვის ცდილობს ჩემზე შური იძიოს, უარესი განსაცდელი მომივლინოს. აი, ახლაც კბილების საზარელმა ტკივილმა გამაღვიძა. ტკივილს კიდევ როგორმე ავიტანდი, ჩვენ ყველანი ხომ ტკივილისათვის ვიბადებით და უნდა შევძლოთ მისი ატანა, მაგრამ ჩემს უბედურებას ისიც დაემატა, რომ დიდი სიცხე მომცა, იმდენად დიდი, რომ გონებაც კი დავკარგე, როდესაც გონზე მოვედი, უკვე თენდებოდა, ჯიბიდან დანა ამოვიღე და „პლომბის” ამოძრობა ვცადე კბილიდან, ჩირქმა ითქრიალა, გავოცდი, სად იყო ამდენი ჩირქი. ალბათ იმიტომ მქონდა ისე შესიებული თავყურმანი... მივბარბაცდი ჩემს ძაღლურ საწოლთან, თივაში თავი შევრგე და იცი რას ვფიქრობდი: -„სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა”, მაგრამ თუ კაცი ძაღლთან არის გაიგივებული და არც მეცნიერია, ალბათ ეპატიება სიკვდილი თავისივე ხელით. მედალს ორი მხარე აქვს იანუსის სახის მაგვარად. თუ თავი მოიკლა კაცმა, ამით უფრო დაამტკიცებს თავის ძაღლობას. რატომ? თურმე ერთადერთი ცხოველი ძაღლია, რომელსაც შეუძლია სიცოცხლეზე უარი თქვას და ისიც ღრმა სიბერეში, როდესაც თავისი მოვალეობის აღსრულების ძალ-ღონე აღარ შესწევს. ჩარგავს აი, ასე ჩემსავით თავის საცოდავ დრუნჩს თივაში და აღარც სვამს, აღარც ჭამს, აღარც სიცოცხლე სურს. მაგონდება ბაირონის ერთ-ერთი პოემის გმირის სიტყვები. „ვგრძნობ თანდაყოლილ, მაგრამ საზიზღარ სიცოცხლისადმი რაღაც სწრაფვას”. კარგად ალესილი დანა მიდევს ჯიბეში, პირბასრი დანა, მე შემიძლია ჩემს თავს ბოლო მოვუღო, არ გამიჭირდება ვენების გადაჭრა, ამ აუგ ფიქრებში ვიყავი და მიმეძინა. დილით, როდესაც გავიღვიძე, სახე თითქმის დამცხრომოდა, აღარც ტკივილები მაწუხებდა, შემრცხვა ჩემი სულმოკლეობისა. შენ კი ასეთ სულმდაბალ ადამიანთან საუკუნოდ გინდა შენი ბედი დააკავშირო! გარეთ რომ გამოვედი, ცხრათვალა მზე ანათებდა. გუბეში ჩემი სახე შევნიშნე -წვერმოშვებული, გატანჯული და შემეცოდა ჩემი თავი, პირველად შემეცოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში! მაშ გაუმარჯოს სიცოცხლეს, ბრძოლას! ერთი გემრიელად შევუკურთხე გულქვა ბრიგადირს და კოლხოზის გამგეობას, რომელთაც აქ ულუკმაპუროდ დამაგდეს მინდორში, ველური ტურა მგლების შესაჭმელად და სოფლისაკენ გავწიე. თუნდაც დიდი ხანძარი გაჩნდეს აქაც და სოფელშიც, წამით არ დამენანება არავინ და არაფერი. რამდენიმე დღე ხან დამემუქრნენ, ხან მომეფერნენ და სამუშაოზე ვერ გამიყვანეს. მე მათ ყველას ლაკონიურ და ლამაზ სიტყვას ვეუბნებოდი: Bლბნტ ყფ... დროულად თქმული, რუსებს რომ მოსწონთ! ხშირად კაცს რომ ჰგონია, ყველაფერი წყალმა წაიღო, ყველაფერი შავ ფერად ეჩვენება, შავ სათვალეებში ხედავს ცხოვრებას,ზოგჯერ მაშინ მოევლინება ხოლმე წყალობა ღვთისა! დედაჩემი და დეიდა ქეთევანი ჩამოვიდნენ. აუწერელი სიხარული იყო ჩემთვის მათი ნახვა. მაგრამ პირველი სიხარული მწუხარებით იმან შემიცვალა, რომ ორივეს შავი ძაძები ემოსათ, მაშინვე მამაჩემი მოვიკითხე, გულმა რეჩხი მიყო. დეიდამ დამამშვიდა, მეუღლე გარდამეცვალა და შავებს იმიტომ ვატარებთო. მამაშენს წამოსვლა სურდა, მაგრამ ნაავადმყოფარი დავტოვეთ, კიდევ სუსტადაა, ამ შორეულ მგზავრობას ჩვენც კი ძლივს გავუძელით ის რას შეიძლებდა! მიკვირს ამდენი ბარგი როგორ ჩამოიტანეს. პირდაპირ ბაირამობა გავმართეთ მე და ჩემმა „რჩეულმა საზოგადოებამ”, განსაკუთრებით ჭაჭის არაყი მოეწონათ, სულ ჩა-ჩა-ჩა-ს იძახდნენ. გაჩაღდა ცეკვა და ღრეობა. ცხვირმოგრეხილი გარმონისტი ისე დაგვეთრო, გარმონის დაკვრის თავი აღარ ჰქონდა... და გარმონზე მიდო თავი ისე მიიძინა. მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილეთ, ჩაის ჭიქებით ასეთი არყის სმა არ ეგების, მაინც მიასკდნენ სასმელს და ცუდ დღეშიც ჩაცვივდნენ. „კოლხოზის” თავმჯდომარეს და მის „ბიუროკრატიულ ბუკეტს” კი, კინაღამ შიმშილით რომ მომკლეს უსულმდგმულო სტეპში, ისეთი ძღვენი მივართვი, ალბათ საკუთარი ძმისაგან არ ღირსებიათ! საბრალო დედაჩემს და დეიდაჩემს ეგონათ, პატივი რომ ვეცით გულზე ამისვენებდნენ მის დედისერთა შვილს. იმათი წასვლის შემდეგ ისეთი დღე დამაყენეს, სულ თავ-ბედს ვიწყევლიდი. დადგა განშორების დღეც, კვირა იყო კოლმეურნეები ღია მანქანით ბაზარზე მიემგზავრებოდნენ. ზოგს ბატები მიჰყავდა გასაყიდად, ზოგს იხვები, გოჭები და ვინ იცის კიდევ რა. დედა და დეიდაც იმ მანქანას მისდევდნენ. ვაცილებდი. მიქროდა მანქანა და სირბილით მივდევდი, უსასოოდ ტიროდა დედაც და დეიდაც. მე კი ვცდილობდი, ცრემლი შემეკავებინა და მხიარული ჯან-ღონით სავსე ვჩვენებოდი მათ. ო, რა კარგი იქნებოდა მგელივით მაინც შემძლებოდა ყმუილი, იქნება ცოტათი მაინც დამიამდებოდა დაფლეთილი, მტკივანი სული და როცა თვალს მიეფარდნენ უსიცოცხლო სტეპში პირაღმა ქანცგაწყვეტილი დავემხე, სიმწრით მიწას ვფხოჭნიდი და მხურვალედ ვქვითინებდი. ასე მეგონა, ყველაფერი რაც დღემდე იყო, მხოლოდ მირაჟი იყო, ყველაფერი სამუდამოდ მიფარდა თვალს. აი, აქ ახლოს სადღაც ზაფხულში ბალახს ვთიბავდით, აბზინდის და ნაირ-ნაირი ყვავილების სურნელი იდგა, ვხედავდი ცის დასალიერზე, ვიდრე მისწვდებოდა თვალი, ჯერ მოლივლივე ზღვა მოჩანდა, რამდენიც უნდა ევლო ადამიანს, იმ ზღვას ვერ მისწვდებოდა, ისევ მაცდური მოჩვენება იქნებოდა, ის მოლივლივე, სმარაგდის ფერი მზით მოელვარე ტალღები... ასე მეგონა მობიბინე ჯეჯილებს ვხედავდი ან ყანას-მზეკაბანს! მირაჟი იყავი შენც, მირაჟი იყო ჩემი ბედნიერი ბავშვობაც, ჩემი ხანმოკლე ახალგაზრდობაც? თუმცა მქონდა კი ახალგაზრდობა? მე ხომ ოცდაერთი წელი მარტოს, უმკაცრესი საპყრობილის საკანში შემისრულდა. ღმერთო, მომეცი ძალა ვძლიო ჩემს მოსისხარ ბედს, „შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა”. შენი ნოშრევანი. სოფელი ივანკოვკა. მარიამობის თვის 20. 195... წელს ჩემო ნოშრევან! შენთვის არ მომიწერია, ამას წინათ ჩვენი გოგონები იყვნენ, დაბადების დღე მომილოცეს, თუმცა არავინ დამიპატიჟია, გოგონებმა ჩემს საწერ მაგიდასთან ლერმონტოვის და რომენ როლანის სურათებს შორის შენი სურათიც შენიშნეს და ბევრი იცინეს. ამათ ვიცნობთ, მაგრამ ეს „ტელეგრეიკაში” გამოწყობილი კლასიკოსიც გვეცნობა მგონიო. გოგო, ასე კაცის გაღმერთება როგორ შეიძლება, შე უღმერთო, რას გადაჰყევი მაგ მოუსავლეთში გადაკარგულ კაცსო, სარკეში მაინც ვერ ხედავ, თმებში რომ ჭაღარა გამოგერიაო... გავიცინე, მაგრამ მწარე იყო ეს სიცილი. სულმნათი აკაკის თქმისა არ იყოს „ვინ რა იცის, რომ სიცილი ბევრჯერ ცრემლზეც მწარეა”! ყველაფერს უგულოდ ვაკეთებ და თუ ვიცინი, რა თქმა უნდა მხოლოდ უგულოდ. გული ხომ შენ ამომგლიჯე, უარმყავი, იმდენად დამამდაბლე, გემუდარები ნება დამრთო ჩამოვიდე და ერთხელ მაინც მოგინახულო, ერთხელ მაინც ჩაგიკრა გულში. დეიდაშენის მაგივრად, დედაშენს მე წამოვეყვანე შენთან. გოგონები რომ წავიდნენ და საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, შენი დაპატიმრების წინა დღეები გამახსენდა ჩემთან იყავი ერთ საღამოს და ჩეხოვის შესანიშნავ ნოველას „ხუმრობას” ვკითხულობდი. იქნება აღარც კი გახსოვს? გაგახსენო? გოგონას ეშინოდა სერიდან თავქვე ციგით დაცურება, ბიჭუნა ამხნევებს გაბედე ნუ გეშინია, ქალიშვილმა როგორც იყო შიში დაძლია და მოლიპულ ყინულზე ჩასრიალდა. შორიახლო ბიჭუნას ციგაც მისრიალებდა, ქარბუქი სახეში აყრიდათ ფანტელებს, გუგუნებდა ქარბუქი და ქალიშვილს ნანასავით ჩაესმოდა ტკბილი ხმა. მიყვარხარ, მიყვარხარ! მიყვარხარ! რამდენიმეჯერ მეორდებოდა ეს ხმა ქარტეხილში. „ცხადია თუ მეჩვენება”? ფიქრობდა ქალიშვილი და აღარ შიშობდა იგი. მოლიპულ ყინულზე ჩაცურებულიყო ქარის სიწრაფით და ასე განმეორდა რამდენიმეჯერ... გავიდა წლები და ერთმანეთისაგან შორს მყოფნი ტკბილად იგონებდნენ იმ თოვლიან ქარბუქს, სერს და სიყმაწვილის ლამაზ ზღაპარს -სადა ხარ ახლა?! -კითხულობდა გულმოკლული ახალგაზრდა კაცი, რომელიც სამუდამოდ გაშორდა სულის სწორს. იქნება არც ის გახსოვს, ერთხელ კიბეზე, რომ ჩაგაცილეთ შენ და ჩემი მეგობრები, ხელზე ხელი რომ მოგიჭირე, მალულად ბინდ-ბუნდში და რაღაც ჩაგიდე მუჭაში, პატარა ვარდის კოკორი. შენი ბოლო წერილი ნაღვლიანია. იყო დრო, როდესაც ოდნავ დაღონებულსაც კი რომ მნახავდი, დამტუქსავდი: -იყავი ტენდი! იყავი მტკიცე და ამაყი, შეუპოვარი! ახლა მე გეტყვი ძვირფასო ამ სიტყვებს. შენ მოვალე ხარ იცოცხლო, მოვალე ხარ გაიმარჯვო, შენ სამარცხვინო დამარცხებისათვის არა ხარ დაბადებული, გული მიგრძნობს! ნახვამდის. გკოცნი შენი ნელიკო! ქ. თბილისი. ღვინობის თვის 10. ჩემო ნელიკო! ჩემო სიცოცხლევ, რა კარგი გოგო ხარ, შენ არც კი იცი! შენი წერილი მერცხალივით მოფრინდა, იავარდის და გაზაფხულის სურნელიც მომიტანა, იმედის შუქი მომფინა, ჩავკოცნე, გულში ჩავიხუტე და ისე მიმეძინა. მაგრამ ნაწყენიცა ვარ შენზე, რა არის რომ აღარ მესიზმრები, იქნებ შემომწყერი სინამდვილეში და მხოლოდ სიბრალულისათვის ცდილობ მომწერო ყოველივე ის, რაც გამამხნევებს. თუ ეს ასეა შორს ჩემგან სიბრალული, მგონი წინათაც გწერდი ამას და ახლაც გიმეორებ... მწერდი, რომ მახსოვს თუ არა ის საღამო. ნუთუ არ იცი, რომ შენი ხსოვნა მაცოცხლებს და ყოველ წვრილმანს სასოებით ვიხსენებ. გინდა ისიც გაგახსენო სად რომელი წიგნები გელაგა ანდა რა წიგნები, ჩამოგითვალო? „ინებეთ ქალბატონო”! შენს საწერ მაგიდაზე, მარჯვნივ რუსთაველის წიგნი იდო (მზითევში წამოღებას რომ მპირდებოდი)! „ლიანა ლორდია”, აბატ პრევოს „მანონ ლესკო”, ვოინიჩის „კრაზანა”, ბარათაშვილის და გალაკტიონის ლექსები, მარცხნივ კუპრინის, ვასილ ბარნოვის, კონსტანტინე გამსახურდიას, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის და სხვათა წიგნები. ჰო, მართლა ტრისტანი და იზოლდას წიგნი კი გადაშლილი გედო მაგიდაზე. გოგოები დაგცინოდნენ: ეგ რაღა ჯანდაბაა, საწერ მაგიდაზე რომ ხავსმოკიდებული პატარა რტოები, გირჩები და ნიჟარები დაგიწყვიაო! რამდენჯერაც მოვიდოდი, რაიმე ახალ სურპრიზს დამახვედრებდი, ის საღამოც ძალიან კარგად მახსოვს, ჯერ შოპენის ბიოგრაფია მიამბე, შთაგონებული ლაპარაკობდი, გინდა სიტყვა-სიტყვით გითხრა, რაც მის შესახებ მიამბე? ოკეანის ტალღები საზარლად ჰქუხდნენ და იქ კი სადღაც უდაბური კუნძულის განაპირას უბადრუკი ძველისძველი სახლი იდგა, რომელსაც კოშკურა ჰქონდა მიშენებული და იქ ერთ-ერთ ოთახში ორი ადამიანი განმარტოებულიყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი და ქალი. კაცს სნეულს და სასოწარკვეთილს მოქანცული თავი მიეყრდნო ქალისათვის. სისხლიანი პირღებინება ჰქონდა, სულის ხუთვა აწუხებდა და მიღებულმა წამალმა შეტევა ჩაუცხრო. უცებ მთვლემარე ავადმყოფმა, რომელიც უზარმაზარი ტალღის ნაპირთან ხმაურიანმა მიხეთქებამ გამოაფხიზლა, ფორტეპიანოსთან მიყვანა სთხოვა ქალს და გაისმა ჰანგები უდიადესი სიყვარულის, უკვდავი სიყვარულის სადიდებელი, რაღაც ღვთაებრივი... და ა.შ. მიამბე თვალცრემლიანმა და შემდეგ შოპენის ნაწარმოებები მომასმენინე. შთაბეჭდილება გამაოგნებელი იყო! არ ვიცოდი, რომ კაცი ტუბერკულოზით ავადმყოფი, დიდებული კომპოზიტორი შოპენი იყო, ხოლო ქალი გამოჩენილი ფრანგი მწერალი ჟორჟ ზანდი. რატომღაც იმ საღამოს როცა ვიგონებ, ის ღამეც მაგონდება, როდესაც მე და შენ ბაკურიანიდან დაბრუნებულებმა ვიმგზავრეთ და მცხეთას მივუახლოვდით, უეცრად მაღალ მთაზე გადმომდგარი დიდი ჯვარი გამოჩნდა, ღამის წყვდიადში, პროჟექტორებით გაცისკროვნებული. რაღაც იმგვარივე იდუმალება ვიგრძენი. შოპენის ღვთაებრივი მუსიკის ჰანგები მესმოდა. ახლა მივხვდი, როდესაც შენ ჩემგან შორსა ხარ, რომ შენ ღვთაებრივი მუსიკა ხარ, უკვდავი მუსიკა. როგორ გვიყვარდა ტაძრებში სიარული! ერთხელ მე და შენ სიონში ჯვარცმასთან ვიდექით და ვდუმდით. უცებ მე ის ღვთიური დუმილი დავარღვიე და ჩურჩულით გითხარი: -შემომფიცე, რომ მუდამ გეყვარები, არაფერი მიპასუხე. გავიარეთ მეტეხის ხიდი, ღვინის აღმართი, და მტირალ კლდეს როდესაც მივადექით, მხოლოდ მაშინ მითხარი: -პოეტი კაცი ხარ და ისიც არ იცი, რომ დუმილი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე გაცვეთილი და არაფრის მთქმელი სიტყვები. -მეც წამიკითხავს ოდესღაც მეტერლინგი და ვიცი რა დიდი ოსტატი იყო დუმილით საუბარისა. მგონი ჭოლა ლომთათიძესაც უნდა ჰქონდეს ასეთი მოთხრობა: „ზღვის პირად მთვარის იდუმალ ნათელში გამარტოებით მდგარ მერხზე ერთმანეთის მოშორებით ქალი და კაცი ისხდნენ და დუმდნენ. ისინი არ იყვნენ ცოლ-ქმარნი, მაგრამ მათ დუმილში იდუმალი სიყვარული, დიადი სიყვარული იგრძნობოდა. შორიახლოს მალულად მდგარი იმ ქალის ქმარი თავზარდაცემული და გაოცებული იყო. რა აიძულებდა იმ ქალს, რომ მასთან ერთად ეცხოვრა ერთ ჭერქვეშ და არა იმ კაცთან, რომელიც ზღვასავით უსაზღვროდ უყვარდა და ქმარმა სამუდამოდ მიატოვა ცოლი”. ჭეშმარიტებაა! რა საჭიროა მჭევრმეტყველება, თუკი ერთმანეთისა დუმილითაც კი გვესმის, აი, რამდენ რამეს გწერ და მჯერა ჩემი დუმილი უფრო მეტს გეუბნება ზოგჯერ. „მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, მადლობელი ვარ”. შენი ნოშრევანი. ივანკოვკა. ღვინობის თვის 30-ს 195... წელს. ჩემო ნელიკო! მართებულად უთქვამთ, კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. შენი წერილის მიღებაზე ვოცნებობდი, რათა ეს უბადრუკი სიცხადე დამვიწყებოდა, თუნდაც ცოტა ხნით და უეცრად რაიონის შინაგან განყოფილებაში კი ამოვყავი თავი, საჩქაროდ გადამიღეს სურათი, ამიღეს თითების ანაბეჭდი (ამ პროცედურას დაქტილოსკოპია ეწოდება, პატიმრები კი ირონიულად პიანინოზე დაკვრას ეძახიან). კაპიტანი მალატურენკო გაცეცხლებული შემხვდა: -რაო, ვაჟბატონო გაქცევა მოინდომე? იცი, რომ ოცი წელი კატორღა ზურგზე გაკერია, დედა და დეიდაც ხომ იმისათვის გამოიძახე, რომ გაქცევაში ხელი შეეწყოთ. არყის სუნით ყარდა და ენა უარესად ებმოდა, ისედაც ენაბრგუს. -არც ისე სულელი ვარ, თქვენ რომ გგონივართ, ბატონო კაპიტანო. სად უნდა გავიქცე, თქვენი სიტყვები კარგად მახსოვს, ვორკუტის იქითაც რუსული მიწებია. ისიც კარგად ვიცი, რომ გავიქცე ჩემს უდანაშაულო დედმამასაც ჩემი ბედი უნდა ეწიოს! რამდენიმე დღის მერე კანვოის თანხლებით ჩემი ბარგი-ბარხანიანად სხვა სოფელში გადამისროლეს. სოფელი პუშკინის სახელს ატარებს. მიხარია მე სულელს. თითქოს პუშკინის დიადი აჩრდილი მმასპინძლობს მე აქ. მისი სტრიქონები მახსენდება: -Dტპლტ ყტდტ;ტცნდფ უე,ბნტკმყსქ გჯპჯჰ (ლექსიდან „Lტჰტდყზ”) ზედამხედველი უცებ გაუჩინარდა და დავრჩი ღვთის ანაბარა, უცხო სოფელში, გარშემო უმწეოდ მიმოვიხედე, იგივე უბადრუკი ქოხმახებია, როგორიც ივანკოვკაში და იგივე სიმარტოვის სუსხი. ხვავრიელად თოვს, „დამეთოვა” თმები, მხრები, ვითოშები, ილაჯგაწყვეტილი მივათრევ ბარგს, ზამთრის პირქუში, ბნელი დღეა, სოფლის ფოსტაში მივდივარ და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ვტოვებ ჩემს ბარგი-ბარხანას. კარდაკარ დავდივარ და დავეძებEბინას, თავშესაფარს. ყველა ცივი უარით მისტუმრებს, ინგუში ვგონივარ მე მათ. როდესაც ერთ მათგანს განვუმარტე -მე ქართველი გახლავარ მეთქი, მან ღვარძლიანად გაიცინა და მომახალა: -ჯლბყ ხტჰნ! სოფლის განაპირას ერთ სახლთან ღაჟღაჟა, ტანსრული, ახოვანი გერმანელი გამოჯგიმულიყო, უქმე დღის შესაფერისად გამოწყობილი და გამომძახა -ეი, ფოტოგრაფო ჩემსკენ მობრძანდი! რადგანაც სოფელს ორჯერ ამაოდ შემოვუარე და ამ კაცს ორჯერვე დავუნახივარ, ფოტოგრაფი ვეგონე! შემდეგ შევიტყვე კავკასიური წარმოშობის ფოტოგრაფები თურმე ძლიერ ხშირად ესტუმრებიან ხოლმე ამ სოფლებს. ისტერიული სიცილი ამივარდა. ნურავინ მეტყვის, რომ ბედი არ არსებობს. ეს ბღენძი „მასპინძელი” სასურათედ გამოწყობილი იმედგაცრუებული შებრუნდა ქოხში და მის სანაცვლოდ ჩემი ნაცნობი ბორის კუზნეცოვი გამოვიდა. ერთმანეთი უმალვე ვიცანით, ჩვენ ხომ ერთი ეტაპით ვიმგზავრეთ, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ. გულთბილად მომესალმა, ჩემი გასაჭირი ვუამბე. რატომღაც გაწბილებული მეჩვენა, მაგრამ მაინც შემიპატიჟა სახლში. ღუმელთან ერთი საცოდავი შესახედაობის ქალი მიმჯდარიყო და გვერდით სამი ჩამოკონკილი ბავშვი მიესვა. -ეს ჩემი ცოლ-შვილია, მიმითითა ბორისმა. გული ჩამიკვდა, ალბათ შიოდათ, მაგიდას კი ის ბღენძი გერმანელი მიჯდომოდა და თავის ცოლ-შვილთან ერთად შესანიშნავ საკვირაო „ტრაპეზს” მიირთმევდა. ეს ჩემი სახლის პატრონია, გამცნო ბორისმა. ყველაფერი უსიტყვოდ ვიგრძენი. გამომაცილა და თქვა: -ნუ დამიღონდი, აქ ქართველებიც სახლობენ! თვალები გამიბრწყინდა. მალე სანატრელ სახლთან მიმიყვანა და მასპინძლებს გასძახა: -ჰუსენ! ჰუსენ! ქოხიდან თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის შველივით გოგონა გამოვარდა და ზრდილობიანად მომესალმა: - სალამ მარშუალ! სალამ მარშუალ! შევცბუნდი, როცა დავინახე, მას რომ არ დაესწრო, ალბათ გამარჯობა მეთქი ქართულად ვეტყოდი. გოგონამ დედას დაუძაა: ნანი! ნანი! გამოვიდა დარბაისელი შუა ხნის ქალი. სტუმარი ღვთისააო და შინ შემიპატიჟა. საჩეხში ცხენი ფრუტუნებდა და მადიანად ახრამუნებდა თივას, მშვენიერი თოვლივით ქათქათა ცხენი. აღაუშ! აღაუშ! (დაჯექი, დაჯექიო) გულთბილად მითხრა ნანიმ (მერე შევიტყვე თურმე ნანი ინგუშურად დედას ნიშნავს). ხალიჩაზე დამსვა. შორიახლოს კედელზე მოკრძალებით აკრული, ხელებ ჩამოშვებული ორი ახალგაზრდა ქალი შევნიშნე. ერთი ოდნავ შეჭაღარავებული, ხოლო მეორე ჯერ კიდევ ნორჩი, ასე ოციოდე წლის ქალი. მალე ჰუსეინიც მოვიდა, კოლმეურნეობაში რაღაც თათბირი ჰქონიათ. სალამ მარშუალო! მომესალმა ისიც და ინგუშური წესით ყელი ყელს გადამაჭდო. მასაც ინგუში ვეგონე. -გურჯია ჰუსენ, გურჯი! -სიცილით უთხრა დედამ. მოგვეწონა ერთმანეთი. მან თავისი ამბავი მიამბო, მე კი ჩემი თავგადასავალი მოვუყევი. ამათი წესის მიხედვით თურმე ქალები არ შეიძლება დასხდნენ თუ სტუმარმა არ უთხრათ. აღაუშ! აღაუშ! (რაც ნიშნავს დაბრძანდით) თურმე იმიტომ მდგარან ქალები წეღან ისე მოკრძალებით, ახლა კი სამივე ახალგაზრდა ქალი დაუზარელად ტრიალებდა. დედა კი ისევ დარბაისლურად ჩვენს გვერდით ხალიჩაზე იჯდა. -მიირთვით ნუ გრცხვენიათ. ჭაპილგიშ! ჩერპილგიშ! (რაც თურმე ნამცხვრებს ნიშნავს) ღვინოზე, არაყზე კი მოიბოდიშეს, რჯული გვიკრძალავსო. ღვთის მოსავი ხალხია, განსაკუთრებით ნანი. ხშირად მხურვალედ ლოცულობს. დიდი გაჭირვება გამოუვლიათ. გადასახლებაში რომ მომავლებულან, ჰუსეინს ძმა გარდაცვლია და ერთადერთი პატარა ვაჟიშვილიც გარდაცვლია, ხოლო პუშკინოში რომ ჩამოსულა, მამა მოჰკვდომია. მეორე ცოლი უფროსი ცოლის ამინადის დაჟინებით უთხოვია, მაგრამ საუბედუროდ აღარც უმცროს ცოლთან-დოჰანასთან შესძენია შვილი. - ერთი მთები გვაწოვებდნენ ძუძუს, ერთი მზე, ჩვენ ძმები ვართ. მიხარია, რომ ჩემს ჭერქვეშ გხედავ! ქოხი საკმაოდ მოზრდილი იყო. ცალკე ოთახი მომიჩინეს ღამის გასათევად, მეორე დღეს კი ჰუსეინი კოლმეურნეობაში წავიდა, სადაც ბრიგადირად მუშაობდა, მე კი ისევ ბინის ძებნას შევუდექი. კარი არავინ გამიღო. თვითონ ჰუსეინიც ბევრს ეცადა მომდევნო დღეებში და ბინა ვერსად მიშოვნა. -წყალი არ ჩამოგვდის, ჩვენთან იცხოვრებო! მეტი ახალი არაფერია. გკოცნი უთვალავჯერ. შენი ნოშრევანი. სოფ. პუშკინო. ქრისტეშობის 4. 195... წელს ნოშრევან, ჩემო სიცოცხლე! შენს წერილს ცოტა შეაგვიანდა, ვდარდობდი, ახალი ჩემს ცხოვრებაშიც არაფერია, ჩვეულებრივი უღიმღამო დღეებია, ზამთრის დღეების მსგავსი. ისევ უშენობა, ლოდინი, წამება, ჰო, მართლა შეგიძლია მომილოცო, ახალი საქმრო გამომიჩნდა, ისიც პროფესორი. შენც იცნობ მას -პარმენ პარკაძე. აი, ის სასაცილო კაცი, შენ რომ აქილიკებდი, საკუთარ თავს გენიოსად თვლიდაო. სხვებმაც მიამბეს, ძალიან ახირებული კაცი რომაა, იყიდის ბაზარში ზმარტლს ან მზესუმზირას, შლაპაში ჩაყრის, მობრაცუნობს პროსპექტზე და კურკებს ან მზესუმზირის ჩენჩოებს არხეინად აფურთხებს მარჯვნივ და მარცხნივ. არცერთ თბილისელ დერციკს არ ენდობა, ძლიერ სახელგანთქმულსაც კი, თავისი შეკერელი კოსტუმი აცვია, ჩაფართხუნებული. კინტოსავით განიერ შარვლის ტოტებს დააფრიალებს. ღვინო -არყისაც დიდი მოყვარული ყოფილა. მის ახირებაზე უამრავ ანეკდოტებს თხზავენ. ამას წინათ ძალზე ერუდირებული და ნიჭიერი კაცი იცავდა დისერტაციას. ჩემი მეგობრის ნინიკოს სიმპათია. ჰოდა, დავესწარით დისერტაციას. ბრწყინვალედ დაიცვა. ქალიშვილებმა თაიგულიც კი მიართვეს. მედიკებში ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც თეატრის მოყვარულებში ბათუ კრავეიშვილი. ის იყო კურთხევის ცერემონიალი უნდა დამთავრებულიყო, რომ უკანა რიგებში რაღაც ჩოჩქოლი შეიქმნა... ერთ-ერთ მერხზე ვიღაც კაცი წოლილა და თვლემდა, უცებ მაჯლაჯუნასავით წამომდგარა, ნამძინარევი თვალები მოუფშვნეტია და რაღაც არაამქვეყნიური გამყინავი ხმით წამოუძახია. პარმენი შეიცნო და მისი ახირებულობის ამბავი რომ იცოდნენ, სეირის საყურებლად მოემზადნენ. ზლაზვნით მივიდა კათედრასთან პატივცემული პროფესორი, უბის ჯიბიდან უზარმაზარი, მწვანე გომბეშო ამოიყვანა და დისერტანტს ცხვირწინ დაუსვა. შემდეგ კი კოსტუმის ბორტიდან მოზრდილი ქინძისთავი ამოიძრო და დისერტანტს გაუწოდა. - პატივცემულო კოლეგა გთხოვთ ეს ნემსი ისეთ ადგილას უჩხვლიტოთ ბაყაყს, რომ ვეღარც ფართხალი შეძლოს და ვეღარც ჭყიპინი. ახალგაზრდა მეცნიერს ჭირის ოფლმა დაასხა. ბევრი აწვალა გომბეშო, თვითონაც გაწვალდა, მაგრამ ვერ იქნა და ვერას გზით ვერ დაადუმა და დაადუნა იგი. პროფესორმა სათვალე მოიხსნა, თვითონ შეასრულა სათანადო მანიპულიაცია და თქვა: -ხედავთ ბრმაც კი შეძლებს ამის გაკეთებას. „მრავალთ არ უწყიან რა ბევრი რამ უნდა იცოდნენ, რომ შეიცნონ რა მცირე რამ ვიცით”. დააბოლოვა არაბული ანდაზით... ასე ჩაუფლავა დისერტაცია საბრალო ახალგაზრდა კაცს, რომელიც მისი საუკეთესო ყრმობის მეგობრის ვაჟიშვილი ყოფილა. ის პროფესორი ამჟამად საკმაოდ ასაკოვანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახალგაზრდობაში უფრო ახირებული იქნებოდა და თავის საცოლეს მოლიერის თომასავით ანატომიის თეატრში გვამების გაკვეთაზე დაპატიჟებდა და თავის ცოლსაც (ცოლი რომ ჰყოლოდა, ალბათ ბაყაყების ჭყიპინს არ მოაკლებდა). მუდამ მეჩვენება, რომ რასაც განვიცდი, რაც მამწუხარებს ვერც ერთ წერილში ვერ გამომითქვამს. ქალაქი თბილისი, გიორგობის თვის 15. ჩემო ნოშრევან! სალამი, სალამი! როგორც ყოველთვის ხან ვიცინე და ხან ვიტირე. შორს ვარ შენგან მაგრამ ასე მგონია, მაინც შენთან ვარ, ახლოს სულ ახლოს. დღეს სიონში ვიყავი დილის ცისკარზე. კელაპტრები დავანთე იმ ჯვარცმასთან, ოდესღაც მე და შენ მდუმარენი რომ ვიდექით. არავის ვუთხარი ისე წავედი ღვთის სახლში, რადგანაც წუხელ უცნაური სიზმარი ვნახე. საოცრად კარგი სიზმარი. ვინმეს რომ გავუმჟღავნო ვაი, თუ ვერ ამიხდეს მეთქი. სადღაც ზღაპრულ არემარეში ვიყავით მე და შენ, წითელი ყაყაჩოები ბიბინებდნენ, ხელიხელჩაკიდებულნი მთისკენ მიმავალ ბილიკს მივდევდით, უცებ ცეცხლისმფრქვეველი უზარმაზარი ურჩხული გამოჩნდა, გულშემზარავი ჩვენება, ქარტეხილი ამოვარდა, ჩამობნელდა, შემდეგ კი ზეცამ იქუხა და ელვის ენები გაიკლაკნა. წითელი წლოკები მოსწვიმდა სისინით. იშიშვლე მახვილი და ურჩხულს გადაჰკარ. მახვილი გადატყდა, მაგრამ უეცრად ზეციდან ჯაჭვი ჩამოეშვა, ბაჯაღლო ოქროსი და იმ ჯაჭვს ზეცისაკენ აჰყევი. ვხედავდი: ხელთ დისკო, გეჭირა სხივების მფრქვეველი, რომელიც იმ ურჩხულს მაღლიდან დაჰკარი და იქცა ფერფლად და ნაცრად ის ურჩხული. ღმერთმა კეთილად აგვიხდინოს ის საოცარი სიზმარი. ახლა კი ნამდვილად მჯერა, შენ გაიმარჯვებ, ვიქნებით ერთად ბედნიერები, სამუდამოდ ერთად ვიქნებით, ილოცე მხურვალედ ილოცე, არ დაივიწყო არასდროს ღმერთი, ნახვამდის. მარადჟამს შენი ნელი მირნელი. ქრისტეშობის 28, ქ. თბილისი. ჩემო ნელიკო! შენმა წერილმა უზომოდ გამახარა და აი, ახლა სოფლიდან ათი -თორმეტიოდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ფერმიდან გწერ ამ სტრიქონებს. ჩემს ძმადნაფიც ჰუსეინს რუსებმა უჩივლეს -ვიღაც თავისი ნათესავი ჰყავს შეხიზნული და არ ამუშავებს კოლექტივშიო. ბრიგადირობიდან კინაღამ მოხსნეს ჩემი გულისათვის (ბორისისაგან შევიტყვე), ჩემი მასპინძელი ხათრით ვერაფერს მეუბნებოდა, თავმჯდომარისაც ეშინოდა და ჩემიც ერიდებოდა. მე თვითონ ვუთხარი: -მომბეზრდა ძმაო უსაქმოდ ყოფნა, სადმე სამუშაოდ გამაგზავნე, დარდს შევიმსუბუქებ ნაკლებს ვიფიქრებ, ჯერ თოვლის გადაღობვაზე, ვმუშაობდი ტრაქტორზე გამობმულ გუთანზე ვიჯექი. სასტიკად გათოშილი ვბრუნდებოდი. ჰუსეინს შევეცოდე, მითხრა: -ფიცვერცხლი იმიტომ კი არ ვჭამეთ, რომ ერთადერთი ძმა მყავხარ და შენც სიცოცხლეს გამოგასალმო, უფრო იოლი სამუშაო გამომინახა და აი, ახლა ჩალით დახურულ საქონლის უზარმაზარ ფერმაში ჩემს „კაბინეტში” ვზივარ, ხუთი-ექვსი კვადრატული მეტრი მიწური ოთახია, კედლებშეთოშილი, ერთადერთი ფანჯრის შეთრთვილური მინები ხარების მიერაა რქებით ჩამტვრეული და მინების ნაცვლად ჩვრები და ჩალაა შიგ ჩაჩურთული. კაბინეტის „მშვენება” დალოცვილი რუსული ღუმელია, რომელსაც საწოლადაც ვხმარობ და მაგიდადაც. მაქვს ძველებური წვრილმავთულშემოვლებული ფანარი, რომლის შუქზეც შენს წერილებს ვკითხულობ, ან ამ ლამპრით ბაზასაც ვათვალიერებ, რომ ხარი არ იყოს შიგ ჩაჭედილი ან თოკი არ ჰქონდეს რომელიმე ხარს ყელზე შემოხვეული. მე მევალება ასოთხმოცი ხარიც დავაპურო და სამოცდაათ ხბოს ფიწალით ბაგებში თივა ჩავუყარო, ხოლო დილით ფერმის ახლომდებარე მდინარე იშიმში ყინულის ლომით ყინულჭრილს ვაკეთებ და ვარწყულებ ჩემს პირუტყვ მეგობრებს. ჩემი კაბინეტის სამკაულს და ავლა-დიდებას წარმოადგენს აგრეთვე გულმოდგინედ ალესილი ნაჯახი, ფიწალი, ფინური დანა და რუგზაკი, რომელშიც სახლიდან წამოსვლის წინ ჩემი დობილი დებიხანი ნამცხვარს, თუთუნს და წიგნებს მილაგებს. აქ ჩემს ფერმაში ყოველ საღამოს ბინდ-ბუნდის ჟამს მოვდივარ, რათა ჩემხელა გერმანელ ბიჭისაგან მორიგეობა გადავიბარო, როგორც ყველა გერმანელი ისიც ძალიან გულისყურით და გულმოდგინებით ეკიდება მინდობილ საქმეს. მხედველობიდან ისიც კი არ გამორჩება, რომელიმე ხარს განაკაწრი რომ ჰქონდეს, აღარ იბარებს საქონელს! თვლით იბარებს და თვლით მაბარებს. აქ ერთი რქამოტეხილი ხარია, ლაბა შევარქვი, თუ დამიჯერებ ლაპარაკი ესმის. მივალ მოტეხილ რქაზე, მტკივან ადგილას ხელს გადავუსვავ და როცა ვეუბნები: -ჩემო წიქარავ, სად გადაგიტყდა შენი მახვილი, რომელ ბრძოლაში... რომელი ცხრაკლიტული დალაშქრე! ვაი, თუ შენც ჩემსავით ძალით მოგწყვიტეს მშობლიურ მთა-ბარს და ველ- მინდვრებს. რაო, სალამურის ნარნარი ხმა გენატრება ჩემსავით? ვაგლახ, რომ ბოროტი ჯადოქარის შემწეობით მეც ორივე ჯადოსნური სალამური წამართვეს, სალხინოც და სამწუხაროც და ადამიანივით ცხარე ცრემლებით ტირის ხარი. კარგი ლაბავ გულს ნუ იკვეთავ ტირილით. „ერთ ბედ ქვეშა ვართ ლაბავ მე და შენ”. თავზე ხელს ალერსით გადავუსვავ, დიდრონი გონიერი თვალებით შემომხედავს და სასწაული არ არის განა? ცრემლების დენა შეუწყდება ხოლმე. სხვა ახალი არაფერია. სოფელი პუშკინო. მირკანის 4. შენი ნოშრევანი. ჩემო ნელიკო! ვიცი ჩემი წერილი ცოტა არ იყოს დააგვიანებდა. იდარდებდი, ის, რაც ტრაგიკულია რა საჭიროა მოგწერო, რა კურიოზებიც შემემთხვა, იმ სასაცილო ამბებს მოგიყვები. გუშინ ღამეც ისევ ფერმაში ვიყავი, რატომღაც გვიანობამდე არ დამეძინა. ღუმელის საკვამურში, გარეთაც მგელივით ღმუოდა ზამთრის გრიგალი, სარკმლის მახლობლად უცნაური ხმაური გავიგონე, ვიფიქრე ან ქარბორბალა დაათრევს ხმელი ხის ტოტს, ან დამპალი ყავრის ნატეხს, ან იქნებ დამშეული მგელია და მის ყმუილს გრიგალის ხმა ფარავს. არა! ახლა უკვე გარკვევით გაისმა ვიღაცა დადის შეყინულ თოვლზე. ლანდია! ავი სულია? დავტაცე ფიწალს ხელი, ქამარში ალესილი ცულის პირიც მოვსინჯე და ბანაკში ნასწავლი შვიდსართულიანი რუსული გინებით გავვარდი გარეთ და ვაი სირცხვილო ფრი-ფრი... გაიშრიალა ქალის კაბამ! გავოცდი, ხომ არ გავგიჟდი, ხომ არ მელანდება, რა უნდა აქ ამ უსიცოცხლო მინდორში დიაცს? მხოლოდ მეორე დღეს გაირკვა ყველაფერი... შინ მისულს ჰუსეინი რომ მაქილიკიბდა და გულიანად იცინოდა: -რა დაგაფრთხო ქალმა, ჩემთან ფიცვერცხლნაჭამი მაინც არ იყო... ახლა ამინადამ გაიცინა: -ის ქალი ჰუსეინას სატრფო გახლდათ -ერნა გერმანელი, ძონძროხა ქალი შუაღამითაც კი არ სძინავს, კაცებზე ნადირობს! ვაი! რაზე ძმებს გადაგვკიდებდა -იცინის ჰუსეინი. -ეცადე შე უშნოვ იქნებ მაგასთან მაინც გააკეთო ბავშვი -კეთილი ღიმილით აქილიკებს ცოლი -ამინადი იგი მასთან ადრიანი სიყმაწვილიდანვეა თან შეზრდილი. და ძალზე მეგობრულად არიან ერთმანეთთან. უმცროსი ცოლი დოჰანა კი ცოტა არ იყოს ზანტი და ბოთე ქალია, ამიტომ ხშირად იმსახურებს ქმრისაგან ალიყურს. ამინადა კი ქმარსა ტუქსავს, დასავით ექომაგება დოჰანას. -ნუ იეჭვიანებ, ის ფერმა თურმე ჩემი „სამფლობელოდან” ხუთი-ექვსი კილომეტრითაა მოშორებული და რა საჭიროა ფიცი, არც მე ვარ საფარ-ბეგი! ნუგეშის საცემად ისიც იკმარებს, რომ სოფელს გენიალური პოეტის სახელი ჰქვია, ხოლო ყოველი განთიადისას სოფლის ბოლოზე უნდა ამოვიარო, სადაც უზარმაზარი ქარის წისქვილებია, ჩემს ტყუპისცალს დონკიხოტ ლამანჩელს მომაგონებს. მშვიდობით! შენი ნოშრევანი. პუშკინო. აპნისის 10. 195... წელს. ჩემო სათაყვანო ნელი! ამ რამდენიმე დღის წინათ „ჩვენი სოფლის” ბოლოში გაყინული კაცის გვამი იპოვეს. ღამით ნამთვრალევს გზა აბნეოდა და დღეს მარხავენ. ნათლიმამას „უცია პატივი” ... ხშირად, როცა ბურანია, ჩემს შესახვედრად ჰუსეინი მოდის. რადგან ფხიზელსაც კი შეიძლება ამ თოვლის ქარბუქში გზა აებნეს და სადმე ჩაიყინოს. ამინადა გულიანად იცინის: -შენ ნოშრეს შესახვედრად კი არა, ერნას ფერმისაკენ მიეშურებიო. იქ ჩემი ფერმის მოშორებით ცხვრების ფერმაა. სულ ქალები მუშაობენ ღამის გუშაგებად. ერნაც იქ ბრძანდება, იმ „მონასტერში”! ისევ ხანგძლივი, საზარელი ღამეა, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ლამაზი და გასაოცარი თოვაა, რომ სულს იდუმალი სიმშვიდე და გამოუთქმელი სიხარული ეუფლება. ზამთრის გრიგალი „უდაბნო თეთრად ნახავერდები”'და ისევ ჩემი წიქარა, რქამოტეხილი საბრალო ხარი. შენმა წერილებმა კი ისევ დაიგვიანა. იქნებ თავი მოგაბეზრე, იქნებ შენც რაიმე გიჭირს ავად ხომ არ ხარ? რა ხმა მოგაწვდინო! მელანდები და თოვლიან ქარბუქში შენი ხმა მომესმის, შენი ნაღვლიანი სიმღერის ხმა. ძველებური ვალსის ხმა. რომლის სიტყვებიც ოდესღაც ქართულად გითარგმნე. „მე მახსოვს ვალსი, ის ძველი ვალსი, და ის ფიჭვებიც ბურვილნი ბინდებით დგანან”... მინდა ჩამეძინოს, მაგრამ ჩემს თვალებს რული არ ეკარება. და ამეკვიატა დიდი მოქანდაკის მწუხარე სიტყვები: „არაფერი განვიცადო, არაფერი ვიგრძნო, არაფერს ვხედავდე, არაფერი მესმოდეს და მეძინოს, მეძინოს”. ღამე მშვიდობისა ჩემო სიცოცხლევ შენი ნოშრევანი. პუშკინო. აპნისის 29. 195... წელს. P.შ. ნეტავი დედაჩემი თუ იფიქრებდა ოდესმე, რომ ამ ჯოჯოხეთისათვის მზრდიდა და ნანას ადრიანი სიყრმიდანვე მხოლოდ თოვლიანი ქარბუქიღა მიმღერებდა, ეს ველური ქარიშხალი, შესაძლოა თვით ჩემი აღსასრულის წინაც ისევ ეს საზარელი ზარის ხმა მესმოდეს: „შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალი მინდვრის, და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა, ზარით, ღრიალით მიწას მომაყრის”! მესიზმრება ალაზნის ველი, ალაზნის ჭალები, კავკასიონი, ბავშვობის არე-მარე და თბილისის საოცნებო ქუჩები. შენც კი რატომღაც შემომწყერი და აღარ მეცხადები სიზმრად... რაშია საქმე?.. გული ხომ არ შეგეცვალა?! ერთხელ სისხამ დილით ფერმიდან დაბრუნებულს, უბადრუკ ქოხში, მკვდრული ძილით ჩამეძინა. ჩემს მეტი შინ არავინ იყო... დიდხანს მეძინა. უეცრად ძილში მწარე ქვითინის ხმა ჩამომესმა. გამოვიღვიძე და ძალიან გავოცდი: ჩემს დობილს დებიხანს ოქროსფერი დალალები ჩამოეშალა და როგორც მიცვალებულს ისე დამტიროდა. თურმე უწყალოდ ვეცოდებოდი. ჩემს ბედს დასტიროდა. რა გატირებს მეთქი ვკითხე. -მაგოცუნ, მაგოცუნ-ო მითხრა (ავად ვარო), ამ რამდენიმე ხნის წინათ მთხოვა წერა-კითხვა მასწავლეო. არაჩვეულებრივად ნიჭიერი გოგონაა და ბეჯითი. უკვე ჩათვლით კითხულობს კიდევაც. შენი და ჩემი სახელები ლამაზად ბეჭდური ასოებით დაწერა. ის კი ინგუშურ ენას მასწავლის. ყურანიდანაც მრავალი სურა იცის ზეპირად. საოცარი სიბრძნის წიგნია, გახევებული ვდგავარ და ვუსმენ, როცა მტრედივით ღუღუნებს თავისსავით ლამაზ სურებს, მადლობა ღმერთს და რომ მომივლინა. მე ხომ არც და მყავდა და არც ძმა. ახლა კი მეც მყავს დობილი. სათუთი, სათნო და სპეტაკი. სულ შენი მსგავსი. ნუ გაიოცებ ამ ჩემს მიერ გამოვლილ უდაბნოებშიც კი ყველგან და მუდამ... თუ რაიმე ან ვინმე ლამაზი და სპეტაკი შევნიშნე ყველა და ყოველივე შენს თავს მომაგონებს, არც ისე დიდი ხანია ჰუსენს სტუმრები ჰყავდა. ყველაზე წინ ერთი ლამაზი, ჭაღარა წვერიანი მოხუცი მოვიდა, ჩვენი დიდებული აკაკი მომაგონდა, ისეთი ბიბლიური იერი ჰქონდა, თან რამდენიმე ჯიგიტი ახლდა. ეფენდიო მიმართავდნენ ზრდილობით, ხან კი ხოჯას უწოდებდნენ, ყურანის ბრწყინვალე მცოდნეა, მექაში და მედინაშიც ყოფილა ნამყოფი ოდესღაც. ახლა სხვა სტუმრებიც შემოემატნენ, ცხვარი დაიკლა, ჩემი დობილი დებიხანი ზღაპრულ ალსა ჰგავდა, ცეცხლის შუქზე ოქროსფერი თმები და ოქროს საყურეები რომ უელვარებდა. გაოგნებული ვუმზერდი, შენი ორეულია, იმ ქაშვეთის ანგელოზს ხომ გამსგავსებდი, ეს კი ნამდვილად შენი ორეულია. ოღონდ და არის სატრფო კი არა, არა! და კიდევ სხვა რამეებმაც გამაოცა, ოცამდე ვაჟკაცმა ერთმანეთს ჩასჭიდა დაკოჟრილი, ძლიერი ხელები და როკვა დაიწყეს, თავდავიწყებული როკვა. რაღაც შიშინისმაგვარ უცნაურ, არნახულ ფრინველთა მსგავს ხმებს გამოსცემდნენ. წინაპართა სულებს უხმობდნენ და იყო ამაში რაღაც წარმართულიც. ვინ იცის იქნებ ჩვენი წინაპრებიც ამგვარ რიტუალს ასრულებდნენ! რამდენი სარწმუნოებაა და ერთმა ღმერთმა კი გვშობა ყველანი... და ყველა ღმერთს ვავედრებ შენს თავს. შენ მაინც ბედნიერი იყო. შენი ნოშრევანი. სოფ. პუშკინო. სალამი, ჩემო ნელი! ამას წინათ მშობლებისაგან ორი ამანათი მივიღე, ერთში ვაშლები ჩურჩხელები და არაყი იდო. ხოლო მეორეში ღორის შაშხი, რომელსაც ერთი მტკაველი სისქის ქონი ედო. ვერ წარმოიდგენ რა დღეში ჩაცვივდნენ ჩემი კეთილი სახლის პატრონები - სალიხატს (ნანის) და ამინადს გული აერიათ. ჰუსეინი იკრიჭებოდა, აქილიკებდა მათ. ჩემს გასამხნევებლად იცინოდა. მაგრამ ისიც შეცბუნებული იყო. დებიხანი თანამიგრძნობდა, მიტკალივით გათეთრებულს რომ მხედავდა. მეზობლად ერთი რუსის ხეიბარი კაცის მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ტიმოფეი ტროფიმიჩი. ძირძველი ციმბირელი ვარო. ხშირად რომ ტრაბახობს ისიც! გავძახე, ერთწამს ჩემთან გამოსულიყო. თვალებს არ უჯერებდა, ნუთუ ასე დიდ დოვლათს შეიძლებოდა დაპატრონებოდა. ცოტაოდენი არაყიც ვუწილადე. ისეთი ლხინი გააჩაღეს, დილამდე სულ „ერმაკის” და „პადმასკოვნიე ვეჩერას” ჰანგები ისმოდა და „ჩიკა-ჩიკას” ბრახუნი იმათი ქოხიდან. მადლობაც არ უთქვამს ჩემთვის, ცხადია საამურ ცხოვრებას მხოლოდ დიდ სტალინს დაუმადლებდა. ცოტაოდენი არაყი არც ჩვენ გვაწყენდა, -წამჩურჩულა ჰუსეინმა. ნანი ძალიან ღვთისმოსავი ქალი გახლდათ და შვილს არყის სმასაც და თამბაქოს მოწევასაც კი უკრძალავდა. ადათ-წესების დაცვას გულმოდგინედ ადევნებდა თვალს, უღრმეს პატივს ვცემ, ადამიანი რომ თავისი რწმენის ერთგულია. მე მგონი ადამიანს ცხოველისაგან უპირველეს ყოვლისა რწმენა განასხვავებს. საყვარელი სანახავია ნანი, დათვის ტყავზე წამოჩოქილი გულმხურვალედ რომ ლოცულობს. ვაჟიშვილს ისევ ისე ეპყრობა, თითქოს ბავშვი იყოს. თუ რამე არ მოეწონა დევივით გოლიათ ამხელა კაცს ისე უთაქებს, რომ გავოცდები. ის კი მორჩილად დგას და ხუმრობს. მზესუმზირა რა არის იმის კვნეტასაც კი ცოდვად მიიჩნევს ნანი. მეღიმება, ივანკოვკაში მყოფ ვალენტინა ივანოვნას როცა გავიხსენებ, რა ოსტატურად კვნეტდა მზესუმზირას, რა გულმოდგინედ იწებებდა ენის წვერით მის ჩენჩოებს ტუჩებზე. ახალი სხვა არაფერია. შენი ნოშრევანი. პუშკინო აპნისი. 195... წელს. ჩემო ნოშრევან! მე ვიცი რა სულით სპეტაკი ბიჭუნა ხარ, მაგრამ ქალი ვარ და მაინც ვეჭვიანობ, შენი წერილები გულდასმით გადავიკითხე და ვშიშობ, შენც დიდი ილიას განდეგილის ბედი არ გეწვიოს. ოღონდ სხვაობაც დიდია. იქ თუ გამოქვაბულში ცეცხლის შუქზე მაცდურ ქალს ეძინა, „თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვა, ხორცშესხმულს ვლენა ოდესმე ქვეყნად უკეთეს სახეს ვერ ისურვებდა, თვისი სიტურფის გამომსახველად”. მანდ კი შენ გეძინა ქოხში და ოქროსთმებჩამოშლილი შენი დობილი დაგცქეროდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შენს წერილებს კითხულობს, ჩემს გარდა, დედაჩემია. შენი ბოლო წერილები როცა წავიკითხეთ, ხან ვიცინოდით ხან კი ვტიროდით. როცა შენი განდეგილობის სტრიქონები წავიკითხეთ, დედაჩემმა დედაშენს რომ უყვარს სწორედ ისე ზეაღმართა საჩვენებელი თითი და კეთილი დამცინავი ღიმილით მითხრა: - ფრთხილად ჩემო გოგოცუნავ. საქმე ცუდადა გაქვს, ... შენ კი აქ მონაზონად აღიკვეცე თავი. არც ჩვენ, მშობლები ვართ კარგ დღეში, როდემდე ვიგერიოთ ჯოხით შენი მთხოვნელები. ხომ ხედავ ნოშრევან თუ მანდ ჩამოსვლის ნება არ დამრთე რა „ბედი” მოგველის. გეხუმრები ძვირფასო. ცოცხალიც შენი ვარ, სიკვდილის მერეც ჩემი სული შენთვის ილოცებს. ჩვენს ლამაზ სიყვარულს ღმერთს შევავედრებ. ვერავინ გაგვყრის სიკვდილის მერეც. ვოცნებობ ოდესმე ერთად დავიმარხოთ. ის წერილი მდუღარე ცრემლებით ისე გაჟივდა, რომ აღარც კი იკითხება. ზეპირად მახსოვს შენი წერილი: აქ ყაზახეთში სადღაც აკლდამაა, რომელშიც ორი ადამიანის ნეშტი განისვენებს. ქალის და ვაჟის, რომელთაც ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. ვაჟს „მურმანმა” - რაყიფმა მოუსწრაფა სიცოცხლე, ქალმა კი საკუთარი ნაწნავით დაიხრჩო თავი. მე ვინახულე ის აკლდამა და მუხლი მოვიყარე, იქ ველური მინდვრის ყვავილების თაიგული დავდე და როდესაც იურტაში დავბრუნდი, საოცარი ელვა ანათებდა უსაზღვრო ველებს, კოკისპირული წვიმა მოჰქუხდა, ვიდექი იურტის კარში და შევცქეროდი ცას ღამეულს, უვარსკვლავოს და ვფიქრობდი, რატომ უნდა იბადებოდნენ ქვეყნად მურმანისთანა ადამიანები. ოდესმე როდესაც განვთავისუფლდები, მინდა მე და შენ მოვიდეთ ამ წმინდა და უკვდავი სიყვარულის ტაძარში -ამ აკლდამასთან და ყვავილებით ერთად შევამკოთ. (აკმოლენსკის ოლქი. თარიღი წაშლილია) ჩემო ნოშრევან! ვაითუ ეს ყოველივე მხოლოდ ამაო ღაღადია უდაბნოსა შინა და სიცხადე კი შენი საყვარელი პოეტის ტიციანის სიტყვებია, რომ „ქალი ქალია და იშოვის თავის მალამოს” ანდა „რომ ქალი ქალია და უქმროდ დიდხანს რამ არონია”. ვაითუ ესაა მწარე სინამდვილე, არა ძვირფასო, ქართველი ქალი სხვა მასალისგანაა გამოკვეთილი, ღვთისშობლის წილხვედრ ქვეყანაში ქალებს მანდილი არასოდეს შეურცხვენიათ, თუნდაც მარტო ქეთევანი ვახსენოთ, ან თინა წავკისელი და მაია წყნეთელი, ალალია ჩვენზე წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა, შორეული ეკლიანი გზით რომ მოვიდა, ვაზის ჯვრით, მე იმ ქალთა შთამომავალი ვარ და არასოდეს დამავიწყდება, სიონში, ჯვარცმასთან ოდესღაც უკვდავი სიყვარული რომ შემოგფიცე, დუმილით. ღმერთი ჩვენთან არს! ნახვამდის შენი ნელი მირნელი. ქ. თბილისი აპნისი 195... ჩემო სათაყვანო ნელიკო! ძალიან დარდიანად ვარ. ჩემი დობილი გულზია (დებიხანი) გაგვიხდა ძალიან ავად. ფლეგმონოზური აპენდიციტი აღმოაჩნდა საწყალს, რამდენიმე დღეა, რაც ქალაქ სტეპნიაკში წაიყვანეს, ის ქალაქი ამავე ოლქში მდებარეობს, ოქროს საბადოებია და მესვეურნი მეტ ყურადღებას აქცევენ, შესანიშნავი საავადმყოფოცაა იქ! ჰუსეინმა თავისი „ქურანა” ცხენები შეაბა მარხილში და სტეპნიაკში თვითონ წაიყვანა გულზია. ნანი, დოჰანა, ამინადი და მე მეზობლებთან ერთად, თვალცრემლიანები ვაცილებდით მათ. ტკივილების მიუხედავად გულზია მარხილიდან მკვირცხლად ჩამოხტა და მომმართა: -ნოშრე შინ შებრუნდი შალის წამოღება დამავიწყდა! გავიქეცი... -შენ ვერ იპოვნი მოიცა მე თვითონ. მომაძახა და უკან ამედევნა, ის კი იყო ქოხში ფეხი რომ შევდგი წამომეწია, გულში ჩამეკრა და მითხრა, იქნებ ვეღარასოდეს გნახო და მინდა გაგიმჟღავნო საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ, მაგრამ ვშიშობ ღმერთმა არ დაგვსაჯოს, ჩვენ ხომ და ძმანი ვართ და თანაც სხვადასხვა რჯულისანი, არ შეგვრისხოს ღმერთმა, ჰო ჩვენ და-ძმანი ვართ ნამდვილი და-ძმანი, ძლივს ამოვილუღლუღე მე, ცრემლები ორივეს ღაპაღუპით გვდიოდა და ჩვენს შორის შავმა შალმა გაიშრიალა. ნუ შეშფოთდები, თავს შემოგევლოს შენი ნოშრევანი, ეს ალბათ წამიერი სიზმარი იყო, წამიერი და ბუნდოვანი სიზმარი და მაშინაც კი -სიზმრადაც თვალწინ შენ მედექი. გულზია ხომ შენი ნამდვილი ორეულია. ღმერთია მოწამე, ჯვარცმასთან მოცემული ფიცისათვის არც მე მიღალატია. მშვიდობით შენი ნოშრევანი. სოფ. პუშკინო. აპნისი 195... წელს... P. შ. მარტო რომ დავრჩი, დიდხანს ბავშვივით ვქვითინებდი და ტირილით დაღლილს მკვდარივით ჩამეძინა. ნანიმ გამაღვიძა - ფერმაში წასვლის დროა შვილო! გადავიცვი ჩემი გაცრეცილი ქურქი, გადავიკიდე „მათხოვრის აბგა” და გზას დავადექი. სოფლის ბოლოში მდებარე ქარის წისქვილებს რომ ჩავუარე, მწარე ღიმილით ისევ ჩემი ტყუპისცალი დონ-კიხოტი გამახსენდა, ხოლო ღამით სადღაც უდაბურ სტეპში მიკარგულ უბადრუკ ფერმაში ჩემსავით ნაობლარ წიქარას შევჩიოდი ჩემს დარდს და მეჩვენებოდა, რომ მას თანაგრძნობის ცრემლი სდიოდა. შენი ნოშრევანი. ჩემო საოცნებო ნელი! რაც ჩემი დობილი გავაცილე, უკვე ორი კვირა გავიდა, მადლობა ღმერთს ოპერაცია კარგად გადაიტანა, ძაფებს მალე მოხსნიან, მაგრამ ჯერ ვერ გამოწერენ. მე როგორც ჩანს აქედან მალე წასვლა მომიწევს და მას ვერც კი დავემშვიდობები, ექიმმა კუფერმანმა თავისი სიტყვა ვაჟკაცურად შეასრულა, ამავე ოლქში, ესილის მეცხოველეობის ფერმის საექიმო უბნის გამგედ დამნიშნეს. ამ დღეებში მივემგზავრები. გუშინ კოლმეურნეობის კანტორაში გამომიძახეს. ოპერრწმუნებულიც იქ დამხვდა. კაბინეტის კუთხეში ვიდექი, დაჯდომა არავის შემოუთავაზებია. თავმჯდობარე ზოსიმე ზალატარიოვი და ოპერრწმუნებული წითელ მაუდგადაფარებულ მაგიდასთან ისხდნენ და ტკბილად მასლაათობდნენ, მაგიდაზე ორი ნახევარლიტრიანი ბოთლი ედგათ. ლამბაქზე „სილიოტკის” ბოლო და ყველის ნაჭერი ედოთ -რა მშვენიერი ბორჯომია -ჩემს გასაგონად თქვა ზოსიმემ, მერე კი მომცრო ქილიდან მუჭაზე ხორბლის მარცვლები წამოიყარა და სთქვა -ეს უჯიშო ხორბალია, რაღა ეს და რაღა სარეველა! -ნიმუში 58 -სარეველაზე უარესია, არ გამოგვადგება, როგორც ჩანს, ვიღაცამ ურჩია ადგილობრივ მედპუნქტში ჩემი სამუშაოდ დატოვება და ასე ბრძნულად კალამბურებით თათბირობდნენ „და ორი ტურა ქილილ-დამანა სოროში ჯერით ამბობდა არაკს”, მალე ჩემი გამგზავრების დღეც დადგა. დილის სისხამზე ჰუსეინმა ეჟვნებიან მარხილში თავისი მშვენიერი თეთრი ცხენები შეაბა და რაიცენტრისაკენ გავწიეთ. უფროს ოპერრწმუნებულ მალატურენკოსთან გამოვცხადდი, მასაც წითელმაუდგადაფარებულ მაგიდასთან ვიღაც „პატივცემული გვამი” ეჯდა და იმგვარადვე გულითადად ბაასობდნენ. როგორც ჩანს, იმათ „ბორჯომსაც” მშვენიერი გემო ჰქონდა. კარგა ხანს ყურადღება არ მოუქცევიათ ჩემთვის, მერე კი მალატურენკომ ამოღერღა: -აქ რას დაყუდებულხარ, ბაბუა ონოფრეს ხელჯოხივით გარეთ დამელოდე. ვიღაც ახალგაზრდა კაცმა გაიარა და მალატურენკოს ოთახში შევიდა. სალამი კაპიტანო, შესძახა ომახიანად, დაბრძანდი ვანიუშა, დაბრძანდი. დერეფანში მერხზე ვიჯექი და კაპიტნის კაბინეტიდან მესმოდა: ეგ ბიჭი გაქცევაშია ეჭვმიტანილი, აკმოლაში რომ ჩახვალთ რკინიგზის სადგურზე მარტო დატოვე, თვალს მოეფარე რას იზამს! თუ გზა გაიმრუდა, კეფაში ახალე ტყვია. „ფრთხილად ნოშრევან! ეს გარეული ტახები შენს დაფლეთას აპირებენ ეშვებით, აშკარაა”! ოლქის დედაქალაქ აკმოლენსკამდე დიდი მანძილია გასავლელი. ტრაქტორს მარხილზე დაბმული ბუდრუგანა უბია და ისე მივიკვლევთ თოვლში გზას. ზედამხედველმა ფული ჩამომართვა, „წესდებით აკრძალულია”-ო და ჯიბეში იტაკა. რიჟა კაცია, ენაჩლიქი „ამისი ფერის ხატიც არ ვარგა” -გავიფიქრე მე, ცოტაოდენი ხურდა ფული დამიტოვა თუთუნისათვის და გაუჩინარდა. სასაცილოა არა?! იცი რა მომაგონდა, შენ რომ ერთხელ პატარა ნოველა წამიკითხე ვიღაც ამერიკელი მწერლისა: -მატარებლის კუპეში ორი უცხო მგზავრია -მაშ თქვენ არ გჯერათ მოჩვენებების? -თქვა ერთ-ერთმა მათგანმა და გაუჩინარდა. ამბობენ იქ ახლა ასეთი მოკლე ნოველები ყოფილა მოდაში... გაუჩინარდა ჩემი ზედამხედველიც, დამიტოვა დაფლეთილი ლაბადა და დაძენძილი, ძველი ჩემოდანი, რომელშიც არაფერი ელაგა. ბილეთი ხელთა მაქვს, საცაა მატარებელი უნდა ჩამოდგეს, მატარებელი, კანვოი კი არ ჩანს. რა ვქნა დავრბივარ და ვიძახი, ივან, ივან. საქმეში ხარ! ბავშვობაში ჩუღურეთში გამიგონია სომხური ოხუნჯობა: -ძო, ანგე მატარებელი მიდის. გაგასწრო! -ჩემს ფეხებს თუ მიდის, ბილეთი ხომ ხელში მიჭირავს! ბოდიში უხამს გამოთქმაზე, წამით მეღიმება, ვაი რა შორს დარჩაAუდარდელი ბავშვობა. უბანში ათი ეროვნების ბავშვი ვცხოვრობდით. ძმებივით ვიზრდებოდით... ბარგი შემნახველ საკანში ჩავაბარე. მატარებელი კარგა ხნის გასული იყო, მე კი ისევ ზედამხედველს დავეძებდი. ვაგზლის შინაგან საქმეთა განყოფილებას მივადექი, ვიღაც მაიორი დამხვდა. ამათვალ-ჩამათვალიერა და მითხრა: რა გინდათ, -ჩემი ამბავი ვუამბე. შუბლშეკრული მისმენდა მერე კი მკაცრად მკითხა. -იჩხუბე?! -არა. -კაცი მოკალი?! არა! -იქურდე?! არა! იხულიგნე?! არა! ჩვენი საქმეც თავზე საყრელი გვაქვს, თქვა და წითელმაუდგადაფარებულ მაგიდაზე მდგარი „ბორჯომისაკენ” გააპარა თვალი. დამეკარგე აქედან, ვიდრე არ ჩამიჯენიხარ. ძლივს წავათრიე ფეხები. ძირს დათოვლილ ძელსკამზე ჩამოვჯექი და ფიქრებს მივეცი თავი. ბოლოს გადავწყვიტე ოლქის შინსახკომში („შიშსახკომში”) მივსულიყავი. მარტო იმისი გაფიქრებაც კი, რომ იქ მისვლა მომიწევდა, ახლად შეკრეჭილი პატარა ქოჩორი - თმები ყალყზე დამიდგა. თვითონ მთლად უფროსმა პოლკოვნიკმა მიმიღო -რა გნებავთ? მოკლედ ვუამბე ჩემი ამბავი. ზიზღით დაიღრიჯა. ღილაკს ხელი დააჭირა და ოთახში მალატურენკო შემოვიდა. პოლკოვნიკს გაეჭიმა. ეს არის?! ეს გახლავთ. -ვაჟკაცო! დაცინვით მითხრა უფროსმა, საბუთებს გაგიმზადებთ, შენ თვითონ წახვალ! შემდეგ კი ბადლოს მიუბრუნდა - ამისი კანვოი კი ალბათ ისევ გამოტყვრა არყით. სამაგალითოდ დასაჯეთ -ცბიერად გაიღიმა. აშკარაა ექსპერიმენტი არ გამოუვიდათ. ქუჩაში გამოვლასლასდი, შიმშილით კუჭი მეწვოდა, მაგრამ რა უნდა მეჭამა, ცოტაოდენი ხურდა ფულიღა მეოხრა, „მაგრამ ღმერთი არ გასწირავს” ადამიანს. ერთ-ერთ აბრაზე ქართული ღვინოები ამოვიკითხე. სარდაფში ჩავეშვი. მეღვინე ზესტაფონელი კაცი აღმოჩნდა, კეთილი და პურმარილიანი. ქართულად რომ მივესალმე, გაიხარა. სამი-ოთხი ჭიქა ღვინო გადამახუხა. ერთი პატარა ყველის ნაჭერი, მწნილი და ცოტაოდენი პური დამაყოლებინა. კუჭი უფრო ამეწვა. ღვინო მომეკიდა, მადლობა მოვახსენე და ქუჩაში ავბანცალდი. ვიღაც ჯიგიტს უზარმაზარი ჩალისფერი, ორკუზიანი აქლემი მიჰყავდა. აქლემს ცხოვრებაში პირველად ვხედავდი. მერე ვიღაც მშვენიერი ლამაზი ქალი დავინახე, მაცდურად შემომღიმა. ღალატი არ შემწამო. რა მელამაზმანებოდა! ფეხებს ძლივს მივათრევდი. ვიხეტიალე, უმიზნოდ, უგზო-უკვლოდ. შემთხვევით ბაზარს მივადექი. კართან საზარელი შესახედაობის ხეიბარს მუხლი მოერთხა და ამობრუნებული ქუდი მუხლებზე დაედო. მოკრძალებით თხოულობდა, გამიკითხეთო. მეც ვიმათხოვრო?! შიმშილით სიკვდილი მიჯობს! გავძარცვო ვინმე? არასოდეს! მაგრამ საოცრებაც ხომ ხდება ქვეყნად. ბაზარში შესვლისას შევნიშნე ძველმანებით მოვაჭრენი და სასიკეთიო ფიქრმა გამიელვა -შემნახველი საკნიდან ჩემს ბარგი-ბარხანას გამოვიტან და გავყიდი. „შაბაშ სიტყვა! შაბაშ საქმე”! სულ მალე შუა ბაზარში ვიდექი და ბზრიალასავით მატრიალებდნენ მრავალრიცხოვანი „კლიენტები”, მაგრამ პოეტური მრწამსისთვის არ მიღალატია, გასაჭირშიც კი ვაჭარი ვერ გავხდი. ვინც რას მთავაზობდა გასაყიდ საქონელში, მოკრძალებით ვართმევდი. არა მგონია ჩემისთანა „გილდიკუპეცი” სამყაროს რომელიმე ბაზარში ეხილოთ ოდესმე. გაიოცებ ალბათ. მფარველი ანგელოზის წყალობით ყველა ჯიბე ფულით გამოტენილი მქონდა. მაგრამ მშვიდობით ჩემო ხრომის ჩექმებო, დედაჩემის გამოგზავნილო ახალთახალო კოსტუმო, ლამაზო პერანგებო, ლაიკის ხელთათმანებო და სხვადასხვა... არ ვნანობ მაინც. აკაკის მიერ ხუმრობით თქმულისა არ იყოს, მივხვდი, რომ თურმე „კუჭი ყოფილა ჭახრაკი ქვეყნიერებისა”. ბაზრის მახლობელ რესტორანში შევედი. შემაღლებულ ადგილას სიმპათიური სახის ახალგაზრდა ებრაელი მევიოლინე იდგა და შესანიშნავად უკრავდა, მიუხედავად ჩემი უმწეო მდგომარეობისა, შიმშილი გადამავიწყდა, მუსიკამ გამიტაცა, დამსხვრეული ფრთები გამიმთელა და შენსკენ გამომაფრინა. ცარიელ მაგიდას მივუჯექი. საჭმელ-სასმელი შევუკვეთე. მუსიკოსს ფული ვაჩუქე. ინტუიციით იგრძნო, რომ ქართველი ვარ და ჯერ სულიკო დაუკრა, შემდეგ კი ციცინათელა. ცრემლი მომერია ჩემო ციცინათელავ. ცხოვრებაში მარტო პირველად დავთვერი და ისე ლაზათიანად, რომ ღმერთმანი გამოსვლისას ის მევიოლინე სამად მომეჩვენა და სამივეს ხუთხუთმანეთიანი ვაჩუქე. შემდეგ არაფერი მახსოვს... როდესაც გავიღვიძე, სასტუმროს რომელიღაც ოთახში რკინის საწოლზე პირქვე ვიწექი, ბალიშში პირჩამხობილი, ჩექმებიანი და ზურგზე რუგზაკ აკიდებული. შესანიშნავ ხასიათზე ვიყავი. გზამშვიდობისა. გზა მელის ისევ. ნახვამდის?! შენი ნოშრევანი ქ. აკმოლენსკი იგრიკას თვეში... 195... წელ. ჩემო ნელიკო! მატარებელი ესილის სადგურში რომ გაჩერდა, ჩემი კანვოი მომვარდა და ყასიდად მომაძახა: -რა უფლების ძალით წამოხვედი უჩემოდ?! ნებართვის ქაღალდი მივაფარე თვალებზე, არ გავახსენე, ფული რომ წამგლიჯა, იმაზე კრინტი თვითონაც არ დაუძრავს. მივხვდი, მაინც არ მენდნენ და ეს არამზადა მალულად გამომაყოლეს იქაც უშიშროების განყოფილებაში, დიდხანს მაცდევინეს. ბოლოს და ბოლოს რაღაც ქაღალდები მომაჩეჩეს ხელში -აქვე, ჩვენს ქუჩაზე რაისაავადმყოფოს მთავარ ექიმთან გამოცხადდიო. მივედი, გავეცანი უფროს კოლეგას, ვინმე ანდრეი შვეცოვს, წინათ მფრინავი ყოფილა, დაბუგულა, სასწაულად გადარჩენილა, სახეზე და ხელებზე სიდამწვრის ნაკვალევი აჩნია. ექიმი მოგვიანებით გამხდარა. ქირურგია, ნატანჯი კაცი. ტყვეობაც გამოუვლია, აქ გადმოსახლებულია. ერთმანეთს საკუთარი ამბები ვუამბეთ. „ოჯახშიც” წამიყვანა, ღრმად მოხუცებული დედა ჰყავს. მაგიდაზე სანაქებო, „ნახევარი ლიტრა” არაყი დადგა, ნახევარი ლიტრა არაყი მეც მოვატანინე. სოფლის მაღაზიიდან მეზობლის ბავშვს. იმ ღამეს თავისთან დამტოვა და ერთმანეთს დიდხანს ვუამბობდით საკუთარი უბედურების ამბებს. ცოლ-შვილიც დაღუპვია, დედმამიშვილებიც. ეს საბრალო ავადმყოფი, მოხუცი დედაღა შერჩენია. ოლქის სამედიცინო ხელმძღვანელობისადმი მადლიერების გრძნობა რომ გამოვთქვი, ანდრეიმ მწარედ გაიღიმა და მითხრა: კარგი მამაძაღლებია, ცოტა ხნის წინათ მაგ რეგიონში მუცლის ტიფი მძვინვარებდა, ახლა კი მანდვე სოფელ ირკინდიქტში პარტახტიანი ტიფის შემთხვევებია. არავინ მიდის იქ სამუშაოდ. ჩემს რეზიდენციამდე ანდრეიმ თავისი ეტლით წამიყვანა და ცენტრალურ კარ-მიდამოში სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს ივანე ფედოროვს წარმიდგინა. გულთბილად მიმიღო: -საჩივრებით მავსებენ, ექიმო, შევბეზრდი. გმადლობთ ანდრეი დიმიტრიჩ, კარგი ბიჭი რომ მოგვიყვანე. ჩაფიქრდა. ახლა საქმე ის არის, სად მივუჩინო ბინა! სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ თითქოს მიწიდან ამოძვრა ერთი შავტუხა, ჯმუხი ქართველი ბიჭი, გადამეხვია და თქვა -გორელი ვარ, გრიშას მეძახიან, შემდეგ კი ფედოროვს მიუბრუნდა და უთხრა. ამ ჩემს თანამემამულეს არავის დაგანებებთ, ჩემთან წავიყვან საცხოვრებლად. მერე კი ისევ ძმურად გადამეხვია და მითხრა: შენ შემოგევლოს ძმაო ჩემი თავი, ვერსად გაგიშვებ. ჩვენთან იცხოვრებ. მარუსიასაც გაუხარდება. ვინ არის მარუსია?! რას იზამს კაცი, უქალოდ დაიკარგება. მართალია გორშიც მყავს ცოლ-შვილი, უკვე გასათხოვარი ქალიშვილიც მყავს, მაგრამ აქ რა ხმას მომაწვდენენ. სამივენი სახლში წაგვიყვანა. მარუსია ცისკრის ვარსკვლავივით ბრწყინავდა სიხარულით. -სტუმრებმა გულწრფელად გაახარა. „რა მალე მოუქცევია გრიშას ეს ქალბატონი ჩვენს რჯულზე” ვფიქრობდი ჩემთვის. როდესაც დიასახლისის სადღეგრძელო დავლიეთ, მე აღფრთოვანებულმა წარმოვთქვი, და არ მყავდა და აი, ღმერთმა მომივლინა. ამიერიდან ქალბატონი მარუსია და იქნება ჩემი. მარუსია სიცილით იჭაჭებოდა, რასა ბრძანებთ სადაური და ვარ თქვენიო! მეორე დილით ადრიანად გამეღვიძა. დიასახლისი უცერემონიოდ თავზე დამდგომოდა და მუშტრის თვალით მათვალიერებდა. მისმა მზერამ დამაბნია. თავი უხერხულად ვიგრძენი და მოკრძალებით ვუთხარი: ყველაფრისათვის გმადლობ, ახლა ჩავიცმევ და ბინის საშოვნელად გავეშურები -რასა ბრძანებთ თქვენც დაეტევით, აქ არც ისეთი სივიწროვეა. გრიშა ისეთ თანამდებობაზე მუშაობს, სულ მივლინებებშია, მე კი სიმარტოვით სული მძვრება. ხმის გამცემი მაინც მეყოლები. კარტს ვითამაშებთ, მზესუმზირას დავკვნეტავთ, რადიოლას მოვუსმენთ და თუ ცეკვა გიყვართ ვიცეკვებთ კიდევაც. -„ამას თუ კიდევ ცეკვა -უნდა, ამ ორსულ ქალს მუცელი თავზე რომ მოქცევია თითქმის” -გავიფიქრე ჩემთვის. (ესილის მეცხოველეობის მეურნეობის ცენტრალური კარმიდამო. იგრიკას 29 195... წელს) ჩემო სათაყვანო მეგობარო ნელი! მუშაობას შევუდექი. ჯერ-ჯერობით ამბულატორიისათვის საბჭოს შენობაში გამომიყვეს ორი ოთახი. აქვეა პატარა სააფთიაქო პუნქტიც, აფთიაქარიც მე ვარ. ჩემამდე ვიღაც ფერშალი ყოფილა. თურმე მედიკამენტებს მამასისხლად ყიდდა, ანდა პროდუქტებზე ცვლიდა, ლოთობდა, ცოტა ხანს უთმინეს და მერე „ვირის აბანოში” მიაბრძანეს. ჩემს ჯამაგირსაც აქ დავდებ, ოღონდ საპატიმროს ნუ ვნახავ. ღმერთო მიხსენი! ღამღამობით თოვს უკვე და სხვა. ორმაგი ფანჯრები აქვს ქოხებს. ბინებს კიზიაკით ახურებენ. უახლოესი ფერმა „ცენტრალურიდან” ოცი კილომეტრითაა მოშორებული. უშორესი კი ასოთხმოცი კილომეტრით. შინ ძალიან დაქანცული ვბრუნდები. მკვდარივით ვიძინებ. დიასახლისი, როცა საოჯახო საქმეს მორჩება, საწოლზე უცერემონიოდ ჩამომიჯდება, ხან თმებს მიჩეჩავს, ხან რამე სახუმაროს მეუბნება. გუშინ ასეთი რამ მითხრა: -მეზობლის დედაკაცები სულ მე შემომნატრიან. ახლა ორი ქმარი გყავს და თანაც ორივე კავკასიური ჯიშისა -ერთი ხნიერი, მეორე კი ნორჩი, წუწუნს მორჩიო, შაირიც კი გამომითქვეს. რაში მარგიხარ, შენც გრიშასავით საქმესა ხარ გადამკვდარი, ისიც ან ჭამს ან სძინავს. გრიშა სულ მივლინებაშია, მე კი სულ მშია, სიყვარული მშია, რატომ არა გრძნობს, ბავშვია? ცეკვაზე ძალითაც კი ვერ წავათრიე, ვიდრე ასე შევიქმნებოდი. რა მეგარმონეები გვყავს იცი?! „მწუ”... დასძინა და ხელის თითებზე იკოცა. კაცს რომ სასმელი არ უყვარდეს, ანდა ქალები, მზესუმზირას კვნეტაც კი... რა უნდა წაიღონ ამ ქვეყნიდან. დღეები გადიოდა და „ჩემმა დამ” მარუსიამ სულ შეცვალა ჩემთან დამოკიდებულება, მტრული თვალით მიბღვერდა. ერთხელ პირს რომ ვიპარსავდი, ზიზღით მითხრა: -ლიბა მუჟჩინი პუდრიატსია ი ადეკალონიტსია? ამას წინათ, ღამით გრიშა შინ რომ არ იყო, მარუსია ღამის პერანგის ამარა ფანჯარასთან მოვიდა, გარეთ გაიხედა და წარმოსთქვა და წარმოთქვა: -რა ბნელი ღამეა. გვიანია, ჩანს გრიშა აღარ მოვა, ვივახშმოთ, ცოტაოდენი არაყიც შემოვინახე შემდეგ კი დავწვეთ თქვა და მხურვალე მკერდით მომეყრდნო. ადექი, ვივახშმოთ. ჰო ისევ წერილს წერ?! წერე, წერე იქნებ შენმა სატრფომ ეგ წერილი ლოგინში თავის საყვარელს წაუკითხოს. სად გინახავს ქმრის ერთგული ქალი, ან სატრფოს ერთგული. ვისაც სწამს, ცხონდება! ჰოი, რას იხარხარებენ შენს სირეგვენეზეო! ეს ქალი ნამდვილი ველურია, პირწავარდნილი პირუტყვი, იცი რა გამახსენდა, შენ რომ ელინური მითებიდან, ფელემონის და ბავკიდას ამბავს მიკითხავდი აღფრთოვანებული. წარღვნამ რომ მათ ირგვლივ ყოველივე წალეკა და იმათი უბადრუკი ქოხი კი სერზე, განმარტოებით მდგარი, სიყვარულის შუქით გაბრწყინებული, განგებამ ხელუხლებელი დატოვა, ერთმანეთს შებერებელი ორი მოხუცი ადამიანის სამყოფელი. შენი ნოშრე. (ცენტრალური კარმიდამო. ვარდისთვის 10-ს) შენი ნელი! ეს ბრიყვი ქალი აშკარად მტრულად მეკიდება, აღარ მალავს გაცოფებას ჩემს მიმართ. შენი თანამემამულე აქ რომ შემომიგდე, ცუდი თვალით მიყურებსო, უთხრა ქმარს. შეცდენას მიპირებსო. ღმერთო! რამდენი ცოდვილია ამ ქვეყნად, რამდენი სისაძაგლეა! გრიშას ვუთხარი: ძმაო თუ რაიმე აუგი შენი მეუღლის მიმართ გულში გამევლოს, დეე მამულის უნახავად აქ ჩავძაღლდე, მეტი არაფერი მითქვამს. შემნიშნა, ცრემლები რომ მახრჩობდა, თავს ძლივს ვიკავებდი, არ ავტირებულიყავი. სხვა ბინაში გადავედი, მოშორებით მდებარე ქოხში. ჩემი სახლის პატრონი ინგუშია -ქერიმი, შესანიშნავი კეთილი ბიჭი. ჩემი ხნისაა, ყავს მოხუცი დედა და ცამეტ-თოთხმეტი წლის და ხადი. გაზაფხულობით აქ დიდი წყალდიდობები იცის. რაიცენტრში მედიკამენტების გადასატანად ნავით გავდივარ. ცურვა კი არ ვიცი, თავს იმით ვინუგეშებ, რომ „რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების”. ამას წინათ რაიცენტრში რომ გავედი, გაზეთების ჯიხურში საფოსტო ბარათები შევნიშნე. ერთ-ერთ ღია ბარათზე ჩამოკონკილი აბგააკიდებული მათხოვარი ბიჭი იყო გამოხატული, რომელიც საკლასო ოთახში ბედნიერ მოსწავლე ბავშვებს მისჩერებოდა გაოცებული თვალებით. სასწავლო დაფაზე რაღაც ციფრები ეწერა. რამდენიმე სიტყვა წავაწერე ამ ღია ბარათს: „სახსოვრად ჩემს დედ-მამას”. ვიცი უსიტყვოდ მიმიხვდებიან. გკოცნით. ამ დღეებში ბედისწერამ ერთი საოცარი გამოცდა მომიწყო: გვიან ღამით შორეული ფერმიდან მოღლილი დავბრუნდი. გულის ძილით დამეძინა, შუაღამე გადასული იყო, რომ ძილ-ბურანში მყოფს ვიღაცამ ტუჩებში მხურვალედ მაკოცა, ჯერ სიზმარი მეგონა, მაგრამ გამოღვიძებულმა თვალებს არ დავუჯერე. დედიშობილა ხადი მომწოლოდა გვერდით და ცახცახით გულზე მეკვროდა, თავზარი დამეცა, სათუთად გადავიწვინე მკლავებზე და თავისი საწოლისაკენ წავიყვანე. ფრთხილად დავაწვინე და ჩემს ოთახში გამოვბრუნდი. როგორც ჩანს ნამძინარევ გოგონას გარეთ გასვლა მოუნდა, გარეთ ციოდა და როდესაც ქოხში შემობრუნდა, სურდა დედას გვერდით მისწოლოდა, რომ ჩათბუნებულიყო. გზა აებნა და დედის მაგივრად მე ჩამიწვა ლოგინში. მადლობა ღმერთს კერიმს და დედამისსაც - ორივეს ღრმა ძილით ეძინათ და არაფერი შეუტყვიათ. ბრალი არაფერში მიძღვოდა, მაგრამ რატომღაც მათ თვალს ვეღარ ვუსწორებდი. ღმერთია მოწმე არაფერში მიმიძღვის ბრალი. კერიმი ცოლის შერთვას აპირებს, კარგი საბაბი მომეცა, სხვა ბინაში ვაპირებ გადასვლას. შენი ნოშრევანი. თიბათვის 10-ს 195... წელს ჩემო ნელი! ვიცი გაინტერესებს რა ყაიდის ხალხია ჩემს გარშემო, გიამბო? ძალიან ახლოს ვარ დირექტორის ბაიმანოვის ოჯახთან. ნამოჯამაგირალი კაცია. თვითგანათლებული, ძველი კომუნისტი, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, ორი მცირეწლოვანი გოგონა და ერთი ბიჭუნა, რომელიც ამჟამად ალმა-ათაში კომკავშირის რაიკომში მუშაობს და თან უნივერსიტეტშიც სწავლობს. შვილები ჯანმრთელი ჰყავს, მეუღლე კი ხშირად ავადმყოფობს, გულს უჩივის, ნამეტანი მსუქანი ქალია, მაინც ფუსფუსა ქალია, ოფლიანი ხშირად ცივდება და გრიპითაც ხშირადაა ავად. რატომღაც შიშებიცაა აქვს დაჩემებული. შარშან ოჯახის წევრები სამოვარს რომ ესხდნენ გარშემო და სიცილ-ხარხარით შეექცეოდნენ ჩაის, უცებ საზარლად იქუხა ზეცამ და კიდევ კარგი გარეთ გაასწრეს, პირდაპირ სამოვარში ჩავარდნიათ მეხი. და კიდევ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ სასწაული არ არსებობს? მაშ როგორ გადარჩა ეს ღვთისნიერი ხალხი. ახლა შიშს კიდევ ის უძლიერებს ქალბატონ ბაიმანოვას, მოსკოვში მედიკები-პროფესორები რომ დააპატიმრეს. რაიმე წამალს რომ მივაწვდი, ახლა მეც ეჭვის თვალით მიყურებს. ეს წამალიც ცუდი ხომ არ არისო, საცრისოდენა თვალები უხდება, არ გაემტყუნება, თუკი პროფესორებმა ეს იკადრეს, მე ვიღაც კატორღაში ნამყოფ კაცს რაღა მომეთხოვება? როგორ დავარწმუნებ, რომ მეც და ის პროფესორებიც პროვოკაციის მსხვერპლნი ვართ? მტერი რომ არ ჰყავდეთ, ხომ უნდა შექმნან, რომ დალხინებულ ხალხს ერთგულება დაუფასდეს. მე მაინც მიყვარს მათი ოჯახი, მესმის ამ გულუბრყვილო და სასაცილო ქალის, როცა ავადაა (ავად კი მუდამ თითქმის არის), ჯერ მე ვყლაპავ მისთვის განკუთვნილ წამლებს, როგორც ინდაური ყლაპავს, ხარბად სიმინდის ან ხორბლის მარცვლებს, მერე კი მას ვასმევ. მაშინღა მშვიდდება და მენდობა. პატივისმცემელი ხალხია, ხშირად მეპატიჟებიან ბიშბარმაკზე* ცხენის ან ძროხის ხორცის კერძია, ლაფშით ან ბრინჯითურთ შეკაზმული დიდი სინით მოაქვთ ან ვარდისთვის (მაისის) კუმისი, (ცხენის რძე) ზოგჯერ კუმისში არაყსაც ვურევთ და ისე ვსვავთ. ახლოს ვარ ბაიკეშ კუნდუკბაევის ოჯახთანაც. დირექტორის თანაშემწეა (სამეურნეო დარგში) ძალზე კეთილი და ხუმარა კაცია, პურმარილიანი. ჩემი ყურდასია*. ყურდასი ყაზახური ადათის მიხედვით თანატოლს ნიშნავს, ----------------------------------------------------------- *ცხენის ხორცისაგან დამზადებული საჭმელი „ხუთი თითით საჭმელი”, „ბიშ” -ხუთს ნიშნავს. ----------------------------------------------------------- რომელთანაც შეხუმრებული ხარ. ჭირში და ლხინში განუყოფელი. ამას წინათ სოფლის კლუბში რაღაც კინოფილმს უჩვენებდნენ, მე სულ ბოლო მერხზე დავჯექი. ბაიმანოვი, თავისი ოჯახით, კუნდუკბაევები და სხვანი წინა მერხებზე ისხდნენ, როდესაც მე შემნიშნეს, თავისთან მიმიხმეს, აქ დაბრძანდიო, როგორც ჩანს აქ პირველი რიგის მერხებზე ჯდომა კინოთეატრშიაც პრესტიჟულია, რა გაეწყობა, „სადაც წახვალ იქაური ქუდი უნდა დაიხურო”, მეც იქვე დავჯექი. მალე ბაიკეშამ ჩათვლიმა. ეკრანზე ვიღაც უსაზღვროდ შეყვარებული, მაგრამ მუხანათურად მიტოვებული ქალი როიალზე გატაცებით უკრავდა და თან ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა, არ ვიცი რატომ -ჩემმა ყურდასმა ბაიკეშამ უეცრად გამოიღვიძა, გვერდში ერთი ლაზათიანი მუჯლუგუნი მკრა და მკითხა: -ჩნბჰფტნ ხნჯ კბ?! თეთრი კლავიშები საპნის ქაფად მოეჩვენა, ხოლო პიანინო სარეცხის ტაშტად. შემდეგ ისევ მშვიდად განაგრძო ძილი. საბრალო ქალი ისევ გულსაკლავად ტიროდა და თან შთაგონებით უკრავდა. შენი ნოშრევანი. ესილის მეცხოველეობის მეურნეობა. თიბათვის 30-ს. ნელი ჩემო ცოცხლევ! ახალი ჩემს ცხოვრებაში ის არის, რომ ბინა გამოვიცვალე. ვცხოვრობ გერმანელების ოჯახში - შრომისმოყვარე, პატიოსანი და სუფთა ხალხია. პატარა ოთახი დამითმეს, შიგ ერთი მაგიდა, რკინის საწოლი და რამდენიმე სკამი დგას. კედელზე რუსთაველის და სტალინის სურათები მიკიდია, ხოლო წიგნები ფანჯრის რაფაზე მილაგია. სტალინის სურათს რომ შეხედავს, ოჯახის მამა-უფროსი რეისი სიცილით ჩაბჟირდება ხოლმე. -ღმერთმა ნუ მომასწროს, რომ ჩვენს მამას და მასწავლებელს რაიმე დაემართოს, მაშინ სადღა წაიღებ ამ სურათს? -სადაც უნდა ვიყოთ, ამ დიდი ადამიანის ხატებას გულით ვატარებთ ჩვენ -ქართველები, იმიტომ, რომ ქართულმა მიწამ შობა იგი! -სხვათა შორის ჩემი მეუღლე ბერტაც კომუნისტია და მეც. ქალაქ სარატოვში ქუჩის ბრძოლებში, ბარიკადებზეც კი ერთად ვმდგარვართ მხარდამხარ. შვილებიც რწმენით კომკავშირელები არიან შენ ხომ იცნობ ჩემს ორივე ვაჟიშვილს, ორივე მეურნეობის მოწინავე მუშაა. „ხალხთა გენიალურ” ბელადს კი, ძალიან პატარა კაცუნა რომ გახლდათ, ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი. რას იზამ კაცი გამწარებული იყო. თუმცა კომუნისტი გახლდათ ცოლ-შვილიანად გადმოასახლეს. მაინც ბედს ვერ დაემდურებოდნენ. ოჯახის უფროსი ანატოლ რეისი რაიკავშირის უფროსი ეკონომისტი გახლდათ, ხოლო მისი მეუღლე კი რიგითი ბუღალტერი. მათი ხშირი სტუმრები იყვნენ ბატონი შავალიე და მისი მეუღლე, ისინიც ბუღალტრები. როდესაც ბატონ შავალიეს ვუთხარი, რომ თქვენ ალბათ ფრანგი ბრძანდებით მეთქი (გავახსენე, რომ აბატი პრევოს „მანონ ლესკოში” ფრანგი შავალიეა გმირად გამოყვანილი), სასტიკად გაფრანგდა: ეგღა მაკლია ფრანგი ვიყოო! მისი მეუღლე ლამაზი ქერა ქალია. მტრედივით მშვიდი, მაგრამ ძალიან ამაყი და ქედმაღალი. ერთხელ სუფრასთან სადილად მეც მიმიწვიეს, ცოტაოდენი სასმელი რომ შევსვით, არ ვიცი რის გამო, რა მოელანდა, ქალბატონმა ელენ შავალიემ ყვირილი ატეხა -მე სუფთა სისხლის გერმანელი ვარ, დიახ სუფთა სისხლის გერმანელი! ჰანს შავალიემ დაყვავებით და ათასნაირი ალერსიანი სიტყვით ძლივს დაამშვიდა. საუბარი ლიტერატურას შეეხო. გოეთე, შილერი და კლოფშტოკი ვახსენე. ელენმა გაიცინა, გაიოცა, საიდან იცის ამ ველურმა აზიელმა მათი სახელებიო, ხოლო როცა ჰაინე ვახსენე ელენი ისე გაანჩხლდა, კინაღამ დასაბმელი გახდა: ეგ სადაური გერმანელია, წმინდა წყლის ურიაა, ორივე ოჯახი კომუნისტის ოჯახია, საიდან ამდენი ბოღმა და ბრაზი სხვა ტომის მიმართ. ვინც კი კომუნისტი შემხვედრია ჩემი ცხოვრების გზაზე, უმეტესი მათგანი არამზადად მომჩვენებია და მწარე ღიმილით ვფიქრობ, რამ გადააგვარა ეს ყველა ჯურის ადამიანი და ასე ერთმანეთს რად დაამსგავსა არსთა გამრიგემ? გამოსწორება მე კი არა, მათ უფრო სჭირდებათ. მეტი რა მოგწერო. გკოცნი, შენი ნოშრევანი. ესილი მკათათვის 14-ს 195... წელს ჩემო ნოშრევან! ჩემი ცოდვა შენს კისერზეა. ორივე რომ უწყალოდ ვიტანჯებით, შენი ბრალია, ახლა ხომ უკვე „დოხტური” ბრძანდები და ღამის მეხრე აღარ ხარ, რატომ არ შეიძლება ჩამოვიდე და სამუდამოდ ერთად ვიყოთ. რა არის ასეთი გულქვაობა, ლამის სამუდამოდ შემოგწყრე, ლამის ყოველგვარი ხალისი ჩაკვდეს ჩემში. სიცოცხლის სიხარული და ხალისი. რა უფლება გაქვს ცოცხალი მიცვალებული გამხადო. თუ მართლა გიყვარვარ, რატომ მექცევი ასე მკაცრად, ხალხური ანდაზა მაინც არ იცი: „საყვარელი ცოლ-ქმარი ცულის ტარზე დაეტევა”. იწერები, ხეტიალი მიხდებაო, ბოგანოსავით კარი-კარ დავეხეტებიო. რაღა ოცნებით ვეხეტო მე შენთან. ცხადლივაც ერთად ვიხეტიალოთ და ერთმანეთის ჭირ-ვარამი გავიყოთ. სადაც კი წავალ, ნათესავებში ყველგან მაქილიკებენ. „შენი ტოლები დათხოვდნენ შენ რაღამ დაგარჩინაო”. შენც ხომ მედიკი ხარ და იცი, ქალი რომ ოცდაექვს წელს გადაცილდება, გინეკოლოგები ასეთ მშობიარე ქალს გვიან მშობიარეს უწოდებენ, ხოლო ოცდათორმეტი წლის ასაკში კი ქალს დედობის ისეთი სურვილი უჩნდება, რომ შეიძლება თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს. ხშირად ქალს ისეთი დაავადება აქვს, მისი შვილოსნობა არ შეიძლება, მაგრამ ქალი რისკზე მიდის და შვილს ბადებს და ეს სიხარული კურნავს კიდეც მას -იმდენად უსაზღვროა დედობის სიხარული და დიადი! გახსოვს ჩვენი სათაყვანო ლადოს ლექსი: „ცხელი გული, წრფელი გული გაცივდება”! ნახვამდის, ნახვამდის ჩემო მეგობარო. გკოცნი უთვალავჯერ. ქ. თბილისი თიბათვის 30-ს 195... ნელი მირნელი! ნელი! ჩემო ერთადერთო სიხარულო! რა არის ახალი ჩემს ცხოვრებაში?! ბევრი რამ უფრო მეტი კი უსიამოვნებანია. შენც აქ რომ იყო ამ უსიამოვნებათა თანამონაწილე გახდებოდი. გაუძლებდი ამ შავ ბედს?! დღეს ჩემთან ამბულატორიაში ოპერრწმუნებული ბადლო მობრძანდა -საკმაოდ უბადლო აბდალი და ბრიყვი კაცი და იცი რა „პატივი დამდო”, ფილიპოვივით თანამშრომლობა შემომთავაზა. მოტივირება ასეთი იყო -ჩვენ შენ სამუშაო მოგეცით, ექიმის თანამდებობა გაქვს, თუმცა ინსტიტუტი არც დაგიმთავრებია შესანიშნავი სამუშაო გაქვს, ხომ შეგვიძლია ისევ შავ სამუშაოზე გადაგიყვანოთ, ან რაიმე მიზეზით ისევ იქ მიგაბრძანოთ, სადაც „მაკარი ხბოებს არ მწყემსავს” -რა არ ვთანამშრომლობ აქ თქვენთან თუ რა?! -რაში გამოიხატება თქვენი თანამშრომლობა -რაში და აი ამდენ ხალხს ვემსახურები. რუსს, ყაზახს, გერმანელს, ჩეჩენ-ინგუშს ვმკურნალობ... -ეგ არა! სულ სხვა სამსახურს გთავაზობ. -უნდა გვაცნობო ვინ რითი სუნთქავს, ვინ რას აპირებს, რა დანაშაული ხდება! მეორე ფილიპოვია ეს შობელძაღლი (ბოდიში უხამსი გამოთქმისათვის) -დიდი უწესრიგობაა ბატონო! -რაო, რაო? -ამოღერღა და მომეჩვენა ვირისყურებას ყურები უფრო დაუგრძელდა. რაო, ის რომ ერთი აბანო აქ არ კმარა. დიდი ანტისანიტარიაა, დატილიანებაა აქ მახლობელ სოფელში ირკინდიკში კი პარტახტიანი ტიფის შემთხვევებია. ისიც ვიცი, რომ აქ სამუშაოდ არც ერთი ექიმი, არც ფერშალი თავს არ მოიკლავს. ლაქიად ყოფნა რომ მდომებოდა, სამშობლოშიც გამოვდგებოდი... -კარგი, ის მაინც მითხარი ეს ბაიმანოვები რა ხალხია? გავოცდი საიდან ასეთი ერთმანეთის უნდობლობა, ამ ნაობლარ ნამოჯამაგირალ კაცს, კრისტალურ, რწმენით კომუნისტს რომ არ ენდობიან, ჩემისთანა კატორღელზე რაღა უნდა იფიქრონ. როგორ მინდოდა ამ აბდალი ბადლოსთვის სილა მეტკიცა, მაგრამ თავი შევიკავე და ვუთხარი: - მაგ კაცზე პატიოსანი ადამიანი ვერც კი წარმომიდგენია. გაბრაზებულმა კარი გაირახუნა, მერე კი უეცრად შემობრუნდა და პაპიროსი მთხოვა. მთელი კოლოფი მივართვი. ორი დღის მერე კარგი ძმაკაცივით ისევ შემომიარა, ნასვამი იყო, მოიბოდიშა და ფული მესესხა, თან დამნაშავედ ამოილუღლუღა! -ვინც ჩვენი მოენეა ისინი ჩვენც დაგვაბეზღებენ გაგვყიდიან! შენ კი კარგი ბიჭი ყოფილხარ! არც ისე აბდალი ყოფილა ბადლო, როგორც მეგონა. ერთი უსიამოვნება შემემთხვა. თავს თუ არ მოგაბეზრებ გიამბობ -ამ დღეებში ჩემთან მეორე ფერმიდან, რომელიც ცენტრალურ კარ-მიდამოს ოცი კილომეტრითაა დაშორებული, ვიღაც ახმახი გერმანელი კაცი მოვიდა და მითხრა: -ცოლი მიკვდება ორი დღეა მშობიარობს და ვერას გზით ვერ დაბადა! დავამშვიდე, ვუთხარი თქვენ წაბრძანდით, მეც ახლავე ცხენით წამოგეწევით მეთქი, ბიაკეშასთან მივედი ცხენი ვთხოვე, მშვენიერი ცხენი შემიკაზმა. წაიყვანე ყურდასო, თუ დაიმეგობრებ ერთმანეთი თუ მოგეწონათ ფეშქაში იყოს. გადავკიდე მთელი ჩემი ავლა-დიდება, ბიქსი სტერილური მასალით, სამედიცინო ხელსაწყოები და გადავჯექი ცხენზე. ჯერ მათრახი არც კი გადამეჭირებინა, რომ შევმართე, ცხენი ადგილს მოწყდა და ისარივით გაფრინდა. მეუპირულა ცხენიც და პატრონიც ჩემს დანახვაზე ორივენი რომ ფრუტუნებდნენ და რატომ არ გავფრთხილდი. რაღაც სასწაულით სწორედ იმ მიმართულებით მიმაქროლებდა, სადაც მეორე ფერმა მდებარეობდა. ვიდრე ბექობიდან დავეშვებოდით, ცხენი ყალყზე შედგა, შემდეგ უკანა ჭლინკები შეყარა და საზარლად დაიჭიხვინა, თავი ვერ შევიმაგრე და ყირამალა გადმოვვარდი, ბედი ჩემი, რომ რბილი სილა იყო. იმასაც დავძენ, რომ მთელი ჩემი ავლა-დიდება, მედიკამენტები და ხელსაწყოებიც ზურგზე და თავზე დამეყარა. ტკივილებისაგან ვიღრიჯებოდი, ბალახებისაკენ გავხოხდი და ცოტა ხანს შევისვენე. სინის მუზარადი და მუყაოს შუბიღა მაკლდა რომ დონ კიხოტის ასლი ვყოფილიყავი. მწუხარე სახის რაინდისა! ცხენი რაღა იქნა?! თვალი ძლივსღა მოვკარი, უნაგირი მუცელზე მიკროდა და გახელებული მიქროდა, როგორც იქნა, სოფლამდე მივბანცალდი და ვაი ჩემ თავს, თურმე უარესი განსაცდელი მელოდა სოფელში: მშობიარე ქალი ძლიერ ცუდ დღეში დამხვდა. შევშინდი, ფერმის გამგეს საჩქაროდ ეტლი ვთხოვე, მშობიარე დავაწვინე და რაიონისკენ, სამშობიარო სახლისაკენ მინდოდა წამეყვანა, როგორც კი ეტლში ჩავაწვინე, ქალს ჭინთვები გაუძლიერდა, ზეწარი რომ გადავხადე, შევნიშნე გახსნილი საშოდან პაწაწინა თითები მოჩანდა. ვაიმე დავიღუპე -ასე გავიფიქრე. პროფესორ დაგბარაშვილის ლექციიდან გამახსენდა: თუ ბავშვი ხელით იბადება, მხოლოდ გამოცდილი დასტაქარიღა უშველის მშობიარეს, მხოლოდ და მხოლოდ ოპერაციით! რაიონულ საავადმყოფომდე ორმოცი-ორმოცდაათი კილომეტრია... ისევ შინ შევიყვანე და საწოლზე დავაწვინე, გადავიცვი ხალათი, დავიბანე ხელები, ვიღიმებოდი, ვამხნევებდი მშობიარეს და მის ახლობლებს, მაგრამ კბილებშიც კი ოფლი გამომივიდა, ჰოდა... ღმერთი თუ შენთან არის, ეშმაკი რას დაგაკლებს. ხელი კი არა პატარა ვარდისფერი ფეხის თითები გამოჩნდა, აშკარაა „ბავშვი ფეხით მოდის”! და ყურებში მკაფიოდ ჩამესმა ოდესღაც ლექციაზე თქმული: ამ დროს საჭიროა ფეხის შემოტრიალება „ბრაკსონ ტიკსით”. თვალწინ წარმომიდგა -ბატონი პროფესორი როგორ იქნევდა ხელს დირიჟორივით და დროდადრო ოქროს ჩარჩოიან სათვალეს ისწორებდა ცხვირზე. ისიც კი გამახსენდა, მის სიძუნწეზე ანეკდოტებს, რომ ყვებოდნენ ჯამაგირის აღების დროს მოლარეები თურმე რამდენიმე კაპიკს დააკლებდნენ ბატონ პროფესორს, რომ შესანიშნავი სპექტაკლი ენახათ -მისი უცნაური გაცოფება. თუმცა რა დროს ამისი გახსენება იყო. ყველაფერი Iნ რეგიარტრის *... გავაკეთე და გამოვარდა მზისეთში ვარდისფერი „საახალწლო გოჭივით დაბრაწული” ბიჭუნა, მაგრამ ჯერ თურმე სად ხარ, ახლა ის ჩემი ცოდვით სავსე მომყოლი აღარ აპირებს გამოსვლას, რა ვქნა შენი ჭირიმე, რა ვქნა შენ გენაცვალე... ახლა პროფესორ აბულაძემ აღმართა ხელი ლოტბარივით და წამჩურჩულა მისმა ლანდმა: ჰეი! შენ ზარმაც პაპავ, ხომ გეტირა ყოფა, გაიხსენე საჭირო წესი: როდესაც მომყოლი არ გამოდის, საჭიროა მშობიარე დააყენო ფეხის ცერებზე, ჩააბუქნინო და უბრძანო იჭინთოს. აბა ჰე, აბა ჰო! მართლაც და სულ მალე მომყოლი გამოვარდა, შევამოწმე, ნამცეციც კი არ აკლდა, შვებით ამოვისუნთქე, ის იყო რეზინის ხელთათმანების გახდას ვაპირებდი, რომ ავადმყოფს ისევ ჭინთვები დაეწყო დავხედე და მუცელი ისევ ტიკივით ჰქონდა გაბრიგინებული. ეს რა ნაწილი გამოუვარდა ამ ჩემი ცოდვით სავსეს, საშვილოსნო ხომ არ გაუსკდა ამ უბედურს? მასაჟი გავუკეთე და შურდულივით გამოვარდა -მეორე ნაყოფი ტყუპისცალი, ისიც ბიჭუნა ისეთი გაფოთებული გამოვარდა თავისით, გეგონებოდა გაბრაზებული იყო, ძმამ რად გამასწრო მზისეთში გამოსვლაო. ისიც საახალწლო გოჭივით ვარდისფერი გახლდათ, მომყოლიც მალე გამოჩნდა. ახლა კი ინდაურივით გავიფხორე და ორიოდე ღერი გერმანული სიტყვა რომ ვიცოდი, ისიც დავხარჯე: -შეჰერ გუტ, სეჰერ გუტ! შიე ჰაბენ ძწილლინგენ! ასე გამივარდა შესანიშნავი გინეკოლოგის სახელი და ჩემდა საუბედუროდ ძალიან მოუხშირეს მშობიარე ქალებთან ჩემს გამოძახებას. ამას წინათ ყაზახი ქალი ბადებდა და სასწრაფოდ შევძელი რაიონიდან გინეკოლოგის გამოძახება. ადათ-წესების მიხედვით ზოგჯერ მშობიარესთან ექიმბაშს მიიწვევენ ხოლმე. ვერასგზით ვერ დავარწმუნე პატრონები ქალი, თოკიდან ჩამოეხსნათ, რომელიც რატომღაც საგულდაგულოდ ჩამოეკიდათ. იმავე სოფელში კარდაკარ შემოვლა გავაკეთე და წითელას რამდენიმე შემთხვევა დავადგინე. დიდი დავიდარაბა დამჭირდა, რომ ავადმყოფებთან სანახავად შევსულიყავი! „ბატონები” განაწყენდებიან, სახადის დროს ექიმს არაფერი არ ესაქმება ავადმყოფთანო. საბედნიეროდ ყველგან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა თითქოს, მაგრამ ერთ ოჯახში შემზარავი ამბავი დამიხვდა, ოთხი-ხუთი წლის ბავშვს წითელა წყლოვანი კიბოთი გართულებოდა. თავზარი დამეცა, ბავშვს კბილები დაღრჭენილი ჰქონდა და მარჯვენა ლოყის ნაწილიც სულ გამოჭმული. ვუსაყვედურე, მშობლებს რატომ დროზე არ მაცნობეთ მეთქი. მათ კი მიპასუხეს „ღმერთმა მოგვცა ეს ბავშვი და ღმერთის ნებაა თუ მას წაგვართმევსო”, ბავშვი სასწრაფოდ მოვათავსე ჰოსპიტალში. ხალხურ მედიცინაში აქ ჯერ კიდევ იხმარება სინდიყის სმა. არიან „მაჯის შემატყობარი” ექიმბაშებიც. მე საკმაო ავტორიტეტი იმით მოვიპოე, რომ რამდენიმე ავადმყოფს მაჯას რომ ვუსინჯავდი შემდეგ უცებ კუჭის არეში დავადებდი ხელს, რაც დიდ აღფრთოვანებას იწვევდა იქ დამსწრეებში. გაოცებულნი ამბობდნენ „ბლედ, ბლედ” (რაც ნიშნავს გაიგო, გაიგოო), რატომ მაინცდამაინც კუჭის სნეულების დიაგნოზს უსვავ მათ? იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით ღებულობენ ხორცეულს, ხოლო მამაკაცები სპირტიან სასმელებსაც ძალიან ეტანებიან. მეზობელ რაიონში ერთი გალოთებული ექიმია ისიც ნაპატიმრალი, იმისმა ფერშალმა მიამბო, მძიმე ავადმყოფთან გამოუძახებიათ ორივენი. ექიმმა მიბრძანა საჩქაროდ გავქცეულიყავი. თვითონ კი სოფლის მაღაზიაში შეიარა არყის გადასახუხად. ყველა ღონისძიება ვიხმარე და ავადმყოფი ვერ გადავარჩინე, ბოლოს მიცვალებულს ყბა რომ ავუხვიე და გულხელი დავუკრიფე და წამოსვლას ვაპირებდი, ექიმიც შემობანცალდა, ისე ქშინავდა, აშკარა იყო საკმაოდ გამომთვრალიყო, გვამსაც იქ მყოფთაც, ყველას თვალი მოავლო იღრიალა, ეს რა გიქნიათ, როგორღა უნდა ისუნთქოს, ყბები რომ აგიხვევიათ. ექიმი მკვდარსა და ცოცხალს, რომ ვერ გაარჩევს, ღირს კი მასზე ლაპარაკი?! არ იფიქრო, მხოლოდ ტრაღედიების თანამონაწილე ვარ, სასაცილო ამბებიც ბევრჯერ შემემთხვა. სამი დღის წინ ამბულატორიის ეზოში უზარმაზარი დროგი შერახრახდა. ერთი მოხუცი თეთრწვერა აქსაკალი (მოხუცი კაცს ნიშნავს ყაზახურად) გადმობრძანდა. დროგში იმის გარდა კიდევ თორმეტი სხვადასხვა ასაკის ბავშვი დავლანდე, რომელნიც ჩიტებივით ჟივჟივებდნენ, კოფოზე კი კარგად მოზრდილი ბიჭი იჯდა -აი მე ამ მხარეში ძალიან დამსახურებული კაცი ვარ, მაგრამ წვრილშვილი და ღარიბი. რა ექიმი ხარ შენ, რომ Dდღემდე ერთხელაც არ გვიკითხე, მე ნაომარ კაცს და ჩემს შვილებსაც შიმშილით სული გვძვრება, ახლავე დამიწერე ცნობა, რომ წვრილშვილი კაცი ვარ და მთავრობის განსაკუთრებული დახმარება მჭირდება. გავოცდი და გავოგნდი. პასუხის თქმა ვერც კი მოვახერხე, ბედად საბჭოს თავმჯდომარემ გამოყო ფანჯარაში თავი და აქსაკალს შეკივლა დამეკარგე შე აფერისტო აქედან, ვიდრე მილიციაში არ წამიბრძანებიხარო. მერე კი მე მომმართა, ეგ კაცი ამ მხარეში ცნობილი აფერისტია, გამომძალავი. კოფოზე მჯდარი მოზრდილი ბიჭი მართლა მაგისი შვილია, ისიც მამასავით თაღლითი, ეგ ბავშვები კი თითო კამფეტის საფასურად იქირავა. P.შ. კარგი რამ გჭირდეს გიკვირდესო, ხომ გაგიგონია. კიდევ ერთი უსიამოვნო ამბავი უნდა მოგითხრო - მეზობელი რაიონის ფერმიდან ახალგაზრდა ყაზახი ჭაბუკი მოვიდა ჩემთან ერთი კვირის წინ, ტრაქტორისტი. მარცხენა ხელის მტევნის არეში ნაფლეთი ჭრილობა, ჰქონდა იქროზულმა სუნმა შემზარა, ჭრილობას შავი კუპრისფერი დაჰკრავდა ფსკერზე, ძლივს დავარწმუნე, რომ სასწრაფოდ ჰოსპიტალიზირება იყო საჭირო. გუშინ ვიყავი მის სანახავად, შევძრწუნდი. ავადმყოფი საწოლიდან გადმოსულიყო და იატაკზე შვილდივით მოკრუნჩხულიყო. ხერხემლის ჭახჭახი მკაფიოდ გავიგონე. ომნოპონი გავუკეთეთ. წყალი მოითხოვა, მაგრამ ვერ ჩაყლაპა საყლაპავის დამბლის გამო. კრიჭა შეკროდა (ტრიზმი): მიუხედავად ჯოჯოხეთური ტკივილებისა, სახეზე უცნაური ღიმილი ეხატა -ხომ გახსოვს კოლეგა ასეთ ღიმილს -სიცილს „სარდონიულ სიცილს” ეძახიან. ალბათ თავი მოგაბეზრე ამდენი ჩემი სამედიცინო თავგადასავლებით. კიდევ ერთ ამბავს გიამბობ. ერთი ყაზახი მწყემსი მოვიდა ჩემთან ფერმიდან და მითხრა: -ბავშვი მეღუპება, ხველებით მეხრჩობაო. უშორეს ფერმაში ცხოვრობენ კუქფუქტაში (რაც იმათებურად, რძიან ბალახს ნიშნავს), სასწრაფოდ გავემზადეთ. ტრაქტორს მარხილებზე შემდგარი ბუდრუგანა გამოაბეს და ჩემთან ერთად სოფლის მაღაზიის გამგე სურსათ- სანოვაგითურთ, უფროსი ვეტექიმი საბჭოს თავმჯდომარე და ორი ახალგაზრდა მუშა გამოამგზავრეს. წინ ავადმყოფის პატრონი მიგვიძღოდა თეთრი ცხენით. ცხენს ფეხებზე ნაბდის წინდები -ქეჩა ემოსა, რომ შეყინულ თოვლს ჭრილობები არ მიეყენებინა, ვაი-ვაგლახით მივიკვლევდით გზას, ორიოდე დღე უკვე გზაში ვიყავით, კუქპუქტა კი ჯერ არსად ჩანდა - ყაიდა, ყაიდა? (სადაა, სადააო?!) მეგზურს კითხავდნენ თანამგზავრები. - ბილმეემ, ბილმეემ (არ ვიცი, არ ვიცი) პასუხობდა იგი. როგორც ჩანს გზა აგვებნა. ბოლოს ისევ ვეტ. ექიმმა მახაევმა გვიხსნა განსაცდელისგან. რაღაც ქვის ყორე შენიშნა და თქვა: -ეს ის ადგილია, სადაც ცხვარს ვპარსავდით შარშან. მახაევი ენაბრგუ იყო, მაგრამ მისი ბლუქუნი მერცხლის ჭიკჭიკად ჩაგვესმა ყველას. რახმატ, რახმატ. ამოვიძახეთ ერთხმად სამადლობელი. სულ მალე მეზობელი რაიონის კუთვნილი მეცხვარეობის ფერმა გამოჩნდა. ახალგაზრდა ჭაბუკი ინგუში გამოგვეგება უზარმაზარი მწყემსის ნაგაზითურთ. შეგვიპატიჟა. ფერმის გამგე აღმოჩნდა, როცა გაიგო, რომ ქართველი ვარ, გულში ჩამიკრა და იქ მყოფებს უთხრა: -ჩემი თანამემამულის პატივსაცემად ცხვარი უნდა დავკლაო. მე კიდევ ჩემს ანგარიშში მაღაზიის გამგეს, ჩემს თანამგზავრს ორი ლიტრა არაყი გამოვართვი. ვიდრე ლხინი გაჩაღდებოდა რუსულ ღუმელთან ვთბებოდით და ხურდა ფულზე ბანქოს ვთამაშობდით. ერთი კურიოზიც მოხდა. ეზოდან მიშველეთო ვიღაცამ შემოგვძახა. ფანჯარას მივცვივდით და ასეთი სურათის მოწმე გავხდით -ერთ-ერთ ჩვენს თანამგზავრს, მუშა ყმაწვილს ჩაცუცქებულს თავზე უზარმაზარი ნაგაზი დასდგომოდა და რამდენი ყმაწვილი წამოდგომას დააპირებდა, ძაღლი გააფთრებული უღრენდა და თათებით ისეთ თოვლში სვამდა. პატრონმა ძაღლი დატუქსა და „ტყვე” გამოიხსნა. ბევრი ვიცინეთ. ბიჭუნამ ცხვრის ხორცით ინთილა იკრა და თურმე კუჭი აშლია, ერთ კვირაზე მეტი ვიყავით იმ ფერმის სტუმრები. თოვლიანი ქარბუქი საშუალებას არ გვაძლევდა გზა განგვერძო. ბოლოს როგორც იქნა ჩადგა ქარბუქი. თოვლით დაფარული ტრაქტორი და ბუდრუგანა მოვთხარეთ და დავიძარით. სულ მალე კუქპუქტას გამოჩნდა. ბინდბუნდი იყო. გახარებულმა ფერმის ბინადრებმა ფანრები გადმოჰკიდეს და ყიჟინა დასცეს. ფანრების შუქი ზღაპრულ მარაოსავით იშლებოდა და თოვლის ფანტელებს ერეოდა. აუწერელი იყო მასპინძნელთა სიხარული. ავადმყოფი ბავშვი გამოჯანმრთელებული იყო უკვე. მუხლზე დავისვი და საყვარლად მეტიტინებოდა, რამდენიმე დღე დავრჩით. მე და ბიჭუნა ძლიერ დავმეგობრდით. გემატოგენს და კალციგლუკონატის აბებს, ვიტამინებს ვაძლევდი, ერთხელ წიგნი მომირბენინა, გადაშალა ბაყაყის სურათზე დამიდო ხელი და მითხრა: ბაყა, ბაყა! თურმე ყაზახურადაც ბაყაყს ბაყაყი ჰქვია, გავიხარე თავი საქართველოში მეგონა, ქართული სიტყვა რომ გავიგონე. მე მიყვარს ყაზახი ხალხი. მთელი სულით და გულით უღალატო და ბავშვივით გულწრფელი ხალხი და მიხარია, რომ იღვიძებს ეს ხალხი. ამათებური საკრავი დომბრა ჩვენებურ ჩონგურს ჰგავს, ოღონდ ორი სიმი აქვს, რამდენიმე დღე ლხინში გავატარეთ, მე ჩემი საყვარელი სიმღერები „ყალამყასი და ბურულტაი” ვამღერე -აკიმს. ერთ-ერთი ლხინის დროს ფერმის გამგის ქალიშვილი მომიჯდა გვერდით, თავისი ნაწნავი შემომახვია ყელზე. თან სიცილით თმებს მიჩეჩავდა, შემკრთალი უკან მივჯექი. ასე მელაზღანდარებოდა გოგონა, ვიდრე ვიღაც მოხუცი კაცი არ შემოვიდა. მხოლოდ მაშინ დამანება თავი და დაირცხვინა, როგორც ჩანს მათაც რაღა წაწლობის მსგავსი ადათ-წესი ჰქონიათ. -ოინაიდ, (გეხუმრეო) მითხრა გოგონამ და მოხუცის უჩუმრად ერთი ლაზათიანი მუშტი მდრუზა გვერდში. რახან ადათ-წესებზე ჩამოვარდა საუბარი იმასაც გეტყვი, რომ რომელიმე სოფელს ნათესავი, მოყვასი რომ ესტუმრება, მოსულს ბავშვები ეგებებიან და იგი ხელუკუღმა მუჭა-მუჭა კამფეტებს უყრის მათ. მეტი რაღა მოგწერო. გკოცნი შენი ნოშრევანი. ესილის მესაქონლეობის ფერმა. 195... წელს. ჩემო დაუვიწყარო ნოშრე! ნინომ დაბადების დღე აკადემიკოს კასირსკის წიგნით და ლამაზი ვარდების თაიგულით მომილოცა. იცი, ცნობილი ჰემატოლოგი რომ არის, შესანიშნავი სამედიცინო ნოველებიც აქვს, შენს თავს ვფიცავ, შენი ზოგი წერილიც მის ნოველებს მაგონებს, არანაკლები ინტერესით იკითხება. მათში იუმორის გრძნობა უფრო გამახვილებულიც კია. გოგოები იცინიან. შენმა აკადემიკოსმა სად და როგორ ისწავლა ამდენიო! იმ ღია ბარათზე გამოსახულმა მათხოვარმა ბიჭუნამ კი ბევრი ცრემლი გვაღვრევინა მე და დედათქვენს, მამათქვენსაც ცრემლები მოერია. დედაშენმა მანდ წამოსვლა გადაწყვიტა. რა იქნება მეც წამოვყვე, თუ ნებას დამრთობ. მამყოფე შენთან რა იქნება. ღმერთს ნუ ექნა მეფედ დაბადებულიყავ სამყაროს რომელიმე მხარეში. რა უღმერთო და ულმობელი იქნებოდი ალბათ. შენი დედიკო მალე მანდ იქნება. თავი შემაყვარა, რა მებრძოლი და უდრეკი ქალია. შემთხვევით ერთი თქვენი მეზობელი გოგონა გავიცანი და მიამბო, შენ რომ პატიმრობაში აგიყვანეს, იმ დღეებში ლამაზი ფარდები ეყიდა შენი ოთახის ფანჯრებისათვის და იატაკის საწმენდი ჯოხი. ერთ ავყია მეზობელს დედათქვენისთვის დაცინვით უთქვამს -რამ გადაგრია, ქალო, რა ფანცი-ფუნცსა ჰყიდულობ. ვერა ჰხედავ ბიჭი სად გადაგიკარგეს? რა დროს ეგენია -შენ ნუ იღელვებ, ის ბიჭი როგორც უცებ მომტაცეს, მზე მაღლა იქნება, ისევე უცებ დამიბრუნდება. სახელმწიფო გამოცდებს რომ ჩავაბარებ, აი ნახე თუ შენი სურვილის წინააღმდეგ არ ჩამოვიდე მანდ. ვაი მე რა გულქვა და ჯიუტი მყავხარ! თავისუფლებას დავკარგავ? ნუთუ ვერ უნდა შეიგნო შენა ხარ ჩემი სიცოცხლეც და თავისუფლებაც. გკოცნი უთვალავჯერ. სიკვდილამდე შენი ნელი მირნელი... ქ. თბილისი... სალამი, სალამი ჩემო ნელი! სიზმარია თუ ცხადი ვერ დამიჯერებია, დედა ჩამოვიდა ისე გამახარა, რომ სიტყვით ვერ აგიწერ... მამაჩემიც უკეთესად ყოფილა თურმე, მამაც აპირებდა წამოსვლას, მაგრამ დედას არ წამოუყვანია, შორი გზაა და ვაი თუ ისევ ავად გამიხდეო. შენი სურათი და წერილიც ჩამომიტანა. ენით ვერ აგიწერ ისე გამახარე. დედაჩემს ყარაგანდის მედ. ინსტიტუტშიც კი მოუსწრია მისვლა. იმედი გადამიწურა, როცა ძლიერ დავღონდი, შევეცოდე და მოსკოვში ჯანდაცვის მინისტრთან მირჩია წასვლა. ფარ-ხმალს არ ყრის მალე მოსკოვში აპირებს გადაფრენას, ჰო, კიდევ ახალი ის არის, რომ რამდენიმე საწოლზე სტაციონარი გავხსენი ჩემი ბინა შიგ არის - პატარა ოთახი. პირველი თოვლივით ქათქათებს ჩემი ლაზარეთი, დედამ ძალიან მომიწონა. ზოგი რამ მირჩია კიდევაც. ამდენს არ ვიწვალებდი, ნიჭს რომ არ გამჩნევდეო, სიცილით მეუბნება დედა. ამ სტრიქონებს რომ ვწერდი, ისევ მეზობელ ფერმაში გამომიძახეს ავადმყოფთან. P.შ. დედაჩემი მოსკოვში გაფრინდა. ვნაღვლობ, ვაითუ როცა დაბრუნდება ისიც, აქ გადასახლებაში დატოვონ... ასეთი შემთხვევები ყოფილა, სანახავად ჩამოსული მშობლებიც დაუტოვებიათ, მუდმივ გადასახლებაში. ვიცნობ ამ ვაჟბატონებს -სადისტებია არიან. ახლა სხვა დარდიც გამომიჩნდა. გახსოვს ერთი ყაზახი ბიჭუნას შესახებ რომ გწერდი. ის ბიჭი -საიდალა ამ დღეებში საზარელი წამებით გარდაიცვალა -ტეტანუსით. დედამ წასვლის წინ ორასი მანეთი დამიტოვა, ყოველდღე მთვრალი ვარ ბაიკეშას საზოგადოებაში. „დიდებული” ძმაკაცები მყვანან, არც თავისი ეზოგებათ და არც სხვისი. ხედავ ბოგანო გავხდი არაფრის მაქნისი, ლოთბაზარა, კიდევ გინდივარ? კარგად დაფიქრდი რა ბედი გელის და რა გარემო. ჯავრისაგან გალოთებული „ვითომ ექიმი”, სოფლის ექიმი. მშვიდობით შენი ნოშრევანი! თარიღი ცრემლებითაა წაშლილი. სალამი ჩემო ნოშრევან! ჩემო გონებიდან გამუშორებელო მეგობარო, არა გრცხვენია ბიჭო, თავს ტყუილუბრალოდ რატომ იტანჯავ. აი, ნახე ყველაფერი კარგად მოგვარდება, დედათქვენი ინსტიტუტში აღდგენის ნებართვას ჩამოგიტანს. იქნება გვეშველოს რამე ვერ ხედავ რა დიდი ამბები ხდება. ისე „გამწარებული” რომ ფილოსოფოსობ ხოლმე, ხან ბარუხსპინოზას ახსენებ ხან ენგელსს, გახსოვს ხშირად მეტყოდი ხოლმე: „ყველაფერი იცვლება უდიადესი მზიდან დაწყებული ქვიშის პაწაწინა მარცვლამდე ყველაფერი მოძრაობს”.-ის რომელი ფილოსოფოსიღა იყო, რომელიღაც დიდი მონარქის კარზე მოკალათებული, რომელმაც თქვა: „ყოველივე რაც კი იბადება მოსპობისათვის, სიკვდილისათვის არის განწირული”. რომელიღაც ცინიკოსმა უპასუხა: -შენი მონარქიც და მისი დინასტიაცო? შეცბუნდა ფილოსოფოსი და მახვილგონივრულად უპასუხა, მხოლოდ ესაა გამონაკლისიო. ჰეგელი? მუდამ ის მახვილგონიერი მხატვარი მახსენდება. ჭირვეული და დესპოტი მეფე, ცალთვალა მეფე, სანადიროდ ----------------------------------------------------------- 1. საზარელი ინფექციური დაავადება (კრუნჩხვები ძლიერი!) 2. ფრ. ენგელსის სიტყვებია ----------------------------------------------------------- გამოწყობილი რომ დახატა. არადა ცალთვალას თუ დახატავდა, თავს წააჭრიდნენ საცოდავ მხატვარს. გახსოვს, მე რომ მამხნევებდი და მირჩევდი იყავი ტენდი, იყავი ტენდი! გიმეორებ ხედავ მერამდენედ?! ძალიან მტკივა გული, შენ რომ შენს თავს აღარ ჰგავხარ. ასე თუ დიდხანს გაგრძელდა, იმას კი არ გეტყვი გასაჭირში მყოფს ზურგს გაქცევ ან სხვაზე გაგცვლი მეთქი, იმას მოვიმოქმედებ, რომ სიცოცხლეზე უარს ვიტყვი. ამდენი გაჭირვება გადაიტანე და ადამიანი სახე არ დაკარგე, ვერ გაგტეხეს, ვერ გაგაბოროტეს და ახლა, როცა რაღაცა სხივმა გამოანათა, მგონი თენდება, ახლა უნდა გალოთდე და შენი სახე დაკარგო, შენი ნიჭი დამარხო? არა გრცხვენია, კაცი არა ხარ? თავმოყვარეობას რომ კარგავ, ეს კიდევ არაფერია ცოცხლადა გვმარხავ დედ-მამას და მეც, ჯვარს რომ გვაცვი სამივე. რა ლოთობ და ითვრები, იმიტომ რომ თავი ინუგეშო? პირუტყვად ქცევაა ნუგეში? ჩვენზე აღარ ფიქრობ, ნუთუ იმდენად ეგოისტი ხარ, რომ ეგ ჯოჯოხეთის ცეცხლივით მწვავე მყრალი არაყი, სპეტაკ წრფელ და ტკბილ სიყვარულს ამჯობინო, გრცხვენოდეს ნახვამდის, ჩემო ერთადერთო იმედო! შენი ნელი მირნელი. ქ. თბილისი თიბათვის ... 195... წელს. ჩემო ნელი! შენმა წერილმა სირცხვილის გრძნობაც განმაცდევინა და იმედითაც ამავსო. აფერუმ შენს ქალობას, შენს გამზრდელს ვენაცვალე. ჯანდაბას ღვინო და არაყი. გაუმარჯოს მზეს და სიფხიზლეს. ისევ დამიბრუნდა შრომის ხალისი, მუშაობის უნარი, თუმცა ერთ დიდ უსიამოვნებასაც გადავაწყდი: მესამე ფერმის მაღაზიაში ერთი სიმპათიური ყაზახი კაცი მუშაობდა. თავაზიანი და თავისი საქმის ენთუზიასტი მთელ სოფელს უყვარდა. ერთ დღეს ჩემთან მოვიდა ამბულატორიაში და გამესინჯა, ჩიოდა, სასტიკად მახველებს და სისხლიანი ნახველი მაქვსო. დაბალი სიცხეებიც ხშირად მაქვსო. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ ხშირად „გრიპიანობდა”, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ძლივს მოვახერხე მისი ტუბ. დისპანსერში გაგზავნა გამოსაკვლევად. ჩემი ეჭვი დადასტურდა. აღმოაჩნდა კავერნოზული ტუბერკულოზი, ღია ფორმა! ცხადია მისი მუშაობა სასურსათო მაღაზიაში აღარ შეიძლებოდა. მეურნეობის ადმინისტრაცია კი მისი განთავისუფლების წინააღმდეგი იყო, აგრეთვე რაიონის ხელმძღვანელობაც, განსაკუთრებით გაანჩხლებული იყო ანატოლ რეისი და ჩემი ძმაკაცი ბაიკეში. ჯერ მეხვეწნენ, რომ გავჩუმებულიყავი, შემდეგ კი ასე დამმოძღვრეს -იცი ვის ეჭიდები? ეს კაცი ოლქში მომუშავე ერთ-ერთი დიდი კაცის ახლო ნათესავია, ისევ მაწანწალის ჩანთა არ აგკიდონ ზურგზე. ანატოლმა კი დასძინა: -ამ ხალხს, ვისაც შენ ემსახურები, მრავალეროვან ბრბოს ტუბერკულოზზე უარესი აქვს დამართებული. შენ მათ ვერაფერს უშველი, თავს კი დაიღუპავ! „ვინ უფრო გამოსასწორებელია მე თუ ეს კომუნისტი კაცი”? -მწარედ გავიფიქრე მე. თუმცა შენ იცი, ამდენ ხანს ვერ გასწავლეს ჭკუა და მე რა გიშველო. შენ თავს დააბრალე ყველაფერი. მე მაინც ჩემი გავიტანე. ასეთ ვითარებაში ჩემი იქ მუშაობა თითქმის შეუძლებელი იყო. იტყვიან ხოლმე, საწყალ კაცს ქვა აღმართში მოეწევაო. მე კი სწორედ ამ განსაცდელის ჟამს გამიღიმა ბედმა! უეცრად მოსკოვიდან დედაჩემი ჩამოვიდა და მახარა: -მოგილოცავ შვილო, ინსტიტუტში აღგადგინეს. ყარაღანდის მედ ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი ხარ. ახლა კი ნამდვილად შენი კოლეგა ვარ, ნელი. ესილი. მარიამობის თვის 5. შენი ნოშრევანი. ჩემო ნელიკო! ამ წერილს აკმოლენსკის რკინიგზის სადგურზე ვწერ. ყარაგანდისაკენ მივემგზავრები. მატარებელს ვუცდი. ძალიან კი გამიჯანჯლდა საქმე: ჯერ რწმუნებულის უბადლო აბდალის ნებართვა დაგვჭირდა წასვლაზე. ვიდრე კარგად არ მოვნათლე -არ გამოვათვრე ძალიან მაფერხებდა. შემდეგ კი ოლქის უშიშროების კომიტეტში მოგვიხდა გამოცხადება. მატარებლით უნდა წამოვსულიყავით აკმოლენსკში. გზაშიც ძალიან გავწვალდით. იყო განსაცდელიც, პატარა კურიოზიც. სადგურ აკბასარშიც კარგა ხანს ლოდინი მოგვიხდა. შევიარეთ ერთ-ერთ მაღაზიაში. იქნებ შესაფერი ტანსაცმელი ვიშოვო, დაბამბული ბუშლატი და შარვალი მოვიშორო მეთქი. შევიარეთ ერთ უბადრუკ მაღაზიაში და ჰოი საოცრებავ! კედელზე უცხო სტუმარივით შესანიშნავი საუცხოო, ლამაზი, კოსტუმი ეკიდა (უცხოეთის წინაშე ქედის მოხრას ნუ შემწამებთ ღვთის გულისათვის), კოსტუმი მივიზომე. საკმაოდ ჩაფართხუნებული ვიყავი მასში. რა მექნა, სხვა კოსტუმი არ იყო. ვიყიდე. ლაკის ფეხსაცმელიც აღმოაჩნდათ, მოდური შლაპაც, ლამაზი პერანგიც ჰალსტუხიც კი... ე.ი. აქაურობის კვალობაზე ჩაწოლილი გაუსაღებელი საქონელია. მაღაზიის გამგემ ეტყობა ჭკუა ნაღრძობად ჩამთვალა. რომელი ჭკუათ მყოფელი იყიდიდა იქ ამ სამოსელს. მით უმეტეს, რომ იქვე დახლზე გაბრწყინებული არყის ბოთლებიც ელაგა. ხოლო მაღაზიის კუთხეში საკმაოდ მოზრდილ კასრში ახლად მიღებული „სილიოტკა”! რადგან შლაპაც და ფეხსაცმელიც დიდი ნომრისა გახლდათ ორივეში გაზეთის ნახევები ჩავჩურთე. ტროსტიღა მაკლდა, ნამდვილი ჩარლი ჩაპლინი ვიყავი. თავისუფლად გამოვდგებოდი საფრთხობელად ნებისმიერ ბოსტანში ან ვენახში. მაინც ბათუ ყაენივით გაჯგიმული მოვდიოდი. დედა მანუგეშებდა, არა უშავს გიხდება!.. უეცრად ბურთი გამოქანდა და ცხვირ-პირში მომხვდა. გავმწარდი. უი, შენი მეთქი ერთი ლაზათიანად შევუკურთხე ონავარ ბავშვს და დავტუქსე. უცნობი ბავშვი გაიქცა. რკინიგზის სადგურში მოღლილები გრძელ სკამზე ჩამოვსხედით და მატარებელს დავუწყეთ ლოდინი. უეცრად ჩვენკენ მომავალი ადამიანები შევნიშნე. წინ ის ონავარი ბიჭი მოუძღვოდათ, რომელმაც ცხვირ-პირი გამილამაზა. შემთხვევით კუთხეში დაგდებული რკინის ნაჭერი შევნიშნე და „ჯეროვნად” მოვემზადე, მაგრამ ყოველთვის ესე დაგვიფაროს ღმერთმა განსაცდელისაგან. უი, თქვენ კი გენაცვალეთ ქართველები ხართ? წამოიძახა უცნობმა ქართველმა ქალმა და ალერსით გარს შემოგვეხვივნენ ჩვენი თანამემამულენი. ისინიც ჩემსავით გადასახლებულები აღმოჩნდნენ. შინ მიგვიპატიჟეს, მაგრამ მოვიბოდიშეთ, ვუთხარით, რომ მატარებელს ველოდებით. სულ მალე უზარმაზარი კალათით ღვინო და სურსათ-სანოვავე მოიტანეს, მატარებლის მოსვლამდე ერთმანეთს მოვესიყვარულეთ, დიდი ხნის უნახავი ახლო ნათესავებივით. შუა ღამისას, როგორც იქნა აკმოლენსკში მიმავალი მატარებელი ჩამოდგა, მაგრამ ჩვეულებრივი უთავობა აქაც გამოვლინდა, ვიდრე იმ მატარებლამდე გავიდოდით, უზარმაზარი საბარგო ეშელონი ჩამოგვეფარა. მისთვის რომ შემოგვევლო, შესაძლოა ჩვენს მატარებელს გაესწრო, გადავწყვიტეთ საბარგო მატარებლის ქვეშ ბარგიანად გაძვრომა. ღმერთო შენი სახელის ჭირიმე! როგორც კი გადავძვერით სამშვიდობოზე, სწორედ იმ წუთში დაიწყო საბარგო ეშელონმა მანევრირება, რომ არ გაგვესწრო, საზარლად დავიფლითებოდით და მოამბეც არავინ დაგვრჩებოდა. P.შ. უკვე აკმოლენსკში ვართ, უშიშროების კომიტეტის შენობაში. საუკუნე რომ გავიდეს, იმდენი, რომ ვიცოცხლო, მაინც ვერ დავივიწყებ შავ ძაძებში ჩაცმული დედაჩემის დამწუხრებულ და შეძრწუნებულ სახეს. ვიცი რასაც ფიქრობდა -ვაი მე რა ჩემი ფეხით მოგიყვანე შვილო, მე კი მწარედ ვნანობდი. „ვაიმე დედაჩემო თუ შენც ჩემი ხვედრი გხვდა წილად. რას ავიჩემე იმ მსუბუქად ცხონებული ვლადიმერ ილიჩის ლოზუნგი: „სწავლა, სწავლა და კიდევ სწავლა”! უეცრად ჩექმების თქარათქურის ხმა მოისმა. სიზმარში ვარ თუ ცხადში, თითქოს კინოეკრანზე ვხედავ ყველაფერს. კიბეზე მოჩვენებებივით ჩამორბიან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცები. ზოგ მათგანს ქართველებს ვამსგავსებ. მერე შევიტყვე მართლაც მათ შორის ქართველებიც ყოფილან. იქ უმსახურიათ... დიდი ხნის ლოდინის შემდეგ -ზევით უფროსთან ამიყვანეს. კაბინეტში შუა ხნის დარბაისელი კაცი იჯდა, ზრდილობიანი კეთილი ღიმილით მიმიღო. რატომღაც ერთი მეგობრის ოხუნჯობა გამახსენდა. ჩეკისტი რომ გიღიმის, სწორედ მაშინ ხარ დაღუპულიო. -ჩვენი მხრივ ყველაფერი მზადაა ახლა შენ იცი, დიდ რისკს ვეწევით. ნაკატორღალ კაცს სტუდენტ ახალგაზრდობაში გიშვებთ. იმედია შენს თავსაც დაინდობ და შენ, დედ-მამასაც. გაფრთხილებთ, ეს უკანასკნელი შანსია სწორ გზას დაადგე. მადლობა მოვახსენე, ნებართვა გამოვართვი. „სამშვიდობოზე” ქუჩაში გამოსულმა მე და დედაჩემმა ერთმანეთს მივულოცეთ, ერთმანეთი გადავკოცნეთ და დედაჩემმა მითხრა -ახლა ჩვენი გზები დროებით იყრება, მე საქართველოში მივდივარ, შენ კი ყარაღანდაში. შენ ხარ ჩვენი სიცოცხლე, ერთადერთი იმედი და აბა შენ იცი! ავტირდით. კიდევ გადავკოცნეთ ერთმანეთი და სხვადასხვა მატარებლებს გავყევით, ღამეულ მატარებლებს. წინ ახალი გოლგოთა მელოდა. ნახვამდის შენი ნოშრევანი. აკმოლენსკი მარიამობის თვე 195... წელს. სალამი ჩემო ნელი! ყარაღანდაში ვარ, შავ ქალაქში სადაც ქვანახშირის უამრავი მაღაროა. ავტობუსში ასვლა რომ დავაპირე, ჩემოდანი და ხელჩანთა ორმა უცნობმა ახალგაზრდამ ჩამომართვა და ზრდილობიანად მომესალმნენ. მკითხეს: -თქვენ ხართ მავანი და მავანი სტუდენტი კაცი. დიახ მე ვარ. -ჩვენც სტუდენტი მედიკები ვართ, საერთო საცხოვრებლამდე მიგაცილებთ. თქვენ რა თქმა უნდა, არ იცნობთ ქალაქს. ეჭვმა გამკენწლა ისევ. ვაითუ საპატიმროში მიმაცილონ! დავმშვიდდი, როდესაც მართლაც სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში მიმიყვანეს. დამაბარგეს და მითხრეს საერთო საცხოვრებელში დროებით იქნები ვიდრე სტუდენტები არდადეგებზე არიან წასულნი, გადატვირთულები ვართ, ადგილები არ გვაქვს, იმედია ბინას გამოძებნით. მადლობა მოვახსენე, შემდეგ შევიტყვე - სტუდენტებიც ყოფილან და ამავე დროს ჩევნი ინსტიტუტის სპეც. განყოფილების თანამშრომლებიც. მეორე დღეს საღამოთი კიდევ მესტუმრნენ. მე მათ არყით გავუმასპინძლდი. მეგობრულად გამომკითხეს. ჩემი ამბავი აინტერესებდათ რას ვაპირებ. რა ინტელექტის და რა ცოდნის კაცი ვარ, ერთი სიტყვით ბრინჯივით გამარჩიეს. რამდენიმე დღის შემდეგ საერთო საცხოვრებლის კომენდანტიც მესტუმრა და მითხრა, მალე სტუდენტები ჩამოვლენ. გახსოვდეთ აქ დროებით ხართ, მიუხედავად იმისა, რომ მასაც არაყი ჩავაცეცხლე. არაფერი გამოვიდა დავიწყე ბინის ძებნა. ჰო რაც მთავარია, ის დამავიწყდა, ჩამოსვლის მეორე დღესვე ოპერრწმუნებულთან გამოვცხადდი, ოლქიდან გამოტანებული საბუთები ჩავაბარე და სანაცვლოდ ქაღალდის პატარა ნაგლეჯი მომცა თვეში რამდენიმეჯერ მასთან უნდა გამოვცხადებულიყავი და ზედ უნდა აღენიშნა, რომ არსად გავქცეულვარ. გამაფრთხილა, რომ მხოლოდ ახალ ქალაქში მქონდა ყოფნის უფლება და ქალაქის ძველ უბნებში კი უნებართვოდ ჩასვლა არ შემეძლო. დავღონდი, თითქმის ყველა კლინიკა ძველ ქალაქში იყო განლაგებული. ბინაც ვერსად ვიშოვე. მალე სტუდენტები ჩამოვიდნენ. მე სადგურზე მძინავს, რკინიგზის სადგურზე. მორიგე მილიციონერს „პატივს” ვცემ, რომ შუაღამისას ქუჩაში არ გამაგდოს ჩემი ბარგი-ბარხანიანად. ძილი რომ მომინდება, რომელიმე სკამზე წამოვწვები. თავქვეშ წიგნებს ამოვიდებ და ჩემი ლაკის ფეხსაცმელებს, რომ არავინ მომპაროს. ჩემოდანს და ხელჩანთას კი შემნახველ საკანში ვაბარებ. ისევ დავეძებ ბინას კარდაკარ. მაგონდება სიმღერა „ცივ ზამთარში უსახლკაროდ, სიცივეში გავატარე”. ვისაც კი კარს მივადგები მკითხავენ: ინგუში ხარ, ინგუში ხარ? - არა, ქართველი ვარ და ცხვირწინ კარებს მიკეტავენ, მომაძახებენ ისევ: „ჯლბყ ხტჰნ” სადღაც წამიკითხავს, გამომძიებელს ორი მაწანწალა უზის მაგიდასთან. ერთს ეკითხება, სად ცხოვრობ? არსად ხანდახან ნაგვის ყუთში ვათენებო. ახლა მეორეს ეკითხება: შენ სადღა ცხოვრობ? -მაგის მეზობლადო. მეცინება მწარედ. ახლა ჩვენი დიდებული მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა მახსენდება: საქართველოში სტუმრად ჩამოსული ინგლისელი მწერალი და ქართველი მწერალი დამეგობრდნენ. გამომშვიდობებისას ინგლისელმა ასეთი მისამართი დაუწერა: „ლონდონი გრანდ ოტელი. ოთახი ესა და ეს”. ხოლო როდესაც ქართველს მოსთხოვა ადრესი, ჩვენმა მწერალმა მას ასე ჩააწერინა: მეტეხის ციხე, რომელიმე საკანი. პატიმარი ესა და ეს. ასე და ამგვარად! სწავლა იწყება. მალე ინსტიტუტის კარს შევაღებ. შორს ჩემგან სულმოკლეობა. ყოველგვარ უსიამოვნებას ავიტან. ყველაფერს გავუძლებ. ვიფრთხილებ, პროვოკაციის მსხვერპლი არ გავხდე კიდევ. შენი ნოშრევანი. ქალაქი ყარაღანდა. 195... მარიამობის თვის 31-ს ჩემო ნელი! მიუხედავად ჩემი მომთაბარე ცხოვრებისა მაინც ბედნიერი ვარ. სტუდენტი გახლავართ. მგონი ბინის საქმეც მოგვარდა თუ აქედან კიდევ არ გამომაპანღურეს. რამდენიმე დღის წინათ, შაბათ საღამოს, როგორც კი თავქვეშ ჩემი წიგნები და ლაკის ფეხსაცმელები ამოვიდე, ძილი დავაპირე, რომ თავზე ჩვენი კურსელი ყაზახი ბიჭი დამადგა დოინჯით. აქ რას აკეთებ კაცო. -როგორ თუ რას, მე აქ ვცხოვრობ. რას სულელობ. -გინდ ირწმუნე და გინდ არა. -თავი დაანებე ხუმრობას. ადექი და ახლავე თან წამომყევი. მეც საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ. იქ ადგილები საკმაოდაა. ხელს ვერავინ გახლებს. თუ ვინმე რამეს დაგიშავებს, ჩემთან ექნება საქმე. მეორე დღეს სისხამ დილით საერთო საცხოვრებელში ღიპიანი კომენდანტი ქშენით და უწმაწური გინებით შემოგორდა და ნამძინარევს თავზე დამადგა. როგორც ჩანს „ჩიტმა ამბავი” მიუტანა, რომ მე აქ დამასახლეს. მე შენ რა გითხარი, შე ძაღლიშვილო. უწმაწურად მაგინებდა მე იგი, გაეთრიე აქედან და ბინა ეძებე სხვაგან. წამოცვივდნენ ნამძინარევი ბიჭები. დასტაცეს საყელოში ხელი „ბატონ კომენდანტს” და კიბეებზე პანღურის ცემით ჩაათრიეს, თანაც დამოძღვრეს, თუ ჭკუით იქნები, ნახევარ ლიტრას მიიღებ თუ არა და ყოველდღე ცხვირ-პირს დაგინაყავთ. მაშ ასე ჩემი მისამართია ქალაქი ყარაღანდა, ინდუსტრიალური ქუჩა №14, მეორე სართული მეცამეტე ოთახი. იმედია ხშირად გამიხსენებთ ძვირფასო კოლეგა. შენი ნოშრევანი. გიორგობის თვის 3. ქ. ყარაღანდა. ჩემო ნელიკო! შთაბეჭდილებები იმდენად მძაფრია, რომ არც კი ვიცი ჩემი ახალი ამბების თხრობა საიდან დავიწყო. ისევ ჩემს საყვარელ ლათინურ ანდაზას მოვიშველიებ, უფრო ზუსტად ფრთიან გამონათქვამს: ვენი, ვიდი, ვიცი! (ე.ი. მივედი, ვნახე, ვძლიე), მართალია დიდი გამარჯვებაა, რომ რკინიგზის ვაგზალზე აღარ მიხდება ცხოვრება და თავზე ჭერი მაქვს, მაგრამ, როგორც წინა წერილში ვიწერებოდი, დღეს პირველივე ლექცია ძველ ქალაქში გვქონდა, სადაც უნებართვოდ ჩასვლა არც კი შემიძლია. რწმუნებულთან კი როცა მივდივარ, მის კაბინეტს უზარმაზარი კლიტე აძევს. დაქეიფობს ბიჭუნა, „სიყრმე და მოცალეობაც ხელს უწყობს”. ისე, რომ ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაში ვარ. ლექცია ტოპოგრაფიულ ანატომიაში ჩაგვიტარდა, პროფესორი-ლექტორი თადარიგის პოლკოვნიკია, ნაფრონტალი, ლამაზი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი. კაცების მუსუსი ბრძანებულა. მეორე ეკატერინე დედოფალიაო იძახიან, მრავალნაირ ანეკდოტებს ყვებიან მასზე. ისეთ უწმაწურსაც კი, რომ მომერიდება გითხრათ. არ გაიცინო: საითაც გავივლი, ქალიც და კაციც ყველა დაჟინებით შემომცქერის, უცნაური თვალებით. ბოღმით ვივსები, არც ვიცი რაშია საქმე. ნუთუ ყველამ იცის, რომ კატორღაგამოვლილი კაცი ვარ და „მდაბალ კასტას” ვეკუთვნი. (მუხლი 58!) ერთ კურსელ ამხანაგს ვკითხე ებრაელია ძალზე სიმპათიური ბიჭი, რას მიწუნებენ, ასე დაჟინებით რას მაცქერდებიან მეთქი -შენზე ამბობენ მდიდარი მეღვინის შვილია. ტანსაცმელიც აკი იმიტომ აცვია სულ უცხოური ფირმისაო -მიპასუხა მან. თურმე ეს ჩაფართხუნებული ტანსაცმელი აქ „მოდის უკანასკნელი კივილი” ყოფილა, ახლა კი იცოცხლე, ინდაურივით გავიფხორები. ჩემდამი ინტერესი თურმე იმანაც გამოიწვია, რომ ჩვენს კურსზე ორი ქართველიც სწავლობს. ერთი ქუთაისელი გოგონა ნანა ჟღენტი, ხოლო მეორე დედით ქართველი ვასია ვაისი. ამ ბიჭს მამა გერმანელი ჰყავს, მამასთან ერთად გადმოუსახლებიათ (თუმცა ნაფრონტალია). ცოცხალი ბიჭია. ზედმეტ სახელად როდშილდს ეძახიან, რადგანაც მხოლოდ მას აქვს მსუბუქი მანქანა, აქვს აკორდეონი და მუდამ „უჭყავის” ჯიბეში ფული. ეტყობა მასში ქართული გენები ჭარბობს, დარდიმანდია. ჭირივით სძულს გერმანული ანგარიში. ვერც გერმანულ გულმოდგინებას დაიტრაბახებს სწავლაში. დღის წინათ ნანა და მე მიგვიპატიჟა თავის „აპარტამენტში”. გაგვიმასპინძლდა საცივით, ღომით, მწვადებით. მოიბოდიშა, რომ წესიერი კახური ღვინო ვერსად იშოვა. კაგორი ვსვათო, თან ნანას შეხედა ეშმაკურად: -ნუკი გეწყინება და მამაშენის წყალწყალა ღვინოს ისევ კაგორის სმა ჯობია. მერე არ ვიცი ოხუნჯობდა თუ მართალს ამბობდა, ასე თქვა: ნანას მამას და მის მეგობრებს ზოგჯერ ჩემოდნებით ჩამოაქვთ ჭაჭა. აქ დაშაქრავენ და ღვინო-არაყის სახით წარმოუდგენენ ჩვენ დიდ და დიდად პატივცემულ ძმებს. როგორც ჩანს ნანას მამიკო ნამდვილი მეღვინე ყოფილა. მე კი სადაური მეღვინის ვაჟიშვილი ვარ. ვასიკოს მამა კი ნამდვილი გერმანელია - ცისფერთვალება, ქერათმიანი, მაღალი, ახოვანი ჭკვიანი კაცია. გადმოსახლებამდე საქართველოში თბილისის მახლობლად გერმანელთა დასახლებაში უცხოვრია. პედაგოგი ყოფილა. შესანიშნავად იცის ქართული. დედა მასაც ქართველი ჰყოლია. მებაასებოდა შილერზე, გოეთეზე. ჰაინე კი არც მას უყვარს. ჩემი და შენი საყვარელი პოეტი. მიუხედავად ჩემი უბედურებისა სტუდენტობა მაინც დიდი ბედნიერებაა. თავს ბადნიერად ვგრძნობ, თუმცა ჯერჯერობით ასკეტურ ცხოვრებას ვეწევი. ჩემი დღის წესრიგი ასეთია: დილაადრიანად შიშით და კანკალით მივდივარ ძველ ქალაქში ხშირად მშიერიც კი, რომელიმე კლინიკის სტუდენტთა სასადილოში ვსადილობ, შემდეგ გვიანობამდე (ვიდრე დაკეტავენ) ქალაქის ბიბლიოთეკაში ვმეცადინეობ, გვიან ღამით ვბრუნდები საერთო საცხოვრებელში. საერთო საცხოვრებელი ყაზარმის ტიპის დიდი შენობაა, სამსართულიანი. სულ ზემო სართულზე ქალები ცხოვრობენ, კაცები მეორე სართულზე არიან. ქვემო სართულზე კი საწყობებია, სამეურნეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ფარდულები. ოთახში ხუთი კაცი ვართ, გაიცანი: იანვარ ტურტბაევი, ჩემი კურსის ამხანაგი ყაზახი, ეს ის ჭაბუკია აქ რომ ძალით შემომასახლა. დავმეგობრდით მისი წყალობით დიდ ყაზახ პოეტს აბაის გავეცანი ხალხურ პოეზიასაც. ქართულად ვთარგმნე ბწკარედით მის მიერ გაკეთებული ხალხური ქმნილება ბურულტაი და ზოგიერთი აბაის ლექსი. ახალი სამყარო გამეხსნა, აბაიში დიდი ნუგეში ვპოვე, მეორე ამხანაგიც ყაზახია, გაიცანით აღატ ასულბაევი -ძალიან კეთილი მაგრამ ლოთბაზარა ბიჭი, თუმცა ძალიან ნიჭიერი და აკადემიური მოსწრებით, ძალიან კარგი სტუდენტია. მეხუთე კურსელია. აგრეთვე მეხუთე კურსელი კაკტაი კუნდუკბაევი, ღიპიანი ბიჭია, მაგრამ სასტიკად მოძრავი ცოცხალი ბიჭი. სულ რაღაც სამეცნიერო რეფერატს უკირკიტებს, პროფესორობაზე ოცნებობს და ბოლოს ძალზე გონებამახვილი და უაღრესად კეთილშობილი ებრაელი ბიჭუნა გეროლდ ისავიჩი. ძალზე წესიერი ბიჭები არიან, ერთ ცუდ სიტყვას ვერ გაიგონებ მათგან. ვმეგობრობთ ყველანი, მაგრამ როდესაც მოვდივარ პერიოდულად, ჩემი ბარგი ძალიან აწეწილი მხვდება, ვატყობ ვიღაც ჩხრეკავს. ოთახის კარები არ იკეტება და ალბათ ვინმე შემოდის, ამათზე ვერც ერთზე ვიფიქრებ, რომ... როგორც ჩანს გალიიდან კი გამომიშვეს, მაგრამ ისევ ფეხზე ბაწარგამობმული ჩიტი ვარ. ბარაქალა იმათ მიცვალებულებს ვინც მე მითვალთავლებს და აქაც კი არ მასვენებს ჯოჯოხეთგამოვლილ კაცს. ჩვენი ბიჭები ხშირად მოიტანენ ხოლმე „ღვთაებრივ ნახევარ ლიტრას”, ბადრიჯნის ხიზილალას გამხმარ თევზს ან შვეიცარიულ ყველს, მეც მეპატიჟებიან, მაგრამ წვეთ სასმელს არ ვსვავ, გაოცებულნი არიან, შეთქმული მაქვს, ვიდრე მეხუთე კურსზე არ გადავალ, წარჩინებით თუ არა ძალიან კარგი წარმატებით, წვეთი არ დავლიო. კინოშიც კი არ წავიდე, სულ იმის მოლოდინში ვარ კიდევ რაიმე პროვოკაცია არ მომიწყონ. არ მახსოვს, მოგწერე თუ არა პირველი გამოცდა პოლიტეკონომიაში გვექნება. თბილისში რომ ვსწავლობდი, ეგ საგანი არ გაგვივლია, განსაკუთრებით ძნელია კაპიტალიზმის პოლიტეკონომია, იმსიგრძე ფორმულებია დაფაზე, რომ დაწერ, არ ეტევა, ვსწავლობ და თანაც რუსულ ენაზე! ვიზუთხავ და ვიზუთხავ... მუდამ მახსოვს მძინარსაც კი: „ისწავლე სწავლის მძებნელო, მიჰყევ დავითის მცნებასა, ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა”. ამის შემდგომ ტოპოგრაფიულ ანატომიას ვაბარებ, შემდეგ კი ჰიგიენას. ახალი კინოსურათის ჩვენება დაიწყეს მედ. ინსტიტუტის კლუბში -„ბატონი ოთხასოცისა”, სადაც მთავარ ტიპად ქურდი და მაწანწალაა გამოყვანილი, თამაშობს ცნობილი ინდოელი მსახიობი რაჯი გაპური, თურმე ყარაღანდელი გოგონები იმ მაწანწალას მამსგავსებენ, ისე რომ მოდაში ვარ, ჩვენი ინსტიტუტის რომელიღაცა დოცენტის ქალიშვილს ამას წინათ დაბადების დღე ჰქონდა, გოგონა მესამე კურსზეა ჩვენს ინსტიტუტში. არ მიცნობს, მაგრამ დაქალებთან ერთად მოვარდა საერთო საცხოვრებელში და გულითადად მთხოვეს, რომ დაბადების დღეზე წავყოლოდი. ისე იყვნენ სუნამოთი გაჟღენთილები, რომ კინაღამ გული წამივიდა. მოვუბოდიშე, გადაუდებელი საქმე მაქვს მეთქი, იმედგაცრუებულები გაბრუნდნენ. ასეთი დიაგნოზი დამისვეს: „ხტჰყსქ ე;ფც”! ხომ ვერ ავუხსნიდი, რომ ძველ ქალაქში ჩასვლის უფლება არა მაქვს. დღისით კიდევ თავის მართლება შემეძლო, კლინიკაში მივდიოდი მეთქი ვიტყოდი, ღამით ვისმეს ნასვამი რომ დავეკავებინე, როგორ გავიმართლებდი თავს. სულ პროვოკაციას ველი, არაფერია გასაკვირი. გამალებული ვემზადები სესიებისთვის. ისევ ასკეტურად ვცხოვრობ, ვნერვიულობ, თამბაქოს ვეძალები ისევ იდუმალი სისხლიანი თვალის თვალთვალია, ხშირად მჩხრეკავენ, ბარგი გაჩხრეკილი მხვდება, ერთადერთი ნუგეში შენი და ჩემი მშობლების წერილებია, რომელთაც ვიღაცის ხელი აკავებს, ალბათ ყოველ სიტყვას გამოსწონიან. როცა ამანათი მოდის, დიდი ზეიმია, ამხანაგებს ჩემზე ნაკლებად არ უხარიათ, ქვითარს მომირბენინებენ ხოლმე, თუ ამანათში ჭაჭის არაყია, მაშინ ხომ სიხარული აპოთეოზს აღწევს. მაძალებენ თუ შენ არ დალევ ჩვენს ცოდვაში ჩადგები, არც ჩვენ დავლევთო. მოსწონთ, რომ დავთქვი, ვიდრე ყველა საგანს წარმატებით არ ჩავაბარებ, არც ერთი წვეთი ღვინო-არაყი! შენ დაგიფიცე. მეხუმრებიან ნეტავი გვაჩვენა ისეთი რა ქალია, რომ მისი სახელი დაიფიცე და ღვინო-არაყზე უარი განაცხადე. თან რეფრენით მიამღერებენ: ჩა-ჩა-ჩა-ჩა! შაბათ და კვირა საღამოს თუ ახლო-მახლო მცხოვრები სტუდენტები დედ-მამის ოჯახში არ მიემგზავრებიან, სტუდენტების კლუბში ისეთი ჩარფუზანაა, მკვდარსაც კი ცეკვა მოუნდება. ფოქსტროტი! ტანგო! პოლკა! და სხვა. მე კი ვზივარ და ვიზუთხავ და ვიზუთხავ... ჰო მართლა იანუარ ტურტბაევმა ცოლი ითხოვა, ძველ ქალაქში გადასახლდა, ცოლის ოჯახში. მის სანაცვლოდ ერთი კორეელი ყმაწვილი მუნი შემოგვისახლეს. ისიც ძალიან წესიერი ახალგაზრდაა, დღისით ძილი უყვარს და ღამე „გემრიელად” ვეღარ იძინებს. ამ ამხანაგს ყველა სიმპათიით უყურებს, მაგრამ მე განსაკუთრებულად, რადგანაც იმ კნუტს მაგონებს, ბავშვობაში დედულეთში რომ მყავდა. თანაც ძალიან ბეჯითი კაცია, ცოცხალი ენციკლოპედიაა. სწავლულ კატას ეძახიან (ღჯნ ეხტყსქ) ღამით მხრებზე ზეწარმორთხმული ლათინურ ტერმინებს რომ ვდუდუნებ, ვიზეპირებ, მუნი ნამძინარევი თვალებით შემომხედავს, გემრიელად დაამთქნარებს და მირჩევს, ამდენ თამბაქოს რომ ეწევი და კვამლში გვხვევ ყველას, ერთი მოზრდილი მილი მაინც დაატანე, ჭერისაკენ მიმავალი, რომ კვამლი ცისაკენ წავიდეს! ხითხითებს და ისევ იძინებს. ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო ნათქვამია, თუ რამე გვაქვს ყველაფერს ჩვენც იმ ძმებივით ვინაწილებთ, სახლიდან ვისმეს ფული რომ მოუვა სამ-სამ მანეთობით ვესესხებით ერთმანეთს პირველად ქართულად ვიქაჩებოდი ხოლმე. გერმანული ანგარიშით როცა სტუდენტთა სასადილოში მივდიოდით, დანახარჯს სულ მე ვიხდიდი, ახლა მეც ჩემს კუთვნილ ხურდა ფულს უცერემონიოდ ამოვაცოცებ ხოლმე. აქ საერთო საცხოვრებელში ბალტიისპირელი ძმები ცხოვრობენ, სასადილოში ისინიც კი თავ-თავის დანახარჯს იხდიან, მე კი მეცინება, აფსუს კავკასია! ჯერჯ-ჯერობით ახალი სხვა არაფერია ჩემს ცხოვრებაში. გკოცნი უთვალავჯერ შენი ნოშრე. გიორგობის თვის 26. ქალაქი ყარაღანდა 195... წელს. ჩემო ნელი! აქ უკვე დიდთოვლობაა, საერთო საცხოვრებლის წინ ისეთი თოვლის ზვინებია, ბიჭები მესამე სართულზე ადიან და აივნიდან რიგრიგობით ხტებიან, გოგონები სიცილ-კისკისით გაჰკივიან: - „თოვლის პაპა №1” „თოვლის პაპა №2” „თოვლის პაპა №3” და ასე შემდეგ. ზოგჯერ ბაიანის ან გიტარისას აკორდებსაც აუწყობენ ხოლმე, მეც მომიარა სიგიჟის ჟინმა გადმოვხტი, ვიღაც ქალიშვილმა მხიარულად იწივლა „განდეგილი №1” პოზად მითვლიან ჩემს განმარტოებას, იმასაც, რომ სულ წიგნი მიჭირავს ხელში, რას ვიზამ „ვინც არ იცის ცერცვია და ვინც იცის ცეცხლია”! ვის ესმის ჩემი გასაჭირი? სტუდენტები ყირაზე დგებიან, წრეგადასულად მხიარულობენ, სიცილ-კისკისია, მე კი ვზივარ და მკვდარ ლათინურს ჩავკირკიტებ. ამხანაგები დამცინიან რა თავს იკლავ მაგ ტოპოგრაფიული ანატომიის ზუთხვით, მიდი ერთი მედვედეევას გამოეჭიმე, ულვაშზე ხელი გადაისვი, ჩაიზე ესტუმრე, გაეარშიყე, ცოტაოდენი ჭაჭის არაყი და ტკბილეული მიართვი და მერე თავი ქუდში გაქვსო. რამდენიმე ლამაზ ბიჭს ასახელებენ, ჩათვლის წიგნაკში მის საგანში უკვე ხუთიანი უწერიათ, დიდი არს ეკატერინა! მე ვიცი, რომ არ დამცინებ, ჩემი აზრით ზნეობრივი სისპეტაკე მარტო ქალიშვილს არ მართებს, ვაჟიშვილმაც გრძნობაგაუცვეთელი გული უნდა მიიტანოს სიყვარულის სამსხვერპლოზე! გიგზავნი ჩემს სურათს. „Pრო მემორიუმ” - სამახსოვროდ. ქ. ყარაღანდა. გიორგობის თვის 30-ს 195... წელს. ჩემო ნოშრევან! რა სასაცილო ბიჭი ხარ, კიდევაც რომ შესცოდო, განა ამით რაიმე ჩრდილი მოგადგება ჩემს თვალში? განა ავთანდილს თინათინი უსაზღვროდ არ უყვარდა, ფატმან-ხათუნს რომ აჰყვა?! კაცს არ ევალება განდეგილობა, თუმცა იცი რარიგ მომწონს ინდოელთა ძველი ადათ-წესი?! თურმე როდესაც მეუღლე უკვდებოდა დედაკაცს, ქმართან ერთად მის ნეშტს კოცონზე წვავდნენ. უწინამც დღე დამელიოს და დეე მეც შენთან ერთად დამწვან. ერთ ცეცხლზე დაგვწვან ორივენი, ლიტონი სიტყვაა? ვფარისევლობ? ღმერთს ნუ სცოდავ, იყავ გულმართალი და უცოდველი ჩვენი სიყვარულის მიმართ.ეჭვი ნუ შეგეპარება ჩემში! თუმცა ამბობენ ეჭვიანობა დიდი სიყვარულის ნიშანიაო! მაინც მგონია ეჭვს ისევ ნდობა სჯობია. გუშინ თქვენებთან ვიყავი. სულ შენს ხსენებაში არიან, დედაშენი შიშობს ვაი, თუ ვერ დაძლიოს ის ტვირთი, რაც აკისრია, მითუმეტეს რუსული ენა ცუდად იცისო, ვანუგეშებ, მე მჯერა შენი, არ ვიცი მიიღე თუ არა ის წერილი, სადაც გწერდი, მე ახლა ბორჯომში ვმუშაობ, სანატორიუმ ლიკანში -უზარმაზარი კორპუსებია, მთელი ქალაქია! საიდან არ მოდიან აქ ავადმყოფები, რუსეთიდან, ბალტიისპირეთიდან, შუა აზიიდან, შორეული აღმოსავლეთიდან და სხვა. სულ დედიკოს ბიჭუნები და გოგონები მუშაობენ აქ. ჯანდაცვის მინისტრის შვილიც კი ჩვენთან ერთად მუშაობს, ისიც ექიმია. ძალიან კეთილი და თავმდაბალი გოგონაა. შესანიშნავი მხიარული ახალგაზრდობაა. უკვირთ ჩემი გულჩათხრობილობა, კიდევ გიმეორებ: მშურს ჩემთვის ეს სილამაზე, ეს ცაც, ეს მზეც... ძალიან დავუმეგობრდი ია ზურმუხტაძეს, მასაც ჩემსავით განმარტოებით უყვარს ყოფნა, რაღაც ფარული სევდა აწუხებს, ბუნების ტრფიალია, ვაჟა-ფშაველას, ბარათაშვილს და გალაკტიონს აღმერთებს ჩემსავით. ცალკ-ცალკე ვცხოვრობდით. ახლა კი ერთ ოთახში ერთად ვბინადრობთ. აქაც თოვლია. მწუხრი რომ ჩამოწვება, ჩვენი ფანჯრიდან ცისფერ ბურუსში გახვეული ფიჭვების კორომი მოჩანს. სარკმელთან ვსხედვართ და ერთმანეთს ლექსებს ვუკითხავთ. კვირა დღეს თბილისში თუ არ წავედით, ლიბაანში მივდივართ, და ჰყავს სანატორიუმში, ტუბერკულიოზი აქვს საწყალს... იქ ტყეში ერთი ადგილია, ხის აივანია გაკეთებული მომხიბვლელ აივანს ეძახიან, ზღაპრული ხედია. გადავყურებდით ამ არე-მარეს და ვნატრობდი, რა იქნებოდა ღმერთო ჩემი ნოშრევანიც ჩემს გვერდით იყოს და ამ სილამაზეს უცქერდეს. შენ კი მანდ სადღაც შორეულ და შავ ქალაქში ხარ. მახსოვს ერთხელ რომ მომწერე: დილით ქათქათა თეთრ კიტელს რომ ჩავიცმევ, საღამოთი უკვე შავადაა დამტვერილი ქვანახშირის ფიფქებით. ჩემო საბრალო ბიჭო, თუმცა რაღა გაქვს შესაბრალისი, ხუთი წუთიღა გიკლია ექიმობას საბრალო მე ვარ, თითებზე რომ ვითვლი დღეებს, შენი ნახვა ისე მენატრება. გახსოვს სულით განათლებული პროფესორი ნათაძე ხუთ თითს რომ დაგვანახვებდა სტუდენტებს და თითებს გვაჩვენებდა -1-2-3 თითს და იტყოდა, მესამე თითი ყველაზე მაღალია, ყველაზე ძნელი მესამე კურსი იქნება, მეოთხედან კი უკვე ექიმები ბრძანდებით, ეს გამოთქმაც ხომ გახსოვს, რა საყვარლად იტყოდა ხოლმე რომელიღაცა ფილოსოფოსის აფორიზმს: „კარგი ექიმი ხომ ჩინებულია, მაგრამ თუ იგი ფილოსოფოსიცაა, მაშინ იგი ღმერთის ტოლ-სწორია”. ვიცი, რომ კარგი ექიმი იქნები, თქვენ ხომ ეს დედის მხრივ შთამომავლობით მოგდგამთ. გამხნევდი! ერთი რამ ღრმად გწამდეს, თუნდაც უარმყო ჩემი აჩრდილი კუბოს კარამდე განუყრელად შენთან იქნება. მარადჟამს შენი ნელი მირნელი. ბორჯომი ლიკანი. ქრისტეშობის თვე 195... წელს. ჩემო ნოშრევან! არ შემიძლია არ მოგწერო ჩემი შთაბეჭდილება, ამდენი ხანია აქ ვარ და ბორჯომის სახელგანთქმული პარკი მხოლოდ დღეს ვნახე, ია და მე წავედით, ჩანჩქერმა გამაოგნა თითქოს უზარმაზარი ზღაპრული ჩანგი ჟღერდა, თითქოს არსმენილი მუსიკის ჰანგები მესმოდა, ჯადოქრული მუსიკის ჰანგები. რატომღაც მეგონა აქ სადღაც ახლოს იყავი და უნდა მენახე. რაღაც საოცარი გამოუთქმელი განცდა დამეუფლა. ასეთი რამ მე უბრალო მოკვდავმა რომ განვიცადე, დიდებულ ჩაიკოვსკის რაღა უნდა ეგრძნო ამ საოცარი სილამაზის ხილვისას? ამბობენ მის „გედის ტბაში” ქართული მელოდიებიც ჟღერსო. იმასაც ამბობენ, თითქოს ამ ჩანჩქერმა შთააგონა მისი დაწერა, არ ვიცი რამდენად მართალია. იმ დღეებში ერთი ძველებური თქმულება წავიკითხე, თურმე ოდესღაც ღრუბლებში მოსიარულე ლამაზი ტომი ყოფილა -ნეფტიდატნი, იქნებ ჩვენ ვართ იმ ღრუბლებში მოსიარულე ლამაზი ტომის შთამომავლნი?! იქნებ იმიტომ გავუძელით ჩვენ პატარა ხალხმა საზარელ სინამდვილეს, რომ წინაპრებივით ზღაპრები გვწამს, ლამაზი ზღაპრები და ძლევამოსილი მრავალრიცხოვანი ხალხი კი გადაშენდა. ალბათ იმიტომაც ვუყვარვართ ყველა ჭეშმარიტ პოეტს, კომპოზიტორს და მხატვარს, ყველა ჭეშმარიტ ხელოვანს და მათი შთაგონების წყარო ჩვენც ჩვენც და ჩვენი ლამაზი ბუნებაც, რა ლამაზია არა ღრუბლებში მოსიარულე ტომი?! გასაკვირი არაა უკვდავმა შოთამ რომ თქვა მას უნდა უსათოოდ ეთქვა: „სიყვარული აგვამაღლებს ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ”! მშვენივრად თქვა შესანიშნავმა პოეტმაც გოგლა ლეონიძემაც: „ძირს დავტოვოთ ცხოვრება სასწორით და მოგებით”! ახლა კი ისევ ცოდვილ მიწას დავუბრუნდეთ, ჩვენ აქ უზარმაზარი ექსპერიმენტული ლაბორატორია გვაქვს, გვყავს ცხოველები, რომელზეც ცდებს ვატარებთ: ძაღლები, მაიმუნები, ზღვის გოჭები და ინგლისელსაც კი შეშურდება ამდენი ბაყაყიც რომ დაინახოს, ჩვენ რომ გვყავს საექსპერიმენტოდ. თითქმის ყველა ექიმს სამეცნიერო თემა აქვს აღებული, რაიმე ასპექტს ვიკვლევთ. ძირითადად საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებებს ვიკვლევთ და ვმკურნალობთ. აგრეთვე დიაბეტს, თირკმელის სნეულებებს და სხვა გვაქვს, მშვენიერი ქირურგიული ბლოკი, ქირურგობა რა დაგმშვენდებოდა შენც ჩემო ნოშრე. ამას წინათ ჩემს ავადმყოფს კუჭის წყლული გაუსკდა, ღამით ოპერაცია გავუკეთეთ. მე ვასისტენტობდი, ოპერაცია გაკეთდა ბილროტის მიხედვით. ასე გადიან დღენი და უშენოდ ყოფნა სულ უფრო და უფრო ძნელი ასატანია. რამ გამიტეხა გული, რა მსურს? „შენთან სიცოცხლე შენთან სიკვდილი”! ნელი მირნელი. ბორჯომი ლიკანი. ქრისტეშობის 18. ჩემო სათაყვანო მეგობარო, ჩემო ნელი! სტუდენტებს სძინავთ, სიჩუმემ დაისადგურა ჩვენს საერთო საცხოვრებელში, ფუტკრების სკასავით რომ ზუზუნებდა, შუა ღამეა, ქარი დაღმუის, გარეთ უსაზღვრო ველებიდან მონაქროლი შავფრთება ქარი, შავქალაქში მოხეტიალე ღამეული ქარი „ველთა ზღაპარს მეუბნება” და მაგონდება სათაყვანო გალაკტიონის სტრიქონები: „ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე მე და ღამე მე და ღამე”. შენს წერილს ვკითხულობ ხან ვტირი და ხან ვიცინი. მადლობა ღმერთს, რომ ჩემს ამხანაგებს მაგარი ნერვები აქვთ და გულის ძილით, ტკბილი ძილით სძინავთ, ზარბაზანი რომ დაუცალოთ, ვერ გააღვიძებს კაცი, ახალი რაა ჩემს ცხოვრებაში? ყველა საგანში ხუთიანი მივიღე, ტოპოგრაფიული ანატომიის გარდა. გინდა გიამბო როგორ ჩავაბარე ეს საგანი. ორი თუ სამი თვეა რაც ამ საგანში ძალზე მონდომებით ვემზადებოდი. გამოცდას ის პოლკოვნიკი „სალდათკა” ქალი იბარებდა, წინა წერილებში რომ გაგაცანი, ის კაცების მუსუსი. ჩემი დანახვისთანავე რატომღაც შუბლი შეიკრა და მკაცრად მითხრა: -რატომღაც მე თქვენ ვერ გიცნობთ. შემდეგ კი ასისტენტს მიმართა, ბევრი აქვს გაცდენილი? ალბათ დაქეიფობს და სწავლისათვის ვერ იცლის? ასისტენტმა ჟურნალი გადაშალა და უთხრა -არცერთი გაცდენა! სანიმუშო სტუდენტია ჩემთან წარჩინებით ჩათვალა. გასაგებია ზოსია! მეღვინის შვილი გახლავთ, მსმენია... თქვენ კი არც თუ ისე მწყრალად ხართ სპირტიან სასმელებზე, მერე კი ისევ მე შემომიბრუნდა და მოზრდილი პინცეტი გამომიწოდა: -აბა მაჩვენეთ ვაჟბატონო ესა და ეს ნერვი. გვამი გამხმარი იყო, არავითარი ნერვი არ ჩანდა, მე ის ადგილი მოვუხაზე სადაც ის ნერვი უნდა არსებულიყო, არაფერი უთქვამს. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ისევ მკითხა, ახლა მაჩვენეთ ესა და ეს კუნთი. ეს კუნთი მაინც მაჩვენეთ, არც ეს კუნთი ჩანს ამ გამხმარ გვამზე, როგორ გიჩვენებთ აი ის აქ უნდა მდებარეობდეს, მოვხაზე პინცეტით იმდენი შეკითხვა დამაყარა კბილებშიც კი ოფლი გამომადინა, გამწურა, ბოლოს ერთი სიტყვა ამოღერღა მხოლოდ პირქუშად: -წაბრძანდით, ორიოდე ნაბიჯი გადავდგი, კარებისაკენ გავეშურე, თავბრუ დამეხვა წავბარბაცდი, ძალ-ღონე მოვიკრიბე და ვუთხარი -მკითხეთ კიდევ, საგანი კარგად მაქვს მომზადებული, ყველაფერი ვიცი. -ერთი ამას დამიხედეთ, ყველაფერი მეც კი არ ვიცი და თქვენ როგორ იჩემებთ ყოვლის მცოდნეობას. ზოსია უთხარი რამე, შეაგნებინე, რომ ტოპოგრაფიული ანატომია საფუძვლიანად ცოტა ვინმემ თუ იცის. -კაცო რა ჰქენი! შემომეხვივნენ დერეფანში გამოსულს ამხანაგები -რა ვიცი მგონი ჩამჭრა. - შეუძლებელია, აყვირდნენ ამხანაგები და დასძინეს! -მაგას კათედრიანად ძირს გადავუძახებთ, უცერემონიოდ შეცვივდნენ ყველანი მასთან. მან კი დინჯად, არხეინად უთხრათ: -რა გაღელვებთ, მე მას მტკიცე ოთხიანი დავუწერე ხუთიანსაც დავუწერდი მაგრამ ლექციებზე ის არასოდეს შემინიშნავს. -შენი ბრალია ყველა ლამაზ და სიმპათიურ ბიჭს საფუძვლიანად იცნობს და ხუთიანებიც მიიღეს შენ, კი შეგარცხვინე, ერთხელაც არ გაკარებიხარ! ყოველი საგნის ჩაბარების შემდეგ მთელი კურსი რესტორანში მივდივართ და ვქეიფობთ, ახლა მეც თავს უფლებას ვაძლევ ამ მხიარული ამხანაგების მეინახე ვიყო. იმათებრ ვმღერივარ, ვცეკვავ, თავს ვიგიჟიანებ, ყველა ეროვნების ახალგაზრდაა ჩვენს კურსზე, ბევრი მათგანი მშობლებთან ერთადაა გადმოსახლებული, პოლიტპატიმარი კი მხოლოდ მე ვარ. ახლა უკვე მტკიცედ დავმკვიდრდი როგორც სტუდენტი. სტიპენდიაც დამინიშნეს. ვინც ყველა საგანში ხუთიანს მიიღებს და საზოგადო მოღვაწეობასაც ეწევა (პარტიულ, კომკავშირულ, პროფკავშირულ სამუშაოს ასრულებს ან „სპეც განყოფილების” საქმიანობაში მონაწილეობს), სტალინური სტიპენდია ენიშნება. ახლა კი მივხვდი რატომ არ დამიწერა „სალდათკამ” ხუთიანი, მაგარი შიში და საზარელი ეჭვი არ მტოვებს ვაითუ ისევ საზარელი პროვოკაციის მსხვერპლი გავხდე რატომღაც ჩემს ბარგი-ბარხანას უფრო მეტი გულმოდგინებით ჩხრეკავენ. ალბათ ქურდბაცაცა ან ყეყეჩი რომ ვიყო, უფრო თავისიანად მიგულებდნენ, პოლიტიკაზე ლაპარაკსაც კი გავურბივარ, სტუდენტებმა ეს შენიშნეს, როგორ ვფრთხილობ, რამე არ წამომცდეს და მაშაყირებენ. სად იყავი ტყვედ, რომელი ქვეყნის დაზვერვა გიხდიდა დოლარებსო, შიშით რომ თვალები დამებრიცება, გულიანად ხარხარებენ. ასე გადიან დღენი. თუ რამე ხაფანგი არ დამიგეს, მალე ექიმად მოგევლინები. თუმცა რას ვფანტაზიორობ, მე ხომ აქ მუდმივ გადასახლებაში ვიმყოფები და საქართველოს ღრუბელსაც კი არავინ მაღირსებს, მეტი რა მოგწერო, გკოცნი მრავალჯერ. შენი ნოშრევანი. ქალაქი ყარაღანდა. თარიღი წაშლილია (ალბათ ცრემლებით) P.შ. ახლა უკვე ამხანაგებთან ერთად კინოშიც დავდივარ. ლხინშიც და ონავრობაშიც ავდევ მათ, თავს უფლებას ვაძლევ მეც „სტუდენტურ ფუფუნებას” მივცე ზოგჯერ თავი, სასმელსაც ნელ-ნელა ვეთვისები, ჩვენი ოთახის ყველა მკვიდრი ლხინის მოყვარული და ხალისით სავსეა. ვინც წვეთ არაყსაც არ გეახლებათ, უაღრესად მდაბიო მოქალაქედ ითვლება, ხოლო თუ ვინმემ ზედმეტი დალია და დებოში დააპირა, ზეწრებით შებოჭავენ და ძალით დააძინებენ. მართალია კაეშანი შემიმსუბუქდა, სულის სიღრმეში მაინც რაღაც შიში მაქვს დაბუდებული, რომლის შესახებაც წეღან გაგიმჟღავნე. რადგან წერილის გამოგზავნა ვერ შევძელი, ეს სტრიქონები შემდეგ მივამატე, მეტი რა მოგწერო. გკოცნი შენი უღირსი ნოშრევანი. ქ. ყარაღანდა აპნისის 30-ს 195... წელს. ჩემო ნელი! მართალია კლინიკური ქირურგიის კურსი უკვე ჩავაბარეთ, მაგრამ ამ კლინიკის აუდიტორიაში ზოგჯერ სხვა ლექციებიც გვეკითხება. გუშინ შესვენების დღეს აუდიტორიაში ჩვეულებრივი ხმაური და ჟივილ-ხივილი სუფევდა. უეცრად ძალზე აღელვებული დოცენტი ჯანტასოვი გამოვარდა და თქვა: -ძალიან გთხოვთ ნუ იხმაურებთ. აქ ერთ დიდ ადამიანს ვუკეთებთ ოპერაციას. - განა არა ვგრძნობდით, „სავიზიტო ბარათი” წინდაწინვე შევნიშნეთ, იმდენი ღორის ხორცი რომ მოყარეს ქალაქში -მაღაზიებში -ნიშნად იმისა, რომ ჩვენი ხალხი „ათეისტია”, ჩამილაპარაკა მეგობარმა ყაზახმა ბიჭმა და ზიზღით წაიფრუტუნა ფუი, „ჩუჟკა”, „ჩუჟკა”... (ფუი, ღორი, ღორი), დოცენტი ახალგაზრდა კაცია, ქირურგიული კათედრის პროფესორი კი შუახნის სიმპათიური ებრაელი კაცი, უაღრესად ნიჭიერი და მჭევრმეტყველი, ოპერაციას ის უკეთებდა პატივცემულ გვამს, ბოლო დროს დიდკაცებმა ძალიან მოუხშირეს ყაზახეთში სიარულს. ამბობნენ ყამირი მიწების ათვისება იწყებაო. მადლობა ღმერთს ხორბალი საკმაო იქნება. აქაურები საზარელ გარდასულ ამბებს ყვებიან -ოდესღაც ისეთი შიმშილი ყოფილა კაცს კაცის ხორცი აჭამეს ლამისო. ყველაფერს ჩვენს თანამემამულეს აბრალებენ. მოგეხსენებათ მკვდარი მუდამ დამნაშავეა, ცოცხალი კი ცოტა ვინმე თუ იტყვის, დამნაშავე ვარო ან კი ვის ეტყვიან აღსარებას, მღვდლები და მოლები ხომ უკვე კარგა ხანია ამოჟლიტეს. ამ პროფესორ ბატონ შრაიბერს ამას წინათ ქუჩაში მიმავალს ვიღაც ხულიგანმა ტურიკოებმა ძვირფასი კარაკულის ბეწვის ქუდი მოაძრეს და გაიქცნენ. ბედად ამ ოინბაზობას ჩვენი სტუდენტები შეესწრნენ, უმწეო პროფესორი როგორი ღრიალით მისდევდა ქურდბაცაცებს. ტურიკოებს ქუდი წაართვეს და სათანადოდ უთაქეს კიდევაც. ამას წინათ მე და სოსო „მარადი აბიტურიენტი”, შენ რომ გრძელყურა, შეარქვი. ქუჩაში მივდიოდით ინდუსტრიული ტექნიკუმის საერთო საცხოვრებელს რომ გავუარეთ, აივნიდან გამოცლილი არყის ბოთლები დაგვიშინეს და ნასკაკოიც მოგვაძახეს - „ვონ ატ სუდა სტალინსკიე ვიბლიდკიო”, ბოდიშს მოვიხდი უხამს გამოთქმაზე. სხვა მხრივ ვერ აღვადგენდი ამ „მომხიბვლელ” სურათს, ჩვენც ნაბახუსევნი ვიყავით, უეცრად ელვისებურად ავუვარდით ხულიგნებს და ცემა-ტყეპით საწოლებქვეშ შევყარეთ, კიბეზე ასევე სწრაფად ჩამოვირბინეთ, გატყეპილები გონს რომ მოეგნენ, მდევრებად სამიოდე ზორბა ბიჭი დაგვადევნეს, მაგრამ საბედნიეროდ ისინი ჩვენზე მეტად შემთვრალები და მოუხეშავნიც იყვნენ ამიტომ მათ უფრო მეტი მოხვდათ. გაზონებში ჩავყარეთ და ახლად მოსულ ფაფუკ თოვლზე გაშოტილებს საღამო მშვიდობისა ვუსურვეთ. აქ მყოფ მეღვინე ბიჭებსაც ხშირად უხდებათ ასეთი ინციდენტები და ხუმრობენ: რუსები ძალიან გულკეთილი ხალხიაო თუ მოგერია შენი საქმე წასულია ფეხის მტვრად ეცდება გაგიხადოს. თუკი მამაკაცი ლაზათიანად მიბეგვე, მხოლოდ მაშინ დაგიძმაკაცდება. ქალს კი თუ არ მოეფერე ან მოფერება არ დაუპირე, მუდამ ხარივით დაგიწყებს ბღვერას. „ო, დროებანი! ო, ზნენი, ზნენი”! წლები კი გადიან, გადიან ძვირფასი წლები! ქ. ყარაღანდა. ღვინობისთვის 27-ს 195... წელს. სალამი ჩემო ნელი! ახალი ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ისაა, რომ ფსიქიატრიის ლექციების კურს ვისმენ. კითხულობს ახალგაზრდა ებრაელი პროფესორი-სვიატოში. ლექციები იმდენად საინტერესოა, რომ მას უსმენენ ბუღალტრები, მძღოლები, მაღაროელები, უმჭევრმეტყველესი კაცია, უნიჭიერესი, ვინ გაიმეტა აქ გადმოსაკარგავად, ეს დიდებული ახალგაზრდა კაცი. რამდენიმე ხნის წინათ კამპანინსკში მის ფსიქიატრიულ კლინიკაში წაგვიყვანეს. ეს სავადმყოფო ამავე ოლქშია, ქალაქ ყარაღანდასგან ცოტა მოშორებით, წარუხოცელი შთაბეჭდილება დაგვრჩა. კლინიკაში შევაბიჯეთ თუ არა ვიღაც გოგონა გამოქანდა ჩემსკენ და კისერზე დამეკიდა. მკოცნიდა და ქვითინებდა -მამიკო რატომ მიმატოვე, სად იყავი ამდენ ხანს, მე ხომ თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ. სად არიან სტიოპა, კატია, ანატოლი... გული ჩამიკვდა, მოვეფერე, დავპირდი, რომ ხშირად ვნახავდი. სანიტარმა კი უხეშად გაათრია. პირდაპირ ჯალათები არიან, სანიტრები კი არა! იოტისოდენა თანაგრძნობის და სიბრალულის გრძნობაც არა აქვთ. საწყალს მამა ლოთი ჰყოლია, ამ გოგონას და თურმე ცემა-ტყეპას არ აკლებდა. დედა გარდაცვლია და ჭკუაზე შეშლილა. ასისტენტმა წარმოგვიდგინა ახალგაზრდა იდიოტი ბიჭი. კამეჩივით ღონიერი კისერს ძლივს იბრუნებდა. იდიოტმა -ლონია ვიჩესლავიჩმა მხოლოდ ერთადერთი სიტყვა იცოდა „არა”, „არა”, ნამდვილი ბეჰემოტის პროტოტიპი იყო, შევცდი, კამეჩს რომ შევადარე. ასისტენტმა ქალიშვილებს ორჭოფულად გაუღიმა: -ფრთხილად ასეთ პიროვნებებს სექსუალური თავდასხმებისადმი აქვთ მიდრეკილება და ვაი იმ ქალს, ვისაც ხელთ მოიგდებენ! გოგონები ახარხარდნენ. ერთმა გოგონამ კი ჩვენივე სტუდენტისკენ, ბუთხუზა ბიჭისაკენ ვლადიმერ პეტროვისაკენ მიგვითითი ხუმრობით: ჩვენც გვყავს ასეთი პიროვნებებიო. ბიჭუნა ლაველასი იყო და გოგონები ხშირად აქილიკებდნენ. ძალიან „ზარმაც პაპაც”'გახლდათ. აქ კი საქილიკოდ და მდაბალ მოქალაქედ უფრო ისაა მიჩნეული, რომელიც ცუდად სწავლობს. გვიჩვენეს მოხუცი ქალი, რომელიც თავს პეტრე პირველად ასაღებდა, რატომღაც ისიც ჩემკენ გამოეშურა და გრაციოზული ჟესტით ქვემოთა სართულისაკენ მიმითითა: -იქ სამასი ძროხა იწველება. ჩაბრძანდით ბრწყინვალე თავადო, გალიცინო ახლადმოწველილი ძროხის რძით გაგიმასპინძლდებიან. თუმცა მოიცათ, მსმენია არაყს უფრო ირჩევდით ერთ კასრს გიბოძებთ თქვენ და თქვენს მსახურთ! მადღეგრძელეთ თქვენი მეუფე. მოწიწებით მადლობა მოვახსენე და გულში ვთქვი, მადლობა ღმერთს რომ ერთს რუსს მაინც შევხვდი, ჯერ რომ რძეEახსენა და მერე კი არაყი. შემდეგ ერთ-ერთ ჩვენგანს საკურაციოდ ვიღაც ჭკუაშეშლილი ფიზიკოსი მისცეს, რომელიც ირწმუნებოდა -ამცნეთ კაცობრიობას: -სულ ცოტა დროღა დარჩა ატომური ომის დაწყებამდე. შეჩერდით უგნურებო რა საჭიროა ატომური ომი, ისედაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი თანდათან ცივდება, თუ ძალგიძთ ჯერ მას უშველეთ და ბავშვივით სლუკუნებდა. ჯერ არა, ჯერ არა, ნუ დააჭერთ ღილაკს ხელს! გაგვაცნეს პატარა გოგონაც, რომელიც თავის თავს სლავკას უწოდებდა, გოგონა ობოლი იყო, ვიღაც გარეწრებს გაეუპატიურებინათ და იმიტომ გაგიჟებულა. მის შემდეგ ირწმუნება და იმუქრება: -მე ბიჭი ვარ, დავვაჟკაცდები და ყველას გადავუხდი, ვინც მე მაწამა. გვაჩვენეს ქალი, რომელიც თურმე როიალის ფუტლიარში იმალებოდა (ალბათ გახსოვს ამ მოვლენას აუტიზმი ჰქვია). მეორე ქალი, რომელიც ჯოჯოხეთურად დუმდა (ამ მოვლენას კი თურმე მუტიზმი ჰქვია). ვლადიმერ პეტროვს ჭაბუკი ავადმყოფი მიაბარეს საკურაციოდ. ავადმყოფი „თეთრი ცხელების” შეტევებით მოუყვანიათ დაბმული ჰყავდათ თურმე. გასაქცევად იწევდა, ძლივს შეუბოჭიათ შინაურებს, რატომღაც სულ ერთ სიტყვას კიოდა: - დოლენკა, დოლენკა, რომელიღაც დაბის სახელს, ვინ იცის ადამიანის ტვინის ყველა ხვეულის საიდუმლოება! „ბევრი რამაა ჰორაციო ქვეყნად ისეთი”... შენი ნოშრევანი. ქ. ყარაღანდა აპნისის 17-ს 195... წელს. P. შ. ჩაგვიტარდა პრაქტიკები სასამართლო მედიცინაში. პროფესორი ბატონი ლეიკინი იყო. ესეც შესანიშნავი პედაგოგია. ეროვნებით ებრაელი. ესეც გადმოსახლებულია. რას ერჩიან ამ ნიჭიერ ხალხს, ნეტავ რას ავიწროვებენ და დევნიან. ამ „ხალხთა ძმობის” ქვეყანაში მაინც. საზარელი რამ ვიხილეთ, ახალგაზრდა კუზიანი, ყაზახი ბიჭის გვამი, რომელმაც ამ დღეებში სანადირო თოფით თავი მოიკლა. გავსინჯეთ ვიღაც რუსი ქალიშვილი, რომელსაც საქმროს თანადასწრებით მეზობელმა ბოზი უწოდა, გოგონა ნამდვილად ქალიშვილი აღმოჩნდა, რამდენია ქვეყნად ბოროტი და ენამწარე ადამიანი -ფეოდალები! ფეოდალები! მერე რა, ქალიშვილი რომ არ აღმოჩენილიყო, განა ამიტომ უნდა უარყოს საქმრომ, კიდევ ათი რევოლუციაა საჭირო, რომ ჩვენ ადამიანები ადამიანებად ვიქცეთ. გვიჩვენეს სხვადასხვა საგნები, რომლითაც ქალები კრიმინალურ აბორტებს იკეთებდნენ. გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრების შესახებაც პატარა ლექცია ჩაგვიტარეს. საექსპერტოდ მოიყვანეს თორმეტ-ცამეტიოდე წლის გოგონა, რომელიც მამინაცვალს გაეუპატიურებინა. მისი დედა ირწმუნებოდა, რომ ქალიშვილობა მას მისმა მეუღლემ გუშინ წაართვა, გოგონა კი დიდი ხნის ნაცხოვრები აღმოჩნდა. რას არ იხილავს, რას არ გაიგებს კაცი. აქაც ზოგ-ზოგ ადგილას კრიმინალური სამყარო იფურჩქნება, ამბობენ კინო-თეატრებში ყომარში ან კარტში წაგებული ადგილებია, ვინც იმ წაგებულ სკამზე დაჯდება მოჰკლავენ ან დაასახიჩრებენ. ასეთი „გართობის” მოყვარულთ ჩამოხრჩობა უნდა მიუსაჯოს კაცმა! ამას წინათ შემთხვევით ერთ-ერთ მაღაროში ხელფასის დარიგებას შევესწარი. მარჩენალ მამაკაცს ოჯახის წევრები ახლდნენ, რომ ხელფასი არ შემოჭმოდა, არაყში არ შემოხარჯოდა! უფრო „რაინდი” მამაკაცი ცოლ-შვილს გემოზე უთაქებდა და არც-ერთ გროშს არ ანებებდა მხოლოდ თუ ქალი იყო ვაჟკაცური ქმარს კისერში უთაქებდა და უწმაწური გინებით ართმევდა ჯამაგირს. იყო ერთი ღრიანცელი და ჭიდილი. დარდიმანდი ცოლები, მოსიყვარულენი, ქმრებს ნახევარი ლიტრის თანხას აძლევდნენ საქეიფოდ. აბა, რა ცხოვრებაა ასეთი ცხოვრება, მითხარი! ესაა ნათელი საზოგადოების შენება? ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იქ კონცლაგერებში უფრო წესიერი ხალხია გამომწყვდეული და უმიზეზოდ იტანჯებიან, ვიდრე აქ გარეთ „თავისუფალი” მოქალაქენი. შენი ნოშრევანი. ქ. ყარაღანდა. მირკანი... ნოშრევან ჩემო სიცოცხლევ! აქ უკვე გაზაფხულია მზიანი დღეებია, მერცხლები მოფრინდნენ. ყოველ გაზაფხულს ცრემლიანი ვხვდები, რად დავიბადე ამ ვარსკვლავზე, როდემდე გავძლო უშენოდ, როდემდე. ასე მგონია ცინიკურად ჟღერს შენს ბოლო ბარათში მოყვანილი საყვარელი პოეტის სტრიქონებიც კი. „კიდევ ცოტა მოიცადე ლამაზო და ნანატრი მთა-გორებიც იქნება”! როდისღა დადგება ნანატრი გაზაფხული, როდის? გული გამიტყდა, არაფერი აღარ მჯერა, ზოგჯერ იმასაც ვშიშობ, ვაითუ შენშიც იმედი გამიცრუვდეს. რა ვქნა ხომ ხედავ ვეღარ ვმალავ სასოწარკვეთას. მხოლოდ დედაღა მანუგეშებს: -სულით ნუ დაეცემი, ზოგჯერ სასწაულიც კი ხდება. ალბათ მანდაც განიხილეს დახურული წერილები. გათათხეს და გალანძღეს კაცი, რომელსაც კაცობრიობის მოწინავე ბელადს უწოდებდნენ სასოებით. მამაჩემი ამბობს: საგრძნობი ცვლილებები არის მოსალოდნელიო. ვინ იცის იქნებ სასიკეთიოდ დამთავრდეს. მაპატიე ეს წამიერი სილაჩრე, წეღან რომ გამოვამჟღავნე, იმის მაგივრად, რომ გამემხნევებინე, გულს შემოგყარე. რამდენიმე დღის წინათ იები დავკრიფე და ბარათაშვილის ლექსების წიგნში ჩავდე, შენ რომ ოდესღაც დაბადების დღეს მაჩუქე. სწორედ იმ ფურცელს დავადე, შენი საყვარელი ლექსი რომ სწერია: „ცისა ფერს ლურჯსა ფერს”... როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, ბარათაშვილის ლექსებს ვკითხულობ და სულში რაღაც იდუმალი სასოება ისადგურებს. იმედი ჩამესახება ხოლმე, რომ „გათენდება დილა მზიანი და ყველა მწუხრსა ის განანათებს”. P.შ. ამას წინათ ჩემი დაბადების დღის მოსალოცად მოვიდნენ ამხანაგი გოგოები, ყველა მათგანს უკვე ოჯახი აქვს, დედობის დიდებულ გრძნობას ეზიარნენ, მე კი ასე ვჭკნები უშენოდ, უმზეოდ. იცი რა ძლიერ მწყურია შვილი მყავდეს, შენსავით საყვარელი, ჯიუტი არსება. ვიცი ვაჟიშვილი უფრო გაგახარებს, მე კი ცოდვა გამხელილი სჯობს, მინდა რომ გოგონა მყავდეს, რა თოჯინასავით მოვრთავდი ნაირ-ნაირი კაბებით და ბაფთებით. რა ლამაზ თმის ვარცხნილობას გავუკეთებდი. მას შენსავით ლამაზი შუბლი, ხვეული შავი თმა და ხავერდოვანი წარბები ექნებოდა, ჩემი კი -ცისფერი თვალები და მოსიყვარულე გული. შენსავით ქვა გული კი არა! ასე რომ მაწამებ შენი სიშორით, ჩემო ჯიუტო ბიჭო. ვინ იცის იქნებ ჩვენს ტანჯვას ბოლო მალე მოეღოს. ხალხში ხმა დაირხა დიდი ამნისტია უნდა იყოს, პოლიტპატიმრებსაც შეეხებათო. იქნებ გამართლდეს, წინაპრებს უთქვამთ: - „ხმა ღვთისა და ხმა ერისაო”. ასე, რომ იმედს ნუ დავკარგავთ. ნახვამდის და არა მშვიდობით! ქ. თბილისი იგრიკას 20-ს 195... წელს. სალამი ჩემო ნელი! მივიღე შენი წერილი, რომ გითხრა, გამახარა მეთქი, სიცრუე იქნება ალბათ... ეს სიხარულზე უფრო მეტია, ჰო, სიხარულზეც უფრო მეტი. ახალი რაა ჩემს ცხოვრებაში? ყაზახურ ქორწილს დავესწარი -ჩვენი თანაკურსელი ჭაბუკი და ქალიშვილი შეუღლდნენ. მთელი ჩვენი კურსი დაპატიჟეს. კარგი დრო გავატარეთ. სულ თვალწინ შენ მედექი -საპატარძლოდ გამოწყობილი. როდის მოვა ის წამი, ჩვენ რომ ერთად ვიქნებით, ძვირფასო. მე ჩემი საყვარელი სიმღერა „ყალამყასი” წამოვიწყე, ყველა ყაზახი გუგუნით ამყვა -ჩემს საპატივცემულოდ ციცინათელა იმღერეს და ოცნებით შენთან ვიყავი, ჩემო ცისფერო ციცინათელა. ასე იმედიანად არასოდეს ვყოფილვარ. გული მიგრძნობს უნდა დავბრუნდე, ხშირად სიზმრებში თბილისის ქუჩებს ვხედავ, ხან მშობლიურ ველ-მინდვრებს - დედულეთს. სიზმრები ხშირად სიცხადესაც მოასწავებს. ხომ ვიქნებით ბედნიერები? ამას წინათ ერთმა ამხანაგმა რაღაც ზღაპარი წამიკითხა, ერთი უფლისწული ბედნიერებას ეძებდა. სად არ ეხეტა ვის არ ჰკითხავდა და თავისი ბედით კმაყოფილი ადამიანი ვერ იპოვა. მარჩიელმა კი თურმე დამოძღვრა, თუ გინდა ბედნიერი იყო ბედნიერი კაცის პერანგი უნდა ჩაიცვაო და აი, ბოლოს როდესაც სასოწარკვეთილი ბრუნდებოდა თავის სახელმწიფოში, გზად ერთი მუშა კაცი შემოხვდა, მაშვრალი. ბედნიერი ხარ? -ჰკითხა მას უფლისწულმა. მუშა კაცს თან სიხარულით გაცისკროვნებული ცოლ-შვილი ახლდა, -დიახ ბედნიერი ვარ, უყოყმანოდ უთხრა შემხვედრმა. -მომყიდე შენი პერანგი. საფასურად რა თანხაც გინდა მთხოვე. მე არ მაქვს პერანგი. უთხრა ბედნიერმა მუშა კაცმა. მე რად მინდა სხვა ბედნიერება, თუ შენ მეგულები ცოცხალი. ოღონდ ერთად ვიყოთ და უბედნიერესი ადამიანი ვიქნები! გკოცნი უთვალავჯერ. შენი ნოშრევანი. ქ. ყარაღანდა ვარდობის თვის 29-ს. ნელი, ჩემო ნელი! იწერები, რომ ჩემი წერილები კარგა ხანია აღარ მიგიღია, მაშ როგორ არის, რომ ჩემი დედ-მამა ღებულობს ჩემს წერილებს რეგულარულად, რაშია საქმე იქნებ თავი მოგაბეზრე და პასუხის გამოგზავნა გეზარება, თუმცა რას ვბოდავ შორს ჩემგან და შენგანაც ამგვარი ეჭვები! ბრძენკაცობას არ ვიჩემებ, მაგრამ ცხოვრებას მაინც კარგად ვიცნობ და ცოტა რამ მაინც გამეგება. უიღბლობა ხშირად ის საზარელი სუსხია, რომელიც სიყვარულის სათუთ ყვავილს ნაადრევად აჭკნობს... ვაითუ ჩემმა გაუთავებელმა უიღბლობამ თავი მოგაბეზროს. რა გაეწყობა „ბედი კი თავისი საქარგავით ქარგავს”! ახალი რაა? ჩემს პირად ცხოვრებაში თითქმის არაფერი, მაგრამ ყამირი მიწების ასათვისებლად მრავალრიცხოვანი ლაშქარია დაძრული საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან, ყველა ეროვნების ადამიანი. დიდი საქმე კეთდება. ისეთი საქმის მოწმე ვხდები, რომ ლამის „გამოვსწორდე”, რაიმე ვიწამო ამათი, ვისიც არაფერი მწამდა და ისე გულმოდგინედ მასწორებდნენ პროკრუსტეს სარეცელზე! გამოცდებს რომ ჩავაბარებთ ჩვენც მინდვრად გავიჭრებით. ისევ მიწურები, ქანცგამწყვეტი შრომა და შუბლიდან ოფლის მოწურვა, სათივეები, „უხა”, აქ ისეთი ხორბალი იცის, რომ მარგალიტი გეგონება. მაშ ასე მეც მივიღებ მონაწილეობას ამ დიდი საქმეში, არა იმიტომ, რომ ვინმე დებილმა თავზე ხელი გადამისვას და მითხრას: -ყოჩაღ, კარგი ბიჭი, ხარ თითქმის გამოსწორდი! არა, რა თქმა უნდა იმიტომ არა, რომ ამ საქმეში რომანტიკას ვხედავ, ცეცხლოვან რომანტიკას, სილამაზეა, პოეტური ამბავია დე, ჩემი მოკრძალებული წვლილიც იყოს ამაში. საერთოდ დიდი და სასიკეთო საქმე გაკეთდება, მაგრამ სადღაც გულს მაინც ეჭვის ჭია მიღრღნის, ამდენი ხალხი რომ დასახლდება საცხოვრებლად, რამდენად სასიკეთიო იქნება ეს თვითონ აბორიგენებისათვის -ყაზახებისათვის. ასე და ამგვარად სულ მალე მინდვრად გავიჭრები. „ველად გაჭრას, ხელად რონინს სცვლიან შემოდგომანი”. წერილის წერას მაწყვეტინებენ. ამხანაგი სტუდენტები მოცვივდნენ, ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღეა. „ბადრიჯნის ხიზილალა”, ჭიჭყინა თევზი, ცოტაოდენი ძეხვი, პური და ნახევარი ლიტრა არაყი მოიტანეს. როგორც ჩანს დიდებული „ლხინი” გაიმართება, ნუ გაიოცებ ორი-სამი ლიტრა არყით და ამგვარი „მდიდრული” პურ-მარილით აქ სტუდენტურ ქორწილებსაც კი იხდიან ახალგაზრდები. აქ არც გრძელ-გრძელი სადღეგრძელოები იციან. ცოტას გადაკრავენ და მერე ცეკვას გააჩაღებენ, დილამდე რადიოლას აღმუვლებენ. რუმბა, ტანგო, ჯაზის ღმუილი, ფოქსტროტი, ერთი სიტყვით მუსიკალური და ქორეოგრაფიული აჯაფსანდალი. ერთი მგოსნის თქმისა არ იყოს, შეიძლება კაცი ასეთ ჭკუამხიარულ საზოგადოებაში გაღიმებული იჯდე და სიმარტოვის საზარი სუსხი გსუსხავდეს. „ვინ მოუხმო ბოროტ სულს ჩემდა წინამძღვრად”, „სად წარიღეს ჩემი საბრალისი სიჭაბუკე”. გკოცნი უთვალავჯერ შენი ნოშრევანი. ქ. ყარაღანდა. თიბათვის 25-ს. ჩემო ნოშრე! მივიღე შენი წერილი, როგორც ყოველთვის ჯერ გამახარა და მერე გულიც მატკინა, მე შენი მჯერა, რომ სულით მაღალი ადამიანი ხარ და ძლევ ბედიწერას, შენს მოსისხლე მტერს. საზარელი ბედი გხვდა წილად, „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვია შვილნი სოფლისა, უნდა კიდევაც მივსდიოთ მას გვესმას მშობლისა”, ჩემს ცხოვრებაში ახალი მხოლოდ ისაა, რომ გუშინ დედაჩემმა ჩემს თმებში კიდევ ახალი ჭაღარა თმები შენიშნა. აქვითინდა და მითხრა: - შვილო რა ვქნა ნეტავი მოვმკვდარიყავი და შენს ჭაღარას არ შევსწრებოდი. ჭაღარა გულს ვერ გამიტეხს, ჩემო ნოშრევან, მაგრამ გული იმაზე მეთანაღრება: -ვაითუ ისე შევიცვალო მნახო და აღარ მოგეწონო, ყველანი მიკიჟინებენ, უწყალოდ შეიცვალეო. მე კი მუდამ გიერთგულებ, როგორც უნდა გამოვიცვალო, მაინც მეყვარები, მაინც მომეწონები, აგერ ჩემი მამიდაც გაუთხოვარი რომ დარჩა (მე მას ძალიან მამსგავსებენ) -მზევინარი, საქმრო ომში დაკარგა და სხვა კაცის სახელის გაგონებაც კი არა სურს, ისევ საყვარელი ადამიანის სურათს ეფერება, რომელიც ოქროს გულქანდაში აქვს ჩასმული და გულზე ჰკიდია. ამ დღეებში წყნეთში, ჩვენს სახლში ვიყავით, მთვარიანი ღამე იყო, ვუმზერდი მთვარეს და ვფიქრობდი, იქნებ იქაც ასეთი ნათელი მშვიდი ღამეებია, ნოშრევანიც შეჰყურებს ამ ღამის მნათობს და ოცნებობს სახლში დაბრუნებაზე. შენი ნელი. თიბათვის 30-ს.
ჩემო დაუვიწყარო და საოცნებო ნელი! მივიღე შენი წერილი. ხან ბრაზით გავშავრკინდი, ხან კი გულიანად ვიცინე. ეგ რა დიდი ბრძოლები გადაგიტანია. რას ვიზამთ ცხოვრება ბრძოლა არის. მგონი წინა წერილებშიც რამდენიმეჯერ შეგახსენე გოეთეს სიტყვები: „სიცოცხლის ღირსი არ არის ის ვისაც თავისი სიცოცხლის ყოველი წუთი ბრძოლით არა აქვს მოპოვებული”. რაც შეეხება იმას, წერილების მიღება რომ გვიანდება ან იკარგება წერილები, ვერ მიმხვდარხარ?! წინათ მარტო ხილული ზედამხედველობის ქვეშ ვიყავი, ახლა კი უჩინარი, უხილავი ზედამხედველობა გააძლიერეს. გაიხსენე, როგორ მიქოთებდნენ ბარგს, რა უცერემონიოდ. წერილებიც, ჩემი არ იყოს, საპყრობილეებში კარანტინს გადიან. უმჯობესია ღია ბარათები გამოვგზავნო, რომ ჩვენი კეთილისმყოფები ნამეტანი არ შეწუხდნენ... გახსოვს წინა წერილში გწერდი, კლინიკაში დავწექი გამოსაკვლევად და საღ-სალამათი აღმოვჩნდი. ახლა ჩემს თავს მე თვითონ დავუსვი დიაგნოზი და მგონი ეს უტყუარია: მუსიკა მენატრება, მუსიკა. ბეთხოვენის, მოცარტის, გრიგის, შოპენის და სხვათა. ერთი კვირის წინ ალმა-ათის საოპერო თეატრის დასი ჩამოვიდა ყარაღანდაში. თითქმის ყოველდღე დავდივარ მაღაროელთა სასახლეში და ყოველ სპექტაკლს ვესწრები. ვნახე შესანიშნავი ბალეტიც „გედის ტბაც”. აღარც სევდა, აღარც ავადმყოფობა, სავსებით განვიკურნე. ოდესმე ექიმი, რომ ვიქნები, მუსიკით მკურნალობასაც დავნერგავ, მე მგონი მცენარეებიც კი გრძნობენ მუსიკას, ცხოველებიც. ხომ გახსოვს მზიური „ვეფხისტყაოსნიდან” ავთანდილი მერანს, რომ მოაფრენს და მღერის, „და სმენად მხეცნი მოიდიან”. წითელით რომ ვიყავი ავად ოთახის სარკმელებს წითელი ფარდები ჩამოაფარეს. ოთახში ყველაფერი ძოწისფერი მარმაშით შემოსეს და დედაჩემი მიმღეროდა ნანას. ჩემს სანახავად სოფლიდან პაპაჩემი ჩამოვიდა -ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი. ვერცხლის ქამარ-ხანჯალით წელშემკობილი, ჭაღარა ლამაზი მოხუცი. წითელ ხილაბანდში გამოკრული შაქარ-ყინული და ფოჩიანი კამფეტები მომიტანა, ზღაპარიც მიამბო. მერე კი ჩონგურზეც მიმღერა და დამაძინა. გახსოვს ამ განცდის გამომხატავი მშვენიერი ლექსი აქვს ტიციანს: „ოღონდ ის ნანა მომასმენინა, ის ნანა და სულმოუთქმელად გულში ჩავიკრავდი დანასო”. ძალიან მწყინს, რომ ზეპირად ვერ დაისწავლე ის ლამაზი ლექსი. თუ სადმე ნაცნობ - მეგობრებში ტიციანის წიგნი შეგხვდა ეგ ლექსი ამომიწერე და გამომიგზავნე. ძალიან გამახარებ! არდადეგები დამთავრდა, მუშაობით სიქა გაგვაცალეს, რას დავისვენებდით, კიდევ მადლობაც გადაგვახდევინეს, რომ პირუტყვებივით მიწურებში გვაცხოვრეს და პატიმრის ულუფაზე გვამყოფეს სტუდენტები ამ უღმერთო ქვეყნის. ქ. ყარაღანდა. შენი ნოშრევანი. თვალწინ სულ შენი სახე მიდგას. შენს სახელს ვჩურჩულებ სასოებით: ნელი, ნელი, ნელი, სიზმრადაც ხშირად გხედავ ძვირფასო. სამი დღის წინ თივის ზვინში მძინარეს, ერთ ჩვენს ამხანაგს ტრაქტორმა გადაუარა დილის სისხამზე, სასწაულად გადარჩა. ასისტენტმა ზვინებში ღამის თევა სასტიკად აკრძალა. მშვიდობით რომანტიკავ. ერთი ნაბახუსევი მუტრუკის გამო ვარსკვლავიან ცას და მთვარიანში შენზე ლექსების თხვზას დავემშვიდობე. ჩვენი სადგომის მახლობლად საკმაოდ დიდი მდინარე ჩამოდის, მტკვრის სიფართისაა თითქმის, თავისუფალი დრო როცა გვაქვს, ვჭყუმპალაობთ მდინარეში, ვთევზაობთ, თევზაობაში ბედი მიღიმის. აქ მოდაშია „უხა” -თევზის სუფი. პირდაპირ ჭკუას კარგავენ ამ საჭმელისათვის. სიტყვა „უხას” - კი ათასნაირად პრანჭავენ და გრეხენ. ზოგჯერ უწმაწურ გამოთქმასაც კი არ თაკილობენ. როცა დიდი სიცხე-პაპანებაა, ზღვა მოჩანს ლაჟვარდოვანი ლივლივა -მირაჟი მოჩვენება ზღვისა. ხომ დიდებულია არარსებული ზღვის ხილვა. შენი ცისფერი თვალებივით ლაჟვარდოვანი სივრცის სიახლოვე. სიცხადეში რომ უღმერთოდ შორია. ვაიმე როდემდე ვითმინო შენი სიშორე. შენი ნოშრევანი. „დიდი მინდორი”... P.შ. მაგრამ სადაა ჟუჟუნა წვიმა, უღმერთო გვალვა მახსენდება, ადრიან ბავშვობაში დედულეთში, გლეხები რაღაც უცნაურ წარმართულ რიტუალს ასრულებდნენ, სიზმარივით მახსოვს. წმინდა ლაზარეს ახსენებდნენ ცოცხით რაღაც გონჯ თოჯინას წყალს ასხურებდნენ, რომელიღაც სიმღერას მღეროდნენ, უცნაურად როკავდნენ. სრული რწმენა ჰქონდათ რომ უთუოდ წვიმა მოვიდოდა, მიწა რომ გვალვით იყო დახეთქილი. მართლაცდა სასწაული ხდებოდა ზოგჯერ შხაპუნა კოკისპირული წვიმა მოდიოდა, ზოგჯერ კი საზარელი სეტყვაც მოსულა. ასე უკუღმართად ასრულებიათ ხვეწნა-მუდარა. ასე მგონია სული ჩემი გვალვით გამომშრალი და დადაღული მიწაა, შენ კი -სანატრელი ჟუჟუნა წვიმა, რომელიც არ ჩანხარ. შენი ნოშრევანი... ჩემო სათაყვანო ნოშრევან! წერილებს ხშირად გწერ მაგრამ ყველა მათგანს როდი ვაგზავნი, ბევრ მათგანს ან არაფრის მთქმელად მივიჩნევ ან ვგრძნობ, რომ „არ ძალმიძს სრულქმნა სიტყვათა”! მაგრამ დიდ მწუხარებას განვიცდი შენი სიშორის გამო. ბედი აქაც როდი გვანებივრებს ადამიანებს. ჩვენც ფაქტობრივად პატიმრები ვართ, უფლებააყრილნი. მამაჩემიც ხშირად ხუმრობს, შენს ნოშრევანს რა უშავს მისჯილი მაინც აქვს პატიმრობის ვადა ჩვენ კი ჯერ ყველანი ძიებაში ვიმყოფებითო და დასძენს ხოლმე ამ ფრთიან გამოთქმას ჩემს გარდა კიდევ ბევრისგან გაიგონებ (აქ წერილი დაფლეთილია და არ იკითხება). ჩემზე ფიქრობსო. ნამტირალევს ჩამეძინა და შენ დამესიზმრე. ისეთი საყვარელი და ალერსიანი იყავი როგორც ყოველთვის და კოცნით ამომიშრე თვალებში ცრემლები... დილით მე და ნინიკომ მახლობელ ტყეში ყვავილები დავკრიფეთ და იმ ყვავილებით შენი სურათი მოვრთე შენ კი არც გრცხვენია, ერთ წერილში მწერდი: -ჩემს „სურათს თვალები დათხარე, არაფერი გევნოს მის გამოო”. შენი წერილები ხომ მანუგეშებს და მანუგეშებს, მაგრამ იცი კიდევ რა მიმსუბუქებს დარდსა და ვარამს -ხალხის სიყვარული. რამდენიმე დღის წინათ ერთი მოხუცი ქალი ავად გახდა ტაბახმელაში სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა შვილებს პროფესორის მოწვევა სურდათ და თავი გადაიკლა, არამც და არამც ნელის გარდა არვინ მომგვაროთო, ჩემი ანგელოზი მომიყვანეთ მხოლოდ იმისი წამალი მიშველისო. კოჯორში ერთი ექიმი მოღვაწეობს, საექიმო უბნის მთავარი ექიმია. ძალიან მაღალი კაცია, გოლიათი, პლატონი ჰქვია, სამედიცინო ინსტიტუტი დედათქვენთან ერთად დაუმთავრებია. პირველად რომ გამაცნეს კეთილად გამიღიმა და ასე მითხრა: -შვილო მე ამ მხარეში დავიბადე და გავიზარდე და ნუ გეწყინება თუ ამ შენს სოფლებშიც ავადმყოფებთან გამომიძახებენ, მე ზრდილობიანად ვუპასუხე -არა ბატონო, მაგრამ თქვენ ხომ არ გეწყინებათ, მე თუ თქვენს სოფლებში დამიძახებენ. გულიანად გაიცინა და თქვა: -როგორ გეკადრებათ შვილიკო, გუშინ კი შემხვდა და ხუმრობით მითხრა: -ეს რა მიყავი ლუკმა გამიქრეო. იშვიათია, რომ ასეთი მაღალი კაცი სულითაც მაღალი იყოს. ეს კი უაღრესად კეთილი კაცია. ამ კაცზეც უნდა ითქვას „იმ შენი მშობლის ჭირიმე ვინაც გიმღერა ნანაო”. სალამს გითვლიან ყველანი -შენი და ჩემი მშობლებიც ნაცნობ-მეგობარნიც. ყველას ენატრები, გულთბილად გიგონებენ, გკოცნი უთვალავჯერ. მკათათვის 10-ს. სოფელი ტაბახმელა. 195... წელს. ჩემო ნელი! ამ წერილს მიწურში ვწერ, შესვენებაზე. ყველა საგანი წარმატებით ჩავაბარე და რამდენიმე დღეა უკვე აქ ვარ მინდვრად. მდინარე ნურას ნაპირას. წუხელ მთელი ღამე ხორბალს ვეზიდებოდით მე და ჩემი ამხანაგები. ქანცი რომ გამოგველეოდა, ერთმანეთს ვცვლიდით, ნუ შეგაშფოთებს ჩემი მდგომარეობა, ამ ძაღლუმადლო ყოფაშიც არის ერთგვარი ხიბლი. თავისუფალ დროს ისეთ ოინბაზობაში და ხუმრობაში ვატარებთ დროს, რომ სიტყვით ვერ აგიწერ. ვმღერივართ, ვცეკვავთ, თავს ვიგიჟიანებთ. მრავალი ეროვნების ახალგაზრდა მხარდამხარ ვშრომობთ და არც ჩხუბი, არც აყალ-მაყალი, შესანიშნავი მეგობრული ატმოსფეროა. არ გეწყინოს ეს ოინბაზები კი არ მავიწყებენ შენს თავს. ახალი არაფერია ჩემს ცხოვრებაში, რომ ხშირად მოგწერო წერილები. P. შ. აქ წამოსვლამდე რწმუნებულმა მამცნო: -არ გაბედო საბოტაჟი, ამ დღეებში თქვენი ინსტიტუტის სტუდენტები ასაკაროკის რაიონში ერთი კვირით მიდიან, რომელიღაც მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად. აი, ნებართვა ქალაქიდან გასვლისა. აღვუთქვი, რომ პირნათლად ვიმუშავებ, უნდობლად შემომხედა. კაცი „სოციალიზმის” მშენებლობაში ვმონაწილეობ და ეს რჯულძაღლები მაინც არ მენდობიან, რა უნდა ვიწამო ამათი. რა გამომასწორებს, გულითაც რომ მინდოდეს გამოსწორება. მეცინება. როგორც ვამჩნევ ესენი ჩემზე უფრო ბრიყვები არიან და ბოლოს უსათოოდ მე გავიცინებ, გულიანად გავიცინებ. ჰო, ჰო, ჰო, სიცილი კი არა გულიანი ხარხარი იქნება ეს, ამ არამზადებს რომ ვნახავ „გამოსწორების” გზაზე დამდგართ. სხვა რა მოგწერო. წერილს სანდო კაცის ხელით ვაგზავნი. გკოცნი შენი ნოშრევანი. მარიამობის თვის 29-ს. სალამი ჩემო ნელი! გაგანია სიცხეა. თითქოს არე-მარე იწვის, უსაზღვროა სტეპი. უზარმაზარ მიწურში მიგვიჩინეს ბინა. ვარძიის კლდეში გამოკვეთილი შესანიშნავი პალატები გამახსენდა. სად ერეკლე და სად თეკლე. ეს უფრო ზაზუნების ბუდეს ჰგავს. იმ ზაზუნებისას, ყოველ ნაბიჯზე რომ გვხვდებიან სტეპში სასაცილო ლამაზბეწვიანი მხეცუნები. ჯერ ხორბლის მოსავლის აღებაზე ვიმუშავებთ (მშენებლობაზე მუშაობას რომ მოვრჩები), შემდეგ კი კარტოფილის მოსავლის აღებაზე. ბიჭებიც, გოგონებიც ერთ მიწურში ვართ. წინამძღოლად ერთი ასისტენტი გამოგვაყოლეს, ვინმე ლარინი, იმასაც ჩვენთან სძინავს. არც ჩვენთან არყის სმას უარობს. რუსი რის რუსია თუ ცოტა მაინც არ გადახუხა. უფრო რომანტიკულად განწყობილი პიროვნებები სათივეებში ძვრებიან და იქ იძინებენ. დაძინებამდე კი ვარსკვლავიან ცას და მთვარეს უმზერენ. რა თქმა უნდა მხოლოდ კანტის კუთვნილება როდია ეს საოცრება -ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ჩვენ უფასო მუშახელსაც კი შეიძლება გვქონდეს ბუნებით ტკბობის სურვილი. საღამოობით ხან უკრაინული სიმღერები გაისმის ხან რუსული, ხან კი ყაზახური. სულიკო და ციცინათელაც მოდაშია. მე კი განსაკუთრებით ყაზახური „ყალამყასის” წამოწყება მიყვარს, ან ჩვენებურს -„ისევ შენ და ისევ შენ”... განსაკუთრებით გულის ტკენას ვგრძნობ როდესაც წამოვიმღერებ „მსურდა შენი ხელებით დამხუჭოდა თვალები” ან უკრაინულ სიმღერას წამოვიწყებ. სალამი ჩემო დაუვიწყარო ნელი! ჩემს ცხოვრებაში ახალი ის არის, რომ გამოცდები წარმატებით ჩავაბარე (თავისუფალი ვარ). ახლა ჩემი ჯადოსნური წრე საკმაოდ შემცირდა: საერთო საცხოვრებელი, საჯარო ბიბლიოთეკა, სტუდენტთა სასადილო და ისევ საერთო საცხოვრებელი! ყველა სტუდენტმა არდადეგების გამო საერთო საცხოვრებელი დატოვა, და ეს შენობა მერცხლის მიტოვებულ ბუდეს დაემსგავსა. აქ მხოლოდ სამნიღა დავრჩით -მე, ერთი მეორე კურსელი ყალმუხი ბიჭი და მოხუცი დარაჯი ქალი, ეს ყალმუხი ბიჭი სამალიარო საქმესაც აკეთებს და კალატოზობს კიდევაც, რათა ზამთრისათვის სარჩო-საბადებელი მოიპოვოს, რუსული ენა ცუდად იცის, ამიტომ საგნები ჩასაბარებელი დარჩა და სტიპენდიის იმედი აღარა აქვს, გულჩათხრობილი ბიჭია, ვერ გაიგებ რა უხარია, რა სწყინს? თუმცა რას გაამტყუნებ, ალბათ ეს სამუშაო მის ძალ-ღონეს აღემატება, იქანცება და აღარაფერი ეხალისება. მოხუც დარაჯ ქალს სტუდენტები ორ კატეგორიად ჰყავს დაყოფილი: რუსები და „ბასურმანები”, ჩვენ ორივე ბასურმანების კატეგორიას ვეკუთვნით. ეს ქალი მხოლოდ მაშინ იღიმება, როდესაც ვინმე საჩაიედ ხურდა ფულს შესთავაზებს ან არაყს გადაახუხებს. მის კარებთან მიმდგარ მაგიდასთან ტელეფონს დარაჯობს ან იქვე ტახტზე წევს მოკუნტული და ძველი სალდათის ფარაჯა აფარია. ნეტავ როგორ ძლებს საწყალი ამდენ ხანს, ასე ძაღლუმადლოდ, თუმცა რა, განა მე კი ცოცხალი მიცვალებული არ ვიქნებოდი თქვენ რომ არ მეგულებოდეთ და ჩემი სათაყვანო აბაის ლექსები არ მქონდეს სანუგეშოდ?! ვზივარ საერთო საცხოვრებლის კიბეებზე და გავყურებ დაცარიელებულ ქუჩას. ყარაღანდა საკმაოდ დიდი ქალაქია. ახალი ქალაქი, სადაც ჩვენი საერთო საცხოვრებელი მდებარეობს, უფრო გაცილებით პატარაა და როგორც წინა წერილებში გწერდი, ამ ახალი ქალაქიდან უნებართვოდ გასვლის უფლება არ მაქვს. მეღვინე „ჩალიჩა”' ქართველებთან კი ვერიდები ურთიერთობას, რადგანაც უფულო კაცი ვარ და დროსტარებაში მათ ვერ ავყვები, თანაც არ მინდა, ვინმესგან დავალებული ვიყო. ხშირად მწარე ღიმილით ვიგონებ შექსპირის პოლონიუსი თავის შვილს ლაერტს უცხოეთში გაცილებისას რომ მოძღვრავს: „ფულს ნუ ისესხებ და ნურც ასესხებ, რადგან ამითი ფულსაც კარგავ და მეგობარსაც, ხელს ნუ გაისვრი იმისთანა ახალგაზრდებთან, რომელთ დედის რძე ჯერ ჯუჩებზე არ შეშრობიათ, ვინც კი მეგობრად მიგაჩნია გამოგიცდია ფოლადის ჯაჭვით მიეჯაჭვე”... და სხვა... სად არის მეგობარი, სად?! მეტი რა მოგწერო, გკოცნი ნოშრე.
ვმარტვილობ, ვითმენ სიმარტოვეს, ჯოჯოხეთური მოთმინებით. ამას წინათ საქალაქო ბიბლიოთეკაში მეცადინეობის დროს ჩვენი თერაპიის კათედრის ასისტენტი ქალი შემხვდა, კუჩრიანენკო. ახალგაზრდა ლამაზი ქალია, კეკლუცად გამიღიმა და მითხრა: -კაცო, აქ რას აკეთებ, რატომ თქვენს მზიურ საქართველოში არ მიბრძანდებით? მე თქვენს ადგილას, რომელიმე კურორტზე დროს გვარიანად გავატარებდი. აქ რას იკლავ თავს, რა საგანი დაგრჩა ჩასაბარებელი? ამ ქალს ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნა, პრაქტიკული მაცადინეობის დროს ერთი ავადმყოფის კურირება დამავალა და ისტორია ხუთჯერ თუ ექვსჯერ გადამაწერინა. მრავალი გრამატიკული შეცდომა მიპოვა და წითელი ფანქრით ისე ააჭრელა ისტორიები, ძლივსღა იკითხებოდა სტრიქონები. ბოლოს ისტორია აღარ შემისწორა და მკითხა: -კაცი ხარ თუ ქაჯი კიდევ რამდენჯერ აპირებთ ისტორიის გადაწერას? ბოლოს გულიანად გადაიხარხარა და თქვა: ყოჩაღ, მოთმინება და შრომა მართლაც რომ ყველაფერს ძლევს. შევცბუნდი, წამოვჭარხლდი და თამბაქოს მოსაწევად გარეთ გავვარდი. მესმოდა, ჩემს ამხანაგებს ხუმრობით როგორ ეუბნებოდა: რად გიკვირთ „ბაწია” ჯიუტი რომ იყო (ბაწიაში იგი სტალინს გულისხმობდა). როცა ეს პატარა კაციც კი ასე ჯოჯოხეთურად ჯიუტია. არ იფიქრო, რომ ამ ქალისადმი რაიმე სიმპათია მქონდეს, ხომ იცი შენს გარდა ჩემთვის „მზეც არ სუფევს ცის კამარაზე”. გკოცნი უთვალავჯერ. შენი ნოშრევანი. ყარაღანდა. მკათათვის 30-ს. P. შ. ინსტიტუტში სწავლა ოქტომბრის პირველ რიცხვებში გვეწყება, რადგანაც სტუდენტები ხორბლის ან კარტოფილის მოსავლის ასაღებად მიჰყავთ ამ შავ ქალაქში, მე რატომღაც არ წამიყვანეს, შავ სიმარტოვეში ყოფნას ისევ ბუნების წიაღში ყოფნა მერჩივნა, თუნდაც ჯოჯოხეთური სამუშაო ყოფილიყო. შენი ნოშრე.
ჩემო ნელი! უფრო მეტი სიხარული რაღა იქნებოდა, დედაჩემი ჩამოვიდა და მიამბო, როგორ გულითადად გამოგიცილებია, ისიც კი მითხრა, რომ მამაჩემი შენი იმედით დაუტოვებია, მაგრამ დედაჩემმა გულიც მატკინა. გუშინ შუადღისას სასტუმროდან საერთო საცხოვრებელში დამირეკეს, ყურმილი რომ ავიღე, დედაჩემის სანატრელი ხმა ვიცანი, ჯერ ალერსით მომიკითხა, მერე კი მკაცრად მითხრა: აბა მოშავდი ჩემთან, შე პირშავო, რა დღე დაგაყარო! ვიფიქრე, მეხუმრებოდა, მაგრამ ეს სიტყვები მკაცრი ტონით იყო ნათქვამი, გავოცდი, საჩქაროდ გავქანდი სასტუმროსაკენ, დედამ ჯერ გადამკოცნა. მკითხა როგორ ვარ, მერე კი პირქუშად დასძინა: -ვაჟბატონო ყველა შენი ოინი ვიცი. ლოთობ, საგნები ჩასაბარებელი დაგრჩენია, ვიღაც რუსის გოგოებს გადაჰკიდებიხარ, ჩვენ კი უბედური მშობლები ტყავს ვიძრობთ, რომ შენ პარაზიტი გარჩინოთ აქ. იცი რომ მამაშენი მძიმე ავადმყოფია, ძნელად მოსავლელი და შენ ხარ იმისი მკვლელი. შენი დარდი გვკლავს, ორივეს, მე კიდევ ისა მკლავს, რომ ცუდად გცნობებია შენი შვილი თუმცა რა, კატორღაგამოვლილი კაცისა ვის უნდა სჯეროდეს. წამომყევი -შენს რექტორთან და შენს კაიკაცობას გავარკვევ. ცივად მიპასუხა დედამ. რექტორი ბედად კაბინეტში დაგვხვდა. დედაჩემი თავაზიანად მიიღო. გაცნობა-მისალმების შემდეგ ღიმილით წარმოსთქვა, თქვენი შვილი ბეჯითი და წესიერი ბიჭია, თითქმის წარჩინებით სწავლობს, მე მას კარგად ვიცნობ. რა თქმა უნდა ვეცნობი ბატონ რექტორს, სპეცმეთვალყურეობაზე მყოფი სტუდენტი, რომელსაც „თვალის ჩინივით უფრთხილდებიან”. ჰო, მართლა გადამავიწყდა მეთქვა, დედაჩემი იმასაც კი არ ერწმუნა, მატრიკული რომ ვაჩვენე, სადაც ჩემი აკადემიური მოსწრება იყო აღნიშნული, შემომიტია, ვისი ჩათვლის წიგნაკია, შენი სურათი რომ ჩაგიწებებია. როცა „გადიდარა” დედამ, სასტუმროს რესტორანში მიმიპატიჟა, დანა კბილს არ მიხსნიდა, კრიჭა შემეკრა. დედაჩემს კი გუნება-განწყობილება გამოუკეთდა, გამხიარულდა, თუმცა მაინცდამაინც სანუგეშო ამბებს ვერ მამცნობდა, თურმე სამსახური დაატოვებინეს, ავიწროვებდნენ, ათასნაირ მახეს უგებდნენ საბრალო, იმიტომ არის ასე გამწარებული, ჩვენს მახლობელ მაგიდაზე ქართველები ქეიფობდნენ, ჩვენს ლაპარაკს რომ მოკრეს ყური, გაიხარეს, გულში ჩაგვიკრეს, როგორც სისხლით ნათესავები, უახლოესნი ისე მოვესიყვარულეთ ერთმანეთს. ესენიც მეღვინეები აღმოჩნდნენ, რომელთაც არ ვიცნობდი. დედა აქ რამდენიმე დღეს დარჩება. დამშვიდდა, გული დაიარხეინა, რომ ისეთი საძაგელი არ აღმოვჩნდი, როგორც მანდ ჩემი მტერ-მოყვარენი უხატავდნენ ჩემს თავს დედაჩემს. გკოცნი უთვალავჯერ. შენი ნოშრევანი. ყარაღანდა. მარიამობის თვის 21-ს. ჩემო საოცნებო ნელი! ხანდახან მგონია, უღმერთოდ შევიცვალე. შენ კი ჩემს ხსოვნაში ისევ ისეთი ნელი დარჩი. ცისფერთვალება, ოქროსნაწნავება, ცქრიალა და კეთილი ფერია. ისევ ისეთი როგორიც იყავი ჩვენს ბავშვობაში და სიყრმეში. მწყურიხარ მენატრები, მაგრამ ისევ ვშიშობ, ვაითუ ჩემს გამო შენც მომავალი დაკარგო. ჩემი მეუღლე რომ გახდე. ცხადია ჩემს შავ ბედს გაინაწილებ, მაგრამ ვაითუ ბავშვებსაც, ჩვენს შვილებს და თვით შვილიშვილებსაც კი მონობის უღელი დაებედოთ. P.შ. წინა კურსზე ერთი სიმპათიური ბიჭი სწავლობს, ძალზე ზრდილობიანი და ჭკვიანი ბიჭია. აკურატული და ბეჯითი, მაგრამ რატომღაც ყველას ამობუებული ჰყავს, სახელად რავილი ჰქვია. ათასნაირ ოინს უკეთებენ, ათასნაირად ამაიმუნებენ და აწვალებენ, მაგრამ ჯოჯოხეთური მოთმინებით ითმენს ყველა თავხედის გამოხტომას, თავაზიანად პასუხობს. ნეტავი ამისი მოთმინების მეასედი მომცა. იმ „ინციდენტთან” დაკავშირებით მინდოდა პოდპოლკოვნიკ სმერდოვთან კაბინეტში შევჭრილიყავი და ორიოდე ქართული საალერსო სიტყვა მეთქვა, მაგრამ თვალწინ რავილის სახე წარმომიდგა და ცნობილი შეგონება გამახსენდა: „მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი”. შენი ნოშრევანი. თარიღი არ უწერია! ნელი, ჩემო ნელი! შენგან კარგა ხანის პასუხი არ მიმიღია, რად აგვიანებ ჩემთვის გაზაფხულს... აი, აქ უკვე თოვლმა დნობა დაიწყო, სიცივე მოტყდა, მაგრამ ღამით ქარი ამოვარდება ხოლმე და ისევ ნაცნობი ქარის ქვითინი მესმის, ასე მგონია ეს შავფრთოანი ქარბუქები ვორკუტის მაღაროებიდან ჩამომყვა, მაგრამ მაინც იმ ჯოჯოხეთთან შედარებით ხანდახან მგონია აქ სალხინებელში ვიმყოფები! ერთი კვირის განმავლობაში კლინიკაში ვიწექი გამოსაკვლევად, დაასკვნეს, რომ სავსებით ჯანმრთელი ვარ, ვიწექი ჩვენი უხუცესი პროფესორის ცუკერშტეინის კლინიკაში. ძალიან ცნობილი მეცნიერია, ცხრაასიანი წლებიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი მაგრამ ამჟამად ვიღაცის ხუშტურების გამო აქ გადმოსახლებულა. შესანიშნავი პროფესორია, თუმცა მის კლინიკაში ყველა დაავადებას რევმატიზმის სახელით ნათლავენ. ჩვენი ქირურგიული კათედრის გამგე პროფესორი ხახლოვი დასცინის, მის კლინიკაში ყველაფერი რევმატიზმს ემორჩილებაო. მიუხედავად ამისა მანაც კი ჯანმრთელად ხარო. ამ დღეებში ხახლოვის კლინიკაში ერთი ლამაზი ქალიშვილის კურატორობა დამავალეს. წინასწარი დიაგნოზით იყო მწვავე პიელონეფრიტი. გამოკვლევის შემდეგ დიაგნოზი მეც უცვლელად დავტოვე. შემოვლაზე პროფესორმა ხახლოვმა მიბრძანა მის შესახებ მომეხსენებინა. გულდასმით მოვახსენე. პროფესორმა გაიცინა, თვალებში „ეშმაკუნები” აუთამაშდნენ და მითხრა: -კაცო ეს გოგო სავსებით ჯანმრთელია, როგორი გულდასმითაც მისი ავადმყოფობის ისტორია მომახსენე, ისეთივე კავკასიური გულმოდგინებით რომ გაგესინჯა, უთუოდ დაადგენდი -მას დეფლორატიული პიელიტი აქვს და ქალიშვილს შეეკითხა, ახალი გათხოვილი ბრძანდებით ხომ? და პირველი დღეებიდანვე დაგეწყოთ ასეთი რამ? ხომ ასეა? ქალიშვილი წამოწითლდა და თანხმობის ნიშნად თავი დახარა. აი, კიდევ ერთი სამედიცინო პატარა ნოველა... სხვა მსგავს ამბებსაც გიამბობ ამბებს მომავალში, ოღონდ თუ ხათრი გაქვს, ეგრეთწოდებულ ჩემს „ნოველებს” კასირსკის ნოველებს ნუ შეადარებ. შენი ნოშრევანი. ყარაღანდა... ნელი! შენი წერილი ჩემს სულს სხივივით მოეფენა და იცი რა გამახსენა - თბილისში შინაგანი ციხის საკანში მარტო მყოფს გისოსებში და თუნუქის ჭუჭრუტნაში შემოჭრილი სხივი! როგორ ვიშვერდი მისკენ უმწეო ხელებს მე, სნეული და დამწუხრებული, ნახევრად ბნელი საკანის მკვიდრი, შენი წერილიც იმ ნაობლარი სხივივით შემოიჭრა აქ, ჩემს მწუხარე სულში... ოცნებით აქ შავ ქალაქში კი არა, სადაც ქარსაც კი შავი ფრთები აქვს, მანდ ვარ მზიან და ლამაზ თბილისში, სხვაფრივ ყოველივე ერთფეროვანია. ყოველნი დღენი როგორც ნაცრისფერი ბეღურები ერთმანეთს გვანან. ამას წინათ რწმუნებულს ვკითხე, შეიძლება თუ არა ცოტა ხნით შვებულებაში გამიშვათ მეთქი, გადაიხარხარა. ნამეტანს ნუ ისურვებ, ჭკუით იყავიო. ვინ არ მიხვდება, აი, ძაღლის თავი მის კაბინეტშია დამარხული. ეს თუთიყუშთავიანი მაიმუნი გახლავთ ჩემი ყველა ჩხრეკის ავტორი, სისხლიანი თვალი, რომელიც ყველა ნაბიჯზე მითვალთვალებს... ამ დღეებში ჩემს ჩემოდანში ბარგს ასეთი წერილი დავადე „პატივცემულნო! როდესაც გულდასმით დაჩხრიკოთ ყოველივე, გთხოვთ წესიერად ჩაალაგოთ ისევ ყოველივე”! რატომღაც ამ რეგვენებს ყველა უფლება აყრილი თავისზე ბრიყვები ჰგონიათ. მოგიწყობენ პროვოკაციას, დაგადებენ მარადიულ ხუნდებს და მერე თვითონვე ეშინიათ თავის მიერვე შექმნილი „საზარელი მტრისა”. მე არავისი მტერი არ ვარ, მე ადამიანი ვარ და თავისუფლება მწყურია, მე ადამიანი ვარ და მძულს მტარვალები. მთელს ჩვენს ერს თავისუფლება წაართვეს, მხოლოდ მე კი არა, და თან ირწმუნებიან, ბედნიერება მოგიტანეთო. თვითონ არამზადები და სულით გახრწნილები მე მმოძღვრავენ, გამოსწორდიო, უშრომელები, უკუღმართები ჭკუაზე მარიგებენ „პატიოსანი შრომით გამოისყიდე შენი დანაშაული”. საინტერესოა რომელი სამშობლოს წინაშე? რა დანაშაული? აქ ბევრი ქართველია (სტუდენტებს არ ვგულისხმობ) უმეტესობა გადმოსახლებულია, მეღვინე „ჩალიჩა” ბიჭები ქილიკობენ, ზოგჯერ ჭაჭა ჩემოდნებითაც კი ჩამოგვაქვს და ღვინო-არაყს აქა ვხდითო. დიდძალ ფულს შოულობენ. მე კი ისევ ცაში ვარ და შვიდფერ მუზას ვეალერსები. მიწაზე ერთი გოჯი ადგილიც კი ვერ მიპოვია, რომ მკვიდრად ფეხი დავაბიჯო. როდემდე ვიქნები ასე ცასა და ქვეყანას შორის დაკიდული. ალბათ შენი წმინდა და დიდი სიყვარული დამამკვიდრებს დედამიწაზე, შენი და ჩვენი მომავალი შვილების სიყვარული, რომლებიც ჯერ ამ ქვეყნად არ მოვლენილან. მე იმ პაწიების თმის სურნელებასაც კი ვგრძნობ და ოცნებით პატარა ხელებს ვუკოცნი მათ. გკოცნი უთვალავჯერ ჩემო სიყვარულო. შენი ნოშრევანი. ქ. ყარაღანდა... სალამი ჩემო ნოშრე! რა საჭიროა იმის რწმუნება, რომ შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, შენ ეს იცი და ალბათ წერილებს ძალიან ხშირად წერ. მეც ხშირად ვაგზავნი ბარათებს მაგრამ, როგორც ჩანს გულღვარძლიანი ფილიპოვის სისხლიანი თვალი ყველაფერს უთვალთვალებს. ცხადზე ცხადია -ზოგი წერილი აგვიანებს, ზოგი კი იკარგება და ამიტომ ერთმანეთის წერილებს იშვიათად ვღებულობთ. ახალი ჩემს ცხოვრებაში არაფერია. თავს იმითი ვინუგეშებ, რომ ამ ქვეყნად ჩემზე უხედურიც ბევრი ქალია. აი, თუნდაც ჩემი ექთანი გოგონა თეონა, თავისი ამბავი რომ მიამბო, ხან მწარედ ვიცინოდი და ხან ვტიროდი. ქმარს სიყვარულით გაჰყოლია, თანატოლ ლამაზ ბიჭს, თანაკლასელს. ზედმეტ სახელად თურმე იმ ბიჭს ქვაწვიას ეძახოდნენ. საშუალო სკოლა თურმე არ დაუმთავრებია და შესანიშნავი ოსტატი-ხარაზი გამხდარა. მამაკაცის და ქალის შესანიშნავ ფეხსაცმელს კერავდა, დიდძალ ფულს შოულობდა, მონაგარს სულ მალავდა და ჩქმალავდა, ერთ გროშსაც კი არ ხარჯავდა, თეონას ჯამაგირისათვის მანეთიც რომ მოეკლო, სრულად არ ჩაებარებინა ცემა-ტყეპა და უშვერი გინება არ ასცდებოდა. საშაქრეში შაქარსაც კი უნიშნავდა, რომ ნატეხი არ დაკლებოდა, პურსაც კი ეკონომიას უწევდა, ჩიოდა ბევრსა ჭამო. საწყალ გოგოს იმ ფულსაც კი ართმევდა, რომელსაც ავადმყოფები ჩუქნიდნენ, ვინმეს ინექციებს თუკი უკეთებდა. რა ხანია მერცხლები მოფრინდნენ, აკაციები საყვარლად ყვავიან და თოვლივით თეთრ ფანტელებს აფრქვევენ. მთვარიანი ღამით ჩემი სახლის პატრონ ქალთან ერთად სოფლის წყაროზე გავდივარ. მთვარეს შევცქერი, შენთან ამბორს ვაბარებ. მაგ შავ ქალაქშიც ხომ ანათებს მთვარე. შენ კი არ უმჟღავნებ მას შენი გულის ნადებს? გუშინ წავკისში წამიყვანეს ავადმყოფთან, გზადაგზა მე და თეონამ ყვავილები დავკრიფეთ, როდესაც დავბრუნდი, შენი სურათი შევამკე და დიდხანს გესაუბრე. გვიან ღამით კი როდესაც ყველას ეძინა, ისევ ჩემს მეგობარს -მთვარეს შევცქეროდი და შენ გებაასებოდი. შენთან ვაბარებდი ჩემს გულის პასუხს. სულით ნუ დაეცემი. სულ ეგ შავი დღეები არ იქნება შენი წილხვედრი, ხომ მოწამე ხარ იმ მკაცრ ზამთარში იმიერპოლარეთშიც კი მუდმივ ღამეში, განთიადის ჟამს ცოტათი განიბნევა ხოლმე წყვდიადი. სულ ეგ შავფრთიანი ქარი არ იქროლებს, იქნება ამ ვარდობისთვის თბილი მთვარის და თეთრად გადაპენტილი აკაციების შუქიც და იქნება ბრწყინვალე განთიადის მზის ელვარებაც. წუხელაც ღამით ბულბულის სტვენას ვისმენდი, დიდხანს არ დამეძინა. ბულბულის ხმას ჭოტის გაყინული გულსაკლავი ხმაც ასდევდა და მე ვფიქრობდი: შეუძლებელია ბულბულის სტვენას ჭოტის ხმამ ძლიოს, სიყვარულს კი სიძულვილმა. მხნედ იყავი, გკოცნი შენი ნელი. ქ. თბილისი... P. შ. მეც მაქვს ბევრი უსიამოვნება, ბევრი კურიოზიც შემემთხვევა ხოლმე. ერთი კვირის წინათ ჩემთან ამბულატორიაში ერთი სოლიდური შესახედაობის კაცი შემოვიდა და შემოსვლისთანავე ჩემს დატუქსვას შეუდგა: -თქვენ აქ გასაჩერებელი არ ბრძანდებით, თქვენ ხართ დამნაშავე, რომ მუცლის ტიფის ინფექცია გაჩნდა. კვალმა თქვენთან მომიყვანა. რას ბრძანებთ ბატონო, ამოვილუღლუღე მე და ცივმა ოფლმა დამასხა. შინსახკომის თანამშრომლად მივიჩნიე და გავიფიქრე, განა ცოტა უდანაშაულო ადამიანი დაუდანაშაულებიათ მავნებლობაში. -მე პროფესორი ინფექციონისტი არჩილ მაჩიტაძე გახლავართ. ამ საქმის გამოძიება და ინფექციის ლიკვიდაცია მომანდეს რაში გედებათ ბრალი? თქვენს საექიმო უბანში აღრიცხვაზე არა გყავთ აყვანილი მემაწვნეები. არავითარი პროფილაქტიკური მუშაობა არ ტარდება, არ ტარდება ლექცია-საუბრები. ზოგიერთი თქვენი მემაწვნე ინფექციურ საავადმყოფოში ასაღებს თავის ნაწარმს და შემდეგ იმავე ქილებით, რომელსაც არავითარი დეზინფექცია არ უკეთდება, ახლა სხვაგან ყიდიან მაწონს ან რძეს, ეს ფაქტი უტყუარად დადგინდა.შეშფოთებული თითებს ვიმტვრევდი: -რა ვქნა, რა მოვიმოქმედო? -რა და ამბულატორია უნდა დაკეტოთ და გამოიკვლიოთ ყველა მემაწვნის განავალი, აგრეთვე მისი ყველა ოჯახის წევრის ბაქტეროლოგიური გამოკვლევაცაა საჭირო. ახლა კი თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა გავიცინე. ეს ხომ აბსურდია ბატონო პროფესორო. ჩვენ რომ აქ ლაბორატორია გავხსნათ ვინღა ემსახუროს ამ სამი სოფლის მრავალრიცხოვან მოსახლეობას. -ცუტ, ცუტ, კიდევაც რომ ბედავს შეკამათებას, მადლობა ღმერთს, რომ ოცდაათიანი წლები აღარ არის, თორემ დღესვე გამაქანებდნენ სადაც ჯერ არს. „დანმაშავეს” უეცრად იპოვნიდნენ და ინფექცია კი უფრო და უფრო იმძვინვარებდა... -მაშ ასე ხვალევე დაკეტავთ თქვენს დუქანს და შეუდგებით მეცნიერულ კვლევას. -ეს აბსურდია, შევესიტყვე მე. -მაშ კარგი, ხვალვე მინისტრს მოვახსენებ და სადაც ჯერ არს, იქაც. ალბათ გაინტერესებს როგორ გადაწყდა ეს საქმე? ჩემი ახსნა-განმარტების შემდეგ მინისტრმა ბატონ პროფესორს დაავალა, რომ ბატონ არჩილს გამოეყო თავის კლინიკაში კიდევ შტატი, რომელიც რეგულარულად აწარმოებდა ჩვენი მემაწვნეების და მისი ოჯახის წევრების სათანადო გამოკვლევას და არა მთელი სამი სოფლის მოსახლეობისას, როგორც თავდაპირველად ბატონმა პროფესორმა მოისურვა. აქ რომ ასეთი განუკითხაობაა, მანდ რაღა იქნება. ისევ შექსპირის გამონათქვამით დავამთავრებ ამ წერილს: -ცალი თვალი რომ იცინოდა ცალი ტიროდა. შენი ნელი მირნელი. ქ. თბილისი... ჩემო ნოშრევან! ჩემო დიდო ბავშვო, „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა ცუდია დაღრეჯილობა”. დაივიწყე რაც იყო, ახლა მხოლოდ კარგზეღა უნდა იფიქრო, ალბათ „ისინი” ცუდი თვალით არ გიყურებენ თორემ სტუდენტობას არ გაღირსებდნენ. სიყრმეც და მოცალეობაც ხელს უწყობთ შეეძლოთ თუ სურდათ კალიმაზე ან ახალ მიწაზე ამოეყოფინებინათ შენთვის ისევ თავი. გახსოვს შავტარიანი დანით დიდედა რომ შეგილოცავდა: „გულო ჩაჯექ ბუდეში, გულო ნუ გეშინია”. მართალი უთქვამთ იმ გოგონებს ვერ ივარგე ამდენი ტანჯვა-წამების მნახველმა, კიდევ ჭკუა ვერ ისწავლე, ბოჩოლასავით უეშმაკო ბიჭი დარჩი. ჩემს ცხოვრებაში რაა ახალი, შესაძლოა მალე თბილისში გადამიყვანონ სამუშაოდ. ჩემი მეგობარი გოგონას მამიდა მეხმარება. შენს დედ-მამასაც ხშირად ვინახულებ და ვანუგეშებ. მამაშენი უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ მარჯვენა ხელით წერა უჭირს. გული მიგრძნობს რაღაც დიდი სიახლის მოწამენი უნდა გავხდეთ, შენ ვერა გრძნობ დროება უსათოოდ შეიცვლება, ასე არ შეიძლება დარჩეს ყველა და ყველაფერი, გკოცნი უთვალავჯერ. შენი ნელი მირნელი. ბორჯომი. ლიკანი.
სალამი ჩემო საოცნებო ნელი! დედ-მამას ყველაფერს ვერ გავუმჟღავნებ და ისევ შენ გწერ ჩემი გულის ვარამს. ცოტა არ იყოს უსიამოვნება შემემთხვა, ხომ გახსოვს ვშიშობდი პროვოკაცია არ მომიწყონ მეთქი სიზმარშიც კი სულ საპყრობილეებს და სარეჟიმო ბანაკებს ვხედავ, თავს ისე ვგრძნობ როგორც ფეხზე გრძელბაწარგამობმული ფრთამოტეხილი ჩიტი, გალიიდან რომ სულ ახლახან გამოუშვეს და კვალდაკვალ ბოროტი, ონავარი ბავშვები ყიჟინით დასდევენ... და სულ მალე აწამებენ, რომ გაერთონ! ჩვენ უკვე სამხედრო საქმის საგანი დაგვამატეს, სპეციალური სამხედრო კათედრაა. მთელი კურსიდან მხოლოდ მე არ დამიშვეს მეცადინეობაზე. სპეცგანყოფილებაში გამომიძახეს სადაც რწმუნებულის გარდა სამხედრო კათედრის გამგე პოდპოლკოვნიკი სმერდოვი დამხვდა და პროფესორი მედვედეევა ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის გამგე -(სამედიცინო ინსტიტუტის პარტკომი ყოფილა) გამესაუბრნენ და მამცნეს: შენი დაშვება სამხედრო კათედრაზე არ შეიძლება, რადგანაც კათედრა გასაიდუმლოებულია, მაშ როგორ ჩავაბარებ საგანს, ვკითხე შეშფოთებულმა -ვიმსჯელებთ ვნახოთ იმ ანდაზის არ იყოს „ეს ფონი კარგია მაგრამ ერთ ადგილას ახრჩობსო”. ჯანდაბას ამათი თავი რაც იქნება იქნება. მომღალა ამდენმა უღმერთობამ. მწარე ღიმილით ვიმეორებ -ვნახოთ, იმსჯელებენ. ბარაქალა მაგათ მიცვალებულს! ფორმაში გამოწყობილი კაცი რომ გამოჩნდება, ასე მგონია იგი უდავოდ ჭკუის კოლოფი და ბრძენი კაცი იქნება და იდუმალ შიშს იწვევს ირგვლივ მყოფებში. იმსჯელებენ, ვნახოთ. ან კი რა მსჯელობაა საჭირო ხომ უკვე სამნი არიან. ოცდაჩვიდმეტი წლიდან მოყოლებული ყველასთვის ცნობილია სახელგანთქმული „ტროიკა”, გაუმარჯოს იეზუიტებს -ვივა! ბარაქალა მაგათ მიცვალებულებს. როდის მოეღება ბოლო ამ კრეტინიზმს. ამ წერილს ერთ კარგ ბიჭს ვატან კოტე ბოსტოღანაშვილს, მუდმივი აბიტურიენტია, გული მიგრძნობს, ახლა მალე მუდმივი სტუდენტიც გახდება. საწყალი ბიჭი მესამე წელია აბარებს, თან ქვანახშირის მაღაროში მუშაობს, იქნებ ცოტაოდენი ფული მოვაგროვო და საქმე ჩავაწყოო. მშვიდობით შენი ნოშრევანი. ქ. ყარაღანდა. ჩემო სათაყვანო ნოშრე! რა სიახლეა ჩემს ცხოვრებაში? თითქმის თბილისში ვმუშაობ. ტაბახმელის საექიმო უბნის მთავარ ექიმად დამნიშნეს, მყავს სულ ქალი თანამშრომლები, მყავს სტომატოლოგი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა შინაბერა ქალი, პედიატრი ახალგაზრდა ქალიშვილი და ძლიერ მოხუცი გინეკოლოგი -დედაკაცი, ოთხი ექთანი გოგონა, სამ სოფელს ვემსახურებით -თვით ტაბახმელას, შინდისს და წავკისს, ლამაზი მიდამოა ხალხი მემაწვნეობასა და მეყვავილეობას მისდევს, ოდესღაც წავკისში თამარის საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა, ხოლო გასულ საუკუნეში -ორბელიანების აგარაკი, ყოველდღე თბილისიდან დავდივარ. ავადმყოფებს უმეტესად ფეხით ვეახლები ხოლმე, განსაკუთრებით მიმძიმს წავკისში და შინდისში შესვლა, სოფლის თავში უამრავი ნაგაზების ხროვა მხვდება ხოლმე. კაცი რომ ვიყო, ალბათ დამფლეთავდნენ. ჩანთაში მუდამ მაქვს პურის ნატეხი. ყველგან ადიუტანტივით თან მდევს თეონა -გონებამახვილი და მკვირცხლი გოგონა, რომელმაც უკვე გათხოვებაც და გამოთხოვებაც მოასწრო. ძალინ დიდი იუმორის გრძნობითაა დაჯილდოვებული, ჩემსავით უყვარს პოეზია და ყვავილები. აქ ბევრი ყვავილია. გაზაფხულზე უამრავი იაა. შემოდგომობით ხნულებში შამპანურის მოცისფრო ჭიქებივით მაღალი, საოცრად ლამაზი ყვავილები იზრდება, არ კი ვიცი რა ჰქვია ამ ყვავილებს. წავკისელ მოხუცებს დღემდე ახსოვთ, რომ აქ ოდესღაც, ბევრი ახალგაზრდა ქართველი იუნკერისათვის საბედისწერო ცხარე ბრძოლები ყოფილა, მოხუცები ჩუმ-ჩუმად ანთებენ სანთელს მათი სულების მოსახსენიებლად, ლოცულობენ. სოფლის საბჭომ ბინა მიქირავა. თეონა ჩემი ხშირი სტუმარია, სხვა ექთანი გოგონებიც, ექიმები კი უფრო ხშირად თბილისიდან დაიარებიან. ღამით მომხიბვლელი სანახაობა იშლება თვალწინ, საყვარელი დედაქალაქი ლამპიონებით გაჩირაღდნებულ ოქროსფერი ვარდებით შეკონილ თაიგულს რომ მოგვაგონებს. გასულ კვირას შენმა ძმაკაცმა კოტე ბოსტოღანაშვილმა შემოგვიარა და შენი წერილი გადმოგვცა. ამ წერილს მასვე ვატან. ძალიან მორცხვი და სასაცილო ბიჭია, ალბათ ესაა მისი წარუმატებლობის მიზეზიც. ალბათ ძალიან კეთილი ბიჭიცაა. გკოცნი შენი ნელი მირნელი. სოფ. ტაბახმელა. მირკანის 13-ს. გულითადი სალამი ჩემო ნელი! რარიგ მენატრები. რარიგ მენატრება მხარე მშობლიური, მაგრამ რას იზამს კაცი, ჩანს ამ ვარსკვლავზე დავბადებულვარ. ამდენი ხომ მაწამეს და ახლა რაღას მემართლებიან. რა უნდათ ჩემგან. კიდევ კარგი, რომ შენ მეგულები ამ ქვეყნად და ასევე ჩემი სათაყვანო დედ-მამა. უთქვენოდ როგორ გავუძლებდი ამ ჯოჯოხეთს. იცი რა გამიკეთეს, ვითომ ფხიზლობენ ეს იდიოტები, რა აქვთ იმ მათხოვრებს სასაიდუმლო?! რა იციან ისეთი, რომ სხვამ არ იცოდეს, ყველაფერს რომ მალავენ და ჩქმალავენ, როგორც ბრიყვი კატა თავის ცურცლს (ბოდიში ამ უცენზურო გამოთქმისათვის) და ყველგან უბადრუკობა და სიღატაკეა. ამას წინათ ერთი უცხოური მოთხრობა წავიკითხე და გულიანად ვიცინე. ვიღაც ესპანელ იდალგოს მშობლიურ კუთხეში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, რადგანაც მუდამ ძვირფას სამოსელში საზეიმოდ იყო გამოწყობილი. ამაყად დადიოდა მშვენიერ მანტიაში გამოხვეული, ლამაზად აწკეპილი ულვაშებით, დამშვენებული კმაყოფილად მომღიმარი, ხოლო თუ ვინმე შინ ესტუმრებოდა უძვირფასეს უზარმაზარ ხალიჩას მოკრავდა თვალს, მამა-პაპისაგან ნაანდერძევს, მეზობელნიც და ნაცნობ-მეგობარნიც მის კეთილდღეობას შენატროდნენ და ბევრი შურის თვალითაც უმზერდა. მის ცოლ-შვილზე საოცარი ლეგენდები დადიოდა, მზეთუნახავნი არიანო. ერთ დღეს საზარელი ქარიშხალი ამოვარდნილა, ყველაფერი მიურეგ-მოურეგვია. სტიქიას არც ეს ამპარტავანი აზნაურიშვილი დაუზოგავს. დაულეწია მისი სახლის საპარადო კედელი. ჩამოუფლეთია ძვირფასი ფარდაგი. და ჰოი, საოცრებავ მთლად დედიშობილა მისი მეუღლე და მრავალრიცხოვანი ქალიშვილები გამოჩნდნენ. მე კი საბას მელასი არ იყოს ჩემი დამემართა, მაგრამ ესენი, როგორ ააშენებენ სოფელს იმასაც ვნახავ. მჯერა ოდესმე დაქროლებს განკითხვის ქარიშხალი და ამ კუდაბზიკა ღარიბ-ღატაკი მათხოვრების სახესაც იხილავს მსოფლიო. ხომ გახსოვს წინა წერილებში რომ გწერდი, სამხედრო მეცადინეობაზე არ დამიშვეს, შემდეგ კი ინსტიტუტის სპეცგანყოფილებაში „სამეული მომეფერა”. სულ რაღაც ამაზრზენი გრძნობა დამყვებოდა თან. და აი, ამ დღეებში ვიღაც სტუდენტმა (თანაკურსელმა) ჰაიჰარად სამხედრო საქმის კონსპექტი დაკარგა. სრულიად უცერემონიოდ მოვიდა ჩემთან საყელოში ხელი მტაცა და მუქარით მითხრა: „დაგახრჩობ თუ რვეულს არ მომიტან, შენს მეტი მისი ამღები არავინაა”, გავცოფდი. მაგარი სილა გავაწანი და წიხლქვეშ წავიგდე. ბიჭებმა ძლივს გაგვაშველეს და პირში უთხრეს: - სწავლაში ყველაზე მაჩანჩალა ხარ, წესიერი კონსპექტი არასოდეს გქონია და რაღა სამხედრო საქმის კონსპექტს მისტირი შე ლოთბაზარა დეგენერატოო. მალე რვეული ერთ-ერთმა ამხანაგმა მისივე ბარგში აღმოაჩინა და რა თქმა უნდა კიდევ უთაქეს. ბოლო დროს ჩემი ბარგის ჩხრეკვას უმატეს, ხომ დიდებული ლოზუნგია. სწავლა, სწავლა და კიდევ სწავლა! და აი, თუმცა ყოველ ნაბიჯზე მჩხრეკავენ, სულში მაფურთხებენ, ხაფანგებს მიგებენ, მიუხედავად ამისა მაინც ვსწავლობ, ვსწავლობ და ვსწავლობ. მაგონდება ხალხური ლექსი „შავი შაშვი”, ჩემმა მეგობარმა ყაზახმა ბიჭმა იანუარმა ბედგამონაცვალი ბუღალტერი ქალი ითხოვა, ქართულად მივულექსე: „პოეზიის თუ ხარ მტერი შეიყვარე ბუღალტერი” და ვუთარგმნე. ბევრი იცინა, თუ გახსოვს წინა წერილებშიც გწერდი, პირველად მან მაზიარა ყაზახურ ხალხურ პოეზიას. მისი ბწკარედით ვთარგმნე „ბურულტაი”. ხოლო შემდეგ დიდებული პოეტის აბაის რამდენიმე ლექსი. ეს ჩემთვის დიდი ნუგეში იყო. იანუარმა მიამბო შაკარამას მწარე ხვედრის შესახებაც, როგორ უწამებიათ და მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო უსაზღვროდ უყვარდა. კაციჭამიებს ხმლით აუჩეხიათ და ჭაში ჩაუგდიათ. შაკარამა აბაის სისხლისმიერი ახლო ნათესავი ყოფილა. მომაგონდა. ვაჟა ფშაველას ვაჟიშვილის მწარე ხვედრიც. ოდესმე აბაის ქართულ ენაზე ავახმიანებ, აბაის, რომელმაც გასულ საუკუნეში თავის ეპოქას მგლების ხანა უწოდა. ნუთუ საშველი არაა. ახლა ხომ მგლების ხანაზე უფრო მეტია, ცოფიანი მგლების ეპოქაა. მშვიდობით ჩემო ნელი. გკოცნი მრავალჯერ. შენი ნოშრევანი. ყარაღანდა. P.შ. ერთფეროვნებაა. ყოველი დღე ერთმანეთს საოცრად ჰგავს. შენ კი ჩემო კარგო ხშირად მომწერე. მანდ დედაქალაქში ალბათ სიცოცხლე დუღს, ხომ იცი როგორ მენატრება მანდ განავარდება, თბილისში ახალ ამბავს რა გამოლევს. მახსოვს რუსთაველის გამზირზე რომ გავივლიდი („რუსთაველზე ხეტიალი ნუ მოგვეშალოს”), თავის ქნევით ვიღლებოდი -იმდენი ნაცნობ-მეგობარი მხვდებოდა სალამ-ქალამით. ვიღას ვეხსომები თუნდაც ჩამოვიდე ახლა, ვიღას ვეხსომები, ორიოდე ნაცნობ-მეგობრისა და ნათესავის გარდა. შენ კი მწერ, რომ თითქოს ნაცნობ-მეგობრებიც გულთბილად მიგონებენ. ვეჭვობ. ძალიან გთხოვ შენი სურათი გამომიგზავნე. შენი სახე ლამის დამავიწყდეს. ეს რა სისულელე წამოვროშე. რა დამავიწყებს შენს სახეს. თვითონ სიკვდილიც ვერ დამავიწყებს შენს სახელს და სათუთ სახეს. შენ ჩემთვის უკვდავი ლექსი ხარ, რომელიც ვერ გამომითქვამს და სულს მიცისკროვნებს. გკოცნი მრავალჯერ. შენი ნოშრევანი. ყაზახეთი. სტეპი. მკათათვის 21-ს. P.შ. იცი რა გამახსენდა? ჩვენი სასიქადულო მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა. გახსოვს რომ გწერდი, თბილისში ჩამოსული ერთი ინგლისელი მწერალი ქართველ მწერალს დაუმეგობრდა. განშორებისას თავისი მისამართი მისცა - ლონდონი. ამა და ამ ოტელში. ამა და ამ ოთახში ამა და ამ მწერალს. ქართველმა მწერალმა კი, რომელმაც არ იცოდა რა ბედი ელოდა, ასეთი მისამართი მისცა. მეტეხის ციხე. ესა და ეს საკანი. ესა და ეს მწერალი. შენი ნოშრე. მეც ისევ მინდორში ვარ. „და იგივე ვარ მარად და მარად”. ფეხზე ბაწარგამობმული ჩიტი. სალამი ჩემო ნელიკო! ახალი მხოლოდ ერთი რამეა, უკვე ექიმებად გვთვლიან, დაინიშნა რაღაც სპეციალური კომისია, რომელშიც შედიან ჩვენი ინსტიტუტის რექტორი, სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, პარტორგანიზაციის მდივანი, სპეცგანყოფილების გამგე, შინაგანი განყოფილების რომელიღაცა პასუხისმგებელი პირი, სამუშაოდ გვანაწილებენ. უმეტესად შორეულ მივარდნილ სოფლებში, ზოგიერთს „ზრდილობის გულისათვის” გვეკითხებიან, თანახმა ვართ თუ არა ამა და ამ ადგილას წასვლაზე. ჩემმა რიგმა რომ მოაღწია ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს. -სად ისურვებდით მუშაობას, მკითხა დაბღვერილმა, ფორმაში გამოწყობილმა კაცმა. მოდი და ნუ ეტყვი ამ მამაძაღლს, რომ მშობლიურ კუთხეში მირჩევნია სიკვდილი სამოთხეში გაგზავნას. შემომთავაზეს ნურის საბჭოთა მეურნეობის საექიმო უბანში მუშაობა. აშკარაა ჩემთვის კარგს არაფერს გაიმეტებენ, მაგრამ სულ ერთია, მგონი ეს უფრო მშველის, ჯიქურად რომ მივიწევ საფრთხისკენ -სადაც უფრო საჭიროა ექიმი. - ვუპასუხე მე და თვალი თვალში გავუსწორე. სიხარულით გაბრწყინდნენ. მახე დაგებული იყო. „მგელი კი ორივე ფეხით გაება”. გარეთ გამოსულს ამხანაგებმა მკითხეს -სად გაგანაწილესო? - ნურაში, ვუპასუხე მე. -მეურნეობაში. -ოჰ, შეწუხდა ერთი ამხანაგი. არ ვარგა და მითხრა: -რატომ დათანხმდი. მე იმ ჯოჯოხეთური კუთხიდან ვარ, იქ ხომ ტულარემიის ენდემიური კერაა. პერიოდულად ფეთქებადი. რაღა ტულარემია და რაღა შავი ჭირი. ორივე ვირთაგვების ნაშიერია და მრავალი ათასი ადამიანიდან ერთი თუ გადარჩება სასწაულად. ხომ ვისწავლეთ ლიმფური ჯირკვლები უსივდებათ ადამიანებს და მოგჭამა ჭირი, სიცოცხლეს უნდა დაემშვიდობო. ვიდრე გვიანი არ არის შეეხვეწე, რომ იქ არ გაგიშვან. -მერედა ვინმე ხომ უნდა წავიდეს. სულ ერთი არაა მე ვიქნები თუ ვინმე სხვა. შენ იცი შენი საქმის, პირქუშად მიპასუხა ამხანაგმა. არა უშავს რა, ხომ იცი ძვირფასო პერანგში დაბადებული კაცი ვარ, განა ესილის მეურნეობაში კი არ გადავურჩი ტიფის მძვინვარე ინფექციას? არაფერი მომეკარება. ეტყობა საჭიროა, რომ ვიცოცხლო. ვიცოცხლო განკითხვის დღემდე, როცა განგება განაჩენს გამოუტანს იმ არამზადებს, ხალხის სისხლით და ცრემლით, რომ ვერ გამძღარან. გკოცნი შენი ნოშრევანი. ქ. ყარაღანდა. ჩემო ნელი! ვინ იცის რა საძაგელ ხასიათზე დადექი, ჩემი წერილი რომ წაიკითხე -თურმე კაცი, ზოგჯერ სასოწარკვეთას რომ მიეცემა, ყველაფერს ძაძისფერად ხედავს, შავი ძაძისფერად, სწორედ მაშინ გათენდება დილა მზიანი და „ყველა მწუხრსა ის განანათლებს”. უეცრად ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომიძახეს და მამცნეს, გადასახლებიდან განთავისუფლდით, უფლება გაქვთ დაბრუნდეთ თქვენს სამშობლოში. საბუთები გაფორმებულია. თქვენს წასვლას თუ შევაფერხებ, პასუხს გვაგებინებენ. -კი მაგრამ, მე ხომ სტუდენტი ვარ. დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, -არაფერი არ ვიცით, საჩქაროდ უნდ დატოვოთ აქაურობა. ხომ არ გაგიჟდნენ, რაშია საქმე, ეს რა თავისუფლებაა. თუ ისევ ამათ დაკრულზე უნდა ვითამაშო. -არსადაც არ წავალ. მე სამუდამოდ აქ ცხოვრება გადავწყვიტე, სამუშაოდაც აქ ვარ განაწილებული, თუ თავისუფალი ვარ, სადაც მსურს იქ უნდა ვიცხოვრო მეთქი. რომელი ჭკუათამყოფელი დატოვებს ამდენ ნაშრომ ნაღვაწს და კისრისტეხვით გამოიქცევა ამ წუთშივე... ამ ზაფხულს კი უსათუოდ ჩამოვალ და ყველას გულში ჩაგიკრავთ. ვინ იცის განთავისუფლება კი არა, რაღაც მორიგი მახეა დაგებული და ისევ იქ მიკრან იქნება თავი, სადაც „მაკარი ხბოებს არ მწყემსავს”! ვინ იცის! შენი ნოშრე. ქ. ყარაღანდა. ჩემო ნელი! ალბათ აქ ყოფნის ცოტა დროღა დამრჩენია. დღეებს თითებზე ვითვლი, საბუთები მზადაა, სახელმწიფო გამოცდები სულ ადვილად ჩავაბარეთ და 2 ივლისს მკურნალი ექიმის კვალიფიკაცია მოგვანიჭეს. ასე მგონია ყოველი წუთი საუკუნედ იქცა. გუშინწინ ღამით ბანკეტი გვქონდა. სტუდენტთა სასადილოში გავშალეთ სუფრა, მიწვეული გვყავდა პროფესორ-მასწავლებლებიც... იყო ყვავილებიც, სიხარულის ცრემლებიც და განშორების სევდაც. მთელი ღამე ვღრეობდით, ვცეკვავდით, გული მაინც დახურული მქონდა, ნეტავი როგორ შემხვდება სამშობლო. ვაითუ მთელი სიცოცხლის განმავლობაში იქაც ემიგრანტი და დევნილი დავრჩე. ნელი! იქნებ ისე დაგლახებული და გამოცვლილი გეჩვენო რომ ჩემთან შეუღლებაც აღარც ისურვო. მძიმე იქნება ალბათ ჩვენი ჭაპანი, ჩვენი უღელი. ჩემთან ერთად ეკლიან გზებზე სიარულს შეძლებ? მეტი რაღა მოგწერო, ჩემ დედ-მამას ეს სასიხარულო ამბავი ახარე. ისეთ არეულ ქვეყანაში ვართ შესაძლოა ჩემს მიერ გამოგზავნილი დეპეშა დაგვიანებით ჩამოვიდეს. გკოცნით უთვალავს, თქვენი ნოშრევანი. ქ. ყარაღანდა მკათათვე 195... წ. ეპილოგის მაგიერ
რა ბედი ეწვია ნოშრევანს და ნელის ბედის უკუღმართობამ მათი გზები სამუდამოდ ხომ არ გაყარა? უსაზღვრო სიყვარული სიძულვილით ხომ არ შეეცვალათ? როგორ? ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა დიდ სიყვარულს სიკვდილი უწერია? ან იქნებ ფიქრობთ რომ სიყვარული არ არსებობს საერთოდ? ნურას უკაცრავად, ყველა ურწმუნოთა ჯიბრზე უნდა მოგახსენოთ: სამშობლოში დაბრუნებულ ნოშრევანს ოჯახი მთლად დანგრეული დახვდა. მამა რამდენიმე წლის გარდაცვლილი, დედა რეპრესირებული, სამსახურიდან გამოგდებული, თბილისში ბინა ჩამორთმეული და დალუქული, არც მშობლიურ თბილისში ცხოვრების უფლება მისცეს, ხანგრძლივი ვადით გაასახლეს, სოფელში ჩასულსაც მამაპაპური სახლი იავარქმნილი დაუხვდა, სახლთან მდებარე ვენახი კი გაჩანაგებული. მამა ეზოში დაეკრძალათ, ფოსტის ყუთის კარი რომ გააღო კრაზანები გამოფრინდნენ ზუზუნით. ეზოში მუხლამდე ბალახი ბიბინებდა. ჩამომპალ და ხავსმოკიდებულ კიბის საფეხურებს რომ აუყვა, ოთახში შეაბიჯა მისი ყურადღება კედელზე გაკრულმა ძველმა ნოხმა მიიპყრო, ზედ სიმებჩაწყვეტილი გიტარა და ჩონგური ეკიდა, იქვე ძველ დაყანდებულ კომოდზე ენაამოგლეჯილი სალამური შენიშნა. სიკვდილის წინ მამამისს სევდიანი ღიმილით უთქვამს -მე აღარ ვიქნები მაგრამ გული მიგრძნობს, ნოშრევანი უსათუოდ დაბრუნდება ჩონგურს და გიტარას სიმებს აუბამს, სალამურს ენას ჩაუდგამს და მე ჩემი დედ-მამის გვერდით საგვარეულო სასაფლაოზე დამმარხავს. თვალცრემლიანი ლანდივით დასდევდა დედა. სად იყო ამ დროს ნელი? ნუთუ მან ნოშრეს ზურგი აქცია? არა მეგობრებო! სამშობლოში ნოშრეს დაბრუნების პირველივე დღიდან ერთად იზიარებდნენ ჭირსა და ლხინს ეს მრავალტანჯული ადამიანები. ამას წინათ კახეთში მივლინებით გამგზავნეს. მათაც ვესტუმრე, მოვინახულე მათი ლამაზი ბუდე. ნოშრე სახლის წინ ბოსტანში ბარავდა. მოესწრო, ვენახი უკვე გაეკრიალებინა და გაებრწყინებინა. ხოლო ნელი თავის პირმშო ბიჭუნას იავნანას უმღეროდა: „იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო იაგუნდის მარანშია, იავნანინაო შიგ ღვინო და ლალი ბჭვისო, იავნანინაო შიგ ალვის ხე ამოსულა იავნანიანო ნორჩია და შტოსა შლისო, იავნანინაო, ზედ ბულბული შემომჯდარა იავნანინაო გასაფრენად ფრთასა შლისო იავნანინაო”! მღეროდა ბედნიერი დედა, ქართველი ქალი, რომელმაც სიყვარულს საზღაპრო ტანჯვა-წამებაშიც კი უერთგულა და საყვარელ ადამიანს ახლაც მოთმინებით უწევდა მძიმე უღელს. მზე იყო შინ და გარეთაც, ლამაზი განთიადის მზე. გაზაფხულის მზე. ხეხილი ყვაოდა და ჩიტების ჟრიამული ისმოდა. ნოშრემ რომ შემნიშნა, უზომოდ გაიხარა, შინ შემიპატიჟა. ძველებურ ნოხზე გიტარა და სიმებაბმული ჩონგური ეკიდა, ხოლო კომოდზე ენაჩადგმული სალამური იდო. მოჩუქურთმებულ ლამაზ აკვანში ფუნთულა ბიჭუნას ეძინა და პატარა ხელი სათამაშო ხის ხმალზე ედო. ნელის და ნოშრევანს სახე ღვთიური მადლით ჰქონდათ გაცისკროვნებული, უეჭველია სჯეროდათ ხვალინდელი დღისა, სჯეროდათ, რომ მათი შვილები და შვილიშვილები უფრო ბრწყინვალე მზეს იხილავდნენ, უფრო ჭეშმარიტ მზეს და არა უსაზარლესი ყინვით გათოშილ საცოდავ ცას და იმ ცაში მკრთალად მოციაგე უამავ ყალბ მზეებს. მათ აღარ მოღლიდათ იმაზე ფიქრი, რომელია მათში ცრუ და რომელი ჭეშმარიტი მზე. შავი მზე. ბოლოთქმა პატივცემულო მკითხველო ეს ნაწარმოები ნაჩქარევად იწერებოდა, ხშირად მალულადაც კი, ეს რომანი კი არა, ფაქტობრივად წერილების გროვაა მთხრობელის მიერ, ოსტატობას მოკლებული. ბევრი თარიღი ცრემლით ან ჟამთაცვლითაა წაშლილი, ზოგი კი ისე საშინლადაა დაწერილი, ძლივსღა იკითხება, მაგრამ შესაძლოა ვინმეს ცხოვრებაში გაკვეთილად გამოადგეს: რა პირობებშიც უნდა იყოს, ადამიანმა ფარ-ხმალი არასოდეს უნდა დაყაროს და სწამდეს, რომ რადგანაც ღმერთმა ის თავის მსგავსად და ხატად შეჰქმნა, თუ იგი ღვთის გზით ივლის აუცილებლად გაიმარჯვებს მართალია წუთისოფელი ხშირად გაუსაძლისია, ზოგჯერ ჯოჯოხეთური ყოფაც კი შეიძლება ოცნებით, ბუნების სილამაზით, სიყვარულით ან ბედის უკუღმართობასთან შებრძოლებით გაილამაზო.-
ავტორი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ამ საიტზე რომ წავიკითხე, თვალები საშინლად მეტკინა, ახლა მის მეორე რომანს ვკითხულობ, ვორდში გადავიყვანე, შუალედები სტრიქონების 2,0-ზე გადავიყვანე და ცისფერი ფონი მივეცი. შემდეგ პდფ-ში გადავიყვანე. მეორე რომანიც იმ დაუნდობელ დროზეა.
საუკეთესო სერიალი გამოვა ორივე რომანისგან.
გამოგიგზავნით პდფ-ში, ქალბატონო ნინო. ამ საიტზე რომ წავიკითხე, თვალები საშინლად მეტკინა, ახლა მის მეორე რომანს ვკითხულობ, ვორდში გადავიყვანე, შუალედები სტრიქონების 2,0-ზე გადავიყვანე და ცისფერი ფონი მივეცი. შემდეგ პდფ-ში გადავიყვანე. მეორე რომანიც იმ დაუნდობელ დროზეა.
საუკეთესო სერიალი გამოვა ორივე რომანისგან.
გამოგიგზავნით პდფ-ში, ქალბატონო ნინო.
7. ბატონო ოთარ! თქვენს რეკომენდაციას შემოვყევი. არ მინანია. პირველი ინტერნეტ- მარკეტინგული შეცდომა - ავტორისა, უნდა დაედო ტექსტი გაგრძელებებით, თითო ჯერზე - თითო წერილი. ამხელა ტექსტის კითხვა - მონიტორზე , როგორც იტყვიან, მავნეა ჩვენი თვალებისა და ჯანმრთელობისთვის. ბეჭდურად არ გამოქვეყნებულა ამ თოთხმეტ წელიწადში? ფილმად რომ არავინ გადაიღებდა და არც რადიო დადგმას გააკეთებდა, სამწუხაროდ, ესეც ცხადია, საქარატველოს პირობების გათვალისწინებით
ბატონო ოთარ! თქვენს რეკომენდაციას შემოვყევი. არ მინანია. პირველი ინტერნეტ- მარკეტინგული შეცდომა - ავტორისა, უნდა დაედო ტექსტი გაგრძელებებით, თითო ჯერზე - თითო წერილი. ამხელა ტექსტის კითხვა - მონიტორზე , როგორც იტყვიან, მავნეა ჩვენი თვალებისა და ჯანმრთელობისთვის. ბეჭდურად არ გამოქვეყნებულა ამ თოთხმეტ წელიწადში? ფილმად რომ არავინ გადაიღებდა და არც რადიო დადგმას გააკეთებდა, სამწუხაროდ, ესეც ცხადია, საქარატველოს პირობების გათვალისწინებით
6. ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო ნაწარმოები, რაც კი აქ გამოქვეყნებულა! ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო ნაწარმოები, რაც კი აქ გამოქვეყნებულა!
5. ამას აუცილებლად წავიკითხავ სრულად. ალაგ-ალაგ მოვასწარი და წარუშლელი შთაბეჭტილება დასტოვა თქვენმა ოსტატობამ!!! ხელთკალამი აღმართული და შემართული!!! კიდევ გაგვახარეთ და გვაჩუქეთ სხვა ნაწარმოებებიც!!! უღრმესი პატივისცემა ჩემგან თქვენ!!! გაიხარე შენა!!! კარგი ხარ!!!
ამას აუცილებლად წავიკითხავ სრულად. ალაგ-ალაგ მოვასწარი და წარუშლელი შთაბეჭტილება დასტოვა თქვენმა ოსტატობამ!!! ხელთკალამი აღმართული და შემართული!!! კიდევ გაგვახარეთ და გვაჩუქეთ სხვა ნაწარმოებებიც!!! უღრმესი პატივისცემა ჩემგან თქვენ!!! გაიხარე შენა!!! კარგი ხარ!!!
4. "შენ დედამიწა შემოსე თალხით, მზეს მოერკალე კუპრის ღრუბლებად, თავისუფლება წაართვი ხალხებს და თავისუფლად ფიქრის უფლება"
გაბრიელ ჯაბუშანური
+2!!!
"შენ დედამიწა შემოსე თალხით, მზეს მოერკალე კუპრის ღრუბლებად, თავისუფლება წაართვი ხალხებს და თავისუფლად ფიქრის უფლება"
გაბრიელ ჯაბუშანური
+2!!!
3. ძალიან დიდია. ჯერ ვერ წავიკიტხე ბოლომდე. ძალიან დიდია. ჯერ ვერ წავიკიტხე ბოლომდე.
2. საოცარი ნამუშევარი,მიუხედავად იმისა,ავტორი აღნიშნავს:
პატივცემულო მკითხველო ეს ნაწარმოები ნაჩქარევად იწერებოდა, ხშირად მალულადაც კი, ეს რომანი კი არა, ფაქტობრივად წერილების გროვაა .
უდიდესი პატივისცემით.....შეუფასებელი........=D>
საოცარი ნამუშევარი,მიუხედავად იმისა,ავტორი აღნიშნავს:
პატივცემულო მკითხველო ეს ნაწარმოები ნაჩქარევად იწერებოდა, ხშირად მალულადაც კი, ეს რომანი კი არა, ფაქტობრივად წერილების გროვაა .
უდიდესი პატივისცემით.....შეუფასებელი........=D>
1. ბატონო შალვა,ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს ეს წერილები :) მაგრამ ძალიან რთულია მონიტორზე ამხელა ტექსტის წაკითხვა. იქნებ ნაწილ-ნაწილ დაგედოთ :) ბატონო შალვა,ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს ეს წერილები :) მაგრამ ძალიან რთულია მონიტორზე ამხელა ტექსტის წაკითხვა. იქნებ ნაწილ-ნაწილ დაგედოთ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|