ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2009


პოეზია

მე ეკლის ენით გადამლოკა ჩემმა გაჩენამ
აკვნის წინარე რომ ჩამაკლა მუზის უნაგირს,
და პოეზიის გამიტაცა ლურჯმა მარჯვენამ,
რომ მომეწოვა ხსენი ლექსთა ციურ ბუნაგის.
წლებმა კი ნაბდად შემომბურეს ცოდვების ნისლი,
შევრჩი დარბაზებს ბრმა  სულებით შემონაჯარი,
ავი ჩქერებით გულს მიხრჩობდა სამადლო სისხლი,
გზებიც, ვერანი ყორნის  ფრთებთან იყო  ნაჯვარი.
ცხოვრების სარკემ დამამგვანა თავისმკვლელ ჯალათს,
და შორი დანტეს ჩვენებებში ამონახარში
ხშირად  ვირგებდი პონტოელის მეწამულ ხალათს,
რომ სისხლის გემო დამემამა დამშრალ ხახაში.
სწუხდა სამყარო როს  ღრუბელთა მტევნები კუმში
იგრაგებოდნენ და მისევდნენ ელვით ბელზებელს,
სტიროდნენ ვარდნიც ელსინორის ელიზიუმში
და თავს აკლავდნენ დიდი პრინცის განსასვენებელს
ფრთებდაცემული ყველა აზრი ლოცვად იცვლება
ვის ხედავთ ჩემში თუ ბაგეთგან ბოდვებიც  ქროლავს,
მშვენიერება-სიმახინჯის შეხამსისხლებას,
ამ საუკუნის კვაზიმოდოს თუ შეშლილ როლანდს....
და ჟამთა ჟინით ზურგში ტყვიებს როცა მესვრიან,
გადმომაწვდიან ალავერდებს ბნელი სურებით,
ცხოვლად ვერ მიგრძნობთ პოეზიის რომ ვარ  მესია,
მკვდარს დამხედავთ და ამისთვისაც დამემდურებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები