ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2008


მე შენ მიყვარხარ

შენი ყურის ბიბილოს მინდა
საყვედური ვუთხრა, რომ არ მიყურა,
რო დაიმშვენა უგულობის შავი საყურე
უგულისყურო: შენი ნახვით,  აღარ მაპურებს.
და თუ მძინარეს 
ფართოდ დახუჭულ თვალებში
სითბო  დამინახე, შემინახე.
თუ არ ვიქნები, გამომიგონე
და მომაგონე...
შენი სურნელი და ჟრუანტელი
თითზე თითის ჩუმად დადების.
და შემიყვარე,
ისე როგორც ყოველი დილა:
ახალი დაბადება და ერთხელ მაინც,
სანამ დედამიწა მზეს შემოუვლის,
შემომიარე,
ზღვასთან მივიდეთ, ის მოგიყვება
როგორ მინდიხარ,
როგორ მიყვარხარ,
როგორ მაკლიხარ. 
მერე მზე გეტყვის როგორ დავსდევდი
შენს გამოხედვას გზაზე დაქცეულს,
და სანამ ისევ, კორპუსებს შორის
ჩაიკეტები,
და სანამ ისევ
მაჯას უწყობ დროის რუტინას,
კვლავ მომინატრე,
ზღვას ვაჩუქოთ ჩვენ საათები, 
და ჩრდილში მდგარი მზის საათით
ავითვალოთ აწი დროება:
აზრი ჩვენი რომ არ დაბერდეს
  და მადლი ვუთხრათ,
  რომ გვაჩუქა ჩვენ ერთმანეთი,
  და რომ გვაბევრებს და 
შეიყვარე ყოველი წუთის,
სამოცი წამი...
როცა ხედავ,
როცა გესმის,
როცა გრძნობ,
როცა გახსოვს.
მიხვდი რა არის ბედნიერება...
ბედნიერებას ოქროს ხონჩით
არ მოაგართმევენ,
თვითონ აიღე შენი წილი ბედნიერების,
და ამისათვის გამოიყენე,
ყოველი დილა,
ყოველი წამი,
ყოველი წუთი.
და გიყვარდე
და მათქმევინე:
მე შენ მიყვარხარ.
გავუძლოთ სიყვარულს,
სანამ  ცოცხლები ვართ და
ძიმე სულით დავატარებთ
ფარფატა სხეულს,
გავუძლოთ ოცნებას ,
ოცნებას რა სჯობს,
სანამ კიბეს
საფეხური არ დაელევა
გავუძლოთ სიხარულს,
როცა გული გულს ეფარება
და გეფერები და გეგულები,
გავუძლოთ სევდას,
ადამიანის  გამლამაზებელს,
და თქვი, რომ გტკივა,
რომ გიხარია,
დარდი  ვერ გჯაბნის,
რომ სიზმარია ეს ყველაფერი...
ისე როგორც
სადგურის ბაქანს მიღვენთილი,
ჩემი სუნთქვა, ჩქარი მატარებელი.
და გაღვიძება რომ გენანება.
თუმც გენატრება,
რომ  მენატრები... 
ცაში კი,  სადაც სულები დატორტმანობენ,
ცაში კი სადაც, ღმერთი ავსებს
ყოველდღიურ დეკლარაციას,
ახლა უბრალოდ წვიმს... 


08.05.2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს