ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2009


წარმოდგენა იწყება ( VIII ნაწილი )

                                      VIII ნაწილი

ბუონ ჯორნო  ჯორჯია...
ბუონო – კარგი,  ჯიორნო – დღე, ჯორჯია – საქართველო....
ჯამში ეს არის - გამარჯობა (ან დილა მშვიდობისა) საქართველო...
საქართველოში მივდივარ...
ხო, ქართული უნდა ვისწავლო, აუცილებლად... ორასამდე სიტყვა მაინც...
სამი სიტყვა ვიცი...  რაღა დარჩა...
თვლაც ვიცი ქართულად უკვე, ათამდე...
ძერო – ნული, უნო – ერთი, დუე – ორი, ტრე – სამი, კუატტრო – ოთხი, ჩინკუე – ხუთი, სეი – ექვსი, სეტტე – შვიდი, ოტტო – რვა,  ნოვე – ცხრა, დიეჩი – ათი...
სალომე (ჩემი ქართულის მასწავლებელი) ამბობს, საქართველოში ოტო კაცის სახელიაო, თან უკვირს ნინო რომ იტალიაში კაცებს ქვიათ.
როცა უცხოელი ჩამოდის იტალიაში და  იტალიურად გესაუბრება, სხვანაირი განწყობა გეუფლება...
ანუ ეს ადამიანი პატივს სცემს შენ ქვეყანას...
სულაც არ არის აუცილებელი გრამატიკულად ზუსტად საუბრობდეს...
ხოდა მეც ვსწავლობ ქართულს.
ეს იქნება იმის  პატარა ნიშანი, რომ მიყვარს საქართველო...
მიყვარს -  იო ამო...  იო ამო ჯორჯია... მე მიყვარს საქართველო
უკვე თხუთმეტი სიტყვა გავიფიქრე ქართული...
საერთოდ ენის შესწავლა ტვინის ვარჯიშიცაა, მეხსიერებას აუმჯობესებს...
ადამიანი (უომო) რომელიც მხოლოდ ზის ან  მხოლოდ წევს, უკვე ავად არის...
სულ მწოლიარე ადამიანს ხო ნაწოლები უჩნდება და ორგანიზმმა რომ ფუნქცია არ დაკარგოს, მასაჟებს საჭიროებს...
ასევე ნაწოლები უჩნდება ტვინსაც, თუ არ მუშაობს და სძინავს... ტვინის მასაჟი კი რა არის? უცხო ენის შესწავლა, ახალი ლექსის დაზეპირება, კროსვორდის ამოხსნა, თუნდაც უბრალოდ წიგნის კითხვა...
ხოდა ახლა ქართულს ვსწავლობ... იო სტუდიო  ჯორჯანო...
მერე რა რომ ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე... ფორდს სულაც ოთხმოცი წლის ასაკში დაუწყია გერმანულის სწავლა, საავტომობილო ბაზარზე თავისი უშუალო  კონკურენტების ენა რო ცოდნოდა...
მე კი იმ ქვეყნის ენა მინდა ვიცოდე, რომლის შვილის დამსახურებაა რომ ახლა მე ვფიქრობ, ანუ ვარსებობ...  პენსო ე ქუინდი ეზისტო
რომ ვიხილე მზე - სოლე, მთვარე - ლუნა, ვარსკვლავები - სტელე, მიწა – ტერრა, ცა - ჩელო, ყვავილი – ფიორე... (მგონია,  რომ დარვინი ყვავილებს ვერ ამჩნევდა, მაიმუნებს ამჩნევდა მხოლოდ... მაიმუნი – შიმმია. დარვინი შიმმიაა -  მაიმუნია რა, მგონი რომ ეთქვა ვინმეს, არც ეწყინებოდა). 
რომ მყავდა მეუღლე (მოლიე – ცოტა გავს ქართულს)  - სილვია, რომელიც მიყვარდა და რომელსაც ვუყვარდი...
რომელიც მივლიდა, მაგრამ მე ვერ მოვუარე, უკურნებელმა სენმა წამართვა (მსოფლიომ იმის მეასედი რასაც შეიარაღებაში ხარჯავს, კიბოს წამლის გამოგონებისათვის  რომ დახარჯოს, ამდენ ხანს როგორ ვერ გამოიგონებდნენ) 
რომ მყავს შვილი (ფილიო – ვაჟი, ფილია - ქალია), ალესანდრო, რომელიც პიზის ახალგაზრდულ გუნდში და ქვეყნის თექვსმეტ წლამდე ნაკრებში თამაშობს ფეხბურთს (კალჩო) და როგორც ამბობენ, კარგი მომავალი აქვს...
რა მომავალი.... თექვსმეტი წლის პელე მსოფლიო (მონდიალე) ჩემპიონი იყო უკვე... პელე აშკარად არ არის... მაგრამ, არა უშავს მთავარია უყვარს ფეხბურთი და უკვე რამდენიმე გუნდიდან აქვს შემოთავაზება...
ბებერი ქალბატონის (`იუვენტუსს~ ეძახიან) სელექციონერმაც  დამირეკა...
ალბათ შევხვდებით...
სად წავედი... ფიქრებით... ისევ საქართველო...
ერთი კვირა არ იქნება რაც კონჩეტინამ (მდივანია – დიდი ტრაკითა და ძუძუებით) კაბინეტში წერილი შემომიტანა, საქართველოდან არისო.
თბილისის საბანკო ინსტიტუტი მეგობრობას და თანამშრომლობას გვთავაზობდა და ინსტიტუტის რექტორი საქართველოში მეპატიჟებოდა...
რა თქმა უნდა საქართველოში არ ეცოდინებოდათ, რომ  იმ ადამიანის შთამომავალი ვარ, ვინც სიკვდილს ქართველმა გადაარჩინა...
შეიძლება გაუკვირდათ კიდეც თანხმობის წერილი რომ გავაგზავნე... 
გაეხარდათ, ტელეფონითაც მესაუბრა რექტორი, მთელი სულით და გულით გელით, თქვენ პატივსაცემად სპექტაკლსაც ვდგამთო...
კარგი-მეთქი...
მერე თითქოს, დაემთხვაო და  კარლიტო მირეკავს, პრორექტორი...
ქალია, საქართველოდან არის... სამუშაოს ეძებს... შენ ხო საქართველოში აპირებდი წასვლას, თან ქართულის სწავლა გინდოდა,  ხო არ შეხვდებოდითო...
გამეხარდა...
იტალიური იცის-მეთქი? – ვკითხე.
იცის...  არ აბულბულებს, მაგრამ იცისო...
აუცილებლად უთხარი, თორმეტ საათზე ინსტიტუტში მოვიდეს თუ შეძლებს-მეთქი...
პატარა ბავშვივით მიხარია, საქართველოს ვნახავ...
ხო, რას ვკითხულობდი?!

*  *  *

`ახალი ტყვეების ჯგუფი მიიღეს პოლონეთიდან. ჯერ ქლორიანი წყლის ჭავლით  დაბანეს თუ დარეცხეს ყველა... მერე მოედანზე კონდახების ცემით შეყარეს... მოედანზე გავლებული ხაზების გასწვრივ მოაწყვეს მისუსტებულები... დაკონკილი ტანსაცმელის გამოფენას გავდა ტყვეთა მწკრივი... ნახევარი მათგანი ძლივს იდგა ფეხზე...
ხელქვეითების თანხლებით გამოვიდა შტაბიდან კომენდანტი, ბარონი ჰანს ფონ ფალკენშტაინი, სისასტიკითა და დაუნდობლობით ცნობილი... პენსნეს მიღმა ჭროღა თვალები ზიზღს ირეკლავდნენ... ბარონისათვის ამ წუთში ეს ტყვეები ადამიანები არ იყვნენ. ეს იყო მასა, ჩვეულებრივსიხლიანი ორგანიზმების... მათრახს ათამაშებდა ხელში... ტყვეთა  პირველ მწკვრივს აუყვა...  დრო და დრო  რომელიმესთან გაჩერდებოდა, მათრახით ნიკაპს აუწევდა  და თვალებში აშტერდებოდა... ვერავინ უძლებდა გამჭოლ მზერას, რომელსაც უფრო აძლიერებდა ოქროს ჩარჩოიანი პენსნე... თვალის დახრა ან უბრალოდ დახამხამება და ატყლაშუნდებოდა რკინის მომცრო ბურთულიანი, ორკაპა წვეროთი დაბოლოებული მათრახი... ტყვეთა ალისფერი სისხლით იღებებოდა ტყავის თასმები... 
უცებ შედგა ბარონი...  სულ სხვა მზერას წააწყდა... ეს არ იყო ბედს მინებებული ტყვის მზერა, თავისუფალი ადამიანი უყურებდა სიცოცხლით სავსე, კამკამა თვალებით და არ ეპუებოდნენ... პენსნეს ზემოდან გამოხედა ურჩს... ნიკაპის მაღლა აწევა არ დაჭირვებია. ისე ამაყად ეჭირა ტყვეს თავი, ზედმეტი და აშკარად უადგილო მოძრაობა იქნებოდა...  ისე რომ ტყვისათვის თვალი არ მოუცილებია, თითით თარჯიმანი მოიხმო  ბარონმა...
-  სახელი,  გვარი...
-  ფორე მოსულიშვილი...
-  სადაური ხარ?
-  ქართველი...
-  აჰა, ქართველი, ქართველი... – გაიმეორა კომენდანტმა  და უცებ ბრაზი მოერია... – დაიჩოქე!
ძალა მოიკრიბა ტყვემ, კიდევ უფრო გაიმართა წელში და მკაფიოდ წარმოთქვა... 
-  ქართველები არ იჩოქებენ!
თვალებში ეტყობოდა, სიკვდილიც კი ვერ აიძულებდა დაჩოქებას... კომენდანტმა ერთ ხანს უყურა... წარბიც არ შეუხრია ტყვეს, ახლა მაღლა აწეული ნიკაპით ამბობდა, ქართველები არ იჩოქებენო... თვალი ვერ გაუსწორა  და სხვა ტყვეებზე გადაიტანა მზერა კომენდანტმა... რამდენიმე დამცინავ  მზერას რომ წააწყდა, სისხლი მოაწვა საფეთქელზე... ავად იწივლა ჰაერში მათრახმა... ტყვე არც შერხეულა, თუმცა რკინის ბურთულამ შუბლი გაუხეთქა და სისხლმა შეუღება სახის ნაკვთები. არც ახლა დაუხრია თავი... მეორედ მოიმარჯვა მათრახი კომენდანტმა, მაგრამ დარტყმა ვერ მოასწრო...  მოულოდნელად მოუქნია მკლავი მოსულიშვილმა და ყბაში გაარტყა... მოცელილივითU დაეცა კომენდანტი, ნასმხვრევებად იქცა ასფალტზე დავარდნილი პენსნეს მინები.  მთელი გარნიზონი გაქვავდა წამიერად...  წამოდგომაში მიეშველნენ ბარონს,  რომელსაც ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა ზუსტად ისეთი, იქვე დავარდნილ მათრახის ტყავის თასმებს რომ აჩნდა... ჯარისკაცებმა `შმაისერები~ გადატენეს, ბრძანებას ელოდნენ, რათა სასტიკად გასწორებოდნენ ურჩ ქართველს. კომენდანტმა  მხლებლებს  ანიშნა, -უკან დაიხიეთო... პარაბელუმი ამოიღო და ფორეს დაუმიზნა. ნახევარი მეტრიდან უცქერდა პარაბელუმის ლულა, მაგრამ  ფორეს  იარაღისთვის  არ შეუხედავს, თითქოს არც ყოფილიყო იარაღი... კომენდანტს უყურებდა თვალებში... სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა თვალების ომი, უკვე მეორედ... საუკუნედ გაგრძელდა ეს რამდენიმე წამი...  ცისკენ უნდოდა აეხედა მოსულიშვილს... თითქოს იქ საქართველოს დაინახავდა, სიღნაღს, ქვემო მაჩხაანს... ეს წამი აცილებდა სიცოცხლესა და შეუცნობ უსასრულობას... ცისთვის უნდოდა შეეხედა, იქნება წამით მაინც დაენახა უსაშველოდ მონატრებული, თუმცა  მზერის არიდება დაჩოქებას ნიშნავდა ახლა... მოულოდნელად შეტრიალდა და წავიდა კომენდანტი, მანამდე კი ჯარისკაცებს გადაულაპარაკა, ხელი არ ახლოთო... გაკვირვების ჩურჩულმა გადაუარა ბანაკს...  მაშინ აიხედა ცისკენ ფორემ და ბავშვობა გაახსენდა, მინდორზე წამოწოლილი ხელებს რომ მაღლა აწევდა და ცაში  მიფრინავდა თითქოს... ახლაც ისეთივე გრძნობა დაეუფლა...
იმ დღეს პატაკი დაუწერია და ფრონტის წინა ხაზზე უთხოვია გაგზავნა ბარონ ჰანს ფონ ფალკენშტაინს... თხოვნა დაუკმაყოფილებიათ...
`ფაშისტებს შორისაც ყოფილან ვაჟკაცები, უიარაღო ტყვის დახვრეტა არ იკადრაო~ - უთხრა საღამოს საერთო მოწყობაზე ფორემ გვერდით მდგარ თავის მეგობარს ისაკ ძამნაშვილს...~

*  *  *

ხო შეიძლებოდა ეს ეპიზოდი სხვანაირი ფინიშით... ასიდან ალბათ ერთიც არ იყო ალბათობა, რომ ფაშისტი დაინდობდა ტყვეს, რომელმაც გაბედა და ხელი აღმართა გერმანელ ოფიცერზე...
არ ვიცი რამ გადაარჩინა მაშინ ეს ქართველი... და მეც გადავრჩი...
პარაბელუმის გამოკრული ჩახმახი და მაშინ  მე სერჯიო ძანონი ვერასდროს მოვევლინებოდი ამ ქვეყანას...
სიცოხლის ხაზი, უთვალავი დროიდან წამოსული  და ჩემამდე მოსული, სულ რამდენიმე წამით ბეწვზე ეკიდა...
ალბათ მაშინაც კი არ ემუქრებოდა ასეთი საფრთხე, როცა რომელიმე ჩემი წინაპარი მეზოზოურ ერაში  დინოზავრებს, ამ ლამის ოც მეტრიან საშინელ ხვლიკებს გაურბოდა თავქუდმოგლეჯილი... 
გაისროდა გერმანელი და ფორე მოსულიშვილი ვერასდროს აღმოჩნდებოდა მამაჩემთან ერთად ერთ პარტიზანულ რაზმში...
გაისროდა გერმანელი და ფორე მოსულიშვილი თავის გმირობით ვერ იხსნიდა თექვსმეტ პარტიზანს, რომელთაც უეჭველი სიკვდილი ელოდათ...
კითხვას გავაგრძელებ... დღეს მაინც კვირაა...

*  *  *

`1944 წელს სამხედრო ტყვეთა ერთი ნაწილი, რომელშიც ფორეც იყო,  იტალიაში, ნოვარას პროვინცია, ქალაქ სტრეზაში აღმოჩნდა. ერთ საღამოს გერმანელები ოფიცრის დაბადების დღეს იხდიდნენ და დაცვაში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი დატოვეს, ისიც შეზარხოშებული, ფეხად მძინარე. მთვრალი გერმანელების ხორხოცი და არეული სიმღერის ხმა მთელ ბანაკს ესმოდა. ახლა შეიძლებოდა ახდენილიყო ფორეს ოცნება – გაქცევა. გაქცევაზე ფიქრი იქედან მოყოლებული არ ასვენებდა რაც დაჭრილი და უგონოდ მყოფი ტყვედ აიყვანეს. ფორემ მოხერხებულად განაიარაღა მცველი, გასაღებების აცმა უკვე მის ხელში იყო. არც დარჩენილი გალეშილი გერმანელების განიარაღება გასჭირვებიათ. ყოფილ ტყვეებს მთვრალი გერმანელების დახოცვა უნდოდათ... ფორემ არ მისცა ამის უფლება... უიარაღო ხალხის დახოცვა რა ვაჟკაცობაა, ჩვენც ხო ცოტა ხნის წინ ტყვეები ვიყავითო... სოფელ ჯენეზიას ტყეში ფორეს რაზმი იტალიელ პარტიზანთა რაზმს შეხვდა, რომელსაც ედო დელგრატო მეთაურობდა. რაზმს `პეპინო~ ერქვა~.

ამ რაზმში იბრძოდა მამაჩემიც. ხო, მერე რა ხდება?!

`ფორემ თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა და ჭკვიანმა მებრძოლმა,  ყველაზე რთულ დავალებებს თავის თავზე იღებდა და ასრულებდა კიდეც. ათეულის მეთაურიც გახდა.
ერთხელ პარტიზანებს მოენე დაჭირდათ. ფორემ გერმანელი ოფიცრის ფორმა ჩაიცვა და ქალაქ სტრეზაში ლუდის ბარში შევიდა, გერმანელ ოფიცერს იარაღი მიაბჯინა და ისე გამოიყვანა ქალაქიდან და პარტიზანებთან ისე მიიყვანა შეშინებულ გერმანელს ხმა არ ამოუღია.
მეორედ თავის ათეულით საგუშაგოს დაეცა და გერმანელებს ცხვირწინ აუფეთქა სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი.
ყველა ოპერაცია, რომელშიც ფორე მონაწილეობდა, წარმატებით მთავრდებოდა.
ბერლინიც კი შეაშფოთა იტალიელ პარტიზანთა შეუპოვრობამ. გერმანელებმა გადაწყვიტეს, რაც არ უნდა დაჯდომოდათ გაენადგურებინათ პარტიზანული შენაერთი `პეპინო~.  ოპერაციის ჩატარება კი ბარონ ჰანს ფონ ფალკენშტაინს დაევალა.
უთანასწორო ბრძოლის შემდეგ გერმანელებმა სოფელ კოლონიასთან მიტოვეებულ საწყობში, ალყაში მოაქციეს  პარტიზანები. გმირულად  იბრძოდა ფორე და სხვა მებრძოლებიც,  მაგრამ ტყვია წამალი უთავდებოდათ. დაღუპვა გარდაუვალი იყო, თუმცა წინააღმდეგობას მაინც არ წყვეტდნენ.
ფაშისტებმა იგრძნეს, რომ საპასუხო ცეცხლის ნაკადი სულ უფრო კლებულობდა.  ზედმეტ სისხლის ღვრას მოერიდნენ, მაძახურით დანებება შესთავაზეს პარტიზანებს, მეთაური ჩაგვბარდეს და დანარჩენებს სიცოცხლეს შეგინარჩუნებთო, დროც დათქვეს.
ერთმანეთს გადახედეს პარტიზანებმა. მეთაური ედო დელგრატო გაფითრებული იჯდა... ფაშისტებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა... ეს ყველამ იცოდა და არც იმის გარანტია იყო, დატოვებდნენ თუ არა ამის შემდეგ სხვებს ცოცხალს... ულტიმატუმის ვადა იწურებოდა... ფორე მოსულიშვილი წამოდგა უცებ, გვერდით მყოფ მარიო ძანონის  ხელი ჩამოართვა... ყველამ მას უყურებდა... ფორემ ღიმილიანი, ნათელი მზერა მოავლო ყველას და  გავიდა...
- მე ვარ მეთაური! მაგრამ თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას! – დაიძახა ფორემ და საკუთარი ხელით მოისწრაფა სიცოცხლე...~
...მანამდე კი ცას ახედა,  პატარა მაჩხაანელ ბიჭად გადაიქცა თითქოს უცებ და ისევ ისე მიფრინავდა ცაში,  როგორც მაშინ...~
გაკვირვებული უყურებდნენ გერმანელი ჯარისკაცები  ბარონ ჰანს ფონ ფალკენშტაინს, რომელიც გარდაცვლილ პარტიზანს  დაჩოქილი უხუჭავდა თვალებს...
სიტყვა შეასრულეს გერმანელებმა, ფორეს გმირობამ თექვსმეტ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე...~

*  *  *

სალომემ წიგნი, რომ მათხოვა, იქ დონ დიეგოც იკლავს თავს, მეხუთე დიდი კანუდოსელი  და ავტორი ამბობს: ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს იყო სიკვდილი ძმათა ხათრითო...
ზუსტად ასე იყო აქაც, სიკვდილი ძმათა ხათრით...


*  *  *
მე სერჯიო ძანონი  ვარ...  მე მიყვარს იტალია, იმიტომ რომ იტალია ჩემი სამშობლოა. მე მიყვარს საქართველო, იმიტომ რომ საქართველო ფორე მოსულიშვილის სამშობლოა... საქართველო ჩემი სამშობლოცაა, თუმცა მე არასდროს ვყოფილვარ საქართველოში...
მე, სერჯიო ძანონი, დაბადებული ქალაქ პიზაში 1954 წელს, ამ ქვეყანას ვერ მოვევლინებოდი, რომ არ ყოფილიყო ფორე მოსულიშვილი...
ფორე მოსულიშვილმა თავისი სიკვდილით სიკვდილს გადაარჩინა მამაჩემი, მარიო ძანონი, რომელმაც 1953 წელს ცოლად მოიყვანა დედაჩემი, სონია დელგრატო, ედო დელგრატოს და...
ედო დელგრატო იმ პარტიზანული რაზმის მეთაური იყო, რომელშიც მამაჩემიც იბრძოდა.    ისიც ფორემ გადაარჩინა სიკვდილს თავისი სიკვდილით...
მამაჩემი, მარიო ძანონი და დედაჩემი,  სონია დელგრატო, ვერასოდეს შეხვდებოდნენ, საქართველოში რომ არ დაბადებულიყო ერთი ქართველი, ახლა იტალიის ეროვნული  გმირი - ფორე მოსულიშვილი...
მამაჩემი მარიო ოცნებობდა საქართველო ენახა... ენახა მხარე, სადაც ფორესთანა ადამიანები იბადებოდნენ...
არ დასცალდა... რკინის ფარდის გადაწევა, რომელიც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ აღმართა, არც ისე იოლი იყო... რამდენჯერმე მივიდა თხოვნით საბჭოთა საელჩოში, უარს ეუბნებოდნენ...
სიზმარში ვნახე ერთხელ: მესიზმრა, თითქოს მამაჩემი კი არა, მე ვიბრძვი პარტიზანულ რაზმში და ფაშისტებთან გასვლის წინ, მე მართმევს ხელს ფორე მოსულიშვილი...
თითქოს მამაჩემიდან ჩემზე გადმოვიდა ამ ხელის სითბო...
თბილისის საბანკო ინსტიტუტის რექტორის წერილი თანამშრომლობაზე და მოპატიჟება გამეხარდა...
სხვა საქმეა, როცა მიდიხარ უცხოდ...
სხვა საქმეა, როცა გელიან...
წარმოუდგენელია იცოდნენ, რომ მე ქართველს უნდა ვუმადლოდე, რომ  მე ამ ქვეყანას მოვევლინე  და სერჯიო ძანონი მქვია...
როცა საქართველოში ჩავალ, ამას ყველაფერს მოვუყვები მათ...
შეიძლება გაცვლითი პროგრამაც...
მე სტუდენტებს შევთავაზე, თუ საქართველოში ისწავლიდნენ, მათი სწავლის და საქართველოში ცხოვრების  ხარჯს ინსტიტუტი თავის თავზე აიღებდა...
ბევრმა გამოთქვა სურვილი, ალბათ კონკურსის ჩატარებაც მომიწევს...
მთვარი მოთხოვნა იქნება – გიყვარდეს - საბანკო საქმე არა,  საქართველო.
გადავწყვიტე, აგრეთვე ხუთმა სტუდენტმა საქართველოდან იტალიაში ისწავლოს ისევ ჩვენი ინსტიტუტუტის ხარჯით...
რადგან ინსტიტუტის დამფუძნებელი  და საკონტროლო პაკეტი ჩემია, უარს ვინ მეტყვის, საკუთარი თავი ხო არა...
მოკლედ ამას ყველაფერს საქართველში რომ ჩავალ, მერე ვეტყვი მასპინძლებს...
შემდეგ მოხდა სალომეს გაცნობა... ჩემი ქართულის მასწავლებლის.
ღმერთო, სახელითაც როგორ გვანან ერთმანეთს და სახითაც...
შემდეგი სიტყვა: ღმერთი – დიო...


*  *  *


` - გამარჯობათ, შეიძლება?!
-  შეიძლება, თქვენა ხართ ის ქართველი,  არა?! – ღმერთო,  როგორ გავს...
-  დიახ...
-  სასიამოვნოა... მოდით აქ დივანზე დავსხდეთ... ყავას ხო მიირთმევთ?
-  ნუ შეწუხდებით...
-  კონჩეტინა, ორი ყავა მოიტანეთ...
-  კარგი სინიორე...
-  იტალიური სად ისწავლეთ?! -
-  მეორე წელია იტალიაში ვარ... ექვსთვიან ენის შემსწავლელ კურსებზე დავდიოდი... სერთიფიკატიც მაქვს...
-  უხერხული კი არის, მაგრამ შეიძლება ასაკი გკითხოთ?
-  ორმოცდასამი...
-  ოჯახი გაქვთ საქართველოში ალბათ, ხო?
-  მეუღლე გარდაცვლილი მყავს, მყავს  სტუდენტი ბიჭი... ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა?!
-  მგონი კითხვებით შეგაწუხეთ... მაგრამ მხოლოდ იმას გეკითხებით, რაც საერთო ანკეტაში იწერება, როდესაც სამუშაოს იწყებენ...
-  გასაგებია...
- ერთ თვეში ალბათ საქართველოში წავალ... მინდა ცოტა სასაუბრო ქართული ვისწავლო... როგორ ფიქრობთ შევძლებ...
-  თუ სურვილი გაქვთ? ადამიანი ყველაფერს შეძლებს.
- სურვილი, რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ არა მგონია მხოლოდ სურვილი იყოს საკმარისი... ენის შესწავლას თავისებური ნიჭი უნდაო, გამიგია...
-  საერთოდ ადამიანებს ზოგს დაყვება პოლიგლოტური ნიჭი, მაგრამ მთავარი მანც სურვილია... ნიჭსაც კი გამოყენება უნდა...
-  ნიჭის გამოყენებაც ნიჭია ალბათ, ხო?
-  დიახ...
-  ქართული, ამბობენ რთული ენააო...
- რა გითხრათ, ქართველებს სულაც არ გვეჩვენება რთულად... – გაეღიმა... როგორ უხდება...
- ხო, ეს გასაგებია, ენა ხო გარდა იმისა რომ ვსწავლობთ, გენებითაც გადაეცემა, ქართველი ბავშვი  ყველაზე იოლად ქართულს სწავლობს, იტალიელი იტალიურს..
-  გეთანხმებით...
-  სხვა რა ხდება საქართველოში?
-  ომის ჭრილობებს იშუშებს...
- მეც მინდოდა ომის  დროს ჩამოსვლა, პარტიზანულ რაზმში მაინც ჩავეწერები-მეთქი...
-  ხუმრობთ ალბათ, ხო?!
-  არა, ღმერთმა დამიფაროს... მე საქართველოს ვალი მაქვს... უფრო სწორად მამაჩემს ჰქონდა ვალი ერთი ქართველის... ვერ გადაიხადა... ხო იცით ვალი მამიდან შვილზე რომ გადადის...
-  ანუ თანხა ემართა ერთი ქართველის და გადახდა ვერ მოასწრო ხო? სწორად გავიგე?
-  არა, ვერ გამიგეთ... სხვა ვალზეა საუბარი... ეს ვალი ფულზე მეტია ალბათ...
-  ანუ რაღაცა ვერ გავიგე, ხო? გამოვდგები კი იმისთვის რომ ქართული გასწავლოთ?!
- პირიქით, ვაპირებდი მეთქვა ასე კარგად როდის მოასწარით იტალიურის სწავლა... მშურს თქვენი... ვალი კი პირობითად ვთქვი... ახლავე აგიხსნით... ფორე მოსულიშვილი გაგიგიათ?!
-  კი... იტალიაში იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს... გმირი რომ გახდა იტალიის, ისიც ვიცი...  ზუსტად რა ჩაიდინა, სამწუხაროდ არ ვიცი...
- მე მაქვს წიგნი, რომელსაც სიამოვნებით გათხოვებთ... მოკლედ გეტყვით რომ თქვენი თანამემამულე და მამაჩემი ერთ რაზმში იბრძოდნენ და მამაჩემი სიცოცხლეს ფორეს უმადლოდა. 
-  გასაგებია...
- შესაბამისად მეც... მაშინ მამაჩემი ცხრამეტი წლის იყო... მე კი ათი წლის მერე გავჩნდი... აი ამ ვალზე გეუბნებოდით... მამაჩემი თუ ცოცხალი არ იქნებოდა, ხო მეც ვერ გავჩნდებოდი? – მეცინება.
ისიც იღიმის... როგორ უხდება...
-  ახლა გასაგებია...
-  გინდათ გათხოვოთ წიგნი ფორე მოსულიშვილზე?
-  დიახ, სიამოვნებით...
-  თქვენ რას მათხოვებთ,  საინტერესო იქნებოდა წიგნი საქართველოზე ან რომელიმე ქართველი მწერლის ნაწარმოები.
- მე მაქვს გურამ დოჩანაშვილის წიგნი, `სამოსელი პირველი~... იტალიურად ნათარგმნი, აქ შემთხვევითE წავაწყდი, თუ გნებავთ გათხოვებთ.
-  ძალიან კარგი... ~
სალომეს უნდა ვთხოვო, - ხო წამოვა ჩემთან ერთად საქართველოში...
თავიდან უკვირდა, რატომ მიყვარს საქართველო. ახლა აღარ უკვირს...

*  *  *

სალომე მეუბნება სასაუბრო ქართულის სწავლა თუ გსურს,  ძირითადი ფრაზები უნდა იცოდე, რაც ყოველდღიურად გამოგადგებაო:
ბატონო – სინიორე.
ქალბატონო – სინიორა.
დილა მშვიდობისა – ბუონ ჯორნო, ასევე გამოითქმება გამარჯობა...
საღამო მშვიდობისა - ბუონა სერა...
ღამე მშვიდობისა – ბუონნა ნოტტე.
დამშვიდობებისას ამბობ: ნახვამდის – არრივედერლა, ან არრივედერჩი...
ან მშვიდობით – ადდიო...
მანამდე უნდა მოიკითხო: როგორ ბრძანდებით? - კომესტა
კიდე  რა არის ძირითადი, გარდა მისალმებისა და მოკითხვისა-მეთქი...
მე მჭირდება ექიმიო, შეიძლება ეს დაგჭირდესო, იცინის – ვიწერ,  ო ბიზონიო დი უნ მედიკო.
მედიკო საქართველოში ქალი სახელია, იგივე მედეას მოფერებითი ფორმა, ალბათ იცი, მედეადან მოდის საერთოდ მედიცინის სახელიო, მეუბნება...
ხან ისეთ რაღაცეებს მეუბნება სალომე, რაც ვიცი...
მაინც მსიამოვნებს მისი მოსმენა...
მედეაზე მეუბნება (ეს მითი ალბათ ყველამ იცის, ბერძნებმა რომ მედეას დახმარებით ოქროს საწმისი წაიღეს კოლხეთიდან), თუმცა მამას და სამშობლოს უღალატა, მაგრამ ქართველები მაინც მასზე  ცუდს არ ვამბობთ...
საკვირველია, მაგრამ ძეგლიც კი დავუდგითო.
ალბათ სიყვარულს ვპატიობთო.
ხო შემდეგ ფრაზა ტაქსი რომ დაგჭირდეს, ჯერ ეკითხები: ლეი ე ლიბერო, ანუ თავისუფალი ხარ? თუ  გითხრა სიო, ანუ კიო, ე. ი. თავისუფალიაო...
მერე ვთქვათ და სადგურში გინდა წასვლა -  მი პორტი ალლა სტაციონე,  ანუ წამიყვანე სადგურში...
მერე მძღოლს ეკითხები: კე ლინგუა  პარლა? – რომელ ენაზე საუბრობთ...
ნუ მიყურებ ჩაიწერეო, მაფრთხილებს...
ხო... ხან მემართება ასე, გამოშტერებასავით...
ასეთი გამოშტერებები მემართებოდა, სილვიაც რომ გავიცანი,  თითქოს ისეთივე ღიმილი, ისეთივე თავის უეცარი მოტრიალება, ასე  მგონია მართლა სილვია დამიბრუნდა...
ზუსტად ასე იყო, საათობით მზად ვიყავი მეცქირა...
ისიც მეუბნებოდა, ნუ მიყურებო...
თქმა კი მერიდება, როგორ ვუთხრა, ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს გავხართ ძალიან–მეთქი...
საუბარს აგრძელებს: ჩვენთან ტაქსისტების უმრავლესობას სახლში ორი დიპლომი მაინც აქვსო – იცინის? სიცილიც ზუსტად ისეთივე აქვს...
ერთი უცხო ენა მაინც ეცოდინებათ, შეიძლება იტალური არა, ახლა უფრო მოდაში ჩვენთან ინგლისურიაო...
უცებ მეკითხება: ლეი პარლა ინგლეზე, ფრანჩეზე, რუსსო, სპანოლო, ტედესკო?
ეს მივხვდი: ანუ ლაპარაკობო ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად, ესპანურად ან გერმანულადო? ეს ბოლო ტედესკო ინტუიციით მივხვდი რომ გერმანული იქნებოდა...
არა-მეთქი, რატო უნდა ვისწავლო რომელიმე ენა, მე იტალიელმა თუ კარგია სხვამ ისწავლოს იტალური-მეთქი...
აბა ქართულს რატო სწავლობო?
ფორეს გამო-მეთქი... სურათიც ვანახე, ეს ინტერნეტიდან ამოღებული სურათია, რომელიც ახლა სახლშიც მაქვს  და ინსტიტუტში კაბინეტში  მამაჩემის სურათთან ერთად... 
ვამაყობ, რომ ეს ადამიანი მამაჩემთან ერთად იბრძოდა...
საქართველოში რომ ჩავალ, აუცილებლად მინდა ის სოფელი ვნახო, სადაც დაიბადა და გაიზარდა-მეთქი...
კარგიო...  გაკვეთილი გავაგრძელოთო...
არის ბევრი სიტყვა, რომელიც ქართულსა და იტალიურში ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვსო: ქუა ნიშნავს - აქ, ცოტა შებრუნებულიაო...
საბატო – შაბათი,  გარაჯე - გარაჟი, ლამპადა – ლამპა, ნადირ – ნადირი, ბალკონე – აივანი, საპონე – საპონი,  ნავე – გემი, პრობლება – ამოცანაო...
აბა გინდა ერთი პრობლემა ანუ ამოცანა გკითხოო: აბა მკითხე-მეთქი...
ნავე თუ გემია, ნავე ცისტერნა  რა იქნებაო...
ტანკერი-მეთქი...  რა გინდა გცოდნია ქართულიო... – იცინის.
გავაგრძელოთო, თან მაწერინებს...
მარმო - მარმარილო, უმორიზმო – იუმორი, კუჩინა – სამზარეულო, საქართველოში კი სამზარეულოს `ქუხნასაც~ ეძახიანო...
ბიბლიოთეკა – ბიბლიოთეკა, პადრონე -  პატრონი, ფარფალე – პეპელა, მაგრამ ქართულში მოფარფალებულიო იტყვიან, უღონოდ და პეპელასავით სუსტად რომ არის კაციო...
ტალენტო – ნიჭი,  ორო – ოქრო, ორა – დრო, აქედან გამოდის რომ დრო ოქროაო...
ასე დამთავრდა პირველი გაკვეთილი...


*  *  *

მერე ისე ველოდი, როგორც სილვიას ველოდი პაემანზე...
ის კი ისე მოვიდა, თითქოს ძალიან ლამაზი არ ყოფილიყო ... 
პირდაპირ გაკვეთილი დაიწყო:  სად ვიყავით, ტაქსშიო ხოო,  თუ გურული შეგხვდა, უნდა უთხრა: პარლი ადაჯიო -  ილაპარაკეთ ნელა...
და როგორ უნდა მივხვდე, რომ გურულია-მეთქი...
თუ ვერცერთი სიტყვა ვერ მიხვდი, რას გეუბნება,  მაგრამ სიტყვები ქართულია, ე. ი. გურულიაო  - იცინის...
გურია ერთ-ერთი მხარეაო, ისე როგორც რაჭა. რაჭველი სანამ რამეს გეტყვის დაგეძინებაო და მისამართის სწორი დასახელება არ უნდა დაგავიწყდესო.
არა უშავს, ძილი უხდება  ორგანიზმსო...
ხო-მეთქი, დავეთანხმე, სოფი ლორენს რომ ჰკითხეს შენი სილამაზის საიდუმოლება რაშია, უპასუხა, - ძილი მიყვარსო.
მთლად ასეც არ არის, კვაზიმოდოს რამდენიც არ უნდა ეძინა, ვერ გალამაზდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ლამაზი სული  ჰქონდაო...
მერე მე ვუთხარი, გახსოვს მარკესის “ას წელში”, მაკონდოს რომ უძილობა შეეყრება, ყველაფერი რომ ავიწყდებათ და საგნებს  რომ თავის სახელებს აწერენ რომ არ დაივიწყონ-მეთქი...
მაგარია მარკესი,  მე ყველაზე უფრო ძროხაზე წარწერა მომეწონა: ` - ეს ძროხაა, უნდა მოწველოთ დილა-საღამოს, რძე უნდა ავადუღოთ და დავუმატოთ ყავას, რათა მივირთვათ რძიანი ყავაო~... გვეყო ახლა კლასგარეშე თემა,  გავაგრძელოთ გაკვეთილიო, კვლავ იცინის...
მე დამუნჯებული ვუუყურებ...
ხო, მძღოლი დანიშნულების ალაგს რომ მიგიყვანს, უნდა კითხო: რამდენი უნდა გადავიხადო? – კუანტო ლე დევო?
ისე სჯობს წინასწარ  ჰკითხო, თორემ შეიძლება მერე ძალიან დიდი თანხა გითხრან, ამიტომ წინასწარ უნდა შეუთანხმდე თანხაზეო...
პრინციპში შენზე მიხვდებიან, რომ უცხოელი ხარ და შეიძლება ან ძალიან ბევრი გამოგართვან ან სულ არ გამოგართვანო..
თუ ათ ლარზე მეტი გითხრეს (ფულის სახელებიც როგორ გავს – საქართველში ლარი, ჩვენთან ლირა), ე. ი. გატყუებენო...
მოიცა, საქართველოშიც იტყუებიან-მეთქი, გამიკვირდა.
ხო, საქართველოშიც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენო...
არ  შეშინდე, რა თქმა უნდა ყველა არ იტყუება, არაჩვეულებრივებიც არიანო...
მეტრო თუ დაგჭირდა, კითხულობ: სკუზმი, დოვე სი ტროვა ილ მეტრო? – ანუ, ბოდიში, სად არის მეტრო?
ჩაიწერე და ხო გითხარი უკვე, ასე ნუ  მიყურებო!
ვიწერ,  თან ვფიქრობ,  ნეტა როგორ ვუყურებ... აგრძელებს...
ვთქვათ უცნობ ქუჩაში მოხვდი, კითხულობ: კომე სი კიამა კუესტა ვია? – რა ქვია ამ ქუჩას?
თუ რამეს ვერ გაიგებ, ეუბნები: მი რიპიეტა, პერ  ფავორე – გაიმეორეთ,  გეთაყვა...
დრო თუ დაგაინტერესებს: კე ორა ე? – რომელი საათია?
მერე მე ვეკითხები: როგორ იქნება, მე შენ ძალიან მომწონხარ-მეთქი?
ეს არ გაქვს Eდღეს გაკვეთილადო... 

*  *  * 

მამაჩემმა სიკვდილის წინ ისიც მთხოვა, - შვილო, საქართველოში ჩადი და მადლობა  უთხარი იმ ხალხსო...
ვერ მოვახერხე.
2008 წლის აგვისტოში სინდისის ქეჯნა ვიგრძენი... ვფიქრობდი, საქართველოში წავალ, ერთ უბრალო პარტიზანად ვიბრძოლებ მის მტრებთან...
მაშინ ძალიან მალე დამთავრდა ყველაფერი...
თუმცა დამთავრდა კი...
მე, სერჯიო ძანონი, იტალიელი, მთელ მსოფლიოს ვეუბნები, რომ ბატონი პუტინი და ბატონი მედვედევი არიან არამზადები...
მე არაფერი არ მაქვს საწინააღმედეგო რუს ხალხთან... თუმცა ალბათ მათი ბრალიცაა, რომ ასეთი პრეზიდენტები ყავთ...
შეხვიდე ქვეყანაში ასი ათასიანი არმიით, მიწასთან გაასწორო ქართული სოფლები, გადაბუგო ქართველების სახლები, დახვრიტო უდანაშაულო ხალხი, აყარო ხუთასი ათასი ადამიანი  საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან და მისცე ამ ორ სეპარატისტულ რეგიონს ვითომცდა დამოუკიდებლობა, რომ დაფარო შენი ფარული მიზანი, იმპერიალისტური ზრახვა,  ეს არის ოცდამეერთე საუკუნის ფაშიზმი და აპარტეიდი...
მგონი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრია ბატონი ბილდტი, მთელს მსოფლიოს რომ უთხრა, რაც რუსებმა გააკეთეს საქართველოში, იგივე გააკეთეს გერმანელმა ფაშისტებმა სუდეთის ოლქში, თითქოსდა საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით შეიყვანეს ჯარები  და ანექსია გამოაცხადესო... შვედეთში სტუმრად მყოფმა მედვედევმა ბილდტის ეს სიტყვები ემოციას დააბრალა... ემოციის დროს რომ არის ადამიანი ყველაზე მართალი, ეს არ იცის ბატონმა მედვედევმა...
ისინი ისე შეიჭრნენ საქართველოში, როგორც ატილას ტომები შემოიჭრნენ ძველად რომში და გაანადგურეს ყველაფერი ღირებული და  ყველაზე დიდი რაც არის ღირებული, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე...
ნახონ ბატონმა მედვედევმა და ბატონმა პუტინმა რუსის ჟურნალისტების გადაღებული  ფილმი,  `რუსული გაკვეთილები~ თუ ჯერ ნანახი არ აქვთ, თუმცა მგონი ნახეს, იმიტომ რომ აუკრძალავთ უკვე რუსეთში... სიმართლის ეშინიათ...
ნახონ გადაბუგული ქართული სოფლები ამ ოცდამეერთე საუკუნის ბარბაროსებმა და ვანდალებმა ..
უსინდისო ადამიანები არიან ბატონი მედვედევი და ბატონი პუტინი...
მე, იტალიელი კაცი, სერჯიო ძანონი, ვეუბნები მთელ მსოფლიოს,  უსინდისო იქნება ყველა ის ლიდერი ვინც ცნობს რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე ვითომც და ახალ სახელმწიფოებს,  მხარს დაუჭერს ამ ოცდამეერთე საუკუნის ფაშიზმს...
მთელი მსოფლიო ხვდება, რა მზაკვრულ პოლიტიკას ატარებენ რუსები ოთხმოცდაათიანი  წლებიდან საქართველოში, რომლებსაც არ ეთმობათ მეზობელი ქვეყნის დამოუკიდებლობა...
მე ჩავალ საქართველში და მადლობას ვეტყვი ამ ქვეყანას, რომ მან შვა ფორე მოსულიშვილი...
სალომეს აუცილებლად ვეტყვი, მე შენ ძალიან მომწონხარ-მეთქი – ტუ მი პიაცია მოლტო -  ოღონდ საქართველოში ვეტყვი ამას...
ისე, როგორც ტულიოს ეშმაკობით (ეს იმ წიგნშია სალომემ რომ მათხოვა: :ლამაზქალაქელები სასეირნოდ არიან ქალაქგარეთ და ფანტის თამაშობის დროს ტულიომ დომენიკო და ანა-მარია განგებ გაუშვა მარტონი ფიჩხის მოსაგროვებლად) ტყეში ანა-მარიასთან განმარტოებულმა დომენიკომ  არ იკადრა ჩუმად აეხსნა გრძნობა საყვარელი ქალისათვის  და  მთელ ქალაქს დაუძახა, ყველანი მოდით, ჩქარა მოდითო. მართლაც მოცვივდება  ყველა და მაშინ ამბობს: ხალხო, ეს ქალი მიყვარსო...
მეც ვიტყვი: გამარჯობა საქართველო, მე ეს ქალი მიყვარს-მეთქი...
და კიდევ ვიტყვი:  სონო ჯორჯანო – მე ქართველი ვარ...


(მერვე ნაწილის დასასრული)

      გაგრძელება იქნება
     




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს