ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
6 ივნისი, 2008


კაცები

- ვინ არი მაგარი კაცი?
- მე.
- აბა, რა ხდება, როგორა ხარ?
- მაგრად, გუშინ ბაღში ვიჩხუბე.
- რატო იჩხუბე?
- აბა დიდი კუბიკებით სახლი ავაშენე და ერთმა დამინგრია.
- მერე?
- მერე შენი მოტანილი ბოტასი მივარტყი.
- მერე?
- მერე გამზრდელმა გაგვაშველა.
- მერე?
- მერე იმან იტირა, მე არ მიტირია.
- სახლს თუ გინგრევდა უნდა გეჩხუბა, მაგარი კაცი ხარ. კიდე?
- კიდე ახალი ლექსი ვისწავლე.
- აბა თქვი.
- „ახალი წელი მოვიდა
ახალი სიხარულითა,
ყველას სიკეთეს გისურვებთ,
ჩემი პატარა გულითა”.
- მაგარი კაცი ხარ. კიდე რა ხდება, დედას ხო არ აბრაზებ?
- არა, მაგრამ ხანდახან ტირის.
- რატო ტირის, ალბათ აბრაზებ?
- არაო, შენ არ მაბრაზებო.
- აბა ვინ მაბრაზებსო?
- არ მითხრა.
- თუ კიდე იტირა, უთხარი ვინ გაგაბრაზა თქო. ახლა შენ ხარ ოჯახში კაცი.
- შენ?
- რა მე.
- შენ რატო არ ხარ ჩვენთან.
- ახლა ასეა საჭირო და იმიტო.
- რატოა ასე საჭირო?
- ხო კარგი... რამდენი წლის ხარ ახლა?
- ისევ სამის.
- ისევ სამის კაცო?
- ხო, ისევ სამის.
- აბა ელოდები ახალ წელს?
- არა, ჩვენთან უკვე მოვიდა.
- არ გამაგიჟო, როდის?
- როდის და დედამ გუშინ ნაძვის ხე მორთო და მაშინ.
- თოვლის ბაბუაც მოვიდა?
- არა, თოვლის ბაბუა ტელევიზორში დავინახე.
- გინდა თოვლის ბაბუასთან წაგიყვანო საჩუქრისათვის?
- არა.
- რატო?
- მე შენთან მინდა.
- მე ხო თოვლის ბაბუა არ ვარ.
- მოდი შენ თოვლის მამა იყავი.
- თოვლის მამა ვის გაუგონია?
- შენ იყავი.
- ხო, კარგი. რა გიყიდო?
- ემდემი.
- ეს რა არის?
- არ იცი?
- ხო, გამახსენდა.
- დედასაც ვუყიდოთ ხო.
- ხო.

* * *

- აბა ავედით კიბეზე. რამდენი საფეხურია გახსოვს?
- კი. ოცდაერთი.
- მაგარი კაცი ხარ.
- მამა!
- ხო.
- ოცი და ერთი რო არის, ათი და ერთი რატო არ არის?
- რაა? ა, თერთმეტზე მეკითხები?
- ხო.
- აბა მე რა ვიცი.
- დედამ თქვა, ყველაფერი იცისო.
- ხოო? ასე თქვა?
- ხო, ასე თქვა.
- ალბათ თერთმეტი უფრო ლამაზად გმოითქმება და იმიტომ... 
- მოვედით.
- ზარი არ მუშაობს?
- არა. გაფუჭდა.
- მაშინ დავაკაკუნოთ.
- ნელა დავაკაკუნოთ.
- ნელა რატო?
- იქნებ დედას სძინავს...


29 დეკემბერი 2005 წელი.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები