ნაწარმოებები



ავტორი: სოფო ბაჩილავა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 დეკემბერი, 2009


ვირი და სტაფილო



საქართველოს რომ ნატოში შესვლა უნდა ეს ახალი არავისთვისაა, აგერ უკვე რა ხანია ვცდილობთ როგორმე გავწევრიანდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ნატო კი ზრდილობიან, მაგრამ მაინც, უარს გვეუბნება და მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება. ჩვენ კი აბა რისი ქართველები ვართ თუ ფარ-ხმალს დავყრით და ასე ადვილად დავნებდებით, ხოდა ვაკაკუნებთ და ვაკაკუნებთ ნატოს კარებზე. იქიდან ხან სხეფერი გამოიხედავს ხან რასმუსენი, ხან ამერიკა შეგვაქებს და მოგვიწონებს საქციელს, “მაგრამ ამითი არაფერი შეიცვალა რა” გამოხედვა გამოხედვად და მოწონება მოწონებად რჩება. ჩვენ კი ნატოში შესვლის იმედით ამჯერად ავღანეთში ვაგზავნით ბიჭებს, ვაგზავნით კი არა გავაგზავნეთ უკვე ერთი ასეული, რომელიც საფრანგეთის კონტინგენტთან ერთად იმსახურებს 6 თვის განმავლობაში. სწორედ იმ საფრანგეთის ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნაზე უარი რომ განაცხადა, თუმცა მაგას რა ენაღვლება ნატოშია უკვე. ჩვენ კი ძალები არ უნდა დავიშუროთ და ომგადატანილ ქვეყანამ გაზაფხულზე კიდევ ერთი ბატალიონი უნდა გავაგზავნოთ ავღანეთში. რგორც ჩანს მთავარსარდალს დაავიწყდა ერთი წლის წინ ომი რომ გადავიტანეთ და ავღანეთში ქართველი სამხედროების გაგზავნას მათ საბრძოლო ნათლობას უწოდებს და აღლუმზე საჩვენებელი ჯარი არ გვჭირდებაო ამბობს.Dთუ ასე გულუხვად ვაგზავნეთ საკუთარი ბიჭები მსოფლიოს ერთერთ ყველაზე სახიფათო ადგილას საეჭვოა რომ საერთოდ დაგვრჩეს ჯარი სააღლუმოდ. 

ჩვენმა თავდადებულმა ნაბიჯმა კვლავ დაიმსახურა შექება აშშ-ს და ნატოს მხრიდან. ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იმ გასაოცარი წვლილისთვის რაც საქართველს შეაქვს ავღანეთის საკითხში.
ისე მგონი არ გვიმხელენ და უკვე ნატოში ვართ, რასმუსენი ასე მოწონებით რომ ამბობს ნატო 5000 ჯარისკაცს დამატებით გაგზავნის ავღანეთშიო ჩვენი 31-ე ბატალიონის ბიჭებიც (750ჯარისკაცი), მიუთვლია ზედ.  რომელთა წასვლაც მომავალი წლის თებერვალში იგეგმება. ანუ უნდა ვივარაუდოთ რომ გაისად ნატოში შევალთ.

ასეა თუ ისე ეძიებდე და ჰპოვებდეო ნათქვამია, მაგრამ ჰპოვებდე იმას რასაც ეძებ და არა მორიგ დაპირბას. ვიცი ზოგი იტყვის რომ ვარდი უეკლოდ არ იკრიფებაო.  მე კი მაინც ჩემი მაწუხებს, გვიღირს კი რასმუსენს ან ობამას მორიგი შექება თუნდაც ერთი ჯარისკაცის სიცოცხლედ?

პ.ს გინახავთ დატვირთულ მარხილში შებმული ვირი? რომ არ გაჯიუტდეს  ცხვირწინ სტაფილო უკიდია და იმ იმედით რომ მორიგ ნაბიჯზე მაინც მიწვდება გემრიელ ბოსტნეულს მიიწევს წინ. სტაფილოსა და ვირს შორის მანძილი კი არა და არ იცვლება, (მაგრამ ვირია და რას მიხვდება) ბოლოს  სახლამდე მისულს კი აძლევენ სტაფილოს მაგრამ საწყალ, გადაღლილ  ვირს აღარ აქვს ჭამის თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები