ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
27 დეკემბერი, 2009


წარმოდგენა იწყება (IX ნაწილი)



დღეს ვნახავ – ნინის... 
არადა, ვნახე უკვე, ოღონდ სიზმარში...
გუშინ, შანდურაიზე ფილმს რომ ვუყურეთ,  სიზმრად გადამექცა ეს ამბავი...
ხოდა, სიზმარში ვხედავ, თითქოს შანდურაი და კინსკი ჩვენს სპექტაკლზე არიან მოსულები... 
მე ვითომ ნინის ვეუბნები: აი, რომ არ გჯეროდა, ხომ არიან არიან ერთად-მეთქი...
ნინი კიდე მეუბნება, შეიძლება კინსკიმ უბრალოდ დაპატიჟა. მოდი კინსკის ვთხოვოთ და სპექტაკლის მერე, აი ის მუსიკა, მტვერსასრუტი  რომ აქვს ბექვოკალად,  დავაკვრევინოთო...
მერე გამეღვიძა და ანუკი ალაგებდა სახლს, პილასოსით...
ჩემს ოთახშიც შემოიხედა და უიო, ბოდიშიო, მეგონა გეღვიძაო... არა უშავს, მაინც ხო უნდა გამეღვიძა  და შენ სკოლაში რატო არ ხარ-მეთქი...
სანიტარული დღეა, ერთ ბავშვს გრიპი აქვს და ახლა არკვევენ როგორი გრიპია, თან ერთი დღით დაგვასვენესო...
დედამ სახლის  დალაგება დამავალა, თვითონ დილით ადრე წავიდა მაღაზიაშიო...
მგონი ლექციებზე დავაგვიანე...
ანუკი მეძახის, სად მიდიხარ, ჩაი მაინც დალიეო... შენ დალიე, მეჩქარება-მეთქი...
სიზმარი გამახსენდა...
გუჩი ამბობს, სიზმარში იმას ხედავ, რაზეც ფიქრობო...
მენდელეევმა პერიოდულობის სისტემა სიზმარში ნახაო.
გამოდის ჩემი პერიოდულობის სისტემა ნინია.
სხვანაირად უნდა მეფიქრა...
გამოდის პერიოდულობის სისტემა ჩემი ნინია.
ნახე როგორ შეიცვალა ყველაფერი.
ნინი ჩემი გახდა... ვითომ?
მაგარია - ჩემი ნინი...
აუ, ასე სად არის, ტო?
იქნებ და ვინმე უყვარს, მე კი ისე მესაუბრა, როგორც ჯგუფელს და მეგობარს რა?
როგორ უტირია ვიღაც ბიჭმა მეშვიდე კლასში სიყვარული რომ აუხსნა...
მტირალა ნინი... მგონი მიყვარს... მგონი კი არა, მართლა მიყვარს...  რომ ვუთხრა და ვაი და ატირდეს...  მოიცა რა?! მეშვიდე კლასია?!
ნეტა ის ბიჭი ვინ იყო... ერთი მაცემინა,  რა...
როდის გამოვუტყდე... მთავარია ჩემს თავს გამოვუტყდი...
-  მეგობარო, თქვენი ბილეთი!
ყვითელ ავტობუსში ვარ. კონტოლიორია, თან ახალგაზრდა. ვეტყვი -  ბილეთი არა ხახვი. მერე მეტყვის აბა პირადობის მოწმობა მოიტაო, არ მაქვს-მეთქი. ვეტყვი, ის მეტყვის მაშინ სახელი და გვარი მითხარიო, ვეტყვი მიკლუხო მაკლაი-მეთქი... ის მეტყვის, ჩემი დედა ბიჭო, შენ ვის აღადავებო, მე ვეტყვი, შენი დედა ბიჭო, შენ-მეთქი, მერე ხელს მომიქნევს და მე დავიხრები, ავიცილებ და იმისთანას ვხევ... მინდა კიდე მე პროცესები და რამე... თანაც ეს ტიპი ბავშვთან ერთად დავინახე  გუშინ, ბავშვს ხელში ბუშტი ეჭირა, ალბათ ამან უყიდა. ახლა ეს რომ ხალხს ამოწმებს, ამაში ფულს ხო აძლევენ, ალბათ იმ ფულით... ხოდა კიდე უყიდის (ბილეთს ვიღებ)...
რაც შეეხება პროცესს, ერთი პროცესია კაი... ჭიჭიკია როგორ ამბობს:  მეზობელი ეკითხება ბავშვები გიყვარსო? ბევრი ბავშვები ყავს ჭიჭიკიას  და დაინტერესდა რა მეზობელი.
არაო ჭიჭიკიამ, პროცესი მომწონსო, შექმნის...
გუშინ ლექციაზე დემოგრაფიაზე იყო საუბარი და ლექტორი ამბობს, გოგოების  გამოა კიდევ რომ ქართული მრავალშვილიანი ოჯახები არისო. მე მეხუთე  მყავს ბიჭიო, ცოლს ვეუბნებოდი: ან იქნები  გმირი დედა, ან იქნები ბიჭის დედა-მეთქი და მართლაც კია ახლა გმირი დედა, ხუთი შვილი მყავსო...
ხოდა, მეხუთე - ბიჭი რომ შემეძინა ვარ გახარებული სამშობიაროში, შამპანურები და რამე.    ცოლთან შემიშვეს და მთავარი ექიმი შემოდის ამ დროს. ხნე, სათვალიანი კაცი,  ლონგინოზი ერქვა  და ბებია ქალი ეუბნება: ბატონო ლონგინოზ, მიულოცეთ,  მეხუთე შვილიაო.  ისიც ამბობს, კარგია, კარგია... ხელში რაღაც კრიალოსანს მარცვლავს, თან  ჩუმად ექთანს ეჩურჩულება ყურში, ქურთიაო?
კინაღამ გავიგუდე სიცილით... თან ხომ იცით, ბედნიერი ადამინი რა იოლად იცინისო...
გაუკვირდა ლონგინოზს, თითზე ჩამოსათვლელია ქათული მრავალშვილიანი ოჯახები და იმიტომო...
მე და ნინის რამდენი ბავშვი გვეყოლება?!
ეს რომ ვკითხო, მერე ნახე შენ ტირილი...


*  *  *

ლექციაზე დამაგვიანდა...
ლექტორმა (ქალბატონი ლუდა) შემომხედა და დაჯექი, ვიცი საშინელი საცობებია ქალაქშიო, სრული ბედნიერებსიათვის ეს კუნძულები გვაკლდაო...
ციოდა, მაგრამ ნინი რომ დავინახე – დათბა...
ისევ ის სიზმარი...
ნეტა მართლა ვისთან რჩება შანდურაი,  ქმართან თუ კინსკისთან...
რომ შეუყვარდა  კინსკი ასპროცენტიანია...
დღეს ვეტყვი და რამე ფილმს  კიდევ ვნახავთ... მომეწონა სეანსი...
მოიცა, რატო ინტერნეტში, ვეტყვი და კინოში დავპატიჟებ... 
ჩემს მერე გაგა შემოვიდა: მასს, მგონი ავად ვარ და კულტურულად რომ ვთქვა - ეიჩერთი ენერთი,  ისე კი ღორის  გრიპი მაქვსო...  და იცინის...
ლუდამ, რა გიხარიაო...
გაგამ:  რა და სანამ ღრუტუნი დამიწყია, ხო გამიშვებთო და არას ხო არ დამიწერთო...
ლუდამ: შვილო,  მგონი მთლად ნორმალური არ უნდა იყვეო... თუ ხუმრობ და ასე ხუმრობა არ შეიძლება  და თუ არ ხუმრობ და შეუძლოდ გრძნობ თავს წადი და ექიმს გაესინჯეო...
გაგამ თვალი ჩაგვიკრა და  წავიდა...
არა მგონია ავად ყოფილიყო, ეტყობა საქმე ქონდა... ან ტოტალიზატორში მიდის...
ამას წინათ ამბობს, ჩემი ბედი რა ვთქვი,  ხუთი ბილეთი შევავსე და  ყველაში თითო თამაშმა გამაზაო...
მე ვუთხარი,  ორს რომ გაემაზა, რა მაშინ უფრო იღბლიანი იქნებოდი მეთქი...
არა, პროსტო, მაგრად ტეხავს ერთი რომ მაზავს და მეტად გწყდება გულიო... იღბალია მთავარი: უცხო ენების კაბინეტში ინგლისური ანდაზა კიდია, ნუ დაიბადები მდიდარი, დაიბადე იღბლიანი...
ვიღაცამ ამერიკაში ლატარიაში ერთ დოლარად  სამასი მილიონი რომ მოიგო, აი ის არის იღბლიანი... 
აბა სიმდიდრე რა არის, ეკონომიკის ლექტორი ყვებოდა, ვიღაც გერმანელ მილიონერმა თავი მოიკლას ეკონომიკურ კრიზისში ოთხი მილიონი ევრო ზარალი უნახავს... თუმცა სამი მილიონი ევრო კი დარჩაო...  რას იკლავდა თავს ის ჩემისა: სამი მილიონი ხო ქონდა! აი ის ყოფილა უიღბლო მდიდარი...
ხოდა გაგა აგრძელებს:  სამაგიეროდ გაზეთზე ვიკაიფე, ცოტა გული  მომფხანეს, ასეთი სათაური იყო `ჩირო, შე სირო!...~
ეს ჩირო, ჩირო ფერარაა, `იუვეს~ მწვრთვნელი...
სახლში ოთხით ერთი რო წაასხა ბაიერნთან, მაგრა შეულაგეს ტიფოზებმა, გაამდიდრეს ამ ჩემისებმა ტოტალიზატორებიო...
მეც ვუყურე,  ბაიერნი დაფრინავდა, რა გაუკეთა ასეთი ვან გაალმა...
თავიდან ერთით ნოლს რომ აგებდნენ, მაშინც კი სჯობდნენ...…
ბუფონს ალბათ ოთხი ბურთი ერთ თამაშში მეტჯერ არც ექნება განაშვები,  თან  პირველი მეკარემ გაურჭო – ბუტიმ, პენალი...
არავინ ელოდა... თან რიბერიც არ თამაშობდა ტრამვა აქვს... ტონი ვაფშე სასტავიდან ამოაგდო...
ეტყობათ მეორე სუნთქვა გაეხსნათ...

*  *  * 

ნინის გავხედე.
ორი რიგის იქეთ ზის. რაღაცას წერს. ახლა წერილს მივწერ...
რა მივწერო? …
მოვიფიქრე: კითხვის ნიშანი და მზე გავუგზავნე...Nანუ როგორ ხარ მზეო-მეთქი...
აბა რას მომწერს... გადააწოდეს და ფურცელი გაშალა.
ცოტა ხანში უკან მომივიდა... ქვეშ მიეწერა: გაცინებული კაცი , ნახევარმთვარე და `!~,. ანუ კარგად მთვარეო, მწერდა. გამომხედა...  და გამიღიმა. რა მოსაუბრე თვალები აქვს, ტო...
მერე წერა გააგრძელა...
ნინის ვუყურებ... ახლა პოეტი რომ ვიყო, ალბათ ლექს დავუწერდი და ვეტყოდი რომ ბედნიერების ღრუბელია...
ფაფუკი ღრუბელი...
ანაც გუნდა, ბედნიერების გუნდა, არასდროს რომ არ გადააგდებ და კი არ გაცივებს, გათბობს...
ლექტორი გადასახადებს ხსნის... იწერენ...
გადასახადს რა ჩაწერა უნდა... გადასახადი არის გადასახადი... და ყველა წიგნში ახსნილია, რაც არის... სადღაც მოსმენილი  ფრაზა გამახსენდა: ორ რამეს ვერ აცდება ადამიანი, სიკვდილსა და გადასახადებსო...
ისევ მის გამოგზავნილ ნახატს ვუყურებ, იეროგლიფებს...
ახლა დავაკვირდი, რა იოლია გაცინებული ადამიანის დახატვა...  წრე, შუაში ქვედა მხარეს ნახევარწრე და ზემოთ კი ორი წერტილი. თუმცა რა, მოწყენილი კაციც იოლი  დასახატია, ყველაფერი იგივე და ნახევარწრეს შეაბრუნებ...
რა ცოტაა სიხარულიდან მწუხარებამდე...
ბრძანების ნიშანში რა იგულისხმა... ალბათ ემოცია...
ბაცო გვეუბნება, სცენაზე ემოცია უნდა აჩვენოთ, თქვენი გრძნობა, თუ ემოცია არ გაქვთ, ე. ი. მსახიობები არ ყოფილხართო...
უემოციო და მკვდარი ერთიაო...
სცენაზე რომ გადიხარ ცოტა გიჟი უნდა იყო დაჟეო, მთლად გიჟი არ უთქვამს...
ჭოლაც ასე ეუბნება ჯეოსტარელებს, თუ კარგად გამოვა რომელიმე (ეს ჭოლა რეჟისორია – ლევან წულაძე, კაი ტიპია, თან გურული), შენ ხარ შვილი გიჟიო, ანუ იმ პონტში, რა მაგარი ხარო რა...
ერთს უთხრა მაგრად, ამაზე უკეთესი შესრულება, უზრდელობა იქნებოდაო...
ბაცო გვეუბნება, მილოშ ფორმანის ფილმი `ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა~, ნანახი გაქვთ და თუ არ გაქვთ, ნახეთო: მაკმერფი, თავისუფლება მოყვარული და დაუცხრომელი (ზუსტად ასე თქვა)  რომ  დააჩმორეს ექიმებმა და  ჩვარი გახადეს - უემოციო, მერე ის ინდიელი, გოლიათი ძმაკაცი გუდავსო...
საერთოდ ყოველნაირი სიკვდილის წინააღმდეგი ვარ და ძალადობის, მაგრამ ინდიელმა ვერ აიტანა დაჩმორებული და უემოციო  მაკმერფიო...
ერთხელ, სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა, ნათია ეკითხება:  მასს,  რეჟისორობა რატო აირჩიეო...
ამაზე მეტი იდიოტური კითხვა არ გამიგია... დაახლოებით ისეთივე კითხვაა, წითელქუდა რომ ეკითხება ვითომცდა ბებიას, სინამდვილეში კი მგელს: ბებია, ბებია, რატო გავს ასე დიდი კბილებიო...
მაგარი შედაერება გამომივიდა... პროსტო მგონია, რომ ბაცო სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებდა... 
არ დაზარებია პასუხი... პატარა რომ ვიყავი, დედაჩემს დავყავდი თეატრში და მსახიობები ღმერთები მეგონენ. ერთხელ ერთ ცნობილ მსახიობს  ტროლეიბუსში რომ შევხვდით, თვალებს არ ვუჯერებდი... მერე დედამ ბილეთიც აუღო, მაშინ კაპიკები იყო და ხუთკაპიკიან ბილეთზე დაპატიჟა. ხოდა, იმ მსახიობს ხელში რემდენიმე ბილეთი უკვე ეჭირა, სხვებმაც დაპატიჟეს ეტყობა და უარს ვერავის ეუბნებოდაო... მისი გახარებული სახე არ იშლება ჩემი მეხსიერებიდანო....
ხუთი კაპიკი კი არ იყო მთავარი,  პატივისცემა, უცნობი ადამიანი რომ  გულს გიხსნის და სიყვარულს  რომ გიცხადებს, ეს  იყო მთავარიო...
მაყურებელმა რო შეგიყვაროთ, სცენაზე რომ გადიხართ, ცეცხლი უნდა მოდიოდესო...
დადებითი მუხტი, ენერგია...
სანთელივით უნდა დაიწვათო...
ხოდა, რეჟისორმა ეს ცეცხლი უნდა მართოსო... ისე უნდა მართოს რომ ხალხი დაათბოსო... უკეთესი გახადოსო...
ამას მართლა ჰოლივუდის მსახიობები ვგონივართ...
გვარწმუნებს, რომ ჩვენ კარგი მსახიობები ვართ...
რომ ვუყურებ,  მგონია თვითონ იწვის მართლა სანთელივით...
ერთხელ თქვა,  რეპეტიციის მერე ისე ვარ, ნახევარი საათი მოძრაობა არ შემიძლიაო...
თავიდან მეგონა ჩვენს გამო...
არადა, მერე მივხვდი,  ტიპია თვითონ ასეთი...
მართლა იწვის...
მე ხო ვხვდები და ალბათ ყველა ხვდება რომ მაგრები არ ვართ...
ერთხელ არ უთქვამს, ამდენი დებილი სად შეგყარეთო...
სკამს ხვდება დრო და დრო...
დარაჯი დაუძმაკაცდა, ძია ვასო...
ერთადერთს მას აქვს უფლება გარეშე პირებიდან რეპეტიციას დაესწროს...
მარტო იმიტომ არა, დარბაზის გასაღებები რომ აქვს...
ბაცომ ძია ვასოს რეჟისორის თანაშემწის ფუნქციები შეუთავსა...
რეკვიზიტების მოვლა, ყველას რომ სცენარი ჰქონდეს, დარბაზში რომ არავინ შემოვიდეს უცხო... რადიატორების ჩართვა, რომ არ გავიყინოთ და რომელიმე გრიპი არ  ავიკიდოთ და სხვა რაღაცეები...
ძია ვასოც ხალისით ასრულებს ყველა დავალებას...
ტიპია ბაცო ისეთი, არ გიბრძანებს, თითქოს გთხოვს, მაგრამ კაი ბიჭი ხარ და არ შეუსრულო...
ეს რომ სკამს ფეხს დაარტყამს, ის მივა და ისევ დაუდგამს...
ამაზე  მაგრად ვკაიფობ...  ოღონდ არ  ვიცინი...
ასე მგონია ვინმე რომ  მოვიდეს, რეჟისორი არა, ოპერატორი და ჩვენი რეპეტიცია გადაიღოს, ყველა ფილმზე მაგარი გამოვა... 


*  *  *

ყოველ რეპეტიაციას ახლებურად იწყებს...
საიდან იგონებს, ტო?!
ჩამრთველს ხედავთო? გვეკითხება...
ყველა ვხედავდით...
ორი ღილაკი აქვს, ხოო...
კი-თქო დავეთანხმეთ...
აბა, ახლა მითხარით, რომელი ღილაკი რთავს შუქს, მარჯვენა თუ მარცხენაო...
უცებ ვერც ერთმა ვუთხარით...
ნინის ვუჩურჩულე, შენ მარჯვენა თქვი, მე შენ მარცხენას ვიტყვი-მეთქი...
კარგიო-გამიცინა...
მარტო ჩვენ ვუპასუხეთ როგორც მოვილაპარაკეთ...ზუსტად ისე...
გაეცინა...
ხო, ერთ-ერთი კი იქნებაო... იცით რა, უკვე ათი დღე ამ დარბაზში ვართ და უნდა იცოდეთ, დაკვირვების უნარი უნდა გქონდეთო...
თქვენ კი ერთმანეთში მოლაპარაკებას თავი დაანებეთო... ნინის და მე გაგვიჯავრდასავით...
სცენისკენ არ მიიხედოთ, ახლა... აბა მითხარით სცენაზე ასასვლელ კიბეს რამდენი საფეხური აქვს... ოღონდ ზუსტი პასუხიო...
ვერც ახალ ვუპასუხეთ ზუსტად...
არადა ვიცოდი, ოთხი ჰქონდა, მაგრამ უპასუხობა უფრო საინტერესო იყო...
დასკვნა გამოიტანა:  უყურადღებოები ხართ და ამის ბრალიაო...
კონცენტრაცია უნდა შეგეძლოთ
აბა ყურადღებით: შვიდი მოძრაობაო...  დაიმახსოვრეთ არ გაგიმეორებთო. 
ერთი - ადგილზე სიარული; ორი - ადგილზე სირბილი. სამი -  ადგილზე ხტომა. ოთხი ხტუნვით გადაადგილება, კენგურუსავით (ნებისმიერი მიმართულებით); ხუთი  - ნელი სირბილი (ნებისმიერი მიმართულებით); ექვსი - ჩამჯდარი სიარული (ნებისმიერი მიმართულებით); და შვიდი - ადგილზე გაჩერება, სადაც მოგიწევთო. 
მე რიცხვს გეტყვით, თქვენ შესაბამისი მოძრაობა გააკეთეთო...
ვისაც მოძრაობა შეეშლება ვარდებაო... ვნახოთ ვინ გაიმარჯვებსო...
მაგრად ვიხალისეთ...
ნინის ჩუმად ვუთხარი თუ მოძრაობა ზუსტად არ გაიხსენე  არ დაიწყო-მეთქი, ხოდა ერთმანეთს ვაცდიდით...
სამივე ცდაზე ფინალში გავედით...
მერე რა  მნიშვნელობა ჰქონდა ვინ მოიგებდა?!
აბა, ახლა ენის სავარჯიშოო...
ჩიტი, ციყვი, ჩხიკვი....  ჩიტი, ციყვი, ჩხიკვი....  ჩიტი, ციყვი, ჩხიკვი....  გაიმეორეთ სწრაფად რაც შეიძლებაო, თითქოს ხო არაფერი, მეორე თუ მესამე გამეორებაზე ხან ჩიყვი გამოდიოდა, ხან სპლიყვი - პატარა სპილუკა... 
მე ის გამახსენდა, ზონაში ახალმოსულებს, თუ რომელიმე რამეს მიქარავდა კი-ტრას რომ ვათქმევინებდით სწრაფად და რამდენჯერმე (კი-ტრა-კი-ტრა...), მაგრამ ამას ხო არ ვიტყოდი...
მაგრად ვიცინეთ... ამას ყველაფერს გახურებას ეძახის...
მერე უკვე რეპეტიცია დაიწყო...
ჯერ მაგიდასთან, თავიდან ბოლომდე ჩავიარეთ  ტექსტი... მერე სცენაზე...
ჯერ ეპიზოდები... მერე მთლიანად...
მგონი ნორმალურად გავიარეთ...
ცოტა რეზი ნერვიულობდასავით და სიტყვები ავიწყდებოდა...
ბაცო არ გაბრაზებულა...
დღეს არ მოხვედრია სკამს...
ძია ვასოსაც ნაკლები საქმე ჰქონდა...
რეპეტიცია რომ დამთავრდა, ბაცომ  ნინი და ბარამი დარჩესო...
დავრჩით...
აბა როგორ გეჩხუბოთ, ძალიან თუ არც თუ ძალიანო... - გაიცინა
თუ ჩხუბია ჩხუბი იყოს-მეთქი... ოღონდ ძალიან ნუ გაგვახურებ თუ გაგვიხურებ-მეთქი...-
მეც ვუთხარი... მეც გამეცინა...
აბა თუ ხვდებით რატო დაგტოვეთო...
მე დი ნინიმ ერთმანეთს შევხედეთ, მერე ერთდროულად მხრები ავიჩეჩეთ...
ისევ დამთხევა... ჩვენც გაგვეცინა...
საზიზღრები ხართო, მაგრამ რა ვქნა, თქვენთან ჩხუბს არ ვაპირებ, შეიძლება არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ ასეაო...
ახლა კი, ბატონო, შენ ხარ ბარამი და შენ ხარ ნინი, უცინეთ ერთმანეთს, რეპეტიციის დროს კი  შენ ხარ მალხაზა კაკაბაძე, დაბოღმილი კაცი, ერთადერთი ამ პატარა ქალაქში, ვინც ქორწილში არ არის დაპატიჟებული...
მერე ნინის მიუბრუნდა, შენ კი ორი როლი გაქვს. ერთში პროვინიციელი ქალი ხარ, მსახიობი, რომელიც გამწარებულია, რომ ქორწილში ვერ მიდის და ხაჭაპური ცივდება  და საერთოდ შეხვდება კი ერთი ნაჭერი, მეორე როლში კი ლუიზა ხარ,  რომელიც საერთოდ არ იცნობს ამ მალხაზასო...
აბა, ახლა ამიხსენით, სპექტაკლის დროს ამ ორმა გმირმა რატო უნდა უყუროს ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებითო...
ახლა წადით და უყურეთ ერთმანეთს რამდენიც გინდათ  და თვალები უჟუჟუნეთ, ოღონდ, რეპეტიციის დროს კიდე ერთხელ შეხედავთ ერთმანეთს  როგორც Dდღეს უყურებდით, ორივეს მოგხსნით სპექტაკლიდანო...
ვითომ არ გვეჩხუბა? მაგრამ, ჩხუბიც ასეთია აქვს ბაცოს, თან გეჩხუბება და თან გეუბნება, კი არ გეჩხუბებითო...
ისე სიმართლე  რომ მეთქვა, სულ ფეხებზე მკიდია ეს სპექტაკლი...
კინაღამ ვუთხარი, მაგრამ... ხო მოკლედ, არაფერი ვუთხარი...
თუმცა, ალბათ უფრო თავიდან იყო ასე... ახლა გულიც დამწყდება...
ხოდა, წადით ახლაო, დამღალეთ, მაგრამ თქვენ რას გერჩითო...
შემეცოდა რაღაც... რეპეტიციის დროს ხო ქარიშხალივითაა, მორჩება რეპეტიცია და ძლივს ნიავია...
ასე მგონია განგებ დაგვიტოვა მე და ნინი, რომ მერე ერთად წამოვსულიყავით...
ხოდა, წამოვედით
სტადიონამდე ფეხით მოვედით...
იქედან გადის ნინის მარშუტკა...
-  ნინი, რა უნდოდა ბაცოს?
-  რა ვი!
-  შენ როგორ გიყურო დაბოღმილმა... – გაატრაკა ამ მალხაზა კაკაბაძემ, მაგრამ ამას ხო არ ვეტყოდი...
იცინის...
-  ისე  ბაცო კაი  ტიპია, ხო?! 
-  ბაცო ხო, მალხაზა არა!
-  რა ერჩით, ხომ მოდის მერე ქორწილში...
-  რატო არ დაპატიჟეს, ეტყობა ცუდი სიმთვრალე აქვს...
-  შეიძლება, ან ნაჩხუბარია მასპინძელთან...
-  ხო... შენ როგორი სიმთვრალე გაქვს?!
-  ვიცინი და სიმღერას ვიწყებ...
- ნუ, არ გქონია ცუდი... სადღაც წამიკითხავს, ადამიანის ჭეშმარიტ სახეს  თურმე სიმთვრალეში ამოწმებდნენ ჯერ...
-  ხო, ალბათ იმიტომაა ფრაზა რომა არის, ღვინოშია ჭეშმარიტება – ინ ვინო ვერიტას... -
ბევრი ხალხი ირეოდა და რომ არ დამკარგოდა, უნებურად ხელი მოვკიდე სულ სხვა პონტში რა, აი ანკა რო დამყავდა ბაღში და გზაზე რომ არ გადაერბინა...
ხოდა ხელი ხელზე რომ მოვკიდე, რა დამიარა ტო...
სხვანაირი იყო... შემომხედა...
მე განგებ არ შევხედე... მაგრამ ვხედავდი
ვხედავდი ტო, მამას ვფიცავარ ვხედავდი, პროსტო არ მიმიხედია მისკენ და ისე ვხედავდი...
სხვას თითქმის  ვერც ვერაფერს ვხედავდი...
ხოდა ხელის ოდნავ მოჭერით ვუთხარი მიყვარხარ-მეთქი...
არც გამიხედია ისე...
და თვითონაც რომ მომიჭირა, ხოო რომ მითხრა, მაშინ შევხედე და ლოყაზე ვაკოცე...
ვაი, ახლა თუ ატირდა...
და უცებ ბატონი ალექსანდრე არ დამეჩითა...
რანაირი კაცია ტო?
რა დროს ალექსანდრე იყო...
თუმცა არ მწყენია...
ნინის ვიღაცამ დაურეკა... ატირება არც უცდია მგონი თუ არც დააცალეს, მოკლედ  არ ვიცი...
ალექსანდრე დიდი ამბით შემხვდა, სპექტაკლის საქმეები როგორ მიდის, ხო იცი მოვდივართ მე და ჩემი პრინცესაო...
ახლაც რეპეტიციიდან მოვდივართ-მეთქი...
აა, თქვენ  ჯგუფელები ხართ და სპექტაკლშიც ერთად გამოდიხართო...
საიდან მიხვდა, ტო?
ხო-მეთქი...
მიყვარს ხელოვანი ხალხიო...
ახლა ორივენი ჩემთან მოდიხართ, დაღლილები და მოშიებულები იქნებით, თქვენ არ იცით ჩემი გურანდა როგორ საცივს ამზადებსო...
კენტუხ ბაასაც გაგაცნობთო...…
ეს ვინღაა?! არ მიკითხავს, უცხოელი სტუმარი ყავთ ალბათ-მეთქი...
ისე დიდად არ მეპიტნავებოდა რა ალექსანდრესთან სტუმრობა... მით უმეტეს, ახლა ნინისთან ერთად,  მაგრამ ასე ხო არ ვეტყოდი...
ხოდა, ვიფიქრე, ნინი უარს იტყვის და სიტუაციიდანაც გამოვძვრები-მეთქი...
ნინი, ალბათ გაგვიანდება-მეთქი....
არა, ერთი სააათი დრო მაქვსო... მე თანახმა ვარო...  – გაიცინა...
რა  მეთქვა?! დედამისმა რომ დაურეკოს რას ეტყვის,  ბარამის ადვოკატთან ვართ სტუმრად მე  და ბარამიო...
ან ნინიმ რა იცის ვინ არის?!
ალექსანდრე ძმისშვილს მეძახის, ნინის ალბათ ბიძა გონია...
გადავულაპარაკე, დედაშენი რას იტყვის-მეთქი?
ახლა  დამირეკა, …მანანასთან უნდა გავიდე  და საჭმელი მაგიდაზე დევსო...
მანანა მეზობელია, სერიალს უყურებენ ერთად, ანუ ერთი საათი დრო მაქვსო...
წავედით... იქვე ცხოვრობდა თურმე ალექსანდრე,  სტადიონთან...
მაღალჭერიანი ბინა იყო, ლამაზი და სადა...
ნახე გურანდა რა სტუმრები გვყავსო, ხო ოცნებობდი მსახიობების გაცნობაზე, მე რომ გეუბნებიოდი, სპექტაკლზე ვართ დაპატიჟებული, მსახიობები გვეწვივნენდა არიქა დატრიალდი, დაკალი ქათამი... თუმცა ხო არის უკვე დაკლული, აბა  ვნახოთ საცივი როგორი გამოვიდაო...
რა ღადავისტია ეს ალექსანდრე...
ქალბატონმა გურანდამ საპატიო სტუმრებივით  მიგვიღო...
რა შევამჩნიე: თვალებში შეფოფინებდნენ ერთმანეთს ცოლ-ქმარი...
უცებ ნინი წარმოვიდგინე ასე, ასაკში შესული და სახლში მხვდება...
ნინიმ თვალებით მითხრა რაზე ფიქრობო...
აბა იმას ხო არ ვეტყოდი რაზეც ვფიქრობდი?
კენტუხ ბაა პატარა სასაცილო ცინდალი აღმოჩნდა...
საცივი ძალიან გემრიელი იყო...
მაგრამ საცივი არ არის მთავარი...
ციხეში რომ ვიჯექი, ვიღაც უცნობმა რამდენჯერმე პერედაჩი გამომიგზავნა,  სხვა რაღაცეებთან ერთად  ბადრიჯანი იყო მჟავე მწვანე პომიდორთან და წვრილად დაჭრილ ბულგარული წიწაკასთან ერთად...
გიჟდებოდნენ ბიჭები, ისე გემრიელი იყო...
იგივე დამხვდა  აქ...
დღემდე არ ვიცოდი, ვინ მიგზავნიდა...


(IX ნაწილის დასასრული) 

გაგრძელება იქნება






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები