ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2008


საავად მყოფო

მე არ მიყვარს სავადმყოფოები
მიუხედავად იმისა რომ
ზოგჯერ ბავშვებიც იბადებიან
და ზოგჯერ იქაც არის ბედნიერება,
ზოგჯერ სასწაულებიც ხდება
და შანსგადაწურულები იგრძელებენ ცხოვრებას,
ზოგჯერ ჰუმანიზმიც დაიბუდებს
და ექიმი პაციენტს მხოლოდ ღიმილის საფასურად უმკურნალებს,
ზოგჯერ კი შეიძლება ექიმმა გაგიღიმიოთ კიდეც
და მეორედ მისვლა აღარ გისურვოთ.

მე მაინც არ მიყვარს სავადმყოფოები
ევროპელი მეფეების სრა-სასახლეებივით რომ წამოჭიმულან თბილისში,
არ მიყვარს აუარება თეთრი ხალათები
შიგადაშიგ ღია მომწვანო ფერი რომ ცვლის,
არ მიყვარს ის სუნი იქ რომ ტრიალებს,
სუნი წამლის და სუნი სიკვდილის.
(ან რა საყვარელი ეგ არის)

მე არ მიყვარს სავადმოყოფოები გრძელი დერეფნებით
სადაც თავისუფლად შეგიძლია იცეკვო ვალსი
ნელი თუ ჩქარი,
არ მიყვარან ექიმები, ყოველდღიური გულგრილობით
და თავიანთი \"მერე რა\"-ებით, \"კჩორტუ\"-ებით
და პარალელურად გამოწეული ჯიბეებით,
აი ის არ მიყვარს, პაციენტის ახლობელს რომ უნდა უთხრა
რომ მის შვილს, ცოლს, ძმას, დას, დედას ან მამას
რომ ფეხი უნდა მოაჭრა, ან სულაც ხელი, თითი ან ცალი ფილტვი
ან უარეს შემთხვევაში სიკვდილი რომ უნდა ახარო,
თუმცა რაღა უარეს,
ყველა სიცოცხლე ხომ არ სჯობია სიკვდილს.

არ მიყვარს საგიჟეთები დაპატიმრებული თავისუფლებით,
აკი გიჟი თავისუფალიაო,
ესე ტყუილია,
არ მიყვარს დასაწყნარებლად ძალით გაჩხერილი მორფიანი შპრიცები
(არადა რამდენი გაიკეთებდა სიამოვნებით)
არ მომწონს როცა ნაპოლეონს უკვე მერამდენედ კეტავენ გისოსებს მიღმა
ჰიტლერი კი გაუბახტში ჰყავთ მხოლოდ იმიტომ
რომ მედდის ქეციანი კატა კიდევ უფრო გაპუტა.

მე არ მიყვარს სავადმყოფოები
მიუხედავად იმისა რომ
ზოგჯერ ბავშვებიც იბადებიან,
ბავშვებს კი უყვართ საუბედუროდ მშობლიური ადგილები
და დღეების, თვეების ან წლების მერე
ისევ ბრუნდებიან მეორედ გასვლის ან მოსვლის იმედით,


14.01.08

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები