ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2010


წარმოდგენა იწყება (X ნაწილი)

X ნაწილი


ეეჰჰჰ,
გამანახევრა კაცოოო...
კარგო ადამიანო, - ვეუბნები, - წესია, ჯერ კაცი მიდის მერე ქალი...
შენ რაღას მასწრებ-მეთქი...
ისევე მეხუმრებოდა კაცოო: აბა მე დავქვრივდეო...
თუ კარგია, ენდე... შენ დაქვრივდიო... – და მიცინის
არც არაფერი არა გჭირს, ხვალ თუ ზეგ გამაეწერები-მეთქი...
ვასო, ტყუილი როდის გეხერხებოდა შე ყურუმსაღო, ამ სიბერეში რო დაგიწყიაო...
კაცო, რძლებს რამე არ წამააძახებინო, სუფთად იყავიო...
აი, რო იძახოდი, ბიჭი, ბიჭი... გვყოლოდა ერთი გოგო,  ეხლა ხო მაგხედავდაო...
კაცოო, დიაგნოზი იცის და იმაი კი არ ამბობს, მე მამხედავდაო... შენ მაგხედავდაო?!
ეჰ, სიკვდილს რა ვუთხარი, უცხვირპირო ისა!
აგრძელებს, აი სამი ბიჭები გვყვანან, სამ Dდღეში ერთი მოდისა დასახედადაო.
ცუდი ბიჭები კი არ გვყვანან, ენაცვალოთ დედაი,  საქმე აქვთ და ვერ იცლიან, მაგრამ გოგო სულ სხვაა კაცოო!
იმედიანად წავიდოდიო...
მომე ხელი-მეთქი...
აჰაო... ხოდა მაგრად დავუჭირე, არსადაც არ გაგიშვებ-მეთქი...
ისევ ისეთი სულელი მყავხარო, გამიცინა...
განა მე კი არ მინდა შენთანა,  მაგრამა... ხო კარგი არაფერიო...
მიიხედეო...
რათა-მეთქი...
მიიხედე რო გეუბნებიო...
რას მიმალავ რაც არ მინახია-მეთქი... – არ მივიხედე.
რა სულელი მყავხარო... ცრემლი წამოუვიდა... ცრემლს მიმალავდა თურმე...
მაიწმინდა, ეგ არაფერიო... ყველაფერი დარეცხილები დაგიტოვე, პენსია ხო გაქვს, რძლები თუ არ დარეცხენ და ხიმჩისტკაში ჩაიტანო...
ვინმეს თავი არ დააცინიო და ფსიტის სუნი არ აგივიდეს, თორე ვაი შენი ბრალიო, ხო იცი ყველადღე ახალ გარეცხილს  გაცმევდიო... თავი არ მაიშივოო.
კაცოო, რამდენ რამეს მიბარებ!  ამას დამახსოვრება არ უნდა, ან დარჩი?! ან არადა ბარემ წამოვალ-მეთქი...
სუო, ეს არ წამოგცდესო... ღმერთსა ნუ სცოდავო...
აბა თუ კარგი ღმერთია შენ რადღა მიჰყავხარ, მე წამიყვანოს, ან ერთად წაგვიყვანოს-მეთქი...
კაცო იქ არა დაგხვდები, სად გაგექცევიო...


*  *  *   

როგორი კაცია ეს გივი...
ხო პროფესორია, ისეთი მეზობლობა იცის, ისე დაგიდგება გვერდითა, სამ ნათესავსაც უდრის...
დილითვე ჩამოვიდა: ვასო ძია, თუ რამე დაგჭირდეს, თქვენს გვერდითა ვარო...
ეეხ ვინც მჭირდებოდა, აღარ არი-მეთქი...

*  *  *


კაცოო, რო გამახსენდება, ყველაფერს მიფლეთ-მომიფლეთს სულსა და გულში...
სამი თვე  გავიდა...

რა უმადურია კაცი მაინცა...
დადიხარ, დადიხარ  ამ წუთისოფელში და ნატრობ აბა როდი ვიქნები ბედნიერი, როდი ვიქნებიო...
ხოდა რო ხარ, ხვდები განა?!
შენი სისხლი და ხორცი რომ კარგად არის, კარგადა რომ ხარ, ვინაც გენატრება, რომ გვერდითა გყავ, ვერა ხვდები რომ ბედნიერი ხარ...
ხოდა გეპარება ცხოვრებაცა და ეს ბედნიერებებიცა...
კაცოო, ხო  სამი თვე  გავიდა,  მეგონა სამ Dდღეს ვერ გავძლებდი უმისოდა...
სამჯერ სახლში მობრუნებულსა, გულს გადამვარდა  და თინო, სადა ხარ-მეთქი...
ვინ მიპასუხებდა?!
ხან ბალღებს ჩამავუვლი...
დარჩიო მეხვეწებიან... სახლში მარტო როგორა სძლებო...
კაცოო, ასე მგონია შინ მელის-მეთქი... – ერთხელაც წამამცდა...
შაშინდა ბიჭი, თვალებში შავატყვე...
ხოო, რას აფორიაქდი, კი არა მელის, მგონია რომ მელის-მეთქი..
დაწყნარდა... რა ვქნა, არ მიჩერდება გული სხვაგანა... 
ასე მგონია სადღაცა აქა, სამზარეულოში, თუ საძინებელში, თინოს სული ტრიალებს...
ეჰ, მაინც როგორ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი...
ნახევრობასაც... ნახევარი არ იბადება?!


*  *  *

ერთიც მხვდება კიბეებზე გივი, ჩემს ზემოთა ცხოვრობს, ორი სართულითა, როგორ ხარ, რას შვრებითო...
რა ვიცი, აი მამწყინდა სახლში ჯდომა, სამუშაოს ვეძებ-მეთქი, ჩავუწვეთე...
განა არა მქონდა, ტრიდცატპერვიში საიდუმლო დეტალს ვამზადებდი საბრძოლო თვითმფრინავისა, „სუს” რო ეძახიან... რა დეტალსა, ახლაც არ ვიტყვი...
საიდუმლოა და იმიტო...
მერე მამიწია პენსიის ასაკმა, მე რა მეთქმოდა,  ახალგაზრდებსაცა უშვებდნენ, შემცირებებიაო..
ხოდა სანამ თინო მყვანდა,  მიხაროდა შინა, ხანაც მეზობლებთანა ნარდს გავაგორებდი...
ახლა რაღაც აღარ მიჩერდება სახლში გული... ხოდა იმიტომაც ვუთხარ...
ვიცი რომ ბიზნესმენობს, ინსტიტუტის რექტორიცაა...
ძია ვასო, თქვენ როგორ გკადრებთ,  მაგრამ დარაჯის ადგილი მაქვს, ახალ შენობაში გადავედით, თქვენისთანა სანდო ადამიანი მჭირდებაო, ხო იცი რა ძნელია: იქ კომპიუტერები, იქ ავეჯი, ათასი წვრილმანი, სულ მამა-სისხლად შენაძენი და ერთგული და პატიოსანი კაცი მჭირდება აი შენ რო ხარ ისეთიო...
ექვსსართულიანი შენობაა, ზედა ორი სართული ჩვენია...
მეხუთე სართულზე ერთი საერთო შესასვლელი გვაქვს...
ხოდა იქ შესასვლელთან ერთ პატარა ოთახს ვაწყობინებ დარაჯისათვინო...
აგაშენა ღმერთმა-მეთქი...
რა ვიცი ბიჭები რას იტყვიანო... მერიდებაო...
ეჰ, ბიჭებს იმდენი საქმეები აქვთ, რამის სათქმელადაც არ ცალიათ, ან უკადრისი რა არის ღმერთი თვითონ დარაჯი არ არის, კაცის ცხოვრების დარაჯია-მეთქი...
ვასო,  ძია არ გეგონოს ღამე იქ უნდა იყვე, ღამით შენობის ყარაულს ჩააბარებ სართულის გასაღებსო...
დღე შესასვლელ კარებთან კიდე ერთი დაცვის ბიჭი იდგომება...  ის კაცი შენ გებარება...  მოკლედ ინსტიტუტის დაცვის უფროსი შენ იქნებიო...
ბუღალტერს  სამასი ლარი  გამოვაყოფინე და შენ თუ თანახმა იქნები, ოთხასზე დავწერ ბრძანებასაო...
კაცოო, ვიფიქრე, ეს რა კარგ ფეხზე ავდექი...
მოკლედ, დავთანხმდი...
გავერთობი მაინცა... ოთხას ლარად...


*  *  * 
კაცო, ე რა ვნახე,
გოგო და ბიჭო გამიგია...
მაგრამ ბიჭი  და ბიჭი?!
ბოლო ზარი რომ დაირეკება, ჩვეულებრივ ჩამავივლი აუდიტორიებსა...
არ ბღლურძლაობდნენ?!
უი თქვენი დედა კი ვატირე, აქედან გამასწარით-მეთქი...
გაიქცნენ...
მეორე Dდღეს მოდიან ჯერ ერთი, მერე მეორე...
ვასო ძია, არსად არ გაგვთქვაო, პურმარილი ჩვენზე იყოს, ვიკისრებთაო...
აბა თქვენა ხართ, რა ცუდად გიცნიათ ვასო, თქვენი პურმარილი თქვენთვის დაიტოვეთ, თქვენ ხო იცით შვილოსა რასაც აკეთებდით,  განა ეს უბედურებად არ გყოფნით-მეთქი....
გაიძურწნენ...
ამათმა უნდა უშველონ საქართველოსა...
ეჰ,  შვილოსა...

*  *  *

ასედაც არ არის ეხლა.  ცუდი სულ იყო... ეს არი უფრო ხმაურობს, თორე ცუდი თუ მეტი იქნა სულ მთლად გადავგვარდით და გადავჯიშდით და ეგ არი...
კიდე კარგი რო კარგებიცა გყვანან...
აი ბარამი, როგორი კარგი  ახალგაზრდაა, არადა ამბობენ ციხეშიც იჯდაო...
სალამს ვერ დაასწრებ კაცო, სულ ახლობელივით იცის მოკითხვა,  ზოგი კიდე იგეთია, გამარჯობასაც არ იკადრებს...
აბა, რექტორი რო გამაივლის როგორ აეკვრებიან კედელსა...
ეე, შვილოსა, უნდა გაიგო, კაცი უნდა იყო და ადამიანი და გინდა დარაჯი იყავ, გინდა რექტორი და  გინდა პრეზიდენტი...
ესმიან რო?!
ხანაც ცხოვრება შეგძულდება კაცსა...
შესვენებაზედ დადგებიან კიბეზედ, ეწევიან...  და დედებსა იგინებიან...
თავისასა, კაცო...
შვილო, აბა რასა ამბობ, არა გრცხვენია-მეთქი... - ერთს ვეუბნები...
მიდიო, შააყოლეო...
ღირსი არა ხარ ერთი ჯოხი მოგაყოლო შეE ცალტვინა-მეთქი...
გაწიწმატდა... ესეც  კარგი, ხელი არ აიღო... შარცხვებოდა თუ რა... აიღებდა და მისი აჯობებდა...
შვილო და ვირიშვილო, თუ ცალტვინა არა ხარ და უტვინო,  უფიქრდები რასა ამბობ-მეთქი...
მაინცა და მაინც პატრიარქმა უნდა გითხრას, დედას ნუ შეიგინები, ისე ვერ უნდა გაიგო-მეთქი...
რამდენიც უნდა იმდენი იწიწმატოს...
მისთვინ  ვეუბნები, ჩემთვინ ხო არა...
მე კი ვუთხარ, მარა გაიგებს განა...
ვიღაცა ბრძენი მასწავლებლისთვინა ბავშვი მიუყვანიათ, გაგვიზარდეო...
ბრძენსა უკითხავს, რამდენისა არიო...
ორილ წლისაო, უპასუხნიათ...
ეჰ, გვიანია უკვეო...

*  *  * 

„ვასო ძია, როგორ ბრძანდებით?”
„კარგად ბარამ, გაიხარე შვილო, რა ადრე მოსულხარ რეპეტიციაზედ!”
„დაგვიანება არ უყვარს ბაცოს!”
„ეს რა კარგი რამე მოიგონა ჩვენმა რექტორმა, მეც ხალისი მომეცა!”
„მგონი მაგარი რაღაცა უნდა გამოვიდეს, ხო?”
„კი, ასეა, უნდა ეცადოთ შვილო, მაიწადინოთ!”
„რა ვქნათ აბა, ხო ვცდილობთ, ვწადინობთ!” - იცინის...
„ხო იცი რა მითხრა: ვასო ძია,  თუ შევატყვე რომ სპექტაკლი არ გამოდის, არც ამათი ფული მინდა და არც არაფერი, მე თვითონ ჩავშლი სპექტაკლსაო!”
„კი, ასე იზამს!”
ვასო ძია, ალბათ წარმოშობით კახელი ბრძანდებითო...
კი-მეთქი, თელავიდანა... და საიდან მიხვდი-მეთქი...
კახელი ცოლ-ქმარი მყავ მეზობლები, ძალიან ტკბილი ხალხია - აბელა და ნანა, ხოდა სიტყვა მოწადინება პირველად მათგან გავიგეო... ხოდა მოჰყვა:
დილითა გვეძახის აბელა, მამეხმარეთ, ტახტი ვიყიდე სახლში ვერ შამიტანიაო, მეორე მეზობელი თურმე ეანგლება, რომელი მეფე შენა მყავხარ, ტახტი რომ გიყიდია, ან ერთი მიშიკომ გაგიგოს მერე ჰნახავ შენაო... მოვედით... ხუთმა კაცმა როგორ არ ვატრიალეთ ეს ტახტი, არ შადისო რა... ეს ცოლი კიდე, ნანა, ეუბნება აბელას, მაიწადინე აბელ, მაიწადინეო... აბელაც თურმე გაბრაზებულა, ქალო რო მავიწადინე, შავიდა და ორი შვილი მყავ, ახლა არ შადის  და რა დოზანა ვუყოო... დავცვივდით მეზობლები სიცილითაო...
ქალბატონი რეჟისორიც  მოვიდა, აბა როგორა ხართო, ისე გვითხრა, შვილსა და მამას რომ ეტყვიან... ჩვენც მოვიკითხეთ...
... მერე როგორ მორჩა ეს ამბავი-მეთქი...  ბარამსა ვკითხე...
რა ამბავიო,  ქალბატონი  რეჟისორიც დაინტერესდა...
აი, მეზობელს ტახტი  ვერ შაქონდა სახლშიო... – შეუმოკლა...
ის საინტერესო დეტალები ამაიღო... შარცხვა ალბათ... გაზრდილია და მიტო...
მერეო...
მერე მე გავედი, დამიძახესო... ერთ საათში მოვბრუნდი, მაინტერესებს რა ხდებაო, მოვედი, ვა....  აღარც ხალხი დამხვდა, აღარც ტახტიო...  მეთქი უკან დააბრუნეს, მერე შევამჩნიე ახლად ამოლესილი კედელი... თურმე კარები ჩამოუნგრევიათ, ტახტი შეუტანიათ და მერე ისევ ამოუშენებიათო...
ხოდა შევედი და ქეიფობდნენ. აბელას ტახტი ზალაში დაედგა, გევრდით ნანა მოესვა და მართლა მეფე-დედოფალივით ისხდნენ, მეზობლები კიდე ჩვეულებრივ სკამებზე დაესვაა მაგიდასთან აქეთ-იქედან ნაზირ-ვეზირებივითაო...
ხოდა მეც დავაყოლე, აი რა იცის მაწადინებამ-მეთქი...

*  *  * 

რა კაი ქალბატონია ეს ჩვენი რეჟისორი...
აი თინო რომ მეუბნებოდა, გოგო გვყოლოდაო, შურით ვუცქერ კაცო, ნეტა ჩემი იყოს-მეთქი, მეოთხე...
მთელი ინსტიტუტი გაახალისა...
რექტორმაც მთხოვა, ვასო ძია, შენი იმედი მააქვს, თუ რამ დასჭირდეს, არაფერი მიაკლო, თანაც ვინმემ ხელი არავინ არ შეუშალოსო...
რეპეტიციის დროს დარბაზში არავის ვუშვებ, აკრძალვაა...
დადგებიან და დახურულ კარებს იქეთ ისმენენ, რას ვაკეთებთ...
აბა ამას ხო არ დავუშლი, იდგნენ რა...
ერთხელ რექტორიც მოვიდა...
აბა ის ხო უნდა შემომეშვა, მაგრამ ქალბატონმა რეჟისორმა რეპეტიცია შეაჩერა...
ბატონო გივი, მხოლოდ გენერალურ რეპეტიციაზე გელითო...
ისე გამოგიარეთ, რამე ხომ არ გჭირდებათო... – გაუღიმა...
არადა შევატყვე ეწყინა...
აშკარად რეპეტიციის ცქერა უნდოდა... 
ქალბატონმა რეჟისორმაც დრო იხელთა, თუ რამე ჭირდებოდა - რეკვიზიტებს ეძახის... ყველაფერი ჩამოუწერა...
არ არის პრობლემაო... აბა წავედი, ხელს არ შეგიშლითო...
ცოტა ის არ მამწონს, რეპეტიციის მერე რომ დარჩება და სიგარეტსა სწევს...
ასე ვისვენებო...
შვილო ეს ხო შხამია, ვეუბნები...
ძია ვასო, განა არ ვიცი, სულ მინდა შევეშვა და ვერაო...
ბარამი რომ მოჰყვა თავისი მეზობლის ამბავსა, მერე მეკითხება, ძია ვასო, თქვენს მშობლიურ ქალაქს  თელავს რატო ეძახიანო...
ეს შვილო-მეთქი დიდი ისტორიაა... ზოგი ახლა ამ ისტორიას ამოკლებს, ვითომ ბევრი თელა ხარობს იმ მიდამოში  და  იმიტოო...
არადა, არ არი მართალი-მეთქი...
კავკასიონის ქედის გადაღმიდან ძველთაგანვე გადამთიელები ღრმად შემოდიოდნენ ამ ჩვენი კახეთის ტერიტორიაზედ,  იტაცებდნენ კაცსა, საქონელსა... ხოდა  გაწამებული იყო ხალხი და ამიტომ შექმნეს სპეციალური ჯგუფი ამათ საწინააღმდეგოდა...
ქალბატონი რეჟისორი დამეკითხა, ეს როდის,  ლეკიანობის დროსა, მეფე ერეკლემ რომ რაზმი შაქმნაო...
არა-მეთქი... ეს ახალი ამბებია, მაშინ უკვე თელავი სატახტო ქალაქიც იყო კახეთისა-მეთქი...
აბელასაც იმიტომ უნდოდა სახლში ტახტიო, - იცინის ბარამი...
დამაცა-მეთქი... სანამ რეპეტიცია დაგეწყებათ ხო უნდა მოვყვე... ესეც სხვა ამბავია კიდე, რა ბიჭი ყავდა მეფე ერეკლესა, ლევან ბატონიშვილი... ის იყო იმ რაზმის უფროსიცა და დამაარსებელიც, სულ ნარჩევი ბიჭები ჰყავდა რაზმში.  მეფე რა თქმა უნდა ხელს უწყობდა. ძალიან ყვარებია მეფესა, ვაჟკაცი და უშიშარი ყოფილა... ღალატით მოუკლავთ ოცდახუთი წლისა მოღალატე თავადებსა-მეთქი...
მაგრამ ახლა სხვა ამბავს გიყვებით, უფრო ძველსა...
მაშინდელ მეფესა, შაიძლება ითქვას, ისეთივე რაზმი შაუქმნია...
თელავი გომბორის ქედზედ ხო არი, იქიდამ ხო მთელი ალაზნის ველი მოსჩანს... რაზმიც  იქ ყოფილა დაბანაკებული...
ჯგუფი უკვე უთვალთვალებს, თუ ვინმე შემოვიდოდა უცხო ალაზნის ველზედ  უსწორდებოდნენ კარგად, სულ კუდით ქვას ასროლინებდნენ...
სადაც კი წააწყდებოდნენ მომხდურ მტერსა და ქურდ-ბაცაცასა, მართლაც თელავდნენ თურმე...
ეს რაზმელები თავისა სიმამაცისა გამო ხალხს ძალიან შაყვარებია... და ასე სიყვარულით დაურქმევიათ მთელავი რაზმი...
აქ ხო ამათ ახლა ბანაკად საჭმელი უნდოდათ, სასმელი უნდოდათ, ბინა უნდოდათ... ხოდა ენდე, ამ დაბანაკების ადგილას გაჩნდა სახლები, პურის საცხობები, სავაჭროები... ამათ ცოლები მოიყვანეს, შვილები ეყოლათ... და ასე თანდათანობით გაჩნდა ქალაქი...
მერე მთელავსა ერთი ასო მასცილდა  და დარჩა თელავი...
აბა შვილოსა, საქართველოში ყველგან ხარობს თელა, სად თელა და სად თელავი...
და სად ტელავივი – იცინის ქალბატონი რეჟისორი...
მერე მე ვთქვი, ერთმა სომეხმა  ისიც მითხრა, თე-ლავ სომხურად ნიშნავს „თუ კარგია”, და ჩვენა დავარქვითო...
ასე საქართველოში ყველაფერი კარგია, ყველას თელავი რად არა ჰქვია-მეთქი... მე ვუთხარ
იცინეს...
მერე ბარამმმა თუ შეიძლება ანეკდოტს ვიტყვიო, დღესა მითხრესო, მთლად თელავთან ახლო არ არის, მაგრამ წავაო:
ქალბატონმა რეჟისორმა, თქვი, რა ნებართვას ითხოვო...
ხოდა მოჰყვა: ორი საუბრობს,  - სეროჟ! - ჰა!.. - თავში ქვა-ო! სეროჟას იასნია გაუტყდა, არ ესიამოვნაო, ხოდა  ცოტა ხნის შემდეგ ეძახის: - რაზმიკ! - ჰამე!..  - თავში ქვამე! ვაა, კიდე მე-ო?!
ახლა უკვე ყველამ ვიცინეთ...
ამასობაში სხვებიც მოვიდნენ ზუზუნ-ზუზუნითა...
კაცო, ფუტკრებსა ჰგვანან,  აუდიტორიები სკებია, ლექტორი კიდე დედა ფუტკარი...
აქ ამათი დედა ფუტკარი ქალბატონი რეჟისორია... 
ხოდა  რეპეტიციაც დაიწყო...

X ნაწილის დასასრული
(გაგრძელება იქნება)










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს