ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
1 თებერვალი, 2010


ერთი უბრალო კაცის ცხოვრება

  სოფლის გზაზე, ავტობუსების გაჩერებასთან უზარმაზარი ჭადარი იდგა.სწორედ აქ ელოდებოდა ყოველ დილით ავტობუსს უცნობი გოგონა, რომელსაც დიდი ხანია თვალი დაადგა, მაგრამ გასაცნობად მისვლა ერიდებოდა.გოგონა ხომ ჯერ სულ ბავშვი იყო, თვითონ კი - 30 წელს გადაცილებული მამაკაცი."რაც უნდა მოხდეს, დღეს უნდა გავიცნო"-შეუძახა საკუთარ თავს და ხეზე აძვრა.გოგონა მალე გამოჩნდა."ქალავ ნარინჯიანო, ჩითის კაბა გაცვია..."სიმღერა დაიწყო ბიჭმა...
  ასე დაიწყო ყველაფერი. ერთი წლის თავზე ვაჟი შეეძინათ. კიდევ ერთ წელიწადში გოგონა.სოფელში ცხოვრობდნენ და არც ეკონომიურად ულხინდათ, მაგრამ შეჰხაროდნენ შვილებს და ბედნიერები იყვნენ. როდესაც გოგონა ათი თვის შეიქმნა, ავად გახდა. მაღალი სიცხე ჰქონდა. სოფლელი დედაკაცები არწმუნებდნენ კბილები ამოსდის და მაგის ბრალიაო, დედამთილის ამას ამბობდა და ახალგაზრდა დედა ვერ შეეწინააღმდეგა. როცა ბავშვი ექიმთან მიიყვანეს, უკვე გვიანი აღმოჩნდა და ერთი თვის თავზე პატარა ლეიკემიით გარდაიცვალა.ახალგაზრდა დედამ ძაძები ჩაიცვა.კაცი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. იქ ცოტაოდენ ფულს მოუყარა თავი და თავისი ცოლ-შვილით სხვაგან გადასახლდა.
  წლები გავიდა.ქალს ძმა გარდაეცვალა.გასვენებაზე საშინლად მოწვიმა, კაცი გაცივდა და ცუდად გახდა. ექიმებმა სასუნთქი მილის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ოპერაცია გაუკეთეს. როცა ნარკოზიდან გამოვიდა აღმოაჩინა, რომ უკვე ვეღარასდროს იმღერებდა საყვარელ სიმღერებს...მხოლოდ ძალიან დაბალ ხმაზე შეეძლო საუბარი და ისიც ჩიფჩიფით.
  ცხოვრებამ ხალისი დაკარგა. ერთ დროს მოსიყვარულე ქმარი ძალიან უხეში და ნერვიული გახდა.მისი ყველა სურვილი უყოყმანოდ უნდა აღსრულებულიყო.შუაგულ ზამთარში ცოლი ღამის პერანგის ამარაც კი გაუგდია სახლიდან, სრულიად უსაფუძვლოდ...
  ...სამშობიაროს თეთრ პალატაში კიდევ ერთი ახალშობილის ტირილი გაისმა.ბავშვის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო:მეხუთე და ზედმეტი შვილი უნდა გაეშვილებინათ."ჩემი ძმის შვილიშვილს სხვას არ გავაზრდევინებო" კაცმა და ახალშობილი გოგონა სახლში წამოიყვანა.ცოლი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ვერაფერი უთხრა.
  პატარა იზრდებოდა, კაცს მზე და მთვარე მასზე ამოდიოდა.სამსახურიდან რომ დაბრუნდებოდა, პატარა ლურჯთვალა გოგონა კარებთან ხვდებოდა:
- რა მომიტანე,მაა?
-ჯერ ერთი მაკოცნინე და განახებ...
- კაი, ხო, მაკოცე- და ლოყას მიუშვერდა პატარა. კაცი ხელში აიტაცებდა და კოცნიდა.
-შენ ხომ მითხარი ერთიო? ამდენს რატო მკოცნი?-ჯუჯღუნებდა გოგონა და პაწუკა ხელებით იწმენდდა კოცნის კვალს სახეზე.კაცს კი გულის ჯიბიდან სხვადასხვა სასუსნავი ამოჰქონდა.
  ათი წელი გავიდა და ყველას გაახსენდა ქირურგის სიტყვები: "ბოლომდე ვერ ამოვჭერით სიმსივნე, ოდესმე აუცილებლად იჩენს ისევ თავს" და ავადმყოფობისგან მისუსტებული კაცი პეტერბურგში წავიდა სამკურნალოდ.ისევ ოპერაცია,საავადმყოფო, ექიმები,ტკივილი,უიმედობა...
მოდიოდნენ მნახველები. ათასგვარი ტკბილეული მოჰქონდათ.კაცი კი ლუკმასაც არ ჩაიდებდა პირში, ყველაფერს ინახავდა."იქნებ, ჩემს პატარას არა აქვს ეხლა ტკბილეული და მე როგორ ვჭამო? შევუნახავ და როცა წავალ ყველაფერს ერთად ჩავუტან...როგორ გაიხარებს...ბევრჯერ მაკოცებს,ჩამეხუტება..." ოცნებობდა და ეს ოცნება გაუსაძლის ტკივილებს უმსუბუქებდა.
  სახლში დაბრუნდა. განადგურებული, სოცოცხლეგამოცლილი...უკვე მისი ჩიფჩიფიც არავის ესმოდა,მხოლოდ პატარა გოგონა იგებდა ყველა მის ნათქვამს.ხუმრობდა ხოლმე, მამიკოს თარჯიმანი ვარო.წერა დაიწყო. ეხლა უკვე კალმით და ფურცლით ესაუბრებოდა ახლობლებს და უთვალავ წერილს წერდა თავის პატარა დედოფალას.ნატრობდა ნეტავი ჩემს დაბადების დღემდე გავძლოო,დაბადების დღე კი ზაფხულის უკანასკნელ დღეს ჰქონდა.
  ზაფხულიც მიილია,შემოდგომაც და ზამთრის ბოლო თვე იდგა. ის ლოგინად იყო ჩავარდნილი.
  გოგონა უკვე ათი წლის იყო და სკოლში დადიოდა. ერთ დღესაც სკოლიდან დაბრუნებულმა ეზოში უამრავი ადამიანი შენიშნა.მან არ იცოდა როგორი იყო სიკვდილი, ამიტომ ცუდი არაფერი უფიქრია. არც მაშინ, როდესაც სახლში შევიდა და მიცვალებულის დასასვენებლად გამზადებული ტახტი დაინახა შუა ოთახში.მერე ქალების საუბარს მოჰკრა ყური და მიხვდა, რომ მამიკო გარდაიცვალა. სასწრაფოდ შევიდა მამიკოს ოთახში.ის ისევ თავის საწოლში იწვა.დააკვირდა. სუნთქავდა. ეგონა, ამას ვერავინ ამჩნევდა მის გარდა და ყვირილი მორთო: "მამიკო ცოცხალია.მე ვხედავ რომ სუნთქავს,დააკვირდით და თქვენც დაინახავთ.... მამი,მამიკოოო!!!" -და ჩაეხუტა კაცს ისე, როგორც არასდროს ჩახუტებია. ის მართლა ცოცხალი იყო, ოღონდ უგონოდ. ექიმები ვერაფერს შველოდნენ და უბრალოდ სიკვდილს ელოდებოდნენ.სიკვდილმაც არ დააყოვნა. 6 თებერვალს, შუაღამეზე კაცს ხველება აუტყდა. რატომღაც ვერავინ მიუახლოვდა. პატარამ მიირბინა, ეხუტებოდა, შუბლს უწმენნდა ყვავილებიანი პატარა ცხვირსახოცით,გულში იკრავდა...მერე უცებ ყველაფერი გაქვავდა, ყველაფერმა აზრი დაკარგა... კივილი,მოთქმა... პატარა მეზობელთან წაიყვანეს.ბუხართან იჯდა და თავის თანატოლ და-ძმას რაღაცას ელაპარაკებოდა, მერე დაიძინა...კლასელები მოდიოდნენ, ყვავილები მოჰქონდათ...მასწავლებლებიც მოვიდნენ. ყველა ეფერებოდა გოგონას...ერთხელ, ღამე როდესაც მიცვალებულის ოთახში არვინ იყო, ის ჩუმად შეიპარა და ჩაეხუტა მამის ცივს სხეულს,მთელი სახე დაუკოცნა,ცრემლებით დაუსველა... მეორე დღეს კი, მას მამიკოს სურათი ჰქონდა გულზე მიხუტებული და სასაფლაოსკენ მიდიოდა სხვა ჭირისუფლებთან ერთად.მისი ცრემლები ჯერ თვალებს და ლოყებს ასველებდნენ,მერე კი - გულზე მიკრულ  სურათს. ცდილობდა, ცრემლები არავის შეემჩნია და მალულად იწმენდდა პაწუკა ხელისგულებით,სწორედ ისე, როგორც ერთ დროს "ზედმეტი" კოცნის კვალს...
  წლები გავიდა. ის მამის დანაბარების მიუხედავად, არ ჩაირიცხა სამედიცინოზე, უარი თქვა თავის ბავშვობის ოცნებაზე და იურისტი გახდა.იცოდა,მამა გაუგებდა და არ უწყენდა, რომ თავის მოწოდებას მიჰყვა.
  \"ჩემო ლანანუჩია,სასაფლაოზე ხშირად ამომაკითხე,სანთლები დამინთე, ღვინო, შამპანიური ამომიტანე,ხომ იცი როგორ მიყვარდა... კვირაში ხუთჯერ მაინც ამომაკითხე სასაფლაოზე,ლანა...\"სწერდა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ წერილში შვილს...
   
    *************************************************************
 
  წელიწადი გავიდა უკვე შენს სასაფლაოზე არ ავსულვარ,ხშირად ჩამივლია ახლოს,სხვების საფლავებზეც ვყოფილვარ,მაგრამ... არ შემიძლია იმ ამობურცულ მიწას ვუყურო, რომელმაც შენი თავი წამართვა და სამუდამოდ ჩაგიკრა გულში...არ იტიროო მწერდი წერილში. არ მიყვარს შენი ცრემლებიო... მაპატიე ცრემლები, ამის დაწერისას რომ უნებურად გადმომიგორდა თვალებიდან... მაპატიე, მამიკო... ჩემი ტკივილი ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები