ნაწარმოებები



ავტორი: დებორა
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2010


მიხო მოსულიშვილის ახალი ავტობიოგრაფიული მოთხრობა: ’’დაზვერვაზე ალან რიჩარდ მიიკანთან ერთად ’’

სერიიდან: "სიტყვითნახატები"
( სამწუხაროდ, სურათების გადმოტანა მიხო მოსულიშვილის საიტიდან არ გამომივიდა. დაინტერესების შემთხვევაში იხ. ლინკი:      http://blogroll.ge/p/19457/


დაზვერვაზე ალან რიჩარდ მიიკანთან ერთად
Go reconnaitring with Alan Richard Meechan

“დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!”

ვაჟა-ფშაველა


“კაცი ვარ და ქუდი მხურავს,
ქედს არ ვუხრი არავის.
არც არავის ვემონები,
არც ვბატონობ არავის”.

რობერტ ბერნსი (თამარ ერისთავის თარგმანი)


ძველით ახალი წელი ორიოდე კვირის წინ იყო ჩავლილი, ნინო დარბაისელმა რომ დამირეკა, მე და ჩემ შოტლანდიელ ქმარს შეხვედრა გვინდა შენთანო და, – კი ბატონო, შვიდი საათის მერე მეთქი, რადგან მაგ დროს ვრჩები ჯერ კიდევ მუშაობას...
კარგიაო, ჩვენც კბილის ექიმთან მივალთო და იქიდან რო გამოვალთ, დაგირეკავთო.
რა გინდათ კბილის ექიმთან მეთქი, და – გოზინაყზე მოიტეხა კბილი ჩემმა ქმარმაო.
აი, ეგ კი სუ შენი ბრალია, რად გაუკეთე მაგარი გოზინაყი მეთქი?..
რა ვქნა, მაგარი გამომივიდაო.
ჩემებსაც მაგარი გამოუვიდათ და ჩემს გარდა, ვერავინ ჭამს მეთქი კბილების მოუმტვრევლად...
მოკლედ, დამირეკეს, მართლაც, და სადღაც ვერაზე, რომელიღაც დუქან–ტავერნაში დავსხედით – ხმელ-ხმელი, წვერიანი და ლურჯთვალა ჯეელია ეს ალანი, დაახლოებით, ჩემი ხნისა...
და, რა ვქნა, რა ვუყო, კაცო, რომ ინგლისურად მარტო კითხვა ვიცი, ისიც გაჭირვებული და იმათ ლაპარაკში რამდენიმე სიტყვას თუ ვარჩევ და ისე არაფერი მესმის?
და კიდევ კარგი, ნინო იქ არის – ძაან მაგარ ინგლისურს ლაპარაკობს...
ჰოდა, დავნიშნეთ ეს ჩვენი ნინო თარჯიმნად და, – ალანი კბილის ექიმიდან მოდისო, - ნინო მიხსნის, - ბარემ იქ ვიყავით და რაც სამკურნალო ჰქონდა, ყველა კბილს ვუმკურნალეთო და ორი საათი ჯერ ვერაფერს შეჭამს და დალევსო.
საწყალი კაცი, შენ უნდა მოკლა მეთქი? – და რომ უთარგმნა ნინომ, აუტყდა ალანს სიცილი.
მეო იემენში ვერ მომკლეს შვიდი წელიწადი რუსების გაწვრთნილმა ალაგობრივმა მეომრებმაო და ეს ჩემი ცოლი რას დამაკლებსო? – მეკობრესავით ეცინება ალანს და, - შენ რას დალევო?
მე დავლევ მეთქი თქვენი, სკოტების შესანიშნავ და ლამის გენიალურ გამოგონებას – რომელიმე ვისკის... “ჯონი უოლკერს”, მაგალითად...
რას ამბობო? – გაოცებულია ალანი, - ვისკით როგორ უნდა ვიქეიფოთო?
რატო მეთქი?
ვისკის ხომ ჭკუიდან გადაჰყავს კაციო და...
ვაჰ, მე კიდე ჭკუიდან გადაყვანა მინდა მეთქი?..
არაო, - ნინომ, - არ გინდაო...
მინდა, როგორ არ მინდა, - აბა, სულ ეგრე სწორად ჩემმა და შენმა მტერმა უყურა ამ ალმაცერ ქვეყანას, მეც ყირამალა უნდა შევხედო ხანდახან მეთქი. და მაიტათ ვისკი!..
არც კი ექნებათ აქო, - ისევ რომელიღაც მეკობრესავით ეცინება ალანს, თუნდაც სტივენსონის “განძთა კუნძულიდან”. მაგრამ, აბა, მეკობრესავით როგორ - ისინი ხომ რომს ურტყამდნენ ხოლმე?
ვისკი თუ გაქვთო, - ნინომ ჰკითხა მომტანს და უარყოფითმა პასუხმა ძალიან გაამხიარულა.
კაი, მაშინ იყოს გაყინული “უშბა” მეთქი.
იყოსო, გაუხარდა ალანსაც, და რა შევჭამოთო?
მე რო შინ მოვედი, კაი მუჟუჟი გეახელით და ბევრი არა მინდა რა, დავუშვათ ხუთიოდე ხინკალი...
კარგიო, ამას ხუთი ხინკალიო და ჩვენაო... აღარ მახსოვს, ხაჭაპური შეუკვეთეს თუ ქაბაბი... თუ ორივე ერთად...
ვზივარ, ვუყურებ ამ ალანს, გადავხედავ ნინოს და მეცინება, - მუჟუჟს უხსნის და რო ვუყურებ, სუ ნერწყვი ადგება ალანს, ეგრევე ხვდება, რასთან მოელის შეხვედრა...
ჰა, აბა, რა ვქნათ, წავიდეთ მე და შენ დაზვერვაში მეთქი? – არაყს ვისხამ თან, - რუსები რო საქართველოს ბომბავენ, არ მიყვარან, მაგრამ ეს კაი გამოთქმა აქვთ, რო – შენთან ერთად დაზვერვაში წამოვალ ან არ წამოვალ...
ნინო უთარგმნის.
ჰოდა, მე მოვდივარ შენთან ერთად და შენ თუ წამოხვალ მეთქი?
კიო, - იღიმის, მეკობრესავით აღარ, უფრო მელ გიბსონივით, - მეც წამოვალ, ერთი არ დრომ გაიაროსო, - კბილებისკენ მანიშნებს...
და – დაზვერვა დაიწყო ჯერ ჩემი ნათქვამი სადღეგრძელოთი, რომ შოტლანდიელები იგივე ქართველები არიან, რაკი იბერიელები იმ თავიანთი გუდასტვირებით გადასხდნენ თავის დროზე კუნძულზე და იქაურ კელტ-იბერებად ქცეულებმა იქით ირლანდია და აქეთ ეს შოტლანდია სულ გუდასტვირების საომარი დაკვრა-დაკვრით აიღეს, თავისი ლედი მაკბეთიანად, რობერტ ბერნსიანად, იმ კაი ლუდიანად და მაგრის ერთი ვისკიანად და, რაც მთავარია, მელ გიბსონიანად უილიამ უოლესის როლში... “მამაცი გული”! იეეეეს!
და, თურმე, რაის გიბსონი, - ეუბნები გიბსონს და ის ვერაფერს იგებს.
და როგორც კი ნინომ უთხრა – მელ ჯიბსონიო! – ეგრევე მიხვდა ალანი, ვისზეც ვეუბნეოდი... და ქართველები აბა, როგორ გამოვდივართ, როცა ჩვენ ქერათმიანები და ლურჯთვალება ვართო?
და გვყავს ჩვენც მთაში, ეგეთები რო არიან მეთქი...…
ეგო, რუსებმა ხო არ იეშმაკეს რამეო, - ინტერესდება და...
იმათ მთაში რა იციან, სტეპი და ვაკე ადგილებია მაგათი მეთქი და, ადრე ცხენებზე და ეხლა ტანკში უყვართ მეთქი ცხოვრება, კაი პშენიჩნი ვოდკაც თუ აქვთ...
და, აბა, რანაირად გამოდის ეგრეო, რომ თუ ირლანდიელები ჩვენიანები იყვნენ, იმდენი რო ვეომეთო?
ჯიპოთეზა, ზის იზ ზი ჯიპოთეზაა... – სულ ამ სიტყვებით აწყნარებს ნინო, თორემ აშკარად შფოთავს...
და მე კიდე – მეცინება ძაან და...
ეცინება იმასაც, - დაზვერვაზე ვართ, დაზვერვაზეო... და ნინოს საათზე ანიშნებს, - დანტისტის დანიშნული დრო ამოიწურაო!..
ჰოდა, ამოიწურა და უცებვე წამოეწია იმ ჩემ ერთ დალეულ ჭიქას.
წამოეწია და, - გადამასწრო ეგრევე იმით, რომ რობერტ ბერნსის სადღეგრძელოზე სუ იმისი ლექსები მიკითხა ამ ადრე სამხედრო და ამჟამად სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მენეჯერმა კაცმა, ყაზახეთის ნავთობპროექტში გინდა, ბაქო-სუფსისა, ბაქო-ჯეიჰანისა თუ სულაც ჩინეთის გაზის “საუკუნის პროექტში”...
და არ გამხარებოდა და მე კიდევ – ვაჟა-ფშაველაზე არაფერი მეთქვა?
ჰოდა, დაზვერვა გაგრძელდა აქეთ ვაჟა-ფშაველას და იქით რობერტ ბერნსის სამფლოების საფუძვლიანი დათვალიერებით...
მერე კიდევ, შოტლანდიაზე რომ ლაპარაკობ, მოჩვენები ხომ მაშინვე უნდა გამოილანდონ და იქვე უნდა გაგახსენდეს ლედი მაკბეთ, რომლის ამბავში მოჩვენებებიც ხომ საკმაოდაა და სამი კუდიანი დედაბერი კიდევ იმ თავის ფაფას ხარშავს... და არ უნდა ათქმევინო, დედნის ენაზე ეს მაჩაბელის ნათარგმანები აბა, როგორ გამოითქმის:

"სიცოცხლე მხოლოდ
ჩრდილი ყოფილა მოარული; ტაკიმასხარა,
რომელსაც ვიდრე დრო აქვს, ადის მაღალ სცენაზედ
და იჭიმება, იგრიხება მთლად გაქრობამდე.
სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არის,
თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით".

ეს კიდევ შექსპირია და შექსპირიდან რუსთაველამდე ზოგ-ზოგიერთ ლიტმცოდნეს ჰგონია დიდი მანძილი, თორემ სინამდვილეში ერთი პატარა ნაბიჯია... თანაც “უშბას” გრადუსებიც მიამატე და, – ავოეეე, ქაჯების კოშკი რო იგივე ალამუთის ციხეა და ჰასან იბნ საბაჰიდან და იმისი ასასინებიდან რომ მოდიან მთელი მასონები აქეთ, ევროპაში და იქით კიდევ, უსამა ბინ ლადენი და მთელი თალიბანი...
მერე ბუნდოვნად მახსოვს, დაზვერვა რა მიმართულებით და როგორ გაგრძელდა...
ნეპალელ გურხებზე – ვიგონებ და ვერც ვიგონებ... ინგლისის თავდაცვის სამინისტროს წინ რომ გურხას ძეგლია, ისიც ვთქვი, მგონი, და იმათ მოკაუჭებულ დანებზე – “კიუკრებზეც” ვილაპარაკეთ... ალანმა უფრო ბევრი, რაკი შვიდი წელი უმსახურნია ბრიტანულ არმიაში და სცნობია გურხები...

***
მოკლედ, მეორე დილას ჩემებმა მითხრეს, შინ რომ მოხვედი, ინგლისურად გველაპარაკებოდი და სანამ ანიმ (ჩემმა შვილმა) ინგლისურადვე არ დაგიცაცხანა, რომ - არა ხარ შენ “მამაცი გული” უილიამ უოლესიო და ეგ იატაკის საწმენდი ჯოხია და არა უილიამ უოლესის ხმალიო, ქართულად ვერაფერი შეგასმინეთ და ლოგინში ვერ დაგაწვინეთ, შოტლანდიის თავისუფლების დასაცავად მიდიოდი პოლისჯოხით და ცოცხითო...
პოლისჯოხი – გავიგე, ხმალი მეგონა, ეს კარგი და...
ცოცხი რაღად მინდოდა, ამას ვერ ვხვდები...
ცოცხით ფრენა ხომ კუდიანმა დედაბრებმა იციან?
და მე კიდევ უილიამ უოლესი ვიყავი და...
სწორედ ის სერ უილიამ უოლესი, დაახლოებით 1270 წელს რომ დაიბადა ქალაქ პეიზლიში და 1305 წლის 23 აგვისტოს სიკვდილით დასაჯეს შუაგულ ლონდონში; იმის გამო დასაჯეს, რომ შოტლანდიელი რაინდი იყო და სათავეში ედგა ინგლისური ოკუპაციის საწინააღმდეგო მოძრაობას შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის ომში. მოკლედ, ის ფილმიც გეცოდინებათ Braveheart და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მართლა მაგრების ერთი ვინმე იყო და... აბა, იმასთან ცოცხი რანაირად?..
ცოცხი რომ ცხენი მგონებოდა, შეიძლება, ნეტავ?..

2010







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები