ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2010


კიდევ ერთი მარიტა


    -უფალო, მომიტევე ყოველივე,  რაც შეგცოდე  ახალგაზრდობით, უმიზნო ვნებით, სიყვარულით… ამ ერთხელ გადამარჩინე, უფალო, და არასოდეს გავიმეორებ ამ ცოდვას!
    საათს დახედა. გასულიყო ინეტრუქციაში მითითებული დრო. პირჯვარი გადაიწერა, მოტრიალდა და ტესტს დახედა…
    ორი ხაზი, ორი სიცოცხლე და ცრემლით სავსე ორი თვალი.


*************************
 

  -ჩემი პატარა უკვე 22 დღის არის. დღეს ან ხვალ მისი გული ძგერას დაიწყებს. ვერ მოვკლავ, მამა!
  -ოჯახი შეარცხვინე და გინდა ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოსდო?! უნამუსო! კახპა! ან ხვალვე აბორტს გაიკეთებ და გათავისუფლდები ამ ნაბიჭვრისგან, ან შენი ფეხი არ იქნება ჩემს სახლში!!!

*************************

  ვერ მოკლა. ანდა როგორ მოეკლა, როცა გრძნობდა მის გულის ძგერას. ის ისეთი პატარა იყო და ისე ავსებდა მის სხეულს შინაგანი სითბოთი.
  ცხრა თვე უსასრულოდ გაგრძელდა. მერე რა, რომ ყინვასა და სიცივეში ეძინა უსაბნოდ,უბალიშოდ, უჭეროდ და უკაროდ? მერე რა, რომ პური მისთვის დელიკატესი გამხდარიყო? პატარა მაინც სწრაფად იზრდებოდა უზომო სიყვარულით გამოკვებილი.
    ღამ-ღამობით, როცა ბაზრის დაცარიელებულ დახლებთან ჩამოჯდებოდა, ცდილობდა წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მისი პირმშო. როგორი თვალები ექნებოდა, დედასავით სევდიანი, თუ მამასავით უდარდელი? როგორი ცხვირი ექნებოდა? თითები? ფეხები? და პატარაც , თითქოს გრძნობსო დედის ფიქრებს, გაშლილ ხელს ძლიერად მიაჭერად მუცელზე და ჭიპის გვერდით ამობურცულ კანს აშკარად ეტყობოდა ხუთი პაწუკა თითი. ეს საკმარისი იყო გოგონასთვის სიცივეც დავიწყებოდა, შიმშილიც, სირცხვილიც, მარტოობაც, შიშიც და თავი ბედნიერად ეგრძნო.


***************************

  სუსხიანი ზამთარი იყო.
  შუაღამეზე, დაცლილ დახლებთან ორნი ებრძოდნენ სიკვდილს. ერთი გადარჩა, მეორე - ვერა.
-ის უპატრონო გოგო გადაყოლია მშობიარობას წუხელ, აქ რომ დაწანწალებდა ბაზრობაზე. ამბობენ, მარტოს უმშობიარია ღია ცის ქვეშ, გახუნებულ ქურთუკში ახალშობილი გაუხვევია და გულში მაგრად ჩაუკრავს , თვითონ კი გაყინულაო საბრალო. - ეჩურჩულებოდა ფანჯარასთან მჯდომი ერთი ჭორიკანა დედაკაცი - მეორეს და თან ცნობისმოყვარე მზერას არ აშორებდა სიყვარულისთვის დასჯილ კიდევ ერთ მარიტას, რომლის უსულო სხეულსაც ოთხი მამაკაცი უცერემონიოდ მიასვენებდა ქუჩაში.
-იმსახურებდა , ალბათ- თქვა მეორე ჭორიკანამ და ეს იყო, ალბათ, უკანასკნელი ქვა გოგონასთვის ნასროლი ვაი-მლოცველისაგან.  -

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები