ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
14 თებერვალი, 2010


სასელა(აჭარული მოტივებიდან)მეორე ნაწილი

                      ( პირველი ნაწილი ვისაც არ წაუკითხავს შეუძლია თვალი გადაავლოს http://www.urakparaki.com/?m=4&ID=20995)

                ვირის ბღორინზე ბერები ქორდაცემული ჭუჭულებივით* გეიფანტენ აქეთ-იქით.მხოლოდ ჩვენი ხოჯა ეფენდი დარჩა ნალიის ძირში და პირდაღებული უყურებდა თავის ფეხს,ამფერი რა ამოვკარი იმ შეჩვენებულს, რომ ბღორინით თავზე დამახურა სოფელიო.სოფლისა რა მოგახსენოთ,მარა ამდენ ჯახირში, საგულდაგულოდ გადახერხილი ნალია კი მართლა კინაღამ* ჩამოამფხო თავზე ჩაფხუტივით.ვირის გამწარებულმა ჯახირმა ისე მოარყია რეჯებალაის ბადიშის მიერ საგულდაგულოდ გადახერხილი დირეღები, რომ წაქცეული კაცივით გადაქანდა უკან ფიცრული და ფეხებივით ააშვირა დირეღები. გადახერხილ დირეღს წამოძრა ვირის საბელი* და შეშინებული სახედარი უკანმუუხედავად გაშპა* ღელიპირში. წაზარხოშებულმა ბერებმა ყველაფერი ალლაჰის რისხვას მიაწერეს და კუდამოძუებულნი გეჲკრიფენ სახლებისკენ.
              აქოშინებული შევარდა ზაქარაჲ ეზოში და სახლის უკანიდან მის ოდაში გედეჲპარა.მთელი ღამე ბორგავდა ბაღანა და სინდისის ქენჯნით კტებოდა. კიდვენ კაჲ,რომ მეორე დილით ჰადმენ* არ იყო წასასლელი და შვადღემდე კარგად გამეჲძინა.
შვადღეზე ამდგარს სასტუმრო ოდიდან სტუმრების ლაპარიკი შემეეყურა. ბაღანამ იფიქრა,გუშინ რაცხა ნამეტანი დავაშავეო და თავჩაღუნული შევდა სტუმრებთან. ოდაში სექვზე*  სოფლის კაცები იჯდენ ფეხმორთხმული,მათ შორის იყო ხოჯა ეფენდი და დაუთა ყადიოღლიც.კაცებს ლაპარიკი არ გუუჩერებიან,ბაღნის სალამი ეჲღეს და ისვენ გააგძელეს ბჭობა.ზაქარა ნენულასთან გევდა კერიაში და ჩუმად კითხა რა ხდებაო.ბებიამ თავი გააქნია სინანულით და გაშლილ მაგიდისკენ მუუთითა ბადიშს. ზაქარა მიხდა,რომ საქმე მას არ ეხებოდა და გემრიელად მიირთვა სადილო შეჭამანდი.
              ამ ამბიდან რამდენიმე  დღეში სოფელში ძალვან დიდი თოვლი მოვდა. ნამეტნავად კაი სამზერელი იყო სოფელი ამფერ დროს.ბაღან-ბუღანა ისე გაახალისა ამ ამბავმა,რომ დილ-დილაი გესულები გვიან ღამეში ბრუნდებოდენ სახში. ნაქილისევის* აღმართზე იმფერი სასრიპინო* გეეკეთებიენ,რომ რამეს რომ არ დეეკავებია,პირდაპირ ღელიპირში ადენდენ ჟღვართანს იქიდან მოწეწილები.
                ჩვენი დელი-დულაჲ* ზაქარაჲც ისე გამშპარიყო ქეჲფში*,რომ აღარც ჭამა ადარდებდა და აღარც სმა... იმ დღესაც დილვანაჲ ადგა,კაჲმაღში ჩაფუნჩხილ*  ყველს  ნენულაჲს მიერ  გაჯინჯიხებული რძეც დააყოლა და თიბილად ჩაცმულ-დაბურულმა საფშაკუნოდ* წასლა დააპირა. ის იყო ოდიდან გასლას აპირებდა, რომ ჰავლის* ბოლოში სიმინდით სავსე საშვალო გოდორი დეინახა.ვინცხას რომ ახლა თვალი წამეეკრა ჩვენი ზაქარაჲსთვის, იფიქრებდა სანარწყალში* დუუშპა ფეხი და ფუნაში ამოგორდაო, იმფერი წუუხდა იმ წუთაჲ სიფათი.ახლავენნა ითქვას,რომ დიდი გოდრის დანახვაზე ასე ძალვან არ დეეჭყანებოდა სახე ბაღანას,მარა იცოდა, რომ ამ პაწაი გოდრის ტარება მარტო მას ქონდა გამოწერილი.მარა,ისიც იცოდა,ახლა რომ ბერისთვის ვარი ეთქვა,სიტყვას არ ეტყოდა მოხუცი,გადაყრიდა სიმინდს დიდ გოდორში,ცოტას სიმინდს ზეიდან დუუმატებდა და უუყვებოდა აღმართს წისქვილისკენ. ამის გაფიქრებაზე ცალთვალჩაჭუჭულმა მეიფხანა თავი და  ხალისდაკარგული გუუყვა გოდრისკენ.ახლოს მისულმა შით ჩეჲხედა და ნახვარსავსე სიმინდის დანახვაზე ახლად აღინღლულ ბუჲღებში ტკიბილად ჩეიღიმილა.ბაღანა მიხტა,რომ ჯერ კიდევ ებრალებოდა ბაბუამისს მძიმე ტვირთისთვის,მარა არც საფშაკუნოდ გესული ბაღანა უხაროდა სახლიდან.ჰოდა, ამისთვინ მეეფიქრებია ალბათ წისქვილში მისი გაშვება,თვარა ასე უცბათაჲ არ დუუმთავდებოდა თავშემონახულ რეჯებალას ქიბილი. ზაქარამ,ის იყო მეიბღუნკა* გოდრის მოსაკიდებლად,რომ იქვე,გოდრიძირში კარგად გამოკოჭვილი ფუთა დეინახა.ალბათ საგზალიაო,გეჲფიქრა მისთათვინაჲ და სიმინდს ზეჲდან დაადვა.ეზოში გესულმა ნალიიძირში დადგმული მეორე გოდრიდან პაწაი სიმინდი დეჲმატა და ღელიპირს გუუყვა.
                რეჯებალას სოფელში ყველაზე უმფო დიდი წისქვილი ედგა.შორიდან რომ შეგეხედა,ჲაილა* გეგონებოდა,მარა ჭკვადაჯერებული კაცი იმთათვინაჲ მიხტებოდა, რომ ამ გავეშებული მდინარის პირში კაცი საცხოვრებელს არ მეიწყობდა.ნამეტნავად შორიდან მუუწია ბაღანას წასლა,რადგან მოკლეზე იმფერი საშლიპინო ქონდენ ბაღნებს გაკეთებული, რომ ზოვლი* ჯიხვიც ვერ მეიკიდებდა ჰადმენ ფეხს.ნახვარი საათის სავალზე სამჯერ მეტი დრო დაჭირდა ბაღანას.მუხლებზე მომდგარი თოვლის გაკვალვა,ისიც გოდორმოკიდული ბაღნისთვინ არ იყო სახუმარო ამბავი,მარა დიდადაც არ ჩქარობდა ჩვენი ყაზახი.თუ ვერ მოასწრებდა დაღამებამდე სახლში დაბრუნებას, წისქვილში გეჲთევდა ღამეს,ნეტაი ლოგინი არ იყო იქ თუ საჭმელ-სასმელი?ამ წისქვილში ყუმარის მოყვარული კაცები ხშირად ათენებენ ღამეებს და რაფერც ჩუმ-ჩუმალაჲ ამბობს ხალხი,თურმე ღვინოსაც წრუპავენ...ისე,ერთხელ ყადიოღლი  ჯემალაჲს მოტანილი ღვინო ბაღნებმაც კი დალიეს ამ წისქვილში და მერმენ ისე დათრენ,რომ ღარში უკნიდან შეშვებული წყლით  პირუუღმა აბრუნეს დოლაბი...
ალლაჰმა უწყის,რამდენი იბრეთი ჩინგნობა* გუუკეთებია ზაქარას ამ ალაგში.ერთხელ კინაღამ ცეცლიც კი წუუკიდა წისქვილს და რეჯებალას რომ არ მეესწრო დროზე, ალბათ მანაც შიგ ამეჲბუგებოდა.მას მერე ეშინია ცეცხლის ზაქარას...
            წისქვილში მისულმა გადახურვილში ჩამოდგა გოდორი და რკინის რაზას დუუწყო ჯახირი.ძლივაჲ გახსნა კარები და შიან შევდა.დარაბა გადახსნა და სოფელს გამოღმიდან გახედა.ბუხრის ყელემიდან ამოსული ფუტები რომ არა,მინდორი ეგონებოდა კაცს სოფელი,ისე იყო თოვლით დაფარული. ყიბლისკენ ნაძვებით დაფარული მისი სახლი ადვილაჲ გაარჩია ბაღანამ და სობის დანთებას შუუდგა. კვარმა იმფერი კაჲ სუნი დაატრიალა წისქვილში,რომ დაღლილი ზაქარაჲ იქვე, სობიძირში გუუგორდა ცხვარიტყავზე და პაწაი წუუძინა კიდეც.
              პაწაი მეთქი ვთქვი მარა,კარქა ხანს იძინა.არ შუუტყია რაფერ დეიწყო ქარიშხალი და ისიც,თუ რა მალე ჩამობნელდა.ალბათ თოვლის ბრალი იყო,თვარა,ასე ადრიელაჲ არნა დაღამებულიყო.კარის გაჯახუნებაზე სერსემივით* წამოხტა სობიძირიდან და ახათქუნებულ კარებს ეცა.გადახურვილში გეიხედა და ახლა გაახსენდა გოდორი,კიდვენ კაჲ,რომ არ წაქცეულა ამ ყიამეთში.გოდორი წისქვილში შეიტანა და ის იყო,კარებიცნა მეეხურა,რომ ახოსთან რაცხა შავი დეინახა გაგდებული.პაწაი დააკვირდა და მიხტა,რომ ზავალი ეფათუნებოდა,მარა ვერ დგებოდა ფეხზე. იფიქრა,ვინცხაჲს ხობო* იქნებაო და მგლის სალუკმდ რომ არ დარჩენილიყო, წაშველება გადაწყვიტა.ჩქარ-ჩქარა წამეიბურა თავზე ჭილოფი და კარში გევდა. ქარი დაბეჩებულივით* ეცა ყიაში და კინაღამ ისიც ღელისკენ დააგორა.თავს ძლივაჲ იკავებდა ამფერ ამინდში ბაღანა,მარა მაინც მიიწევდა ზეჲთკენ.ახლოს მისულმა დეინახა,რომ ხობოს რაცხა ჭრელი ქონდა თავზე წამოხურვილი.ალბათ ვირია და რაცხა ქონდა აკიდულიო.გეჲფიქრა ბაღანამ და თოვლში გაკვეხილს თავზე დაადგა.ჭრელი ფარდაგი გადაწია და შიშისგან კინაღამ გუუსკდა გული.ვირი კი არა ხოჯა ეფენდის ქალაქელი ბადიში იყო თოვლში გაფშეკილი.ალბათ ჩემ მოსლამდე სული მიცაო,გეჲფიქრა ბაღანამ და ცალი ხელით შეანჯღრია,თვარა აჲ წაკატაჲ გოგო იმფერი უჟმური ვინცხა იყო,რომ ცოცხალი თავით ვერ გაანძრევიებდა ვინმე მისთვინ ხელებს.ციცამ თავლები დაფახუნა,მარა ისე იყო გაყინული,თავიც ვერ აწია ზეჲთ.ზაქარამ გულში გეიფხუკუნა,ხომ ვიყარე შენზე აჯეღიო*,მარა მიხტა,ახლა ამის დრო არ არისო და გოგოს დეეწიკა,თოვლიდან ამოათრია და მერე დეინახა სისხლიანი თოვლი.თურმე ზავალს მხეცის ხაფანგში მოყოლია ფეხი და ამიზა გაჩხერილა ახოში.ზაქარამ ფეხი უსულით* გუუთავისუფლა და მხარზე მეიკიდა ამ გაწრეპილი* გოგო.წისქვილში ძლივაჲ შეჲყვანა ზაქარამ და სექვზე მიაწვინა.მერე კარი შიგნიდან დაკეტა დარაბებგახსნილ ფანჯარაში ჭრაქი დაანთო. ამ ადეთს ბაბუამ დააჩვია.როჲცხა წისქვილში ითევდა ღამეს,ჭრაქს ფანჯარაში ტევდა მთელი ღამე ანთებულს,რომ სოფლიდან დეენახენ,რომ რამე არ ჭირდა და აგზენ იყო.
                    ზაქარამ სობაზე წყალი შემოდგა და ციცას შორიდან დუუძახა.ოდის სითბო ესიამოვნა ეტყობა თოვლში გაფშეკილს* და მალე გამეჲხედა თვალში.ზაქარაჲს დანახვაზე მასაც უუვდა შუბლზე თავლები,მარა რანნა ექნა,დიდად არც ენაღლებოდა ეს ხაშარაჲ ბიჭი,ფეხის ტკივილი აწუხებდა ძალვან.
          -წყალი თიბილია და თუ გინდა დეჲბაი ფეხები.-უთხრა ზაქარამ ჭეჭელას* და ფეხით მუუჩოჩა სექვთან ახლოს დასაბანი,ტვითონ კი ისევ დეიბურა ლამაზად და გარეთ გევდა ღარში წყალის გასაშვებათ.ახლა რომ არ გეეშვა,ღამე ყინვას დააჭერდა და ტყვილაჲ დარჩებოდა ბაღანას ნახიზმეთარი*....
             








ჭუჭულებივით-წიწილებივით;
კინაღამ-ლამის;
ზეითკენ-ზევით;
გაშპა-გაიქცა,გაძვრა,გაქრა(გაერთიანებული მნიშვნელობით);
საბელი-თოკი;
ჰადმენ-არსად;
სექვი-ტახტის მაგვარი;
ნაქილისევი-ნაეკლესიარი;
სასრიპინო-სასრიალო;
დელი-დულაჲ-ცელქი;
გამშპარიყო ქეიფში-ფიგ.გამ. გაერთო და ა.შ.;
ჩაფუნჩხილი-ჩაყრილი;
გაჯინჯიხებული-არც ცხელი და არც გრილი...აქ გაგრილებული;
საფშაკუნოდ-უშედეგოდ მუშაკობა;
ჰავლი-დერეფანი;
სანარწყალი-ბოსლის იატაკის შუა ნაწილი,სადაც გროვდება პირუტყვის განავალი.
მეჲბღუნკა-მოიხარა;
ჲაილა-საზაფხულო ქოხი მთის იალაღებზე;
ზოვლი-მოხერხებული;
ჩინგნობა-სიჩელქე;
სერსემი-გიჟი;
ხობო-ხბო;
დაბეჩებული-შეშინებულივით;
აჯეღის ყრა-შურისძიება;
უსულით-ფრთხილად;
გაწრეპილი-გამხდარი;
გაფშეკილი-გაყინული;
ჭეჭელა-ქალის სახელი(აჭარულად ქვია ლამაზს);
ნახიზმეტარი-ნამუშაკარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები