ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
15 თებერვალი, 2010


ჩემი ცხოვრების სტატუსები

  ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა თოვლი. დავჯდებოდი ხოლმე სამზარეულოს ფანჯარასთან და საათობით ვიტრუნებოდი ფანტელების ყურებით გართული. ამ დროს დედაჩემი ძალიან გახარებული იყო და თუ ჩემზე პირველი შეამჩნევდა პირველ ფანტელებს, დამიძახებდა ხოლმე, შენთვის თოვსო...
  მერე უკვე ბაღის და სკოლის ფანჯრიდან ვუყურებდი აბეზარ თოვლს ..
  ცოდვა გამხელილი ჯობია და, საროსკიპოს ფანჯრიდანაც კი მიყურებია ფიფქებისთვის (ალბათ, გაგეცინებათ იქ თოვლის საყურებლად ვინ დადისო, მაგრამ მართლა ასე იყო, არ გატყუებთ).
  20 წლამდე ჩემზე ამბობდნენ ლამაზი ბიჭიაო, მერე კი სიმპათიური მამაკაცი დამერქვა რატომღაც. 
  ერთ დღეს ეს სტატუსები მომბეზრდა და ცოლიანი მამაკაცი დავირქვი სიახლის ძიებაში გართულმა. არ მომეწონა ეს წოდება, მოსაწყენი იყო ჩემთვის და ახლის ძებნა ვერც დავიწყე, რომ  “მამა” დამერქვა უნებურად. არ იყო ეს ცუდი, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა: ცოლიანი კაცის სტატუსის პარალელურად არსებობდა. ერთფეროვნებასთან ერთი გაბრძოლებაც და მე ცოლს გაშორებული მამაკაცი ვიყავი…
   

************

    ქალაქის ხმაური მომბეზრდა. სოფელში ვიყიდე სახლი. მთელი ზამთარი ბუხართან გავატარე ფანტელების მოლოდინში, მაგრამ ვატყობ ზამთარს მოჰბეზრებია ჩემთვის თოვა. დილაობით ფანჯარაში ვიყურები ხოლმე. აქ ერთი ფანტელივით სიფრიფანა გოგონა ჩნდება ხშირად. ლურჯი თვალები აქვს და ზამთრის ცასთან საოცარ კონტრასტს ქმნის. სულ მინდა ახლოს მივიდე და ვუყურო, მაგრამ მერიდება რატომღაც…
  კიდევ ერთხელ გავიღვიძე. ისევ აღარ თოვს. ტელევიზორი ჩავრთე. თბილისის აეროპორტს უჩვენებდნენ, დიდთოვლობის გამო ფრენები გადაიდოო. სასწრაფოდ ავდექი, ჩავიცვი და გავედი სახლიდან. თბილისის ავტობუსი უკვე გადიოდა. ავედი. ადგილები აღარ იყო, სახელურს ჩავჭიდე ხელები და რაც შეიძლება მყარად დავდექი.
  -დაბრძანდით, ძია- მოვიხედე და… ავტობუსის სიცფერ სავარძლებთანაც კი საოცარ კონტრასტს ქმნიდა მისი ლურჯი თვალები…
  -გამიჩერეთ! ეხლავე გამიიჩერეთ! - სიმწრით ვყვიროდი.
    შეშლილივით ჩავხტი ავტობუსიდან. იმდენ ხანს მივრბოდი, სანამ ფეხი არ დამიცურდა და არ წავიქეცი. ვიჯექი მიწაზე და ვფიქრობდი: “ყველაფერი დამთავრდა! კაცი მაშინ ხარ ბებერი, როდესაც ქალი დაგითმობს ადგილს ავტობუსში. მე უკვე ჩემი ცხოვრების უკანასკნელი სტატუსი მოვირგე, ყველაზე ტკივილიანი და შეუცვლელი - ბებერი კაცი. “
  დილით საავადმყოფოს ცისფერ პალატაში გამეღვიძა. ფეხი თაბაშირში მქონდა და ვერ ვამოძრავებდი. მიმოვიხედე და ოდნავ გადაწეული ფარდიდან მონატრებულ თეთრ ფანტელებს მოვკარი თვალი. ექთანს ვთხოვე ფარდა გადაეწია.
 
************


  ეხლა ისევ ვწევარ საავადმყოფოს ცისფერ პალატაში, რომელიც სულაც არანაირ კონტრასტს არ ქმნის ჩემს შავ თვალებთან. ვუყურებ როგორ ეშვება მილიონი უბიწო ფანტელი დედამიწაზე და ვფიქრობ : “თურმე, ბებერი კაცი არ ყოფილა უკანასკნელი სტატუსი, მე ისიც შევცვალე. ეხლა მე ბედნიერი მოხუცი ვარ! “
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები