ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მამლუქი
ჟანრი: პროზა
19 ივნისი, 2008


ფორთოხალი მაროკოდან, ანუ მოგზაურობა მაშრიყიდან მაღრიბში...

 

          ახლა არა მკითხო გიორგი, ფორთოხალი რა შუაშიაო? პირდაპირ! პირდაპირ შუაშია, გვერდზეა, ქვემოთ, ზემოთ და ყველგან,  სადამდეც თვალი გაგწვდება...
          ფორთოხალი და მაროკო, ჩემთვის ბავშვობიდან განუყრელი იყო. იმ დროს ფორთოხალი მხოლოდ  მაროკოდან  შემოჰქონდათ. ეს ფორთოხლები, ლამაზ ნახატებიან სიფრიფანა "პაპიროსის"  ქაღალდში იყო გახვეული და ყველა ფორთოხალს პატარა რომბის ფორმის მარკა ჰქონდა მიწებებული...
          და კიდევ, იმ დროს ხელიდან ხელში გადადიოდა  აქსიონოვის რომანი "АПЕЛЬСИНЫ ИЗ МАРОККО",- წარმოდგენა არ მაქვს ამ წიგნში რა ეწერა, მაგრამ ეს სიტყვა-კავშირი სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში...
          ნაპირს რომ ვუახლოვდებოდით, შორიდან ნარინჯისფერი მთები, ნარინჯისფერი ტომრები, ფუთები, ყუთები, ნარინჯისფერ ფორთოხლიანი, თავზე შემოდგმული კალათები...  ტალღებში მოტივტივე ნარინჯისფერი ფორთოხლები, ფორთოხლის სველი ზედაპირიდან ნარინჯისფერი მზე ირეკლება, ათინათი დასთამაშებს  და  ნარინჯისფერ მზეს ირეკლავს, ფორთოხალს შორის გამოჩენილი, ვიწრო წყლის ზოლი... ყველაფერი ნარინჯისფერია!
          ცა? ცა არა! ცა - გამადიდებელი შუშასავით ამობურცული, თუ ჩაბურცული(ვერ გავიგე) - მუქი ლურჯია! მისი სილურჯე, ჰორიზონტზე  ოკეანესას ეკვრის, ეტმასნება, სიშავეში გადადის და აქა-იქა მიმოფანტული,  პატარა თეთრი იალქნები რომ არა - გეგონებოდა ცის ტალღებს მიაპობსო  ქშენით და ოხვრით ჩვენი ბებერი, გრძელი გზით  დაღლილი, გემი...    ნარინჯისფერი და ლურჯი - ასე დაიწყო ჩემთვის მაროკო!



                                      ფორთოხალი მაროკოდან, ანუ მოგზაურობა მაშრიყიდან  მაღრიბში...

                                   

          არა, მაროკო ალექსანდრიიდან დაიწყო.
          ალექსანდრიაში ქაიროდან თვითმფრინავით გადავფრინდით. აქ ორი დღე გვჭირდებოდა რაღაც  ფორმალობების მოსაგვარებლად. საქმეზე სტანისლავი დარბოდა, ჩვენ ქალაქში დავყიალობდით... აბა რა შეიძლება ალექსანდრიაზე მოგწეროს, მისი არნახული სილამაზით მოხიბლულმა კაცმა?
          არაბები ამ ქალაქს "ელ-ისკანდერიას "ეძახიან, ეგვიპტეს ყველაზე ჩრდილო ნაწილში მდებარეობს.
          ქალაქი ალექსანდრე მაკედონელის ბრძანებით 332-331 წლებში დაარსდა. დიდ ბერძენ მხედართმთავარს,  ამითი ორი რამის  გადაწყვეტა სურდა - ეგვიპტესათვის ახალი დედაქალაქი, საბერძნეთისათვას კი უდიდესი პორტი  ეჩუქებინა... მაკედონელს არ დასცალდა, ამ ქალაქის სიდიადეს ვეღარ მოესწრო.
          ეგვიპტეში ყოფნისას ალექსანდრეს, "ამონის "ტაძრის მთავარმა ქურუმმა  აზიის დაპყრობა უწინასწარმეტყველა. წინასწარმეტყველება აღსრულდა - მაკედონელმა აზია კი დაიპყრო, მაგრამ ძალიან მალე, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა და თავისივე დაარსებულ ქალაქში დიდი პატივისმიგებით, უძვირფასეს აკლდამაში დაკრძალეს, როგორც ამ ქვეყანაში ფარაონებს კრძალავდნენ...
          სამწუხაროდ იმ აკლდამისაგან აღარაფერი დარჩა. დრომ ჩაყლაპა, დრომ უგზო-უკვლოთ გააქრო ალექსანდრიის შუქურა... იდუმალებით მოსილი, ეგვიპტეს უკანასკნელი დედოფლის კლეოპატრას სასახლე, სადაც იულიუს კეისარიც ნებივრობდა ...  დრო ...
          სტანისლავი ძალიან უკმაყოფილო იყო აქაური პარტნიორებით. როგორც მუდამ,  არაბებმა მოგვატყუეს და ნაცვლად უცხოური გემისა, განთიადისას, საეჭვო სანდოობის კერძო მფლობელობაში მყოფ, პატარა გემზე ავედით.
          გემზე, როგორც ყველა არაბულ ტრანსპორტში, ყველგან: გემბანზე, კიბეებზე, ვიწრო გასასვლელებში - ჭრელა-ჭრულა ფუთებით, ბოხჩებით, ჩანთებით, ხურჯინებით(ქართულისაგან ვერ გაარჩევდი), ნაირ-ნაირი კალათებით დატვირთული, სპეციფიური სუნიანი ხალხი იჯდა, იდგა, იწვა...
          წვინტლიანი ბავშვები ფეხებში გვედებოდნენ.  ვიდრე გზას ჩვენი კაიუტებისაკენ გავიკვალავდით, "ბაკშიშ, ბაკშიშ"-ის ძახილით მოგვდევდნენ და უშნოდ გვეპოტინებოდნენ. უცებ მივხვდი, რომ მგზავრობისაგან არაფერ კარგს არ უნდა ველოდო...
          პერსონალის ჩარევა დაგვჭირდა,  ჩვენი ადგილები რომ გაგვეთავისუფლებინა  იქ  დაბინავებულ,  უბილეთო, მრავალრიცხოვანი ოჯახისაგან. ყვირილისა და გაწევ-გამოწევის შემდეგ, რომელშიც ყველაზე აქტიურ მონაწილეობას მე ვღებულობდი. როგორც მუდამ, მათ ქართულად  ველაპარაკებოდი და მამაპაპურად ვაგინებდი. (ხო იცი, ეგრევე ჭრის! უცებ ჩუმდებიან და გაკვირვებულები  ცდილობენ  გაიგონ,  რას ელაპარაკები მათ, უცნობ არაბულ დიალექტზე, რადგან ყველას არაბი ვგონივარ!) გაოგნებულები იოლად გავყარეთ, მაგრამ ისეთი სუნი დატოვეს, ვერ აღგიწერ!
          როგორც იქნა დავბინავდით. მერე გემბანზე ავედით, ალექსანდრიას ხელი დავუქნიეთ და  "ლაჟვარდ ზღვაში გავიჭერით"... (ზღვა რუხი ნაცრისფერი იყო, ღელავდა).
          მაშრიყიდან... მაღრიბში...
          სადილი მოულოდნელად კარგი, თეთრეული - სუფთა, მაცივარში ცივი წყალი და წვენი, საყინულეში კი, ჰოი საოცრებავ - ყინული აღმოჩნდა!... გემი უშნოდ ირწეოდა...
          "ალ -მაშრიყი" აღმოსავლეთია, "ალ- მაღრიბი" კი უკიდურეს, შორეულ დასავლეთს - ნიშნავს. მაღრიბის ქვეყნებს, ტუნისს,ალჟირსა და მაროკოს უწოდებენ...
          თავში გამიელვა, რომ ჩვენმა გემმა ის გზა  უნდა გაიაროს, რომლითაც არაბი დამპყრობლები ევროპამდე მივიდნენ და შეესივნენ მას!
          სკოლაში გეოგრაფია  მიყვარდა მეთქი, ვერ ვიტყვი. ვერც იმას ვიტყოდი,  რომ არ მაინტერესებდა. რაღაც გარკვეული ინტერესი მქონდა და  ბევრჯერაც მიოცნებია თავგადასავლიან  მოგზაურობებზე, მაგრამ იმას ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ გაუგებრობაში აღმოვჩნდებოდი და ჩემი თვალით ვნახავდი იმას, რისი დასახელებების სწავლა სკოლაში, თითქმის იძულებით მიხდებოდა . წარმოუდგელელია! ხმელთაშუა ზღვა, გიბრალტარი, ატლანტიკა!
          რომ დავფიქრდები, ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ყველაფერი ეს სხვის თავზე ხდება -მე უბრალო თვითმხილველი ვარ და გაოგნებული შევყურებ ამ კაცის ბედის ხლართებს. ამ არარეალურობის შეგრძნება ისეთი ძლიერია, რომ "პიროვნების გაორება" მეწყება - ხან ძლიერი, სასტიკი მეკობრე "კორსარი" ვარ, რომელიც ღია ზღვაში  მსხვერპლის ძიებაშია, ხან  გატანჯული, უმწეო, გიორგი მესხი, რომელიც ზღვის ავადმყოფობისგან არის გამწვანებული, გული ერევა, შია!
საჭმელს ვერ ჭამს... ბალიშიდან უჭირს თავის აწევა და იგინება, იგინება, იგინება...
          ყველა ჩემს დღეშია. გემი პატარა, მორყეული და ძველია. ღელვა - საკმაოდ ძლიერი. ვეცადე გემბანზე ასვლა, ჰაერზე. პრაქტიკულად შეუძლებელია! ყველგან, თავიანთ ტვირთზე მიწოლილი, გაფითრებული მგზავრები წვანან და თუ ვინმე ფეხზე  დგას - ბორტთან და არწყევს! ასეთია პირველი დღეს შთაბეჭდილებები...
          დილა  მშვიდი გათენდა, რყევა ნაკლები იყო. მრგვალ ილუმინატორებში მზე ანათებდა. თავი მართალია მისკდებოდა,  მაგრამ გული აღარ მერეოდა. წითელშორტებიანმა მეზღვაურმა  ყავა კაიუტაში მოგვიტანა. საოცარი სუნი ჰქონდა. კაიუტა სურნელით აივსო. აბა სულეიმანას ძმაკაც ეფიოპიელის "ფსელს" კი არა ჰგავდა!  სუნმა სირანას ყავა გამახსენა და განწყობა  გამომიკეთდა.
          -მალე მგზავრები ჩავლენ, ტუნისელები. თავს უკეთესად იგრძნობთ, არავინ შეგაწუხებთ! მოგვიანებით კი გემის მეპატრონე გნახავთ, სადილზე დაგპატიჟებთ  და გუშინდელის გამო ბოდიშს მოგიხდითო - გაგვაკვირვა, წითელშორტებიანმა და წავიდა.
          გემის მფლობელი ალი, დაახლოებით ჩემი ხნის, ბრწყინვალე აღნაგობისა და ძალიან საინტერესო სახის მქონე ფინიკიელი აღმოჩნდა. მასაც,  როგორც იმ მეზღვაურს, წითელი შორტები ეცვა, თავზე შავი ბენდენა ჰქონდა წაკრული, ცალ ყურზე  ოქროს, უზარმაზარი რგოლი-საყურე ეკიდა. ჩემს წინაშე ნამდვილი "კორსარი" იდგა...
          ზღვის ყაჩაღები "კორსარები" მაღრიბის მუსლიმანი მეკობრე-პირატები იყვნენ. მეკობრეობა ზღვაოსნობასთან ერთად გაჩნდა. მეკობრეები ვაჭრებს ესხმოდნენ თავს, ძარცავდნენ გემებს. განსაკუთრებული სისასტიკით და გამბედაობით  ფინიკიელი მეკობრეები იყვნენ განთქმულნი. კარგი მეზღვაურები - ზღვაშიც და ნაპირზეც დათარეშობდნენ, სანაპირო დასახლებებიდან იტაცებდნენ ადამიანებს და მონობაში ჰყიდდნენ!
          გავახურე, აი! გავუბერე...
          ჰოდა, ალბათ ალი, ამ მეკობრე-კორსარების შთამომავალია და  ამიტომაც უნდა ვენდოთ - გადავწყვიტე ჩემთვის!
          ახლა ამ კორსარს, ჩვენი ჯგუფი სადილზე ჰყავდა დაპატიჟებული, იდგა და კეთილგანწყობით გვიღიმოდა..
          -იტალიური ვიცი და ცოტა ინგლისური , გვითხრა ალიმ რუსულად.
          -აბა  რუსულიო? - ჰკითხა ლენოჩკამ ინგლისურად
          -რუსული არ ითვლება, იმდენად ცუდათ ვიციო  - ისევ რუსულად გვითხრა ალიმ სიცილით. მაგარი შებერტყილი ჩანდა ჩვენი კორსარი - ალი!
          სადილზე ნაკვერჩხლებზე შემწვარი, ახალად დაჭერილი თევზი და ლიმონის მწნილი მოგვიტანეს.
          -ლიმონის მწნილი - ზღვის ავადმყოფობას შეგიმსუბუქებთ, მაგრა შველის, ამიტომ კაიუტაშიც  გამოგიგზავნეთო!
          სადილის შემდეგ დავატყე, როგორ უბრუნდებოდა სხეული სიცოცხლეს, სხეულს კი სურვილები. აქაურობა თითქმის უკვე მომწონდა. ტუნისში ღამე შევედით. გემი რეიდზე დააყენეს. ტუნისის მგზავრები დილით კატერით გადაიყვანეს ნაპირზე... ისევ ღია ზღვაში გავედით.
          წინ არაბი მხედართმთავრის , ტარიკ-იბნ-სეიდის ესპანეთში მიმავალი გზა და გიბრალტარი გვედო. მზის ჩასვლისას ალჟირის ნაპირებს ჩავივლით, იქ არ შევდივართ, როგორც ალიმ გვითხრა.
          ალი  ჩვენ ბევრ დროს გვითმობდა, როგორც თვითონ ხუმრობდა - ამ გემზე  ყველაფერი თვითონ იყო: კაპიტანი, მზარეული, ბოცმან-ლოცმანი, მეზღვაური, მეთევზე და "საღამოს ნახავთ როგორი "დი-ჯეი" ვარო!..." ყველაფერი გამოსდიოდა. მხიარული ალი ცდილობდა თავისი ყურადღებით ის ნაკლი გამოესწორებინა, რაც მის დაფეხვილ გემს ჰქონდა! თავის გემზე, როგორც ადამიანზე ისე ლაპარაკობდა და ისევე უყვარდა, როგორც ის ქალი, ვისი სახელის ამ გემს ერქვა - "ფატმა".
          ზღვა დამშვიდდა,  მზე ანათებდა. შეზლონგებში ვიყავით მოკალათებულები. ფეხშიშველა წითელშორტებიანმა მეზღვაურმა, ხილით სავსე კალათა მოართვა ლენოჩკას... მალე ალიც მოვიდა.
          წარმოუდგენელ ენაზე ვლაპარაკობდით ალი და მე. იტალიურ-რუსულ-არაბულ-ინგლისურის ნაზავზე, მაგრამ ერთმანეთის შესანიშნავად გვესმოდა და მაგრადაც ვერთობოდით! ეს ენა,  მარტო მე და ალის გვესმოდა...
          -გავაბოლოთ? მაგარი ჰაშიში მაქვსო! - ხელები გავასავსავე: - გადაირიე, ახლიდან  გულის რევა  მინდა-მეთქი ახლა მე?!." მაინც შეაკეთა... მომაწოდა, უარი არ ვქვი... კარგია!!!
          სტანისლავი გიჟდებოდა: "ვინ ხარ ბიჭო შენ? არც ერთი ენა არ იცი, ყველასთან კი პოულობ კონტაქტის საშუალებას. როგორ უგებთ ერთმანეთს? გადავირიე, ვერაფერი გავიგე!"
          ალის კი ესმოდა, რა ვიცი?..
          დრო გადიოდა, გზა ილეოდა. ჰორიზონტზე  "ჯებელ-ალ-ტარ", ტარიკის კლდე, არაბ მხედართმთავარ ტარიკ-ალ-საიდის მთა, ანუ "გიბრალტარი" გამოჩნდა...

 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები