ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
26 თებერვალი, 2010


ღმერთო, მიცოცხლე!

რეალური ამბავი 

ძილის წინ, ჩვეულებისამებრ, შევედი დედიკოს საძინებელში, რომ მძინარესთვის ჩუმად მეკოცნა. ოთახში ბნელოდა. როცა სიბნელეს თვალი შევაჩვიე, თითის წვერებზე მივუახლოვდი საწოლს,.დავიხარე და ტუჩები ნაზად შევახე შუბლზე…
  ზუსტად ვერასოდეს გადმოვცემ იმას, რაც დედიკოს გაქვავებულ შუბლთან შეხებამ მაგრძნობინა. წამში დაკარგა მთელმა სამყარომ აზრი. სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი.  ერთადერთი რასაც ინსტიქტურადა ვიმეორებდი გულში იყო: “ღმერთო, არ გამწირო! დედა მიცოცხლე! მე წამიყვანე მის მაგივრად, ღმერთო!”
  ვუყურებდი ყველაზე ძვირფასს, რაც რამ გამაჩნდა და მეშინოდა შევხებოდი. მეშინოდა იმ სიცივის, რამოდენიმე წუთის წინ რომ დამიარა მთელ სხეულში.
  მერე კი, (ალბათ, ისევ ინსტიქტურად) ყოველმა წამმა გამიარა კადრებად თვალწინ, რაც დედიკოსთან მაკავშირებდა: დაწყებული იმ დღით, როცა სხვისთვის ზედმეტი შვილი, ჩემს გამზრდელ დედიკოს არ ვეზედმეტე და სრულიად უსუსური, დაუცველი, საავადმყოფოს ცივ კედლებში ბედის ანაბარად დატოვებული წამომიყვანა  და  უსაზღვრო სითბო მაჩუქა, დამთავრებული  იმ წუთით, როცა დასაძინებლად წასვლამდე ტელევიზორთან მჯდომს თავისი სქელი შარფი მომაფარა ფეხებზე, არ გაიყინოო.მერე ის წუთებიც დამიდგა თვალწინ, როცა უნებურად, მაგრამ მაინც გულს ვტკენდი მას.
  “ღმერთო, როგორ ვიცხოვრო მის გარეშე?! “- ვიმეორებდი  უხმოდ.
  მერე როგორც იქნა ძალა მოვიკიბე, დედას მივვარდი დაშევანჯღრიე, თან სიმწრით ავყვირდი:
  -დეე! დედაა!
  -რა იყო, გოგო, რა გაყვირებს?-წამოვარდა შეშინებული დედიკო.
  -დეე, ცოცხალი ხარ? დეეეეე…. დე!
  კანკალმა ამიტანა.ცრემლები წვიმად მდიოდა. დავწექი და დილამდე ვეღარ დავწყნარდი. თავი საბანში ჩავრგე, რომ დედიკოს არ გაღვიძებოდა ჩემს ქვითინზე.
  მართალია, მეორე დღეს ყველა მეხუმრებოდა, გათბობა დაუმონტაჟე დედაშენს ოთახში და ძილის დროს აღარ გაეყინება შუბლიო, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ეს სიცივის ბრალი არ იყო? უფალს გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემი დედიკუნას თავისთან წაყვანა, მაგრამ  ჩემმა უხმო ვედრებამ დააბრუნებინა მისი თავი ჩემთვის.
  ღმერთო, მიცოცხლე დედა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები